ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
30 ივლისი, 2020


სუნსულა

  ბუმბერაზია ჩვენი კაკალთვალა, შოკოლადისფერი აბრეშუმქათიბა ძროხა, მუდამ დრუნჩდასველებული, ცოხნაყბიანი და დინჯი. მწყემსები ფშვინვიერი "ფ-შ" ბგერებით ცდილობენ მოიარშიონ, კომბალს უღერენ. იციან, თუ დაარტყამენ დიდი ხნით შეძლება გაუჩინარდეს, გადათელოს და გააჩანაგოს არაერთი ბაღ-ვენახი შურისძიების მიზნით. ემდურებიან, თუმც ვერ აიძულებენ, სხვის ბაღებს  არ გაეკაროს. მწვანე ნარგავებს გეახლებათ, ბოსტნეულითურთ. ან რა რძე უჩერდება ცურში-იცოცხლე, 25 ლიტრს იწველის. ეს ჩვენი ძროხაა, სუნსულა- მწყემსების სატკივარი. პატრონისგან მრავალჯერ გაფრთხილებულებმა იციან, ჯიბრში არ უნდა ჩაუდგნენ, რადგან პაპას ადამიანებზე მეტადაც კი უყვარს და ეიმედება ეს ცხოველი.
  დილით სადგომიდან გამოსვლაც სასწაული იცის. დაჰკრავს ბუმბერაზ ჩლიქს ჩლიქზე და უკვე ღობის გადაღმაა. ცოხნა- ცოხნით ელის მწყემსებს, თითქოსდა ყველაზე თვინიერი ცხოველი ყოფილიყოს.
  მრავალჯერ იმაკა სუნსულამ, ჯიშიან შთამომავლობას იძლეოდა, მეწველსა და მეხორცეს.სანამ პაპაჩემს მამალი ძროხა ბიჩოლა ჰყავდა, სხვას არ იკარებდა, აქაც გასაკვირი ერთგულება გამოიჩინა. ბიჩოლა რომ დაძაბუნდა და მოკვდა, პაპამ და სუნსულამ ერთმანეთის სიყვარულით გადაიტანეს მისი დაკარგვით მოგვრილი ტკივილი. სუნსულა ერთ მამალს არ კმარობდა, სათამაშოდაც კი, სხვა მამრებსაც გაჰკრავდა მკერდს. მათაც ლაზღანდარაობით გაიკიდებდა, ფრუტუნითა და კუდის რტყმევით გადაივლიდა ღობე-ჯაგნებს, სადმე დაიმალებოდა. დორბლიან, მიქანცულ მამრებს "მუს" შეჰბღავლებდა და მათაც ხახამშრალს სტოვებდა, პაპამაც კი არ იცოდა ვისგან გვაძლევდა ახლა შთამომავლობას. თავისი მამრის სიკვდილის შემდეგ სრულიად უკონტროლო გახდა.
  სოფელში ბევრი ანეკდოტი შეთხზეს, ბევრსაც იცინოდნენ.
  ზამთრობით უნახირობისა და საკვების ნაკლებობის გამო, სახლიდან იპარებოდა ჩვენი ძროხა. მეზობლების მარნებიდან უფრო შორსაც გადაინაცვლა. მწვანე პომიდვრის წნილის გემო მოსწონებოდა დალოცვილს და ყველანაირ მჟავეს მიირთმევდა მწვანე ფერისას, წითელ კომბოსტოსა და სხვა წნილებს პირუხლებლად ტოვებდა. იმასაც ამბობდნენ კბილებით ხსნის დახუფულ ქილებს, მაკეთ იქნებაო საწყალი. ძირითადად გოდრებში ჩამწნილებულს ეტანებოდა. ძალიან მინდოდა მისი ფაქტზე დაჭერა, მაგრამ ჩვენთან წნილს აღარავინ აკეთებდა სუნსულას მსუნაგობის გამო, პაპას ეშინოდა ამდენმა მჟავემ რძე არ გაუფუჭოსო. არადა რძე უფრო გემრიელი და პოპულარული გაუხდა. ვარსკვლავი იყო ჩვენი სუნსულა, ლეგენდა ძროხათა შორის.
  კაცებმა მოილაპარაკეს და ოჯახებში აკრძალეს მწვანე მჟავის შენახვა, იქნებ როგორმე გადავაჩვიოთ სუნსულა მჟავესო. პაპა მარილის ნატეხს ალოკებდა და ასე უოკებდა მჟავე-მლაშის სურვილს.
  ერთად დაბერდნენ პაპა და სუნსულა. ძალა ორივეს ერჩოდა. პაპამ დასაკლავად ვერ გაიმეტა. ღამეებს უთევდა
დასნეულებულს. ეფერებოდა, თავის გულის ნადებს მხოლოდ მას უზიარებდა, ისიც აბღავლდებოდა, ჩლიქების მიწაზე დაბჯენას ცდილობდა, თუმცა მუცელში დაგროვილი წყალი ქვასავით დამძიმებოდა. მარილსა და მჟავეს გაეფუჭებინა მისთვის ღვიძლი.
  სუნსულა ჩუმათ გამოვიგლოვეთ და დავმარხეთ ჩვენთან ეზოში, დიდი ცაცხვის ქვეშ. პაპამ კიდევ დიდ ხანს იცოცხლა, იმ იმედით, მისი შთამომავლებიდან რომელიმე სუნსულას დაემსგავსებოდა. ეს არ მოხდა, რადგან ის ერთადერთი იყო და ასეთები არ მეორდებიან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები