ნაწარმოებები



ავტორი: თამუნა.გელიტაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 ივნისი, 2020


...მაგრამ რა არის მტვრად ქცევის შემდეგ?! (გიორგი არაბულის პოემა `ალდის~ ტექსტი და მეტატექსტი)


`არავინ იცის, რა არის სიკვდილი, არის თუ არა იგი დიდი სიკეთე ადამიანისთვის და მაინც ყველას ეშინია მისი, რადგან ის ყველაზე დიდ ბოროტებად წარმოუდგენიათ~ _ პლატონის ეს აპოფთეგმა იმ რიტორიკული შეკითხვის გაგრძელებაა, რომელიც სამყაროს გაჩენისთანავე გაისმის და დღემდე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს.
თუ რაციონალიზმს ავუბამთ მხარს, ფატალური დასკვნაც არ დააყოვნებს და სიკვდილს სამუდამო გაქრობად წარმოგვადგენინებს. ამიტომაც გონების გაფეტიშების უარყოფით და რწმენის პრიმატით ვცდილობთ, საიქიო ჩვენი სულიერი შვების ალაგად დავსახოთ.
და მაინც... რა არის სიკვდილი? _ სწორედ ამ ამოუცნობ ფენომენს ემყარება საკმაოდ ცნობილი ახალგაზრდა პოეტის, გიორგი არაბულის პოემა `ალდის~ ფაბულა და სიუჟეტი.
`ალდი~ სიკვდილის რაობის ამოხსნის მცდელობაა. ჩვენს სინამდვილეში ამ იდუმალი სამყაროს კარის გაღება მანამდეც არაერთმა ფილოსოფოსმა, მწერალმა თუ მოაზროვნემ სცადა. საღვთისმეტყველო სწავლებით, `მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი~ (დაბადება 3:19), მაგრამ, რა არის ამ `მტვრად ქცევის~ შემდეგ? _ კაცობრიობის ისტორიაში დასმული ეს მარადიული შეკითხვა გახმიანდა გიორგი არაბულის პოემაში და გახმიანდა იმდენად ორიგინალურად, რომ, თემის სპეციფიკიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე, ალბათობა, ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხის ბანალურობის გვერდს ვერ ავუვლიდით, სავსებით გაქარწყლდა.
გიორგი არაბულის ეპიკური ნაწარმოები წარმოადგენს გვრინს, რაც ფშავ-ხევსურეთში დატირებას, `ხმით ნატირალებს~ ნიშნავს. ამგვარი მინაწერით პოეტი თავიდანვე გვამზადებს იმისათვის, რომ პოემის სიუჟეტური ქარგა მთლიანად ურვას წარმოადგენს და სახალისო და მარტივად წასაკითხი ნამდვილად არ იქნება, მითუმეტეს, იქვე სხვა მინაწერსაც ვკითხულობთ: `ეძღვნება ალუდას, ერეკლეს და ირაკლის~ (სამივე ახალგაზრდა გიორგი არაბულის უდროოდ გარდაცვლილი უახლოესი მეგობარი იყო _ თ.გ.).
`ალდი~ მაღალმხატვრული ოსტატობითაა შესრუებული და მისი ღირსება რამდენიმე ფაქტორით განიზომება:
მხატვრული ქსოვილის ფუნქციური მრავალფეროვნება ერთ ორგანიზმად კრავს ლექსის დრამატიზმსა და არქიტექტონიკას, რაც ხელს უწყობს ავტორის გრძნობადი სამყაროს გამომზეურებას. თვალშისაცემია სიუჟეტური გრადაცია, რაც ნაწარმოების კონსტრუქციულ დინამიკას კვებავს და ექსპრესიულ მუხტს წარმოშობს; პოემას განსაკუთრებულ კოლორიტულობას ანიჭებს ხევსურულ დიალექტსა და კილო-კავზე აგებული ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ ურითმო ლექსთან გვაქვს საქმე, ტექსტში იმდენად არის გამძაფრებულ რიტმის გრძნობა, იმდენად მელოდიურია თითოეული პწკარედი თუ ტაეპი, რომ თავისუფლად შეგვიძლია მას სიმღერაც ვუწოდოთ.
მაშ, ასე:
ალდი პოემის ერთადერთი პერსონაჟია _ ხევსური ბერიკაცი და უკანასკნელი მკვიდრი თავისი სოფლისა.
`თენდება რწმენაბერწი აღვსება~ _ ამბობს პოეტი, რითაც ალდის უიმედობაზე, რწმენის კრიზისსა თუ ადამიანური საზრისის მოშლაზე მიგვანიშნებს. `აღვსება~ (იგივე აღდგომა) ქრისტიანთა ყველაზე დიდი საუფლო დღესასწაულია, შობასთან ერთად. ამ დროს ქრისტიანული სამყარო განსაკუთრებული რწმენით ადიდებს უფალს, მაგრამ ეპითეტი _ `რწმენაბერწი~ იმავეს ვერ გვაფიქრებინებს ალდიზე. თუ რამ გამოიწვია ალდის ასეთი პესიმიზმი და რამ შეურყია რწმენის სიმტკიცე, პოემის შემდგომი სტრიქონები გვამცნობს:

„სიკვდილისთვის დაიბადა ალდი,
სიკვდილისთვის დაბერდა ალდი.
ყველაფერს ხავსი და ბალახი ედება ბოლოს _
სახლსაც,
იარაღსაც,
საფლავსაც,
სახელსაც...“

ტექსტიდან აშკარად ხმიანობს წარმავლობის სევდით გამოწვეული წუხილი, რომ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ყველაფერს სიკვდილის ბეჭედი ატყვია და მის ბოროტ მარწუხებს ამქვეყნად ვერავინ და ვერაფერი დააღწევს თავს, რადგანაც ასე დაუწესებია განგებას _ `ღვთის წილია ყველა საქმეში~ და არავის ძალუძს უზენაესის წესის შეცვლა. არადა, რა საამური იქნებოდა, რომ:

„სული არსად არ მიდიოდეს,
აქვე რჩებოდეს,
ჩვენს რეალურ ყოველდღიურობაში,
ხოლო ხორციელ ტანჯვას იმით ვწამლობდეთ,
რომ ტანიდან ისე განვიძარცვოთ,
როგორც ტალავარი“.

რას არ დასთმობდა ალდი, ეს რომ შესძლებოდა და სიცოცხლე მარადიული ნეტარება ყოფილიყო:

„ნეტა შეიძლებოდეს
ჩამოქცეული სახლის ბანი მარტო კაცის ხელით
მთელდებოდეს და იტკეპნებოდეს.
ნეტავ შეიძლებოდეს ამ ბანზე ბალღები დარბოდნენ და
კვამლი ამოდიოდეს...“

ალდის ეს ნატვრა ადამიანთა მოდგმის საერთო ნატვრაა, მათი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, რომელსაც მხატვრულად შეასხა ხორცი გიორგი არაბულმა.
როგორც პოემის შინაარსი გვამცნობს, სიბერით დაუძლურებულ ალდის სხვა აღარა დარჩენია რა, გარდა სიკვდილის მოლოდინისა, მაგრამ ეს ტრაგიზმი ორმაგად მძაფრდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ _ სიკვდილიც არის და სიკვდილიც! ყველა მიცვალებულს ჰყავს გამპატიოსნებელი და წესისამგები, მაგრამ ალდი სრულიად მარტოა:

„აღარცვინ ხმისგამცემი,
აღარცვინ ჯვრის მსახური,
აღარცვინ მთიბელი და
გამომხდელი ქერის არაყისა.

ალდიმ უნდა ილოცოს,
ალდიმ უნდა თიბოს ჯინჭველაგორიანი ყანები,
ალდიმ უნდა გამოხადოს წინწარაქარი.
ალდიმ უნდა გადაამთხოს ნადირი და ქაჯ-ეშმაკნი,
ალდიმ უნდა გაითხაროს საფლავი,
ალდიმ უნდა ჩაიცვას ტალავარი,
ალდი უნდა მოკვდეს.

ბოლოჯერ უსმენს გულწითელას სტვენას _
სიკვდილის საგალობელს“.

აღარვინ დარჩა ცოცხალი, რომ ალდის მიცვალებულთათვის დადგენილი წესი აუგოს, სათანადოდ მიაგოს პატივი, გააპატიოსნოს და თავისი რჯულისა და ადათის შესაფერისად შეასრულოს ყველა რიტუალი. აღარვინ ჰყავს მას _ აღარც მოკეთე და აღარც მტერი. ამიტომაც დაჰკარგვია მის ყოფას აზრი, ეს კი საკმარისზე მეტი მიზეზია იმისათვის, რომ ალდის რწმენას ბზარი გაუჩნდეს.
წუთისოფლის ამაოების განცდას დრამატული ელფერი მიუნიჭებია გარესამყაროსთვის.
უშვილძიროდ გაქრობა ყველაზე დიდი ტრაგედიაა. მოსალოდნელი სიკვდილის შიშს ადამიანს თავისი მონაგარი უქარწყლებს (აღნიშნული პრობლემატიკა მკვეთრად არის დასმული ანა კალანდაძის ლექსში `მკვდართა მზე ვარ~ და რასაც საგანგებო წერილი მივუძღვენი), მაგრამ ალდის არც მონაგარი დარჩა და არც სხვა ვინმე ხმის გამცემი. ამიტომაც სულერთია, მისთვის _ იცოცხლებს თუ მოკვდება. მარტომყოფისთვის ერთი ფასი აქვს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. ამის მიუხედავად, გიორგი არაბულის ლექსში მაინც მკაფიო ზღვარია გავლებული ღირსეულ სიკვდილსა და უღირს სიცოცხლეს შორის:

„სირცხვილი რომ მოგადგება _ სიკვდილი ეგ არი,
ბეჩავად ყოფნა და კარში ვერგამოსვლა _ სიკვდილი ეგ არი,
დიაცთან რომ შერცხვები _ სიკვდილი ეგ არი,
შინ ყვირილი რომ გაგიადვილდება და გარეთ ხმის გაღების შეგრცხვება _ სიკვდილი ეგ არი,
სტუმრად მოსულ მტერს რომ ხელცალია ან მწოლიარე ავადმყოფი დახვდები _ სიკვდილი ეგ არი,
მკვდარ შვილს ზურგში რომ ექნება ჭრილობა _ სიკვდილი ეგ არი,
მარტო კაცის ყოფა _ სიკვდილი ეგ არი...“

ენანება ალდის საკუთარი თავი, ენანება სოფელთან გამოთხოვება, რომელიც მასთან ერთად დაიბადა; ენანება ჭიისშესაჭმელი საკუთარი სხეული და, სულეთში მოგზაურობისთვის გამზადებულს, უფრო და უფრო უმძაფრდება სურვილი შეუცნობადის შეცნობისა _ `რა ხდება საზღვარს იქით? / რა ფერი ბილიკებია?~
ალდის არ სურს, რომ სიკვდილმა მოუსწროს და უპატრონო, დაუტირებელ მკვდრად მიიბაროს. ამიტომაც გადაწყვეტს, დაასწროს მას და თავადვე შეასრულებს ყველა იმ რიტუალს, რასაც მისი ადათ-წესი მოითხოვს _ თავადვე გაიპატიოსნებს საკუთარ სხეულს და თავისივე ფეხით მიუყვება გზას სასაფლაოსკენ.
სიკვდილის ხატის დადგენა-გააზრება სამყაროს კოსმოგონიის თანმხლებია. ეს პრობლემა სისტემურად არის დასმული გიორგი არაბულის პოემაში. `ალდი~ გარდაცვალების მისტიკური აუცილებლობით მოგვრილი წუხილის აპოლოგიაა, საიდანაც აშკარად იგრძნობა დაუცხრომელი მღელვარება პოეტისა, რომელსაც სურს სიკვდილის არსის ფილოსოფიური ტრაქტატი ჩამოაყალიბოს. ამიტომაც ერთ კითხვას კი არ სვამს მარტივად და უბრალოდ _ რა არის სიკვდილი? მრავალფეროვან კონტექსტში განიხილავს მის იდუმალებას:

„საით მიდის ადამიანი?
.................................................
რამდენი ხნისაა სიკვდილი?
რამდენი და-ძმა ჰყავს?
ნეტავ რა ჰქვია დედას სიკვდილისას,
თუ იცის ტალავარის ქსოვა და
ლოცვა შეშინებულისა?
ნეტავ თუ დაჰღამებია მამას შეშაზე წასულს
და ჰლოდინებია სიკვდილი ცისპირისტეხამდე?!

რა ფერია სიკვდილი?
თბილია თუ ცივი სახლში შემოპატიჟებული?
სად მიდის სიკვდილი?
სად სძინავს სიკვდილს?..“

ჩვენს სალიტერატურო რეალობაში ნაკლებად მეგულება ასე ორიგინალურად გაჟღერებული რიტორიკული შეკითხვა-შეძახებები, როგორსაც პოემა `ალდიში~ ვხვდებით. ეს არის ყველასაგან განსხვავებული პოეტური ხერხი მგოსნისა, რომელმაც გარდაცვალების ზესთასოფლური გამოცანა მიწიერ, ყოფით რეალობამდე დაიყვანა და ამ გზით სცადა უკვე მრავალგზის გაცვეთილი თემატიკის წამოწევა, რასაც მშვენივრად გაართვა თავი. პოემის სიუჟეტურ ქარგას ეფექტურობას მატებს ტექსტის ამაღლებული ტონალობა. მონოლოგური თხრობა მძაფრი რიტმულობით გამოირჩევა და მომენტალურად მოაქვს ემოცია. რაც შეეხება შემდგომ სტრიქონებს, პოეტმა სიკვდილზე ერთგვარი `ჯავრის ამოყრა~ სცადა, უფრო სწორად, ისეთი რამ ინატრა, რითაც შეძლებდა სიკვდილისთვის ლაგამის ამოდებას, მის გამწარებას და საბოლოო დამორჩილებას:

„ნეტავ სიკვდილსაც მისცა შვილიო,
იმას სხვა სიკვდილ შამაჰყარაო,
დედას და დასამც ახედვინაო,
იქნებ მაისვენებდის გულიო,
იქნებ, წეს გამაიცვლებოდაო...“

სიკვდილის დამაძლეველი ნატვრის მთელი კასკადია მოცემული გიორგი არაბულის პოემაში, სადაც სიტყვა `ნეტავ~ გარკვეულწილად ირონიზებულია, ხოლო სინანულის გამომხატველი ასეთი ფორმა ერთგვარ გროტესკისმაგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს.
გიორგი არაბულმა ფსიქოლოგიური შინაარსის მქონე ეპიკური ტექსტით ყველას სათქმელი თქვა და ყველას ნატვრა ინატრა. ინდივიდუალური ხელწერითა და მხატვრული ინტონაციებით შესრულებულ ამ პოეტურ ქმნილებაში თვალშისაცემია ამბივალენტური კონტრასტი სიკვდილ-სიცოცხლის დამოკიდებულებისა:

„ნეტავ შეიძლებოდეს სიკვდილი მოდიოდეს
და სახლში პატიჟებდე,
ნეტავ შეიძლებოდეს,
სიკვდილის სოფელში,
იმათ მკვდართ საფლავებზე ქრისტესსისხლები ამოდიოდეს,
ნეტავ შეიძლებოდეს
სიკვდილი წინ გეჯდეს, არაყს ასმევდე და
ბალღის სიცილს ასმენინებდე.
ნეტავ შეიძლებოდეს,
სიკვდილს საბანს აფარებდე და
თვითონ მიწას არ გაყრიდეს“.

`ალდი~ ფსიქოლოგიური დრამაა, რომლის აზრობრივი შინაარსიც ტექსტის ზედაპირზეა გამოტანილი, თუმც ვერ ვიტყვით, რომ სქემატურობასთან ან შიშველ ნატურალიზმთთან გვქონდეს საქმე. პოემის ქვეტექსტში, როგორც ითქვა, სიკვდილის ფენომენის ამოუხსნელობით გამოწვეული სკეპტიციზმი იკითხება და მისგან გამომდინარე, უდიდესი პესიმიზმი, მაგრამ, რა ხდება ნაწარმოების ფინალში?
პოემას ეპილოგი აქვს, სადაც მოულოდნელი ეფექტურობით არის შემოჭრილი ესეისტურ-თეორიული მსჯელობა და, რაც პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელ მეტატექსტად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ მონაკვეთში პოეტი აქტიურად ერთვება ნაწარმეობის სიუჟეტში და საკუთარი შემოქმედებითი პროცესის პერიპეტიებში გვახედებს. ის გულს უშლის მკითხველს და იმ შინაგან განცდებს გვიზიარებს, რომელიც წერის დროს ეუფლებოდა:

„ალდის ლექსი და სიზმრები აქ მთავრდება.
ბევრი ვიფიქრე ბოლოზე,
ჩემს ხელში იყო მისი სიკვდილი
და ცოცხლად დარჩენა.

მე გავიმარჯვე დღეს ამ ლექსით,
მე გავიმარჯვე დღეს ალდით
და ერთი ადამიანი გამოვგლიჯე სიკვდილს,
ვერ მოვკალი ალდი,
ვერ დავიდე კაცის და სოფლის ცოდო.
მე,
ლექსმწერალს,
მჯერა, რომ ზის ახლა,
სადღაც მკვდარ სოფელში და ფიქრობს:
საიდან მოდის სიკვდილი?
ან სად მიდის ჩვენგან წასული?“

გიორგი არაბულის პოემა ლიტერატურულ-ფილოსოფიურ დისკურსს წარმოადგენს, რეკვიემს, სადაც, როგორც არაერთხელ ითქვა, პოეტმა ყველა ჩვენგანის მიერ წარმოსათქმელი წყევლა გააჟღერა:

„სიკვდილო, თუკი ადვილი ხარ,
ერთხელ შენ თვითონ რად არ მოკვდი,
თოვლივით მზეზე რად არ დასდნი?“

ვგონებ, ეს ერთადერთი წყევლაა, რომელიც ყველას მოგვეტევება და ცოდვათა ჩამონათვალში არ განიხილება.







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს