ნაწარმოებები



ავტორი: ან...
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2020


დარჩა რამე დაუწერელი?

ამ სამყაროში დარჩა რამე დაუწერელი?
ყველა სიშიშვლეს ავხადეთ ფარდა,
შემოვახიეთ სპეტაკ გრძნობებს თითქოს საცვალი
და ახლა ზუსტად ეს უცხადესი შეგრძნებები,
კრიალოსანივით გვმარცვლავენ
ყველას, ვისაც კი გვიფიქრია, ანდა გვიგრძვნია
მცირეოდენი ამ სამყაროში.
არ დავიტოვეთ საიდუმლო, არც სულში
და არც სხეულში, არც გონებაში.
გამოვიტანეთ წიაღიდან და სარეცხივით
თოკზე გავფინეთ.
მზის სხივების სურნელი ასდის,
შრება და ხმება , თითქოს მორცხვი და
თანაც დიადი შეგრძნებები , ადამიანთა.
ზოგის ტკივილი, ზოგის ვნება,
ზოგის სიმორცხვე. საღამოობით
ჩამოდიან თეთრი ბაწრიდან  და ჩვენივე
სულში წვებიან.
გავამზეურეთ
თუკი რამე გვქონდა სათქმელი,
თუკი რამე გვქონდა საგრძნობი
თუკი რამე გვქონდა საფიქრი
და საერთოდ... თუკი რამ გვქონდა.
ისევ ჩვენივე მოგონილი კანონები
გვჭამენ შიგნიდან, რომ ვერ გავცდით
„არ შეიძლება“-ს, რომ ხელმოწერილ
ფურცლებს ვანდობთ ერთ ჩვენს სიცოცხლეს
და ვიტანჯებით.
ჰო, ვიტანჯებით...
მაინც ვფიქრობთ, რომ უშეცდომოდ ადამიანს
არ უცხოვრია, და ჩვენს საკუთარ სურვილებს
კი არ მივყვებით, მივსდევთ კანონებს.
ალბათ ბოლო ჟამს სინანული დაიტირებს
ჩვენს დამჭკნარ სხეულს, ამ დროს კი სხვები,
შეგვაქებენ, რომ პატიოსნად ვზიდეთ სამყარო,
ჩვენივე მხრებით.
სისულელეა!!!
გავამზეურეთ ყველაფერი რაც კი გაგვაჩნდა.
გამოვახმეთ და დავაჩირეთ, თითქოს ზამთარში
საკვებივით უნდა გვეჭამა.
და ვერ შევირგეთ.
ეს არ იყო ის რაც გვინდოდა. რაც გვეკუთვნოდა.
გამოვიზარდეთ გალიებში და ახლა გაფრენა , ცოდვა გვგონია.
რა მწარედ ვცდებით, როგორ ჩუმად უნდა ვიცოცხლოთ
და ჩუმად მოვკვდეთ.
არ ყოფილა ეს სამყარო მე , რომ მინდოდა ზუსტად ისეთი.
მეც გამოვიტან ყველა ჩემს ფიქრს, დარდს და ოცნებას,
მეც გამოვფენ სარეცხივით დაწნულ თოკებზე
და მერე თუნდაც ჩურჩულით და მითქმა-მოთქმით
უბერეთ სული, არ მენაღვლება,
ფრინველი ვარ და არ მგონია გაფრენა ცოდვა.
უნდა გავფრინდე, ვინავარდო ლაჟვარდოვან
ცის ტატნობზე.
მე მართალი ვარ , საკუთარი თავის წინაშე.
ვის რა ვუმტკიცო?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს