ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: იუმორისტული
17 ივლისი, 2020


კონტროლი

კონტროლი

წინასიტყვაობა
სამყარო ისეთია როგორიც არის, გააჩნია ჩვენ როგორი თვალით შევხედავთ. მე ვისწავლე ნახევრად ცარიელი ჭიქა კი არა, ნახევრად სავსე დავინახო და წარმოიდგინეთ, მშველის. თქვენც იგივეს გირჩევთ , რადგანაც , რაც არ უნდა იყოს, ცხოვრება მშვენიერია!

***

კონტროლი-ეს ის სიტყვაა, რომელიც მთელს ჩემს ცხოვრებას დაღივით ასვია, არასასიამოვნო დაღივით: ბავშვობაში და სკოლის პერიოდში მშობლები მაკონტროლებდნენ, გავთხოვდი და ქმარი და დედამთილი, ახლა კიდე-შვილები. ასე რომ , თავისუფლებისა და ლაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანისთვის მთლად სასიამოვნო ასოციაცია არაა ამ სიტყვასთან დაკავშირებული და სამსახურში ძალიან მაგარი შანსი მომეცა მისი ჩანაცვლების-სამსახურში მონიტორინგს ვეძახი და ვარ ამოსუნთქულ მდგომარეობაში. ხოდა, ის გითხარით რომ არ მიყვარს ეს სიტყვა, ისევე როგორც კლასიკური მუსიკა და ჯაზი იწვევს ჩემში ბავშვობის მოგონებებიდან ბაღში ან სკოლაში წასვლის ასოციაციას, რადგან დილის 7 საათზე ირთვებოდა რადიო და იწყებოდა ან კლასიკური მუსიკით და ან ჯაზით, ასევე ეს სიტყვაც ძალიან ღრმად ჩაძირულ და ასევე, ზედაპირზე მყოფ მოგონებებს ერთდროულად შემოატევინებს ჩემს განწყობაზე და მირევს ისე, როგორც ჩემი თმა ირევა ერთ საათში, რაც არ უნდა რადიოზე დავიყენო.
ახლა კი, სიტყვა „კონტროლის“ ისედაც უსიამო ასოციაციას დაემატა დედაჩემის კონტროლზე ტარება.
ყველაფერი იმით დაიწყო ... უფრო სწორად რით დაიწყო არ ვიცი, შედეგი ის იყო რომ აღმოაჩნდა კარცენომა, გაგრძელება იყო რომ ამოაჭრეს, გაგრძელების გაგრძელება იყო რომ სხივური თერაპია დაუნიშნეს და გავიარეთ და ახლა ჯერი დადგა კონტროლის.
ხო, იტყვით : კარცენომა აღმოაჩნდა და ამაზე წერს იუმორისტულშიო?! დიახ, იმიტომ რომ არ არსებობს იუმორი სევდის გარეშე, ასევე სევდა არ ვარგა იუმორის გარეშე. სწორედ ამიტომ, მეც ვცდილობ ამას შევხედო მარტივად, არ მოვყვე როგორ დავისიე თვალები პირველად ეს რომ გავიგე და ათასი სისულელე წარმოვიდგინე, არამედ მოვყვები იმას რომ დედაჩემიც ცდილობს იუმორით შეხედოს მოვლენებს (სპეციფიკური იუმორით), ოღონდ თავისებურად „მარტივად“, თავისი მეგრული გაგებით, მე-ქიზიყურით.
მოკლედ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე მამას შემთხვევაში - მამასაც იგივე ჰქონდა ოღონდ სხვა ორგანოზე-ეს ყველაფერი მაინც ერთი ჭირია და ჩათვალეთ რომ სულ ბომბზე ზის ადამიანი: ზოგის მექანიზმი მალე ირთვება და ზოგისაც -გვიან. მაგრამ ეს ხომ ყველაფერი არაა-ცხოვრება გრძელდება და სწორედ ასე უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს-დიახაც, მაშ როგორ?!
ხოდა, ეს ოხერი კონტროლის დროც მოვიდა.
დედას არ უნდა რომ წავყვე-რას მიმალავს „черт его знает“ , და დავეჩესტე საავადმყოფოში, როცა თავის „პადრუჟკასთან“ ერთად (2 ბებრუხუნა) მისეირნობდნენ კლინიკისკენ.
რომ დამინახა თვალები გადმოეკვესა პირბადეზე, მაგრამ არაფერი შეიმჩნია-ესეთები ეხერხება.
პროცესი ასეთია: ჯერ ონკოლოგთან ვიზიტი, მერე ეს ონკოლოგი გეტყვის სად უნდა წახვიდე . მან კი ათას ვინმესთან გაუშვა: გინეკოლოგი, პაპ ტესტი, ნევროლოგი, ანალიზები, ემ ერ ტე (ჯანდაბა, არ ვიცი როგორ იშიფრება ეს ოხერი) და ა.შ.
ნუ, როგორც გითხარით, დედა თავისებურად, მეგრული სიმშვიდით უყურებს ყველაფერს. გავიგეთ რომ მიმღებშიც რიგია, ანუ რომ დაიკავო ექიმთან რიგი, იმისთვისაც რიგია. კანონმორჩილი მოქალაქეებივით დავიკვასეთ ჩანთები და ვსხედვართ. გავიდა 10 წუთი, 20, 30, 40..... ამ დროს წამოხტა დედა და მივარდა მიმღებს: გოგოებო, მე მინდა ექიმთან და როდის უნდა დავრეგისტრირდე?
- ქალბატონო მოითმინეთ, თქვენი რიგი ჯერ არაა-შეძლებისდაგვარი თავაზიანობით პასუხობენ გოგონები;
- ავადმყოფი ქალი ასე უნდ მალოდინოთ? - გაწიწმატდა დედაჩემი. ამ დროს მის უკან ერთი ყავარჯნიანია, მეორე ცოცხლად-მკვდარი, მესამე ორსული....
აქედან ვცდილობ ღიმილით ვაჩვენო რომ დამშვიდდეს მაგრამ რად გინდა-პირბადე მიკეთია და გვიან მივხვდი რომ ჩემი სხეულის ენა წყალმა წაიღო.
- აქ ყველა ავადმყოფია ქალბატონო და იქნებ დაელოდოთ;
მოდის დედაჩემი უკმაყოფილოდ, ცქმუტავს ადგილზე და ვერ ისვენებს. ხან რა თემაზე გავუბი საუბარი, ხან რაზე შევეცადე გადამეტანა ყურადღება-ვერა რა, მაინც მონიტორს და ციფრებს უყურებს. როგორც ყველაფერს აქვს დასასრული და დასაწყისი, ისე ჩვენი მორიგი ტანჯვა (მორიგი და არა უკანასკნელი) დასრულდა და ახალგაზრდა გოგონა გაგვყვა ტესტის გასაკეთებლად , ანალიზების ჩასაბარებლად და გინეკოლოგთან ვიზიტზე. მიგვითითა სკამზე და გვითხრა „უნდა მოიცადოთ, 15 ადამიანია რიგში.
15 ადამიანიაო?!....გაამეორებინა, ხომ არ მომესმაო და იქ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. გოგო კერკეტი კაკალი გამოდგა და ოლიმპიური სიმშვიდე გაამოიჩინა (მიჩვეული არის ალბათ საწყალი). მე ბოლოს ავწიე პირბადე და მოდი დაჯექი თქო ამოვიკვნესე, თან ღიმილს ვაყოლებდი, კუდები არ გამოაბას დედაჩემმა, აქაოდა ხმამაღლა მითხრა რამეო - ასეთები სჩვევია თუ რა?!
თვალს მოეფარა ის ავადსახსენებელი გოგონა და, როგროც კი გამოვიდა მორიგი პაციენტი, მივარდა დედაჩემი კარს და აკაკუნებს. ამ დროს ეს გოგონა , საიდან არ ვიცი, მაგრამ წამში იქ გაჩნდა-ქალბატონო ახლა თქვენი რიგი არ არის, აგერ, ამ ქალბატონის რიგიაო - უთხრა. მოდის დედაჩემი ჩემთან იმედგაცრუებული და ყურში მიჩურჩულებს-ახლა დავიჭერ ამ გოგოს და დავპუტავ, რა მისი საქმე იყო, შევიდოდი და ვინ გაიგებდა?!
მე სიცილით ვპასუხობ და ვცდილობ დავამშვიდო, მაგრამ ჩემი დამშვიდება ცეცხლის ხელის ქნევით ჩაქრობას ჰგავს. უცებ , ისევ გაშპა დედაჩემი, გაქრა, ვერ ვპოულობ და მესმის კორიდორის მეორე მხარეს ჩხუბი - გოგონა არ დაუპუტია , მაგრამ არც არაფერი დააკლო. ვაიმე ვიძახი, რა მეშველება, გადამერია ქალი ამდენი ლოდინით. ბოლოს , ერთმა ღვთისნიერმა ქალმა დაგვითმო ადგილი. შევედით და დედაჩემის „რეჩი“:
- ირაკლი ექიმო, აი ძალიან კარგად ვარ, საჭიროა ახლა ამდენი გამოკვლევა და ამ გინეკოლოგის მაგიდას ხომ ვერ ვიტან საერთოდ დ წავალ მე ახლა სახლში!? (აი, ძალიან მცირედად ჰქონდა კითხვითი ფორმა მის ნათქვამს, რომ არსებობდეს ნახევრად კითხვის ნიშანი, იმას გამოვიყენებდი);
- არა, ქალბატონო, სამ თვეში ერთხელ კონტროლი აუცილებელია.
შეეყინა დედაჩემს ღიმილი სახეზე და მორჩილად შეჰყვა პროცედურების ოთახში.
მე დრო ვიხელთე და ავუხსენი ექიმს რომ ისედაც არ იყო მშვიდი და თაფლაკვერა ხასიათის და ამ ოპერაციამ და სხივებმა და ზოგადად დიაგნოზმა, მთლად ასეთი მოუსვენარი გახადათქო. მან ეგრევე მიმართვა დამიწერა ნევროპათოლოგთან და აუცილებლად დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი სჭირდებაო-დამაიმედა რომ ნევროპათოლოგი დაუნიშნავდა.
გამოსულმა დედაჩემმა ახალი მიმართვის შესახებ რომ გაიგო, თავისი ოპერატორი ქირურგის მოერიდა (რომელიც მაღალია და ამიტომ ძალიან მოსწონს), თორემ არც მე დამადგებოდა კონსულტანტ გოგონაზე უკეთესი ბედი (პრინციპში არც მერე დამადგა უკეთესი ,საავადმყოფოდან რომ გამოვედით).
ხო, ამხელა ქალი ვარ და დედაჩემის ახლაც მეშინია-გაგეცინებათ და თუ გაბრაზდა, არ იცის ქუჩა, ხალხი, საზოგადოება, ისე გაგატარებს ხორცსაკუწში, ძვალსაც არ გამოგარიდებს-ძვლიანად და ფხიანად.
ამის მერე ჯერ რისთვის ვიდექით რიგში, მერე რისთვის-გავიდა დღე, ვუხსნი რომ სამსახურში წასვლა უკვე დიდი სისულელეა.
- სისულელე? ესეიგი მე სულელი ვარ?
- არა, დედა, შენ არასწორად გამიგე! ახლა, დღის მეორე ნახევარში , დაღლილი, მშიერი რატომ უნდა მიხვიდე, როცა ხვალ შეგიძლია იმუშაო!
- არა, მე კარგად გავიგე! სულელი ვარ ხო, დიდი ხანია გაიზარდე და ქალად იქეცი? აღარ გჭირდება დედა, ხო?! ახლა სულელი ვარ, აბა რა....
და ასმაგად გამიხარდა როცა მორიგ ექიმთან დაუძახეს და ათასმაგად-როცა მე შიგნით არ შემიშვეს, თორემ მომთუთქავდა თვალებით!
გამოსული ცოტა ბედნიერი მეჩვენა-თვალით არაფერი ჩანსო. მეც ათასმაგად გამიხარდა.
დადგა ნევროპათოლოგის ჯერი და ბუინობს: მე რა გიჟი ვარ? რა მინდა ნევროპათოლოგთან-ამას იმხელა ხმაზე ამბობს რომ ყველა რიგში მდგომმა იგივე კითხვის ნიშნიანი გამომეტყველებით გადმოხედეს: ჩვენ რა გიჟები ვართ?!
შვიდჯერ შეუღო კარი, ცხრაჯერ წამოხტა კიდევ კარის შესაღებად, არ გაუჩერებია წუწუნი, თუ რა ნელა მუშაობს... ამ დროს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა აუხსნა რომ მასაც ამდენ დროს დაუთმობდა, რადგან ასეთი ყურადღებიანი ექიმიაო.
დადგა ჩვენი რიგის დროც და გვეღირსა შესვლა, იიიიეეეეს! - ვფიქრობ გულში, მაგრამ რად გინდა: ორი პაციენტი ვერ გამოეტია ოთახიდან. ერთი დაუჯდა და მილიონჯერ ახსნევინა რა და როგორ უნდა მიეღო, მეორე კი, მეორე საერთოდ რატომ იყო ამ ქალთან ვერ მივხვდი: მივიდა ფილტვის რენტგენით და ალერგია გაქვსო ან ფილტვის ექიმს გაესინჯეო-რა უნდოდა ნევროპათოლოგთან?!
შევედით და გვგონია რომ ეს ახალგაზრდა და სიმპატიური ქალბატონია ექიმი, რომელიც უხსნიდა პაციენტებს რაღაცეებს. ამ დროს ვიყურებით მარცხნივ და ვხედავ სყვარელ მოხუცს, რომელიც გაღიმებული სახით მიგვითითებს რომ დავსხდეთ და პაციენტი რომელი ხართო - გვეკითხება.
- აი, ნუნუ ექიმო, ჩემმა ოპერატორმა ექიმმა მომცა მიმართვა, მაგრამ კარგად ვარ და აი რა მჭირს სათქვენსამკურნალო?!
ეღიმება მოხუცს და პარალელურ რეჟიმში ძველ პაციენტებს კიდევ აძლევს მითითებებს.
როგორც იქნა ერთი გაისტუმრა და
- ნუნუ ექიმო, რამდენი წლის ბრძანდებით? - ქალი შეცბა პირდაპირობისგან, რომელიც არაფრით გავდა მეგრულს, არამედ უფრო კახური იყო, ვიდრე მეგრული.
- იცით, მე არ ვამბობ ასაკს.
- რატომ?
- იმიტომ რომ ვინც გაიგებს ჩემს ასაკს, აღარ მოვა ჩემთან
- როგორ გეკადრებათ, მე თქვენნაირ გამოცდილ ექიმებს ძალიან ვაფასებ. აბა, მთელი ცხოვრება სამედიცინოსთვის ვამზადებდი ბავშვებს და იცით, რამდენჯერ შემდხვედრია საავადმყოფოში ჩემი ყოფილი ნამოწაფარი და მათ შორის ისეთებიც, რომ ქიმიაში ვერაფერი ვასწავლე და წყლის ფორმულის მეტი რომ ვერაფერს იმახსოვრებდნენ? და იცით რამდენჯერ გამოვბრუნებულვარ იმათგან? ხოდა მე კი ვიცი რა უყრიათ იმ გამოტვინებულ თავებში, მარა ვინც არ იცის?! ისინი ხომ მივლენ?! ხოდა, ამიტომ ისევ თქვენნაირი გამოცდილი ექიმი მირჩევნია.
ექიმს ეამა, თუმცა ბოლომდე არ დაუჯერა და ბოლომდე ვერ გამოტეხა და ვერ გაიგო მისი ასაკი, რის გამოც იმედგაცრუებული წამოვიდა საბოლოოდ.
- აბა, მითხარით რა გაწუხებთ?
- არაფერი, არაფერი მაწუხებს! - პასუხობს „ზუბრიაჩკა“ მოსწავლესავით.
- როგორ არ გაწუხებს? ექიმო, ოპერაციის მერე ჩავიტარეთ სხივები და ცოტა შფოთვა და მოუსვენრობა აქვს, ხან ტირის, ხან ჩხუბობს, იშვიათად აქვს მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი.... - ვეუბნები მე.
- აჰ, როდის მქონდა მშვიდი ხასიათი, სულ ასეთი ვიყავი... - გაწიწმატდა დედა.
ექიმი ხელზე ეფერება და ამშვიდებს - ორივე კარგი პუმპულა არიან და კარგი მოსაფერებელი.
ამ დროს ეს რენტგენიანი პაციენტი ხან შემოდის, ხან გადის და მიუბრუნდა დედაჩემი და დაუცაცხანა:
- რას შემოდიხართ და რას გადიხართ? ან გადით და ან შემოდით თუ ქალი ხართ!
ქალი ჩამოჯდა სამედიცინო საწოლზე და გაირინდა.
- აბა, მითხარით როგორ გძინავთ?
- ძალიან კარგად!
- როგორ გძინავს კარგად?როცა გაგეღვიძება რომ ვეღარ იძინებ, ხან კი რომ საერთოდ ვერ იძინებ? - ვერთვები მე და მაწყვეტინებს.
- ახლა, მასე ყველას ემართება, ამ ასაკში რა გასაკვირია?!
- და როგორ განწყობაზე ხართ ხოლმე?
- თუ არ მომიშლიან ნერვებს, მშვენიერ განწყობაზე ვარ! - პასუხობს მედგრად.
- როგორ, ხან ჩხუბობ პატარა რაღაცაზე, ხან ტირი უმიზეზოდ...
- გიჟი ვარ?! ახლა უკვე მიშლი ნერვებს! - მკაცრი ტონით მითხრა და ჩავიწყვიტე ხმა. ავიფარე პირბადე და გავისუსე.
ამის მერე ისაუბრეს იმაზე, თუ როგორი სიბერე ჰოქნდა დედამისს, ნუნუ ექიმს როგორი უფროსი ყავდა, როგორი კოლეგები, როგორ გააჩინა პირველი ბავშვი, მერე როგორ შეაპარა უფროსს მეორე შვილის გაჩენა, რადგან ყველა ორსულს სამსახურიდან უშვებდა მისი უფროსი, მოყვა თუ როგორ მოუწყო ქეიფი და ასე , ოდნავ შეჟუჟუნებულს როგორ უთხრა მეორე ბავშვის ამბავი და დეკრეტზე როგორ მოაწერინა ხელი, გავიგეთ რომ მისი ბიჭიც მანდვე მუშაობს, გავიგეთ ყველაფერი დედაჩემის დიაგნოზის გარდა და როცა აგერ უკვე მოერე პაციენტმა შემოიჭყიტა, რა ხდება მანდო, მე ისევ ჩამოვიხსენი პირბადე და ვუთხარი:
- ნუნუ ექიმო, და დედაჩემს რა უნდა დაუნიშნოთთქო - და როგორც იქნა დაიწყო დანიშნულების წერა. პირველივე რომ დამამშვიდებელი დაუნიშნა, შვებით ამოვისუნთქე. დედაჩემი თვალით მანიშნებდა: მოხვალ ამხანაგო პიპინია სახლშიო. მე კი, პირბადეში რამდენადაც შესაძლებელი იყო, ღრმად ვსუნთქავდი საავადმყოფოს ჰაერს და ვამშვიდებდი თავს რომ ეს ასე იყო საჭირო და ერთ კატრინსაც გადავიტანდი.
- ნუნუ ექიმო, რა კარგი ქალბატონი ბრძანდებით. აი , რატომ არ ცხოვრობთ ჩემთან მეზობლად?! ხომ მოვიდოდი ხოლმე , დაგელაპარაკებოდით, მოგისმენდით - აი, ნამდვილად მამშვიდებს თქვენთან საუაბარი, რად მინდა დამამშვიდებელი მე, თუ არავინ მომიშლის ნერვებს - ცდილობს დედაჩემი რო პირველი პუნქტი ამოაშლევინოს ან მინიმუმ, სასურველში მაინც გადაატანინოს.
- რას ამბობთ ქალბატონო, თქვენ მეზობლად რომ ვცხოვრობდე, მე გავრეკავდი ალბათ - ღიმილით პასუხობს ნუნუ ექიმი. მის ხუმრობას დედაჩემი გაგებით შეხვდა, რადგან სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა.
- აი, რაში მჭირდება დამამშიდებელი?! მე სულ ასეთი ვიყავი, ასეთი ენერგიული!
- თქვენ სადაური ხართ?
- მეგრელი.
- დედაც და მამაც მეგრელი გყავდათ?
- არა, დედა გურული.
- ხოდა, ჩემო საყვარელო, ეგ უკვე საკმარისი დიაგნოზია გრანდაქსინის დასანიშნად!
გაწბილებული გამოვიდა დედა, წამოიღო ჯერ ორად, მერე ოთხად და მერე რვად მოკეცილი დანიშნულება და წამოსცდა რომ თურმე ოპერაციამდე დანიშნულ დამამშვიდებელსაც არ სვავდა. მერე , ჩემს საყვედურსა და შეცხადებაზე გაახსენდა ჩემი შეცოდება და დამაყარა ქოქოლა-ნევროპათოლოგი შენ „გამიჩალიჩეო“.
უფ, მაგაზე მეტი ამიტანია - ესეც ავიტანე და ახლა , დავიწყე იმაზე ფიქრი, ეს წამალი როგორ დავალევინო: ყავაში ჩავუყარო, მაწონში, წვნიანში... როგორ???


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები