ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 ივლისი, 2020


წარმოსახვა და პოეტური წარმოსახვა

ნინო დარბაისელი

წარმოსახვა და პოეტური წარმოსახვა
- - - -

სათაური ტავტოლოგიურიაო?!
არა, არ შემშლია, ეს ორი სხვადასხვა  რამ არის.
მათ შორის ტოლობის დასმა - არამართებულია.
ჩვეულებრივი, თუ გნებავთ, არაჩვეულებრივი წარმოსახვა, მეტაფორული თუ არამეტაფორული, განსაკუთრებით დღეს, ჩვენს რთულ დროში, ნევროზების, ფსიქიკური ტრავმების, პოსტ-ტრავმული სიმპტომების, საძინებელი საშუალებების, მსუბუქი თუ არა მსუბუქი  ნარკოტიკული ნივთიერებების მეტად ხელმისაწვდომობის და ა.შ გამო, ადამიანებს გამძაფრებული აქვთ.     
  საკმარისია, ასეთ ადამიანს ოდნავ კალამი უჭრიდეს, ფურცელზე გადაიტანს მათ, თუნდაც ქვეცნობიერი თერაპიული სწრაფვის გამო - მოახდინოს მათი ვერბალიზაცია და  ამ გზით რაღაც შვება იგრძნოს, რომ ექმნება პოეტობის ილუზია.
  რატომ ხართ ასე  უსამართლოდ სასტიკიო, - იქნებ  გულწრფელად მისაყვედუროს რომელიმე კონკრეტულმა ავტორმა, - ნახეთ, ჩემს  სახეებით მდიდარ ლექსს კომპოზიციაც აქვს, კარგადაც ჟღერს, აზრიც მოეძევებაო.
რა უნდა ვუპასუხო ასეთ შემთხვევაში?
ვრცელ სიტყვას ვერც წარმოვთქვამ და არც არავინ მომისმენს,  სპეციალისტებსაც კი საგანგებო მზაობა გვჭირდება ამისთვის,  მოკლედ  და მარტივად კი რაღაც ასეთი გამომივა:
  სიზმარს, სიზმრისეულ ცნობიერებასაც კი აქვს თავისი  რთული ან მარტივი კომპოზიცია, რომელიც ხან ადვილი, ხან ძნელად მოსახელთებელია; აქვს აგრეთვე, პოეტურ ლოგიკასთან ძალზე მიმაგავსებული  სიზმრეული, ჰალუცინატორული, თუ როგორც გნებავთ, უწოდეთ, ლოგიკაც.
  განსხვავებას ქმნის ერთი პრინციპული რამ:
წარმოსახვათა ჩანაწერი თუ დღიური, რაოდენ ფერადოვანი ან შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს, თუნდაც ვერლიბრთან მიმსგავსებით, მოკლე სტრიქონებად დანაწილებულ-დასახსრული, მოკლებულია მხატვრულ, პოეტურ  ფუნქციას.
ეს ოხერი ფუნქცია, ანუ ცალკეული დეტალის მთლიანთან, მთელთან (ჩანაფიქრთან, სათქმელთან?) შესაბამისობის, მიმართების, მონადურობის თავისებურება არის ის, რაც პოეტს აიძულებს, წერის გარდა, წაშლის ხელოვნებას დაეუფლოს, არა მხოლოდ ყველა  ცალკეულ სახეზე, სიტყვაზე, ინტონაციურ რხევაზე, არამედ ყოველ ნიუანსზე კარგად დაფიქრდეს, რა ფუნქცია აქვს, რას აკეთებს ეს ტექსტში? რით ეხმარება მას, იქნებ პირიქით, ხერგავს, ბლოკავს,  მასში რაიმე უფრო მნიშვნელოვანს?
    და თუ პასუხს ვერ იპოვის, ან საერთოდ შეელიოს მას ან რაიმე უკეთ შესაბამისით შეცვალოს.
სხვა ლიტმცოდნეს ან პოეტს იქნებ ამაზე უკეთ შეეძლოს ამ სათქმელის ჩამოყალიბება. ინტერნეტში, ავტორთა და მკითხველთა ფართო წრისადმი მიმართვისას კი ჩემი შესაძლებლობის ზღვარი აქ გადის, რათა თუ არ დავარწმუნო, დავაფიქრო მაინც  ამის წამკითხველი  - ადამიანურ,  რაიმე ტრავმით გააქტიურებულ, გაღიზიანებულ, ავადმყოფურ და ა.შ წარმოსახვასა და პოეტური წარმოსახვას შორის პრინციპული განსხვავების შესახებ, თუნდაც ეს უკანასკნელი პირველს ოსტატურად იყენებდეს საკუთარი მხატვრული მიზნებისათვის, როგორც მასალას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები