ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2020


ოთახი სამკუთხედებით

ერთი შეხედვით არაფერია,
ოთახი რომლის შიგნითაც უნდა შეხვიდე კარით.
წიბოს ნაწილი სიმაღლიდან გამომდინარე რომ უკავია
და სიგანეში კედლებს გაუჯდა.
იატაკი ფუძის წახნაგი,
ნაბიჯის პირველ დადგმისა თუ შედგმისთანავე,
საანგარიშო სივრცეს ისე ყოფს,
როგორც წილადის ხაზი უნაშთოდ
ოცდაათს ათზე ან ცამეტს ერთზე
და გტოვებს მაინც განუსაზღვრელი მნიშვნელობით
- ღია ფაზაში, აღქმის უნარით გამძაფრებულს.
მარცხენა კედელს იატაკთან დახრა აქვს - ალფა,
ფუძესთან მყოფი ორი მომდევნო კედლის მიხედვით
საყრდენიდან გამომდინარე,
თითქმის არცე ერთის ტოლი არ არის,
თუმცა საერთო წვერო აქვთ სადღაც,
სადღაც ზემოთ და წარმოსახვითი უსასრულობა
ისე ფრთხილად წამობჯენილი,
როგორც მახათს დატუმბული ბუშტი
გასკდომის შიშით.
ამ კედელში გაზაფხული მონიტორზეა.
წინა კედელი კუთხის ზომით რატომღაც - ბეტა,
სარკისმაგვარი ზედაპირით გამრუდებულ ანარეკლებზე
პროგრამულად გამოსცემს წრიპინს.
ჯერ შეუსწავლელ ნიადაგში ორგანიზმების გამძლეობის,
სიცოცხლის უნარს, ახალი დროის პროგნოზში აქცევს.
ხან ქსოვილების ფრაგმენტულ ნიმუშს,
საეტაპო საწყისს ადარებს.
ცვალებადობის გარდამავლობა
პირობითი ნიშნების სახით სადღაც გადააქვს
და იწყებს ახალ დაკვირვებას სხვა მოდელის ალგორითმებით.
ამ მონიტორზე ინფორმაციებს
ისეთი მშრალი ხასიათი აქვს,
როგორც გადამწვარ ნათურას - სუნი.
მარჯვენა კედელს იატაკთან აერთებს - გამა.
გრადუსულ ზომებს ის დატვირთვა განსაზღვრავს ალბათ,
რომელიც იქნებ განაპირობებს
ოთახის მსგავსი აგებულების იმ ადგილთან შესაბამის მდებარეობას,
უსაფრთხოების თუ სხვა მიზეზით,
სადაც აღმოჩნდა მოწყობილობა.
კედლის ზედაპირს ზემოგრძნობელი შესაძლებლობით,
შეხებიდან გამომდინარე კონკრეტული შინაარსის მქონე ველები
შეუძლია სხვადასხვა ფერად ააციმციმოს
- ემოცია, ზომა, სიმკვრივე, წონა, გადატვირთვა.
გააჩნია რა ინტერესს მიუსადაგებ.
ამ შემთხვევაში ბოლო ბრძანებას ვააქტიურებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები