ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: იუმორისტული
3 აგვისტო, 2020


"ფანქრიჭამია" (თავი 1)

-მოდი აქ,მოდი,-ღიმილით დამიქნია ხელი და სანამ მისკენ წავიდოდი,იღლიაში ამოჩრილი თეთრი საქაღალდე მოიმარჯვა.ვერ ვიცანი,სანამ მივუახლოვდებოდი,ათას ვინმეს მივამსგავსე,მაინც ვერ ვიცანი. როგორც კი მივედი,მაშინვე საქაღალდე გამომიწოდა.
-ეს შენთვის არის,-მითხრა და ხელში მომაჩეჩა.
-კი მაგრამ,ვინ ხართ ბატონო,ან ეს რა არის?-ცოტა არ იყოს,შემეშინდა და უკან დავიხიე.
-გამომართვი,რომ გეუბნები,-გამიბრაზდა და ძალით მომაჩეჩა.კიდევ დავაპირე რაღაცის თქმა,მაგრამ ისე სწრაფად შეტრიალდა და შეერია ხალხს,თვალი ვეღარ მოვკარი.ცნობისმოყვარეობამ მძლია,ის იყო,საქაღალდე უნდა გამეხსნა,საშინელი რყევა ვიგრძენი.
-ნინა,გაიღვიძე ნინა..-თემო ისე ძლიერად მანჯღრევდა,დაფეთებული წამოვხტი.ყოველ დილით ასე მაღვიძებს,უხეშად.
-რა მოხდა?-დაბნეულმა შევხედე,უცებ ვერც ვიცანი.
-დაგავგვიანდა,დაგაგვიანდა..-პირგამოტენილმა მითხრა და სამზარეულოს დაუბრუნდა.მიჭირდა დილით გამოღვიძება,რაც არ უნდა ადრე დამეძინა,დილით საღათა მაწვებოდა.საათს დავხედე,ცხრა სრულდებოდა,არა და უკვე სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.რა გაუძლებს კოტეს ცოფების ყრას!გზა და გზა ვიცვამდი ტანსაცმელს,ნახევრად დაუვარცხნელი თმა თითებით ჩამოვისწორე და ხალხით გატენილა ავტობუსში ერთი ფეხის დაკვრით შევხტი.უკმაყოფილოდ გადმომხედეს მგზავრებმა,როდესაც მხრების ოსტატური მოძრაობით გზა გავიკვალე და ფანჯარასთან ჩავეკვეხე.გული ამოვარდნას მქონდა,ათის ნახევარზე საბერძნეთიდან ჩამოსულ ბიზნეს პარტნიორებთან გვქონდა შეხვედრა.კოტე ალბათ ფანქრებს ჭამს,გავიფიქრე და დამცხა.ასე იცოდა,ნერვიულობისგან.ამიტომ მის სამუშაო მაგიდაზე სულ თავმოღრღნილი ფანქრები ეწყო.
-თქვენი ბილეთი?-გვარიანად ჩასუქებულმა კონტოლიორმა ხელი რომ გამომიწოდა,აქ მეორედ დამცხა და პირველი რაც მოვიმოქმედე ,ფანჯარა შევხსენი.
-თქვენი ბილეთი,ქალბატონო?!-ღმერთო რა ჯიუტია,ხომ მეტყობა სახეზე,რომ უბილეთო ვარ,თან გავბრაზდი,თან შემრცხვა.
-არ მაქვს,-სიჩქარეში,საერთოდ არ გამხსენებია ბილეთი,რომც გამხსენებოდა, მხარზე ხელი მოვიკიდე და ჩანთა სახლში დამრჩენია ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად.ოღონდ ეს არა,ოღონდ ეს არა,თავში შემოვირტყი ხელი.ზოგმა თანაგრძნობით შემომხედა,წეღანდელმა უკმაყოფილოებმა კი ნიშნის მოგებით.
-შემდეგ გაჩერებაზე ჩამობრძანდებით,ჯარიმას გამოგიწერთ,-ისე ამაყად მამცნო,თითქოს პრემიის გამოწერას მპირდებოდა.აქ უკვე მესამედ და ხარისხიანად დამცხა,ჯერ ღია ფანჯარაში გავყავი თავი,გრილ ჰაერთან ერთად მანქანების გამონაბოლქვიც ჩავისუთქე და მავედრებელი მზერა მივაპყარი კონტროლიორს.
-ძალიან გთხოვთ,მაპატიოთ..მეჩქარება,თითოეული წუთი გადამწყვეტია ჩემთვის,-ვუთხარი და იმის იმედით,რომ ჩემი თხოვნა გაჭრიდა,წინასწარ დავაჯილდოვე ღიმილით.
-გაპატიო რაა,მშობელთა კრებიდან მოსული მამაშენი კი არ ვარ?!-აგდებულად მითხრა და უფრო ახლოს მოიწია.აქა-იქ თავშეკავებული სიცილი გაისმა.
-უტაქტო!-ავპილპილდი და კარისკენ დავიწყე გაძრომა.უკან მომყვა ჩასუქებულიც.ავტობუსი გაჩერდა თუ არა,ვიგრძენი ვიღაცამ ხელი ხელზე წამავლო და ძლიერად მომიჭირა.ისე შევცბი,ხაფანგში გაბმულ თაგვივით ავფართხალდი.
-მოიცადე,-მიჩურჩულა ჩემს ტერიტორიას დაუფლებულმა და კარის გაღებისთანავე შემოდგომის ფოთოლივით გამიტაცა.
-დროზე,-დამიყვირა სიცილით და მაიძულა მასთან ერთად გავქეულიყავი.ერთი კი შევავლე თვალი ავტობუსს და კისრიტეხვით მივყევი უცნობს.
-ღმერთო,რა სირცხვილია,-სამშვიდობოს გასული,აქოშინებული შევჩერდი და უცნობს მაშინღა შევხედე.იმასაც გახშირებოდა სუნთქვა.
-კარგი რა,-უდარდელად მითხრა და სიცილი აუტყდა.აშკარად ჩემს გაწეწილ თმაზე და შერცხვენილ სახეზე.მეც გამეცინა.
-მადლობა,რომ გადამარჩინე,უნდა წავიდე,ძალიან მეჩქარება,-კი მომერიდა ასე მიტოვება,მაგრამ კოტეს სახე რომ წარმოვიდგინე და გადაღჭილი ფანქრები,ტვინმა განგაში ატეხა.
-ფეხით?-შემახსენა უფულობა,უჩანთობა,უსაბუთობა.
-ტაქსით,-უარაფრომ იხტიბარი არ გავიტეხე და გზის პირას დავდექი.
-უფულოდ?-გვერდში ამომიდგა ღიმილით."რა სიმპათიურია,მარლონ ბრანდოს ჰგავს"გავიფიქრე და გზაზე მომავალ მანქანას წინ გადავუდექი.სხაპასხუპით ავუხსენი ჩემი გასაჭირი მძღოლს.არაო,თავი გაიქნია და კლიენტის დაკარგვით გამოწვეული სიბრაზე მანქანის სიჩქარეზე აისახა.
-რომელი საათია?-მივუბრუნდი ისევ ჩემს ბრანდოდ მონათლულს.
-ათს აკლია ორი წუთი,-მთელი სიზუსტით მითხრა და მეც მთელი სიზუსტით მივხვდი,რომ ხვალიდან ახალი სამსახური უნდა მომეძებნა.
-აჰ,ათი საათია,-თავს შევატყვე პანიკური შეტევა.
-ჯერ არა,ორი წუთი დიდი დროა,ვინ იცის,რა შეიძლება მოხდეს ორ წუთში,-მშვიდად მითხრა.
-შენ არ გაქვს,რომ მასესხო?-თავხედურად ვთხოვე უცნობს.გაჭირვება რას არ გაგაკეთებინებს.
-მაქვს,-ჯარის ძმაკაცივით გამიღიმა.აშკარად მეთამაშება,გავიფიქრე და შუბლი შევუკარი.
-მასესხე და ხვალ დაგიბრუნებ,თუნდაც დღესვე,საღამოს,-უტეხად მივაჩერდი.ერთი კი გამბურღა ცელქი მზერით და ჯიბეში ხელი ჩაიყო.
-გამომართვი,ხედავ,ორ წუთში ფული იშოვნე, -არც დაუთვლია,ისე ჩამიკუჭა ხელში ქაღალდის რამდენიმე კუპიურა და შეტრიალდა.გაღიმებულმა გავაყოლე თვალი.ლამაზად მიდიოდა.
-ჰეი,მეგობარო?!-გამოვერკვიე და მისი შეჩერება ვცადე,რომ გამეგო,სად და როგორ დამებრუნებინა ნასესხები თანხა.
-დაგაგვიანდა!-უკან მოუხედავად გამომძახა და გზა განაგრძო.არა,ეს უკვე ნამეტანია,ვერ შევიტყაპუნებ სხვის ფულს.
-ბრანდო!-დავუყვირე,არა წამომცდა.მიზანში მოხვედრილივით შედგა,კოპებშეკრულმა გამომხედა,ხელის აქნევით წასვლა მანიშნა და გზა განაგრძო.დრო არ ითმენდა,გაკიდების აზრი უკუ ვაგდე და შემდეგ ტაქსის გადავუხტი წინ.ჯერ სახლში მივირბინე,ჩანთა უნდა ამეღო აუცილებლად.თემო ისევ სამზარეულოში დამხვდა.პირგამოტენილმა მკითხა რა მოხდაო.ახსნა-განმარტების არც დრო მქონდა,არც ხალისი.ღმერთო,რამდენს ჭამს ეს კაცი,გავიფიქრე და მობილურს ვეცი.თვრამეტი ზარი და თორმეტი შეტყობინება დამხვდა კოტესგან.სასწრაფოდ მოვძებნე ჩანთა და კიბეზე ფრენით დავეშვი.
კოტეს ღრიალი დერეფანშივე მომესმა.თვალები ძლიერად დავხუჭე და კარის სახელური ჩამოვწიე.
--ორი საათი,მთელი ორი საათი ჯამბაზად ვიქეცი,როგორმე დრო გამეყვანა,სად ჯანდაბაში ხარ,ნინა?!-იქუხა ჩემს დანახვისთანავე და თვალებიდან ცეცხლი გადმოაფრქვია.ინსტიქტურად დავხედე მაგიდას,ფანქრები ნახევრად შეჭმული ეწყო,აქ მივხვდი,ცუდი დღე მელოდა და თან დავასკვენი,რომ ჩემი უფროსი მღრღნელთა ოჯახს მიეკუთვნებოდა.
-ბატონო,კოტე..-ბლუყუნით დავიწყე.
-დროზე კაბინეტში,დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ!
დორბლიანი,გულში შევამკე და ტუსტუსით ავედევნე.სტუმრების გადაღლილ სახეების დანახვაზე,უხერხულად შევიშმუშნე და ღიმილგაპარული მივუჯექი მაგიდას.საუბრის დროს,კოტე თვალებით მჭამდა.რამდენჯერმე კი გავიფიქრე,ღირსია ,უკუღმა ვუთარგმნო და პირდაპირ რეანიმაციაში გავისტუმრო მეთქი.შემეცოდა.თემა ეხებოდა ზეთის ხილის ნერგების ფართოდ შემოტანას საქართველოს ფარგლებში და მის რეალიზაციას.იმდენს ლაქლაქებდა კოტე,ძლივს ვასწრებდი თარგმნას.ახლა გახდა მაინც და მაინც მჭერმეტყველი,უკმაყოფილოდ შევხედე.ჩემი მზერა დაიჭირა და ცალი წარბი ისე ასწია,მეგონა მოსწყდებოდა მიმაგრებულ ადგილს.შეთანხმება შედგა,მეორე დღისთვის ჩაინიშნა ფორმალური მხარის მოგვარება და ვახშამი.სტუმრები როგორც კი გავაცილეთ,კოტეს შევატყვე,ნელ-ნელა როგორ ეცვლებოდა სახე,მივხვდი,ჩემთან შეტევისთვის ემზადებოდა.
-ვიცი,რომ დამნაშავე ვარ,ამ ერთხელ დამაგვიანდა,ეს თქვენც შეიძლება დაგემართოთ,ამის გამო,არ შეიძლება მიყვიროთ და უხეშად მომექცეთ,დღესვე დავტოვებ სამსახურს,ასე გაგრძელება აუტანელია!-საიდან ამდენი ძალა,მე თვითონაც გამიკვირდა,თუმცა შეტევა დავასწარი.
-ერთხელ?!-ისე დაიგრგვინა,კედლებმა ჭრიალი დაიწყეს.-ხუთი თვის მანძილზე,ყოველ დღე,ყოველ დღე აგვიანებ ,ნინა!-ჩემს თავხედურ ტყუილზე უარესად აიფოფრა.ახლა ,რომ შიში შემატყოს,უარესს მიზამს,შევუძახე თავს და საქაღალდე ხმაურით დავაგდე მაგიდაზე.
-სამსახურიდან მივდივარ!-დემონსტრაციულად განვუცხადე.
-ვერსადაც ვერ წახვალ!-მთლად სიმკაცრეც ვერ გამოუვიდა,სირბილე ვიგრძენი,აშკარად უკან დაიხია.
-კადრებში ჩავალ,განცახდებას დავწერ განთავისუფლების თაობაზე!-გავთამამდი,პირველ ჩვენებას მივაწექი და კარისკენ დავიძარი.
-პაპასკირი!
ღმერთო რა საშინელი ხმა აქვს,როგორ უძლებენ ოჯახში.
-ტონს დაუწიეთ ბატონო კოტე,დღეიდან თქვენთან აღარ ვმუშაობ!-ამაყად განვუცხადე და კარი გავიჯახუნე.ვიცოდი,ასე იოლად ვერ შემელეოდა,ვისარგებლე ჩემი შესაძლებლობებით.ქალაქში სულ ხუთი თარჯიმანი,თუ ვიქნებოდით ბერძნული ენის.-ფანქრიჭამია!-მივაძახე სამშვიდობოს გასულმა.
-რა თქვი?!-ისე სწრაფად გამოვარდა გარეთ,მეგონა კოპერფილდივით დახურულ კარში გამოიარა.ერთი კი გავხედე თვალებ დაჭყეტილმა და ადგილიდან მოვკურცხლე.გზაში კოტეს შეტყობინება დამეწია."ხვალ,შუადღის თორმეტ საათზე ოფისში გელოდები!"ბოლოში ძახილის ნიშანი თვალში არ მომივიდა .სასწრაფოდ დავუბრუნე პასუხი."ვინაიდან თქვენს კოპანიაში აღარ ვმუშაობ,ბრძანებას ვერ დავემორჩილები,თუ გნებავთ ,რომ დაგეხმაროთ,მაშინ მთხოვეთ!"ვიცოდი,ასე მოკლე დროში ვერ იშოვნიდა თარჯიმანს და უკან დახევა მოუწევდა.დილანდელი ვერც "ჯანდაბა" ვაპატიე და ვერც ყვირილი.პასუხი არ მოუწერია.

გაგრძელება >>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები