ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
27 ივნისი, 2020


წერილი მშობლებს

წერილი მშობლებს
40 წელს მივაღწიე უკვე, თუმცა ძალიან მკაფიოდ მახსოვს, ჩემი ბავშვობის პერიოდი, განსაკუთრებით კი ზაფხულისათვის მზადება, რომელიც მიუხედავად იმისა რომ სკოლა ძალიან მიყვარდა, სკოლის დაწყებიდან იწყებოდა. სწავლის დასრულების პირველივე დღიდან, მივქროდი ჩემს უსაყვარლეს სოფელ ვაქირში, რომელიც ქიზიყის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. თან მიმქონდა მხოლოდ ერთი პატარა ჩანთა.
გულისცემა პიკს აღწევდა ანაგას რომ გავცდებოდით და ჩვენი სოფლის ჩასახვევს მივუახლოვდებოდით...
სოფელში იწყებოდა ჩემი თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ეზოს გარეთ მარტო არ მიშვებდა ბებიაჩემი. იმ უბანში არც ვინმე იყო ჩემი ტოლი, მაგრამ ეს ხელს არ მიშლიდა ბედნიერად მეგრძნო თავი - არასდროს მომიწყენია, მთელი დღე თავგადასავლებით იყო სავსე, ფანტაზიები, ზღაპრები, დაკვირვება, სხვადასხვა თამაშების მოფიქრება...
რითი ვერთობოდი?
1. ვსწავლობდი კერვას - ბებოს უზარმაზარი ნაჭრის ჩანთა ჰქონდა ქსოვილის მორჩენილი ნაჭრებით სავსე. მისგან თოჯინებს და სიმინდის თავთავებს კაბებს ვუკერავდი და სხვადასხვა ნივთს ვაკეთებდი ჩემი ფანტაზიით;
2. ვმართავდი სიმინდის თეატრს - ბაღჩაში ყოველთვის იყო სიმინდი მცირე ყანა. სიმინდის ტაროებს გოგოებივით ვრთავდი. ზოგის ქოჩორი წითელი იყო, ზოგის ოქროსფერი, ზოგის ყავისფერი და ხუჭუჭა. მათ ქეჩეჩს ტანსაცმელივით ვუცვლიდი ფორმას და ქოჩრისგან სხვადასხვა ვარცხნილობას ვუკეთბდი. მერე ერთად ვამღერებდი და სხვადასხვა ამბებს ვაცოცხლებდი;
3. ბებოს და პაპას ვეხმარებოდი: ნივრის დაწვნაში, ლობიოს დაჩირჩვნაში, ტყემლის მოხარშვაში, ლეღვის ჩირის მომზადებაში, ქათმების მოვლაში და სხვა, ჩემი მცირე როლი და პასუხისმგებლობა მქონდა და ვიცოდი რა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი საქმე (ამას ბებიაჩემი მუდამ მახსენებდა), ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებოდი ყველა მოვალეობას.
4. ჩემი თავი ჩემი მეგობარი იყო: საკუთარ თავს ვეთამაშებოდი სამაგიდო თამაშებს (საღამოს კი მოხუცები მოდიოდნენ და მათთან ვთამაშობდი);
5. ვტკბებოდი ხედებით : ვიჯექი ხეებზე და იქიდან გავყურებდი ალაზანს;
6. ხილს თავად ვწყვეტდი და ისე მივირთმევდი  - მორთმეული და თეფშზე დაჭრილი არავის მოჰქონდა ჩემთვის და დამიჯერეთ, ეს უფრო გემრიელი იყო;
7. ვაკვირდებოდი: ვჩიჩქნიდი მიწას და ვაკვირდებოდი ჭიანჭველები როგორ ფუსფუსებდნენ, ხოჭოები როგორ მიაგორებდნენ დიდ ბურთულებს, ჭიაყელებს ვპოულობდი ქათმებისთვის, ვუსმენდი ჩიტების ჭიკჭიკს და პაპა მიხსნიდა რომელი ხმა რომელ ფრინველს ეკუთვნოდა, აბრეშუმის ჭიებისთვის (შირად ყავდა ბებოს), ვაგროვებდი თუთის ფოთლებს და ვაკვირდებოდი როგორ იკრავდნენ გარშემო თეთრ გარსს და სხვა;
8. საკუთარი ხელით ვქმნიდი თამაშები: ვხატავდი და ვჭრიდი სხვადასხვა ფიგურებს, რომელსაც ორივე მხარეს ვუფერადებდი და ვდგავდი თეატრებს;
9. საღამოს კონცერტებს ვუმართავდი მოღლილ მეზობლებს;
10. ბებოს დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა, საიდანაც მხოლოდ პირველი კლასის დასრულების შემდეგ შემომთავაზა ორი წიგნი: ათფურცლიანი რვეულები და ტყუპების ოინები. მას მერე, მხოლოდ მე ვირჩევდი წიგნს. რაც ერთ წელს არ მომეწონებოდა, მეორე წელს შეიძლებოდა დავეინტერესებინე და წიგნების და ჩემი გემოვნების ცვლილების აღმოჩენის პროცესი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. როცა რომელიმე წიგნში, შედარებით უინტერესო ან არასასიამოვნო ეტაპი დადგებოდა, ვაკეთებდი პაუზას, ვიღებდი ზღაპრების წიგნებს და ზღაპარს ვკითხულობდი, რათა ხასიათზე მოვსულიყავი სამართლიანი დასასრულით.
ვთვლი, რომ სწორედ ზაფხულში ნაყოფიერად და მრავალფეროვნად, თავისუფლად და საინტერესოდ გატარებული დროის გამო მქონდა ძალიან ბედნიერი ბავშვობა და ეს ბედნერი წლები დამსახურებაა ჩემი მშობლების, რადგან არასდროს გამოუტანებიათ ჩემთვის სამეცადინოთ წიგნები და რვეულები და მხოლოდ ერთი პატარა ჩანთით, ხალვათად მივემგზავრებოდი სოფლისაკენ, ასევე,  ბებია-პაპის, რადგან ისინი სხვადასხვა საგნობრივი დისციპლინის ნაცვლად, სხვა ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიზიარებდნენ, საოცარ სამყაროს მიქმნიდნენ და ზომიერი თავისუფლებით დიდი და ფართო არჩევანის საშუალებას მაძლევდნენ. ჩემი ბავშვობის ლამაზი წლები  ჩემი საყვარელი პედაგოგების დამსახურებაცაა _ ისინი არასდროს მტვირთავდნენ საზაფხულო დავალებებით.
დარწმუნებული ვარ, რომ არა მშობლები, მათი მშობლები და ჩემი მასწავლებლები,  ასე ძლიერ არ მეყვარებოდა ზაფხული და ასე ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი დასვენების პერიოდში.
ჩემი ბავშვობით ტყუილად არ დავიწყე ეს წერილი. ჩავთვალე, რომ ჩემი ისტორიის წაკითხვის შემდეგ , ბევრი მშობელი მიხვდება, თუ რა აბედნიერებთ ბავშვებს!
ამ წერილის დაწერა, რომელიც მშობლებისთვისაა განკუთვნილი და ზოგიერთი პედაგოგისთვისაც, შარშან ზაფხულს გადავწყვიტე.
ზაფხულობით, როცა ჩემს შვილებთან ერთად ვისვენებ და ჩვენ, ხან ერთობლივი კითხვით ვართ დაკავებული, ხან ტყეში დავდივართ , გირჩებს, რკოებს ვაგროვებთ და ხანაც ათასგვარ ნივთებს ვამზადებთ , ხშირად მესმის, რომ ბავშვებს სამეცადინოდ ეძახიან. ყოველთვის ვაპროტესტებ ხოლმე ამას და მშობლებს ჩემს აზრს კახური პირდაპირობით ვეუბნები, თუმცა მე მშობელი არ ვარ მათი და მე ვინ მეკითხება?!
შარშან კი ერთი ბავშვის გამო ძალიან შევწუხდი. ერთი ულამაზეი და უცელქესი გოგონას დედა მოვიდა ჩემთან და მთხოვა მისთვის ვინმე მასწავლებელი მერჩია ან მე დავხმარებოდი სწავლაში. შევშფოთდი და ავუხსენი რომ ეს დანაშაული იყო, მან კი მიპასუხა, რომ მისი შვილი კერძო სკოლაში დადის და მასწავლებელი ყოველთვის აძლევს ზაფხულობით: ტესტებს, დასაწერს, სიტყვებს ინგლისურში, სავარჯიშოებს და ამას თუ სექტემბერში არ მიიტანს, საყვედურს ეტყვიანო. ვისაც შესრულებული ექნება ზაფხულის დავალება, მათ სიგელებს აძლევს სკოლა და ამანაც მინდა აიღოს სიგელიო. გული შემიღონდა: ჯერ ეს მშობელი შემეცოდა, რადგან იძულებული იყო, შვილის რეპუტაციისთვის ებრძოლა, თუმცა, მას მეტი არჩევანი ჰქონდა, ვიდრე ბავშვს. ყველაზე მეტად კი, ბავშვი შემებრალა: რეალურად მას არ უტოვებდნენ შანსს, ძალები ბოლომდე აღედგინა ზაფხულის განმავლობაში. არადა ეს ძალები როგორ სჭირდეებათ მთელი წელი, ჩვენი ბავშვები ხომ ათას რამეზე დაგვყავს, ზოგი იმიტომ რომ მათი ინტერესია, ზოგი კი _ მშობლის პირადი ეგოს ინტერესი. მე კი ჩემი ბავშვობის ლაღი და უდარდელი წლები გამახსენდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ძალიან გამიმართლა.
ამ გოგონას ამბავმა გადამაწყვეტინა მშობლებისთვის მიმეწვდინა ჩემი ხმა. ჩემს სკოლაში, სადაც წლებია ვმუშაობ, მასწავლებლები საზაფხულოდ, მხოლოდ წასაკითხი ლიტერატურის რეკომენდაციას აძლევენ მოსწავლეებს. მაგრამ, სხვა სკოლის მოსწავლეებმა რა დააშავეს?!
ყოველ დღე, ჩვენ რომ ტყეში მივდიოდით, მთების დასალაშქრად, ხან კუ, ხან ზღარბი, ხან უზარმაზარი ხოჭო, ხან კოდალა და კიდევ უამრავი ფრინველი რომ გვხვდებოდა და საინტერესო გამოცდილებას იძენდნენ ჩემი შვილები, ტყის გზამდე, შესახვევში გვხვდებოდა ის საწყალი გოგონა, გამჭვირვალე ჩანთაში ჩაწყობილი ნივთებით, ხან ინგლისურის მასწავლებელთან მიცუნცულებდა, ხან - მათემატიკის და ხანაც _ქართულის პედაგოგთან. შორიდან , მოწყენილი გვიქნევდა ხელს და ჩემი გული და სული მასთან რჩებოდა.
ამდაგვარი შემთხვევები, როცა მშობლები თავისი ინიციატივით თუ  სკოლების (მასწავლებლების) დავალებით, აიძულებენ შვილებს ზაფხულში „ცოტა მაინც წაიმეცადინონ“, ძალიან ბევრია ჩემდა და ჩვენდა სამწუხაროდ.
ასეთ მშობლებს, სკოლებს თუ პედაგოგებს, ყოველთვის მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა: თქვენი აზრით, რისთვისაა ზაფხულის არდადეგები?
რისთვისაა გამოყოფილი ცხელი ზაფხულის ეს დღეები ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის?
იმისთვის, რომ მთელი წლის მძიმე მუშაობის შემდეგ (მძიმე იმიტომ, რომ სწავლა-სწავლება ყველაზე რთული პროცესია და დიდ ძალებს მოითხოვს) სხეულმა და გონებამ დაისვენოს, მორალურად დამშვიდდნენ ბავშვებიც და პედაგოგებიც, აინაზღაურონ დაკარგული ძალები, გაიკაჟონ სხეული, ბევრი დრო გაატარონ მზეზე, სუფთა ჰაერზე და დასვენების სრული ციკლი გაიარონ.
ამ დროს ზოგიერთი კეთილისმსურველი, მზრუნველი და შვილზე „გადამკვდარი“ დედა/მეურვე, აიძულებს შვილს შიგადაშიგ, ცოტა ხნით მაინც „წაიმეცადინოს“ - ასე ეძახიან ისინი საათიან მეცადინეობას შენობაში.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი! ვიღაცამ რომ გითხრათ, ღამე სულ ცოტა ხნით ადექი ხოლმე და თუნდაც ერთხელ ჩაიბუქნე - როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებთ? ან როგორ იმოქმედებს თქვენზე, ყოველ ღამე, თუნდაც 5 წუთით წამოდგომა და ჩაბუქვნა? დამიჯერეთ, თუ ჩაატარებთ ექსპერიმენტს, ერთი კვირის შემდეგ ეს ცუდად აისახება თქვენზე!
ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის დიდი ცოდნა არაა საჭირო, თუ გიყვარს ბავშვები, ნამდვილად გიყვარს ბავშვები და მათ მხოლოდ საკუთარი მიზნების მისაღწევად არ იყენებ, რომ მიხვდე რაა მათთვის კარგი და რა - ცუდი.
კვლავ წარმოიდგინეთ თქვენი თავი. წახვედით შვებულებაში და თქვენმა უფროსმა დაგავალათ, დღეში ერთხელ მაინც 15 წუთით წაიმუშაოთ. როგორ ფიქრობთ, თქვენი თავისუფლება არ შეიზღუდება? არ გექნებათ ფსიქოლოგიური დაძაბულობა, გასაკეთბელი საქმის გამო?! პასუხისმგებლიანი ადამიანი ყოველთვის ცუდად გრძნობს თავს, თუ კი მას რაიმე აქვს შესასრულებელი. უპასუხისმგებლოს კი ვერც ზაფხულის მეცადინეობა უშველის და ვერც მთელი დღე სამეცადინოდ ჯდომა, თუ მან პასუხისმგებლობის გრძნობა არ გამოიმუშავა.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ჩემი ბებიისა და პაპის, რომლებიც მხოლოდ სიყვარულის უნარში მავარჯიშებდნენ და მასწავლიდნენ ადამიანებისა და ბუნების დაფასებას, ზრუნვას, თანაგრძნობას, პასუხისმგებლობის გრძნობას მიმუშავებდენ უმტკივნეულოდ და ხალისით, მასმენინებდნენ საკუთარ ამბებს, ხან მეასეჯერ, მაგრამ ყოველჯერზე დიდი ინტერესით როომ ვუსმენდი და დარწმუნებული ვარ, მე ბევრ რამეს დავკარგავდი, ვიღაცას ჩემთვის ზაფხულში მეცადინეობა რომ დაევალებინა.
ასე რომ, მოგმართავთ მშობლებო, პედაგოგებო და სკოლები!
ზაფხულში შეიძლება ბავშვებს შესთავაზოთ რეკომენდირებული ლიტერატურა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, რითიც შეიძლება დაკავდნენ, მაგრამ არამცდაარამც მეცადინეობა, ტესტები, ამოცანები, დახასიათებების წერა და გრამატიკული დავალებები. დამიჯერეთ, თქვენ ამით დაარწმუნებთ მათ, თუ როგორ შეგტკივათ მათზე გული და გაცილებით დიდ საქმეს გაუკეთებთ, ვიდრე დავალებებით დატვირთვით.
მთელი წელი სწავლა-სწავლების ურთულეს პერიოდში შეძენლი ცოდნა და უნარები სწორედ ზაფხულში უნდა გამოიყენონ-ზაფხული ცხოვრებაა და მის განმავლობაში უნდა დაუგროვდეთ კითხვები. ეს სრული ციკლი აუცილებელია ეფექტურობისთვის და არა ეფექტიანობისთვის, რომელსაც ზაფხულის დავალებების შესრულებით შეიძლება მიაღწიოს მშობელმა თუ სკოლამ. არადა, რამდენი რამ შეიძლება ზაფხულში შევთავაზოთ ბავშვებს: სთხოვეთ დღიური აწარმოონ, დააკვირდნენ ბუნებას, ბევრი სუფთა ჰაერი ისუნთქონ, ბევრი ითამაშონ გარეთ, მიიღონ ბევრი სეზონური ხილი თუ ბოსტნეული და ვიტამინებით კვებონ ორგანიზმი, მოუსმინონ მოხუცებს, იკითხონ საინტერესო წიგნები, აკეთონ ჩანახატები : ყვავილების, ფრინველების, ბუნების... მოიფიქრონ თამაშობები და გასართობები და სექტემბერში გაუზიარონ თანაკლასელებს... ბევრი რამ შეგიძლიათ ურჩიოთ, მაგრამ არანაირ შემთხვევაში მეცადინეობა.
დიდი იმედი მაქვს რომ ამ ზაფხულს, თუნდაც რამდენიმე მოსწავლეს მაინც ვიხსნი არაფრის მომცემი, დამთრგუნველი ზაფხულის მეცადინეობებისგან, რადგან ვთვლი, რომ ზაფხულის დავალებები დიდი დანაშაულია ჩვენი ბავშვების წინაშე ჩადენილი!
ლამაზ, ნაყოფიერ, აქტიურ და მრავალფეროვან ზაფხულს ვუსურვებ ჩვენს საყვარელ ბავშვებს!
თქვენი ფლორენცია


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს