ნაწარმოებები



ავტორი: ნ.ლორთქიფანიძე
ჟანრი: პროზა
22 ივნისი, 2020


ღმერთის ჩატეხილი ლოგინი

დიდი ხანია ღმერთი არ შემხმიანებია, არასდროს არ დაგირეკავს და მოგიკითხავს - როგორ ხარ. როგორც ამბობს არ უნდა ხელოვნური გამოჩნდეს, თუ დაგჭირდები დამირეკეო გეტყვის, დამირეკე და თუ შევძლებ დაგეხმარებიო ... თუ რამე კარგი მოხდა მაშინაც დამირეკე და გამიზიარეო, მეც გამიხარდებაო.

ხოდა გუშინ გამთენიისას, დაფარული ნომერი  მირეკავს.
- ლორთქიფანიძე!! გთხოვ ძალიან ჩქარა ამოდი ჩემთან, უნდა დამეხმარო!
როგორც წესი გამოსაფხიზლებლად დიდი დრო მჭირდება, მითუმეტეს როცა მაღვიძებენ. 1 ღერი სიგარეტი და ყავა, ცივი წყალი სახეზე და 1 ჭიქა ცივი წყალი საყინულედან. ვიცი ბევრია ჩემსავით და ჩემზე უარესადაც, მაგრამ მერწმუნეთ, როცა ღმერთი გირეკავთ - ძალიან მალე ფხიზლდებით.
მოკლედ სწრაფად ჩავიცვი ტანზე, ამოვიცვი ჩემი ახალი ნაიკის ბოტასები და ჩქარი ნაბიჯებით წავედი ღმერთის დასახმარებლად! რა მაგრად ჟღერს არა?!

არასოდეს მეგონა ღმერთის სახლშიც თუ მომიწევდა მისვლა. თქვენსავით მშენებარეში არ შეუტანია მას თანხა და არც იპოტექით აქვს ბინა დატვირთული. მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ მას გაცილებით უკეთეს და დიდ ბინაში შეეძლო ცხოვრება, მაგრამ ისევ ჩემივე მოკრძალებული აზრით - ღმერთიც მოკრძალებულია და 1 ოთახიანში ცხოვრობს, როგორც თვითონ ამბობს აქ მხოლოდ სძინავს, უმეტეს დროს "სამსახურში" ატარებს.

დავაკაკუნე კარზე და ძალიან შეშფოთებული სახით გამიღო
- ფეხზე გაიხადე და შემოდი!
შევცბი... მინდოდა მეკითხა - "მასტიკა" გაქ მოსმული? და მერე უფრო დიდი სისულელე ვთქვი (ნუ დაბნეულზე)
-ღმერთო ჩემო! თურქი ხართ?
-თურქი შენ ხარ! გაიხადე ფეზე და შემოდი! თითქოს გაბრაზდა, მაგრამ რაღაცაზე იმდენად ღელავდა, გაბრაზების თავი არ ჰქონდა.
-მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავიხდი
-რატომ?
- ჯერ 1, აჭარელს არ უნდა უთხრა, რომ თურქია და მერე მეორე - ფეხზე საშინელი სუნი მაქვს! ... როგორც წესი როცა მშია ან როცა მეძინება - სიტყვები მავიწყდება ლაპარაკისას. უარეს შემთხვევაში საერთოდ ვერ ვაზროვნებ და აქ სწორედ ეს მომენტი იდგა. ბიძაჩემის მოყოლილი ისტორია გამახსენდა, როგორ შეიპატიჟეს თბილისსში, ერთ-ერთ ოჯახში ... ფეხზე გახდა მოსთხოვეს და მან დიასახლისს მშვიდი სახით უთხრა - ფეხზე საშინელი სუნი მაქვს და წინდა 2 ადგილას გახეულიო. არ ვიცი რამდენად ღირდა იგივე მომენტის ღმერთის კარის ზღურბლთან გამეორება, მაგრამ ფეხზე გახდას მართლაც არსად არ ვაპირებ! ჩემთვის ცოტათი არასასიამოვნო პროცესია.
გაოცებული სახით რამდენიმე წამით გაჩერდა, პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ალბათ ფიქრობდა პანჩურის რტყმით გავეგდე იქედან, მაგრამ მშვიდად მითხრა
-ვერ ვხვდები შენ ხარ სულელი, თუ მე - შენ რომ დაგირეკე. მერე კუთხეში კარადიდან ნახმარი ბახილები გამოაძრო და მომაწოდა
-რომ იცოდე ვისი ნაცვამი ბახილებია ყბა ჩამოგივარდებოდა
-ვისი? დავინტერესდი რა თქმა უნდა.
-ბებიაშენის! შემოდი დროზე და პირდაპირ საძინებლისკენ გაემართა.

ვინ იცის რამდენი ფიქრობთ, რომ ღმერთს საერთოდ არ ძინავს და არ სჭირდება ძილი, შესაბამისად არც საძინებელი ოთახი... ო რომ იცოდეთ როგორ ცდებით! მაგრამ ნება თქვენია... რისიც გინდათ იმის უნდა გჯეროდეთ! :)
ღმერთის საძინებელი საოცარია! საოცრად სადა... იაფფასიანი ... - აფსუს! გამკრა გულში, ადამიანები შენი სახელით ლაპარაკობენ და რენჯ როვერ.... კარგი ხო ჯანდაბას)
კართან ფეხი რაღაცას წამოვკარი და ლამის დავეცი, ძლივს შევიკავე თავი. იქვე დაახლოებით 3 კილოანი გირა, ე.წ. განტელი გაგორდა
-ააა შევყვირე ბოლო ხმაზე, რა ჯანდაბაა?! რა უნდა აქ გირას, ვარჯიშობთ?
-ქორწილამდე გაგივლის! შეხედე ამას და ლოგინზე მიმითითა...

ღმერთის ლოგინი აშკარად ჩატეხილი იყო. ლეიბი ამოღებული და კედელზე მიყუდებული.
- წარმოიდგინე!, შეშფოთებული სახით მეუბნება... ვიწექი და წიგნს ვკითხულობბდი, არცკი გავნძრეულვარ... უცებ ბახ და ჩატყდა. 1 საათია ვცდილობ რა ვუშველო, იქნებ მოიფიქრო რამე.
აბა რა! მნახა ხის ხელოსანი! მოჭადრაკე ვარ თუ დურგალი?! მივედი ახლოს... ჩავიხედე ლოგინში და ხის ბადე იყო გატეხილი. მეუცნაურა, რომ ლოგინი ორკაციანი იყო, მაგრამ მარჯვენა მხარეს მართლაც ძალიან უცნაურად ჩატყდა და ალბათ აქეთ წევს ... გამიელვა თავში)
- ოხხ ხეა გატეხილი, ლურსმანი და ჩაქუჩი გაქვთ?
-ლურსმანი და ჩაქუჩი რომ მქონდეს შენ დაგირეკავდი? დილის 6 საათია, სად ვიშოვო ლურსმანი.
- ხო ეგაც არის... ნეტა რა მოუვიდა?!
იქვე ლოგინთან წიგნი იდო, სათაური შორიდან დავლანდე - "ვერელი თორაძეები", ვისაც წაგიკითხავთ, ძალიან სქელი წიგნია და მეც:
- ამხელა წიგნს თუ კითხულობდით ჩატყდებოდა აბა რა იქნებოდა და ჩამეცინა
მასაც გაეცინა და სევდიანად მითხრა
- შენი აზრით შენი "სთენდაფის" მოსმენა მინდა ახლა? რამე მოიფიქრე!
-მე რავიცი! რა მოვიფიქრო?! იქნებ რამე რკინის მავთული გაქვთ სახლში და დავამაგროთ?
- რკინის მავთული არ დაიჭერს ამას
- მაშინ იქეთ მხარეს დაიძინეთ, აბა მე რა გიშველოთ?!
- მაგაშია პრობლემა შენი საშველი რომ გავხდი და ოდნავ მიეყუდა კედელთან მდგარ ძველ გაცრეცილ კარადას (ჩეხოსლოვაკიიდან რო ჩამოჰქონდათ ჩვენს ბაბუებს - ისეთს)
"ვერელი თორაძეები" ავიღე ხელში, კარგა მძიმე წიგნიცაა. 1-2 ფურცელიც რო დაემატებინა ავტორს... რაღად გინდა კაცს ლოგინი დაწექი პირდაპირ წიგნზე.
-  ვინმეს რომ დავურეკოთ?!
-ვის დავურეკო და ვის ვუთხრა, რომ ღმერთს საკუთარი ლოგინი ჩაუტყდა და ვერც აკეთებს.
- მე რომ დამირეკეთ?
- შენ გიჟი ხარ და ისედაც არავინ დაგიჯერებს...
-და ისე მართლაც! ღმერთი ლოგინს როგორ ვერ აკეთებთ?
- ბიბლია წაკითხული გაქვს?
- ნუ... ნახევრად (დავიმორცხვე)
-მერე რა წერია იქ? სამყაროოოო, ადამი და ევაო ... პლანეტაო, ატმოსფეროოო, ოკეანეო, ზღვაო, მდინარეო, ვაშლიო, ატამიო - მაგრამ ლოგინზე ეწერა რამე? ლოგინი ადამიანებმა შექმნეს და შენ მაინც მოეშვი ღმერთისთვის ადამიანის შექმნილი პრობლემების გადმობრალებას.
უცებ "კვნ"-იდან კოზა ნოსტრას - ხუმრობა გამახსენდა, ღმერთმა პირველ დღეს შექმნა სამყარო, მეორე დღეს შექმნა სტაჟიორები და დანარჩენი სტაჟიორებმა გააკეთეს.
- სტაჟიორები გჭირდებათ! რაღაცნაირად წამომცდა... მეთვითონაც არ ველოდი
- რაა?
- არაფერი ... არაფერი ... და უცებ გამინათთდა გონება!
- ის გირა სად არის? კართან გავირბინე და 3 კილოიანი გირით დავბრუნდი.
- ეგ რაღად გინდა?!
- ჩატეხილ ადგილას შევუყუდოთ და დაიჭერს... გირა ლოგინის ქვეშ ამოვდე და ვცადე ჩატეხილი ხის ქვეშ მომექცია, მაგრამ ადგილი არ ეყო... თანაც საკმაოდ დიდი ადგილი დარჩა.
ორივეს რაღაცნაირად დაგვწყდა გული... მაინც არ გამოვიდა. და უცებ მეორედ გამინათთდა გონება.
-ეს "ვერელი თორაძეები" დაამთავრეთ უკვე?
-არა ჯერ მხოლოდ 12 გვერდის წაკითხვა მოვასწარი...
-ვწუხვარ!  წიგნი ავიღე, გირას  დავადე და შემდეგ ჩატეხილი ხე გავამაგრე ზედ... იდეალურად "დაჯდა" ესეც ასე! გამოვიდა...
ერთად ავიღეთ ლეიბი და ჩავდეთ... მთელი ეს დრო მლოცავდა! ოხ შენ გაიხარე! ეგრეც ვიცოდი რო შენ დამეხმარებოდი და ა.შ. გიჟი კი ხარ მაგრამ ჭკვიანი ხარ შე ოხერო! რაში აფუჭებ მაგ გონებას და ბევრი მსგავსი ბრტყელი ფრაზა მითხრა. მერე ჩაის დაგალევინებო ზრდილობის გამო შემომთავაზა, მაგრამ მე მივხვდი, რომ ორივეს ძალიან გვეძინებოდა და წამოვედი.

მოკლედ, რატომ მოვყევი ეს ისტორია?
იმიტომ არა, რომ ღმერთის ლოგინის ჩატეხვის ამბავს ვინმე დაიჯერებთ, ან 3 კილოიანი გირისა და ზევიდან თორაძეების შეყუდების ამბავს...
უბრალოდ ახლა ისევ დილის 6 საათია, ზუსტად ის დროა როცა გუშინ საწოლი შევაკეთე.
წეღან სიზმარი ვნახე... ძალიან უცნაური.
სამშობიაროში ვიყავი, ბაბუაჩემთან ერთად. ძალიან ნერვიულობდა კაცი და ვცდილობდი დამემშვიდებინა.
- თუ ბიჭი დაიბადა ბეჟუკის დავარქმევ, თუ გოგო - თამარს!
-იმედია ბიჭი დაიბადება ბაბუ... მეცინება მე (არადა ვიცი ვინც დაიბადება).
უცებ ბებიაქალი გამოვარდა! გილოცავთ ბატონო ნოდარ!! გოგოა!
გადამეხვია ბაბუაჩემი, ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან გაუხარდა დედაჩემის დაბადების ამბავი. მერე წამო განახოო მითხრა და სადღაც ოთახისკენ წავედით...
ოთახში არ შეგვიშვეს, ფანრჯიდან შეიჭყიტეთო გვითხრეს...
და ჩვენც შევიჭყიტეთ...
ძალიან ლამაზი იყო ბებია ... და ხელში პატარა დედაჩემი ეჭირა.
თუმცა ერთადერთი რაც ვერაფრით გავიგე...
და რაც გულში ჩამრჩა...
რაც ძალიან უცნაურია
1964 წელს ... რანაირად ეცვა ბახილები. ისეთი ფერის ბახილები. ისეთი ძალიან ძალიან ნაცნობი ბახილები ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს