ნაწარმოებები



ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
29 ივნისი, 2020


დედებისა და შვილების ზღაპარი

  ყველა ზღაპარი მხიარული როდია? ცოტა სევდიანი ზღაპრებიც არსებობს. თუმცა სულაც არ უნდა მოვიწყინოთ ამის გამო, ყველა ზღაპარს მაინც კეთილი დასასრული აქვს, მათ შორის - სევდიანსაც.
      დედებისა და შვილების ზღაპარი  სიხარულით  იწყება. დედებსაც  თვალის ჩინს ურჩევნით  შვილები. სუნთქვაშეკრულნი შეჰყურებენ თავიანთ შვილებს ციმციმა თვალებში და ცდილობენ ყველა კეთილი  სურვილი შეუსრულონ. შვილებსაც დედების გარეშე ვერც კი წარმოუდგენიათ ცხოვრება. ისინიც თავის მხრივ, ცდილობენ გაახარონ დედიკოები.  ხანდახან შვილები ასეც კი ეფერებიან ხოლმე  თავიანთ დედებს:  - მიყვარხარ, ჩემო პატარა დედიკოო! 
    შვილები  ჩადიან ეზოში, თამაშობენ,  სეირნობენ დედებთან ერთად, ფერად-ფერად ნაყინებსაც  მიირთმევენ დედებთან ერთად და წიგნებსაც კი დედებთან ერთად კითხულობენ ხოლმე საღამოობით. მაგრამ ეს ყველაფერი დედაშვილობის  მხიარულ  ზღაპარებში ხდება. აკი გითხარით,  სევდიანი ზღაპრებიც არსებობს მეთქი?!
      ჰოდა, ამ სევდიან ზღაპარში არის ერთი სახლი, რომლსაც კარზე დიდი ასოებით აწერია „ბავშვთა სახლი“.  იქ ბავშვები დედების გარეშე ჩადიან ეზოში, დედების გარეშე სეირნობენ და მიირთმევენ ფერად-ფერად ნაყინებს. ძილის წინაც კი, თავად კითხულობენ წიგნებს და ოცნებობენ დედებთან შეხვედრაზე. ზოგიერთი ოქროსფერთმიანი  ხუჭუჭა ბიჭუნა ან წაბლისფერთმიანი ჭორფლიანი გოგონა შემოსკუპდება ხოლმე ფანჯრის რაფაზე და ფიქრობს: -რა მოხდება, როდესაც გათენდება დედა დამხვდეს ოთახშიო.
    ამ ზღაპარში მხოლოდ ბავშვების სახლი კი არ არსებობს, თურმე არის კიდევ ერთი დიდი სახლი, რომელსაც დიდი ასოებითვე აწერია კარზე  „დედათა სახლი“. ამ სახლში  ისეთი დედები ცხოვრობენ, რომლებსაც არა  ჰყავთ შვილები და ისინიც საღამოობით ფანჯრის მინაზე შუბლმიბჯენილნი, გაჰყურებენ ცას და  ოცნებობენ ხოლმე: - რა მოხდება, როდესაც გათენდება შვილი დამხვდეს ოთახშიო.
      ეს ორი სახლი მოლოდინით ჰგავს ერთმანეთს -  მოლოდინით, სევდით და იმედით. ბავშვთა სახლი  ქუჩის  დასაწყისში დგას, დედათა სახლი  - ქუჩის ბოლოს. არც ბავშვებმა იციან ასეთი სახლის არსებობის შესახებ, არც დედებმა - ბავშვთა სახლის არსებობის შესახებ და ნაღვლიანობენ ასე, უერთმანეთოდ.
        მაგრამ ეს ამბავი ხომ ზღაპარში ხდება და როგორც დაგპირდით,  აუცილებლად მხიარულად დასრულდება.
      ერთ დღესაც, როდესაც დედები  ბაღში სეირნობდნენ  და წუხდნენ  უშვილობის გამო, თვალიდან ცრემლის წვეთები  გადმოუგორდათ. ცრემლმებმა ლოყა ჩამოირბინეს, ნიკაპთან თავი ვეღარ შეიმაგრეს და „წკაპ“ დაეცნენ მიწას, „წკუპ“ - იგივე დაემართათ სხვა წვეთებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ბაღში ათასნაირი სურნელოვანი ყვავილი გაშლილიყო,  უშვილო დედების დაწვეთებულ ცრემლზე  რაღაც საოცარმა სილამაზის ცისფერმა ყვავილებმა  ამოიჭყიტეს. ასეთი ყვავილები  მხოლოდ ზღაპარში თუ უნახავს ვინმეს. გაიზარდნენ  ეს ყვავილები, გაიფურჩქნენ, გამაღლდნენ  და გასცდნენ ბაღის გალავანს. ყველა გამვლელი ჩერდებოდა და აკვირდებოდა: - ასეთი ყვავილები  ცხოვრებაში არ გვინახავს, ეს რა ჯიშის ყვავილებიაო? 
      ყვავილები  მთელ ქუჩას მოედვნენ, ყველა სახლსა და გალავანს, ყველა ხესა და ბუჩქს შემოეხვივნენ, თან რა სასიამოვნო სურნელს აფრქვევდნენ, რომ იცოდეთ და მისწვდნენ  ბავშვთა სახლის კედლებსაც. გახსნილ ფანჯარაში შეიპარნენ თავისი გაყვავებული ტოტებით,  მძინარე ბავშვებს ლოყებზე მოუღიტინეს. ჯერ ერთი ბავშვი შეიშმუშნა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე და ყველა  ბავშვი გამოაფხიზლეს. ბავშვები გაოცებისგან წამსვე  წამოხტნენ, ყვავილებს დასუნეს და  მხრები აიჩეჩეს.  ფეხაკრეფით გაუყვნენ ყვავილების ღეროებს. ყვავილებს ენა არ ჰქონდათ, თორემ სიხარულისგან სულ ცისფრად აკაშკაშდნენ და აციმციმდნენ. მიდიოდნენ ბავშვები ქუჩაში და ჩირაღდნებივით  უნათებდნენ ყვავილები მათ გზას.
    მიადგნენ კიდეც ერთ უშველებელ შენობას, რომელსაც კარზე „დედათა სახლი“ ეწერა. რომელმა ბავშვმაც კითხვა იცოდა, მან წაიკითხა, დანარჩენებს ანიშნა აი, თურმე სად ცხოვრობენ დედებიო. ყველაზე პატარები ხელში აიყვანეს და გადაძვრნენ გალავანზე.  იმ ცისფერი ყვავილებივით ჩუმად შეპარნენ ბავშვები ოთახში და  ვისი ყვავილიც რომელ სურნელს აფრქვევდა იმ სურნელს გაჰყვნენ დედებთან. ყველა დედას ხომ თავისი სუნი აქვს და სუნით იცნეს ბავშვებმა დედები.  ახლა ბავშვემა მოუთათუნეს მძინარე დედებს ბუნჩულა ხელები  ლოყებზე.  ჯერ ერთი დედა შეიშმუშნა, მერე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და ხელების სითბომ გამოაფხიზლა ყველა უშვილო დედა. ამდნი ბავშვი  რომ დაინახეს ცისფერი  ყვავილებით ხელში, მიხვდნენ რომ ოცნება აუსრულდათ და ყვავილებთან ერთად გულში ჩაიკრეს შვილები.  მოწყენილი სახლი განათდა, ცისფრად აკაშკაშდა და მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა დედების ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები: - ჩემო გულის ყვავილოო, ჩემო  სიხარულის კონაო, ჩემო  სულის კამკა წყაროო, ჩემო თვალის  ნათელო სხივოო , ჩემო ყველა ფეროო თუ  ყველაფეროო!
      მერე მშენებლებმა წამოიკიდეს ზურგზე ბავშვთა სახლი და მიუდგეს გვერდით დედათა სახლს. დიდი ასოებით წაარწერეს კიდეც დედებისა და შვილების სახლიო.
    მას შემდეგ იმ ზღაპარში აღარ არსებობდნენ უშვილო დედები და უდედო შვილები! იმ სახლიდან კი სულ საალერსო სიტყვები, ცისფერი ყვავილების ნათება და სურნელება გამოდიოდა, ისეთი  როგორც ჩვეულებრივ დედებისა და შვილების ზღაპარში  გვხვდება ხოლმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს