ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2020


ფორმალობა

მზემ როგორც კი გამოანათა,
დაიწყო ფორმალობები.
ხელ-პირი დავიბანე,
მოვირგე ყველას მოსაწონი ნიღაბი
და სახლიდან გავედი.

ქუჩის ბოლოს
ცარიელი ნაგვის ურნა იდგა,
ნაგავი კი მის გვერდით ეყარა.
რამდენი ასეთი მიზანს აცდენილი ქმედება მინახავს ?!
ეს ერის გენია, ეს ჩვენი გენია
და ყველა გენი ეტყობა ქალაქს.

სამსახურისკენ ავიღე გეზი
- ყველა მუშაობს.
და რადგან არ მქონდა იმდენი ფული,
მარტოს მემგზავრა,
გაჩერებაზე დაველოდე დაჟანგულ ტრანსპორტს,
რომელიც მუდამ ისეთი სიყალბით იყო სავსე,
ვით მტრისგან ქება.

ხუთ წუთში უკანა სავარძელზე მოვთავსდი
და შევამჩნიე, ყურსასმენები სახლში რომ დამრჩა.
დავდარდიანდი - რა მოუსმენს ამდენ ჭორ-მართალს?
ან რატომ არ შეიძლება ველაპარაკო, გვერდით მჯდომ უცხოს?
არადა, ბევრი ვიცით ერთურთზე.

ჩვენ, ყველას, გვაქვს:
ოცნება, მიზანი, ფიქრი და განცდა;
ვსწავლობდით სკოლაში,
ზოგი - უნივერსიტეტშიც
და ჩვენმა დაბადებამ სიხარული შვა.
განა არ კმარა ამდენი საერთო,
რომ, თუნდაც უცხოს, უბრალოდ ვუთხრა:
-ძმაო, როგორ ხარ?
წამოდი და ერთად დავლიოთ,
ფეხშიშველებმა ვირბინოთ ქვებზე,
უპატრონო საფლავი ვნახოთ
და გავწმინდოთ სარეველასგან...

რამდენჯერ ვცადე
და გიჟიაო !
თვეობით მასვეს რაღაც აბები,
რომელმაც, ალბათ, "გამაჯანსაღა"
და ვზივარ ახლა,
სრულიად უცხო ახლობლის გვერდით,
მან კი რა იცის, რამდენი ვიცი მასზე.
ისიც ჩემსავით მუშაობს სადღაც,
რომ თვის ბოლოს, ან დასაწყისში, პური იყიდოს.

„გაჩერებასთან გამიჩერეთ, თუ შეიძლება“
ვისაც სასჯელად ერგო მძღოლობა, მას სთხოვა ქალმა.
ლამაზი იყო, მოკლე კაბით,თმაზე სათვალით
და მიმიკებზე ეტყობოდა უფროსისათვის მოდუღებული მრავალგზის ყავა.
წავა და ახლაც იმავეს იზამს,
რათა ჩემსავით და იმ ბიჭივით, გვერდით რომ მიზის, პური იყიდოს.

პურის ყიდვაში მიილევა მთელი ცხოვრება
და განა მეტი არ არსებობს სხვა საფიქრალი?

„როგორ ხარ ძმაო, გენაცვალე, წამო, დავლიოთ !
იცი, რამდენი რამ გვაქვს საერთო?
წამოდი, სადმე ხეები დავრგოთ
და ფეხშიშვლებმა ქვებზე ვირბინოთ.
მერე კი სადმე უპატრონო საფლავი ვნახოთ
და ის განვწმინდოთ სარეველასგან“

ისევ აღმომხდა ძველებურად ეს სიტყვები
და დავინახე, შეშინებული, ფართო თვალები,
რასაც ვიცოდი, მოჰყვებოდა ისევ აბები
- ფერადი აბები,
მრგვალი აბები,
ტკბილი აბები,
მწარე აბები...
რომლებიც თქვენებრ დამაძინებდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები