ნაწარმოებები



ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
24 ივნისი, 2020


ლილიტი - 1

ლილიტი
- შეხედე,  ამ უსირცხვილოს, როგორი თავაწეული მოდის!
- რატომაც არ აწევს თავს, სადარდებელი ვინ გაუჩინა?
- მართალი ხარ, საკუთარი თავის გარდა არაფერი ანაღვლებს ამ უნამუსოს!
- ნახე, როგორი ურცხვი ღიმილი მიუფარებია სახეზე! არც კი გვიყურებს ისე გვესალმება ეს , ეს.... თახსირი ესა! გაჯობეთო, მოგიგეთო....
- ალბათ  მორალის ყურმოჭრილი მონები ვგონივართ.
- დიახ, მისთვის მორალი სასირცხვილო სიტყვაა! ოხ, როგორ მინდა მოვჩეჩო კარგად და ჩამოვაყირაო იმ წკაპუნებიდან!
- მართლაც რამხელა ქუსლებზე წამოსკუპებულა ეს ბოროტების მაშხალა...
ასეთ დიალოგს თითქმის ყოველდღე გაიგონებდით ჩემი ძველი უბნის ეზოში, მაშინ როცა  ერთი საოცრად ლამაზი და კოხტა ქალბატონი  გამოჩნდებოდა. ვერ ვხვდებოდი მეზობელი ასაკიანი ქალების გაცეცხლების და სიბრაზის მიზეზს. მათ გაბოროტებულ სახეებს, ბოღმიან თვალებს და შურიან გამოხედვას ახლაც, ბოლომდე ვერ ვხსნი. ისეთი საშინელი ნაოჭები უჩნდებოდათ ტუჩების და ცხვირის მოკუმვისგან, ცხვირსა და ლოყებს შორის რომ შეხედვა მზარავდა და მეშინოდა მათი. სწორედ ამიტომ,  როცა სამსახურიდან მოსული დედა მათთან სასაუბროდ ჩერდებოდა, კაბის კალთაზე ვექაჩებოდი და გაცლას ვთხოვდი. მაშინ, ერთი რამ უეჭველი გადავწყვიტე: არ მინდოდა მათ დავმსგავსებოდი!
მე ხშირად დავყავდი დედას თავის სამსახურში,  ავადმყოფობის გამო ბევრჯერ მიწევდა სკოლის გაცდენა. ეზოში როგორც კი მოვხვდებოდით,  უსიამოვნოდ დანაოჭებულსახიან ჭორიკნებთან გავლამდე ჟრუანტელი მივლიდა, ჰაერს ვიგუბებდი, რომ მათი ამონასუნთქი არ მომხვედროდა ფილტვებში და როგორც კი მათ ბირჟას უკან მოვიტოვებდით, შვებით ამოვისუნთქავდი ხოლმე დაძაბულობისაგან დაღლილი. გვერდით ჩავლისას ისე საშინლად გაგიღიმებდნენ, გეგონებოდათ ვიღაცამ ფეხი დაადგათ და ტკივილისაგან იჯღანებიანო. მაკვირვებდა ის, რომ ისინი საკუთარ თავზე არასდროს ყვებოდნენ რამეს. მაშინ ისეთი შეგრძნება მრჩებოდა რომ საკუთარი ცხოვრება არც გააჩნდათ. ერთხელ ისიც ვიფიქრე რომ მათი უშუალო მოვალეობა იყო სხვების ცხოვრების თვალთვალი, გაქილიკება და გაკიცხვა, რომ არ შეიძლებოდა ნინას ნაკლებად გაქათქათებული თეთრეული გამოეფინა და არ ეთქვათ „ნინამ ლილა და „კრახმალი“ რა არის არ იცისო“, არ შეიძლებოდა ბერდიას დახუნძლული ჩანთები მოეტანა ბაზრიდან და არ გალანძღულიყო მისი უქნარა ცოლი, რომელიც ასე ჩაგრავდა ქმარს, არ შეიძლებოდა მესამე სართულის მაყვალა სამსახურიდან დაღლილი მოსულიყო ისე, რომ მისი ჩამოღვენთილ-ჩამომჟავებული სახე არ გატარებულიყო მათი ენების ხმალაობით ატეხილ ქარცეცხლში. მოკლედ, ჩემთვის მათი უკმაყოფილებით გამოწვეული ქოთქოთი უფროდაუფრო ბუნებრივი გახდა და ალბათ მათი კმაყოფილება უფრო გამიკვირდებოდა, ვიდრე პირიქით.
როგორც გითხარით, დედა ხშირად დამატარებდა სამსახურში, რადგან სახლში დამტოვებელი არავინ გვყავდა. როცა მას არ შეეძლო, მამას დავყვებოდი მათემატიკის ინსტიტუტში. მიყვარდა მამას სამსახურში ყოფნა.  ავადყოფნის ცუდ შეგრძნებებს მასთან სამსახურებში ყოფნის სიამოვნება ჯაბნიდა.
მამა მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა. ძალიან მომწონდა მის ოთახში ყოფნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ლექციებზე იყო წასული. მამას არყოფნისას, გართობას ვიწყებდი მისი უჯრებიდან_ ყოველ უჯრაში რაღაც, ჩემთვის საყვარელი მხვდებოდა. პირველ უჯრაში აუცილებლად ედო ჩემი უსაყვარლესი თხილის ნუგა. მეორე უჯრაში ელაგა კოპირების შავი ფურცლები, რომლებით თამაშიც ძალიან მიყვარდა. ავიღებდი რომელიმე სურათს, ქვეშ დავუდებდი კოპირების ქაღალდსა და ცარიელ ფურცელს, ჩემდეგ იმ ნახატს კონტურებზე უბრალო ფანქარს ან გათავებულ კალამს გადავატარებდი, აი ამის შემდეგ კი ფურცელზე მიღებულ სილუეტს ჩემი ფანტაზიისამებრ ვაფორმებდი. მიყვარდა კაცის კონტურებისგან ქალების შექმნა, თითქოს ვუმტკიცებდი ჩემს თავს რომ ნებისმიერი სახის ნაკვთების მქონე ქალი შეიძლება ყოფილიყო ლამაზი.
მამას საწერი მაგიდის გვერდით ჩიხოლგადაფარებული საბეჭდი მანქანა იდგა. ძალიან მომწონდა მასზე თითების კაკუნი, რაღაც ძალიან მუსიკალურად მეჩვენებოდა მისი კლავიშების მიერ გამოცემული ბგერები და ხანდახან სიმღერასაც კი ვიგონებდი ხოლმე, ვაჩხაკუნებდი კლავიშებს და თან ვმღეროდი.
ქვედა უჯრაში მამას აუცილებლად ქონდა ჩურჩხელები, ფერადი ქაღალდები და პლასტელინები. ძალიან უყვარდა მასაც ტკბილეულობა და ამბობდა რომ ტვინს გლუკოზა ესაჭიროებაო. მეც ძალიან მიყვარდა ტვინის კვების პროცესი, ასე რომ ამ ჭეშმარიტებაში ეჭვი არასდროს შემიტანია.
ახლა ვფიქრობ რომ მამა სპეციალურად მიფერადებდა მის სამსახურში ყოფნის საათებს ამ პატარა სიურპრიზებით, იცოდა რა თუ როგორ მიყვარდა ქექვა, საინტერესო ნივთების აღმოჩენა და მათი დათვალიერება. რამდენჯერმე ასაწყობი თავსატეხიც დამახვედრა. იმ დროისათვის ნამდვილად არ დამიწყია ფიქრი იმაზე, თუ რაში სჭირდებოდა მამას ამდენი გასართობი და სათამაშო სამსახურში. ამას მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, მაშინ როცა მამა ცოცხალი აღარ იყო.
დედა დიდი მაღაზიის ბუღალტრად მუშაობდა. უზარმაზარ დავთრებს მოათრევდა ხოლმე სახლში და თავს მაღლა არ წევდა მუშაობის პროცესში. წვრილად ჩამოხაზულ ცხრილებში გადაჰქონდა მონაცემები და შემდეგ ითვლიდა. ითვლიდა ზეპირად, ქვეშმიწერით და ამოწმებდა კალგულატორით.  დედაჩემის შემყურემ მაშინ კიდევ ერთი რამ დავპირდი ჩემს თავს, რომ არასდროს ვიმუშავებდი ბუღალტრად.
მის სამსახურში ქაღალდის მტვრის სუნი იდგა. პირველად მაშინ დავასკვენი რომ ქაღალდებს სულ სხვაგვარი მტვერი ედება, ან მათზე დადებულ მტვერს სულ სხვაგვარი სუნი აქვს. არ მომწონდა მის სამსახურში ყოფნა. ერთ დიდ ოთახში 5 ბუღალტერი იჯდა, ხუთივეს სათვალე ეკეთა და სკამზე დაშვებისას ხუთივე, ქაღალდის მაღალი სვეტების უკან იკარგებოდა. ოთახს მხოლოდ ერთი ორფრთიანი ფანჯარა ანათებდა და ამ ფანჯარასთან, მზის შუქში კარგად ჩანდა მტვრის ნაწილაკები.
ბუღალტერიაში შესვლისთანავე მიტყდებოდა საშინელი ცხიკინი, რომელსაც მოჰყვებოდა ბუღალტრების გამხნევება: ჯანმრთელობა, სიხარული, დღეგრძელობა, გაზრდა-გახარება და ა.შ. 
არსებობდა 2 რამ, რითიც დედა სამსახურში წაყვანაზე მითანხმებდა:
ერთი იყო „ჩხაკუნელა“ , ანუ საბეჭდი მანქანა, რომელიც დედას სამსახურშიც იდგა. ჩხაკუნელა ბუღალტრებმა შეარქვეს. ალბათ რა აუტანელი იყო შუა მუშაობაში ჩემი თითების მანქანაზე ჩხაკუნი, თუმც როგორღაც მიტანდნენ ხოლმე და ცოტათი მანებივრებდნენ კიდეც. ჩხაკუნელას სიძველის გამო, დედას სამსახურიდან შინ მელნიანი თითებით მოვდიოდი ხოლმე .
მეორე იყო დამუქრება რომ ბებოსთან გამიშვებდა ქიმიის ინსტიტუტში. იქ , ქიმიური რეაქტივების საშინელი სუნი იდგა და ჩემს ფაქიზ ყნოსვათა ორგანოს ძალიან აწუხებდა.
ავად მყოფს, ძალიან მახარებდა სამუშაო საათების დასრულება . უბნის ჭორიკნებამდე ლამაზი გზა იყო გასავლელი, ვიწრო გზა, რომელიც კორპუსსა და კლდეს შორის გადიოდა. მომწონდა ამ კლდესთან ჩავლა, რადგანაც მისი რელიეფიდან სხვადასხვა რამ შეიძლება გამომეძერწა გონებაში, ზღაპრულ სამყაროში მემოგზაურა და ათასგვარი ამბავი შემეთხზა.
მე კვლავ ამ ვიწრო გზაზე ვარ.
დიახ, ესაა ჩემი პატარა, ძველი უბანი.
ადგილს, სადაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, კლდესა და ქუჩას შორის ჩამწკრივებული ხუთსართულიანი კორპუსები წარმოადგენს.
არაფერი იყო უჩვეულო ამ უბანში. მანამდე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით, მას მერე კი გარეუბანში, უფრო დიდ, მამას სამსახურის მიერ ბოძებულ ბინაში გაგვამწესეს. არც იტალიური ეზო მახსოვს (ალბათ პატარაც ვიყავი იმ დროს) და ვერც იმ უბანზე ვიტყვი ბევრს, რომლიდანაც გავთხოვდი. მეხსიერებაში მხოლოდ ჩვენი ერთოთახიანი, მესამე სართულის პატარა ეგრეთწოდებული „ხრუშჩოვკა“ დამრჩა.
საოცარია, მაგრამ როგორც შოკოლადის გემო რჩება პირში, როგორც კარგი წიგნის წაკითხვისას რჩება საამო განცდა გონებაში, ისე მთელს ჩემს ორგანიზმს ახსოვს იქაური სურნელი, ჰაერი, ემოციები... მე, მგრძონიარე და ფაქიზი ადამიანი, სწორედ ემოციებით ვიმახსოვრებ მოვლენებს და ი ცხოვრების მძაფრი, აღმბეჭდავი ამბებით გაჯერებამ, ჩემზე წაუშლელი კვალი დატოვა.
დღეს, კვლავაც მომიხდა ამ უბანთან შეხვედრა. ოდნავ გაორებული განცდა მაქვს: რაღაც შიშის მაგვარი მაწვალებს და ლამაზი წლების მოგონება სენტიმენტალურ გრძნობებს აღმიძრავს.
ჩემს სადარბაზოში, პირველ სართულზე რუსი მუსიკის მასწავლებელი ცხოვრობდა. 2 კარი ჰქონდა შემოსასვლელში და ყოველთვის, როცა სკოლიდან ვბრუნდებოდი, ვცდილობდი შემეზარუნებინა მისთვის. სანამ ის ორივე კარს გახსნიდა, მე უკვე სახლში ვიყავი ხოლმე. რა მომწონდა ამ მაიმუნობაში? პასუხი დღემდე არ მაქვს.
მეორე სართულზე მოხუც დედას და მის გაუთხოვარ შვილს თეთრი პუდელი ჰყავდათ. მშურდა მათი, სწორედ იმ პუდელის გამო, რადგან მე ძაღლს არავინ მჩუქნიდა. მომწონდა მათ სახლში ანტიკვარულ ჩარჩოებში ჩასმული უზარმაზარი პეიზაჟები, ბრინჯაოსფერ ჩარჩოში მოთავსებულ სარკეში თავის თვალიერება და ძაღლთან თამაში.
აგერ ჩვენი მანქანის სადგომი ადგილიც, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა წითლად მოვხატეთ და დავაწერეთ: „აქ ნუ გაჩერდებით!“. შემდეგ ზედმეტად ცივად და საშიშად მოგვეჩვენა, ამიტომ თეთრი საღებავი ჩამოვიტანეთ მეორე დღეს და გვირილებით გავაფორმეთ წარწერა. ახლა, ჩვენი შემოქმედებისგან  ერთი წითელი ლაქაღაა დარჩენილა.
მამამ თავისი პირველი მანქანა რომ იყიდა, სწორედ ამ ადგილას ვეხვეოდით პატარა გოგო-ბიჭები, მილოცავდნენ და მე კი ძალიან ამაყი ვიყავი ახალი შენაძენით.
მამამ ბოლომდე ვერ გაიმეტა თავისი პირველი მანქანა გასაყიდად და ავტოფარეხში დაყენებული, მხოლოდ მისი სიკვდილის მერე ჩააბარა დედამ ჯართში.
ძალიან ჭკვიანი მამა მყავდა. არა იმიტომ რომ მათემატიკოსი იყო, არამედ იმიტომ რომ ყოველთვის წინასწარ თვლიდა თავის თითოეულ ნაბიჯს, ათასჯერ წონიდა და მერე მოქმედებდა. ამ ყველაფერს სხარტად ახერხებდა. მისი სხარტი და კეთილგონივრულად მოფიქრალი აზროვნების წყალობით, თითქმის არაფერი ჩაუდენია ისეთი, რასაც შემდგომ ინანებდა. ადამიანებსაც ფრთხილად და წინდახედულად ეპყრობოდა, არასდროს გამოჰქონდა განაჩენი მათ ხასიათსა და პიროვნებაზე, თვლიდა რომ ყველა ადამიანშია სიკეთის მარცვალი და ალბათ სწორედ ამ სიკეთის მარცვალს ეძებდა გარშემომყოფებში გამუდმებით.
სწორედ მამამ მაქცია მეც ადამიანებში სიკეთის მარცვლის მაძიებლად. მეუბნებოდა რომ ადამიანი არ არსებობს სიკეთის გარეშეო. სიკეთის კეთება ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებააო.
- მაშ, ადამიანები ბოროტებას რად სჩადიან მამი? - ვეკითხებოდი მე.
- უგუნურების გამო ბაია! უგუნურების! ამიტომაა რომ არაფერია იმაზე უფრო საცოდავი, ვიდრე ბოროტი ადამიანია! უფალმა ადამიანს თავისი სული ჩაჰბერა, ხელი თავის ადგილზე მიუბა, თვალი - თავისაზე, გული თავისაზე და ასე შექმნა მთლიანი ადამიანი. ხომ გინახავს ადამიანები როგორ ეწევიან სიგარეტს, ასევე ზოგიერთი ნარკოტიკსაც ეტანება. ნარკოტიკი არის ადამიანის მომატყუებელი ქიმიური საშუალება. ადამიანები იღებენ ნარკოტიკს და იტყუებენ საკუთარ თავებს. ზოგი პირუტყვივით ილეშება, ზოგი კი სხეულს განზრახ იზიანებს, არ სძინავს, არ ჭამს ნორმალურად-კი არ ცხოვრობს , არამედ არსებობს. არიან  ადამიანები, რომლებიც აავადებენ საკუთარ ორგანიზმს, იფუჭებენ ჯანმრთელობას და ინგრევენ მომავალს. რატომ აკეთებენ ამას? პასუხი არ აქვთ! ასევეა ბოროტებაც. ადამიანს ხელს რომ ამოუბრუნებ, ხომ ეტკინება? ხოდა ბოროტებაც ხელის ამობრუნებასავითაა. ზოგი მაზოხისტია და მოსწონს ტკივილის ატანა, თუმცა რაც ბუნებრივია, იმას ვერ შევეწინააღმდეგებით. ტკივილი სიგნალია ორგანიზმის რომ რაღაც არასწორი ხდება მასში და რაც არ უნდა ბევრის ატანა შეეძლოს ადამიანს, ტკივილის მიზეზი მაინც თავის ცუდ საქმეს გააკეთებს. ამიტომაა, რომ ამ არაბუნებრიობის მიუხედავად, ტკივილის მიუხედავად, ადამიანები მაინც აკეთებენ ბოროტებას და საკუთარ სულს ამძიმებენ ამით. ბაია, არაფერია იმაზე უფრო კეთილგონივრული, იმაზე უფრო ბუნებრივი,  ვიდრე სიკეთის კეთებაა.
- მაზოხისტები ვინ არიან მამი?
- ოოო. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მოსწონთ ტკივილის შეგრძნება ან/და მისი თმენა..
- ბოროტი საქმის გამკეთებლებიც მაზოხისტები არიან?
- დიახ, შვილო!ბოროტი ადამიანები განზრახ იზიანებენ სულს! ამძიმებენ და აღარიბებენ უფლისგან ნაბოძებ განძს.
ოჰ, როგორ მჭირდება ახლა მამაჩემის დახმარება, მისი რჩევა-დარიგება! არასდროს ყოფილა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი იმის გაგება, სწორად ვიქცევი თუ არა!
მამა ამბობდა, ცხოვრება მრავალი ცვლადის ფუნქციააო. თითოეულმა ცვლადმა შეიძლება უამრავი მნიშვნელობა მიიღოს და  თითოეული მნიშვნელობის დროს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული შედეგი გვქონდეს.
მერე ფიქრობ, ეს ისე რომ არ მომხდარიყო, ის ასე რომ არ ყოფილიყო რა იქნებოდა მერე?!  რა იქნებოდა და ყველაფერი სხვაგვარად წარიმართბოდა.
იმ დღესაც, რომელსაც ხშირად ვიხსენებ , ქარი რომ არ ყოფილიყო, მე რომ ცუდად არ გავმხდარიყავი, დედასთვის რომ არ დაერეკათ და ა.შ. რა იქნებოდა ნეტავ? ალბათ ძალიან მშვიდი, წყნარი , აუღელვებელი, ამასთანავე უემოციო , უინტერესო და მდორე ცხოვრება მექნებოდა!
შემთხვევა, რომელმაც ვფიქრობ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ამ უბანში ჩემი დაბრუნების მიზეზიც გახდა, დაიწყო იმ დღეს, როცა ახალი გადმოსულები ვიყავით ჩვენს ერთოთახიანში და მე, სიცხიანი და ყელმტკივანი, დედას სამსახურის გაცდენის საბაბი გავხდი.
ოქტომბრისათვის უჩვეულო სიმძლავრით ბობოქრობდა ქარი.ამ ქარში ჩემი სამსახურში წაყვანა არაკეთილგონივრულად ჩათვალეს მშობლებმა. მამას დილიდან ლექციები ქონდა და ადრევე გაიქცა . მე მაღალი ტემპერატურით ლოგინში ვიწექი  და უგემურად ვწრუპავდი ჟოლოიან  ჩაის, როცა დედას ტელეფონზე დაურეკეს და უთხრეს რომ აუცილებელი იყო მისი სამსახურში მისვლა. ტელეფონის ყურმილს უგუნებოდ დაუწყო დედამ ხელში ტრიალი, იმაზე ფიქრში,  ჩემთვის რა მოეხერხებინა.
კარზე კაკუნმა გამოარკვია ფიქრებიდან. ჯერ გვეგონა რომ მოგვესმა, რადგან ზარი მუშაობდა და რაც შუადღეს აღარ მაძინებდნენ, მას მერე კარზე აღარ გვქონდა გაკრული წარწერა „ზარს ნუ დარეკავთ!“ . როცა დარწმუნდა რომ კართან ვიღაც იყო,  ჯერ ჭუჭრუტანიდან გაიხედა, შემდეგ ურდულის ჯაჭვი გადარაზული დატოვა, ისე გაიჭვრიტა კარსა და კედელს შორის დარჩენილ სივრცეში. გარეთ მეზობელი ქალის გულიდან ამოსული ხმა მოისმა.
- გამარჯობა! მე მეხუთე სართულის მეზობელი ვარ, ლილი!
- სასიამოვნოა, ნონა!
- თქვენს აივანზე კაბა ჩამომივარდა და თუ არ შეწუხდებით, მომაწოდეთ ან მე თვითონ ავიღებ!
- ახლავე - უპასუხა  დედამ და აივანზა გავარდა, გამოიხსნა ქარისაგან სარეცხის თოკებში გადახლართული ყვითელი კაბა და დაუბრუნა პატრონს.
- დიდი მადლობა! გამიმართლა სახლში რომ დამიხვდით. ვფიქრობდი სამსახურში იქნებოდით და ჩემს საყვარელ კაბას ქარი გაიტაცებდა. არ მუშაობთ დღეს?
- გოგონა მყავს ცუდად. ახლა დამირეკეს, გასაქცევი ვარ სამსაახურის საქმეზე, არადა ამ ქარში ბავშვი როგორ ვატარო, არ ვიცი.
- ვერავის დაუტოვებთ?
- არავის ვიცნობ აქ ისე კარგად, რომ ვთხოვო,  ახლები ვართ...
- მე დავიტოვებ, თუ რა თქმა უნდა მენდობით. გინდათ თქვენს სახლში დავრჩები, თუმცა... ჯობია ჩემთან ავიყვანო. თქვენს ზემოთ ვარ, უი , ხომ გითხარით უკვე...
- არც კი ვიცი, არ მინდა შეგაწუხოთ და .... უარის თქმაც მეძნელება.
- რას ამბობთ. ძალიან მიყვარს ბავშვები. თბილად ჩააცვით, დივანზე დავსვამ და პლედს შემოვახურებ. მგონი არ მოიწყენს ჩემთან. თუ არაა ნასადილევი, ახლა უნდა ვისადილო და მასაც გავუმასპინძლდები.
- სადილით არ შეგაწუხებთ, სიცხიანი ბევრს ვერ მიირთმევს...
დედამ კარიდან გადმომხედა, თითქოს აზრს მეკითხებოდა. ვფიქრობ, სახეზე შემეტყო რომ თანახმა ვიყავი. დედას ბევრი აღარ უფიქრია, შემოიპატიჟა უნებლიე სტუმარი და გამამზადა ჩასაბარებლად.
ტემპერატურა ოცდაჩვიდმეტამდე მქონდა  დაწეული. დედამ ტყემლის ტყლაპი პირში ჩამიდო  და ჩამკოცნა.
ასე აღმოვჩნდი ლილისთან დივანზე. თვალზე მორიდების და დარცხვენის ლიბრგადაკრული, თმის ღერამდე შეფუთნული, მაშინღა მოვედი გონზე, ლილიმ ლამაზ ვარდებიანი პლედი რომ მომახურა და შემიკეცა გვერდებზე. ისე სათუთად გააკეთა ეს, სუნთქვა შემეკრა და მხოლოდ მისი სამზარეულოში გასვლის შემდეგ დავიწყე შეპარვით ოთახის დათვალიერება.
იატაკი, ჩვენი ახალი სახლისგან განსხვავებით საოცრად ბზინავდა, სარკესავით ირეკლავდა ნივთებს. დივნის პირდაპირ ანტიკვარული, ლომის ფეხება კონსოლი იდგა. იმდენად დამაჯერებელი იყო ფეხების მოყვანილობა, მიუხედავად ფერისა და სიძველის, შეგრძნება დამეუფლა ზევით რომ ავიხედავდი ლომის ფაფარი იქნებოდა ზედ. თუმცა კონსოლზე, ლომის თავი არა და, ძველებური ტელეფონი და ლომის ფაფარზე არანაკლებ შთამბეჭდავი ვაზა კი  იდგა, რომელშიაც დიასახლისს თეთრი შროშანები მოეთავსებინა. არ ვიცი ხელოვნური იყო შროშანები  თუ არა, მაგრამ სინაზით და სინატიფით ცოცხალს ნამდვილად გავდა,. კონსოლის თავზე,  ოვალურ სარკეში ირეკლებოდა ოთახის ლამაზ და რთულ ფორმებიანი შპალერი. უამრავი  სხეულის ამოცნობა შეიძლებოდა შპალერის ნახატებში.
იმ დროს არ ვიცოდი რომ კონსოლზე ლამაზად დადგმული ვაზა ჩინური იყო, არც ის ვიცოდი მასში ჩალაგებულ ყვავილებს თუ შროშანები ერქვა, სამაგიეროდ ის შეგრძნება რაც მე იქ დამეუფლა, ბეჯითად დაამჩნდა ჩემს მეხსიერებას, სისხლის ლაქასავით, რომელსაც თუ ცხელი წყლით ამორეცხავ, ვერაფრით ამოაშორებ.  ისე სათუთად და კოხტად იყო ოთახი მოწყობილი, რომ  სიმყუდროვის და სიამის გრძნობა მომგვარა იქ ყოფნამ. ახლა, როცა მე თავად ვარ საკუთარი სახლის დიასახლისი, ვცდილობ მეც ლილისნაირად, კოხტად და გემოვნებით მოვაწყო სახლი, მაგრამ მგონია რომ ისე მაინც ვერ გამომდის, როგორც მას.
აივნის მოპირდაპირე მხარეს, წიგნის კარადებზე ასიმეტრიულად განლაგებულმა სურათების ჩარჩოებმა მიიპყრეს ჩემი ყურადღება. ჩარჩოები ძალიან ლამაზი, რთული ფორმისა და  ფერის იყო.  ჩარჩოების მერე დავაკვირდი მათში ჩასმულ შავთეთრ სურათებს. ერთიდან ლილი იყურებოდა ღიმილიანი და ცოტა სევდიანიც, მეორეში_ერთობლივი სურათი იდო, რომელშიაც ვინ ვინ იყო ვერ გავარკვიე დივნიდან. მერე კი... მერე სხვა სურათები ვეღარ დავიმახსოვრე, მხოლოდ ერთზე შევჩერდი და გავიყინე, მეუცხოვა, მეუცნაურა, შიში და განცვიფრება, სევდა და აღფრთოვანება ერთდროულად  დამეუფლა.
ამ სურათზე თვალდახუჭული ლამაზი გოგონა იყო გამოსახული.
გოგონას  საოცარი, კოპწია კაბა ეცვა. თმა კულულებად ჩამოშლოდა და პაწია მხრებზე ეყარა ღია ფერის დალალებად. თავის უკნიდან ორი პატარა ბაფთა მოსჩანდა . გოგონა, თავისთან შედარებით დიდ სავარძელში იჯდა, ასე ორი წლის იქნებოდა ალბათ და თითებგადაჭდობილი ხელები მუხლებზე ეწყო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა ამ სურათზე. ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, პაწუა ცხვირით, დაბაფთული ტუჩებით და ისევ და ისევ დახუჭული თვალებით. ალბათ კიდევ დიდი ხანი ვიქნებოდი ასეთ უგონო მდგომარეობაში, რომ არა დიასახლისის ხმა_ხომ არ ქცივა?
ასე მგონია მიხვდა ჩემი გაკერპების მიზეზს, რადგან ის ფოტო, ნატიფი მოძრაობით დააყირავა ზედაპირზე.
ძლივს ამოვილუღლუღე:- არა!
ისევ წუილით დაჰქროლა ქარმა და აივნის კარიდან ცივი ტალღა  ვიგრძენი. აივნის კარს  ზურმუხტისფერი სქელი ფარდა ფარავდა. მერეღა მივხვდი ოთახში ელექტრონათურის ჩართვის მიზეზს,  ქარიანი ამინდი კი იყო მაგრამ გარეთ არ ბნელოდა, სამაგიეროდ სქელი და მძიმე ფარდები  სახლში მზის სხივებს არ უშვებდა.
მახსოვს ის უსიამოვნო, შიშნარევი  შეგრძნება, მძიმე ფარდებმა კიდევ უფრო რომ გამიმძაფრა.
ლამაზი, თვალდახუჭული ბავშვი, ლილის უცნაური საქციელი, მძიმე ფარდები... კარუსელივით ტრიალებდა თავში!
მოგვიანებით, ჩვენს ცხოვრებაში ინტერნეტის შემობიჯებისთანავე გავიხსენე  და ვნახე ...
დივანს, რომელზედაც მე ვიჯექი მოგვიანებით დავაკვირდი. ჩემს გარშემო მრავალნაირი ფორმის,  ლიმნისფერი, იისფერი, ბრინჯაოსფერი და ზურმუხტისფერი ბალიშები და მუთაქები ელაგა. ხელით ვცადე შევხებოდი, მაგრამ გამიჭირდა, ისე ვიყავი შეფუთული.
შესასვლელ კართან პიანინო „ივერია“ თავახდილი იდგა, ალბათ არც ისე დიდი ხნის უკან უკრავდა მასზე ლილი. პიანინოზე დალაგებულ ნოტებს და მეტრონომს ვათვალიერებდი ლილი რომ ოთახში შემოვიდა. მაშინღა შევხედე დაკვირვებით ამ საოცარ, ნარნარა, სიფაქიზითა და ქალურობით გაჯერებულ, ზედმეტად გაწონასწორებულ და თავშეკავებულ ქალბატონს. დამჭკნარი ვარდის ფერი კაბა ეცვა. დეკოლტეზე, სახელოების და კაბის ბოლოზე შავი არშია ჰქონდა შემოვლებული. დეკოლტე საკმაოდ ღრმა იყო და მისი ხორცსავსე მკერდი გემრიელად მოჩანდა. მისი მკერდის დეკოლტედან ამოზრდილი ზოლი დახრისას გველივით მიიკლაკნებოდა ლამაზი, გიშრისფერი ყელისკენ. თხლად ეცვა, თბილოდა მის სახლში. ეს ის დრო იყო როცა ყველას სახლში იყო სითბო, მაგრამ არავისთან არ თბილოდა ისე, როგორც მასთან. თითქოს მხოლოდ რადიატორები კი არ ათბობდა ერთოთახიან ბინას, არამედ ყოველი ნივთი, ყოველი დეტალი ასხივებდა სითბოს და ენერგიას.
ლილი მომიახლოვდა და დიდი ლანგრით ჩაი , თხლად დაჭრილი ლიმონი, რაღაც საოცრად გემრიელი კექსის ნაჭერი, ალუბლის მურაბა და  დაჭრილი ფორთოხალი მომიტანა.
- შენი სახელი რომ არ ვიცი ბაჭია!
- ბაია მქვია _ რატომღაც თამამად მივუგე, არ ვიცი რამ გამათამამა, ალბათ მისმა უშუალო და გულიდან ამოსულმა ხმამ.
- რა კარგი სახელია! ბარბარეს არავინ გეძახის?
- მხოლოდ ბებო.
- კარგი ბებო გყოლია, ბარბარე ბავშვების მფარველი წმინდანი იყო, არ გითხრეს?
- არა!
- ამის მერე იცოდე და თუ კი რაიმე ძალიან, ძალიან მოგინდება, ცაში აიხედე, რომელიმე ვარსკვლავი ამოირჩიე და წმინდა ბარბარეს შესთხოვე აგისრულოს.
- წმინდანი რას ნიშნავს?
- წმინდანები ძალიან კეთილი ადამიანები არიან. ისინი ჩვენგან იმითაც გამოირჩევიან, რომ მათ ადამიანები საკუთარ თავზე მეტადაც კი უყვართ!
- ყველა ადამიანი?
- დაიხ.
- ისინიც, ვინც რამეს აწყენინებთ?
- დიახ, ისინიც ვინც მათ ცუდად მოექცევათ. წმინდანები ცოდვილთა სულებისთვისაც ლოცულობენ და დიად საქმეებს სჩადიან...
- სული რომ არ არსებობს?!
- არ არსებობს? ვინ თქვა რომ არ არსებობს?
- პაპამ!
- კიდევ რა გითხრა პაპამ?
- მე არაფერი, შემთხვევით მოვისმინე ბებოს რომ ესაუბრებოდა სულზე და რაღაცაზე კიდე... რე... რე..
- რელიგიაზე?
- მგონი.
- და მერე რაო პაპამ?
- ტყუილად ფლანგავ დროს ეკლესიაში სიარულში, სჯობია ბალღებს მიხედოვო.
- და შენ? შენ როგორ ფიქრობ, არსებობს სული? არსებობს ღმერთი?
- მეე... მე მინდა რომ ღმერთი არსებობდეს, ძალიან მინდა რომ ის ხედავდეს ჩვენს საქციელს, მინდა რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ კი არ ვქრებოდეთ, არამედ სხვა განზომიილებაში გადავდიოდეთ...
- სხვა განზომილებაში? ეგ როგორ?
- როგორ და ... აი, წარმოიდგინე ჭაინჭვველა, რომელიც ფურცელზე დაცოცავს, ის ამ ფურცელს ვერ გასცდება, თუ კი ის ფურცელი სადმე ჰკიდია და სხვაგან ვერ გადავიდა. აი, პეპელა კი, აფრინდება და სამ განზომილებაში იფრენს. ჩვენი სამყაროც სამ განზომილებიანია. სიკვდილის შემდეგ, სული თავისუფლდება ამ სამი განზომილებისგან და მეოთხეში გადადის, ანუ სამოთხეში: სამ ოთხეში, ტყუილად არ ქვია სამოთხეს ეს სახელი. ისინი კი, ვინც ცოდვებით დამძიმებული იქნება, ვერ გასცდება ამ განზომილებას და 2-ში ჩაიკეტება, ჯოჯო ხეთში!
ლილი სუნთქვაშეკრული და თვალებგაფართოებული მისმენდა. მიხვდა რომ ჩემი საუბარი შეუფერებელი იყო ასაკისათვის.
- რამდენი წლის ხარ ბაია?
- 9 წლის.
- ეს ყველაფერი სადმე წაიკითხე?
- არა, ამაზე მამა მესაუბრება ხოლმე!
- ჭკვიანი კაცი ყოფილა მამაშენი!
- პაპა ამბობს რომ მამას უნდა რომ ღმერთი არსებობდეს!
- გამოდის შენ და მამას ერთნაირი სურვილები გქონიათ!
- არა, მამას ღმერთის იმიტომ სწამს რომ ჩემი გარდაცვლილი ძამიკო ნახოს სიკვდილის შემდეგ. მე კი... მე კი იმიტომ მწამს რომ... ძალიან მინდა მისი მკვლელი სამაგალითოდ დასაჯოს ღმერთმა!
ამ დროს ცრემლები ვერ შევიკავე და ლილის ვარდებიან პლედზე შევიმშრალე სისველე. სიჩუმეში მომეჩვენა რომ ლილის გულისცემა გავიგონე. სწრაფად მომხვია ხელები და გულში ჩამიხუტა. ცხელ შუბლზე მკერდის სიგრილე მესიამოვნა.
- გაცივდა ჩაი, მიირთვი ბაია! მიირთვი!
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
პატარა ყავის მაგიდაზე გადმოალაგა ლანგრიდან ყველაფერი და ისევ სამზარეულოში გავიდა, თითქოს შემცივდა ოთახიდან მისი გასვლის შემდეგ.
ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ დღესაც დეტალებში მახსოვს ლილის სახლში ჩემი პირველად  ყოფნის წუთები.
მივირთვი ჩაი და უგემრიელესი ქიშმიშიანი კექსი. ჩვენი საუბრის ემოციამ მალე გადამიარა.  ლილიმ სურათების ალბომი გამოიტანა და თავისი ახალგაზრდობის დროინდელი სურათები დამათვალიერებინა, თან სახალისო ისტორიებს მიყვებოდა. ალბომის ყდაზე ძველებური გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოჭრილი სურათი ჰქონდა მიკრული. სურათზე გამოსახული ქალი, ბეწვიანი საყელოთი და სევდიანი ღიმილით, რაღაცით ლილის შევადარე. შეამჩნია ლილიმ ჩემი დაინტერესება და მომიყვა რომ ის ქალი ლუიზა (ლუი ანდრეასი ) იყო, ავსტრიელი პოეტის შეყვარებული, დიდი მოაზროვნე და უცნაური და ბევრისთვის  სასურველი ქალი.  დრო საღამომდე ისე გავიდა, ვერ შევამჩნიეთ. სანამ ვერთობოდით ასე, ვიღაცამ დაურეკა. ლილიმ უპასუხა რომ ბაია ყავდა სახლში (ბაია, უბრალო მეზობლის ბავშვი კი არა) და დროებით დაემშვიდობა.
დამიჯდა და თმა ჩამიწნა . გავიტრუნე და სანამ არ მორჩა ამ პროცესს, ხმა არ ამომიღია სიამოვნებისგან. თითები კი არა ჯადოსნური საცეცები მეხებოდნენ თითქოს, საამო ჟრუანტელი დაფარფატებდა ჩემს სხეულში.
კარზე დედამ რომ დარეკა, გული შემეკუმშა, არ მინდოდა სახლში ჩასვლა. დედას შეშფოთებული სახე არც მე და მითუმეტეს, არც ლილის არ გამოგვპარვია. დედამ საჩქაროდ გამომიყვანა სახლიდან. პირველ კიბეზე არ ვიყავი ჯერ ჩასული რომ სწრაფად მოვტრიალდი, მივბრუნდი და ლოყაზე ვაკოცე ლილის, მან საპასუხოდ გულში ჩამიკრა და ყურში ჩამჩურჩულა: დროებით!
როგორც კი კარი მიხურა ლილიმ, დედამ დამაბზრიალა, დამატრიალა და გამომკითხა დაწვრილებით ჩემი ლილისთან ყოფნის ყოველი დეტალი. ცოტა ამოისუნთქა, როცა ვუპასუხე რომ მხოლოდ მე და ლილი ვიყავით სახლში . რაღაცნაირი, თითქოს გახარებული მომეხვია და კოცნით ლოყებიც კი მატკინა.
დასაძინებლად რომ დავწექი, მშობლების საუბარს მოვკარი ყური. მოვიმძინარე თავი, რადგან ვიგრძენი რაღაც მნიშვნელოვანზე უნდა დაეწყოთ ლაპარაკი. მალე მივხვდი რომ ისინი ლილის და მის ცხოვრებას განიხილავდნენ. დედა ყვებოდა, სახლში დაბრუნებისას როგორ შეხვდნენ მეზობელი ქალები, როგორ ჰკითხეს ჩემზე. დილის ამბების მოსმენის შემდეგ, ანთებულა ერთი და დედა გაულანძღავს, წინდაუხედავი და თავქარიანი უწოდებია ?!  საწყალი დედა, მეხუთე სართულამდე  ამოუსუნთქავად ამოქანებულა.
მამა გაოცებული უსმენდა დედას ისტერიული მანერით მონაყოლს.
- ნონა, მე ადამიანებში იშვიათად ვცდები და ეს ქალბატონი არა მგონია ქვეყნის დამქცევი და დამანგრეველი იყოს!
- ლევან, შენ  შეიძლება სწორედ ამ ერთხელ შეცდე! როგორ შეიძლება ყველა ცდებოდეს და მხოლოდ შენ იყო მართალი?!
- ისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მხოლოდ ერთი ადამიანი ყოფილა მართალი, დანარჩენი კი შემცდარან.
- რატომ ავიტკიო აუტკივარი თავი?! შორს დავიჭიროთ თავი მაგ ლილისგან!
- ნონა, აღიარე ახლა, შენ იმ ჭორიკნების გალანძღვამ უფრო აგაფორიაქა თუ ლილისთან ბავშვის დატოვების გადაწყვეტილების არაკეთილგონივრულობამ?
- რას მეკითხები ლევან? პირველ რიგში მე მინდა რომ ჩემი შვილი იყოს უსაფრთხოდ და საიმედოდ. ვინ რას იტყვის ჩემზე, ეს მეორეხარისხოვანია!
- მეც ასე გიცნობ ნონა! შენ არ გავხარ სხვებს! რა და, იქნებ იმ ქალების რისხვა და ლილის სიძულვილი სწორედ შურის შედეგია და მეტი არაფრის?! უკვე რამდენიმე თვეა რაც გადმოვედით ამ ბინაში, ხედავენ როგორ ვწვალობთ მეც და შენც, რომელიმეს თუ შემოუთავაზებია ბავშვს დავიტოვებ და მოგეხმარებითო?
- არავის, მაგრამ...
- რომელიმეს თუ მიუპატიჟებიხარ სახლში, მოუყოლია საკუთარ თავზე...
- ლევან, ეს ყველაფერი რა ახლა სალაპარაკოა?! მე არ ვიცნობ ლილის კარგად და მჯერა, რაღაცაში იქნება საქმე, თორემ  ხალხი ამდენს არ ილაპარაკებდა მასზე, ცეცხლი უკვამლოთ არ არსებობს!
- მე კი ვთვლი რომ უსამართლოდ აბრალებთ ამ ქალბატონს ათას სისულელეს! არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მანამაა მართალი, სანამ არ უმტკიცებენ რომ დამნაშავეა. არანაირი საბუთი არ არსებობს მისი დანაშაულის...
ამის მერე აღარაფერი მახსოვს, წამლებისგან მოთენთილს, ღრმად და ტკბილად ჩამეძინა.
ძილბურანში ჩამესმოდა: უსამართლობა, სამართალი, ....    ამ შფოთვაში დავინახე რომ ლილი ჩემსკენ მოემართება, ლოგინთან ჩამოჯდა და შუბლზე მაკოცა. მიალერსებდა თავისი ნატიფი თითებით, თმებს მიწევდა სახიდან... გავახილე თვალები და  ვხედავდი ლილის კიდევ კარგა ხანი. მერე დედის განწირული ყვირილი მომესმა: ლევან, ექიმს გამოუძახე ლევან სასწრაფოდ, ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, მიშველე ლევან რამე!!!
ვცადე თვალებში ჩამოწოლილი ბინდი გამეფანტა და თავი წამოვწიე.... ეს დედა იყო, ჩემი ნონა დედიკო და არა ჩემი საიდუმლოებებით მოცული მეზობელი ლილი, რომელიც ასე უცებ და მოულოდნელად გახდა ჩემი ცხოვრების ნაწილი.
სანამ გავარკვევდი თუ ვინ იყო ჩემი საწოლის კიდეზე ჩამომჯდარი და ვინ მეფერებოდა, უნებლიედ წამომცდა ლილის სახელი და ეს იყო ბოლო რაც იმ საღამოს ვთქვი, რადგან დედის დანახვის შემდეგ მეორე დილამდე არაფერი მახსოვს.
ჩემი სიცხე ლილისადმი გამოტანილ განაჩენად გადაიქცა. რა რთული არსებები ვართ ადამიანები, როცა შეგვიძლია ძალიან მარტივები და უბრალონი ვიყოთ. მეზობლების მიერ დედაჩემის გონებაში ჩაწვეთებული შხამი შეუდგა თავისი საქმის კეთებას. დედა საკუთარ დაუფიქრებელ საქცილს ათასგვარ გამართლებას უძებნიდა, მიუხედავად იმისა,რომ არავინ ტუქსავდა და არც არავინ საყვედურობდა. შხამი გაიხსნა შვილის ავადმყოფობაზე ფიქრში,  მთელს მის არსებას მოედო მოუღალავი ობობას ქსელივით და ამ ქსელში, რომელი მიმართულებითაც არ უნდა ევლო, ლილი და მისი მრავალჯერ გაკიცხულ-განკითხული ცხოვრება ეხვეოდა.
დილით ის მახსოვს რომ ვიღაცამ დააკაკუნა კარზე და მამამ გაუღო. ვიღაცის საამურმა ხმამ მე მიკითხა. მამამ გაბედა და შემოიპატიჟა, დედა ამ დროს აბაზანაში იყო. ლილის ჩემი აყვანა უნდოდა თავისთან და  რომ გაიგო მაღალი სიცხე მქონდა, შეწუხებული შემოვიდა. როგორც სიზმარში, ისე დამიჯდა საწოლთან (ჩემი საწოლი, ერთოთახიანის სივიწროვის გამო, საღამოობით გაშლილი კომპაქტური დივანი იყო). ისე გამიხარდა მისი დანახვა... ვერაფერმა , ვერც სიცხემ, ვერც აბაზანიდან გიჟივით გამოვარდნილი დედაჩემის დაბრიალებულმა თვალებმა და ვერც ადამიანის ჯერ კარგად არ ცნობის კომპლექსმა ვერ შემაჩერა_წამოვიწიე წამებში და ლილის ყელზე შემოვეხვიე კაშნესავით. ლილის უხერხულობა არც კი უგრძვნია, საპასუხოდ ხელად მომხვია ხელი და ვიცი, ვიცი რომ თვალები მაგრად დახუჭა. მთელი ჩემი სხეული გრძნობდა მის მოხვევას, მის სუნთქვას.  მისი თბილი ნახშირორჟანგი , მოეფერა ჩემს თმასა და ყელს.
მამა იღიმებოდა და ბოდიშს უხდიდა ჩემი აბეზარობის გამო. დედა, რომელიც ლილის ხმაზე გამოვარდნილიყო აბაზანიდან, აშკარად გამოხატავდა დაუპატიჟებელი სტუმრისადმი უკმაყოფილებას.
მამას უნდოდა ხილზე, ყავაზე ან ჩაიზე დაეპატიჟებინა და ზავი ჩამოეგდო ნონა-ლილის ჯერ არ დაწყებულ ნაცნობობას შორის. იგი  არ და ვერ იმჩნევდა დედის გაცეცხლებას, სასწრაფოდ გამოლეულ ყავას, ამოთავებულ შაქარს,  ამოწურულ ჩაის მარაგს. ლილიმ ისე სწრაფად აუღო სიტუაციას ალღო, ეტყობოდა რომ შეჩვეული იყო ამდაგვარებს და დიდი ხნით არ შევუწუხებივართ.
დედაჩემისგან განსხვავებით, ეს ერთ-ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ლილიმ წითელი ჩანთიდან გერმანული თოჯინა ამოიღო. თოჯინა ყუთში აღარ იჯდა, მაგრამ ყველაფერი ისე კარგად ქონდა შენახული_ფურფუშელებიანი კრემისფერი კაბა,  თეთრი ბაფთები და ლამაზად დავარცხნილი თმა. მითხრა რომ იმ თოჯინას ლელია ერქვა, რილკეს შეყვარებულს სწორედ ასე ეძახდნენ მოფერებითო. ის თოჯინა დღესაც მყავს, გადავარჩინე დედას დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად. ისეთი ისტერიკა მოვაწყვე,  როცა მის წართმევას აპირებდნენ, რომ შეეშინდათ  და დამიტოვეს თოჯინა, რომლის მეტი ჩემს საწოლში არცერთი სხვა სათამაშო არ მოხვედრილა.
რა მაგიური ძალა ქონდა ლილის? მოგვიანებით მანქანით მგზავრობისას, მამამ აღიარა რომ ეს ძალა მისი სითბო, მისი უშუალობა, უბრალოება და უდიდესი კაცთმოყვარეობა იყო, რომელსაც ის დაუშურებლივ ასხივებდა 24 საათი და ყველა მიმართულებით.
მიიხურა ლილიმ კარი და დედა ლამის ყელში წვდა მამას, დაუწყო დადანაშაულება იმაში, რაც მე არ შემიმჩნევია მამასთვის. გული მეტკინა, როცა დასკვნა გამოვიტანე შექმნილი სიტუაციიდან, დედა ვერ იტანდა უკვე ლილის. დედას გონება უკვე მთლიანად გესლითა და შხამით იყო მოწამლული!
მოგვიანებით, დედაჩემის და მამაჩემის ჩხუბიდან გავიგე რომ ყველა ქმრიან ქალს ეშინოდა თურმე ლილისი. დედა გაცხარებული. სწრაფად უყვებოდა მამას ლილის საყვარლების ამბებს, რომ ისინი ერთმანეთის არსებობის შესახებ ინფორმირებულები არიან ლილის მიერ და ერთმანეთში მეგობრობენ კიდეცო. მაშინ საყვარელი სულ სხვაგვარად მესმოდა და ამიტომ ლილი კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში : „თუ, ამდენ ადამიანს უყვარს და ამდენი უყვარს, როგორი კეთილი და მოსიყვარულე უნდა იყოს ლილი?!“, ვფიქრობდი.
შემდეგ დედაჩემის დაჟინებული თხოვნით და მოთხოვნით, მკაცრი თვალთვალი იყო დაწესებული ჩემზე_ლილის ახლოს არ უნდა გავკარებოდი.
გადიოდა წლები.
ჭორიკნები ისევ ჭორიკნობდნენ, კეთილები ისევ სიკეთეს იქმოდნენ, მე კი უკვე მცირე ეშმაკობების უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს და ჩუმად ვახერხებდი ლილისთან შეხვედრებს.
მე და ლილი საღამოობით, ჩემი ცეკვის გაკვეთილების შემდეგ, სკოლის ეზოსთან ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენი კორპუსების შემოსახვევამდე მაცილებდა. გზაში ათას საინტერესო თემებზე ვსაუბრობდით. კორპუსებთან მარტო ვუხვევდი და ისე მომქონდა თავი, თითქოს ლილი სულ დამავიწყდა.
ლილი მეუბნებოდა რომ ჩემთან ურთიერთობა უკეთეს ადამიანად აქცევდა, მე კი ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა ამით.
***
აქ, ამ უბანში, ბავშვობის დროინდელი ამბების გახსენება, ჩემს სიყმაწვილეში მოგზაურობა უფრო მეტად სასიამოვნო იქნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.
თითქოს გუშინ იყო ყველაფერი.
აგერ, პუდელის მეპატრონე თათული იხედება აივნიდან. არ შეცვლილა... თუ... თუ ეს მისი ნუნუკაა? როგორ დამსგავსებია დედას. თათული ბებია კი ალბათ აღარც იქნება ცოცხალი.
მივესალმო? მგონი ვერ მიცნობს და ტყუილად უნდა ჩავაგდო უხერხულობაში.
სჯობს კვლავაც საქმეს დავუბრუნდე. უცნაურად მიცახცახებს ხელში გასაღებების ასხმა.
ჩვენს სადარბაზოში სიწყნარე და სისუფთავეა. პირველ სართულზე აღარავინ ცხოვრობს. მეორე სართულზე უცნობი მოხუცი მხვდება, ცნობისმოყვარე თვალები შემომანათა. მე არ შევიმჩნიე და მესამე სართულზე, ჩვენი ძველი ბინის კართან გავჩერდი. შიგნიდან ხმაური მესმის. კარი იღება და ლამაზი გოგო-ბიჭი გამოდის ბინიდან. ვერ მოვითმინე და შევიხედე ღია კარში. გული დამეწვა, ჩვენს ბინაში არაფერი შეუცვლიათ და ყველაფერი მოძველებულ-ჩამოჟანგული ჩანს. უხერხულად მივესალმე უცხო ბინადრებს და მეხუთეზე ისე ამოვედი, აღარსად შევჩერებულვარ.
ამებნა თავში ყველაფერი, რომელი გასაღებით უნდა გავაღო რომელი ურდული?!
ფიქრებში წასული ავტომატურად ვაღებ სამივე ურდულს თანმიმდევრობით.
რაზე ვსაუბრობდით მე და ლილი?
გამოჯანმრთელების შემდეგ დიდი ხანი ველოდი როდის მომიკითხავდა ჩემი უფროსი მეგობარი და ამაოდ, ლილის აღარ შეუწუხებია დედაჩემის ისედაც აწეწილი ნერვები და ჩვენგან თავი შორს ეჭირა. ყოველ ზარსა თუ კარზე კაკუნზე, დედა კრთებოდა და ფერს კარგავდა. მაშინ ოდნავ შემძულდა კიდეც, მოგვიანებით მივხვდი რომ დედა ჩემს დაცვას ცდილობდა. სკოლაში ოქტომბრის ბოლოს დავბრუნდი. სკოლიდან მოსული სახლში მშობლების დაბრუნებამდე მარტო ვიყავი. გადავწყვიტე სანამ მარტო ვიქნებოდი ლილისთან ავსულიყავი, მენახა, მომეკითხა. სახლის კარი არავინ გამიღო. გულის სიღრმეში ვიცოდი რომ სახლში იყო და არ მიღებდა. რამდენჯერმე ავაკითხე და რომ ვერაფერს გავხდი, გადავწყვიტე გარეთ დავლოდებოდი.
იმ დღეს ღრუბლიანი ამინდი იყო. დედამ ქოლგა გამატანა და თბილად ჩამაცვა. სკოლაში გაკვეთილებზე გათიშული ვიჯექი. რამდენჯერმე მასწავლებელმა მკითხა რაღაც და ვერ ვუპასუხე. უკვე მეოთხე კლასში ვიყავი და ასაკისთვის გაცილებით პატარა შეხედულება მქონდა. მუდმივმა ავადმყოფობამ, დაბალმა იმუნიტეტმა და სუსტმა ორგანიზმმა ზრდასაც თავისი კვალი დაამჩნია, ან პირიქით. კლასში ყველასგან გამორჩეული, ყოველთვის პირველ მერხზე ვეჯექი მასწავლებელს, რათა მეგობრები არ მომფარებოდნენ და დაფა კარგად დამენახა.
სულ რამდენიმე თვის გადმოსული ვიყავით ახალ უბანში, სასწავლო წელი რომ დაიწყო და სექტემბერში, ლამაზი ფორმითა და დიდი ბაფთით ვესტუმრე ახალ სკოლასა და კლასს. მასწავლებელმა დაფასთან გამომიყვანა და კლასს გააცნო ჩემი თავი.
- ბაია, მოგვიყევი შენს შესახებ!
- მე მქვია ბაია. 13 სექტემბერს გავხდები 9 წლის. მყავს დედა და მამა. მყავს ძმაც, რომელიც ახლა ცაშია. მიყვარს ხატვა. ვაწარმოებ დღიურს, სადაც თითქმის ყოველდღე ვწერ... მიყვარს გამოცნობანას თამაში.
- ეგ როგორი თამაშია ბაია? - მკითხა მასწავლებელმა.
- ამ თამაშის დროს დედა ან მამა ჩაიფიქრებს რამეს და მე უნდა მივხვდე რა ჩაიფიქრეს.
- ბავშვებო, რამე კითხვები ხომ არ გაქვთ ბაიასთან?
- ასეთი პატარა რატომ ხარ? - იყვირა ერთმა ძალიან ცელქმა წითურმა ბიჭმა.
მასწავლებელს ნერვული ხელებისსრესა დაეწყო ამ კითხვაზე და სანამ ის პასუხს გასცემდა, მე დავასწარი.
- იგივე მიზეზის გამო, რატომაც შენ გაქვს ჟღალი თმა და ჭორფლი ცხვირ-პირზე!
ბავშვებმა გადაიხარხარეს.
- ეგ როგორ? - იკითხა მის წინ მჯდომმა გოგონამ, ლამაზი ცისფერი თვალებითა და თაფლისფერი კულულებით.
- ადამიანები რამდენადაც ვგავართ ერთმანეთს: გვაქვს 2 თვალი, ერთი ცხვირი, ერთი პირი, 2 ყური და ა.შ. იმდენად განვსხვავდებით კიდეც ერთმანეთისაგან. ზოგი ადამიანი შავკანიანია, ზოგი კიდე თეთრია, ზოგი მაღალია და დიდი, ზოგი, მაგალითად ჩემნაირი, პატარა იზრდება. ყველა ადამიანი ერთმანეთის მსგავსი რომ იყოს, ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.
- და შენ, არ გინდა უფრო მაღალი გაიზარდო?
- მაგის გარდა იმდენი სხვა სურვილი და ნატვრა მაქვს, ჯერ მაქამდე არ მივსულვარ!
- მაინც რას ნატრობ? _ მკითხა ჩემს წინ მჯდომმა, არაფრით გამორჩეულმა ბიჭუნამ.
- ჩემი უპირველესი ნატვრაა ჩემი ძმა, კახაბერი იყოს ცოცხალი...
მასწავლებელს ღიმილი შეაკვდა სახეზე და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- წიგნები თუ გიყვარს ბაია?
- დიახ, ძალიან მიყვარს კითხვა.
- რას კითხულობ ახლა?
- ახლა, ჰერბერტი უელსის უჩინარ კაცს ვასრულებ.
- კიდევ ბევრი რამ გაქვს წაკითხული მისი?
- ბევრი ვერა, რადგან ქართული თარგმანი მეტი ვერ ვიშოვე. „დროის მანქანას“ რუსული ტირაჟიდან ვკითხულობ და ცოტა მიჭირს. რუსული ჯერ ისე კარგად არ ვიცი .
- კარგია გაუჩინარება? მე რომ შემეძლოს უამრავ ნაყინს და შოკოლადს მოვიპარავდი, იფ იფ იფ! - თქვა ერთმა ზომიერად ფერხორციანმა ბიჭმა.
- ხო, გაუჩინარება ერთის მხრივ კარგია, რადგან ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეგიძლია, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში თითქმის შეუძლებელია, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ცუდია, რადგან ბოლომდე უჩინრად ყოფნას ადამიანი ვერ უძლებს. ეს იგივეა რაც მარტო იცხოვრო და ვინაიდან ადამიანი სოციალური არსებაა, მას არ შეუძლია სხვა ადამიანების გარეშე ცხოვრება.
- აუუუ, მე რომ ვიყო უჩინარი, ეგრევე გავიგებდი დედაჩემის ოქროულობის სეიფის კოდს...-თქვა ლურჯთვალა გოგონამ.
- მე კიდე მილიციელებს გავაბრაზებდი!- თქვა საშუალო ტანის ცელქმა ბიჭმა.
შეიქმნა დიდი განხილვა, ვინ რას ჩაიდენდა გაუჩინარების შემდეგ. ამდენი ბავშვის აყაყანებისგან გამოწვეული ხმაური, ბასრ დანასავით გაჭრა, ჩემზე ოდნავ მაღალი, თუმცა ჩემნაირი თხელი გოგონას ხმამ:
- და ძმა რატომ აღარ გყავს?
არ მოველოდი ამ კითხვას და მაშინვე ის გამახსენდა, როდის მივიტანე მის საფლავთან ყვავილები. შემდეგ, მოვიკრიბე ძალები და მასწავლებლის გამომცდელ შემოხედვაზე, თავი დავუქნიე, ვანიშნე „ნუ გეშინიათ-თქო“
- 4 წლის უკან, როცა ის 14 წლის იყო, მე კი - 5-ის, ბაღიდან მოვყავდი. ვიწრო ბარდიულზე მე დავდიოდი, ის კი გზის პირად მომყვებოდა და ჩემი ხელი ეჭირა. მე მხოლოდ მანქანის ბორბლების დამუხრუჭების ძლიერი ხმა, მკლავის ტკივილი და შეჯახების ხმაური მახსოვს. მძღოლმა არ გააჩერა...
ამ დროს ზარი დაირეკა და ბავშვები შეურაცხადებივით გაიქცნენ ბუფეტისკენ.
***
პირველი მე მივედი კახაბერის ცხედართან, მისი ლამაზი, წაბლისფერი თვალები ჯერ კიდევ ღია იყო, ყველაფერს ხედავდა თითქოს, ყველაფერი ესმოდა. იმედი მაქვს რომ ძალიან არ ტკიოდა. ჩემმა ვაჟკაცმა ძამიკომ კრიტიკულ მომენტშიაც კი მოასწრო ჩემთვის ხელის გაშვება. მე 5 წლის ვიყავი მაშინ და დღემდე ვთვლი რომ სწორედ მან გადამარჩინა სიკვდილს.
როცა მე დავიბადე ჩემი ძამიკო 9 წლის ხდებოდა 2 დღეში. დედა მიყვებოდა რომ როცა მიგიყვანეთ სახლში, პირველად კახაბერს გაუცინეო. შვიდთვიანი დავიბადე და არავის ეგონა რომ გადავრჩებოდი, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. იმ დროისათვის 7 თვიანები იშვიათად უმკლავდებოდნენ სირთულეებს. აღმაფრენაში მყოფი კახაბერისთვის პაპას უთქვამს, რა გიხარია, მაინც ვერაფერს ხედავსო. კახა მაინც ბედნიერი იყო ჩემი ღიმილით. მას მერე ის უფრო მეტი იყო ჩემთვის ვიდრე ძმა ან ოჯახის წევრი, სწორედ ამიტომ ეგონა ყველას რომ მე მის სიკვდილს ვერ გადავიტანდი, რომ შეიძლებოდა ჭკუიდანაც გადავსულიყავი და საყვედურობდნენ ჩემს მშობლებს, როცა ისინი ჩვენების მისაცემად დამატარებდნენ.
ჩემი ჩვენება კი საკმაოდ მწირი იყო, მხოლოდ მანქანის ფერი მახსოვდა, ისიც არ ვიყავი დარწმუნებული, მახსოვდა რომ რაღაც მუქმა ჩაგვიქროლა.
ჩემი ძმის გაუფრთხილებლობით მკვლელობის საქმე ერთ წერტილში გაიყინა.
გამომძიებელმა ისიც გაბედა და გვითხრა, ამხელა ბავშვს უნდა სცოდნოდა ტროტუარზე სიარულიო. მინდოდა მეთქვა რომ ძალიან ვიწრო ტროტუარია იმ უბანში და ჩემი ძმის ბრალი არაფერი იყო, მაგრამ მივხვდი დედას უფრო გავანაწყენებდი. დედა სულ მარიგებდა, თუ დაბალი დონის და შეგნების ადამიანი გესაუბრება, მასთან კამათს ნუ დაიწყებო.
ამ ამბის მერე, კიდევ უფრო ჩავიკეტე ჩემს ნაჭუჭში. წერა-კითხვის სწავლამ დროულად მოუსწრო ჩემს განვითარებას. როგორც კი ასოების ცნობა დავიწყე, დავიჭირე წიგნი და მე თვითონ ვუკითხავდი საკუთარ თავს.
ექიმები ვარაუდობდნენ რომ ჩემი შენელებული ზრდა, სტრესის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო.
ჩემთვის , ჩემი ტანის სიმაღლე, სადღაც ბოლოდან მეორე ხარისხოვანი გახდა. წარმოიდგინეთ და უამრავი დადებითი მოვუძებნე ჩემს სხეულს.
1. ტანსაცმელი დიდხანს მქონდა კარგად ტანზე, მალე არ მიპატარავდებოდა ჩემი კლასელებივით და არ მიწევდა ახალი ტანისამოსისთვის ბაზრობასა და მაღაზიებში წოწიალი;
2. მსუბუქი ტანის მქონე, კარგად დავრბოდი, ვხტუნაობდი, რეზინობანაშიც ვიგებდი და თოკზეც წამებში ვძვრებოდი;
3. რიგში ჩემი ტანის წყალობით მივძვრებოდი ხოლმე შეუმჩნევლად.
მამას ნაბოძებმა უნარმა ფუჭად არ ჩაიარა, ყველაფერზე შემეძლო მეხუმრა, საკუთარ თავზეც კი.
სკოლის შემდეგ ლილისთვის ჩასაფრება გადვწყვიტე.თბილად  კი მეცვა, მაგრამ ამოვარდნილი ქარი მოერეკებოდა შავ ღრუბლებს ჩვენი სახლისკენ და ძვლებში მატანდა სიცივე.
ლილი კი არადა არ ჩანდა. სადაა? ვისთანაა? რას აკეთებს? - კარგი ეჭვიანი ქმარივით დავიწყე ამაზე ფიქრი.
წვიმის წვეთების წამოსვლა არ მახსოვს. მახსოვს რომ ძალიან მეტკინა ფეხები ერთ ადგილზე დგომისგან. ქუსლები რომ არ დამბუჟებოდა, (ბრტყელტერფიანობის გამო ქუსლები მტკივდებოდა დიდხანს სიარულის შემდეგ)  აქეთ-იქით დავიწყე ცქმუტვა. მერე ოდნავ შემცივდა. სისველე რომ ვიგრძენი, წვიმა უკვე კარგა ხნის წამოსული იყო. გავშალე ქოლგა. ათასგვარი აზრი მომდიოდა ლილისთან დაკავშირებით. ვფიქრობდი, იქნებ გადაიხვეწა და მიატოვა სახლიც-მეთქი, ან იქნებ სამოგზაუროდ წავიდა მეგობართან ერთად, ან ნაწყენია ჩვენზე და ამიტომაც არ გამოდის სახლიდან?! ამდენი ფიქრისგან თავბრუ დამესხა და ამიტომაც გადავწყვიტე ლილისთვის ყველაფერი მეკითხა, თან ისე, თვალებში რომ ჩამეხედა კარგად.
კარგად მახსოვს, მუხლები როგორ ჩამეკეცა , ლილის ყვირილი, ... მეტი არაფერი. ჯადოსნური ბზრიალასავით დაბზრიალდა ეზო და სახლები ჩემს თვალწინ..
მე სამურაის 9 ხმალი ვარ - აი, რაც ჩემს ავადმყოფურ გონებას ელანდებოდა. თან მიკვირდა, უსულო როგორ უნდა ვყოფილიყავი. მერე მიწა ვიყავი, რომელსაც ფოთოლცვენა საშინლად ტკიოდა, ფოთლები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ფარავდნენ მიწას ისე, რომ ცას ვეღარ ხედავდა, ხეებს ვეღარ უყურებდა...
- რამდენი თითია?
- .............
- რამდენი თითია?
- ორი
- რა გქვია?
- ბაია.
- გტკივა რამე?
- თავი! რა სუნია - ძმრიანმა წინდებმა, მაჯებსა და შუბლზე დაფენილმა ძმრიანმა ტილოებმა შეაწუხეს ჩემი უდიდებულესობა ყნოსვის ორგანო.
- ძმარია და მოგიწევს მოთმენა. სიცხე გაქვს. რა დაგემართა?
- მე ის მახსოვს რომ ... შენ გელოდებოდი.
- მეე? რისთვის?
- იმისთვის რომ შენ აღარ მოდიხარ ჩვენთან !
- დამიჯერე, ასე აჯობებს შენთვისაც, ჩემთვისაც, მამაშენისთვის და დედასთვისაც.
- ჩემთვის არა ლილი!
- ოხ, ჩემო პატარა,! .... ბაია, ბაია მოდი გონზე!
სნ სნ სნ ... ბგერები ყურებში. შემდეგ წითურთმიანი ქალი, რომლის მხოლოდ სილამაზე მახსოვს დამტრიალებდა გარშემო. წითურ დალალებს შემომაფერთხავდა და ისევ ბრუნდებოდა...
- ჩემო ანგელოზებო, სნვი, სნსვი და სმნგლოფი, დაიფარეთ პატარა, დაიფარეთ! მოდით! თუნდაც ეს ჩემს სიცოცხლედ დამიჯდეს, მე მიღირს! თუნდაც ეს ჩემს საქმედ დამიჯდეს, მე მიღირს! თუნდაც ეს ჩემს დალალებად დამიჯდეს, მე მიღირს! თუნდაც ეს ჩემს სილამაზედ დამიჯდეს , მე მიღირს! თუნდაც ეს ჩემს უკვდავებად დამიჯდეს, მე მიღირს!....
ცუდი რამაა სუსტი იმუნიტეტი და შერყეული ჯანმრთელობა, მომაბეზრებელიც კი. მე მივეჩვიე რომ წამდაუწუმ ვხდებოდი ავად, მაგრამ ძალიან განვიცდიდი რომ ჩემს მშობლებს ვაწვალებდი ასე. ჩემს გამო მუდმივად ქაოტურ რეჟიმში ცხოვრობდნენ, მუდმივად უწევდათ ღამეების თენება და ცოტა სინდისი მქენჯნიდა ამის გამო. ახლაც, პატარა წვიმამ და სისველემ, დამამარცხეს უბრძოლველად. მაღალი სიცხისგან გონს ვკარგავდი. ტანზე ყოჩივარდებივით მეხატებოდა წითელი ფიგურები. ორჯერ ვიყავით მე და დედა ლენინგრადში კახაბერის სიკვდილის შემდეგ, ორივეჯერ თითქმის 2 თვით. უზარმაზარ, ცივ, ნაცრისფერ კლინიკაში, სადაც მთელი ეს 8 კვირა დაკვირვების ქვეშ ვიყავი. ორივეჯერ მხრებაჩეჩილებმა გამოგვიშვეს და ქართველ ექიმბაშებსა და მჩხიბავ-მკითხავ-ჯადოქრებს შეგვატოვეს.
იმ კლინიკის ბორშის საზიზღარი გემო კვლავაც პირში მაქვს. საშინელი მჟავე სუნი ასდიოდა. ექთანი კი დამჩხაოდა „იეშ, კუშაი!“ საყლაპავსა და კუჭს შორის დიდ ხანს მოძრაობდა ჩემი ყოველი გადაყლაპული ლუკმა: ზევით, ქვევით და რის ვაი ვაგლახით ჩაეხეთქებოდა კუჭში. მაშინაც დავდე პირობა, რომ დედას გაკეთებულ საჭმელებზე აღარასოდეს ვიწუწუნებ და უპირობოდ მივირთმევ , რასაც თეფშზე დამიდებს-თქო.
იქაურ რუს ბავშვებს მიმიკებისა და ჟესტების ენაზე ვესაუბრებოდი. მოთმინებით ვიტანდი ყველა ანალიზსა და მანიპულაციას. იმედი მქონდა თბილისში ჩამოსული ისევ შემიყვანდნენ მუსიკალურ სასწავლებელში. სწორედ იმ პედაგოგთან მინდოდა სიარული, ჩემი კახაბერი რომ დადიოდა. პირველად მის კონცერტზე რომ დავესწარი, დიდი შთაბეჭდილებით დავბრუნდი შინ და ვთხოვდი დედას მეც ვეტარებინე ფორტეპიანოზე. როცა ჩემი რიგი დადგა, მხოლოდ 1 თვე მომიწია მუსიკის შესწავლა, რადგან ზუსტად ერთი თვის თავზე , დილით ფორტეპიანოსთან მიმჯდარმა თითები ვეღარ გავშალე. ტირილამდე ვიწვალე დამეკრა დო მაჟორის გამა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე.
სახსრების ანთება დამიდგინეს. როგორც ლენინგრადელი ექიმები ამბობდნენ, სწორედ ამ სახსრების ანთების მკურნალობისას მიღებულმა რომელიღაცა პრეპარატმა გამოიწვია ეს უცნაური გამონაყარი ჩემს სხეულზე, რომელიც როცა მოეპრიანებოდა გამომივიდოდა ტანზე და როცა მოისურვებდა, მაშინ ქრებოდა. არაფერი შველოდა, არც კრემები, არც მალამოები, არც გადასხმები და სხვა მედიკამენტები.
ლილი სახლში რომ ბრუნდებოდა, წვიმა ჯერ არ იყო გადაღებული. სულ შემთხვევით ვუპოვივარ ძირს გაშოტილი. ჩემს ხელში აყვანას სულ არაფერი უნდოდა, მანაც ხელში აყვანილი წამიყვანა სახლში. გამოუცვლია, გავუმშრალებივარ და ძმრით დამუშავება დაუწყია_ ეს რაც ვიცი მე ლილის მონაყოლიდან. დანარჩენი კი ვითომ ჩემი სიცხიანი გონების მონაჩმახია?!
გაგვიმართლა რომ იმ დღეს მამა დედაზე ადრე მოვიდა სამსახურიდან. კარში მიმაგრებული წერილი დახვდა. წერილით ხელში სასწრაფოდ ამოირბინა მეხუთეზე და თვალგახელილი რომ დამინახა, შემომცინა.
- მამი, მამიკო, არ გამიბრაზდე რა...
- არა მამი, არა!
ლილი და მამა უსიტყვოდ შეთანხმდნენ რომ ამ ამბით დედაჩემს არ შეაწუხებდნენ. მეც მივხვდი მათი თვალებით მოლაპარაკების შინაარსს.
მე იმ დღის მერე თითქმის აღარ მიავადმყოფია. ყელთან კი ლაქად 3 რგოლისებრი გამონაყარი დღემდე დამრჩა.


გაგრძელება იქნება!

-


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს