ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჩესტერი
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2020


შიმშილი (თავი IV)

                                                                                                          ~~~

    თხუთმეტი წუთი გავიდა მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა, სანდომიანმა ქალმა კერძო სამედიცინო ცენტრის გემოვნებით მოწყობილ მოსაცდელში დატოვა. დიდი ციფრული საათი 12:56 წუთს უჩვენებდა. სანიმ ხელები მუხლებზე ნერვიულად დაისვა და ნერწყვი ჩაყლაპა. საათს გახედა და საკუთარ თავს შეახსენა, რომ თუ წასვლა უნდოდა, ეს ის მომენტი იყო, როცა უკან დახევა ჯერ კიდევ შეეძლო. საკუთარ თავს იგივე გუშინაც უთხრა, როცა ანალიზები აუღეს, თუმცა უკან არ დაუხევია.
    12:57
    სანიმ მარმარილოს ფილები რამდენჯერმე გადათვალა დროის გასაყვანად და ინანა, რომ ტელეფონი სახლში დატოვა. მიმღების თანამშრომელმა რამდენჯერმე გამოაპარა მისკენ თვალი, სანიმ გაოფლილი ხელები მუხლებზე გაიწმინდა და მეილზე გამოგზავნილი ფორმის ბოლო გვერდზე დაბეჭდილი სიტყვები გაახსენდა, რომელიც არწმუნებდა, რომ მისი არც ერთი სიტყვა, მისივე ნებართვის გარეშე ცენტრის კედლებს არ გასცდებოდა. სანი ამის გახსენებაზე, ცოტა მოდუნდა. ვერავინ გაიგებს, შეახსენა საკუთარ თავს. ვერავინ გაიგებს, თუ შენ არ გინდა...
    12:58
    ორი წუთიც... თავს შემოუძახა და თითები მოისრისა. „ინსტრუქციების“ ფორმიდან ყველაზე კარგად მეოთხე გვერდზე დასმული შეკითხვა დაამახსოვრდა, „რის მიღწევა გსურთ თერაპიის კურსით?“, ყველაზე დიდიხანს ამ კითხვაზე იფიქრა და ათჯერ აკრეფილი პასუხიდან არც ერთმა დააკმაყოფილა, ბოლომდე. ზოგადად, უნდოდა, თავი ისევ ნორმალურად ეგრძნო, მაგრამ რა იყო ეს „ნორმალური“, ზუსტად არ იცოდა. „მინდა უკეთ გავხდე, ისე, რომ შემდეგში, როცა ვინმე ჩემს შეყვარებას შეეცდება, თავი ამის ღირსად ჩავთვალო“. მეტი აღარ უფიქრია, ცარიელ გრაფას ეს ჯობდა.
    12:59
    თუმცა ერთი გრაფა მაინც დატოვა ცარიელი, რომელშიც სთხოვდნენ ის კითხვები დაესვა, რაც აწუხებდა. გრაფა ზედმეტად პატარა იყო, რომ ყველა ის კითხვა ჩამოეწერა, რაც აღელვებდა. რომ ვერ მიშველოს? მე რომ ვიყო ის ერთადერთი, ვინც ვერ გაივლის თერაპიას წარმატებით? თერაპია რომ ვერ დავასრულო და უარესად გავხდე? ყოველთვის ასეთი რომ დავრჩე?
    13:00
    - სანდრო?
    სანიმ ზემოთ აიხედა და თავისი თერაპევტი დაინახა. პირველი რამაც ყურადღება მიიქცია, ქალის თმა იყო, გრძელი ჟღალი თმა. დიდი მწვანე თვალები, დაჭორფლილი სახე, კვასკვასა მწვანედ შეღებილი ფრჩხილები და ამავე ფერის ჩრდილი თვალებზე.
    - მომყევი, - წინ გაუძღვა და დერეფნის ბოლოს, მარჯვენა ოთახის კარი გააღო.

    კაბინეტი იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე წარმოედგინა. ერთი მთლიანი კედელი ფანჯარას დაეკავებინა. სანი დაბნეული შველივით უყურებდა ყველა კუთხე-კუნჭულს. აქა-იქ ხელოვნების რამდენიმე ნიმუშს მოჰკრა თვალი, რომელიც ალბათ საჩუქრები უნდა ყოფილიყო ან ქალის პირადი კოლექციიდან. კედელზე - ჩარჩოში ჩასმული უამრავი სერტიფიკატი. მუქი ხის დიდი მაგიდა და მწვანე სავარძელი. სანის საშინლად მოუნდა დაჯდომა. ქალმა სავარძლისკენ ანიშნა და ისიც რბილად ჩაეფლო კომფორტულ სავარძელში.
    - აბა, თავს როგორ გრძნობ?
    სანი კითხვამ დააბნია. 
    - მე...
    - ნერვიულობ?
    - საშინლად... - ამოიკნავლა და ხმის ჩაწმენდა სცადა.
    - ნორმალური რეაქციაა... - თქვა ქალმა წყნარად, ცხვირზე წითელჩარჩოიანი სათვალე დაიკოსა და ლეპტოპი გახსნა. ინტერესით დააკვირდა მონიტორს და ბოლოს იპოვა, რასაც ეძებდა. - შენი შევსებული ანკეტა ძალიან დამეხმარა. ხელს ხომ არ შეუშლის ჩვენს სეანსებს ის ფაქტი, რომ მამაშენს კარგად ვიცნობ? - ჰკითხა ქალმა სხვათაშორის და ნიკაპი ხელს დააყრდნო.
    სანიმ ქალი კიდევ ერთხელ კარგად აათვალ-ჩაათვალიერა, მაგრამ მაინც იმ აზრზე დარჩა, რომ მისი თერაპევტი მამამისის ქალების კატეგორიაში არანაირად ჯდებოდა. ყოველშემთხვევაში, იმ ქალებს არ ჰგავდა, რომლებიც აჩქარებით ტოვებდნენ მამას პირად მოსასვენებელს გამთენიისას, დედას საერთაშორისო გასტროლების დროს. მერე დედამ ცეკვას თავი დაანება და მამას ოთახიდანაც აღარ გამოსულან უცხო ქალები. სანის თვალწინ გაურბინა ამ მოგონებამ და მხოლოდ მაშინ გამოერკვია, როცა თერაპევტმა სახელით მიმართა.
    - სანდრო, იმედია ჩვენს სეანსებზე ეს არ იმოქმედებს, არა?
    - დარწმუნებული არ ვარ, რა ურთიერთობა გაკავშირებთ მამაჩემთან, მაგრამ თუ თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას, არც მე შემაწუხებს... - თქვა ბოლოს.
მაიამ გაიღიმა და თავი დაუქნია.
    - იმას ვამბობდი, რომ ანკეტიდან ჩანს, რამდენად მოწადინებული ხარ. როგორც აღნიშნე, პრობლემა საჭმელშია... პრობლემები მოკლედ გაქვს მოყვანილი, რაც ალბათ ანკეტის ფორმის ბრალია, თუმცა სტანდარტია და ვერაფერს ვიზამთ... - ქალმა გაიცინა. - მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ცოტა უფრო გაავრცობ!
    - გავავრცო?
    - ზუსტად უნდა ვიცოდე, რას ჭამ და რა დაბრკოლებებს აწყდები.
    სანიმ ღრმად ჩაისუნთქა და თავის თავზე გაბრაზდა, რომ ეგონა ყველაფერი მარტივად იქნებოდა.
    - ნამდვილად აუცილებელია? - ხმა ისევ დაუწვრილდა. თვითონაც კარგად იცოდა, რომ იმ წუთას პატარა ბავშვივით ჯიუტობდა.
    მაიამ მხრები აიჩეჩა.
    - მამაშენი ფულს მიხდის, შემიძლია უბრალოდ ვიჯდე და ველოდო როდის გავა საათნახევარი, მაგრამ თუ გინდა რომ გამოკეთდე, შენი პრობლემების შესახებ უკეთ უნდა გავიგო.
    თერაპევტი მართალი იყო. სანიმ ხელები იღლიებში დამალა და ინატრა, რომ კანკალი მალე შეწყვეტილიყო.
    -  ყველაფერი უნდა მოვყვე?
    - ყველა შენი ჩვევა! - თქვა ქალმა, ლეპტოპი გვერდით მისწია და ტყავის პატარა ბლოკნოტი მოიმარჯვა.
    სანიმ თვალები დახუჭა, ამოისუნთქა და უცებ მიაყარა.
    - ვჭამ მხოლოდ მაშინ, როცა სხვა გზა არ არის. მაშინ, როცა სხვების თანდასწრებით მიწევს ჭამა ან როცა ვგრძობ, რომ უკვე თავბრუ მეხვევა. ანუ, პანიკურად მეშინია საჭმლის ჭამის, სუნის, საჭმლის ხსნებისაც კი! როცა ვიცი, რომ უეჭველი უნდა ვჭამო, თავს ფიზიკურად ვიტვირთავ, ძირითადად დავრბივარ, ხან სახლის გარშემო, ხან სარბენ ბილიკზე, იქამდე, სანამ არ ჩავთვლი, რომ ჭამა დავიმსახურე, თუ ზედმეტი მომივიდა, უკან ვანთხევ! - სიტყვები ერთმანეთს ისე სწრაფად მიაყარა, დარწმუნებული არ იყო მაიამ ყველაფერი გაიგო თუ არა. ძალიან ეცადა, არ ეფიქრა. პრობლემაც ეს იყო, რაც უფრო მეტს ფიქრობდა საკუთარ მდგომარეობაზე, მით უფრო მეტად უნდოდა ამდგარიყო და წასულიყო.
    - კარგი, - თქვა მაიამ და ჩაახველა. - ერთგან აღნიშნე, რომ გინდა თავი ისევ ნორმალურად იგრძნო, შეგიძლია მითხრა, აქ რა იგულისხმე?
    - ზუსტად არ ვიცი...
    - და არანორმალურში რას გულისხმობ?
    სანის წამით კრიჭა შეეკრა. ხელები მოისრისა და აღიარა, - თქმის მრცხვენია...
    - თუ თქმა არ გინდა, ნიშნავს, რომ პასუხი არ გაქვს.
    მაგრამ სანის უნდოდა, ძალიან უნდოდა. თუ ახლა არ გაენდობოდა არავის, მაშინ მთელი ეს დრო წყალში ჩაყრილი გამოვიდოდა. გაახსენდა, როგორ იდგა სარკის წინ განადგურებული იმ ფაქტით, რომ საკუთარი სხეული აუჯანყდა. განა რამდენი თვე, კვირაღა დარჩა, სანამ ბოლომდე დაკრგავდა კონტროლს?
    რამდენიმე წუთს გაირინდა.
    - მომწონს, როცა მშიერი ვარ... - თქვა ბოლოს მკვდარი ხმით.
    - რას გულისხმობ?
    - იმას ვგულისხმობ, რომ შიმშილს ისე არ განვიცდი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები! როცა არ ვჭამ, მგონია რომ რაღაც წარმატებას ვაღწევ! ხო, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ამით ვამტკიცებ, რომ რაღაცის კონტროლი მაინც შემიძლია! - გამწარებულმა ხელი თმაში იტაკა და ნერვიულად გადაისვა.
    - და ახლა ვეღარ, ჰო? - იკითხა ქალმა.
    - რა ვეღარ?
    - ანუ, მაგ რაღაცას, - ქალმა კალამი ჰაერში მოიქნია. - ვეღარ აკონტროლებ, კონტროლს აღარ ექვემდებარება... ამიტომაც გადაწყვიტე ამდენი წლის შემდეგ დახმარებას გეთხოვა...
    სანიმ თავი დაუქნია. ქალმა მონიტორს შეხედა.
    - აქ გიწერია, რომ თმა გცვივა
    სანიმ თავი კიდევ ერთხელ დაუქნია და თვალწინ დაუდგა თავისი გრძელი ქერა კუდი, ნანომ რომ მოაჭრა და წინ დაუდო.
    - თმა იმის მერე შეიჭერი, რაც თმისცვენა დაგეწყო?
    ისევ თავისქნევა.
    - ესე იგი, საკუთარ სხეულზე კონტროლი იმ ერთადერთი გზით აღიდგინე, რომელიც გაგაჩნდა... ხვდები რის თქმას ვციდლობ?
    - დიახ... - ამოაყოლა სუნთქვას სანიმ. - ვხვდები.
    - ყველაფერი 2011-ში დაიწყო?
    - დიახ
    - რას იტყვი, ჩვენც თავიდან რომ დავიწყოთ?
    - რას გულისხმობთ?
    - მომიყევი, როგორ დაიწყო ყველაფერი
    სანი წამით შეკრთა. შუბლი შეკრა და იკითხა.
    - თავიდან? - ბოლოს ამოიოხრა, პულოვერი ნელა აიწია და მუცელზე ქვეწარმავალივით გაწოლილი შრამი დაანახა.  - ყველაფერი ამით დაიწყო… - სანი ფანჯარაში იყურებოდა, თუმცა მისი მზერა უფრო შორს იყო მიმართული. წამით გაირინდა. - ეკრანზე ყოველთვის ყველაფერი სხვანაირად ჩანს... - თქვა ბოლოს. - ხალხის გულს ყოველთვის ადვილად იგებდა, ალბათ მამას გულიც ასე მოიგო, მე ბავშვი ვიყავი, თხუთმეტი წლის... მითხრეს, რომ ეს კაცი იქნებოდა, ის, ვინც ჩვენ ოჯახს წართმეულ ღირსებას დაუბრუნებდა. მამა ისეთი ამაყი იყო, როცა თავის "რეზიდენციად" ჩვენი სახლი აირჩია, მამა ამაყი იყო და მეც მინდოდა ჩვენი ახალი ოჯახის წევრივით ვყოფილიყავი, რომ მამას ჩემით ეამაყა. - სანიმ თვალები დახუჭა. - ყველა მზად ვიყავით, მისი ნაფეხურები გვეკოცნა, მისი სიტყვები შეგვესრუტა, მისი მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა... - სანი გაჩუმდა და პირზე მომდგარი სახელი იქამდე შეაკავა, სანამ მის ბაგეებს დასცდებოდა.
    წლებია, განგებ არიდებდა მისი კოშმარების მთავარი ბინადარის სახელით მოხსენიებას. მისი სიკვდილის შემდეგ დაიფიცა, რომ ამ სახელს არასოდეს ახსენებდა. მისი სახელი არასოდეს უნდა დარჩენილიყო ვინმეს ხსოვნაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედაც რომ აუხდებოდა სამარადისო ოცნება, უკვდავეყო თავისი სახელი. უკვე გვიანი იყო, როცა მიხვდნენ, რომ ყველანი მის ლამაზად შეფუთულ ტყუილში საკუთარი ნებითვე გაებნენ... მამამისს ამის გაგონებაც არ უნდოდა, ტრიბუნიდან გადმოღვრილი ყველა ტყუილი მამას ოცნებებზე დამღერებულ იავნანად ჩაესმოდა... საკუთარი ამბიციებით დაბრმავებული ვერ ხედავდა, რომ მის სახლს და ოჯახს სარეველასავით მოედო კაცი, რომელიც არაფერი იყო, თუ არა მეგალომანიით შეპყრობილი ფსიქოპათი.  - თექვსმეტი წლის ვიყავი, როცა ამ შრამით „დამასაჩუქრა“... მამა უკვე ციხეში იჯდა... მამაჩემზე გამწარებული, ჯავრს ჩემზე იყრიდა ხოლმე... ხანდახან ვფიქრობ, რომ მამას გაუმართლა ციხეში რომ წავიდა... - სანიმ მუცელს კიდევ ერთხელ დახედა. - ერთ საღამოს მამაჩემის კაბინეტში დამიბარა, მიტინგიდან ახალი დაბრუნებული იყო, ჯერ დისციპლინაზე და თავის დოგმებზე მელაპარაკა, ბოლოს... ბოლოს მაისურის გახდა მიბრძანა, თქვა, რომ მამაჩემის შეცდომებზე, ვიღაცას უნდა ეგო პასუხი... მითხრა, რომ თუ ამას გავუძლებდი, მამაჩემივით სუსტი აღარ გამოვიდოდი... - გაშიშვლებაზე წინააღმდეგობა რომ გაუწია, ბუხარში დადებულ გავარვარებულ საჩხრეკს დასწვდა და მანამდე ურტყა მოულოდნელობისგან ენაჩავარდნილ მოზარდს, სანამ შოკისგან და ტკივილისგან გონება არ დაკარგა. სანის ტუჩი მოებრიცა მოგონებაზე. - ზუსტად არ მახსოვს, როდის ექცა წესად ჩემი დასჯა... მე ადვილი სამიზნე ვიყავი, როცა გულს იჯერებდა, ჩემს გალამაზებაზე დახარჯული ენერგიის აღსადგენად, ჩვენს მზარეულს ნაირ-ნაირ კერძებს ამზადებინებდა, მერე სამივე ერთად მივუსხდებოდით მაგიდას და... - სანიმ ნერწყვი გადაყლაპა. - გადაფითრებული დედაჩემი შიშით ხმას ვერ იღებდა. არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, მისმა „საჩუქრების“ რაოდენობამაც იმატა... და რადგანაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მეც ჯავრს მასზე ვიყრიდი, ვინც ჩემზე სუსტი იყო...
    სანის გაახსენდა როგორი ცხარე ცრემლებით დასტიროდა თავის ცხოვრებას და იმ ფაქტს, რომ განგებამ ასეთი ბედი არგუნა.
    ნუ იტირებ იმ ადამიანის გამო, ვინც არასოდეს დაღვრის შენზე ცრემლს. შეახსენა საკუთარ თავს.
    - მერე... მერე თითქოს კონტროლი დავკარგე... - ამოიოხრა სანიმ. - მიბრძანებდა მეჭამა და ვჭამდი, რაც უნდოდა, ის მეთქვა და ვამბობდი, ჩამერტყა და ვურტყამდი, თუ არადა საღამოს მე მომხვდებოდა... საკუთარ სახლში არასასურველი სტუმარივით ვგრძნობდი თავს... მაგრამ ყველაზე... - სიტყვა გაუწყდა და მაიას მოწვდილი წყალი ერთი მოყუდებით ჩამოცალა. - ყველაზე გულისამრევი ის იყო, რომ თავიდან ეს ყველაფერი მეამაყებოდა... - სანის სახე აუტანელი ზიზღით დაემანჭა და ოცდახუთი წლის ბიჭი, თითქოს ოთხმოცდახუთი წლის ბებერს დაემსგავსა. - მერე საავადმყოფოში მოვხვდი, მომდევნო წლის მარტი იყო, სკოლაში მცემეს იმ საზიზღარი პროპაგანდის გამო, რომელშიც მთელი ჩემი ოჯახი იყო ჩართული... - სურვილი, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფს აღარასდროს გაეღვიძა, სანიმ განგებ უთქმელი დატოვა.
    პალატაში მწოლიარე გრძნობდა, როგორ უთვალიერებდნენ სხეულს ექიმები, ყოველდღე სხვადასხვა გამოკვლევებს უტარებდნენ, წმენდნენ და აქედან არც ერთის კონტროლი არ შეეძლო.
    - მერე, თქვენც კარგად იცით, რომ ყველაფერი უკან-უკან წაუვიდა... სახლი დიდი იყო, მაგრამ ყველგან მპოულობდა. ამიტომაც სკოლაში დავბრუნდი, ყურადღების ცენტრში ყოფნას ვერიდებოდი... და თუ მაინც ვინმეს უნდა ვეცემე, მერჩივნა ისევ ჩემ სკოლელებს, ვიდრე იმ კაცს...
    მაიამ კალმის ხელში ტრიალს თავი დაანება და გვერდით გადადო.
    - რატომ მიგაჩნია ეგ მომენტი დასაწყისად? - იკითხა ბოლოს.
    სანიმ წარბები შეკრა. - როგორ არ შეიძლება მიმაჩნდეს?
    - მხოლოდ საჭმელს არიდებდი თავს თუ ყველაფერს?
    - ყველაფერს... - აღიარა გაჭირვებით. - როცა ჩემს სხეულზე კონტროლი ასე დავკარგე, მივხვდი, რომ იმ ერთადერთზე წამერთვა კონტროლი, რაც ნამდვილად ჩემი იყო. საავადმყოფოში, თითქმის ვერაფერს ვჭამდი, რომ გამომწერეს შიმშილის გრძნობა, ჩემთვის უცხო აღარ იყო. აღარ მინდოდა თავი სხვანაირად მეგრძნო...
    - მოგწონდა რასაც გრძნობდი?
    სანიმ თავი დაუქნია.
    - საკვების მიღება მას მერე აკრძალე... გასაგებია... - ჩაილაპარაკა ქალმა. - და გაწმენდა როდის დაიწყე?
    - გაწმენდა?
    მაიამ კლავიატურას თავი დაანება. - გულისრევას ვგულისხმობ... ამას გაწმენდას ვეძახით.
    სანიმ თითები დაიტკაცუნა.
    - ცოტა ხნის წინ დავიწყე, - აღიარა ბოლოს და თითები დაიტკაცუნა.
    - რამდენად ცოტა ხნის წინ?
    - ალბათ რამდენიმე თვე... რვა ან ცხრა...
    - და რა მოხდა რვა ან ცხრა თვის წინ?
    სანის სახეზე მობეზრება დაეტყო. - აღარ ვამთავრებთ?
    მაიამ ეკრანზე გახსნილი მონაცემებიდან მზერა ისევ სანიზე გადაიტანა. მიხვდა, რომ ეკრანზე მისი ანალიზების პასუხები იყო გახსნილი.
    - თითქმის... - თქვა მაიამ და თბილად გაუღიმა. სანი ამ ღიმილს ენდო და ქალის უკანასკნელი სათქმელის მოლოდინში გაირინდა.               
    - რაც შენ გჭირს, სანდრო, მაგას ანორექსია ჰქვია. ანორექსია ნერვოსა.
    - ანორექსია... - გაიმეორა სანიმ და ცხვირი ზიზღით აიბზუა. ბუნდოვნად იცოდა რაც იყო.
    - რას ფიქრობ?
    - არ მომწონს... არ მომწონს როგორც ჟღერს, ანორექსია... ერთმხრივ, მიხარია, რომ სახელი აქვს, მაგრამ თან ეს სახელი ყველაფერს რეალურად აქცევს...
    - ეს დაავადება უმეტესწილად ქალებში გვხვდება და...
    სანი მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და თავი ხელებში ჩარგო.
    - ღმერთო... ესე იგი ქალების დაავადება მჭირს? მამაჩემს გული გაუსკდება! - სანის წამოაფხუკუნა და შოკისგან თვალები გაუდიდა.
    - სანდრო მომისმინე, - გააწყვეტინა მაიამ. - ეს მაინცდამაინც ქალების დაავადება არ არის, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, შენც ხომ ადამიანი ხარ?
    - ჰო, მართალია... ანუ ახლა რა უნდა ვქნა, წამალი უნდა დავლიო?
    - არა. შენ თქვი რომ ეს ყველაფერი ცხრა წელია გრძელდება. როგორ გგონია შენი ავადმყოფობა ერთკვირიანი წამლების კურსით განიკურნება?
    - იმედი მქონდა... - აღიარა სანიმ. - მაგრამ ეგ აზრი ახლა უკვე სულელურად მეჩვენება, ჰო...
    - მართალია. როგორც შენი თერაპევტი, შენთვის მკურნალობის გეგმას შევიმუშავებ მომდევნო კვირისთვის. სეანსი კვირაში ერთხელ გვექნება. შეგიძლია მიმღებში თაკოსთან შეათანხმო სეანსის დღეები. დღეში რამდენჯერ აცდენ საჭმელს?
    - ორჯერ... - უპასუხა დაუფიქრებლად. მაიამ კლავიატურაზე რაღაც აკრიფა და გაჩერდა. სანიმ ქალს თვალი აარიდა.
    - ესე იგი, სადილს კვირაში ცამეტ-თოთხმეტჯერ აცდენ, მომდევნო სეანსისთვის რვამდე დაიყვანე.
    - მე... - სანიმ თქმა ვერ გაბედა, ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა. - მეგონა უნდა შემეწყვიტა, რასაც ვაკეთებდი.
    - რომ გითხრა, არ გააკეთო, რასაც აკეთებ, მეთქი, დამიჯერებ?
    - ალბათ, არა, მაგრამ
    - ჰოდა, რვით დავიწყოთ. სანდრო, ასე უნდა დავიწყოთ. ამ დაავადებას ისე ვერ განკურნავ, როგორც გრიპს ან წითელას. პირველ რიგში თავად უნდა გინდოდეს განკურნება.
    - მე ხომ მოვედი! - თქვა სანიმ.
    - ჰო, მაგრამ შეცვლა უფრო მეტად უნდა გინდოდეს, ვიდრე დაკარგული კონტროლის აღდგენა. და რადგან ასეთი სიმამაცე გამოიჩინე და დახმარება საკუთარი ნებით ითხოვე, მჯერა, რომ გამოჯანმრთელებისთვის საკმარისი ძალა და ნებისყოფა გაქვს!
    - მამაცი კი არა იმედგადაწურული ვარ...
    - მე ვფიქრობ, ყველა მამაცი ოდესღაც სასოწარკვეთილი იყო, სიმამაცე უიმედო გარემოებების გარეშე არაფრად ღირს, განა ასე არაა? - მაიამ ფურცელზე რაღაც მონიშნა და კალამი გაუშვირა. - რვა, შევთანხმდით?
    - ესე იგი, სულ ეგაა? - იკითხა სანიმ. - სულ ეგაა, რაც უნდა გავაკეთოთ?
    - ეს რთული ნაწილი არაა, ყველაფერი იქიდან დაიწყება, როცა ჩემს კაბინეტს დატოვებ, სანდრო. ჩემი დამხარებით, საკუთარი ემოციები და გრძნობები უნდა გაითავისო და გააანალიზო, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი შენს დაავადებაზე. დღევანდელი სეანსი აქ დავასრულოთ.
    სანი წამოდგა და თავის ქურთუკს დასწვდა.
    - დაახლოებით რამდენი დრო დამჭირდება? - იკითხა ბოლოს.
    - გამოსაჯანმრთელებლად? - ჰკითხა მაიამ. - წელიწადი, შეიძლება უფრო მეტიც. უნდა გაითვალისწინო, რომ ცხრა წელია ამ დაავადებით იტანჯები, დრო იქნება საჭირო, რომ მიყენებული ზიანი აღმოიფხვრას.
    სანიმ თავის თერაპევტს მადლობა გადაუხადა და კაბინეტი დატოვა. მიმღებში მისულს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ყველა ვიზიტის გადასახადი წინასწარ დაეფარა. იმ სანდომიანმა ქალმა, რომელმაც მოსაცდელში მიიყვანა და რომლის სახელიც უკვე იცოდა, თანაგრძნობით გაუღიმა და რამდენიმე ქაღალდზე ხელი მოაწერინა.
    - ოთხშაბათობით რომ ჩაგწეროთ რას იტყვით? - ჰკითხა თაკომ.
    სანიმ თავი დაუქნია. ოღონდ რაც შეიძლება მალე გასულიყო აქედან და ნებისმიერ დღეზე დაუქნევდა თავს. რაც უფრო მალე გავიდოდა აქედან, მით უფრო მალე დაუბრუნდებოდა თავის ძველ რუტინას.
    - ყოველ ოთხშაბათს, თორმეტ საათზე, ვიზიტები თებერვლის ჩათვლით გავაფორმე.
    - შეიძლება ყველა სეანსის საფასური წინასწარ დავფარო? - იკითხა სანიმ, მდივანმა რაღაცის თქმა დააპირა, პირი გააღო და ისევ დახურა.
    - დიახ, რა თქმა უნდა, რატომაც არა! - თქვა ბოლოს და მხრები აიჩეჩა.
    - უფრო მეტი სტიმული მექნება, რომ მოვიდე... - სცადა თავის გამართლება სანიმ და მდივანს თვალი აარიდა.
    - არ მეგონა საკუთარ თავზე სალაპარაკოდ ოდესმე დამატებითი სტიმული თუ დაგჭირდებოდა! - დაამღერა უკნიდან ნაცნობმა ხმამ.
    სანის აღარ ახსოვდა, ბოლოს ეს ხმა როდის გაიგო. ნერწყვი გადაყლაპა და ხმის პატრონისკენ შებრუნდა.
    - აბაშიძე?!
    - ჭკადუა!
    - კარგი ვარცხნილობაა!
    - კარგი... კარგი ქამარია?! - სანიმ წინ მდგარი გოგო კარგად აათვალ-ჩაათვალიერა და ბოლოს მის ხავერდის მწვანე, დაღილულ ქვედაბოლოზე უცნაურად შემოჭერილი მუქი ტყავის ქამარი შეაქო.
    ნუცა აბაშიძემ კომპლიმენტზე ჩაიფხუკუნა და გვერდით ამოუდგა.
    - კომპლიმენტების გაცემის საოცარი ტალანტი გაქვს!
    ნუცას გაეცინა და ზურგჩანთაში რაღაც მოჩხრიკა.
    - ბოდიში... ცოტა უცნაური დილა მაქვს... - თავი გაიმართლა სანიმ და ახალ თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა.
    - პირველი დღეა, არა? - მიხვდა გოგო და მდივანს წინ რამდენიმე ქაღალდი დაუდო. - მესამე კვირის მერე ყველაფერი წყალივით ჩაივლის! მეხუთე კვირაა სავალდებულო კონსულტაციას გავდივარ, დამიჯერე...
    სანიმ სცადა, მაგრამ ვერ გაიხსენა სად მუშაობდა ან რას აკეთებდა ამჟამად მისი ყოფილი კლასელი.
    - კონსულტაციას?
    - რექტორმა გადაწყვიტა, რომ სავალდებულო კონსულტაცია მჭირდება ფსიქოლოგთან...
    სანიმ წარბი ასწია.
    - უფროს კოლეგა პროფესორს თავში წიგნი გავუქანე... - ჩაახველა ნუცამ და ხელი სწრაფად მოაწერა გამოწვდილ ქაღალდზე.
    სანიმ სახის კუნთები დაჭიმა, რომ სიცილი არ წასკდომოდა.
    - სამეცნიერო ფანტასტიკას საბავშვო მდარე საკითხავი უწოდა! - თავი იმართლა გოგომ.
    სანის სიცილის შეკავება აღარ უცდია. - მადლობა უნდა თქვას, ცოცხალი რომ დარჩა!
    - დიახაც! - არ ჩამორჩა ნუცა. - შენ რისთვის ხარ აქ?
    სანის ენა ცარიელ მუცელში ჩაუვარდა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა ეთქვა ვინმესთვის მისი ავადმყოფობის შესახებ, ან საერთოდ უნდოდა თუ არა თქმა.
    - ისეთი არაფერი... - მოახერხა ბოლოს. - მომავალ კვირამდე! - ჩაიბურტყუნა და გასასვლელისკენ ისე გავარდა, მიმღებში მდგარი გოგოსკენ აღარ გამოუხედავს.
    გარეთ გამოსული წამით შეჩერდა და მინებში ჩასმულ შენობას გახედა. მისი ვიზიტი დამთავრებული იყო, მის დაავადებას სახელი ჰქონდა, თუმცა რაც უფრო მეტ ხანს უყურებდა გაუმჭვირვალე მინის კარს, უფრო ღრმად უტყდებოდა საკუთარ თავს, რომ ბევრ რამეს მალავდა, მაიასთანაც კი. წინ გრძელი გზა ედო, იმაზე უფრო გრძელი, ვიდრე წარმოედგინა და ბოლო არსად ჩანდა.

                                                                                                        ~~~

    სანი თავისი ძველი უბნის კუთხის მაღაზიას ყოველ კვირას, სამშაბათობით ან ოთხშაბათობით სტუმრობდა ხოლმე და შინ ორი კილო კოწახურის ტოფიტით ბრუნდებოდა ხოლმე. სეანსის მერე გადაწყვიტა თავისი ყოველკვირეული მარაგი ოთხშაბათობით შეევსო ხოლმე.
    მაღაზიაში შესულმა, რომელიც უბნის „ბუტკების“ განახლებულ ვერსიას წააგავდა, გამყიდველის მოსახმობად პატარა ზარი დააწკარუნა და გამყიდველი, რომელიც ამავე დროს მაღაზიის მეპატრონეც იყო, პატარა ელფივით მის წინ არსაიდან გაჩნდა.
    - თმა შეგიჭრია... - შენიშნა კაცმა, რომელიც დახლს ძლივს თუ წვდებოდა.
    - ჰო...
    გამყიდველს ვარცხნილობაზე მეტი სიტყვა აღარ დაუძრავს.
    - შენი კანფეტები შენახული მაქვს, გუშინ გელოდებოდი!
    სანიმ საჭიროდ არ ჩათვალა ეთქვა, რომ მთელი გუშინდელი დღე ანალიზების აღებაში გაატარა. მხრები აიჩეჩა და ჯიბეში საფულე მოისინჯა. მერე ყელი ჩაიწმინდა და გამყიდველიც, მის მოლოდინში გაირინდა.
    - ამის მერე ამდენი აღარ დამჭირდება ხოლმე... ერთი კილო ამიწონე...
    - რა ჩემი საქმეა, მაგრამ რატომ ერთი-ორი თვის მარაგს ერთიანად არ იყიდი? ერთადერთი კლიენტი მყავს, რომელიც კოწახურის      ტოფიტას უკვე ამდენი ხანია ყიდულობს! ჩემი საქმე არ არის, ბიჭო, მაგრამ უამრავი ტკბილეული არსებობს! აგერ, ა, წინ! უკვე მეორე კაფე გამიხსნეს! მიაქვს იქაურობა ბლინებს და შოკოლადიან ვაფლებს! და თუ მაინც ასე ძალიან გიყვარს, ვერ იყიდი ერთ-ორ კილოთი მეტს, შე კაცო?
    - იმიტომ, რომ სახლიდან გამოსვლის მიზეზი მქონდეს, - თქვა სანიმ და ფული მაგიდაზე დაუდო.
    კაცმა მხრები აიჩეჩა და დახლს ქვემოდან პარკში ჩაყრილი ტკბილეული ამოიღო, ცოტა მოაკლო, ხელმეორედ აწონა, ფული გამოართვა და ხურდა გაჭირვებით დაურბრუნა, სანის თხოვნას, ხურდა დაეტოვა, ყური არ ათხოვა და რაც ეკუთვნოდა, წვრილ ფულად ჩაუთვალა.
    სიმართლე ის იყო, რომ ყოველ კვირა, როცა ტოფიტით ხელში ბრუნდებოდა სახლში, თავს აჯერებდა, რომ ეს ბოლო კვირა იქნებოდა, როცა ბავშვობის საძულველ ტკბილეულს გულის ასარევად გამოიყენებდა. დახლთან მდგომმა ნერვიულად აათამაშა თითები, სანამ გამყიდველი ძველი სალარო აპარატიდან მელანგადასულ ქვითარს ამოიღებდა.
    - აღარ მუშაობს ეს უპატრონო! - ჩაიდუდღუნა კაცმა და მანქანას ხელი დაარტყა. ბოლოს წარმატებით ამოაძრო პატარა ქვითარი, რამდენიმე ზედმეტ კანფეტთან ერთად ჩააგდო ცელოფანში და დახლის წინ მდგომ სანის გაუწოდა. - კიდე ჩაგიყარე ცოტა! - უთხრა კაცმა. - არა, მაინც ვერ გავიგე, რას უშვები ამდენ ტოფიტას?
    სანის მწარედ გაეღიმა და შავ ცელოფანში ჩაყრილ წითელი ტოფიტების შეკვრებს დახედა. ხომ შეეძლო ეთქვა? ხომ შეეძლო იმ ადამიანისთვის გაემხილა, ვინც საერთოდ არ იცნობდა, ვინც არ განსჯიდა. განა რა დაშავდებოდა? იქნებ ხვდებოდა კიდეც გამყიდველი? არა! რამე რომ ეეჭვა, სანის აღარაფერს მიყიდდა. ამაზე ის აფთიაქარი გაახსენდა, რომელიც მიუხვდა ყოველკვირა სხვადასხვა პირსაქმებელს რატომაც ყიდულობდა და ერთ დღესაც უარით გამოიპინტრიშა თავისი აფთიაქიდან, ეს ადრე იყო... სანიმ თავი დაარწმუნა, პანიკას არ აყოლოდა და შავი ცელოფანი მაგრად ჩაბღუჯა. არა, გამყიდველს არ უნდა სცოდნოდა... რომ გაეგო, ყოველ ჯერზე მაღაზიაში შესულს სიბრალულით სავსე მზერით შეხედავდა და სანის ამაზე უარესი, ქვეყნად ვერაფერი წარმოედგინა.
    ბოლოს ისევ თავისი საყვარელი პასუხი გასცა, - ისეთს არაფერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები