ნაწარმოებები



ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
20 ივნისი, 2020


შიმშილი (თავი I)

                                                                                                              ~~~

სარკის წინ მდგარმა, მუჭში მოქცეულ ქერა თმის ბღუჯას დახედა.

ხელმეორედ თვლიდა და საკუთარ თვალებს ბოლომდე არ უჯერებდა.

საკუთარ გარეგნობაში ყველაზე მეტად თმით იყო ამაყი. გრძელი, ქერა, თითქმის მოთეთრო თმა წელს შუამდე სწვდებოდა. ახსოვდა, რომ ახალგაზრდობაში, მამამისიც გრძელ თმას ატარებდა, სურათებში თმა სულ გადაწკეპილი და ბოლოში ცხენის კუდად ჰქონდა შეკრული. ბავშვობაში საკუთარი თმით თამაში ყველაზე მეტად უყვარდა, ძილის წინ თავის გრძელ თმას ათასგვარად ატრიალებდა ხელში და ისე იძინებდა. მერე ძიძამ თმის დაწვნა ასწავლა, ნაწნავით მამამისს უფრო ნაკლებად ჰგავდა.

თმაზე ხელის გადასმის შემდეგ თითო ან ორი ღერი სულ მოჰყვებოდა მის თითებს, მაგრამ ეს ნორმალური იყო. დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველას ემართებოდა. დიდი ყურადღება არც მაშინ მიუქცევია, როცა მის თითებს ექვსი-შვიდი ღერი გამოჰყვა. მაგრამ, მაისის იმ თბილ საღამოს, როცა მუჭში დაგროვებულ ბღუჯას დახედა, მუცელში რაღაცამ უსიამოვნოდ დაუარა და ყველა ღერი სათითაოდ გადათვალა.

ჩვიდმეტი... ჩვიდმეტი ღერი თმა. რაღაც ისე ვერ იყო... რაღაც უნდა ეღონა.

თმას კიდევ ერთხელ დახედა და უნიტაზში ჩაუძახა. თბილოდა, მაგრამ უეცარმა კანკალმა აიტანა, მერე ერთიანად დასცხა. მთელი ტანით აცახცახდა და თვალებთან სისველე იგრძნო. შეკავება სცადა, მაგრამ რამდენიმე ცრემლი ჯიუტად ჩამოუგორდა ლოყებზე. ხელებით თეთრ ნიჟარას დაეყრდნო.

მე ამას ვაკონტროლებ. შეახსენა საკუთარ თავს. მე უნდა ვაკონტროლო ეს.
თუ სადავეებს დროზე ადრე აიღებდა ხელში, ყველაფრის გამოსწორებას მოასწრებდა.

რაც არ უნდა ხდებოდეს მის თავს, ერთი რამ კარგად იცოდა, ეს ყველაფერი საკუთარ თავს თვითონ დამართა.

სახეზე წყალი რამდენჯერმე შეისხა და ჩუმად შეიკურთხა.

თავის ანარეკლს რამდენიმე წუთი უყურა. ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. განა ყოველთვის ასეთი გამხდარი და ფერმკრთალი არ იყო? ბოლოს სხვაობა მაინც იპოვა. სახე ოდნავ შეშუპებული, თვალები ოდნავ ჩაშავებული, ტანი კიდევ ოდნავ მოღვენთილი... ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაფერი სულ ოდნავ იყო აცდენილი ნორმისგან. ბოლოს საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ის, ვისაც სარკეში ხედავდა, ნამდვილად არ იყო ჯანმრთელი და ამ ფაქტმა, ისევ, სულ ოდნავ, შეაშინა. ოდნავ...

ნერწყვი გადაყლაპა, სახეზე წყალი ბოლოჯერღა შეისხა და თავის ოთახში დაბრუნდა. საწოლის კიდესთან გაჩერდა. ერთი პირობა იფიქრა, იქნებ ჯობს დავწვეო. ძილი ყველაფერს შველოდა. გაიღვიძებდა და ყველაფერი ისევ თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა. მაგრამ გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ ორსაათიანი წაძინება მის კანქვეშ წლობით დაგროვილ მარცხს ვერაფერს მოუხერხებდა.

ისევ დამარცხდა და ისევ მოუწევს შველა ითხოვოს. საკუთარი შანსები კარგად აწონ-დაწონა და ორი გამოსავალი იპოვა. გაჩუმებულიყო და ყველა ღმერთზე ელოცა, რომ თმისცვენა გაჩერებულიყო, ან შველა ეთხოვა... და მერე დაფიქრდა, რამდენი ხანი დასჭირდებოდა საიმისოდ, რომ ისევ თავის ჩვეულ მავნე ჩვევებს მიბრუნებოდა, რომლისგან დახსნაც ამწუთას ყველაზე მეტად სურდა.

                                                                                                              ~~~

მამამისის კაბინეტამდე ფეხებმა თავისით მიიყვანეს. ცოტა ხანს დაბურული მინის კართან გაჩერდა, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და კარი დაუკაკუნებლად შეაღო.

- არ მცალია, დაკავებული ვარ, - ჯერ ისევ კარის სახელურს იყო ჩაბღაუჭებული, როცა ოთახის სიღრმიდან უკმეხი პასუხი შეაგებეს.

ნერწყვი ჩაყლაპა და ოთახში შევიდა.

მამამისი ყელამდე ქაღალდებში იყო ჩაფლული. სამუშაო მაგიდა სავსე იყო სხვადასხვა ფერი საქაღალდეებითა და წიგნაკებით. მამას არც მაშინ შეუმჩნევია, როცა მძიმე სკამი გაჭირვებით დაითრია და წინ დაუჯდა.

- დახმარება მჭირდება... - თქვა ბოლოს და ამ ორმა სიტყვამ უფრო დაამძიმა, ვიდრე გუშინ დილით ნაჭამმა ბულიონმა, რომელსაც კუჭში ჩასვლა ბოლომდე არც აცალა.

- ჰმ, - მამამისმა ჩაიფრუტუნა, სათვალე შეისწორა და კლავიატურაზე ხელები რიტმულად აათამაშა. - რამდენი?

რამდენიმე წამი დასჭირდა მისი კითხვის სწორად გასააზრებლად. თავიდან ეგონა, თითქოს დაცვენილ თმაზე ჰკითხეს და კინაღამ სულელურად წამოაბურტყუნა, ჩვიდმეტიო, მაგრამ გათხელებულ თმაზე ფიქრი ცოტა ხანს უკან გადააგდო და ნერწყვი უკვე მეორედ გადაყლაპა.

- მე ვერ... - ენა დაება. თითქოს ყველა საჭირო სიტყვა თითებს შორის სლიპინა ლიფსიტებივით გაუსხლტა და ნერწყვი მესამედ ჩაყლაპა. - მგონი, რაღაც მჭირს... ნორმალურად არ ვჭამ...

მამამისმა კარადიდან შავი საქაღალდე ისე გადმოიწოდა, მონიტორისთვის თვალი არ მოუშორებია.

- რას ნიშნავს, ნორმალურად არ ჭამ?

- ისე არ ვჭამ, როგორც ადამიანები უნდა ჭამდნენ... - უბრალო წინადადების დასაწყობად რამდენიმე წამი დაჭირდა, ნერწყვი უკვე მეოთხედ ჩაყლაპა.

- აბა როგორ ჭამ? როგორც კატა? როგორც ძაღლი? მგელი?

- საერთოდ არ ვჭამ, მამა! - წამოისროლა მოუთმენლად და პირზე ხელი იტაკა, უკვე გასროლილ სიტყვებს უკან ვეღარ დააბრუნებდა. ნერწყვი მეხუთედ ჩაყლაპა, მოიკუნტა და ხელები ტანზე შემოიხვია. მამამისის მზერა იგრძნო, მაგრამ თვალებში შეხედვა ვერ გაბედა.

- რამდენი დღეა? ექიმს დავურეკავთ, თუ საჭიროა, გამოკვლევებს გაიკეთებ, რაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ რამდენიმე სწორად შერჩეული მედიკამენტი ყველაფერს გამოასწორებს... - მამას ხმა შესამჩნევად დაურბილდა.

გუნებაში ჩაეცინა, მისთვის რა ადვილია ყველაფრის გამოსწორება. მამამისს ყველაფრის გამოსწორება შეეძლო... ოჯახის შენარჩუნება, ბიზნესის გადარჩენა, სასჯელის აცდენა, ციხიდან ნაადრევად გამოსვლა, წარმატებული საქმიანობის წამოწყება... მამას ყველაფერი შეეძლო, იქნებ ესეც გამოესწორებინა?!

- არა, მამა, შენ არ გესმის... - ყელზე ვიღაცის უხილავი ხელი შემოეჭდო. - ამას ძალით ვაკეთებ, და უნდა შევწყვიტო, მაგრამ არ ვიცი, როგორ... უბრალოდ... არ ვიცი, როგორ გავჩერდე...

მაუსის რიტმული წკაპუნი გაჩერდა. რამდენიმეწამიანი სიჩუმის შემდეგ, გაბედა და მამამისს შეხედა. მამამისს სათვალე მოეხსნა და შუბლშეკრული უყურებდა.

- ესე იგი, ამბობ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს მაგ შენ თავში, არ იცი როგორ გაჩერდე?

ნერწყვი უკვე მერამდენედ გადაყლაპა, აღარ დაუთვლია. ამოიოხრა, ხელები მოისრისა და თავი დაუქნია. მამა იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო და კარგად აათვალ-ჩაათვალიერა. შუბლი კიდევ უფრო შეეკრა და მიხვდა, რომ ისეთი რაღაც დაინახა, რაც აქამდე საკუთარ შვილში არასოდეს შეუმჩნევია.

- რამდენად ცუდადაა საქმე? - იკითხა ბოლოს.

- გეფიცები, ყველაფერს ვაკონტროლებდი, მამა, გეფიცები! ყველფერი ნორმალურად იყო, სანამ... - იმდენად ცხადად გრძნობდა ვიღაცის ხელს ყელზე, რომ ინსტინქტურად ხელი წაივლო, რომ დარწმუნებულიყო, ელანდებოდა.

- სანამ? სანამ რა? რა მოხდა?

- თმა მცვივა... - ამოილუღლუღა და მამამისის მწველ მზერას თვალი აარიდა. ტუჩზე იკბინა და მოძალებული ცრემლის შეკავება სცადა. ამაზე ლაპარაკი იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ხმამაღლა ლაპარაკი, მის უჩვეულო მდგომარეობას, კიდევ უფრო აუტანლად რეალურს ხდიდა. - სახელს ვერ ვარქმევ... არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ თითქოს ყველაფერი რაც მძულს, რაც მაშინებს, რაც მაბნევს... საჭმლის ფორმას იღებს და ... და ისე აუტანლად მამძიმებს, მგონია ქვებს ვჭამ, მერე გავრბივარ და .. და იქამდე ვერ ვისვენებ, სანამ უკან არ ამოვიღებ და... - ხელის გულით ცრემლი სწრაფად მოიწმინდა. - და აღარ მინდა ასე ვიყო... მარა არ ვიცი რა ვქნა... - თითქოს მის ლექსიკონში საჭირო სიტყვების მარაგი ამოიწურა და ვერაფრით ახერხებდა, აეხსნა ის, რაც მის თავს ხდებოდა.

- რამდენი ხანია? - შეეძლო დაეფიცა, რომ მამამისის ხმაში აქამდე არარსებული, მშობლის შეწუხებული ტონი დაიჭირა. - რამდენი ხანია ასე ხარ?

- ცხრა წელი.

მამას თვალები შუბლზე აუვიდა. კისერი მოისრისა და სავარძლის საზურგეს მიეყუდა.

- დედაშენმა იცის? - თქვა პაუზის შემდეგ, მისი უწინდელი თავდაჯერებულობა სადღაც გაქრა.

- რა? არა. არა, რა თქმა უნდა, არა. არ იცნობ? რომ გაიგოს, საკუთარ თავს დააბრალებს, რომ აქამდე ვერ შეამჩნია, რომ აქამდე არ დამეხმარა, და მაგაზე ფიქრა ნაღდად არ მინდა და... - ნერწყვი ისევ ჩაყლაპა და ცრემლები მოიწმინდა. - შენთან იმიტომ მოვედი, რომ მამაჩემი ხარ და, ძალიან მეშინია... და არავინ მყავს... და თუ შეგიძლია, გთხოვ, დამეხმარე! - იგრძნო, როგორ დაპატარავდა, ან ოთახში ერთიანად გადიდდა ყველაფერი. ასე ხმამაღალი სლოკინით ბავშვობის მერე არ უტირია. ტირილი არც დიდობაში აკლდა, ბალიშიც არაერთხელ დაუსველებია ცხელი, მწველი ცრემლებით, მაგრამ სხვის დასანახად აქამდე ასე არასოდეს უტირია.
ცრემლების შესაკავებლად ორივე ხელისგული მაგრად მიიჭირა თვალებზე.

მერე მამამისის ხელი იგრძნო მხარზე, ვერ მიხვდა როდის ადგა, ან როდის მიუახლოვდა. მის შეხებას ყოყმანი ეტყობოდა, ბოლოს, როგორც იქნა დაიხარა და ორივე ხელი მოხვია.

-  ბოდიში... - თქვა სლოკინებს შორის. - ბოდიში, არ მინდოდა... - ცრემლებმა თვალები ისევ დაუბინდა. საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა ხომ ისედაც მტკივნეული იყო, მაგრამ მამამისის წინ საკუთარი სისუსტეების ასე გამოფენა, მისთვის ორმაგად უფრო მტკივნეული და სამარცხვინო აღმოჩნდა.

- მორჩა... ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერს გამოვასწორებთ! საუკეთესო კლინიკას ვიპოვით, საუკეთესო ექიმებს ვიპოვით... მორჩა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს