ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2020


ლილიტი - 3

გაგრძელების გაგრძელება

ქალებს კარგი საშუალება გვაქვს სახის ნაკლოვანებები, განწყობა, უძილობა, ჩალურჯება თუ სხვა დეფექტები დავმალოთ. თუ კარგად ფლობ მაკიაჟის ხელოვნებას-ვერავინ მიხვდება  ნიღბის უკან რა იმალება, რადგან სახე ვერ მოუყვება ნამდვილ ამბებს შენს შესახებ. დიახ, სახეს -კანს, თვალებს, უპეებს, ბევრი რამის მოყოლა შეუძლია: მწეველი ხარ თუ არა, ღამეები როგორ გძინავს, როგორ იკვებები, ბევრს კითხულობ თუ არა, ეჭვიანი ქმარი გყავს თუ არა, პატარა ბავშვი გყავს თუ არა და ა.შ. მე დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი ამ კუთხით, თუმცა ლილიმ ბევრი რამ მასწავლა - ქალურ ეშმაკობებს ეძახდა. ხშირად , როცა გამოუძინებელს მხედავდა, არ მკიცხავდა ჩემი ცხოვრების წესის გამო, უბრალოდ მეხმარებოდა ამას როგორმე გავმკლავებოდი. პაატას უყვარს როცა დასაძინებლად ერთად ვწვებით, მე კი რვეულები მიმაქვს სახლში და გასწორებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. მეორე დღისთვისაც ხომ უნდა მოვემზადო?! გაკვეთილის გეგმები დავწერო, საშინაო სამუშაოს საკითხები მოვინიშნო, ბავშვებს დაწერილ სავარჯიშოებზე კომენტარები მივუწერო.... სწორედ ამიტომ, ველოდები ხოლმე როდის ჩაეძინება და მხოლოდ ამის მერე ჩუმად ვდგები და ვმუშაობ, მის გაღვიძებამდე.
ახლა, ნამტირალევი სახე უნდა დავმალო-თვალები ჩამწითლებია, ქუთუთოები ოდნავ შეშუპებული და ტუჩები დასიებული მეჩვენება. წავისვი დამატენიანებელი, ზევიდან კორექტორი თვალებს ქვემოთ, ტუჩზე ძალიან მკრთალი ვარდისფერი ტუჩსაცხი და ლოყებზე თხელი ტონალური - აგერ უკვე მზად ვარ და ჩემი სახეც მზადაა ერთგულად დამალოს დილის ისტორიები.
ჩავალაგე რვეულები, შოკოლადის ფილები, დათუნია შოკოლადები,  ვაშლები, დანა, წიგნები, შევისწორე ბლუზი ქვედაბოლოში და გავუდექი სკოლის გზას.
სკოლის შენობა ჩემი სახლიდან 20 წუთის სავალშია. მიყვარს ის მონაკვეთი, რომელსაც სკოლისკენ მივყავარ - ჩემი სახლიდან შემოვლითი ვიწრო გზაა, სადაც ბევრი ადამიანი არ დადის, რადგან აღმართ-ჩაღმართებიანია და ყველას ქუჩის მხრიდან სწორ გზაზე სიარული ურჩევნია. მე კი მომწონს ის, თვისი იდუმალებით, განმარტოებისა და ფიქრის საშუალებას მაძლევს. ნახევარი მანძილი გავლილი მქონდა როდესაც გამახსენდა რომ გამოსვლისას საკონტროლო დატრიალება არ გამიკეთებია სარკესთან, თუმცა ამას სამასწავლებლოში მოვახერხებთქო, გავიფიქრე.
სკოლის ეზოსთან უამრავი ბავშვი მიემართებოდა შენობისკენ  სქელ ნაკადად. აქეთ-იქიდან გამოძახილ მისალმებებს ოდნავი ღიმილითა და თავის მცირედ დაქნევით ვპასუხობდი.
სამასწავლებლოში მხოლოდ სასწავლო ნაწილის გამგე, ქალბატონი ინგა და გეოგრაფიის ახალი პედაგოგი ისხდნენ. ინგას ჟურნალი გადაეშალა და ავსებდა. გეოგრაფიის მასწავლებელი კი ისე, უმიზნოდ იჯდა და გაკვეთილის დაწყებას ელოდა.
დავალაგე ნივთები, დაპირებისამებრ სარკის წინ დავტრიალდი და ამ ტრიალში ვიყავი გართული ინგამ თავი რომ ასწია და წამოიყვირა:
- რა კარგია რომ მოხვედი, შენ გეძებდით სწორედ!
- ვიინ მეძებდა? არავინ შემხვედრია კიბეებზე!
- რა და დახელოვნებიდან არიან მოსულები, უკვე მეოთხე მეორე კლასში სხედან და ელოდებიან შენს გაკვეთილს!
- კი მაგრამ, ვის გაუგონია პირველ გაკვეთილზე დასწრება! სადაური წესია! _ აღვშფოთდი წამიერად.
- სადაური წესია და იქაური, საიდანაც მობრძანდნენ, გააწყალეს გული, რამეს მაინც აკეთებდეს მათი ინსტიტუტი!
- დირექტორის მოადგილის გამო ხომ არ მესწრებიან? სულ იმას ჩამჩიჩინებს მოაშორე ეს შენი ახალი მეთოდებიო!
- ახლა ნუ მაჭორავებ თუ ქალი ხარ! გითხარი და მოემზადე, გაქვს კიდევ 12 წუთი დარჩენილი - ეს მითხრა და მერე შეხედა საათს, რომლის მიხედვითად მხოლოდ 7 წუთიღა იყო შესვლის ზარის დარეკვამდე.
- კარგი გენაცვალე! სულაც არ მეშინია! ამასაც გავუმკლავდები!
ასეთი შემართებით ამოვალაგე გასწორებული რვეულები, რომელთაგან მეოთხე კლასებისა ცალკე დავდე, სახელმძღვანელოები - ასევე ცალკე დავდე  და მივაყოლე ზედ შოკოლადის ფილები, ვაშლები, დანა, დათუნიები და ეს ყველაფერი ჩავიხუტე, რომ არ დამცვენოდა და ისე შევედი მეოთხე მეორე კლასში.
კლასში სამარისებული სიჩუმე სუფევდა. დამსწრე 4 ადამიანი, უკან, შემოტანილ მაგიდებთან დაესხათ. მეხუთე კი დირექტორის მოადგილე იყო, რომელსაც სასტიკად არ მოსწონდა ჩემი საგნის, მათემატიკის თამაშით სწავლება და ამის გამო სულ მკიცხავდა. საქმე ისაა, რომ ისიც მათემატიკოსია და მაშინ გადამეკიდა, როცა მშობლებმა მის კლასშიც ჩემი შეყვანა მოითხოვეს. ის იყო და ის, უდიდესი მტერი და მოქიშპე გავიჩინე მისი სახით. რა მექნა, რით შემომერიგებინა და როგორ ამეხსნა მისთვის რომ მე უბრალო ვიყავი მაგ საქმეში, რომ მე სულაც არავის ვეჯიბრებოდი, უბრალოდ მამაჩემისგან ვიცოდი ეს ყველაფერი და ინტუიციურად ვგრძნობდი როგორ და რანაირად ახსნა სჯობდა ამა თუ იმ თემის. არადა ეს ინტუიცია თუ მასწავლებელს არ აქვს, ისევე როგორც თუ არ ფლობს პედაგოგი მცირე სამსახიობო ხელოვნებასაც, ნულია მისი ფასი, ნამდვილად ნული!
ჩემდა გასაკვირად, საკმაოდ მშვიდად შევედი საკლასო ოთახში, მივესალმე დამსწრე საზოგადოებას,  მშვიდად დავალაგე ჩემი ინვენტარი მაგიდაზე და ბავშვებს ვთხოვე მომზადებულიყვნენ მათემატიკის გაკვეთილისთვის.
- გამარჯობა ახალგაზრდებო! 3 წუთში გაკვეთილი დაიწყება და ძალიან გთხოვთ მოემზადეთ გაკვეთილისთვის. ამოალაგეთ წიგნები, რვეულები და ასევე ფერადი ფურცლები და მაკრატელი -როგორც გითხარით დღეს დაგვჭირდება ფურცლები და მაკრატელი. მადლობა თანამშრომლობისათვის.
ამ ჩემს მადლობაზე უკან მჯდომ დირექტორის მოადგილეს ირონიულად ჩაეცინა და დამსწრეებს გადახედა მარცხნივ ჩემგან, თუმცა ეს ღიმილი მალევე მოიშორა, რადგან მათ თავდაჭერილად აგრძნობინეს, ვერ ვიგებთ სიცილის მიზეზსო.
მალევე გაასწორა ირონიისგან დანაოჭებული ტუჩის კუთხეები და მას მერე ჩუმად, გაუნძრევლად და უემოციოდ იჯდა მთელი 45 წუთი.
ზარი დაირეკა და ჩემი გაკვეთილიც დაიწყო.
კიდევ ერთხელ მივესალმე ყველას , გადავხედე კლასს, ყველა მზად იყო თუ არა გაკვეთილისთვის, ავღნიშნე რომ მხოლოდ ვაკო არ გვესწრებოდა და არა ჩავუწერე ჟურნალში.
ჯერ ბავშვებს სახლის სამუშაოს შესახებ ვკითხე, რამე ხომ არ ჰქონდათ გაუგებარი. ზეპირად გამოვკითხე თემის გარშემო და ვთხოვე ჩუმად, როგორც გვჩვევია ისე გადმოეწოდებინათ რვეულები. საშინაო დავალების რვეულბი ავკრიფე და უკვე შესწორებულები კი ორმა მორიგე მოსწავლემ დაურიგა თანაკლასელებს.
- გადაშალეთ რვეულები და დააწერეთ დღვანდელი რიცხვი, საკლასო სამუშაო. გამო ნიკა და დაფა გააფორმე. დააწერე „წილადები“. ახალგაზრდებო, როგორ ფიქრობთ, რას ქვია სიტყვა „წილადი“?
- მასწავლებელო, აი გათვლა რომ არის „იწილო, ბიწილო...“ იმის მაგვარ რამეს ალბათ!
- არა, მასწავლებელო, მგონია რომ აი რაღაცას რომ უწილადებ ვიღაცას, იმას ქვია!
- საინტერესო იდეაა ანი, ძალიან საინტერესო! კიდე?
- მგონია რომ წილია რაღაცის, აი მე რომ რამე მერგება რაღაციდან, ის წილი!-თქვა შოთიკომ, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სწორი მიგნებებით და ინტუიციით.
- ანუ შოთიკო ფიქრობს რომ ეს სიტყვა წარმოიშვა სიტყვისგან „წილი“, ასეა შოთიკო?
- დიახ, ბაია მასწავლებელო!
- მოდი ნიკა ჩამოწერე დაფაზე ყველას იდეა, ვისაც რა ასოციაცია აქვს ამ სიტყვასთან დაკავშირებით. იცით რა არის ასოციაცია? ხომ გითამაშიათ ასოციაციობანა?! თუ არა?
- დიახ, მასწავლებელო - რამდენიმემ მომიგო ერთხმად.
- ნიკა, ლამაზად წერე,  დაფის მარცხენა ზედა კუთხიდან დაიწყე წერა, დაფა ოპტიმალურად და ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ! ნინო მეტყვის, რას ნიშნავს ოპტიმალურად და ეფექტურად გამოყენება?
- იმას რომ , არცერთი კუთხე არ უნდა დარჩეს გამოუყენებელი, როგორც რვეულში და რაც მეტი ნაწერი იქნება, მით მეტი შესაძლებლობა გვექნება რომ ჩავიწეროთ და არ გამოგვრჩეს რაიმეს ჩაწერა.
- მადლობა ნინო! ახლა მოდი შევხედოთ ხელში რა მიჭირავს (ვაშლი ავიღე). რას ხედავთ?
- ერთ ვაშლს!
- როგორია ეს ვაშლი?
- ყვითელი.
- კიდევ? მთლიანია თუ ?
- მთლიანია!-ერთხმად მიპასუხეს მოსწავლეებმა.
- ანუ, ესაა ერთი მთელი-მთლიანი ვაშლი. ასეთი კითხვა დავსვათ: მაქვს 1 მთელი ვაშლი და უნდა გავუნაწილო ორ ბავშვსს თანაბრად. რას გააკეთებს ვახო ამ შემთხვევაში? მოდი გამოდი, აგერ აიღე ვაშლი და მაჩვენე, რას გააკეთებდი?
ვახო გამოვიდა და მითხრა რომ ზუსტად შუაზე გაყოფდა.
- აგერ დანა და აგერ ვაშლი. მოდი გაყავი შუაზე! - ვუთხარი მე და მან ფრთხილად გაჭრა შუაზე ვაშლი.
- ძალიან დიდი მადლობა ვახო. ახლა ნუცა გამოვიდეს და ეს ერთი ვაშლი 4 ბავშვს გაუნაწილოს თანაბრად. - ნუცამ ვაშლი ორჯერ გადაჭრა შუაზე და 4 ტოლი ნაჭერი მიიღო. მადლობა მასაც გადავუხადე. ახლა საბა გამოვიდეს . საბა, აგერ 12 დათუნია შოკოლადი გვაქვს. ის თანაბრად რომ გავუნაწილო 4 მეგობარს რა უნდა ვქნა?
- უნდა გავყოთ 4-ზე მასწავლებელო!
- მართალი ხარ! ყოჩაღ! მგონი ძალიან კარგად მივდივართ წინ და წინ და ეს გაკვეთილიც არ იქნება თქვენთვის რთული, ისეთი გონებაგახსნილები ხართ!
- მოდი ახლა, ასეთი თამაში ვითამაშოთ: გამოვიდეს ლიზი და ორ ტოლ ნაწილად გაყოფილი ვაშლიდან ერთი აიღოს თვითონ ხოლო მეორე ვინმეს უწილადოს.
ლიზი გამოცუნცულდა , ერთი ნაჭერი თავად აიღო და მეორეზე მკითხა შეიძლება ვაკოს შევუნახოვო და მეც მივეცი ამის უფლება.
- ლიზი, როგორ იტყოდი შენ რამდენი ვაშლი აიღე?
- ნახევარი, ბაია მასწავლებელო!
- მართალი ხარ. ახლა გიგი გამოვიდეს და ამ ოთხ ტოლ ნაწილად გაყოფილი ვაშლისგან აიღოს ერთი ნაჭერი. როგორ იტყვი, რა აიღე?
- მე ავიღე ერთი ნაჭერი ოთხიდან.
- უფრო კარგად შეგიძლიათ ამის თქმა?
- ერთი ოთხიდან - მიპასუხა გიგიმ.
- კიდევ ვის აქვს უფრო უკეთსი ვარიანტი?
- ოთხიდან ერთი....
ასე 1 წუთი არჩევდნენ დასახელებას. ბოლოს კი ავუხსენი რომ ამაზე უკვე ნაფიქრი ჰქონდათ მათემატიკოსებს და გადაწყვიტეს რომ ეთქვათ: ერთი მეორედი, ერთი მეოთხედი და ა.შ.
- ჩვენ ხომ ვიცით რომ მათემატიკა არის თამაში! თამაშის სახელწოდებას და წესებს მათემატიკოსები აწესებენ, თუმცა ზოგი წესი თავად თამაშის ლოგიკიდან გამომდინარეობს. ასეა ახლაც: გადაწყვიტეს მათემატიკოსებმა რომ როცა 4 თანაბრად დაჭრილი ვაშლისგან ავიღბ ერთ ნაჭერს, ვთქვა რომ მე ამ ვაშლის ერთი მეოთხედი ნაწილი ავიღე და ამას წერენ ხაზით, რომლის ზემოთ იწერება იმ რაოდენობის აღმნიშვენლი რიცხვი, რამდენი ნაჭერი თუ ნაწილიც ავიღე და ქვემოთ კი იწერება იმ რაოდენობის აღმნიშვენლი რიცხვი, რამდენადაც არის დაყოფილი მთელი.
- შოთიკო, ამ ოთხ ნაჭრად გაყოფილი ვაშლის შემთხვევაში, მოდი ჩამიწერე როგორ ჩაწერდი, თუ ერთი ნაჭერი გაქვს აღებული?
შოთიკომ დამიწერა ერთი მეოთხედი დაფაზე და ჩემი შექებაც დაიმსახურა.
- ამ ხაზს წილადის ხაზი ეწოდება, ზევით მდგომ რიცხვს-მრიცხველი, ხოლო ქვემოთ მყოფს-მნიშვნელი.  (რამდენიმეს გავამეორებინე კიდეც) მრიცხველზე რა გახსენდებათ?
- დენის და გაზის მრიცხველი მასწავლებელო! - წამოიძახა ანიმ.
- კი ბატონო! ანუ, რაღაცას აღრიცხავს ხო? ესეც აღრიცხავს იმას, თუ რამდენ ნაწილს ვიღებ მთელისგან....
- დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის მიზანიც ესაა-წილადის შინაარსის გაგემა, მისი ჩაწერა და წაკითხვა. რა ყოფილა წილადი? ვისი ვარაუდი გამართლდა? მოდი ვივარჯიშოთ.... ასე გაგვიგრძელდა გაკვეთილი, შოკოლადის ფილებიც დავატეხინე, დათუნია შოკოლადებიც დაიმსახურეს სწორი პასუხების შემთხვევაში. დაფასთანაც შევაჯიბრე რიგების მიხედვით, ფერადი ფურცლებიდან ხაჭაპურებიც გამოჭრეს, წყვილებში იმუშავეს-დაჭრეს მიცემული წილადების მიხედვით და ბოლოს, მივეცი საშინაო სამუშაო, ავუხსენი რომ ამ სამუშაოთი ისინი წილადების წაკითხვა-ჩაწერაში გაივარჯიშებდნენ. რამდენჯერმე წილადის განსაზღვრება მათივე სიტყვებით ვათქმევინე და გაკვეთილის მიზანიც გამოვაყოფინე. ყველამ ერთხმად აღიარა რომ მიზანი მიღწეული იყო. რამდენიმე მოსწავლეს ყველაზე მეტად ტკბილეულის მირთმევა მოეწონა, ზოგს კი მოეწონა ახალი მასალა და ახალი ტერმინი „წილადის“ სწავლა.
ზარი რომ დაირეკა, ბავშვები ჯერ კიდევ გაკვეთილის შეფასებაში იყვნენ. დავემშვიდობე ყველას, მათ შორის დამსწრეებსაც და გასვლა ვერ მოვასწარი რომ ერთი, საკმაოდ დაბალი და ლამაზი პირისახის საშუალო ასაკის ქალბატონი მწვდა ხელში და შემაჩერა, მიმატრიალა თავისკენ და ჩამეხუტა. თავიდან ვიფიქრე, მამას მეგობარი ხომ არაა ნეტათქო, მაგრამ ბოლოს, როდესაც დასრულდა ჩვენი ჩახუტება მითხრა რომ ამის მერე ყველგან, სადაც ხმა და ხელი მიუწვდებოდა, ყველგან იტყოდა ასეთი გაკვეთილის შესახებ.
მოგვიანებით გავიგე რომ კარგი რეცენზიები იწერებოდა ჩემს გაკვეთილზე, სკოლაში მადლობის წერილიც მოვიდა, თუმცა დირექტორის მოადგილე მაინც არ შოშმინდებოდა, რაც, წარმოიდგინეთ და უფრო დიდ სტიმულს მაძლევდა.
კიდევ სამი გაკვეთილი მქონდა ჩასატარებელი.
გაკვეთილების შემდეგ, რვეულებით ხელში ავედი სამასწავლებლოში და იქ დამხვდა მეოთხე მეორე კლასის დამრიგებელი მანანა. გამიხარდა მისი დანახვა.
- მანანა, დღეს ვაკო არ მესწრებოდა და ხომ არის მშვიდობა? რაღაც წინა გაკვეთილზე მისი თვალები არ მომეწონა, თითქოს აღარ უბრწყინავდნენ...
- ეჰ, ბაია, ცუდი ამბავია ვაკოს სახლში: მამა ხომ მოთამაშეა, ეს დედა და ბებია მუშაობენ მხოლოდ და დედას, ამ საწყალ ქალს სიმსივნე დაუდგინეს თურმე. გუშინ გაიგეს დიაგნოზი. ვაკოს იმდენი უტირია, დილას ვერ გამოუშვეს სახლიდან, მთელი ღამე არ ეძინაო,  ბებიამისმა მითხრა.
- კი, მაგრამ არანაირი იმედი არაა რომ ოპერაცია უშველის?
- არაა, ბაია , არანაირი იმედიო ექიმს უთქვამს.
ამ სიტყვების მერე სულ ჟრუანტელმა დამაიარა, დატრიალდა ჩემს გარშემო ყველაფერი და თვალი რომ გავახილე ნიშადურის სპირტის მძიმე სუნი ვიგრძენი.
- კაი, ბაია, ასე როგორ შეიძლება ნერვიულობა! ნიკას რომ დედა გარდაეცვალა, გვერდიდან არ მოშორებიხარ ბავშვს! ადამიანს აღარ ჰგავდი! სანამ შენი შვილები გეყოლება, სხვის შვილებს ნუ შეაკლავ თავს!
- სხვისიო? ვინაა მანანა სხვისი? ეს ბავშვები ისევე არიან ჩემები, როგორც ჩემი გაჩენილები იქნებიან! რომ მახსენდება ნიკას ჩამქრალი თვალები, გული მეკუმშება, მინდა მუჭაში მოვიქციო და კიდევ უფრო მოვწურო....
- კაი, კაი მიდი დალიე ეს-რაღაც მომაწოდა ასაკაინმა ისტორიის პედაგოგმა და თითქმის ძალით ჩამასხა ყანყრატოში.
- საყვარელო, სახლში ხომ არ წაგიყვანოთ? - შემეკითხა ინგა.
- არა, კარგად ვარ უკვე! მადლობა. ვაკოს ამბავი როგორ უნდა გავიგო?
- ვნახავ დღეს დედამისს (მითხრა დამრიგებელმა მანანამ).
მე მოცელილივით წავედი სახლში-მუხლები თავისით მიდიოდა, გონება სულ სხვაგან დაქროდა. უკვე მესამე ბავშვი რჩებოდა უდედოთ.
რატომღაც, უდედოთ დარჩენილ ორივე ბავშვთან მე ვმუშაობდი.
დათუნა პირველივე დღეს შევამჩნიე-განსხვავებულად ცდილობდა მასწავლებლის ყურადღების მიქცევას და თავისი ზედმეტი მცდელობის გამო, ყველაზე მეტ საყვედურსა და შენიშვნას კი იმსახურებდა. მოუსვენარი და ცელქი იყო. მამამისს მოწესრიგებული დაჰჰყავდა, მაგრამ რაღაცას ვგრძნობდი, რომ ამ ბავშვის ცხოვრებაში ყველაფერი დალაგებული ვერ იყო. მის კლასში რომ შევედი მეოთხე კლასში იყვნენ და პირველად მაშინ გავიცანი. დამრიგებელს არაფერი განსაკუთრებული უთქვამს მასზე, თუმცა კი ყველა მოსწავლის ამბავი სათითაოდ გამოვკითხე: ვის რა უყვარდა, ვისზე რა მოქმედებდა მოტივატორად, რა უნარებით იყვნენ გამორჩეულები და ა.შ. სწავლის დაწყებიდან მესამე კვირას, როცა სამსახურიდან სახლში მივდიოდი,  კართან ატუზული ასაკიანი ქალბატონი დავინახე-საშუალო სიმაღლის, მკაცრი და სწორი ნაკვთებით, დიდი და ლამაზი შუბლით, შინდისფერი პომადით და ბადრიჯნისფრად შეღებილი თმებით-მესიმპატიურა, თუმცა სახე ისეთი სევდიანი და სასომიხდილი ჰქონდა, გამიკვირდა გარეგნობასა და გამომეტყველებას შორის ასეთი შეუსაბამობა. კანით ვიგრძენი რომ ამ ქალის გული იმაზე მძიმე იყო, ვიდრე შორიდან ჩანდა. შევეცადე თვალი ამერიდებინა, რომ უხერხულობა არ გამომეწვია და როცა ჭიშკარში უნდა გავსულიყავი, შემაჩერა.
- ბაია მასწავლებელო... თუ 2 წუთი გაქვთ, შეგიძლიათ მომაქციოთ ყურადღება? - მისი ნათქვამი ვედრებასავით ჟღერდა და არ შემეძლო მისთვის ყურადღება არ მიმექცია.
- გისმენთ, ქალბატონო, რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მე დათუნას ბებია ვარ . (იფიქრა, შეიძლება სახელით ვერ გაიხსენოსო და გვარიც მოაყოლა) დათუნა ჯანელიძის.
- ძალიან სასიამოვნოა! ახლა ვეცნობით ჩვენ ერთმანეთს, საკმაოდ გონებაგახსნილი ადამიანია!
- სწორედ მაგაზე მინდოდა თქვენთან მესაუბრა. იმდენს ლაპარაკობს თქვენზე... (ამ ნათქვამზე მივხვდი რომ ლოყებზე სისხლი მომაწვა და ალბათ გავწითლდი კიდეც);
- ნეტა რას გიყვებათ?! იმედია მოსწონს მათემატიკის გაკვეთილები!
- ძალიან მიჭირს ამის თქმა, თვალი არ ეცეს და მათემატიკა ძალიან შეუყვარდა, მაგრამ თქვენზე... თქვენზე ყურებამდეა შეყვარებული.
- რას ბრძანებთ?! (უხერხულად ვიგრძენი თავი)
- .... (ქალმა თავი დახარა და მომეჩვენა ყელში ამოგორებული ბურთი უკან დიდი ძალისხმევით ჩააგორა).
- თქვენი სახელი?
- მე რიტა მქვია. მამამისის დედა ვარ. თქვენ გყავთ შვილები? (თითქოს ისე, სხვათაშორის მკითხა)
- არა, სამწუხაროდ ჯერ არ მყავს.
- არ ხართ გათხოვილი? (უნებლიედ გაღიმებულმა მკითხა)
- გათხოვილი ვარ, კი, უბრალოდ მესამე წელია ჯერ ....
- მაპატიეთ! არ მინდოდა და მაინც უტაქტოდ გამომივიდა!
- არა, ქალბატონო რიტა, როგორ გეკადრებათ! არაფერია! აუცილებლად მეყოლება შვილები. მანამდე კი ესენიც ხომ ჩემი შვილები არიან! ( ეს რომ ვთქვი ქალს სახე გაუცისკროვნდა, თითქოს იმედების ბუკეტი მიაწოდესო და გამორთმევაზე უარს არც აპირებსო).
- როგორ უყვარხართ დათუნას ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ გავბედე თქვენთან მოსვლა.
- კი, განსაკუთრებული ბავშვია. თითქოს ცდილობს რომ ყურადღება მიიქციოს, მაგრამ მგონია რომ თავის თავში ვერაა დაჯერებული. სულ იმის მკტიცება მიწევს რომ მას შეუძლია ყველაფერი, მითუმეტეს მათემატიკა.
- დიახ, რთულია მის ადგილას ყოფნა!
- რატომ, რამე ხდება მის თავს? ჯანმრთელობა ხომ კარგად აქვს?
- კი, ჯანმრთელი და ყოჩაღია! თავი გაუხმა დედამისს! ასეთ ანგელოზ ბავშვს რომ მიატოვებს ქალი და დარეკვითაც რომ არ დარეკავს...(ვიგრძენი ძარღვებში სისხლი როგორ გამეყინა სიბრაზისგან, ეტყობა სახეც შემეცვალა, რადგან როცა შევხედე ქალს, გაოცებული მაკვირდებოდა).
- როდის მიატოვა-როგორც იქნა, ძალა ვიპოვე ჩემს თავში და ვკითხე.
- ახალდაბადებული რომ იყო, დედის რძე არ შეარგო... ერთ დღესაც მირეკავს ჩემი ბიჭი, ღამე ჩაალაგა ბარგი და დილას დაგვტოვაო. აქამდე გონზე ვერ მოსულა. მასწავლებლებისთვის არაფერი მითქვავს-ჩემმა ბიჭმა გამაფრთხილა, არ მინდა ან დათუნა შეიცოდონ და ან კიდე მეო. არ ვიცი, რატომ მიგიღეთ ახლობელ სულად, გენდობით და გიყვებით იმიტომ რომ...-ქალმა ვეღარ შეიკავა თავი და აქვითინდა. ხელები მოვხვიე. ჩემზე გაცილებით მაღალი იყო და შორიდან ისე ჩანდა თითქოს ის მამშვიდებდა.
- მე არავს არაფერს ვეტყვი. ვერც დათუნა და ვერც მამამისი ვერ იგრძნობენ რომ მე ამ საიდუმლოს თანაზიარი ვარ. დათუნასთან ისევ ისეთივე ბაია მასწავლებელი ვიქნები, აქამდე როგორიც ვიყავი. არ ინერვიულოთ.
- ვიცი, ვიცი და მჯერა. ასე მითხრა, ერთხელ დავალება არ მეწერა და რომ მიხვდა, საყვედური კი არ მითხრა, თვალებით მანიშნა რომ ძალიან ეწყინაო.
- უჰ, ეს ძალიან ადრე იყო , ახალი დაწყებული რომ იყო სწავლა. ახლა ერთი დღე არ მოსულა დავალების გარეშე!
- ან როგორ გაბედავს?! ისე ვაწყენინე ბაია მასწავლებელს, რომ მეორეჯერ მაგას აღარ გავაკეთებო. პირველი მათემატიკას ასრულებს! - მე გამეღიმა, მაგრამ ძალიან დასევდიანებული კი მქონდა გული.
- ძალიან კი მერიდება მაგრამ, ეს ჩემი სახლის ნომერია. 8 საათის შემდეგ სულ სახლში ვარ. მანამდე მამამისი აქცევს ყურადღებას, ნახევარ შტატში მუშაობს რომ ბავშვს არაფერი მოაკლდეს. ჯერ პატარაა მარტო მისაშვებად. 8 საათის მერე ნებისმიერ დროს დამირეკეთ, თუ სათქმელი გექნებათ რამე. იქნებ თქვენი ნომერიც მომცეთ, დათუნამ მთხოვა...- მე ჩემი ნომერი დავუწერე ბლოკნოტის ფურცელზე, ამოვუხიე, დავუკეცე ოთხად და მივეცი.
- ძალიან დიდი მადლობა! გაუმართლა თქვენს მეუღლეს... გაუმართლა ! ჰყვარებია უფალს!
- მეც გამიმართლა, ძალიან კარგი კაცია ჩემი მეუღლე და გამიმართლა რომ პროფესია სწორად ავირჩიე!
- ნამდვილად! თქვენ მოწოდებით პედაგოგი ბრძანდებით! თვალებში და ღიმილში გეტყობათ ყველაფერი!
ასე თბილად დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წამოვედი დამძიმებული გულით.
პირველად დათუნამ მაშინ დამირეკა სახლში, როცა სიცხიანი დედას ითხოვდა. ბებიამისმა მითხრა, თქვენ რომ გესაუბრათ ეგრევე დაუვარდა ტემპერატურაო.
მას მერე ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით.
შარშან სექტემბერს ისეთი დაბრუნდა სკოლაში, ვეღარ ვცნობდი-აფორიაქებული, აღელვებული, ადგილს რომ ვერ პოულობდა და სიცელქითაც ვეღარ მართლდებოდა მისი ფორიაქი და მოუსვენრობა. პირველივე დღეს დავიმარტოხელავე და ვკითხე, რა ხდებოდა მის თავს, როგორ გაატარა ზაფხული, როგორ დაისვენა... ამის თქმა ვერ მოვასწარი რომ ბავშვს თვალები აუწყლიანდა და თითქოს ელოდა ამ მომენტსო, სულ სლუკუნ-სლუკუნით მომიყვა ზაფხულის ამბებს.
თურმე, მამამისის წერილზე უნახავს დედის მისამართი და თავადაც დაუწერია წერილი. იმ ზაფხულს გაუგია ბავშვებისგან რომ დედა მკვდარი კი არა, სხვა კაცთან ყოფილა გაქცეული, მისი ლონდრე მამის გამო. ამაზე დიდი ჩხუბი მოსვლია 2 ბიჭთან. ამაყად მითხრა რომ კარგად კი მოვადეო, მაგრად მოხვდათ ჩემგანაცო. ის აღარ მითხრა რომ იმ ჩხუბის მერე ხელზე შრამიც დარჩენოდა-ეს გვიან შევნიშნე. მას მერე მოუსვენრად ეძებდა დედასთან დამაკავშირებელ გზას.
ერთი თვე ელოდა წერილზე პასუხს, შემდეგ კი სახლიდან გაპარულა და დედამისის საძებნელად წასულა. ყულაბაც კი გავტეხეო-მითხრა, ჩემი აღფრთოვანების მოლოდინში.
მისამართს სხვა ქალაქში ჩაუყვანია. ადვილად მოვძებნეო-ამაყობდა. სახლში არავინ დამხვდაო. საღამოს დავინახე ლამაზი ქალი როგორ უახლოვდებოდა ბელეტაჟის ჭიშკარსო.
- იცით, ბაია მასწავლებელო, რა ლამაზია?! ისეთი, სიზმარში რომ ვხედავდი!
- მერე დათუნა?
- მერე.... რომ ვუთხარი ვინც ვიყავი.... - ამ დროს ტირილს უმატა, უკვე სლუკუნის გარეშე მოსდიოდა ცრემლები ზღვად და სახეს და თეთრ პერანგს უსველებდა.
- მერე, სახეზე სიხარულის ნატამალიც არ ჰქონდა ბაია მასწავლებელო! სახე შეეცვალა, გამიბრაზდა, აქ რამ მოგიყვანაო. არც ჩამეხუტა, არც მაკოცა, არც მომეფერა... არადა ისე მინდოდა მისი სურნელი გამეგო! ისე მინდოდა მომხვეოდა და მის თმებში მესუნთქა! მან კი ცივად ჩამსვა მანქანაში, ფული გადაუხადა და გამომისტუმრა! სახლში ისეთი ამბავი დამხვდა, ყველა მეძებდა... გავაბრაზე ბებო, მაგრამ როგორ ვერ ხვდებიან?! როგორც ვერ გაუგიათ როგორ მინდა დედა?! მას კი...
- დათუნა! ჩემო საყვარელო ბიჭო, იცი რომ ზოგი ქალი არაა შექმნილი დედობისთვის! იცი, ასეც ხდება! მაგალითად გუგული, კვერცხებს სხვის ბუდეში დებს, თავად კი არ ზრდის ბარტყებს! ცხოველებშიც არის ანომალიები!
- ანომალია რა არის? - ამაზე გადავიტანეთ ყურადღება და მას მერე დედა მხოლოდ ერთხელ ახსენა.

***
სნ სნ სნ
სნვი
სნსვი
სმნგლოფი .....
იმ დღის შემდეგ, ყოველ ღამ ვწყევლიდი იმ ქალს, როცა ბავშვის უძირო თვალებში სევდიან ფსკერს ვხედავდი. თევზის მაგვარი ქონდა თვალები, სარკისებული, სითბოს და სიყვარულს რომ ირეკლავდა, მაგრამ მე მაინც ვხედავდი მის ფსკერს და იქ გაცრუებული იმედები და უპასუხო სიყვარული იყო.
ვწყევლიდი იმ ქალს, დათუნას ტკივილებისთვის, მისი დაბალი თვითშეფასებისთვის, ყოველ ნაბიჯზე რომ უცდებოდა მასზე ფეხი, დათუნას თეთრი ღამეებისთვის, თვალებზე რომ ეტყობოდა დედას რომ ეძახდა მთელი ღამე. ვწყევლიდი ქალური ჯილაგის შერცხვენისთვის, ნებაყოფლობით ამპუტირებული დედობირივი ინსტინქტებისთვის, ყველა ცარიელი დღისთვის დათუნას ცხოვრებაში! დედის სივრცეს ხომ ვერავინ და ვერაფერი შეავსებს?! და ამ დროს, სჯობდა ის მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე თავისი ნებით გაეყინა გული ბავშვისთვის!
შარშანდელი წელი, მოუიშვიათა დათუნამ ჩემთან რეკვას. მე ვურეკავდი ხოლმე უფრო ხშირად და ისიც ძალდატანებული თავაზიანობით მესაუბრებოდა. მინდოდა მეგრძნობინებინა რომ ძალიან მჭირდებოდა მასთან საუბარი, რომ ძალიან მინდოდა გამეზიარებინა ჩემი დღის ისტორიები და თავგადასავლები.
ერთხელ დავურეკე და აღარ მიპასუხა. მამამისმა მითხრა შეუძლოდააო. არ ვაციე და არც ვაცხელე, პირდაპირ სახლში დავადექი. მამამისი შიდა მაისურის ამარა დამხვდა და მომიბოდიშა, გამოსაცვლელად სხვა ოთახში გავიდა. ამასობაშ დათუნა შემოვიდა და თავჩაგინდრული, დამნაშავის ნაბიჯებით მომიახლოვდა.
- დათუნა, რა მოგივიდა?
- არაფერი ისეთი.
- რა მოხდა დათუნა?
- ბაია მასწავლებელო, ვიცი, თქვენც მიმატოვებთ!
- დათუნა, ეს რამ გაფიქრებინა?
- თქვენ ჯერ არ გყავთ შვილები და როცა გეყოლებათ...
- დათუნა, სიყვარული ერთადერთი რამაა, რაც განაწილებით სულაც არ მცირდება , არ ცოტავდება და არ ამოიწურება. შენი წილი სიყვარული შენ უკვე მოინადირე ჩემს გულში და როგორ ფიქრობ, რა უნდა გააკეთო ისეთი რომ ეს სიყვარული გააუფერულო და ამოშალო? მგონი ვერასდროს გამოგივა ეს! - ვუთხარი და მუცელზე მოვუღიტინე. მორცხვად გაიღიმა, ნელ-ნელა მომიახლოვდა და ბოლოს , ვეღარ მოითმინა და ძალიან მაგრად ჩამეხუტა.
ამის მერე, ისევ გავაგრძელეთ სატელეფონო საუბრები და ზუსტად 11 დღის თავზე გავიგე რომ დედამისი გარდაცვლილა. უჩვეულო გამომეტყველება ამოვიკითხე მის სახეზე-სიმშვიდის, თითქოს ასეც ერჩივნა. მე კარგა ხანი ვადანაშაულებდი საკუთარ თავს - ეს მე ვიყავი იმ ქალს ყოველღამ წყევლის ქარ-ცეცხლში რომ ვატარებდი! მაგრამ, თითქოს მეც სიმშვიდე მომგვარა მისმა სიკვდილმა და ამაში საკუთარ თავთან გამოტყდომა სულაც არ მადგებოდა საკუთარი კარგი ადამიანობის დამკვიდრების ბრძოლაში.
ეს ყველაფერი ელვის სისწრაფიდ გამახსენდა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორია იყო, სულ სხვა დედა-შვილობის, სხვა სიყვარულისა და თავგანწირვის ისტორია.
არ უნდა უკვდებოდეთ დედებს შვილები და შვილებს-დედები! ნეტა კი შემეძლოს რაიმეს შეცვლა?!
სახლში რომ მივედი მარტო ვიყავი, პაატა ჯერ არ იყო მოსული. როგორც წესი ამ დროს სახლში სადილობს ხოლმე. ამჯერად კი ეტყობა სადმე ისადილა. დიდად ამაზე ბევრიც არ მიფიქრია. გაუხდელად დავეგდე ლოგინზე პირაღმა და ისიც კი არ ვიცოდი ლილიზე მეფიქრა, ვაკოზე, დათუნაზე თუ საკუთარ უუნარობაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები