ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
25 ივლისი, 2020


ლილიტი - 5

როცა ქარიშხალი ყველაფერს არევს, სკამებს გაიტაცებს, თეთრეულს ელექტრო ბოძებს შემოახვევს და ანტენებზე ჩამოაკონწიალებს, ღობეებს მიანგრევს,  ჩითილებს ძირფესვიანად ამოგლეჯს მიწიდან და მის მაგივრად ქაოსს დათესს - ძნელია გაიხსენო ზუსტად, რა სად და როგორ იყო თავდაპირველად. ამდაგვარი ნაქარიშხლარი იყო ჩემი გონება, გრძნობები, გული ემოციები - მიჭირდა ყველაფრის დალაგება. შეიძლება საეჭვოც იყო საუბრის გაგრძელებამდე ჩემს მიერ ამხელა პაუზის გაკეთება, თუმცა დაულაგებლად საუბარი უფრო საეჭვო მეგონა და ვიფიქრე სრული სურათის მისაღებად ხელი რომ არ შემეშალა, სწორად, სრულად და თანმიმდევრულად უნდა მომეყარა თავი ყველა გრძნობა, ფიქრი, მოვლენა თუ ვარაუდისთვის.
გავიხსენე არეული სახლის დალაგების ჩემს მიერ შემუშავებული მთავარი პრინციპი: არ ვიფიქრო იმაზე თუ რითი დავიწყო, უბრალოდ უნდა დავიწყო ჩემგან უახლოესი ადგილიდან და ფონი თავისით გამოჩნდება. ახლაც გადავწყვიტე ასე დამეწყო , მითუმეტეს რომ ავთომ მთხოვა ყველაფერი დეტალებში გამეხსენებინა და ისე მომეყოლა.
- მე ახლაც წარმოუდგენლად დაბნეული ვარ ავთო. (ბატონოთი ხომ არ გნებავთ? - სერიოზული სახით ვკითხე მე და პასუხად თავის გადაქნევა მივიღე „არა“-ს ნიშნად). რაც მოხდა ამ ერთი თვის მანძილზე თავს ვერ ვუყრი. 18 მარტს ახალი მოსული ვიყავი სკოლიდან, დაღლილი, მოთენთილი 6 მიყოლებული გაკვეთილის შემდეგ, როცა დამირეკეს და მითხრეს რომ ლილი საავადმყოფოში მიიყვანეს უგონო მდგომარეობაში. მეტი ვერაფერი გამოვტყუე ექთანს, რომელიც მირეკავდა, მხოლოდ მისამართი ჩავინიშნე. ვიღას ახსოვდა დაღლა ?! ყველაფერი დავყარე და გიჟივით გავვარდი საავადმყოფოში, პაატასთვის წერილის დატოვებაც კი დამავიწყდა...
- პაატა ვინაა?
- ჩემი ქმარია.
- ააჰ, ქმარი. წერილი რატომ უნდა დაგეტოვებინათ?
- ჩვენ ერთად ვსადილობთ ხოლმე. სკოლა რომ მიმთავრდება ის იმ დროს მოდის სამსახურიდან სახლში შესვენებაზე და მერე ისევ უკან ბრუნდება სამუშაოზე.
- გასაგებია. ბოდიში რომ შეგაწყვეტინეთ, დეტალები ძალიან მნიშვნელვოაია. ესეიგი, პაატას წერილიც ვერ დაუტოვეთ, ისე გავარდით საავადმყოფოში, ხომ ასეა?!
ამ დროს, როგორც იქნა მოგვიტანეს ყავა. ავთომ შაქარი შემომთავაზა-საშაქრეში შაქრის ნატეხები ელაგა. მე ჩვეულებისამებრ ორი ნატეხი ჩავაგდე, თავის ჭიქაშიც ორი ჩააგდო და პატარა კოვზით საათის საწინააღმდეგო მიმართულებით დავიწყეთ ორივემ მორევა. ეს რომ შევამჩნიე, გამეღიმა, მაგრამ ამბის გაგრძელებაზე გადავერთე.
- დიახ. მიმღებში მითხრეს რომ სტაბილური მდგომარეობა ჰქონდა ლილის და მეტი კრინტი არავინ დაძრა. დამსვეს და მთხოვეს დავლოდედბოდი - მათი თხოვნა ჩემთვის ბრძანებასავით ჟღერდა და მორჩილი ფინიასავით მოვკალათდი რკინის ცივ სკამზე. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ, ყველამ იცოდა მომხდარის შესახებ და ჭორიკანა ექთნების გადალაპარაკებიდან გაგებულ ამბებს ვაკოწიწებდი მოზაიკასავით - მაინც ვერ ვხვდებოდი რა მოხდა.
- რას ლაპარაკობდნენ ექთნები?
- კარგს არაფერს. რომ ვიღაც წარმოსადეგ ადამიანთან ერთად იჯდა მანქანაში, ალბათ საყვარლები იყვნენო და რაღაცეებს ისეთს, რისგანაც მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს ვიგებდი და წინადადებებად ვერ ვალაგებდი. საათზე მეტი ვიყავი მიმღებში, როცა დერეფანში შუახნის , დაახლოებით ლილის ასაკის ქალბატონი შემოიყვანა მაღალმა და ხმელ-ხმელმა გოგონამ .ქალს თეთრი ცხვირსახოცი აეფარებინა სახეზე და ვიღაცას ეძებდა თვალებით. ამ დროს მიმღების ექთანი შეეგება და ჰკითხა რაღაც. ექთანმა ექიმს დაუძახა, რომელიც წუთში გამოვიდა დერეფანში და ცალკე გაიყვანა ორივე ახალმოსული. საუბრის დაწყებიდან მალევე გაისმა ამ ქალბატონის განწირული კივილის ხმა, რაღაც აღმოხდაო თითქოს... _ასე წვრილმანებში რომ ვყვები....
- როგორც უკვე გთხოვეთ, დეტალებში მირჩევნია, მივყვეთ მოვლენებს ნაბიჯ-ნაბიჯ-სერიოზული სახით მიპასუხა ავთომ, რომლის თაფლისფერი, თბილი და ოდნავ სევდიანი თვალები მხოლოდ ამ მომენტში დავაფიქსირე, მანამდე არც კი დავკვირვებივარ სათვალეების მიღმეთს. ამ აღმოჩენის შთაბეჭდილების ქვეშ ასე 40 წამამდე გავაკეთე პაუზა და განვაგრძე.
- ქალის მოსულიერება გახდა საჭირო, როგორც ჩანდა გული შეუღონდა. ცოტა რომ დამშვიდდა სიტუაცია, ეს მაღალი გოგო და ქალბატონი დერეფანში ჩემსკენ გამოიყვანეს და სთხოვეს დალოდებოდნენ. გოგონა გასაოცრად თავშეკავებულად იქცეოდა - სიმაღლისა და სიგამხდრისგან თითქოს ასაკი ემატებოდა, თუმცა ჩემზე დიდი არ უნდა ყოფილიყო. 2 მეტრის დაშორებით დასხდნენ. ქალი გაუჩერებლად ქვითინებდა, გოგონა კი მის დაწყნარებას ცდილობდა. შემდეგ ეტყობა დაცხა,  შარფი შეიხსნა და ქურთუკი გაიხადა. შიგნით ყვითელი, ყელზე ოდნავ ამოღებული ზედა ეცვა და ჩემი ყურადღება მისმა ყელმა იმ წუთასვე მიიქცია. იცით, მე ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი, მაგრამ ბოლოს 9 წლისამ ვიავამდყოფე. სწორედ ლილის ველოდებოდი, როცა წვიმამ მომისწრო და ისე დამასველა, ვერც კი მივხვდი. ეგრევე სიცხემ ამიწია და გონება დავკარგე. ბედზე მოვიდა ლილი და გადამარჩინა. მას მერე არ მიავადმყოფია, თუმცა ყელზე ეს სამი პატარა ლაქა დამრჩა.
- როგორ? არ გიავადმყოფიათ? სიცხე? გრიპი?
- არაფერი. იმის მერე არასდროს გავმხდარვარ ავად აგერ უკვე ლამის 20 წელია.
- თვალი არ გეცეთ - წარმოსთქვა ავთომ და მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა. მე ამაზე გამეღიმა მაგრამ ეს ღიმილი ისევ ამბის გაგრძელებაში გადავიყვანე.
- მე თეთრი კანი მაქვს...
- სპილოსძვლისფერი.
- უკაცრავად?!
- სპილოსძვლისფერი კანი გაქვთ. განაგრძეთ!
- დიახ, როგორც არის და ძალიან მკვეთრად ჩანს ეს ლაქები ჩემს კანზე. იმ გოგონას კი მოხორბლისფრო კანი ჰქონდა და ისე ძალიან არ ეტყობოდა, თუმცა ჩემეული ლაქები ეგრევე მომხვდა თვალში და ერთი სული მქონდა, როდის ვკითხავდი ამის შესახებ.
- შეგიძლიათ მანახოთ?
- რა?
- თქვენი ლაქები!
- მეუხერხულება, სპეციალურად დახურულებს ვიცვამ სკოლაში რომ არ შემემჩნეს
- და ასეთი რაა, რომ არ გინდათ რომ შეგემჩნეთ? ძალიან ნიშანდობლივია ეს ისტორია. აუცილებლად მაჩვენეთ!
მე ბლუზზე ზედა ღილები შევიხსხენი და ვანახე ყელის ძირში ჩემი სამი გამონაყარივით გამოსახულება. ავთო დიდი ინტერესით ათვალიერებდა და რაღაცეებს ინიშნავდა. შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ თითქმის დარმწუნებული ვარ რომ ოდნავ შეუვარდისფრდა ლოყები.
- გასაგებია, გააგრძელეთ თუ შეიძლება!
- იმ გოგონასაც ზუსტად ასეთი წრიული ლაქები ჰქონდა ყელთან- განვაგრძე მე, თან ღილებს ვიკრავდი.
- მიხვედით და ჰკითხეთ რამე? - მოუთმენლად მკითხა ავთომ.
- არა, ძალიან მომერიდა. ვებრძოლე საკუთარ თავს, მაგრამ გადავწყვიტე რომ ძალიან შეუფერებელი სიტუაცია იყო ყელის ლაქებზე სასაუბროდ. ცოტა ხნის შემდეგ ექთანმა მომიხმო და ლილის პალატაში შემიყვანა. სულშეკრული შევედი და იმის კითხვაც დამავიწყდა, როგორ გრძნობდა თავს. პალატის სითეთრიდან ლილის წითელი, ოდნავ ჭაღარაშერეული თმა ანათებდა მზესავით და სითეთრეს სიცოცხლეს ფენდა- ძალიან ემოციურად ვყვები ალბათ , მაგრამ ხომ შეიძლება აქაც იყოს რამე დეტალი?!
- განაგრძეთ ისე, როგორც გაგიხარდებათ. სასიამოვნოდ და საინტერესოდ ყვებით.
- მადლობა. უბრალოდ იმდენად ემოციურია ჩემთვის ეს სიტუაცია... ამის გარეშე ალბათ გამიჭირდება.
- რამდენი წლისაა ლილი?
- 9 მაისს 48 წლის ხდება, ჩემზე 18 წლით უფროსია.
- როგორ დამეგობრდით? უცნაურია ამხელა ასაკობრივი სხვაობა და ასეთი მეგობრობა.
- რატომაა ავთო უცნაური? თქვენ ფიქრობთ რომ ასაკობრივი სხვაობა რამეს ნიშნავს?
- კი , ნიშნავს. ყველას თავისი ინტერესები აქვს დ ეს ინტერესები ასაკზეც არის დმოკიდებული. მაგალითად, ავიღოთ მუსიკა. მის დროს სხვა მუსიკა იყო პოპულარული, სხვა ლიტერატურა, სხვა მოდა, სხვა ხალხი, სხვა სტილი საუბრის...
- მე ვერ გეტყვით რა იყო 18  წლის უკან პოპულარული, მაგრამ ის ვიცი, რომ მისი ამორჩეული წიგნები, ტანისამოსი, მუსიკა თუ სხვა რამ, ყველაფერი ძალიან მომწონდა და მომწონს დღემდე.
- რომ გიყვართ სწორედ იმიტომ.
- მე დედაც მიყვარს, მაგრამ მისი არასდროს მესმოდა და ახლაც, არაფერი გვაქვს საერთო გარდა დედა-შვილობისა.
- თქვენი დედა და ლილი მეგობრობენ?
- როგორც გითხარით, თავიდანვე მოიძულა დედამ ლილი და ახლაც მიშლის მასთან ურთიერთობას, როგორც პაატა.
- ქმარს რატომ არ მოსწონს?
- თვლის რომ ლილი ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე და არ უნდა რომ მე ბედნიერი ვიყო - ეს ერთხელ მითხრა და მას მერე ცდილობს სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს მის დამოკიდებულებას, თუმცა მე მაინც მგონია რომ ჩემი გაყოფა არ უნდა არავისთან.
- თქვენი გაყოფა რა ვაშლი ხომ არ ხართ? - და ოდნავ გაეღიმა. ღიმილისას მისი თეთრი და დიდი კბილები გამოჩნდა. ლამაზი ღიმილი ჰქონდა, სანდომიანი, ვაჟკაცური.
- ვაშლი რომ არ ვარ, სწორედ ამიტომ ან მთლიანად მისი უნდა ვიყო და ან -არავისი  - ხალისიანად მივუგე, ოდნავი ხუმრობით, მაგრამ მერე რომ გავაანალიზე სიტუაცია წამებში, გადამიარა ხუმრობის სურვილმა.
- სად გავჩერდი, რას ვყვებოდი?
- ყვებოდით რომ ლილი რასაც გირჩევდათ ყველაფერი მოგწონდათ.
- დიახ.
- მაგალითად?
- მაგალითად, იგივე მუსიკა. სულ მეუბნებოდა რომ მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში , არსებობაში, ბედნიერებაში დიდი წვლილი უჭირავს, მთავარია შეიგრძნო ის სწორად და შენთვის შესაფერი იპოვო. მე ბევრ რამეს მასმენინებდა, მაგრამ ყველაზე მეტად ორივეს მაინც როკი მოგვწონს. თავიდან The Beatles-ით დავიწყეთ, მერე The Rolling Stones, The velvet underground, the Doors, ბობ დილანი და ჯიმი ჰენდრიქსი. მერე უფრო ღრმა  მუსიკაზე გადავერთეთ Led Zeppelin და Deep purple, Black Sabbath და Queen და სხვა. სხვათაშორის ულვაშები მხოლოდ ფრედიზე მომწონს, ის ერთადერთია, ჩემი აზრით, ვისაც ულვაშები უხდება -ამ ჯგუფის ფანი გავხდი.-ეს რომ ვთქვი, ავთოს ულვაშები მერე გამახსენდა და სწრაფად მოვკუმე პირი.
- აჰა, გასაგებია. და ლილიც უსმენდა შენთან ერთად?
- კი, ერთად ვუსმენდით. კიდე ბევრი ჯგუფია , რომელიც ერთნაირად მოგვწონდა.
- რა ჯგუფებია?
- Def Leppart, Guns’n Roses, Iron Maiden, U2, AC/DC, Kiss,  Cinderella, Aerosmith, Van Halen და სხვა, კიდე ბევრი დამიჯერეთ.
- ისე, ვერ წარმოვიდგენდი რომ თქვენ ამ მუსიკას უსმენთ.
- რა „ამ მუსიკას“? სატანურს? როგორც ზოგი უწოდებს?
- არა, სატანური რა შუაშია? მე არც უფლის მწამსს და მითუმეტეს, არც სატანის.
- არ ხართ რელიგიური?
- რელიგია იმათთვისაა მოგონილი,ვის მორალისა თუ კანონების შიშის იმედად ვერ იქნები. არც თქვენ ჩანხართ ძალიან რელიგიას გადაყოლილი.
- მე უფლის მწამს და არა რელიგიის ... თქვენ რა დარვინის გჯერათ?
- არც დარვინის მჯერა ბოლომდე და არც უფლის არსებობის.
- როგორ? აბა ამხელა ჰარმონია სამყაროში თავისით მოეწყო? სცადეთ აბა და ნივთები ყარეთ სახლში და თუ დალაგდება ყველაფერი თავის ადგილას. საკმარისია დიასახლისის ერთი ხელი და ყველაფერ იქნება კოხტად და ლამაზად. ასევე, ამ სამყაროში რომ უფლის ხელი არა, ენტროპია ჩაყლაპავდა ყველაფერს. ისეთი ეჭვის თვალით მიყურებთ, გიკვირთ რომ უფლის მწამს და ასეთ მუსიკას ვუსმენ?
- არა, მე ამ მუსიკაში ცუდს კი არ ვხედავ, თქვენს ნაზ ნატურას და მძიმე მუსიკას ვერ ვუთანადებ ერთმანეთს. თქვენ ...
- მე ასეთი პატარა ვარ და არ ვუხდებით ერთმანეთს მე დ როკი?
- მოხდენაზე არაა, ძალიან კარგია რომ უსმენთ, უბრალოდ ერთი შეხედვით, ვერ წრმოიდგენს ადამიანი რომ ასეთი რიტმაა თქვენში... და ამ ჯგუფების ალბომებს და კასეტებს სად შოულობთ? -ბანზე გაისროლა სიტყვა შურდულივით.
- იმედია არ გამცემთ?! ლილის ებრაელი მეგობარი ჰყავს და ის მამარაგებს. ჟურნალები გამომიწერა „Rolling Stone“  ყოველ თვე ან ორ თვეში ერთხელ ხოლო ”The big Takeover” წელიწადში ერთხელ ჩამოდის. როკერების კლუბიც დავაარსეთ მეგობრის ავტოფარეხში და თუ რომელიმე ბენდის ფოტო მთლიან ფორმატზე იყო დაბეჭდილი, ვჭრიდით და პოსტერად ვაკრავდით. “Rolling Stone”-ს ყოველთვის მოყვებოდა ხოლმე დიდი ფორმატის ერთი პლაკატი მაინც. ამ ჟურნალებსაც ერთად ვკითხულობდით და კლუბის ამბებშიც აქტიურად მეხმარებოდა ლილი. აბა, ჩემს კანონმორჩილ მშობლებს რომ გაეგოთ...
- ქართულად იყო ჟურნალები?
- არა, ინგლისურად.
- ასე კარგად იცით ინგლისური?
- კი და ამაშიც ლილი დამეხმარა. ინგლისური ლიტერატურით მამარაგებდა და კითხვაში გავიწაფე . აქ ჩემი საყვარელი მწერლების მხოლოდ ერთი რომანი რომ იშოვებოდა,  მის ებრაელ მეგობარს, საშა ბიძიას ორიგინალები ჩამოჰქონდა ჩემთვის.
- რა წიგნებია ასეთი? რამე აკრძალული?
- არა, ამჯერად არაფერი აკრძალული . ჯეინ ოსტინის რომანები ჩამომიტანა. ძალიან მიყვარს დები ბრონტეების რომანები. აქ მხოლოდ „ჯეინ ეარი“ იშოვება. ლილის მეგობარმა კი ანა და ემილი ბრონტეს არაადაფტირებული ორიგინალი ვერსიები ჩამომიტანა
- ისე, არავის უთქვამს რომ ჯეინ ეარის პერსონაჟს გავხართ რაღაცით?
- იმით რომ მასსავით არასიმპატიური ვარ?
- არასიმპატიური? როგორ გეკადრებათ?! ამას არ ვგულისხმობ. ჰაბიტუსით ჰგავხართ მას რაღაცნაირად, მანერებით... კარგით, გასაგებია რომ თქვენს ლიტერატურულ თუ მუსიკალურ გემოვნებაზე ლილიმ დიდი როლი ითამაშა. სხვა მხრივ, ინტერესები? როგორ პოულობდით სასაუბროდ საერთო თემას?
- მე გონიერი ბავშვი ვიყავი, ლილის კი ძალიან უყვარდა გონიერი ბავშვები და ზოგადად ბავშვები და საერთოდ , რატომ ჩავიციკლეთ ამ ასაკზე?! ეს ხომ მხოლოდ რიცხვებია და მეტი არაფერი?!
- მე მინდა კარგად გავიგო თქვენი მეგობრობის არსი და თუ ძალიან არასასიამოვნო კითხვებს ვსვავ, უნდა მომიტევოთ, რადგან თუ მოწმედ გამოგიძახეს, და დიდი ალბათობით გამოგიძახებენ კიდეც, შესაძლოა ბევრი არასასიამოვნო კითხვა დაგისვან. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ მზად. - ეს „ვიყოთ“ ისე წარმოსთქვა რომ ტანში ოდნავ გამცრა და დამაჟრიალა.
ამასობაში ყავა გაიყინა. ხელი რომ მოვკიდე , ოდნავი უხერხულობის დასაფარად, მიხვდა ავთო და მეორე შეუკვეთა.
- მოდი, ცოტა შევისვენოთ, თქვენც და მეც მივირთვათ ყავა და გავაგრძელოთ საავადმყოფოდან, კაი?!
- კი ბატონო.
- ისე, მართალია რომ ათასობით ნაცნობი ჰყავს ლილის?
- ათასობით?
- ძალიან ბევრი ახლობელი და ნაცნობი ჰყავსო, ამბობენ.
- ფიზიკურად შეუძლებელია რომ ჰყავდეს - ეს ერთი და მეორეც, ყველაფერი კი არადა არაფერია დასაჯერებელი იმაში, რასაც ლილიზე ამბობენ.
- რატომ ამბობთ ასე გადაჭრით?
- იმიტომ რომ, პირველი, ამდენი წელია ვიცნობ და მე ის არაფერ საეჭვოში არ შემიმჩნევია. კი, ჰყავს თავის საახლობლო წრე, სამეგობროსაც ვუწოდებ, მაგრამ ძალიან კარგი ხალხი არიან ისინიც და არაფერი მომხდარა ისეთი, რაც დამაეჭვებდა ლილიში. და მეორე, დანბარის რიცხვი არის რაოდენობა, რომელზე მეტთანაც ადამიანს ვერ ექნება სტაბილური სოციალური ურთიერთობა და იცით რამდენს უდრის დანბარის რიცხვი?
- არ ვიცი, არ გამიგია საერთოდ.
- 150-ის ტოლია, ანუ 150 ადამიანზე მეტთან აქტიური სოციალური ურთიერთობა ვერ ექნება ადამიანს.
- კარგი და მის წესიერებაში რატომ არ გეპარებათ ეჭვი?
- რა არის წესიერება?
- წესიერება არის ... წესის  დაცვა,რიგიანობა, ღირსეულობა...
- დიახ, წესიერება წესისმიერობაა, ანუ წესის დაცვა და ამ წესს ვინ ადგენს? ვინ თქვა რომ მეგობარი მამაკაცების ყოლა არ ეკადრება ქალს? ვინ თქვა რომ ქალი არ უნდა გამოიყურებოდეს ასე ჯოჯოხეთურად ლამაზად? ვინ თქვა რომ არ შეიძლება წესიერი ქალი ცხოვრობდეს მარტო? ვინ თქვა რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეს ქალს გვერდით მამაკაცი, ყავდეს ოჯახი და შვილები? ვინ თქვა რომ ქალს არ უნდა ჰქონდეს თავისუფლება?... - კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ავთოს აღფრთოვანებას რომ არ შევეჩერებინე.
- ვააა, ასეთი აღტკინება, ასე უცებ... უცნაურია, თუმცა სასამართლოში ეცადეთ მშვიდად ისაუბროთ და ასე არ აზვირთდეთ. უბრალოდ , შეეცადეთ უკეთესი არგუმენტი მოიყვანოთ ლილის პიროვნების დასაცავად.-გაიღიმა ავთომ , მე კი ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე.
- კარლ იუნგი თვლიდა რომ ადამიანს სამყაროს აღქმის 4 საშუალება აქვს, და ერთ-ერთია ინტუიცია - ცნობიერის 4 მთავარი ფუნქციიდან ერთია სწორედ ინტუიცია.
- ინტუიცია არსებული მონაცემებით მომავლის ჭვრეტაა, ანუ არსებული სიტუაციიდან მოლოდინების დახატვაა.
- მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ცნობიერი იმ მონაცემებსაც ხედავს, რომელიც ჩვენი გონებისთვის მკაფიოდ არაა ცნობილი  და სწორედ ამიტომაც, გონებით გაკეთებული მომავლის გათვლა ხშირად აგებს ინტუიციასთან ორთაბრძოლაში. და მე, პირველივე დღიდან მითხრა ინტუიციამ რომ ლილი „ჩემი“ ადამიანი იყო, სულ პირველივე დანახვიდან.
- კარგი, მაგრამ მერე მოგვიწევს ყველაფრის გავლა, რა უნდა თქვა , როგორ უნდა თქვა და რა საერთოდ არ უნდა ახსენო, კარგი?!
- ყველაფერს შევეცდები, რაც საჭირო იქნება.
- ახლა , მოდი იმ მომენტიდან მომიყევი, ლილისთან რომ შეხვედი.
- პირველად რომ შევედი, გითხარით რომ თავზე მოხვეული დოლბანდიდან მისი წითელი დალალები ეშვებოდა სამედიცინო ლოგინზე და ანათებდა მთელს პალატას. ყელზე ფიქსატორი ეკეთა, სახის მარჯვენა მხარე გალურჯებოდა უკვე. ხელები სასომიხდილი  ელაგა საწოლზე, თვალები ეხუჭა, მაგრამ როგორც კი ერთი -ორი ნაბიჯი გადავდგი, მისი სუსტი ხმა მოისმა: ბაია, ჩემო გოგო, შენ ხარ? შენი სურნელი ვიგრძენი. თვალები არც გაუხელია. ხელზე მოვკიდე ხელი და სუსტად მომიჭირა, ვეფერებოდი და ვკოცნიდი მის ხელებს, მას კი ღაპა-ღუპით სცვიოდა ცრემლები. ექთანს ვთხოვეთ რომ დავეტოვებინეთ და ისიც გავიდა, ალბათ გაუხარდა კიდეც, სულაც არ ეპრიანებოდა ჩვენი ცინგვლის ცქერა. „ლილი, რა დაგემართა? რა მოხდა? შეგიძლია მომიყვე?“-ვკითხე მე
„კი, ბაია! იცი, რა ბედნიერი ვარ კიდევ რომ გხედავ?! მხოლოდ ეს მადარდებდა, უშენობა!“-მიპასუხა სლუკუნით. ავუხსენი რომ ამდენი ტირილი და განცდები არ შეიძლებოდა. ცოტა ხანი დგვჭირდა რომ ორივე დავმშვიდებულიყავით. მერე ძალიან მოკლედ და მშრალად მითხრა რომ ის და ილია სიმონიშვილი, რომელიც სულ ორჯერ მყავდა მასთან ერთად ნანახი და რომელიც ქალაქის მთავარ არქიტექტორად ითვლებოდა, მოყვნენ ავარიაში. გამიკვირდა ის , რომ არ იკითხა მისი მდგომარეობა. ჩემს კითხვაზე , თუ როგორ იყო ილია, ოდნავ შესამჩნევად თავი გადააქნია და ძლივს გახელილი თვალები ისევ დახუჭა. რაღაც უცნაური შეგრძნება მქონდა, ძალიან უცნაური. არასდროს მოგსვლიათ ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ნათელია, მაგრამ შენ გგონია რომ ლაბირინთში იკარგები და ის, ვინც ამ ლაბირინთიდან უნდა გამოგძღოლოდა და გამოეყვანე, სადღაც გაქრა. ვუსმენდი ლილის და ამ წლების მანძილზე პირველად ვერ დავუჯერე - კანით ვგრძნობდი რომ ლილი ცრუობდა. ვკითხე რამე ხომ არ სჭირდებოდა, მაგრამ უარი მივიღე, ახლა მხოლოდ დასვენება და ძილი მინდაო, მიპასუხა. ექთანი რომ შემოვიდა, ჩუმად გარეთ გავიყვანე, ფული ჩავუდე გამოფართოვებულ ჯიბეში და ვთხოვე კარგად მიეხედა. მერე შევეხვეწე მკურნალ ექიმთან და იმ ექთანთან დავეკავშირებინე, რომელმაც დამირეკა. აღმოჩნდა რომ მისი დარეკილი იყო. ვკითხე, თუ ვის დაურეკეს კიდევ, ვინმეს თუ გააგებინეს. მან მიპასუხა რომ მხოლოდ შენი ნომერი ეწერა ოთხად დაკეცილი რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე და სხვისი ნომერი არ ჰქონდა. მე გამიკვირდა. ლილის დღემდე ფანტასტიური მეხსიერება აქვს და ყველა ახლობლის ტელეფონის ნომერი,დ აბადების თარიღი, სიმაღლე და რავი კიდევ, ათასი რამ იცის. ამ დროს ჩანთაში ჩემი ნომერი უდევს-საეჭვოა , არა?! ექიმმა მითხრა რომ სტაბილური სიტუაცია ჰქონდა, ოდნავ დაჭიმული კისერი, მცირე ტვინის შერყევა და ისიც დასძინა რომ კარგადაა გადარჩენილიო, მის მეგობარს ასე არ გაუმართლა, დაიღუპავო. „მის მეგობარს“ ხსენებისას, ექიმს მარცხენა ტუჩის კიდე ოდნავ ზევით აეწია და დროზე შეიკავა თავი, თორემ კატასავით გამოვღადრიდი ყელს-ისეთ მდგომარეობაში ვიყავი. გაუცხოვება ვიგრძენი ლილისთან, თითქოს არც მცნობია, არც მინახავს, არ გვიმეგობრია - რაღაც უცხო და განყენებული გახდა ჩემთვის და ვერ ვიგებდი რა მწვავდა გულღვიძლს. დერეფანში უარესად აქვითინებული ქალბატონი მოყავდა ყვითელ მაისურიან ხმელ-ხმელ გოგონას, როგორც აღმოჩნდა მორგში ჰყავდათ მიცვალებულის ამოცნობაზე შეყვანილი.ვიწრო დერეფანში ფაქტიურად შევეჯახეთ ერთმანეთს.ამ დროს ვიგრძენი რომ ვიღაცამ ხელზე ხელი ჩამკიდა -ის ქალი იყო „ბაია, ეს შენ ხარ? - გაოგნებულმა დავუკარი თავი. „მიხედე ლილის, მიხედე“ - ეს მომიგდო და გავიდა დერეფნის ბოლოში.მე ასე გაოგნებული ვიდექი. ეგრევე მივხვდი რომ ილიას მეუღლე და შვილი იყვნენ , თუმცა გამიკვირდა მისი ლილიზე ზრუნვა. არ ფიქრობთ ავთო, რომ როცა შენი ქმარი კვდება ვიღაც ქალთან ავტომობილში, არ ჩანს ეს მთლად დალაგებულ სიტუაციად? ამ ქალის ხმაში კი არც სარკაზმი და მითუმეტეს, არც ირონია არ იგრძნობოდა, გულწრფელად  მითხრა რომ ლილისთვის ყურადღება მიმექცია. მე კი ისედაც არაფრისდიდებით არ მივატოვებ ლილის,  თუმცა ვერ მოვუძებნე ახსნა იმ ქალის ქმედებას.


გაგრძელება იქნება, რაღა თქმა უნდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები