ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
29 ივლისი, 2020


"გზაზე ანგელოზები სხედან"

შორიდანვე დავინახე გზის პირას ჩამომჯდარიყო და თეთრი ფრთები ლამაზად დაეკეცა ზურგზე.ციმციმა ჯოხს დირიჟორივით იქნევდა და ყველა გამვლელს ღიმილიან მზერას აყოლებდა.მეგონა,რომელიმე ორკესტრს ხელმძღვანელობდა.ირგვლივ მიმოვიხედე და თვალი ანგელოზზე შევაჩერე.შემამჩნია და შეცბა.
-მხედავ?-გაკვირვებულმა მკითხა.
-გხედავ,-ჩუმად ვუპასუხე.
-როგორ? ვერავინ მამჩნევს,-გაოცება ვერ დამალა.
-მეც არ ვიცი,-მხრები ავიჩეჩე და გამვლელებს გავხედე.ყველა სევდიანად მიყურებდა.
-საოცარია,პირველი ხარ, ვინც შემამჩნია,-სახე გაუნათდა.
-მართლა?
თავი დამიქნია და ხელით მანიშნა მის გვერდზე დავმჯდარიყავი.მორიდებით ჩამოვჯექი და ახლოდან შევათვალიერე.თავბრუსდამხვევი სურნელი მოდიოდა მისგან,არასდროს მიგრძვნია მსგავსი სასიამოვნო სუნი.თითქოს ყველა ყვავილს მის ტანზე მოეყარა თავი და გაშლილიყო.ღრმად შევისუნთქე და გავუღიმე.
-აქ რატომ ზიხარ?-ვკითხე და სისწრაფით მოძრავ მანქანებს დავაკვირდი.
-გაიხედე იქით,-გზის მეორე ნაპირისკენ მანიშნა.-ხედავ?
მხედველობა დავძაბე და შიშისგან ტაომ დამაყარა. კუპრივით შავი წვერ-ულვაში და თვალები ჰქონდა.კუშტად გვიყურებდა ორივეს.
-დაინახე?
-რა უნდა?-ჩემი ხმა მეუცნაურა.
-სწყურია,-მითხრა,ფეხზე წამოიმართა,ფრთები ააშრიალა და ჰაერში კამარა შეკრა.გაოგნებულმა გავაყოლე თვალი.დავინახე შავწვერაც როგორ აფრინდა და ანგელოზის მიმართულებით ტყვიასავით წამოვიდა.ერთმანეთს გამეტებით შეეჯახნენ და შავ-თეთრი ბუმბული აქეთ-იქით გაფანტეს.შიშისგან ვერც გავინძერი,თითქოს ერთ ადგილას მივეჯაჭვე,პირგამშრალი და ხმა ჩამწყდარი ვადევნებდი თვალს ორთაბრძოლას.მათ ქვეშ მანქანები წივილით დაქროდნენ.რამდენჯერაც შავფრთიანი დასაშვებად მოემზადა,იმდენჯერ ეცა გააფთრებული თეთრფრთიანი.ვატყობდი ძალა ეცლებოდა ციმციმას,დრო და დრო უკან იხევდა და ახლიდან უტევდა მოწყურებულს.
-როდესაც მას სწყურია,უკან არაფერზე დაიხევს,თქვენ კი,თქვენი დაუდევრობით ცდილობთ წყურვილი მოუკლათ!-ზურგიდან ხმა ჩამესმა და შემკრთალი შევტრიალდი.ვერაფერი დავინახე.
-ვინ ჩვენ?-ხმის კანკალით ვკითხე ცარიელ სივრცეს.
-თქვენ,ადამიანები! შეხედე,როგორ დაჰქრიან!-თავზე ხელების შემოჭერა ვიგრძენი.თვალი გავუშტერე გზაზე მაღალი სიჩქარით მორბენალ მანქანებს.
-პირდაპირ მის ხახაში ჩავარდნას ლამობთ!-გაბრაზებულმა ჩამყვირა ყურში.
-ვინ ხართ?-ტირილით ვკითხე და დავინახე,როგორ დაეცა ფრთამოტეხილი ანგელოზი მიწაზე.ახარხარებულმა შავწვერამ ჩვენსკენ სისხლიანი თვალებით გამოიხედა.
-მოკვდა?-ყელში ეკლები მომედო.
-არა! იცი,რატომ ხარ აქ?-ოდნავ შემანჯღრია.
თავი გავაქნიე.
-ხო,არ იცი! არც არავინ დაფიქრებულა,არც არავინ იცის,თუ რად უჯდება ანგელოზს მის კლანჭებიდან,რომ დაგიხსნათ!-განრისხდა.
-გვაპატიე,-დავიჩურჩულე.
-რამდენჯერ?!-ხმადაბლა მკითხა.-ან რომელი ერთი?
სირცხვილისგან ალმური მომედო.მართლაც და რომელი ერთი გვაპატიოს,ყოველ ფეხის ნაბიჯზე სად გვდიოს?! უარესად ავტირდი.წყლიანი თვალებით ისევ ანეგლოზს გავხედე,წამოდგომას ლამობდა.თავს გავეშებული დასტრიალებდა შავფრთიანი.
-მიეხმარე,-მუდარა გავურიე ხმაში და სიცარიელეს ხელები მოვუფათურე,იმის იმედით,რომ უხილავს შევიგრძნობდი.
-ადგება,მიჩვეულია ბრძოლას,თქვენ მიაჩვიეთ,ადამიანებმა!
დავინახე როგორ მოიკრიბა ძალა ანგელოზმა,ციმციმა ჯოხი მაღლა აღმართა და ფრთებიც აათამაშა.დავიძაბე. მანქანების ღმუილით სიარული არ წყდებოდა.თითქოს ჯიბრზე იმატა ნაკადმა. შეჯახების ხმაზე წამოვიკივლე და ხელები სახეზე ავიფარე.
-უყურე!-მიბრძანა უხილავმა.
ნელ-ნელა ძირს ჩამომცვივდა მკლავები. თითქოს ჰაერი აჭრილიყო,ტალღებად ირეკლებოდა გზა. ძლივს გავარჩიე ერთ მანქანასთან მდგომი ანგელოზი,რომელსაც ახალგაზრდა გოგო-ბიჭისთვის ხელი ჩაეკიდა და ჩემსკენ ღიმილით იყურებოდა.შავწვერამ გაავებით აიქნია ფრთები,საზარლად დაიყივლა და ადგილიდან მოსწყდა.
-გადარჩნენ! გადარჩნენ!-ხალხის შეძახილმა რეალობაში დამაბრუნა.ანგელოზი აღარსად ჩანდა.
-სად ხარ?-უხილავ ძალას ძებნა დავუწყე.
-მე შენთან ! შენ სად ხარ,ადამიანო?!
-ღმერთო!-ჩავიბუტბუტე და თვალცრემლიანმა გადავდგი ნაბიჯი.ყვავილების სურნელი თან გამომყვა.ნელ-ნელა გავხსენი შეკრული შუბლი და გამეღიმა.
-აქ ხარ!-მივხვდი მომყვებოდა.
-ყოველთვის!-კრიალა ხმა ახლოდან მომესმა.
-მადლობა! -ხელები გავშალე და ვიყვირე.
ნათლად დავინახე როგორ გაიხსნა ზეცა და უამრავი ციმციმა დაეშვა მიწაზე.შუაგულ გზაზე უვნებლად გადარჩენილ გოგო-ბიჭს გარს შემოერტყნენ და სიხარულით აათამაშეს ფრთები.
-მე გხედავთ!-კიდევ ვიყვირე.
გამომხედეს და გამიღიმეს.
მუხლებზე დავეცი და სიხარულისგან ავტირდი.
პირველად ვნახე ანგელოზთა ცეკვა.
***
ადამიანებო!გზაზე "მწყურვალთან" ერთად,ანგელოზებიც სხედან! გააჩნია,რომელს უფრო ადრე შეამჩნევ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები