ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: პრაისი
ჟანრი: პოეზია
28 ივლისი, 2020


სხვისიტყაოსანი (ანუ ლირიკული ციკლი "განკითხვისათვის")

/ეძღვნება ყმაწვილურ დიდაქტიკურ ჟინსა და ამბიციებს/

პროლოგი

პოემას ვუყრი საფუძველს ამბითა ქრისტეანობის,
ვწერო სატირა, მტირალმა, ხვედრის ადამიანობის,
ვთქვა არ შექება, - ვაძაგო ხარჯად წუხილის, ნანობის.
შემინდონ, სიტყვა დაბლაგვდეს - უნარ დაკარგოს დანობის.

როგორც ქარს ძველი ვერხვები ნორჩ ყლორტებივით უხრია,
ისე ღაღადი ეს ნადრეკ გულს მონაწოლი მწუხრია,
ქვეყნის სიავის შემყურეს თავს თავი ბევრჯერ უხრია,
ვწერო, ჟამია ქმედების, ზეცას გავყარო მწუხრია.

რუსთველმან ცითგან შემინდოს ცოდვა შაირის სესხისა,
მუნ გამიქარწყლდნენ მუზები, სად ტოლი ვცადო მესხისა,
სად პოეტთ ხილი ხარობდეს, სიმრგვლონი მეტი ესხისა,
ნუ გამაძევონ, როს წავწვდე, ნაყოფი ვსინჯო ეს, ხისა.

მგოსანს შეფარვით ნათქვამის განდობა როდი სჩვევია,
მელექსისათვის სიტყვები ნეკით ნეკს დასახვევია,
თუმც ფრაზათ ვაგლახ ნახატებს მკითხველნი ოდით სწვევია,
ზოგ ჟამს შეცთომით გამგონის ნაქარგიც მწერს ურღვევია.

ასრე ისმინე, მკითხველო, უფალს ჰგონებდე თავისად,
ჩვენ ღმერთი ერთი არ გვყავდეს, იყოს კარგად თუ ავისად.
ქრისტეანობას ვუხმობდე სოფლის განხილვად ამისად,
მწერალმა თვისი დასწეროს გამოუჩენლად თავისად.

შემოვიკრიბო გრძნეული ხელი, ენა და გონება,
ძალი, რომელთა სჩვევიათ პირუკუ მწერთ დამონება,
გადმომილოცონ ურიცხვი, უხორცო წმინდა ქონება,
წყალობით მომცენ უნარი, თქმულის შეძლონ გაგონება.

ხელმა მიმართლოს ერთგულმა, მტვირთველმა მწერლის შრომისა,
მდევარმა მალმრბოლ გონისა, შეუცნობლისა დგომისა,
გამომწრთობელმა ფორმისა ასოთა ათას ტომისა,
ფურცლის მზვერავმა მსტოვარმა აწმომლოდინე ომისა.

ენამ მიმარჯვოს მეტყველმა, ხორცის შემსხმელმან გონების,
ასოთა წყების, სიტყვათა მრავალგვარ ნაკრავ კონების,
ფერითა მწირით მხატვრობამ, არ ნაკლულ თავმომწონების,
ერთგვარად გამსწორებელმა აზრთა სიღრმის და ფონების.

გონმა გამიჭრას ბოლომდე, ნუ შემომტყდების ვადამდის,
ბრძოლაში გამოწრთობილი ცხენი არ მოკვდეს კაცამდის,
განმგებმა ყოვლის ფიქრისა ნუღა წამლეკოს წარღვნამდის,
მეჩხერაწვდილი ტოტები აღარ დამტეხოს ქარამდის.

ზეცამან სამგზის წყალობა თუ მარგო ნებით თავისა,
ვწერო შაირი მწუხარემ დღე-ღამ დაღლამდის მკლავისა,
დღეის ხილული სიბნელის მნათი ვშო წერით ამისა,
გული ხორბლის ტანს ნადარი, მსუბუქ ვჰყო მკით თავთავისა.

ღაღადი

ვაი, რომ ბედმა არ იცის ფრანგი, თურქი თუ ფხოველი,
როგორც ხის ხმელი ფოთოლი ვჭკნებით და ვკვდებით ყოველი,
უფალმან შექმნა სამყარო - ადამი, ევა, ცხოველი,
მანვე გვიბოძა სიცოცხლე, მისგან მეტს აღარც მოველი.

მოგვეცა  ნიჭი, გვეფიქრა, გვემართა ჩვენი ქმედება,
ყოველ ნაბიჯით ცხოვრების აგურს მეორე ედება,
წარწყმენდილ სულის შემყურე თვალს - ცრემლ, გულს ჩირქი მედება,
რა უმოწყალოდ წავბილწეთ ჩვენ ღმერთის შემოქმედება.

დავჯექ და წერა დავიწყე, როს დარდი შემომესია,
მივისაკუთრეთ მშობელი მიწა, ვით მეთემესია,
მოსეს ნაკვეთი ცნებანი, რომელ გვაქვს თქვენ და მე სია,
ვარღვიეთ, არა ვიკმარეთ და ვაცაწამეთ მესია.

რომელ არს უზენაესი, მზირალი დიდი წვალებით,
მნახველი, როგორ ვიხრჩობით ბრბო ზეციური ვალებით,
ლახვარსობილი გულით და ცრემლმონაწოლი თვალებით,
გლოვობს და ხედავს თანდათან ვიწვით ქვესკნელის ალებით.

და, რა ვიხილეთ სისუსტე, შევიქენთ გადარეულნი,
რამეთუ რწმენის გარეშე უძლურები ვართ ეულნი.
უფალს, უფლების საფუძველს, მონობას ვარქმევთ „რჩეულნი“,
მიუხვედრელნი მოძღვრების გარეშე ვართ მთვარეულნი.

ღვარძლი, ბოღმა და ბოროტი არ არს რა უკეთესია,
სული ჩავდეთ და ვახარეთ, ეშმას რაც დაუთესია,
ცბიერის ტურფა ნარგავი მოვლილი აქვთ მათ ეს ია,
კალამს დამცდარი სიტყვები მართლად ისმინეთ ესია.

ალბათ, ჭარბია სათხოვრად, კაცი კვლავ ღვთის ხატს შეჰგავდეს,
ძმა და მოყვარე, მოკეთე ძმასვე მცდარში არ შეჰყავდეს,
რომ წუთისოფლის დაღმასვლა გულს ძლიერ ვეღარ თელავდეს,
ზოგი გარღვეულ  ცხოვრებას სიკეთის ძაფით კემსავდეს.

შფოთი მაქვს, შვილთა დაკარგეს სიმართლე, თავნამდვილობა,
ამაყმა საბუდო ჰპოვა, ჰქმნა ჰაზრთა განდეგილობა,
გავიწაფენით, გაგვიჯდა სიტყვის თქმა, საქმის ცილობა,
სოფელ არც ერთი არაა, მარტო ბნელ, არცა ტკბილობა.

ვსთქვით და მყისივე გარდვიქეცთ, გარდა თვის ყველა ერებად,
განუსწავლელნი ორშივე ვერ რა ვიგულეთ კერებად,
ერობის მქონეთ არ ვიყავთ ჩვენ ბედის მადლიერებად,
შერჩევით ბრმანი უსახლოდ გავირიყენით ბერებად.

ზოგნი „მახვილნი“ განვსდექით, დავგმეთ მოდგმანი სხვისანი,
მშობლიურს დავცქერთ, რკინის ცულს ჩვენი სჯობია ქვისანი,
უცხოთ განსწავლულთ რა ესმით, ჩვენი მეტს გვეტყვის მისანი,
სხვა აღარ გვაჩნდეს გმირობა დიდხანს აღგვიხდა მიზანი.

არსება კაცთა ერთია, გონების აღმტაცებელი,
ყოველნი მსგავსნი, თუმც ერთნის პოვნა ხელსაცეცებელი.
არ გვიკმარია მეობა, ხალხია განმყენებელი,
თვით კი მსაჯულნი, ამ მოდგმის წინ ბრალის წამყენებელი.

ვით მრავალი სხვა სიწმინდე, მუნ წარსწყდა ხელოვანება,
არა წვევანი მუზათა, არცა ხილვა და ზმანება,
რჩეულთ თუ ბედკრულთ ხვედრითი ძირეული შექანება
ყველამან ირქვა ვინ ოდეს, ოდენ ძილს თავი ანება.

არღა რა გვჭირდეს, ჭირსა შინ თავად ვიტვირთოთ შტერობა,
სხვათ თვალში გამოსაჩენად ვხტოდეთ, წინ გვხვდეს პირფერობა,
იგი შეიქნა ნიბლიად, ვინც ვერ იტვირთა ძერობა,
ვლიდნენ აწ უკვე იატაკს, ვინ არ იფერა ჭერობა.

დავგმეთ, შევრისხეთ წიგნები, ცოდნა და მოწადინება,
ყავლგაუვალი ჯერ კიდევ, გასწყდა, ვით ხევში დინება,
არა ვიკმარეთ აღკვეთა, უმალ დავუწყეთ გინება,
დღე მარადმასწავებელის ბნელმან დღეს ასე ინება.

იცვალნენ არსნი, მიზანნი, ქმედებათ ჩვენი დღისანი,
ნიჭთა არსება უვიცთა დაბნელებაა მზისანი,
ტალანტი - ფუჭად ნაფლანგი, ხანაც - დავსილი ქისანი,
ორნივ გზამრუდედ ვიყენეთ არცოდნა უვიცისანი.

წიგნი, მრავალგზის მოქმედი, დაუშრეტელი ძალისა,
უკითხავს უვიცს შეიქმნის, მკითხს თვალი მისცეს ლალისა,
მკითხველ თუ ავი გამოსტყვრა, ცბიერი გონით ჩალისა,
რეგვენს ნაკითხად შეჰრაცხავს, სიცხე მოედვის ალისა.

მეტჟამ ცრურწმენამ შეგვიპყრო შემცთართა „გონმა ფრიადმა“,
თვალთ დაუბნელა უვიცთა „ფიქრმა და სჭვრეტამ დიადმა“,
შემკადრებელთა სწორნი თქმა გულს არ იკარა ზვიადმა,
სასოს ჩვენ ჰასაკს ვუთვლიდეთ, ბნელი სძლიოს განთიადმა.

ეპილოგი

აქ აღსრულდების შაირი, შესდგების ჩემი მერანი,
რომლისა ფლოქვთა თქარუნსა ძლივს სდევდა გულის ძგერანი,
აქვე დავსწერე დღეობის ფონი და ფიქრნი ვერანი,
სხეულსა, აწ განტევებულს, რითმნი ჰგლეჯს, ვითა ძერანი.

ვეღარ ვიტიე გულსა შიგ ბნელი, ვიტვირთე კალამი,
მუზათაც აღარ მიმუხთლეს, მალე მითვლიეს სალამი,
გულსა, ცეცხლშემოდებულსა, კვლავაც ვუმატე წალამი,
ცად მწუხრის გასაფანტველად ბრძოლის ავზიდე ალამი.

ვაგლახ ვსწერ იგი, რაც ვნახე, თვისი და სხვათა ჭირობა,
შაირით ვცადე აღწერა, არ მიწადნია გმირობა,
გადაგვარებულს სოფლისა კეთილთა ნორჩთა მწირობა,
დარდად მომეცხო, გონითგან თქმულის ვიწვნიე გზირობა.

ზეცამან მიძღვნა წყალობა, სიტყვა არ მექცა ძვირადა,
ხელი, ენა და გონება შემექმნენ ერთად პირადა.
ჭირვეულ არსთა მხილება როდი შემერგო ხილადა,
ოდენ მსუბუქად ვიქეცი, თავ მიმეცემის ძილადა.

თხრობას ვასკვნიდე, ვაი, რომ, საამბო კიდევ მეტია,
იგი ვთქვი, რაიც ნაწვალ გულს წამებით გამოეტია,
ვსურვობდე, თუ მკითხს, ვაძაგე, გავეგე და მოეტია,
ჟამიანობის წინაშე მარტოდ მდგარი პოეტია.

2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები