ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2020


ლილიტი - 6

6
გარინდული ვიჯექი რაღაც დროის განმავლობაში, მივჩერებოდი ხელის გულებში მოქცეულ, ნახევრად დალეულ ნახევრად გაციებულ ყავის ჭიქას და სინამდვილეში სულ სხვა სურათები იცვლებოდა ჩემს გონების თვალში. პანდორას ყუთს ვამსგავსებდი ამ ისტორიას და როგორც მასში დარჩა ბოლოს იმედი, ისე არ ვკარგავდი იმედს რომ შევძლებდი ლილის დახმარებას, თუნდაც ათასგვარი უბედურების გაღვიძებისა თუ ტყვეობისგან გათავისუფლების ფასად - ამეკვიატა ეს აზრი, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მიზანი, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ადამიანის მიერ კვანძების გახსნის მცდელობა სულაც არ იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ კვანძები თავად გაიხსნებოდა, თუ საჭირო გახდებოდა ლილის გადასარჩენად.
ზემოთ რომ ავიხედე, ავთოს მზრუნველი, მოთმინებით აღვსილი გამოხედვა დავიჭირე - მესიამოვნა. სითბო ჩამეღვარა ვენებში. ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა და ძალიან ბუნებრივად გადაიტანა ყურადღება ყავის ჭიქაზე - ყავისა თუ ჩაის სმა ხომ სწორედ ასეთი უხერხულობების დასაუთოვებლად გამოიგონეს-გავიფიქრე მაშინ.
- ბაია, შეგიძლია გააგრძელო?
- დიახ. სახლში მოსული ძალიან აღელვებული ვიყავი. -(არ შევიმჩნიე „შენობითზე“ გადასვლა)- კარი ჩემი გასაღებით გავაღე. პაატა აბაზანაში იყო.  იმ დღეს რაღაც გაღიზიანებული მეჩვენა, ასე იცის ხოლმე, როცა უნივერსიტეტში რამე სანერვიულო შეხვდება, დაჭიმული არის ხოლმე თმის ღერამდე და მეც ვცდილობ რომ ზედმეტად არ შევაწუხო. მხოლოდ ვახშამზე მკითხა ამბები, სად ვიყავი სადილზე სახლში რომ არ დამხვდიო. წამოსცდა რომ სამსახურში პატარა სანერვიულო შემხვდა დაწინაურებასთან დაკავშირებითო. მისი კათედრის გამგე ცოტა ხნის წინ ავტოავარიაში დაიღუპა და ახლა კათედრის გამგეობაზე იყო მთელი ამბავი, ვინ დაიკავებდა მის ადგილს.
- შენი მეუღლეც ერთ-ერთი კანდიდატი იყო?
- არა, არა, საერთოდ არაა ამბიციური ადამიანი, როგორც ის ამბობს, მე სრულიად საკმარისი ვარ მისი ბედნიერებისთვის.
- როგორი დამთრგუნველია ალბათ, არა?
- რა არის დამთრგუნველი?
- როცა ადამიანი მთლიანად შენითაა შეპყრობილი.
- შეპყრობილი? რატო ასე? შეპყრობილს ვერ ვუწოდებდი მის დამოკიდებულებას. უბრალოდ მას ყოფნის ჩვენი ოჯახი და ჩვენი ურთიერთობა. - ჩემი ოდნავი აღტკინება, მეუღლის დაასაცავად აფოფრვა კვლავ საქმეზე ნახტომით ჩააცხრო ავთომ.
- და რატომ იყო განერვიულებული მაშინ?
- მე როგორც გავიგე, ის რომელ კანდიდატსაც თვლიდა გამგეობისთვის ღირსეულად, იმას შეუქმნეს პრობლემები ... უფრო სწორედ იმ ადამიანს სხვა ინსტიტუტში შესთავაზეს შედარებით მაღალანაზღაურებადი პოზიცია და აქ ფეხებში ნუ მოგვებლანდებიო -აგრძნობინეს. გამგეობა კი პაატას შესთავაზეს და როგორც მივხვდი არ უნდოდა ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
- გასაგებია. რა მოხდა შემდეგ?
- მოვუყევი, სკოლიდან მოსულს როგორ დამირეკეს და ლილის ამბავი შემატყობინეს, როგორ წავედი საავადმყოფოში... აი საავადმყოფოს ხსენებაზე ძალიან დაიძაბა, ძალიან შეწუხდა ავარიის ამბავზე, რაც არ გამიკვირდა, რადგან ძალიან კეთილი ადამიანია. დაწვრილებით გამომკითხა ყველაფერი და არ მოგატყუებთ, ძალიან მესიამოვნა, გულში ისიც კი ვიფიქრე რომ ზოგი ჭირი მარგებელიც კია და იქნებ ეს ინციდენტი გამხდარიყო მათ შორის ზავის ჩამოგდების მიზეზი. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ცოტა დამაგვიანდა ყურმილის აღება, რადგან პაატას ჭიქა გაუტყდა და მინდოდა მივხმარებოდი. მერე მანიშნა რომ თავად მიხედავდა და როგორც იქნა ვუპასუხე ზარს. ყურმილის მეორე მხრიდან საშა ბიძიას შეწუხებულმა ხმამ მიპასუხა. საოცარი ისაა, რომ მას არასდროს დაურეკავს ჩემთან აქამდე. ხომ მშვიდობააო მკითხა, ამდენი ხანი რომ არ ავიღე ყურმილი, ეტყობა კარგი ვერაფერი იფიქრა. მოიკითხა ლილი და მანაც დაწვრილებით მკითხა ყველა დეტალზე, ისიც კი , თუ რას ამბობდნენ ექთნები. ვუთხარი რომ ნახვა შესაძლებელია და რომ სტაბილურადაა, არაფერი სერიოზული არ დაუდგინდა. შემდეგ ისიც ვუთხარი რაც გავიგიე ამ ტრავმების მიზეზზე და მათი მეგობრის ილია სიმონიშვილის ავტოავარიის შედეგად გარდაცვალებაზე. მივუსამძიმრე კიდეც.
- და ეს საშა ვინაა?
- საშა კაცმანი არის ლილის უახლოესი მეგობარი, სწორედ ის, ვისაც ჩემთვის კასეტები და ჟურნალები ჩამოჰქონდა. ძალიან მანებივრებდა ყოველთვის. იმდენი მეხვეწა მასწავლებლობა არ ამერჩია და იურიდიულზე ჩამებარებინა, მაგრამ ვერ დამითანხმა და ბედს შეეგუა.
- ის ახლოს იყო ილიასთან?
- კი, ორივე ლილის მეგობრები იყვნენ. ილია სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, არქიტექტორია და საკმაოდ დაფასებული პიროვნება იყო.
- როგორი რეაქცია ჰჰქონდა საშას?
- საშა ძალიან თავშეკავებული , კეთილი და გონიერი ებრაელი კაცია. პაუზა გააკეთა ტელეფონში და მოსამძიმრებისთვის მადლობა გადამიხადა.
- არ გაუკვირდა?
- არ ვიცი, ტელეფონში რთულია გაიგო როგორ რეაგირებს მოსაუბრე.
- რამდენად კარგი მეგობრები იყვნენ?
- საშა ყველაზე ხშირად სტუმრობდა ლილის და ხშირად ვხედავდი, თუმცა ვიცი რომ მათი სამეგობრო სადღაც, მგონი საშას სახლში იკრიბებოდნენ საკმაოდ ხშირად და ილიაც იქ დადიოდა.
- შენ არ ხარ იქ ნამყოფი?
- არა, მე არასდროს წავუყვანივარ იქ ლილის.
- და რითი ცხოვრობს ლილი არ იცი?
- არა, წარმოდგენა არ მაქვს.
- იაფი არ უნდა უჯდებოდეს ცხოვრება.
- რას გულისხმობ? - მეც გავუშინაურდი ავთოს.
- იმას რომ იაფი არ ჯდება ჩაცმა და ძვირადღირებული აქსესუარები.
- ლილის ძვირფასი სამკაული სულაც არ უყვარს.
- სამაგიეროდ საკმაოდ ძვირფასი ტანსაცმელი და აქსესუარები აქვს, სუნამოები...
- არ ვიცი, არასდროს მომხვედრია თვალში! - ცოტა მკვახედ მივუგე.
- ეს იმიტომ რო შენ იცვამ უბრალოდ და სადად.- ეს სიტყვები ვერ გავიგე, ქათინაურად მიმეღო თუ კრიტიკად.
- აქამდე ვფიქრობდი რომ ლილიც უბრალოდ, სადად და გემოვნებით იცვამს.- ამაზე ავთოს გაეღიმა და შემომანათა თეთრი დიდრონი კბილებით.
- უცნაური ქალბატონი ხარ ბაია, ძალიან უცნაური! მოდი ისევ საქმეზე. მე იმის თქმა მინდა რომ ლილის საკმაოდ ძვირადღირებული ბრენდების ტანისამოსი აცვია, იგივე ეხება აქსესუარებსაც და ზოგადად იაფი არ ჯდება მისი ცხოვრება - კურორტები, მანქანა, კვება...
- ტანისამოსით საშა ანებივრებს, ჩემთვისაც ჩამოჰქონდა, მაგრამ ლილი სულ საყვედურობდა, ბაიას სულ სხვა სტილი აქვსო და ახლა იშვიათად ჩამოაქვს, ისიც ლილის შეკვეთით. ასე რომ , ტანისამოსში სულ არ ეხარჯება ფული.
- და ეს საშა როგორი მეგობარია ?არ ჰყავს თავის ოჯახი?
- როგორ არა, ორი ბიჭი და უმცროსი გოგონა, რომელიც ჩემზე უფროსია ასაკით.
- მერე, ცოლი რას ამბობს ასეთ თავგადადებულ მეგობრობაზე?
- არა მგონია წინააღმდეგი იყოს, რადგან დამალულად კი არ მეგობრობენ?! - გავიკვირვე მე.
- მაინც, როცა შენი ქმარი ვიღაც ქალს ამდენ პატივს სცემს, როგორც შენ ამბობ, ამარაგებს ტანსაცმლით, ნუგბარით და ფუფუნების სხვა მახასიათებლებით, არცერთ ჭკუათმყოფელ ცოლს არ მოეწონება ეს-მე ასე მგონია. არა?!
- იცი, ამაზე აქამდე არ მიფიქრია. ისე ბუნებრივად იყო ყველაფერი...
- აი, მოდი შენი თავი წარმოიდგინე: შენი ქმარი ვიღაც ქალს პატივს სცემს, არ მალავს - როგორც შენ ამბობ და ყოველმხრივ უზრუნველყოფს -ასე უნდა დავუშვათ, რადგან ლილი, არსად მუშაობს - რამდენადაც მე ვიცი და არც არავის დაუტოვებია მისთვის დიდი ქონება და სიმდიდრე, მითუმეტეს ჩვენს ქვეყანაში.
- მე არ მექნებოდა პრობლემა ავთო. მე არ ვარ ეჭვიანი ქალი და თუ ვინმესგან იმდენად იქნება ჩემი ქმარი დავალებული, რომ ვალში იგრძნობს თავს, რატომაც არა?! უნდა სცეს პატივი, აბა რა?!
- და ლილისგან საშა დავალებულია რამით?
- არ ვიცი, მაგრამ მეგობრობა მხოლოდ ცალმხრივი თავგანწირვა ხომ არაა?! ალბათ ლილიც ასეთივე ყურადღებიანი და ერთგულია და იმიტომაც იგივეს უკეთებს მას.
- ანუ, შენი აზრით მეგობრობა თავგანწირვაა?
- კი, აბა რაა?! თავგანწირვაა, ერთგულებაა...
- აი, ამაზე კი მე არასდროს მიფიქრია ამ კუთხით - გაეღიმა ავთოს.
- მე ლილისთვის ყველაფერს გავაკეთებ - ესაა მეგობრობა.
- და ის?
- ისიც, ისიც ვიცი რომ ბევრ რამეს დათმობს ჩემთვის, შეიძლება სიცოცხლესაც.
- რატომ ხარ ამაში ასე დარწმუნებული?
- ინტუიცია+გამოცდილება+სიყვარული=რწმენა.
- და შენ თვლი რომ საშა ვალში გრძნობდა თავს ლილისთან? - არ ეპუებოდა ავთო ჩემს პასუხს.
- კი, ალბათ ასეა , რადგან როგორც გითხარი, ცალმხრივად არ გამოდის ასეთი მეგობრობა.
- და იქნებ საშას სხვანაირად უყვარს - დიდი ხარ უკვე იმისათვის რომ ესეც დაუშვა ვარიანტად.
- გამორიცხულია - კატეგორიულად უარვყავი მისი ჰჰიპოთეზა.
- რატომ? - ხმამაღლა მოუვიდა გაოცება ავთოს.
- იმიტომ რომ ლილი სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას კი არა, კეთილდღეობასაც არ ააგებს. არასდროს ეკეკლუცება კაცებს, არ მიგრძვნია მისგან ფლირტის მაგვარიც კი და შენი ნებაა, გინდ დაიჯერე და გინდ-არა.
- კარგი. არ გაგაბრაზებ. მოკლედ, საშამ დაგირეკა და მოგიკითხა, უფრო სწორად ლილის ამბები გაიგო, მაგრამ თუ მეგობარია მისი და ცოლსაც არაფერს უმალავს, რატომ თავად არ მივიდა საავამდყოფოში და თავად არ გაიგო ამბები?
- მეც ამან გამაკვირვა, არც მერე მისულა საავადმყოფოში. საუბარს რომ მოვრჩი, მახსოვს პაატა ისევ დაჭიმული მისმენდა. ნატეხები აეკრიფა და პირველი ეგ მკითხა, საშამ შენგან რომ არ გაიგოს ლილის ამბები, თავად რა, არ ეკადრება საავადმყოფოში მისვლაო და პაატას სიტყვებმა კიდევ უფრო გამიღვივა ეჭვები. იცი, როგორ ვიყავი იმ დღეს?! რაღაც სასოების გრძნობა დამეუფლა, კოგნიტიური გამოფიტვის მდგომარეობა, როცა გრძნობ რომ უძლური ხარ, რომ არაფერი შეგიძლია შეცვალო, ამას შეერია შიში და არასასიამოვნო მოლოდინების ყინულივით ნაკადი და ... -გავჩერდი და დავფიქრდი ერთხანს.
- და?
- და იმ ღამე გამაღვიძა კანკალმა, ტანში ამიტანა კანკალმა და ეს პირველად ჩემი ძმის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დამემართა, მეორედ მამას გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე, და მესამედ კი იმ ღამე. ვკანკალებდი, მიუხედავად იმისა რომ არ ციოდა სახლში. პაატას ისე შეეშინდა, წყალი აადუღა, ჩამითბუნა ფხები, სიცხეს მიზომავდა წამდაუწუმ. მე მეტი არაფერი მახსოვს. ავი წინათგრძნობები ისე შეერია ჩემს გონებას, ვერაფრით დავამარცხე. ჩამესმოდა პაატას ვედრება, არ მიმატოვოო მეხვეწებოდა. დილას თვალი რომ გავახილე პაატა ტელეფონზე ვიღაცას ესაუბრებოდა, ვერ მოვა დღეს სკოლაშიო. მალე ექიმი მოვიდა, მაგრამ მე უკვე კარგად ვიყავი. არ მიშვებდა საავადმყოფოში, მაგრამ მე სახლში როგორ გავჩერდებოდი?! სავადმყოფოში ვიკითხე, ვინმე ხომ არ ყოფილა მნახველი ლილისთანთქო. მითხრეს რომ მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი მოვიდაო და მგონი საჭმელი მოუტანაო. გულზე მემცხეთა და სწრაფად შევვარდი პალატაში. ლილი ისევ წინადღის ფორმაში იწვა, იწვა კი არა , თითქოს ესვენა, მის ფერკმთალ სახეს კიდევ უფრო ანათებდა თმა. სულ არ გავდა 48 წლის ქალს, სულ არ. მანამდე არ დავკვირვებივარ არასდროს. საოცარი იყო, მისი ოდნავ შეჭაღარავებული თმა, სადაც ჭაღარა ღერები მთლიანად იკარგებოდა თმმის სიწითლეში. გაშლილ თმაში კიდევ უფრო პატარა ჩანდა, სილურჯეს სიყვითლე შეჰპარვოდა სახეზე. კვლავ გრძნეულივით იგრძნო ჩემი მისვლა და „ბაია, ჩემო გოგოვო“-დამიძახა. კარგა ხანი ვეფერე მის ხელებს და თმას და მერე ვკითხე, ვინ იყო მოსულითქო. ისე, გადმომიგდო სიტყვა, ვითომც სხვათაშორის, რომ ძველი ნაცნობი მოვიდაო. საჭმელი მოუტანია და მე კიდე სულ ვერ მოვიფიქრე, რომ მშიერი იქნებოდა და რამე მიმეტანა. შევიცხადე ჩემი წინდაუხედაობა და რამის საყიდლად ვაპირებდი გასვლას, რომ გამაჩერა და მითხრა რომ ისედაც ვერაფერს ჭამდა და საჭმელი თავზე საყრელად ჰქონდა. მეორე დღეს გამოკვლევებს უპირებდნენ და თუ ყველაფერი კარგად ექნებოდა გამოსწერდნენ. ვკითხე, ვთხოვე მოეყოლა ყველაფერი როგორ მოხდა, დეტალურად. ის გავიგე რომ ილიას მანქანით სახლში მოჰყავდა, როცა ავარია მოხდა. არ ახსოვდა რა მოხდა კონკრეტულაქდ, ვინ დაეჯახა ან ვის დაეჯახნენ, მაგრამ ძლიერი დარტყმა ახსოვდა, ტკივილი ვიგრძენიო და მერე კი უკვე საავადმყოფოში მოსულა გონზე. დიდი დარტყმა იყო ილიას დაკარგვაო - მითხრა და ატირდა, ჩუმად, საცოდავად, შესაბრალისად-ასეთი პირველად ვნახე ლილი. მანამდეც უტირია, მაგრამ ასეთი უმწეო არასდროს მომჩვენებია.
- ანუ, მისი აურაცხება მეგობრებიდან, მხოლოდ ის ვიღაც მოხუცი ქალი და შენ იყავით მის გვერდით მძიმე წუთებში?! ხომ ასეა?!
- იცი, საავადმყოფოში კი მე დავდიოდი, მაგრამ არ მიგრძვნია რომ მიატოვეს. სახლში რომ გამოწერეს, მისი ყველაზე ახლო მეგობრები ყველა დახვდა და ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს. საშამ მანქანა გამოუგზავნა. სახლში კი  დახვდა ექვსივე:ვასილ ქირია, ჯემალ ხიზანიშვილი, გიორგი ჟღენტი, ბესარიონ ბიბილური, ვლადიმერ კოკოჩაშვილი და საშა .
- არ გიფიქრია რომ საავადმყოფოში გამოჩენა არ უნდოდათ?
- მე ვფიქრობ, უბრალოდ არ ჩათვალეს საჭიროდ ან არ ეცალათ.
- მალე გამოწერეს ლილი?
- კი, როგორც გითხარი მეორე დღეს გამოკვლევა ჩაუტარეს და მხოლოდ დანიშნულება მისცეს, ყელის ფიქსატორის ტარება დაავალეს და გამოწერეს.
- არ გაგიკვირდა შენ ეს ამბავი ბაია?
- მაშინ ამისთვის არ მეცალა, მთავარი ლილის ჯანმრთელობა იყო, თუმცა როგორც ლილიმ თქვა, ღვედმა გადაარჩინა, „თორემ, მეც ილიას ბედი მეწეოდაო“.
- გასაგებია. ანუ, წვეულება მოუწყვეს სახლში?
- არა, უბრალოდ დახვდნენ, მისი საყვარელი შროშანები დაახვედრეს, სუფრა გაუშალეს და ძალიან წყნარად და მშვიდად მიულოცეს გადარჩენა. დიდ წვეულებას ვერ მოუწყობდნენ ილიას გამო. მეორე დღეს პანაშვიდზე უნდა მივსულიყავით და ლილი ხმაურიანი და მხიარული წვეულების გამართვის უფლებას არ მისცემდა მეგობრებს,რადგან ძალიან აფასებდა ილიას. ის კვირა აღარ მივლია სამსახურში, ასე რომ ბევრი დრო მქონდა, მის გამოსვლამდე სახლის მისალაგებლად, სადილის მოსამზადებლად და ლილის დასახმარებლად. რომ მოწესრიგდა, ის უცნაური ამბავი მოვუყევი, ილიას ცოლთან რომ გადამხდა. უემოციოდ მისმენდა. თმები ისევ ძველმოდურად შეეკრა კოსად და დალილავებულ სახის ნახევარზე გეპარინს ისვამდა ნელი, ლამაზი მოძრაობით. მისი ნატიფი თითების ყურება ერთი სიამოვნებაა...
- ვერ ვიჯერებ მაინც, წარმოუგენელია შენი სიყვარული!
- რაა წარმოუდგენელი ავთო?
- თმის ღერიდან დაწყებული ფრჩხილებამდე რომ გიყვარს ლილი!
- რატომ არის ეს სიყვარული წარმოუდგენელი? მართლა იმსახურებს, საოცარი თავად ლილია! იმხელა სითბო, კაცთმოყვარეობა და სიკეთეა მასში! მისი სიყვარული არ მცირდება, ასე გეგონება ყველას შეუძლია უწილადოსო!
- არადა მათემატიკოსი ხარ და კი გეცოდინება, რაღაცას რაც მეტად დაყოფ, მით ნაკლები შეხვდება თითოს. - ეშმაკურად გამიღიმა ავთომ.
- კი ბატონო, ასეა, თუმცა სიყვარულის შემთვევაში ცნობილი პარადოქსია - ის არ ექვემდებარება ამ კანონზომიერებას.
- ანუ, სიყვარულის პარადოქსის თეორია გვაქვს? რომლის დამტკიცებაც ძალიან აბსტრაქტული და არადამაჯერებელია ჩემთვის.
- ლილია თავად ამ თეორიის დამტკიცება. მისი სიყვარული ჯადოსნური ქისასავითაა, ხელი რამდენჯერად არ უნდა ჩაჰყო, რომ არ ცოტავდება.
- მაშ , სიყვარული რაა ბაია, შენი აზრით?
- სიყვარულის განსაზღვრება არ არსებობს ავთო. სიყვარულის გაგება კი მრავალნაირია, იმდენნაირი, რამდენნაირიც ადამიანი არსებობს.
- შენთვის და .... ლილისთვის რაა სიყვარული?
- სიყვარული რადგან ორ სუბიექტს შორის მანძილივით იზომება, ანუ თუ არ არსებობს ორი სუბიექტი, არ არსებობს სიყვარულიც, ამიტომ ამ სუბიექტების მდგომარეობიდან გამომდინარე სხვადსხვანაირი მახასიათებელი თუ გამოხატულება აქვს. სიყვარულია, როცა მეორე ადამიანს როცა ხედავ მუცელში პეპლები დაფრინავენ, სიმსუბუქეს გრძნობ სხეულში, გული სასიამოვნოდ გიცემს და ტუჩების ბოლოები გიჟივით მიიწევენ ყურებისკენ. როცა ვერ ხედავ იმ სუბიექტს, პეპლები ჭუპრებად იქცევიან და მუცელში კრუნჩხვად იკვრებიან, გულს დაბლა უშვებენ ჯადოსნური ჩიტები და დედამიწის მიზიდულობის ძალა ჯაბნის ჩიტების ფრთების ძალას. როცა მეორე სუბიექტი ბედნიერია და უხარია, შენც გიხარია, შენც ბედნიერი ხარ მასთან ერთად, როცა მას სტკივა, შენც გტკივა , როცა მას სცივა - შენც. როცა მას სჭირდება, მზად ხარ სიცოცხლეს გაწირო მისთვის და თუ კი გეცოდინება რომ ის სხვაგან, სხვა განზომილებაში, თუნდაც სხვასთან უფრო ბედნიერი იქნება, წამითაც კი არ დაფიქრდები , ისე გაუშვებ - ესაა სიყვარული და მას საზომი ერთეულებით ვერ გაზომავ, მხოლოდ შეგიძლია იგრძნო, სიყვარულთან მათემატიკა უძლურია!
- ისე, მათემატიკოსისთვის, ზედმეტად მხატვრულად ისაუბრე სიყვარულზე...-გაღიმებული, გაბადრული სახით მისმენდა ავთო.
- მხატვრულად კი არა, ყველაფერი ისე მოვყევი , როგორც აღვიქვავ, არანაირი ხელოვნური გამხატვრულება არ მიცდია.
- ეგ არ მითქვავს - მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ლამაზად დახატე სურათი.
- ლამაზად? ხშირად სიყვარული ლამაზი და ტაშფანდურა სულაც არაა. რთულია სხვისი გტკიოდეს და გციოდეს! მარტივი საქმე არაა!
- გასაგებია ყველაფერი. კარგი , ბაია და ლილის რომ მოუყევი იმ ქალბატონის ამბავი, რამე მაინც ვერ შეამჩნიე: გაკვირვება, შიში, დაეჭვება?
- ჩემს მონაყოლზე არაფერი მითხრა, მხოლოდ ძალიან შეუმჩნევლად გაიღიმა და სახლში გამიშვა, უნდა დავისვენო და შენც დაისვენეო. მეორე დღეს პანაშვიდზე წავედით. დიდი სითბოთი და პატივისცემით მიგვიღეს. ილიას ცოლი და მისი გამხდარი გოგონა ცენტრში ისხდნენ დაა მისამძიმრებას საკმაოდ თავშეკავებულად იღებდნენ. ლილი რომ მივიდა იმ ქალბატონთან, ქალმა თავი ვერ შეიკავა და მის მკლავებში აქვითინდა. მისი შვილიც გადაეხვია ლილის. როცა ლილიმ გოგონას მკლავებისგან დაიხსნა თავი, ჩემსკენ მიუთითა, ესაა ბაიაო („ეს ბაიაა“, „გაიცანით“, „ბაია“, ან სხვა რამ კი არ უთხრა?!) . გოგონა ისე მხურვალედ ჩამეხუტა, თითქოს მისი ბოლო იმედი ვყოფილიყავი, ან მამამისის გაცოცხლება შემძლებოდა. ლამის ორჯერ შემომაჭდო თავისი თხელი და გრძელი მკლავები. მე ანასტასია მქვიაო, ყურში ჩამჩურჩულა ტყვეობიდან გათავისუფლებამდე.-ეს რომ ვთქვი ავტოს სიცილი აუტყდა.
- ადვოკატისთვის ზედმეტად მხიარული ხომ არ ხარ? - მეც სიცილით მივუგე.
- ჩვენც ადამიანები ვართ. წარმოვიდგინე სურათი: მაღალი, ხმელი გოგონა, და შენ მის ტყვეობაში... ხო, კარგი, უკაცრავად. განაგრძე.
- ცოტა ხანს გავჩერდით. გვითხრეს რომ 2 დღეში დაკრძალავდნენ.
- ვინმე იყო პანაშვიდზე ისეთი, ვინც დაგამახსოვრდა?
- არა. მდუმარედ ვისხედით და ჩვენს მუხლებზე დალაგებულ ხელებს ვაკვირდებოდით. წამოსვლა რომ დავაპირეთ და წამოვდექით, სახლში მილიციელები შემოცვივდნენ, დიასახლისი იკითხეს, რაღაც ფურცეი აჩვენეს და უთხრეს რომ მიცვალებული ექსპერტიზაზე უნდა გადაეყვანათ. ქალი კინაღამ შეიშალა. თუ მანამდე საკმაოდ თავშეკავებული იყო, მილიციელებთან საუბრის შემდეგ თვალები დაეჭიმა, სახე აუწითლდა და არ წამართვათო ყვიროდა. ამ დროს საქმეში საშა და ჯემალ ხიზანიშვილი ჩაერთვნენ. ჯემალი პროკურორია. საშას მერე ყველაზე ხშირად მას ვხედავდი ხოლმე ლილისთან. ყველაზე ნაკლებად ამ კაცს ვუყვარვარ ლილის მეგობრებს შორის, რადგან მე როცა დამინახავდა, ყოველთვის წყვეტდა ლილისთან საუბარს და შორდებოდა. კაცებმა ვერაფერი გაარკვიეს. მიცვალებული გადაიყვანეწს მანქანაში და დაგვტოვეს პანაშვიდზე ცხედრის გარეშე. ჯემალმა გადარეკ-გადმორეკა და როგორც უთხრეს, მილიციაში ანონიმური ზარი შესულა, რომელმაც მიაწოდათ ინფორმაცია, თითქოს ილია ავტოავარიაში კი არ დაიღუპა, არამედ მოკლეს, მოწამლეს.
- და ვინ დარეკა, ვერ გაარკვიეს?
- ქუჩის სატელეფონო ჯიხურიდან იყო დარეკილი.
- ფაქტია, რომ ვინც დარეკა, ან მართლა მოწმეა და ან კი, თავადაა მკვლელი.
- დიახ, მეც ასე ვფიქრობ. ლილის კი მეორე დღეს მოუვიდა წერილი, რომ არ დაეტოვებინა ქალაქი, უახლოესი რამდეიმე თვის განმავლობაში, სანამ გამოძიება იმუშავებდა ამ საქმეზე.
- როდის დადასტურდა?
- მალევე და პირველი რაც გააკეთეს ლილის დაპატიმრება იყო. ლილის დიდად არც გაკვირვებია, სამაგიეროდ მე ვიყავი ისე, თითქოს ცა ჩამომექცა.
- უკაცრავად, ნახევარ საათში ვიკეტებით - გვითხრა ოფიციანტმა მორიდებით. ამ დროს მაჯის საათს ინსტინქტურად დავხედე და შვიდის წუთები იყო. სახეზე შემეტყო რომ გამიკვირდა და ავღელდი.
- შემოგვაღამდა ბაია. სახლში მანქანით წაგიყვან, აქვე მიყენია , რამდენიმე ნაბიჯში. - ამ დროს ამოალაგა დახლთან ფაშფაშა ქალბატონმა კრემიანი ცხელი ღვეზელები. ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა და ისეთი სურნელი დატრიალდა, ვერ მოვითმინე და ვთხოვე ერთი ცალი.
- შეკვეთისთვის დავამზადეთ, თუმცა 2 ცალი არაფერს უზამთ - მიპასუხა ფაშფაშამ. ავთო გაუსწორდა დახლთან და ორივემ ორთავე ხელში მოვიქციეთ თბილი ღვეზელი და გამოვედით კაფედან დამშვიდობების შემდეგ. ჯერ პატარა ნაკბეჩი გავაკეთეთ, შემდეგ კრემი გავსინჯეთ... მაცდურად გემრიელი იყო შაქრის ფხვნილ მოყრილი წითელი ღვეზელები.
- იმედია ქმარი არ გაგიბრაზდება.
- იმედს ასეთი თვისება აქვს ავთო, ის ბოლოს კვდება.

გაგრძელება იქნება სულ მალე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები