ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2020


კარდაკარული

ნინო დარბაისელი

კარდაკარული
- -
ვიცი,  მე შენთან მოსასვლელი პირი არა მაქვს,
ადრე  ისე და  თან იმდენჯერ შემეშალაო,
მაგრამ რა მექნა,
შენს იქით გზა არ დამრჩენიაო!-
-  ფეხები სკამქვეშ შეიკეცა და დადუმებით საკუთარ ხელებს დასჩერებოდა,
თითქოს თითები იმწუთას-ღა  აღმოაჩინა
და თანაც - ათი...
და უცაბედად,
თითქოს მკერდში სითხით სავსე კასრი გაუსკდა,
ერთი,  მძიმედ ამოიოხრა.

ო, რამდენს ამბობს ერთი, უსიტყვოდ  ამოოხვრილი.
შენ გაგახსენდა შენი წარსული - თხრილის თხრაში  მთლად ამოთხვრილი,
მერე  ქარები და თქეშები,
ღია და ჩუმი დინებები და  ნიადაგის ეროზია
და ღრმა უფსკრულად ქცეული თხრილი.
უფსკრულის პირას -  მოქანავე ლანდი იგი, თვალებდათხრილი...

რა ჩია არის ეს სტუმარი, მხრებში მოხრილი,
ან დამცინავი ის ღიმილი სად დაეკარგა?
ან ორლესური ენა ასე რით დაექარგა?
როგორ გეწვოდა ნასერები მარილმოყრილი?
ირონიულად თავს გამეტებდა,
როგორ გულგრილად გიმეტებდა,
ნასერზე ნასერს გიმატებდა,
სხვა ყველაფერი, რასაც იქმოდა,
არ ითქმება და არც ითქმოდა,
შენს არსებაში ღრმად ჩაინთქმოდა!

დროს როგორ მიაქვს ყველაფერი,
რა ხილიც გინდა, ის იყავი,
სიცოცხლის მთელ წვენს ამოგწოვს და ამოგიშრობს,
როგორც საჩირედ ჩელტზე დადებულს,
კერკად და ჩირად  ჩაიჭმუჭნები
და აღარც ჩირის საღირალი ხარ,
მარტოხელა,
მარტოკინა,
მარტო მდებარე,
თუგინდაც იყო
სხვებთან ერთად საიმედო ბაწარს  ასხმული
და სადღაც, მაღლა დაკიდული,
დაკიდებული...

მიშველეთ რამე!
ადამიანი რომ ყოფილიყო,
კიდევ რამეს მოვიფიქრებდი,
მაგრამ რა ვქნა,
სიყვარულია!
კარდაკარ დადის  მენისიე მარადიული,
ათასნაირი თვალსატყუარით ბარგდატვირთული
და ყოველ ჯერზე
ასე იცის ხოლმე თავის მოკატუნება,
ვიდრე ახლიდან რამე ახალს შემოგატყუებს!
მას შეიძლება დაავიწყდეს, რასაც დაგპირდა,
მაგრამ არასდროს არსად რჩება ვალის დავთარი
და ისიც იცის, 
ძველისა თუ ახლისათვის კარზე რა დროს  უნდა მოგადგეს, რომ უარით ვერ გაისტუმრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები