ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2020


გაღვიძება

დრო ფლანგავს ცაში ატანილ ტერცინს,
და ჩემს სიტყვებშიც ნაცარი დალბა.
ადამიანში თუ არის მხეცი,
ყველაზე გვიან იღვიძებს ალბათ.

როცა მუხლებით ეხები მინდორს,
და ჭიანჭველებს გრძნობ კიდურებზე.
უნდა გჯეროდეს - ღმერთი ხარ იმ დროს,
და სამყაროა დიდი კოლაფსი
პ.ს ბავშვივით თუ გადმოგაფსა,
ზეცამ დუღარე წვიმა ყურებზე.


როგორც ფუღუროს სავსე მარცვლებით,
უფრთხილდებიან ციყვები თოვლში,
ჩვენც ვკენკავთ, მაგრამ თითქმის არ ვძღებით,
და ვერ ვიგონებთ საკუთარ ომში,

დარდებს. ძილისპირს. ბოლთას და აკვანს,
რაშიც ზნით ცუდი ფიქრი დავეცით.
და ვყვირით - ,,ღმერთო, მოვედი, აქ ვარ,
სად დაიკარგე? გთხოვ, ხმა გამეცი"...

მაგრამ თუ მძებნელს აქვს პოვნის ძალა,
და თუ მეპურეს მოზელვის ნიჭი,
ჩვენ გაუკვალავს ვცდილობთ და ვკვალავთ,
მაგრამ პასუხის მოსმენაც გვიჭირს.


ასეა. ყველას თავისი ზნე აქვს.
და თავის თვალში თავისი ბინდი.
შორიდან ყალბად ნათარგმნი მზერა,
თავისი მზე და თავისი კვირტი.


და თუ სულია ხორცის გაზონი,
- (მე აღარ ვუცდი დედოფალ მარგოს).

და ვცდილობ იგი სწორად გავზომო,
რომ შიგნით ბევრი ყვავილი დავრგო.














კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს