ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2020


ტაგმა ატაქტონი

ნინო დარბაისელი

ტაგმა ატაქტონი
- - - - -
გადმოგვცემენ, - თურმე, რომ დაეცვა ჯარი,
რომ ჰქონოდა დღენი უხრიკ-უკვანტონი,
მაკედონელს ჰყავდა რაზმი უწესოთა,
შენაერთი ერთი - “ტაგმა ატაქტონი”.
უწესოებს მოსდგამთ სხვათა გადარევა,
ანარქიას თესენ, ერთად თუ მარტონი;
სადაც გინდა იყვნენ, აურევენ ჯარას,
ტანთ ემოსოთ გინდაც ტოგა თუ ქიტონი.
ეცემიან გუნდად, თუკი აჰყვებიან
ქალაქები დიდი, თუნდა სატახტონი.
ასეთია მარად წესი  უწესოთა,
მოსდგამთ ქცევა ხისტი და უკმეხი ტონი,
ვერად იგუებენ ვინმეს უფროსობას,
მარად უტიფარნი, მარად უტაქტონი;
თუ შეეხო ვინმე იმათ ქედმაღლობას,
შეებმიან მწარედ, გუნდად თუ მარტონი,
ხოლო რაწამს ბრძოლას მოიგებენ ცხარეს,
შესცქერიან შურით ხენი უტოტონი,
მაგრამ მალე თავად ირხევიან ქარში,
როგორც  ხეთა შტონი  ანუ ნედლი რტონი,
ვერ გაძლებენ დიდხანს უხმლო-ულახტონი,
თუ არ აზის თავზე  მეფე და ბატონი.

იბრძვის,
იბრძვის,
იბრძვის ბერი იბერია,
შინ და გარეთ იბრძვის,
იბრძვის, იქაჩება,
ავსაც ეურჩება,
კარგსაც ეურჩება,
წინ - ვერ მიდის, რაღაც უკან ექაჩება,
უკან - ვერ ბრუნდება,
წყლულიც არ ურჩება,
სულ ერთ ადგილს ტკეპნის,
ერთ ადგილზე რჩება,
თუ გადაურჩება ბოლო გადარჩევას,
თუ შეუშრა თვალნი ცრემლით დანალტონი,
კვლავ დარჩება იმად, რაც ყოფილა მარად - ტაგმა ატაქტონი,
ტაგმა ატაქტონი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს