ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2020


მოგონებები მონღოლეთიდან (თავი მეოთხე)

თვალები, რომ გავახილე ბოლომდე ვერ მივხვდი სად ვიყავი. ჭრელი კედლები და ჭერი,  სადაც ვარდისფერი დომინირებდა. სხვადასხვა ფერის ნაჭრები ეკიდა ყველგან. სპეციფიური საკმევლის სურნელი ვიგრძენი. რომ დამინახა თვალებგახელილი, გამიღიმა და ჩემთვის უკვე კარგად ცნობილი სიტყვა “სენბენო” მითხრა. ამ სიტყვამ გამახსენა ის, თუ სად ვიყავი და გამეხარდა, რომ გადავურჩი სვავებს. წამოდგომა ვცადე, მაგრამ სხეული არ მემორჩილებოდა. ძალიან გამოფიტული ვიყავი. მან მანიშნა, არ ადგეო და ღია ფერის ჩაი დამალევინა. შემდეგ ვკითხე სად ვარ თქო.
მან მიპასუხა, რომ ჯერჯერობით დედამიწაზე ვიყავი და გამიღიმა.
- უჰ მომეშვა, თუ ჯერჯერობით დედამიწაზე ვარ - ვუპასუხე მე
- თქვენ ვინ ბრძანდებით, ან რას აკეთებთ აქ - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ, თუმცა კითხვა, რომ დავასრულე ცოტა მომერიდა კიდეც, ვინაიდან წესით მე ვიყავი სტუმარი და ალბათ მე უფრო მეკუთვნოდა აღნიშნული კითხვა
- ჩვენ აქ ვსწავლობთ - მითხრა მან და შემდეგ დასძინა - ვსწავლობთ და ვემზადებით..
ცოტათი გაკვირვებული სახე, რომ შემამჩნია გააგრძელა
- ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ გარდაცვალების შემდეგ.
გამიკვირდა მისი ესეთი პასუხი მან კი განაგრძო
- აქვე თუ არ ვისწავლეთ და მივეჩვიეთ იქაურ ცხოვრებას, იქ ძალიან გაგვიჭირდება. სავარაუდოდ იქ ვერც გავძლებთ, თუ აქ სათანადოდ არ მოვემზადებით...
მე თვალები დავხუჭე, მაგრამ ვაგრძელებდი მის მოსმენას
- დედამიწა, ხომ ლაბორატორიაა - განაგრძო მან - ლაბორატორია, სადაც ჩვენ სტუდენტები ვსწავლობთ იმას, თუ როგორ უნდა გარდავიქმნათ იდეალურ ადამიანებად. ჩვენ როდესაც გავხდებით იდეალურები ჩვენი დედამიწაც გახდება იდეალური. იდეალური დედამიწა კი რა არის, თუ არა სამოთხე?

დამაფიქრა მისმა სიტყვებმა... ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ისევ ვკითხე:
- და როგორ სწავლობთ, ანუ რას აკეთებთ ამისათვის

ჩემმა თანამოსაუბრემ ზემოთ აიხედა და შემდეგ მითხრა - პასუხი ძალიან მარტივი და თან ძალიან რთულია.. ჩვენ ძალიან გვეხმარება სამი რამ - ისევ გაჩუმდა, თითქოს გულში რაღაცა ფრაზებს მუდმივად იმეორებდა. თან ჩემთან იყო, თან სხვაგან.

სიყვარული - განაგრძო მან და მარცხენა ხელი გულზე მიიდო - სინდისი -- ახლა მეორე ხელიც გულზე მიიდო - და გამუდმებული ყურადღება აღნიშნული ორის მიმართ - ეს თქვა და ორივე საჩვენებელი თითი საფეთქელს მიაბჯინა. რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ განაგრძო - თუ შენ ყველა ადამიანის თუ არსების მიმართ გექნება სიყვარული, და თუ შენ ყურადღებით მოუსმენ შენი სინდისის ხმას ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ადვილად ჩააბარებ ერთი შეხედვით ესეთ რთულ გამოცდასაც... რატომ ვართ დედამიწაზე? ეს კითხვა ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველა ადამიანთან მოდის. ზოგი გაურბის ამ კითხვას, ზოგიც კი ჩვენსავით ცდილობს განმარტოვდეს და გაიაზროს ამ უზომოდ მნიშვნელოვანი კითხვის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი პასუხი...  ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ დედამიწაზე ცხოვრება დაემსგავსოს სამოთხეს, სადაც არ იქნება ბოროტება, არ იქნება შეურაცხყოფა, ბოღმა, შური, განკითხვა, ძალადობა, ტყუილი, ღალატი, დაცინვა და სხვა მრავალი, არამედ იქნება ერთმანეთის მიმართ სიყვარული და მშვიდობა...

ამის თქმა იყო და ჩამეძინა. რომ გამოვიღვიძე, ვიგრძენი, რომ ბევრად უკეთესად ვიყავი და წამოდგომა ვცადე. მან, რომ დამინახა მოვიდა და წყლით სავსე ტაშტი მოიტანა და ფეხების დაბანვა დამიწყო. ვერ ვეწინააღმდეგებოდი, უბრალოდ ვემორჩილებოდი მის ქმედებას. რომ დაასრულა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რამოდენიმე კილო ტვირთი მომეხსნა და შევმსუბუქდი. ამის შემდეგ მომიტანა ბრინჯი შეზავებული საუცხოო სუნელებით, რომელის ჭამაც ძალიან მესიამოვნა და ვიგრძენი, რომ ენერგიაც მომემატა და თავს ჯანმრთელად ვგრძნობდი. რომ დავასრულე ჭამა მითხრა, მოემზადე, შენი მეგობრები ძალიან მალე აქ იქნებიანო. მართლაც ეს თქვა და ავტომობილების ხმა შემომესმა შორიდან. ძალიან გამეხარდა. ვიფიქრე, ალბათ ტელეფონით ისაუბრეს, სანამ მე მეძინათქო...

უკვე ჩემი კოლეგის ავტომობილში ვიჯექი და ჩოიბალსანის აეროპორტისკენ მივეშურებოდი, საიდანაც ულანბატორში უნდა გადავფრენილიყავი. ძალიან ბედნიერი და დამშვიდებული ვიყავი.
- რა კარგია, რომ შეძელით ტელეფონით დაკავშირება იმ ადამიანთან და ჩემი პოვნა - ვუთხარი ჩემს კოლეგას ამარხუუ გუნგას, რომელსაც ძალიან გაუკვირდა ჩემი ნათქვამი და მიპასუხა, რომ არცერთის ტელეფონი არ იჭერდა იქ და რომ სრულიად შემთხვევით მომაგნეს მონასტერში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები