ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: გურამმმ
ჟანრი: პროზა
25 ივლისი, 2020


ლეში - მორიგი.

ზურგს უკან მის სახელს ყვირის უცხო ხმა. თვითონ ადგილზე ხევდება და დაძაბული უცდის უცნობის გამოჩენას, რომელიც ქოშინით მიიწევს მისკენ.

-საფულე დაგივარდათ - ძლივს გასაგებად ამბობს იგივე ხმა. ხელში საფულეს აჩეჩებს და ზედ არ უყურებს მესაკუთრეს.
სუნთქვა უჭირს და პირს ისე ფართოდ აღებს, თითქოს არნახულად ბევრი ჟანგბადისგან ფილტვების აფეთქებას ლამობს. მოკუზულია. თავჩაღუნული დგას მუხლებში ოდნავ მოხრილი და ორივე ხელით ფეხებზეა ჩაბღაუჭებული. მერე მშვიდდება, როგორც სიღრმეებში ჩუმად მოფუთფუთე ვითომ წყნარი ტბა. მაგრამ გარშემო აღარავინ არის. სიყვარულის სიტკბოებასავით გაქმრალია საფულის პატრონი.

იქ, სადაც ყველა გაუჩინარებული ერთმანეთს ხვდება და საღებავებივით ურთიერთში იზილება, რომ ერთ მთლიანობად იქცნენ, კვლავ სიცარიელეში ზავდებიან - ამჯერად სამუდამო გაქრობისთვის, რადგან როგორც ზედიზედ დაყრილი ლეშები, ისე შენდებიან მაღალ ზვინებად!

ქუჩის კუთხეში, მზის სხივებისგან განებივრებული კარის ჩრდილზე სანტიმეტრებითღა მეტი სიგანის მქონე მაღაზიაში შედის, რომელიც ზაფხულის შეხუთული დღეებივით გულისგამაწვრილებლად გრძელია და სალაროს სივიწროვეში პროდუქტების ზვინს აყენებს.
- რა იშოვე ამისთანა? - გაბანჯგვლულ ულვაშებს მიღმა კმაყოფილებით აღსავსე ღიმილს მალავს მოლარე.
- მოვიპარე.
- შენ ხო კაცი ვერ დაგაცდენინებს სიტყვას. - ისევ უღიმის და ხუმრობა ჰგონია მისი ნათქვამი. თან ბრაზდება, მაგრამ მიჩვეულია მლიქვნელობას. ცარიელი თვალებით უყურებს, შიგ რაღაც ამოუცნობი ძალით სინათლე უნთია და მაინც ვერაფერს იგებს - ყველა თავგამოდებული მცდელობის მიუხედავად.

ის კი ყველაფერს უკან აბრუნებს და მხოლოდ ყავას ყიდულობს.
- ნახვამდის!

კარის ჩრდილი შოკოლადების დახლიდან სალაროსკენ გადაადგილდება და მოლარის შავ ულვაშებს ზედ ეფინება. სიბნელეში არავინ იცინის. ყველას შიში იპყრობს და გაურკვეველი საფრთხის მოლოდინში ირინდება.

მირბის ფიქრებში გართული და მოლოდინი აქვს მობილურზე ზარის შემოსვლის, რომელსაც მშვიდად უნდა უპასუხოს, რომ მდუმარეა მისი სინდისი და გარიდული შიშისაგან, რადგან ვერ მოუსმენს მის დამსჯელსა და მძიმე ხმას. თუ ერთხელ შეერკინა, სამუდამოდ გაგრძელდება მასთან ომი და სიმშვიდეც სიცოცხლესავით მსწრაფლ გაიძურწება მისი არსებიდან. უღირს სიმშვიდე ამდენ მოჩვენებით უშფოთველობად. ნამდვილად უღირს და არ ეთმობა.

სახლში მისული ისევ ქოშინებს. წყალს ადგამს გაზქურაზე და დუღილის ხმას ელოდება, რომ ადუღებისთანავე სითბო გამოგლიჯოს ჩაიდანს, რათა ზედმეტად არ გადაუყვეს გულში ანთებული არცერთი ნაპერწკალი. ჰგონია, ცეცხლი უგიზგიზებს და სამყაროს გათბობა ძალუძს, მაგრამ ეგოისტია საიმისოდ, რომ თვითონ ჩაიფერფლოს და სხვას ცეცხლი შემოანთოს.
წყალი თუხთუხებს. ფინჯანში ზანტად ასხამს ეგოისტი.

ტრიალებს კოვზი ფინჯანში შაქართან საბრძოლველად და ბრუნავს სითხე ცენტრში გაჩენილი ღრმულის გარშემო, თითქოს სიღრმეში რაღაც ჩაითრია და დახრჩობას უპირებს.

ისიც იხრჩობა. ყავის მდუღარებაში ეთუთქება პირის ღრუ და საყლაპავი მილი. იწვის უცეცხლოდ და ყურთ არ სწვდება სინდისის ხმა, რომელიც მოპარული ფულის ნაცვლად საკუთარი ბედნიერებისა და ნამდვილი ემოციებისგან ძარცვას მისტირის.
უკვე სამუდამოდ ქრება. ლეშია - მორიგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები