ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2020


ლილიტი - 4

4
არაფერია იმაზე მტკივნეული, ვიდრე შენი საყვარელი და უახლოესი ადამიანების მიერ დაშვებული შეცდომები შენს შესახებ დასკვნების კეთებისას, შენი საქციელის შეფასებისას და თუნდაც, შენზე მოლოდინების მოხაზვისას. დიახ, მტკივნეულია, როცა იმაზე მეტს მოელიან შენგან, ვიდრე შენ ძალგიძს, ან იმაზე ნაკლებს, ვიდრე შენ შეგიძლია. არანაკლებ მტკივნეულია, როცა ინფორმაციის ნაკლებობისას შენი უახლოესი ადამიანები მცდარ დასკვნებს აკეთებენ გონებაში და შენ კი მათ ისე კარგად იცნობ, რომ ეს დასკვნები ვერდიქტივით იკითხება მათ სახეზე, რომელსაც, რაც არ უნდა კარგი მსახიობი იყოს ადამიანი, ვერ გააყალბებ, თუ კი ნიჭიერი მკითხველი ჰყავს.
ადამიანების გამოცნობა, მათი ამოცნობა - რთული საქმეა და 100% სიზუსტით შეუძლებელია იყო დარწმუნებული რომ არ ცდები, რადგან  „ადამიანები იცვლებიან“ - ამ ფრაზას ვეთანხმები და თან არ ვეთანხმები, რადგან ადამიანები როგორადაც ჩაისახებიან მუცელში, მათი მისწრაფებები, ემოციების გამომწვევი სიმები, თვისებები, ტემპერამენტი არ იცვლება. ისინი მხოლოდ გამოცდილებას იძენენ, სწავლობენ საკუთარი ხასიათის მართვას, ან პირიქით, კარგავენ კონტროლს და ემოციების სადავეებს. დიახ, იცვლებიან, რადგან ხშირად ეჩვევიან სხვადასხვა მოვლენებს, მათზე საპასუხო რეაქცია ან დუნდება და ან იკუნთება. სწავლობენ რაღაცეების დაფარვა, მიჩქმალვას, იძენენ ბნელი კუნჭულების დამალვის უნარს და ზოგი მათგანი, საკუთარი იდეალისკენ ბრძოლას სიკვდილამდე აგრძელებს, ზოგი ადვილად ნებდება, ზოგს კი სხვადასხვა უეცარი, გაუთვალისწინებელი შემთხვევა გამოააშკარავებს, გამოამზეურებს უკუღმიდან, როგორც ბავშვის შარვლის ჯიბეებს, სადაც კარგად არის ჩაწეპილი მოპარული ნუგბარის ნამცეცები. ზოგი ადამიანი ენიგმას კოდირების მანქანასავითაა, იმდენად ხშირად იცვლის თამაშის მანერას, სტილს თუ ჟანრს, მაგრამ აქაც, თუ კარგი წამკითხველი ჰყავს, გონიერი გამშიფრავი, რომელსაც ნებისმიერი მისი საქციელის, ნათქვამის, მიმიკისა თუ ჟესტის დეკოდირება უნაკლოდ შეუძლია, შეუძლებელი არაფერია.
და ადამიანის ასეთი რთული ბუნებისა და არსის მიუხედავად, თუ კი გიყვარს ადამიანი, მისი ხასიათიც უკეთ უნდა იცოდე, რადგან სიყვარული გაიძულებს ბევრ რამეს უფრო მეტად დაავკირდე, ჩაუკვირდე, დაიმახსოვრო და გაითვალისწინო და შესაბამისად ამ ადამიანის მომავალი საქციელებისა თუ გადაწყვეტილებების პროგნოზის გაკეთება უფრო იოლია, ვიდრე ეს ჩვენ გვგონია. ეჭვიანობაც სხვა არაფერია თუ არა უნდობლობა. უნდობლობა კი ადამიანის, ჩვენს საკუთარ თავთან  აღიარებული კარგად არ ცნობის შედეგია. ეს კი , თავის მხრივ ან თავად ჩვენი უუნარობის ბრალია და ან კი სიყვარულის ნაკლებობის.
***
პაატას სუნთქვამ გამაღვიძა-თავი ახლოს მოეტანა ჩემს სახესთან და  მაკვირდებოდა, თვალის გახელა რომ დავიწყე , ნაზად დამკოცნა და გვირილების გვირგვინი დამადგა თავზე.
- ბაია, საყვარელო, მაპატიე დილანდელი ჩემი უგუნურება! მაპატიე , თუ კი შეგწევს ამის ძალა!
- პაატა...
- ჩუუუ, მოდი ახლა ნურაფერს მეტყვი! არც კი ვიცი რა მეტაკა! რაც ცოლ-ქმარი ვართ პირველად არ ათენებდი  სახლში და ვინერვიულე. ვიცი, მითხარი რომ შეიძლება დედასთან დარჩენილიყავი, მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს რომ მოხვიდოდი. ამ 5 წლის მანძილზე ისე მივეჩვიე დასაძინებლად ერთად წასვლას, ერთად სადილს... ყველაფრის შენთან ერთად კეთებას, რომ... თან ეს ლილიც, სულ მუდამ იდგა მე და შენს შორის! რამდენჯერ მივიღე შენგან უარი, იმის გამო რომ ლილის ვერ უტეხდი ხათრს..
გამოფხიზლებულს ცოტა მეზარებოდა საუბარი, მაგრამ მაინც მოვიკრიბე ძალა საპასუხოდ.
- ხათრი რა შუაშია პაატა?! ლილი ახლა გასაჭირშია! მანამდე მას არასდროს დავჭირვებივარ, არასდროს, გესმის?! ის კი მე მუდმივად მედგა მხარში. შენზეც კი, მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის გრძნობდა შენს დამოკიდებულებას, ერთი ძვირი სიტყვა არასდროს უთქვავს. არასდროს გაუმახვილებია ყურადღება შენს ასაკზე, უამრავ თაყვანისმცემელსა თუ ქალებთან მდიდარ გამოცდილებაზე. თუ ოდესმე გამჭირვებია, ის ფარივით მედგა, მხარივით იყო, რომელზეც ნებისმიერ დროს შემეძლო თავის ჩამოდება. ახლა კი ისაა გასაჭირში და დახმარებაზე უარიც, სწორედ ისევ ჩემს დასაცავად თქვა-ამას, ნუთუ ვერ ხვდები? ის მე მჭირდება! მიყვარს! ასეთ მომენტში ვერ მივატოვებ! და თუ მივატოვებ, ვერასდროს ვაპატიებ ამას საკუთარ თავს!
- ბაია... მე იმდენად მყოფნის ბედნიერებისთვის „მე და შენ“ სამყარო რომ...
- ჩვენ ხომ დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანები ვართ?! გვყავს მეგობრები, ახლობლები, გვაქვს სამსახური. ჩვენი „მე და შენ“ ამ სამყაროში, ამ ადამიანებს შორის არსებობს და მათ მიმართაც გვაქვს ჩვენი ვალი.
- მაგრამ მათ ვალს ჩვენი სიყვარული არ უნდა შევწიროთ.
- აქამდე ვფიქრობდი რომ არაფერს გაკლებდი. რომ ჩვენ არ გვქონდა პრობლემები და რომ იდიალურთან მიახლოებული წყვილი ვართ.
- ახლა? ახლა ასე აღარ ფიქრობ ?
- ახლა ვფიქრობ რომ... უფრო სწორად მგონია რომ ან ბოლომდე არ მენდობი ან გინდა რომ ჩემი დრო მთლიანად შენს განკარგულებაში იყოს!
- ჩემთვის შენი თავი საკმარისია სრული ბედნიერებისთვის დ შენთვის მე არ ვარ საკმარისი?
- შენ ჩემთვის აუცილებელი პირობა ხარ პაატა, იმისათვის რომ ვიყო ბედნიერი, მაგრამ არასაკმარისი. მე ჩემი პროფესიის, მეგობრების, ახლობლების გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი, თუ არ ვნახე რომ ისინიც ბედნიერები არიან. როგორ ფიქრობ,  შემიძლია მხოლოდ საკუთარი, პირადი კომფორტით ვიბედნიერო?! ბევრი ადამიანი მყავს ჩემს გარშემო , ვინც მეძვირფასება და მიყვარს და მათი სიყვარული სულაც არ ამცირებს ჩვენსას. ჩემი სიყვარული ფული არაა რომ ალტერნატიული ღირებულება ჰქონდეს. ყველას თქვენ-თქვენი ადგილი გაქვთ ჩემს გულში!
- მესმის ეს ყველაფერი ბაია! მესმის და ამიტომ გთხოვ პატიებას! უშენო ღამემ მიქნა ეს, ამრია, კარგადაც ვერ დავიძინე და გული გატკინე. ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ იმას, რაც ცხელ გულზე გითხარი და თუ შენ ოდესმე მაპატიებ-უზომოდ მადლიერი დაგრჩები!
წამოვჯექი და უკეთ მოვირგე გვირგვინი. მის გულწრფელ გამოხედვაზე გამეღიმა.
- ამისთვის დააგვიანე?
- ხო, ძლივს ვნახე ქალი ვინც დაწნავდა გვირგვინს-მე ხომ მასეთები არ მეხერხება?!
- მერედა სად ისადილე? - სადილზე კითხვამ ხასიათი გამოუკეთა.
- ვისადილე? უი, არ მისადილია. მოდი ვივახშმოთ ერთად და ეს იქნება სადილიც და ვახშამიც -გამიცინა პაატამ. მეც თითქოს გადამიარა წყენამ თუ ძალიან მოთენთილი ვიყავი იმისათვის რომ პრინციპულობა გამემაგრებინა, გავყევი მორჩილად სამზარეულოში, სადაც გუფთა გადმოვიღე პატარა ემალის ქვაბში და დავდგი გაზქურაზე. პაატამ გააწყო მაგიდა. მაცივრიდან მისი მეგობრის ჩამოტანილი საფერავის ვარდისფერი ცქრიალა ღვინო გამოიღო და მაგიდაზე სადღესასწაულოდ დადგა.
- რას ვზეიმობთ?
- ცხოვრებას, ძვირფასო და საყვარელო! ეს იცი რა ღვინოა? საერთოდ, ხომ იცი ჩემი მხარე კახეთი გამოირჩევა ღვინის მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთებისა და ტანინის მაღალი შემცველობით, ჯიშური არომატების სასიამოვნო ბუკეტით...
- კარგი, კარგი ახლა ლექციას ნუ წამიკითხავ! შენი ხათრით მოვსვავ ცოტას.
- მოსვავ კი არა და შესვავ ძვირფასო! ეს ღვინო წამალია, წამალი!
- ნებისმიერი ალკოჰოლი კლავს უჯრედებს. მეტია ალკოჰოლი-მეტი უჯრედი კვდება. მე ცოტას შევსვავ, როგორც შენ ამბობ!
- (პაატამ ჭიქებში ჩამოასხა ნახევრამდე ) ჩვენ გაგვიმარჯოს!
- გაგვიმარჯოს! ხვალ მაინც შაბათია და ერთი ჭიქა შეიძლება - ვიცოდი გაუხარდებოდა და ბოლომდე დავცალე - ასე, მტერი დაგეცალოს!
*** 
შაბათი დღეა და ცოტა ვიზარმაცე-არ ავდექი ადრე და ვინებივრე ლოგინში. ათის წუთებზე ტელეფონის ხმა გაისმა. 4 გაბმული ზარის შემდეგ  ვუპასუხე.
- ალო! გისმენთ!
- ბაია, ბაია თქვენ ხართ?
- დიახ, ბაია ვარ.
- მე ავთო ვარ, ლილის ადვოკატი.
- გისმენთ, რაშია საქმე?
- მითხრეს თქვენ დაგკავშირებოდით, მისი უახლოესი მეგობარიაო.
- უახლოესი მეძახეთ და არ ვიცოდი რომ თქვენ აგიყვანათ ადვოკატად.
- მეც 2 დღის წინ გავიგე.
- რა საქმეზე რეკავთ?
- არა მგონია ასე სასაუბრო იყოს. მოდი შევხვდეთ და ყველა დეტალს გაგაცნობთ.
შეხვედრაზე საუბარი არ მესიამოვნა, დამცხასავით. წარმოვიდგინე, პაატას როგორ გაუფუჭდება განწყობა, როცა გაიგებს რომ შაბათიც სადღაც ვარ გასაქცევი.
- კარგით, სად შევხვდეთ?
- მზიურის ჩასახვევთან პატარა კაფეა. მანქანით მოგაკითხავთ სახლში, თუ შეიძლება?!
- არა, იყოს იქ მოვალ ... რომელი საათისთვის?
- 2 საათისთვის შევხვდეთ მაშინ.
- კარგი.
გავთიშე ტელეფონი და ახლა იმაზე დავიწყე ფიქრი, პაატას საყვედურებიდან როგორ დამეღწია თავი.
ამ დროს პაატა შემოვიდა სამზარეულოდან, წინსაფარი აეკრა და ერბო კვერცხს თქვეფდა.
- ვინ იყო ამ შაბათ დღეს? მე წყლის ხმაურში ვერ გავიგე ზარი.
- ვინ და ლილის ადვოკატი. - ეს რომ გაიგო ოდნავ შეანელა ხელის მოძრაობა. ასე მეგონა მისმა გონებამ გამალებით დაიწყო ინფორმაციის გადამუშავება და მომავლის პროგნოზი.
- რაო, რა მინდაო?
- 2 საათზე უნდა შევხვდე. ტელეფონით სასაუბრო არააო. - ეს რომ ვთქვი თვალი არ დამიხამხამებია, არ ვწყვეტდი პაატას სახის კითხვას. ველოდი ან ახლა აალდება და ან ახლათქო. ჩემდა გასაკვირად დიდსულოვანი მოთმინებით შეხვდა ჩემს შაბათის მოუცლელობას, სწრაფად გადაყლაპულ ერბოკვერცხს და ნახევრად შესმულ ყავას.
- კარგი, ბაია! დროებით! იმედია რაღაც გაირკვევა. ფრთხილად იარე! - მაკოცა და კარი არ მიხურა, სანამ ლიფტი არ დაიძრა.
მომაკვდავის ბოლო ძალის მოკრებას ჰგავდა მისი მოჩვენებითი სიმშვიდე და კეთილგანწყობა ლილისთან დაკავშირებით და მე მას უკვე ძალიან კარგად ვიცნობდი იმისათვის რომ შევმცდარიყავი.
პაატამ ლილი იმ დღიდან შეიძულა, რა დღითაც პირველად შევახვედრე.
***
პაატას თავიდან მათემატიკური ანალიზის პრაქტიკულები მიჰყავდა პირველი კურსის განმავლობაში. გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი პირველი ლექცია. პატარა აუდიტორიაში ვისხედით ჯგუფი, სადაც 12 ადამიანი ვიყავით. მე კარიდან მოშორებით, ფანჯარასთან მეკავა ადგილი. აუდიტორიაში შემოსვლისას მოგვესალმა და ცარცის ასაღებად რომ მივიდა თავის მაგიდასთან, მე ფანჯარაში გავიხედე ამ დროს, ჩიტები დასხდნენ რაფაზე და იმათ ვუყურებდი. ვიგრძენი მწველი მზერა და რომ მოვტრიალდი დაფისკენ, საყვედურში გადაატარა ჩემზე ხანგრძლივად დაპაუზება. მე გავუღიმე ჩემი საფირმო ღიმილით - ასე ეძახდნენ კურსელები, რადგან რამდენიმე ლექტორი ღიმილიან გოგონას მეძახდა სახელის ნაცვლად. პირველივე ლექციაზე მომხიბლა პაატამ, როგორც ლექტორმა. თავიდან მათემატიკაზე, როგორც მის ბერძნულ წარმომავლობაზე -  máthema მეცნიერებას, ცოდნას, სწავლას ნიშნავსო - გვესაუბრა, შემდეგ მის ისტოიაზე, ევკლიდეს, ვიეტასა და დეკარტეზე. მოგვიყვა რამდენი განშტოება არის ამ დარგში და ჩვენ რას შევისწავლიდით იმ 5 წლის განმავლობაში. საუბრისას თითქმის არ ძაბავდა სახეს და თითქოს არანაირი მიმიკური ნაოჭი არ ჰქონია სახეზე. ასაკთან შედარებით 10 წლით უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა. 31 წლის იყო მაშინ. სწავლის დაწყებიდან 2 კვირის თავზე გამოგვიცხადა, რომ თუ კარგად დავწერდით კოლოქვიუმს, ყინწვისის სანახავად წაგვიყვანდა. გახარებულებმა გაათმაგებულად ვიშრომეთ. ექსკურსიაზე ერთი ჯგუფელის გარდა უკლებლივ ყველა წავედით. ყველას ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევდა, არ მიგრძვნია რამე განსაკუთრებული, გარდა ერთი პატარა ეპიზოდისა, რომელმაც ტკბილი გემო დამიტოვა მეხსიერებაში - ყინწვისის მონასტერში რომ შევედით, ყინწვისის ანგელოზთან მიმიხმო და ჩამჩურჩულა „ამ ანგელოზს ჰგავხარო“. მაშინ , იმ წუთას გამეცინა, მაგრამ მერე მთელი ღამე მაგაზე ვფიქრობდი, ალბათ პატარა რომ ვარ, ქალადაც არავინ აღმიქვავსმეთქი, ვფიქრობდი, თუმცა გულის სიღრმეში მსიამოვნებდა ეს შედარება და საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი ამაში.
ყოველი კოლოქვიუმი ასეთი აღნიშვნებით სრულდებოდა, ჩვენი შედეგებიც სხვა ჯგუფებთან შედარებით  გაცილებით უკეთესი იყო და ამით პაატა ძალიან ამაყობდა. ბევრი ადგილი მოგვატარა, მუზეუმი, გამოფენა, ტბა, ხეობა, მდინარე, ტაძარი ... ძალიან დიდ პატივს ვცემდი მისი მზრუნველობისა და პროფესიონალიზმის გამო. ჯგუფელი გოგოები საგრძნობად და შესამჩნევად ცდილობდნენ მისი ყურადღება მიექციათ. მე ვუყურებდი მათ დოღს და მეღიმებოდა. ყინწვისის მერე არაფერი განსაკუთრებული აღარ მომხდარა მეოთხე კურსამდე.
მეოთხე კურსიც წარმატებით დავხურეთ დ პაატა, რომელსაც პატივცემულოთი მივმართავდით, შეგვპირდა ჭიათურის მღვიმეების სანახავად წავეყვანეთ. ძალიან გაგვიხარდა-2 დღიან ექსკურსიაზე მანამდე არ წავსულვართ. ჭიათურაში მისი მეგობრის საოჯახო სასტუმროში უნდა დავრჩენილიყავით. მშობლები დამთანხმდნენ ულაპარაკოდ. ლილის რომ მოვუყევი (მას ხომ ყველაფერს ვუყვებოდი) , ყურადღებით მისმენდა და რომ გაიგო 2 დღიანზე მივდიოდით, ძალიან მორიდებით მკითხა, თუ შეიძლებოდა უცხო ადამიანის წასვლა. პაატასგან ვიცოდი რომ რამდენიმე ადამიანი კიდევ მოდიოდა, ერთ-ერთი მათგანი მღვიმეებში ჩვენი გიდი უნდა ყოფიოლიყო, მეორეზე არაფერი ვიცოდი და დავასკვენი რომ ლილის წამოსვლაც შეიძლებოდა. ორშაბათს მაინც ვკითხე პაატას და ცოტა ყოყმანი კი შევამჩნიე, მაგრამ მაინც დამთანხმდა.
სადგურზე ჭიათურის ავტობუსთან ვიკრიბებოდით. დაქორწინების შემდეგ მომიყვა რომ მეგობრის წამოყოლა რომ ვუხსენე, ვლოცულობდი ბიჭი არ ყოფილიყოვო. სადგურზე ლილი გავაცანი. ხელის ჩამორთმევისას მივხვდი რომ პაატას სულაც არ ეპიტნავა ლილის იქ ყოფნა, არ ვიცი რატომ ვერ შეითვისა , რა არ მოეწონა. ლილის არაფერი უთქვავს მასზე და არც მე მიკითხავს განსაკუთრებულად.
მე ფანჯარასთან ვიჯექი. მთელი გზა მე და ლილის პირი არ გაგვიჩერებია-ხან რას მიყვებოდა და ხან -რას. მეც ვტიკტიკებდი პატარა ბავშვივით. მხოლოდ ერთხელ დავიჭირე პაატას მოღუშული, ზებუნებრივად ბნელი გამოხედვა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ბოლოს ფანჯრიდან შემოსულ ნიავს დავაბრალე ხელებზე გაჩენილი ბატის კანივით ბორცვები.
ჭიათურაში პირველად ვიყავი და ყველაფერს გაფართოებული თვალებით ვუყურებდი. ყველაფერი აღმაფრთოვანებდა და ბავშვური სიალალით გამოვხატავდი თითოეულ ემოციას.
კირქვულ ზოლში მოქცეულ კარსტულ მღვიმეებში გიდი შეგვყვყა. ყველას ხელის ელექტრო სანათი გვქონდა თან. პირველად მდინარე საძალისხევის აუზში არსებულ მღვიმეში შევედით. არ არსებობდა ტურისტული მარშრუტის თეორიული პასპორტიზაცია და დაგეგმარება, ადგილობრივებმაც კი არ იცოდნენ ზუსტად მღვიმე, ჩვენი გიდი კი არაერთხელ იყო რამდენიმე მღვიმეში ნამყოფი და საკუთარი ხელისგულივით იცნობდა იქაურ მიხვეულ-ჩახვეულებს.
ბოლოს სოფელ რგა¬ნის მი¬და¬მო¬ებ¬ში,მდინარე ჭე¬რუ¬ლას აუზ¬ში არსებული გვარ¬ჯი¬ლას¬კ¬ლ¬დის მღვი¬მე მოვინახულეთ. ჩვენი გიდი, რომლის სახე ბუნდოვნად დამამახსოვრდა, სახელი კი სიმონი ერქვა, გვიხსნიდა რომ  იქ მიკვლეული იყო ზედაპალეოლითის ეპოქის ნაშთები,  კაჟისა და ობსიდიანის იარაღები. იმ მიდამოებში მრავლად იყო  გარეული ღორი, ზებრა, ქურციკი, ირემი, წაბლისფერი დათვი, მგელი, მღვიმური დათვი, ზღარბი, კვერნა და სხვა ცხოველი. მღვიმეს ადვილად მივუდექით და დაღლილებმა საკმაოდ მარტივად გავიარეთ. უკვე ავტობუსში ჩასასხდომად ვემზადებოდით რომ მღვიმის მხრიდნ დათვი დავინახეთ - ჩვენსკენ მოდიოდა და ძალიან გაბრაზებული მომეჩვენა. პაატამ და გიდმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა ზოგმა მაინც მოასწრო წამოწივლება, რაც უფრო აჩქარებინებდა დათვს ნაბიჯებს. სიმონმა სანადირო თოფი ამოიღო და უნდა დაემიზნებინა, რომ ლილიმ ხელით ანიშნა და ჩუმად და მშვიდად უთხრა „არ გაბედო!“.
ლილიმ მიჩურჩულა რომ არ გავნძრეულიყავი და ნელი ნაბიჯებით წავიდა დათვისკენ. ჩემს გულს არასდროს უმუშავია ასე გამალებით, როგორც იმ მომენტში. მეშინოდა, მაგრამ მჯეროდა ლილისი. დათვი ავტობუსამდე უკვე სადღაც 80 მეტრში იყო, როცა მასთან ლილი მივიდა. დათვი გაჩერდა, ერთი-ორი დაიღრიალა და ცოტა ხანში უკან შეტრიალდა. ლილი მანამ იდგა გაუნძრევლად, სანამ დათვი მღვიმეში არ გაუჩინარდა.
შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქეთ, როცა ყველა ავტობუსში ვისხედით და პაატას ახლობლის სახლისკენ დავიძარით. ყველა ლილისთან გასუბრებას ცდილობდა, ეკითხებოდნენ რა უთხარი დათვს ასეთიო, რაზეც ლილისგან მხოლოდ გულწრფელ ღიმილს იღებდნენ პასუხად.
პაატა არ მოგვკარებია. მისი უგუნებობა არ გამომპარვია და მივხვდი მიზეზს: იმ დღის გმირი  აღარ იყო პაატა და ამან კიდევ უფრო დიდი და საფუძვლიანი მიზეზი გაუჩინა ლილის არმოწონების.
პაატას ახლობლები სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა. თბილად მიგვიღეს, მასპინძლის ბიჭები დაგვეხმარნენ ნივთების გადმოლაგებასა და ოთახებში შეტანაში. მე ბევრი არაფერი მქონდა. ლილისაც მხოლოდ ერთი წითელი ზურგჩანთაქ წამოეღო, სადაც ჩემს მაგივრადაც ელაგა პირველადი დახმარების პატარა ჩანთა, თბილი გადმოსაცმელები, ქუდი, წყლები და კიდევ წვრილმანები. მასპინძლის უფროსი ბიჭი 27 წლამდე იქნებოდა. პირველი ჩვენი წითურთმიანი ლილი შეამჩნია და სთხოვა ჩანთის შეტანაში დაგეხმარებითო. ლილიმ უარი ვერ უთხრა. მთელი საღამო ის ბიჭი ლილის გვერდიდან არ მოშორებია. ვახშმის მერე გავიგეთ რომ ოჯახის უმცროს გოგონას მაღალი სიცხე ჰქონია - ალბათ გაცივდაო, თქვა დედამ.
ლილიმ ხელების გადაბანა სთხოვა. სპირტი და ძმარი, მიტკლის ნაჭერი და პატარა ჯამი მოატანინა. გოგონა შვიდი წლისა 2 დღეში ხდებოდა. ლილიმ ფანჯარა გამოაღებინა და მარტო დარჩენა სთხოვათ. გოგონა მაღალი სიცხის მიუხედავად, ღიმილით მიესალმა ლილის და პატარა ძვალზე ტყავგადაკრული ხელი აუწია.
45 წუთი იყო ლილი გოგონასთან. კარი რომ გაიღო, ლილის შუბლზე ჩამოშლილი თმა ოფლისგან სახეზე მიკროდა. მტევნით მოიწმინდა შუბლი დ მშობლებს უთხრა რომ გოგონას ჩაეძინა.
ბავშვს სიცხე აღარ ჰქონდა, მშვიდად და ტკბილად ეძინა.
დიასახლისმა მადლიერებისგან ცრემლები ვერ შეიკავა. შემდეგ ოთახებში გაუჩინარდა და რომ გამოვიდა, ლილის ხელში აბრეშუმის თავსახოცი ჩაუდო - „ეს ბებიაჩემის ნაქონია. მინდა თქვენ გქონდეთ. ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ჩვენ ოქრო და ვერცხლი არ გაგვაჩნია, თორემ იმასაც არ დავიშურებდით.“
ლილი არ იღებდა საჩუქარს, დიდი არაფერი გამიკეთებია და არაა საჭირო ამხელა მადლიერებაო, მაგრამ დიასახლისის დაჟინებულ მოთხოვნას ვეღარ შეეწინააღმდეგა. შემდეგშიც ხშირად მინახავს იმ აბრეშუმის თავსახოცით.
მეორე დღეს მასპინძლებმა გვასაუზმეს და სულ მადლობებით გამოგვისტუმრეს. პაატა კიდევ უფრო უარეს ხასიათზე იყო. გოგონების ხუმრობებს ოდნავ შეპარული ირონიით პასუხობდა.
მეხუთე კურსზე აღარ გვასწავლიდა, თუმცა ჩვენს კურატორად მეორე კურსიდან ითვლებოდა და ხშირად მოდიოდა ხოლმე , დაგვხედავდა, გამოგვკითხავდა ამბებს და ისევ თავის ლექციებს უბრუნდებოდა. მეხუთე კურსის დახურვამდე  აღარსად წავსულვართ მასთან ერთად, თუმცა ჩვენი ჯგუფი მაინც აქტიურობდა და ერთხელ გრემშიც კი მოვასწარით წასვლა რთველის პერიოდში. პაატა დავპატიჟეთ, მაგრამ მოუცლელობა მოიმიზეზა.
უნივერსიტეტის დასრულება ერთ-ერთი ჯგუფელის ეზოიან სახლში აღვნიშნეთ. სუფრა დიდ აივანზე გვქონდა გაშლილი. ტკბილეული პაატამ მოიტანა. ტორტიც მან შეუკვეთა ჩვენს საპატივსაცემოდ. ჩვენი უმაღლესის დასრულების სადღეგრძელოც დალია, ჭიქა ბოლომდე დაცალა, რაზეც ჯგუფელებმა ერთმანეთს გადახედეს. მუსიკა რომ ჩართეს და ყველა საცეკვაოდ წამოიშალა, პაატამ ხელი მომკიდა და ეზოში, ტალავერთან გამიყვანა და რაღაც მინდა გითხრაო, შემამზადა.
სანამ საუბარს დაიწყებდა, კისერი მეტკინა ზემოთ ყურებით, მაინც მოთმინებით ველოდი.
- ბაია...
- დიახ პატივცემულო...
- მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდით: პაატა დამიძახე კაი?!
- გამიჭირდება , მაგრამ თუ თქვენი ნებაა, პაატას დაგიძახებთ.
- ბაია, შენ 22 წლის ხარ. მთელი ცხოვრება წინ გაქვს! მე 36 წლის კაცი ვარ. ჩემი ასაკის ხალხს უკვე ოჯახები ჰყავთ, შვილები, ზოგს შვილიშვილიც. მე კი აქამდე მოვედი, რადგან თუ გამიცანი, მიხვდებოდი რომ იდეალისტი ვარ და ურთიერთობაც იდეალური მინდოდა და მინდა. სტუდენტიც ვიყავი, პრაქტიკულის მასწვლებელიც, ლექტორიც - ერთი სიტყვით, ბევრი ვნახე, ბევრი გოგონა და... თუ გახსოვს პირველი დღე, როცა მე შემოვედი თქვენთან?
- დიახ, კარგად მახსოვს.
- გახსოვს რომ დაგინახე, რამდენი ხანი ვიყავი ასე გაჩერებული?
- არ მახსოვს, მე ხომ ფანჯარაში ვიყურებოდი! რომ გამოვიხედე, მაშინ შეგამჩნიეთ და მისაყვედურეთსავით.
- არა, ეს საყვედური კი არა, ჩემი აფორიაქებული გულის დასაფარავი ხრიკი იყო. რა გქონდა შენ სასაყვედურო?!
- ის რომ არ გისმენდით!
- ბაია, ჩემო პატარა გოგო, 5 წელი გაკვირდები და ვერაფერი შეგამჩნიე ისეთი, შენში რომ დამაეჭვოს - რაც იყავი პირველ დღეს, იგივედ რჩები და ეს შესანიშნავია, როცა ვერაფერი გცვლის.  ვერც მამაშენის სიკვდილმა  გაგაბოროტა, ვიცი როგორ გიყვარდა, ვერაფერმა შეგცვალა. შენ, ჩემო ბაია, ისეთ გრძნობებს ბადებ ჩემში, ამხელა კაცი ვარ და ვერ ამიხსნია. თავიდან ვერ ვხვდებოდი, არ ვუტყდებოდი ჩემს თავს. სამძიმარზე რომ მოვედი და როდესაც ჩამეხუტე და ცრემლებით მხარი დამისველე, მაშინ მივხვდი რომ უშენობა არ შემეძლო, რომ მუდმივად შენი დაცვა და პატრონობა მინდოდა, რომ მეტი ასე აღარ გეტირა, შენი ცრემლები ისე მტკიოდა...
მე გაოგნებული ვუსმენდი და არ ვუჯერებდი ყურებს. ეს ამხელა კაცი ისე დაპატარავებული მეჩვენა, იმდენად გადაშლილი, იმდენად მიწიერი და „ჩემი“. ნუთუ მისი ყურადღება დავიმსახურე!? - ამას ვეკითხებოდი საკუთარ თავს და გული უფროდაუფრო მიჩქროლდებოდა.
- ბაია, მინდა მუდამ შენს გვერდით ვიყო, გიცავდე, გპატრონობდე, მინდა რითაც შემიძლია ყველაფრით გეხმარებოდე, მხოლოდ შენი თანხმობა მჭირდება, რომ მომცე უფლება მუდამ შენთან ვიყო. აიტან ჩემნაირ კაცს ბაია? ამიტან? ძაან ბებერი ვარ შენთვის ბაია? რატომ არაფერს მპასუხობ? გაგიჟებამდე მიყვარხარ !
ვეღარ მოვითმინე, არაფერი მქონდა სათქმელი, გული გაჩერებამდე მქონდა მისული, ერთი ამოვხეთქე ტირილიდ და ძალიან ძლიერად ჩავეხუტე. როდესაც ჩემი სახე თავის დიდრონ ხელებში მოიქცია, ვერ მიხვდა რატომ ვტიროდი.
- გაწყენინე რამე ბაია? არ მოელოდი რაც გითხარი? იმედი გაგიცრუე? მითხარი რამე, გთხოვ!
- მადლობა - ესღა შევძელი მეთქვა.
- მადლობაო? ჩემო პატარა, მადლობა შენ რომ არსებობ და მაბედნიერებ! არ მეგონა თუ ამხელა კაცს სიყვარული მეწვეოდა და ჩაქნეული მქონდა ხელი. შენ კი დაღმართს დაქანებული შენი პაწია ხელებით ისევ აღმართს ამიყოლე. შენ, შენ თუ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა? გინდა მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყო? ამიტან? გეყვარები?
მე ისევ ჩავეხუტე და ისევ ტირილი ამიტყდა. თავადაც ვერ ვხვდებოდი რა მატირებდა. ძლიერ ფრთად წარმოვიდგინე, რომელსაც სულ ვაღმერთებდი და მიუწვდომელ ადამიანად მივიჩნევდი. რაღაც ძლიერი გრძნობა იყო, სიყვარულს ძალიან ჰგავდა.
ასე, დვიწყეთ ქორწილისთვის მზადება, როცა პაატას საფრანგეთიდან მოწვევა მოუვიდა.
1 წელი განშორება რთული გადასატანი იყო, თუმცა ყოველდღე ვუწერდი წერილებს და ფოსტალიონები გადავრიეთ მეც და მანაც. 23 წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ, ის კი 37-ის. დედაჩემი დიდი სიხარულით არ შეხვდა ასაკობრივ სხვაობას, მის სასიყვარულო ისტორიებს, რომელიც ბეჯითმა ახლობლებმა გაკითხვ-გამოკითხვის შემდეგ დაწვრილებით ჩაუკაკლეს დედას, მაგრამ ჩვენ დავქორწინდით და დარწმუნებული ვიყავი ვერავინ და ვერაფერი შეგვიშლიდა ხელს ბედნიერებაში.
***
მზიურთან კაფედან გემრიელი სურნელი გამოდიოდა. შიგნით მხოლოდ 2 მაგიდა იყო დაკავებული. ერთზე ორი სტუდენტი გოგონა იჯდა. მეორე მაგიდაზე კი ახალგაზრდა, ალბათ ჩემი ასაკის მაღალი, მხარბეჭიანი, სათვალიანი და თხელ ულვაშებიანი მამაკაცი იჯდა. რომ შევედი ზუსტად 2 საათი იყო და ალბათ მიხვდა რომ მე ვიყავი, წამოდგა, ხელი ოდნავი მაღლა აწევით დამიქნია და მაგიდსთან მიმიწვია. ხელი ჩამომართვა და გამეცნო.
- ავთო.
- ბაია, სასიამოვნოა.
- ჩემთვისაც. დაბრძანდით. რას მიირთმევთ?
- ყავას, ვერ მოვასწარი ბოლომდე დალევა სახლში.
- ხო, ჩემი ბრალია, ცოტა ადრე უნდა გამეფრთხილებინათ ალბათ, მაგრამ მეც გუშინწინ გავიგე და ჯერ საქმეების შესწავლის პროცესში ვიყავი.
- სად არი ის ორი ადვოკატი, ვისაც ლილის საქმე უნდა წაეყვანა?
- ლილიმ მათზე უარი თქვა და მე დამირეკეს- ლილის უნდა რომ მისი ადვოკატი იყოვო.
- იცნობთ ლილის?
- კი, ვიცნობ. უცნაურია ჩვენი ნაცნობობა.
- საიდან გაიცანით?
- ჩემი და გადაარჩინა ბავშვები რომ ვიყავით. მაშინ მითხრა, შენ ადვოკატი უნდა გამოხვიდეო და აგერ, ადვოკატი ვარ.
- სულ იმ ნათქვამის დამსახურებაა?!
- არ გწამთ ხო?! ღმერთის თუ გწამთ?
- რა მნიშვნელობა აქვს იმას, რისი გწამს ადამიანს?! მთავარია ვის სწამს შენი და ეს კი საქმით მტკიცდება. ლილის სწამს ჩემი და არ მინდა იმედები გავუცრუო. ეს თქვენი მერამდენე საქმეა?
- (მცირე პაუზის შემდეგ მიპასუხა) პირველი.
- ოხ, ღმერთო ჩემო! ძალით აკეთებს მაგ ქალი მგონი, უნდა ალბათ რომ დახვრიტონ! სხვა ახსნა არ არსებობს! უნდა რომ მიმატოვოს!
- რატომ შემომხედეთ ასეთი ცუდი თვალით?
- ცუდი თვალი არაფერ შუაშია. გამოცდილი ადვოკატები გაუშვა სახლში და თქვენ მოგიყვანათ, გამოუცდელი, მე კი საერთოდ ამიკრძალა ამ საქმესთან შეხება!
- მოდი, მე არ მივაქცევ ყურადღებას თქვენს უნდობლობას და საქმეზე გადავალ.
- სხვა გზა არ მაქვს. გისმენთ!
- მომიყევით ლილიზე.
- თავად არ  მოგიყვათ არაფერი?
- არა, დუმილის უფლებას ინარჩუნებს.
- ლილი 9 წლისამ გავიცანი - და მოვუყევი ჩვენი ისტორია.
- და მეზობლები რასაც ჭორაობდნენ მართალი იყო?
- რათქმა უნდა არა-აღვშფოთდი მე.
- რითი ირჩენს თავს?
- სიმართლე გითხრათ აქამდე ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ როგორც ვიცი ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და ...
- და სად არიან მისი მეგობრები ახლა? რატომ არავინ ჩანს?
- მგონია მანდ არ შეიძლება მონახულება.
- ვინ მოგატყუათ? ადვოკატს შეუძლია დაანიშნინოს შეხვედრა. ის ხომ ჯერ მხოლოდ წინასწარი დაკავების იზოლატორშია, დამნაშავედ არ არის ჯერ ცნობილი, მანამდე კი უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს.
- მინდა შევხვდე! ძალიან მინდა მისი ნახვა!
- მოგიწყობთ შეხვედრას. მანამდე კი რა იცით, მომიყევით.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები