ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2020


ადამიანი არის ის რასაც ჭამს

აპრილი, ჯუნგლი, ღრუბლის ბლომანჟე,
მხოლოდ " მე " არის მდორე პატრონი.
სხეულში ისევ სულს ვამონტაჟებ
როგორც ქორწილის ოპერატორი.

წვიმის კოქტეილს გიმზადებ მე შენ
ხალხი ის არის მაკა რასაც ჭამს.
ქალი ჰგავს ველურ უკაფავ ჟენშენს,
კაცი?  უბრალოდ ქალმა დასაჯა!

სული კი არა - ვგავართ სისტემებს,
ძვირფასო თავი მხრებზე ჩამოდე.
კარამელის ბურთს მკვდრები მისდევენ
რომელიც ზღვაში უნდა ჩამოდნეს.

ღვთის მოქმედება ადამიანში
ცრუ სინდისია კვლავაც საჩინო.
ამ დაუსწრებელ ტვინის წიაღში
მზეო, მეორედ არ გამაჩინო!

სწრაფ იმპულსური მე ვარ ბალზამი,
ზეცა მწყურია! მიწა არ მშია!
სულს მესენჯერით ცაში ვაგზავნი
და უნისონის გაფიცვაშია....

გული რომელიც ნაღდად გულია,
ცა შეიძლება მალავს სხვაობას.
ღმერთი ნამდვილად კომფორტულია,
რომ მასში მალო არარაობა!

ლოცვა სისხლს მალავს, დრო შეიღება
და გრძნობს ენაზე კვირეულ ქავილს
და წმინდა მიწაც ჰომ შეიძლება
მალავდეს ახალ იერუსალიმს.

მე მიწა მქვია, ძმა ვარ მაკა ცის!
გადავაქციე სული ყვრიმალად.
ქალი უზმნოა, ზმნა მამაკაცი
და კითხვის ნიშანს ტირე იმალავს.

არ მინდა სისხლი მოვიქართულო,
მე შორს წავედი, სივრცემ დამსაჯა.
ხალხი ის არის რასაც კადრულობს
ხალხი ის არის მაკა რასაც ჭამს.

მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )
2020 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები