ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
7 ივლისი, 2020


რა უნდა ავტორს (იუმორესკა)

წესით, ამ ტექსტმა კრიტიკოსებიც უნდა გააღიზიანოს და ავტორებიც.
ავტორთა უმეტესობა ხომ თვლის, რომ თვალშეუდგამ სიმაღლეებსა და თვალჩაუწვდენელ სიღრმეებს სწვდება თავისი ლექსებით,  მისი ბადალი კრიტიკოსები კი  ჯერ არ ჩანან, ან თუ ჩანან, გზაარეულნი მისკენ არ იცქირებიან და სხვა რამეებზე ცდებიან.
თავის მხრივ, კრიტიკოსთა რაღაც ნაწილი ფიქრობს, რომ ავტორი, რომელიც მისი თეორიული მომზადების, კრიტიკული ანალიზის უნარის სიმაღლემდე ასწვდება, არ ჩანს თანამედროვე საქართველოში.
და აი, მათი წარმატებული შეხვედრა, ოღონდ ჩემს წარმოსახვაში!
ორივე უნდა თრთოდეს ბედნიერებისაგან.

ნინო დარბაისელი

რა უნდა ავტორს
(იუმორესკა)
- - -
***

ერთადერთს
- - - -
გუშინ
შენ ისევ არ მოხვედი
და საშენოდ გამომცხვარი
ქიშმიშიანი ნამცხვარი
მარტოს შემომეჭამა.
ვწუხვარ!
ახლიდან გამოგიცხობ,
შენ ოღონდ მოდი!

ამ ლექსის ავტორი უცნობია, ანუ როგორც ახლა ვამბობთ, ანონიმი.
მას, სავსებით სამართლიანად, არ აკმაყოფილებს მხოლოდ სოციალურ ქსელში,  ლექსქვეშ დატოვებული ახლობელთა ლაიქები, გულები და სხვა სუპერ მოწონებები, პროფესიონალური კრიტიკა კი სადღაც მიმალულა და ყურადღებასაც არ აქცევს.
ბოლოს და ბოლოს, განა მისი, პროფესიონალური კრიტიკის  პირდაპირი მოვალეობა და მეტიც, მოწოდება არაა, მაგალითად, ვირტუალურ სივრცეში ახალი ლექსი გამოჩნდება, თუ არა, ყველა საქმე გვერდზე გადადოს, დაჯდეს და გააანალიზოს?!
  არ მითხრათ ახლა, ეს საქმე - შრომაა, შრომას კი ანაზღაურება სჭირდება, მით უმეტეს დღეს და მით უმეტეს საქართველოში, სადაც სამშობიაროდან საკუთარ გაჩენილ შვილსაც არ გამოგატანენ უფასოდო (თორე - არა!)
  პოეტს ვინ რას უხდის ან აძლევს,  რომ კრიტიკოსსაც  უწილადოს?
საქართველოში პოეტად ყოფნა ხომ ისედაც ქველმოქმედებაა!
    აბა დაუფიქრდით: თან რაღაცნაირად თავი უნდა გაიტანო ან ახლობლებს შეანახვინო,  თან -  შენი ღვთაებრივი ლირა(არფა?) აჟღერო და ასე ემსახურო შენს ენასა და ერს.
    ამ ლირიკული გადახვევის შემდგომ პირდაპირ  ზემოთ დადებული ლექსის ანალიზზე გადავიდეთ.
  ლექსი მინიმალისტური პოეზიის ნიმუში უნდა იყოს.  ურითმოა, თუმცა რაღაც მიღმიერი რიტმი მუშაობს. ამის გათვალისწინებით, გარდამავალი რამ ფორმა ჩანს  ვერლიბრისა.

    პირველი წაკითხვით, სივრცული პარამეტრი ბინის ლოკალს მოიცავს, საუბარია შინ გამომცხვარ ნამცხვარზე, ვინმე, გამორჩეული  სტუმრის  გაცრუებულ მოლოდინზე (რაში დასარწმუნებლადაც სათაური  -  “ერთადერთს” გვიბიძგებს).... მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
  ამ მოჩვენებითად მარტივ, ყოფით ლოკალში მოქცეულ ლექსს აქვს მეორე პლანი, რომლის ამოკითხვასაც ახლა შევეცდებით.
    ვიდრე უშუალოდ საქმეზე გადავიდოდეთ, ჯერ ჩამოვწეროთ კითხვები, რომელზე პასუხიც გაგვიხსნიდა რიგითი მკითხველის თვალსაწიერისთვის მიუწვდომელ მეორე პლანს:

ვინ შეიძლება იყოს “ერთადერთი”, რომელსაც ლირიკული სუბიექტი ლექსში ორჯერ მოიხსენიებს მეორე პირის მხოლობითი ფორმით ,, შენ”, ხოლო მესამედ - ვითარებით ბრუნვაში დასმული მომავალი დროის მიმღეობის გამოყენებითაც დაუფიქსირებია ტექსტში ასე - ,, სა-შენ- ო-დ”?
რა დროითი პარამეტრები გვაქვს ლექსში
?
რას ნიშნავს  “ქიშმიშიანი ნამცხვარი”?
რატომ წუხს სუბიექტი ნამცხვრის შემოჭმის გამო?
რატოა მარტო?
რას ნიშნავს ე. წ  “გრამატიკული ტროპი” - “არ მოხვედი”, ნაცვლად სწორი ფორმისა “არ მისულხარ”?
როგორია ლექსის ლირიკული სუბიექტის სამომავლო ინტენცია?
  მკითხველი რომ არ გადავღალო კვლევის მთელი პროცესისათვის თვალის დევნებით, პირდაპირ პასუხებზე გადავალ.
      მიუხედავად თანამედროვე ყოფითი, სასაუბრო  ლექსიკისა, ამ  პოეტურ ტექსტს უღრმესი ტრადიციული ძირები აქვს და წარმოადგენს ვეფხისტყაოსნისა და ბიბლიის გადაკვეთის წერტილში გაელვებასა თუ განხორციელებული შემოქმედებითი აქტის ნაყოფს.
      გავიხსენოთ: “შენ, ღმერთო ერთოო” მიმართავს რუსთველი ღმერთს დასაწყისიდანვე. ანუ სათაურისეული “ერთადერთობა” და  სამგზის გამოყენებული შენ - ნაცვალსახელი პირდაპირი ალუზიაა ვეფხისტყაოსნისა.
რაკი ეს გავარკვიეთ, ბიბლიისკენ გზის გაკვალვა აღარ გაგვიჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ “ქიშმიშიანი ნამცხვარი” რამდენჯერმე იხსენიება მასში, როგორც უფლის შესაწირავი.
      ერთ კონტექსტში კი  ქიშმიშიანი ნამცხვრის ჭამა ადამიანის მიერ -  მოხმობილია,  როგორც გაზულუქების, გაყვიზინების (კიდევ რა ამისდარი სიტყვები შემოგვრჩა ენაში? თავად განაგრძეთ!) ნიშანი.
(ზუსტ წყაროებსა და ნაკადულებს დაგისახელებთ დაინტერესების შემთხვევაში)
შემდეგი საფეხურის ამოცანაა გარკვევა იმისა, თუ რა ჩაუდენია ავტორს.
ესე იგი, ჯერ მოუმზადებია უფლის შესაწირავი და მის ლოდინში თავად შეუჭამია.
ეს , ცხადია,  ცოდვათა შორის ცოდვაა!
სიტყვიდან ,,ვწუხვარ” - აშკარაა, რომ სუბიექტი მონანიების გზაზეა დამდგარი. მწუხარება - ამ გზის პირველი, აუცილებელი ნაბიჯია.
      იგი  მარტოა, როგორც ყოველი ადამიანი - უფლის წინაშე და კვლავ უფლის მოლოდინის რეჟიმში რჩება  (ელოდა, ელის და დაელოდება მას) და სამომავლოდ  მზადაა გასაღებად იმავე  ქიშმიშოვანი შესაწირისა, რათა უზენაესთან კომუნიკაცია შეინარჩუნოს.
ამ ლექსში “არ მოხვედი” ფორმით - არა რაიმე შემთხვევა, არამედ უზენაესის ნებაა გამოხატული. ასე უნდოდა და არ მოვიდა!
(კონტრასტისთვის შეად. სუბიექტის, ადამიანის  ქცევა, როგორც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რაიმე მოქმედების ჩადენა ,,შემომეჭამა”)
  აქ წარმოდგენილი დროითი პარამეტრების -  წარსულის( გუშინ)
აწმყოსი (დრო, რომელშიც იმყოფება და მეტყველებს ლირიკული სუბიექტი) და მომავალის (გამოხატული უფლის კვლავ მოლოდინში, იმედში) სრული კომპლექსის განზოგადებას თუ მივმართავთ,  მივალთ აზრამდე, რომ ეს -  მომნანიე კაცობრიობის მთელი,  უწყვეტი სავალია დასაბამიდან - მომავლიანად ერთადერთი ღმერთისკენ.
  ამ ანალიზის  გათვალისწინებით, მართლაც ძნელია, მკითხველმა მეტი მოსთხოვოს  ერთ რვასტრიქონიან, სულ რაღაც,  თხუთმეტიოდე  სიტყვიან ლექსს.
      დასასრულ, ისღა დაგვრჩენია, ჩვენ ყველა ერთად, კრიტიკოს-მკითხველებიანად, მივესალმოთ ამ ლექსის ანონიმ ავტორს დიდებისაკენ მიმავალ გზაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები