ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პროზა
27 ივლისი, 2020


სარკის ეფექტი

მე ყველას ვუყვარდი და როცა დამინახავდნენ, თითს იშვერდნენ ჩემსკენ - აი ამ ბიჭის მსგავსი უნდა იყო- არიგებდნენ მშობლები შვილებს.
17 წლის ვიყავი, როცა ერთ ძალიან ლამაზ სოფელში ვცხოვრობდი. მხოლოდ მამა მყავდა, სხვა ყველა გარდამეცვალა.
გვქონდა პატარა სახლი, რომელშიც სუფევდა სიცივე, შიმშილი, სიბინძურე და უჭერობა.
ამ სახლშიც ზუსტად ისე წვიმდა, როგორც გარეთ.
წლები იყო გასული, რაც აქ არცერთ ქალს გაევლო. მამაჩემი სულ სვამდა მე კი ვირივით ვმუშაობდი. ხშირად ისე ხდებოდა, ნასვამი მამა თხილის წკეპლით, ქამრით და ხელში რაც მოხვდებოდა იმითი მცემდა. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც იყო, ტვინის შერყევამდე რომ მივედი.
არ დავდიოდი სკოლაში, არ მყავდა მეგობრები, ვიყავი ეული, მაგრამ ცხოვრებას თავს არ ვუხრიდი და ვცდილობდი, ეზოსგან მაქსიმალური შემოსავალი მიმეღო, რასაც დიდი შრომა სჭირდებოდა და მეც არ მეზარებოდა. მამა კი, სულ სვამდა და სვამდა.
შემოდგომას, როცა 17-ის შევსრულდი და ჩემი ოფლის შედეგი მოვიმკი, მამა ისევ დათვრა, ფულის წართმევა დამიპირა (ის ფული ჭერის გასაკეთებლად მინდოდა) და მაშინ, მას პირველად დავარტყი, ის მოჭრილი ხესავით დაეცა და მთელი კვირა ლოგინში გაატარა.
შემიპყრო სინანულმა, თავს ვერ ვპატიობდი ჩემს საქციელს, მაგრამ როდესაც ჭერს ავხედავდი და არ გვაწვიმდა, ცოტათი ვმშვიდდებოდი.
შემოდგომის შუა თვეს, როცა ყველაფერი ყვითელია, ჩემს სახლთან სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, მამა ვერ მოძრაობდა და აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
ჩავედით ქალაქში - ექიმები, ანალიზები, შფოთვა, შიში და ამ 17 წლის მანძილზე, მამის პირველი ალერსი გამოვცადე.
-მარტო თქვენ ხართ? - თქვა ექიმმა
-დიახ- ვუთხარი მე
-უფროსი არ არის ვინმე რომ დაველაპარაკო?
- ექიმო ჩვენ ერთმანეთის გარდა არა გვყავს ვინმე.
ექიმი შეწუხდა, შევერცხლილ თმებზე ხელი მოისვა, სათვალე გაისწორა და მითხრა.
-თავის ტვინის სიმსივნე, ბოლო სტადია, დიდი ალბათობით პროცესი გაართულა ძლიერმა დარტყმამ, დაცემამ.
ვწუხვარ, 6 თვეზე მეტს ვერ იცოცხლებს, ეს 6 თვეც ვერ ილაპარაკებს და მოძრაობასაც ვერ შეძლებს.
სახლში ისევ რეანომობილით მოვედი, მამა მხოლოდ თვალებით მელაპარაკებოდა, მე მახსენდებოდა მას რომ დავარტყი, ის წაიქცა და თავი დაარტყა, სიმსივნეც ამის ბრალი იყო და თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი, რომ სიკვდილი მერჩივნა ასეთ ყოფას, მაგრამ მამას მოვლა სჭირდებოდა.
იმ დღიდან, 2 ჯერ მეტს ვშრომობდი, ხშირად ჭამისთვისაც არ მეცალა.
აღარ მახსენდებოდა მამის დალევები და ჩემი ცემა, მე მას ჩემი ხელით ვაჭმევდი, სხეულს სპირტით ვუზელდი, (ნაწოლები რომ არ გასჩენოდა) ვბანდი და ეს სოფელში იმაზე რთულია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.
დღეები გადიოდა, შრომა მემატებოდა, მამის მდგომარეობა რთულდებოდა, არავინ მყავდა დამხმარე და მეც სრულიად ვიფიტებოდი.
მამაჩემის ბოლო დილას, როდესაც ის ვაბანავე, ტანი სპირტით დავუზილე, წვერი გავპარსე და ჩაი დავალევინე (ჩაის მეტს ვერაფერს ღებულობდა მისი სხეული) გავიგონე ხროტინის ხმა, შემდეგ ბოლოჯერ ჩავხედე მის თვალებს, ხელი კისერთან დავადე და პულსი აღარ იყო.
სიცოცხლეში ეულებს, სიკვდილის მერე პატრონი უთუოდ გამოუჩნდებათ ხოლმე, ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, მოდიოდა ისეთი ხალხი, რომლებიც არასოდეს მენახა და ვაი-ვაგლახით მამაჩემი, დედაჩემის გვერდით დავკრძალეთ.
ამ ამბის შემდეგ ყველას ვუყვარდი, როცა დამინახავდნენ თითს იშვერდნენ ჩემსკენ -აი ამ ბიჭის მსგავსი უნდა იყო- ეუბნებოდნენ მშობლები შვილებს, იქამდე სანამ, ფსიქიატრიულში არ მოვხვდი. ფსიქიატრიულში წამიყვანეს, რადგან სმა დავიწყე და ყოველი სიმთვრალისას, მამაჩემის მოკვლას ვიჩემებდი, ვამბობდი: ის მე მოვკალი, მკვლელი ვარ, დავიღალე მისი მოვლით და ჩემი ბევრჯერ ცემისთვის გავასაღე-მეთქი.
ფსიქოთერაპიის შემდეგ, არავის ვუყვარდი, რადგან ექიმის დაწერილი ცნობა, სადაც ეწერა "ჯანმრთელია" გახდა ჩემი სიყვარულის მკვლელი.
ხოლო დედაჩემის გვერდით საფლავის ამოთხრის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნაში ჩაწერეს , რომ მამაჩემის ბოლოს დალეულ ჩაიში, ჩაიზე მეტი საწამლავი ესხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები