ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: საბავშვო
16 ივლისი, 2020


როგორ გაჩნდა ორწერტილი

                                             

ძველად, ძალიან დიდი ხნის წინათ, ერთ სამეფოში ცხოვრობდა ორი წერტილი, ოღონდ, ერთი -  ქვეყნის დასაწყისში, მეორე  კი, ქვეყნის  ბოლოში. ორივე ძალზედ მოწყენილი იყო, რადგან მათთან არავინ მეგობრობდა, არავინ ეთამაშებოდათ ხოლმე, რადგან ისეთი პატარები იყვნენ, რომ დამალობანას თამაშისას ვერავინ ახერხებდა მათ პოვნას, დაჭერობანას თამაშის დროს კი - დაჭერას.
ერთ მშვენიერ დღეს პირველმა წერტილმა გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო და სადმე მეგობარი ეპოვა. ასეთი იდეა მეორე წერტილსაც გაუჩნდა და ის მეორე დღეს დაადგა გზას.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ერთ დილით ისინი ერთმანეთს შეხვდნენ.
- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა პირველმა წერტილმა მეორეს. -  რატომ მგავხარ ასე?
- მე წერტილი ვარ, პაწაწინა, მაგრამ ყველაფრის საწყისი წერტილი - უპასუხა მეორემ.
- მაშინ, მეც ხომ წერტილი ვარ? მეც ყველაფრის საწყისი ვიქნები?
- რა თქმა უნდა - დაუდასტურა მეორემ.
ერთმანეთის აღმოჩენით ორივემ ძალიან გაიხარა, ურთიერთს ხელი ჩასჭიდეს და სიხარულისგან ხტუნვა დაიწყეს.  ყოველი ახტომა წინაზე უფრო მაღლა ხდებოდა.
- რა კარგია, ერთად ვართ! - იძახოდა პირველი წერტილი.
- აწი სულ ერთად ვიყოთ - ყიჟინებდა მეორე.
ხტოდნენ, ხტოდნენ  და... ჰოი, საოცრებავ,  სადღაც, უცხო ქვეყანაში ჩახტნენ.
შეშინებულებმა კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდეს ერთმანეთს ხელი და ქვეყნის დასათვალიერებლად გასწიეს. ეს ქვეყანა სასვენ ნიშანთა სამეფო აღმოჩნდა.
მათ ისე მოეწონათ ეს სამეფო, სადაც განსაკუთრებული წესრიგი სუფევდა, სადაც ყველამ თავისი საქმე და ადგილი იცოდა, რომ იქ დარჩენა გადაწყვიტეს .
აი, იმ დღის მერე გაჩნდა ამ სამეფოში კიდევ ერთი სასვენი ნიშანი - ორწერტილი.

აბასთუმანი. 2020
მანანა კაკაჩია



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები