ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2020


მწვანე რეცეპტი

ნინო დარბაისელი

მწვანე რეცეპტი
- - - - -

ეს  ლექსი ლექსიც კი  არაა,
ესაა ერთი მოსაგონარი
ერთი ზღვისპირა წყნარი კაცისა
და მე არ ვიცი, როგორ უნდა  ვუამბო ვინმეს მის შესახებ ლექსის გარეშე.

დიახ, ეს კაცი არსებობდა,
სადღაც,  მზიურ საქართველოში.
დიახ, ზღვისპირა ერთ ქალაქში
ექიმი იყო.
არა, მდიდარი არა ყოფილა,
მაგრამ დაწყევლილ ოცდაჩვიდმეტში
გადასახლებულ-დახვრეტილთა ოჯახის წევრებს მუდამ უფასოდ მკურნალობდა.
დიახ, უფასოდ და უფრო მეტიც,-
თურმე  იმ ექიმს რეცეპტების გამოსაწერი ბლანკები ჰქონდა
ორი ფერისა -
თეთრი და მწვანე.

დიახ იმ ქალაქს, ზღვისპირა ქალაქს ჰქონდა თავისი აფთიაქები,
არა, იმდენი როდი ჰქონდა,
როგორც დღევანდელ საქართველოში,
რომ დღის ბოლომდე მათი შემოვლა ვერ მოგელია,
სულ ორი იყო,  დიახ, ორი -
ერთი ცენტრში და
ერთიც - სადღაც,
პორტის  მუშათა ბარაკებთან
და წამლის რეცეპტს თუ  ის ექიმი იმ მწვანე ბლანკზე გამოგიწერდა, როგორც  ყვებიან,
აფთიაქებში რამის უთქმელად,
ათჯერ ნაკლებს გამოგართმევდნენ,
ცხრა მეათედს კი ყოველთვიურად ყველა მწვანე რეცეპტისას
აფთიაქარებს თავად უხდიდა.

მერე ვიღაცამ შეამჩნია,
შეამოწმა
და დარწმუნდა,
მწვანე რეცეპტით აფთიაქიდან ის წამლები რომ
დახვრეტილთა და
დაკარგულთა და
ხალხის მტერთა და
ვაგონებით გადასახლების ადგილებამდე
ჩაღწეულ თუ ვერჩაღწეულ
ადამიანთა შვილებს მიჰქონდათ
და ეს ექიმიც  დაიჭირეს.
გადარჩა თუმცა,
ოცწლიან სავალს  გაუყენეს ციმბირისაკენ.
რადგან ექიმი ციმბირშიაც ექიმი არის,
მოხუცებული ცოცხლად დაბრუნდა
და როდესაც უკან დაბრუნდა,
უამბეს, როგორ მიაყოლეს ციმბირისაკენ
თურმე ორივე აფთიაქარი.
ექიმი - ყველგან ექიმია,
აფთიაქარს კი  უაფთიაქოს
იმ ყიამეთში რა განგება გადაარჩენდა!

მას უშვილძიროს,
გარეუბანში ერთი პატარა ოთახი მისცეს,
საღამოობით სანაპიროსთან  სულ ერთ მყუდრო ძელსკამზე იჯდა
მარტოდმარტო და თან ჩამავალ მზეს  გაჰყურებდა,
ერთხელ მისი მზეც ჩაესვენა.
წყნარად წავიდა,
მეზობლებმა დაასაფლავეს.

ზოგჯერ ზღვა ისე გადაირევა,
პირს გაიმეხებს
რუხ-ტყვიისფერ თვალთა ბრიალით,
მერე თანდათან ჩადგება და  სანაპიროსკენ ლურჯი კი არა,
მადლიანი რეცეპტების მწვანე
ედება.

ვინც ამბავს ეძებს
დაე, დიდ მწერალს დაუჯეროს,
რომ მოგონება - სულ ზედმეტია,
ჩვენი ცხოვრება სავსე არის რადგან ამბებით,
ვით ზღვის ნაპირი - ჭრელი კენჭებით,
დაიხარე! 
აი  კენჭი,
აი ამბავი -
არა  პოემა ანდა ლექსი,
არამედ სევდა იმ ექიმის...
არა, ექიმთა მოსაგონარი,
ეს ერთი იყოს,
დანარჩენი - მოსაყოლია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები