ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2020


"ფანქრიჭამია" (თავი 2)

იმის შიშით ,იგივე კონტროლიორი არ შემხვედროდა,სახლში ტაქსით დავბრუნდი.თემო დივანზე წამოწოლილი დამხვდა.ტელევიზორს უყურებდა და ვაშლს ჭამდა ხმაურიანად.ო,როგორ მძულდა ეს ხმა.დამინახა და თავი წამოსწია.
-ვა,ნინუც,რა ადრე მოხვედი?-მითხრა და ვაშლს უფრო მადიანად გამოაკბიჩა გვერდი.
-არ შეგიძლია უხმაუროს ჭამო?-კოტეზე გაბრაზებული თემოს ვეცი,თუმცა არც ისე უმიზეზოდ.ერთი წელია უმუშევარი ზის,არც ფიქრობს სამსახური მოძებნოს,გაუტკბა სახლში.არც ადრე იკლავდა თავს მუშაობით,მაგრამ ახლა ნამეტანია.ჩემი ერთი ხელფასით,თავი ძლივს გაგვაქვს,ეს თემოს არ აინტერესებს,მგონია,რომ მეც აღარ ვაინტერესებ.რაღაცნაირი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა,რომ იტყვიან,ერთ ქვაბში ვიხარშებით უმარილოდ,უგემურად.
-აბა,როგორ ვჭამო ვაშლი უხმაუროდ?-ისე გაიკვირვა,თითქოს სხვა საფირალი არ არსებობდა.თემოსთვის მართლაც არ არსებობდა,ყველაფერი ჩემი თავში სახლელი იყო.გაღიზიანებულ ნერვებს დენის ქვითარი დაემატა,ამაყად რომ მიმზერდა მაცივრის კარზე გაკრული.თემოს ხელწერაა,ასე იცოდა,გამოსაჩენ ადგილას აკრავდა,ჩემთვის.ჩამოვგლიჯე, ნაკუწებად ვაქციე და ნაგვის ურნაში ჩავუძახე.მორჩა,გადახდილია,ვთქვი და არეულ სამზარეულოს თვალი მოვატარე.გაურეცხავ ჭურჭელს ნიჟარა პირამდე აევსო,ამის შემხედვარეს მეც ამევსო მოთმინების ფიალა და ქარიშხალივით დავეტაკე არხეინად მოკოტრიალეს.
-ხომ შეიძლება,შენი დასვრილი მაინც გარეცხო?!
-ხვალ ლამარა ჩამოდის და მოგეხმარება საქმეებში,-პასუხმა დამაბარბაცა,იქვე მდგარ სკამს დავეყრდენი.ყველა ბედნიერებას დედამთილიც ემატებოდა.ათვალისწუნებული ვყავდი,ბავშვს არ აჩენს,ფიგურას უფრთხილდებაო,ქვეყანას მოსდო.არა და სრულიად ჯანმრთელი ვარ,ეს თემოს აქვს პრობლემა.როცა ვუთხარი,თქვენს შვილს მკურნალობა სჭირდება,მაგრამ ექიმის დანიშნულებას არ ასრულებს მეთქი,გადაირია.რა სჭირს,ჩემს შვილს სამკურნალო,ჯან-ღონით სავსეა,ფერიც მშვენიერი აქვს,შენ უგონებ რაღაცასო,აქეთ დამდო ბრალი.შეკამათებას აზრი არ ჰქონდა,ერთი სიტყვაც რომ მეთქვა,მთელი დღე გაუთავებლად იქოთქოთებდა.ისევ მე გავჩუმდი.
-რატომ ჩამოდის?-ნირწამხდარმა ვკითხე.
-ჩვენს სანახავად,ნინა,მოვენატრეთ,-მითხრა და გვერდი იცვალა,ეტყობა დაუბუჟდა.რა თქმა უნდა,მოვენატრეთ,განსაკუთრებით მე! გუნება ისე მომეწამლა,უხალისოდ მივალაგე ყველაფერი და ჩემს ოთახში შევიკეტე.როგორ მიყვარს ჩემი ბალიში,უხმოდ მიტანს,ჩემი უღალატო მეგობარია.თავი დავდე და ფიქრებში წავედი.ბრანდო გამახსენდა.ნეტავ,თუ შემხვდება სადმე?ვალი მაქვს დასაბრუნებელი.უხერხულად ვგრძნობ თავს,რას იფიქრებდა?დამეხმარა ,მე კი გავძარცვე,ჩემს საქციელზე გამეცინა.კოტეც გამახსენდა,ბერძენი პარტნიორებიც და მთავარი,ლამარა!სახე დამეჯღანა.დედაჩემთან მომიწევს გადასვლა,თორემ ვიცი მე ლამარას მონატრება,სულ მცირე ორი თვე სისხლი უნდა მწოვოს წურბელასავით...ტელეფონმა,რომ დაიწრიპინა,მაშინ მივხვდი,ჩამძინებოდა.
"გთხოვ"ერთი სიტყვა ეწერა კოტესგან მოსულ ფოსტაში.გამარჯვების ტალღამ დამიარა ტანში.აუცილებლად ,უნდა მოვამტვიო კოტეს რქები, ჩემი ფასი უნდა იცოდეს.აღარ დავუშვებ,ხმას აუწიოს ჩემთან.ისევ ფანქრებზე გადაიტანოს სიბრაზე,ურჩევნია.კმაყოფილი გავეხვიე საბანში და დილით დაკლებული ძილის ასანაზღაურებლად მოვემზადე.
უთენია გამომეღვიძა,ისეთი ქარი იყო გარეთ,ანგრევდა ყველფერს.ექვსს აკლდა შვიდი წუთი.თემო,როდის მომიწვა გვერდით,არ გამიგია,მშვიდად,უდარდელი სახით ეძინა.ამ ბოლო დროს,მისი სიახლოვეც მაღიზიანებს.ფსიქოლოგი მჭირდება,დავასკვენი და ავდექი.აივანზე გაფენილი ჩემი სარეცხი შველას მთხოვდა.არ მიყვარს ქარიანი ამინდი,მითუმეტეს მაღალ სართულზე ,თუ ცხოვრობ,მგონი აქ უფრო ძლიერად უბერავს,ვიდრე დაბალ სართულზე.სწრაფად დავიწყე სარეცხის ჩამოხსნა,ხელები გამეთოშა.ნოემრის ბოლოა, ბოლოს და ბოლოს,ზამთრის სუსხს იუწყება.სიბნელის მიუხედავად,დავინახე ჩემი ახალი ,ყაყაჩოსფერი კაბა,როგორ გამომტაცა ქარმა და დროშასავით ააფრიალა. წამოვიკივლე და თვალი ჩავაყოლე.წაღმა-უკუღმმა ,რომ აბზრიალა,რომელიღაც აივნის კიდეს წამოაგო და გულმოდგინედ შემოახვია ზედ.სართული ვერ გავარჩიე,რომც გამერჩია,ვის მივდგომოდი ასე ადრიანად კარზე? დარჩენილი სარეცხი ჩამოვხსენი და გათენებას დაველოდე,იმ იმედით,რომ ჩემი სიმწრით ნაგროვები ფულით ნაყიდი კაბა,ადგილზე დამხვდებოდა.აღარ დამეძინა,ყავა მოვიდუღე და ორცხობილაც მივიდგი.საკმაოდ ინათა,მზემ სხივებიც მომიცაცუნა და გამახსენა კაბა! აივნიდან გადავიხედე,ისევ იქ ფრიალებდა ჩემი წითელა,გული დავიმშვიდე,თან გადავთვალე ,მესამე სართული აღმოჩნდა.აზრზე არ ვიყავი,ვინ ცხოვრობდა. ახალი ვარ ამ ბინაში,სულ ერთი თვის გადმოსული,მეზობლებს ჯერ არ ვიცნობ ,თუმცა კიბეზე ყველა შემხვედრს ვესალმები.ლიფტი არ მიყვარს,მეშინია დახურული სივრცის.ფეხაკრეფით მივეპარე მეზობლის კარს და მორიდებულად დავაკაკუნე.შიგნიდან ფაჩუნის ხმა მომესმა,რა ფრთხილი ძილი ჰქონია,გავიფიქრე და ცოტა უკან დავიხიე.
-ბრანდო?!-იმხელაზე დავაღე პირი,უეჭველი ნაღვლის ბუშტი გამომიჩნდა.გაოგნებული მივაჩერდი კარში გახიდულ ჩემს "ნათლულს".ყველას და ყველაფერს მოველოდი,მაგრამ ჩემს მეზობლად ,ჩემს უცნობ მევალეს,არა!
-შეენ?!-არც ის ჩავარდა ნაკლებ დღეში.-აქ რას აკეთებ,ტო?-წაუჟარგონა და ჩემი ფუმფულა ხალათი შეათვალიერა.
-აქ ცხოვრობ?!-გაოცება ვერ დავმალე.
-ხო,რა იყო?- გამიღიმა.
-მეც,-დამთხვევამ გამახალისა და მეც გავუღიმე.
-არ მითხრა,რომ უბილეთო ხარ და კონტროლიორი მოგდევს,-მითხრა სიცილით.
-არა,არა,კაბა ჩამომივარდა, შენს აივანზე ფრიალებს,-მეც სიცილი ამიტყდა.
-შემოდი,-განზე გადგა და გზა დამითმო.მთლად შინაურულად ვერ შევედი,მაგრამ არც ცოტა აკლდა.
-აი,შენი კაბა,-დახეულ-დაგლეჯილი ნაჭრები მომაწოდა.ქარს ეზრუნა ახალ დიზაინზე.
-ვაიმე,ეს რა არის?!-ისე შევიცხადე,თითქოს ბრანდოს ბრალი ყოფილიყოს.
-რა ვიცი აბა,შენი კაბაა მგონი,სხვა არაფერია გარეთ,-სულ გადამიწურა იმედი.
-ჰო,ჩემსას ჰგავს,- ტირილი მომინდა,ისე დამწყდა გული.-მადლობა,-ხმა ჩამწყდარმა ვუთხარი და გამოვბრუნდი.
-ძალიან თუ არ გეჩქარება,მოდი მაგარი ყავა მაქვს,გეპატიჟები,-მივხვდი,ხასიათის გამოეკეთება უნდოდა ჩემთვის.
-სხვა დროს იყოს,მართლა მეჩქარება,-მორიდებულად გავუღიმე.-ჰო,მართლა,შენი ვალი არ დამვიწყებია,დაგიბრუნებ.
-აქ,რომ არ გენახე,როგორ აპირებდი დაბრუნებას?-ჩამჭრელი კითხვა დამისვა.
-მთავრია გნახე,-აღარ მივედ-მოვედე ზღაპრებს.
-ჩათვალე,რომ არ გინახივარ,-თვალი ჩამიკრა.
-არა,მასე არ გამოვა,არ მიყვარს ვალები,-გავასავსავე ხელები.
-ვალი მარტო ფული არ არის,ვალია სიკეთე,დღეს მე,ხვალ შენ,ზეგ ის და ასე უწყევტი ჯაჭვი,-არ ველოდი საუბრის ასეთ წაყვანას მისგან,რატომღაც მის ფიზიონომიაზე და საქციელზე ერთი ქუჩის ბიჭის შთაბეჭდილება მქონდა შექმნილი.
-ყველას ასე ეხმარები?-დამაინტერსა.
-ასე,როგორ?
-ფულით.
-თუ მაქვს საშუალება,რატომაც არა,თუ არა და ,რითიც შემიძლია.
-მაგალითად?-ღმერთო ჩემო,ამ უაზრო,მატრაკვეცულ კითხვების დასმას,ხომ ვერ გადავეჩვიე.
-რა მაგალითად?-კითხვას ვერ მიხვდა,გაკვირვებულმა შემომხედა.
-რით ეხმარები-თქო?-აი,კიდევ,ენა მაქვს მოსაწეწკვი.
-მოდი,ყავას გავამზადებ და მერე ვისაუბროთ,ვატყობ,არც ისე ძალიან გეჩქარება,-შემახსენა.
-დილა მშვიდობის,ბრანდო,-ახლაღა გამახსენდა და მისალმება და დამშვიდობება ერთად გადავწყვიტე.ჩემი დაფხრეწილი კაბა გულზე მივიხუტე და კიბეს დავადექი.
-დილა მშვიდობის,მეზობელო,-მომესმა ზურგსუკან.
ჰმ,სახელი როგორ შეიფერა,პროტესტი არ გამოუთქვამს,იქნებ მართლა ბრანდო ჰქვია,ცხვირში გავიცინე.ჩემს ნაბიჯების ხმას,ლიფტის ხმაც აჰყვა,კართან მივედი,თუ არა,ლიფტიც გაიღო და ლამარამ გამოანათა,სამაგიეროდ მე ჩამიქვრა სხივი თვალებში.
-ნინა,დედო?!-გადამეხვია და ლაკით გაფშიკინებული თმა,სადღაც თვალთან შემირჭო.იმდენად არ მტკენია,რაც მისი მოსვლა მეწყინა და საცოდავად დავიმანჭე. ეს სიტყვა დედო,იმდენადად გამაღიზიანებლად ჟღერდა,ტანში ხვლიკი მიძვრებოდა.ალბათ,იმიტომ,რომ თემოს ეფერებოდა ასე.თემური დედო,მოდი შენი საყვარელი ოლადები გავაკეთე,თემური დედო,მაწვნით შეჭამ,თუ არაჟნით?თემური დედო,თემური დედო და ახლა ნინა დედოზე უცებ ამენთო წითელი.
-რა ადრიანად ჩამოსულხართ,-ვერ შევიკავე თავი და ცოტა შხამი ამოვასხი.
-რაღა ადრეა დედო,მოდი მომეხმარე,-ყურადღება გატენილ ჩანთებზე გადამატანინა.ნეტა რა ჩამოათრია,რა მძიმეა,ძლივს მივიტანე სამზარეულომდე და წელის მიდამოები ხელით დავიზილე.
-ახალი დაკლული გოჭის და ინდაურის ხორცი ჩამოვუტანე ჩემს თემურის,-ბედნიერი ღიმილით მახარა.ჩემს თემურისო,განა თქვენო!
-ხომ იცი,როგორ უყვარს,დედო ენაცვალოს,მურაბებიც არის და ზამთრის ვაშლიც.
დედოზე მეტად,ვაშლზე შემერჭო ეკლები,წარმოვიდგინე,როგორ ხმაურიანად დაკბიჩავდა ჩემი მეუღლე და ზიზღით გამაჟრიალა.მივხვდი,ვაშლს კი არა,თემოს ვეღარ ვიტანდი.უცებ გაქცევა მომინდა,რეალობიდან გაქცევა.ყველასგან შორს,რაც შეიძლება შორს.
-ნინა,რატომ აფორიაქდი დედო,სამსახურში ხომ არ გაგვიანდება?-ყოჩაღ ლამარა.სულაც არ მინდოდა კოტეს დროზე ადრე ვენახე მიბრძანებული ,მაგრამ იმდენად დიდი სურვილი მქონდა,გავცლოდი სახლს,გახარებულმა წამოვიძახე,-დიახ,ძალიან მეჩქარება! დავფაცურდი და ელვის სისწრაფით დავიწყე გამზადება.თემოს ლოგინშივე დაადგა თავზე დედო და ისე ჩაკოცნა ,შემშურდა კიდეც.დედაჩემი მომენატრა.დღეს გავუვლი,არა ხვალ,დღეს ვახშამია. ცოტა გულს გადავუშლი,თორემ გავგიჟდები.თემომ მოკითხვის მაგივრად,რა ჩამომიტანეო,ჰკითხა.ესღა მინდოდა?
სადარბაზოში გასვლისას დავხედე მაჯის საათს,ცხრის ნახევარი იყო.სად წავიდე ასე ადრე,კოტეს სიხარულს ვერ მივანიჭებდი,ძლივს გამარჯვება მოვიპოვე.ნელ-ნელა გავუყევი ქუჩას და მაღაზიის ვიტრინასთან შევჩერდი.ჰოი,საოცრებავ,ზუსტად ჩემნაირი ,ყაყაჩოსფერი კაბით მანეკენი იწონებდა თავს.ხელმეორედ დამწყდა გული და გზა გულაჩუყებულმა განვაგრძე.
-ჰეი,მეზობელო!-ნაცნობი ხმა სასიამოვნოდ მოხვდა ყურს და შევტრიალდი.ბრანდო იდგა ყურებამდე გაღიმებული.-სად მიდიხარ?-მომიახლოვდა.რა მეპასუხა,ვიცი სად მივდივარ?
-ჯერ ყავას მივირთმევ კაფეში,შემდეგ სამსახურში,შენ?-უცებ მოვიფიქრე.ავათვალიერ-ჩავათვალიერე,საკმაოდ გემოვნებით ეცვა,უხდებოდა.
-მეც სამსახურში,-ჩემი ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა და პალტოს საყელო შეისწორა.გამეპრანჭა ,თუ მომეჩვენა?
-სად მუშაობ?-დრო კი მქონდა ჯერ თავზე საყრელად და მასლაათი გავუბი.
-არქიტექტორი ვარ..შენ სად მუშაობ?
-თარჯიმანი ვარ,ბერძნული ენის,კერძო კომპანიაში ვმუშაობ,-ვთქვი და ფეხები ავაბაკუნე,შემცივდა.
-ყავის სმაში პარტნიორობა,რომ გაგიწიო,წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-მიხვდა,დროზე უნდა შემეფარებინა თბილ ადგილას თავი.
-არა,-გამეცინა.იქვე,ახლომდებარე კაფეში შევედით,ისე მესიამოვნა სითბო,სავარძელში ფისოსავით გავიტრუნე.მიმტანს შეკვეთა მივეცით და უხერხულობის გასაფანტად ამინდზე წამოვიწყე საუბარი.ამასაც მიმიხვდა და სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?-თან გულში გავიფიქრე,ახლა ლამარას და თემოს დაანახვა ჩემი თავი,ბაწარში გამიხდებოდა კისერი გასაყოფი.
-რა გქვია?-მოულოდნელად მკითხა.უკვე მესამედ შევხვდით და ერთმანეთის სახელები არც ვიცოდით.
-ნინა,შენ?-პასუხის მოლოდინში სუნთქვა შევკარი.
-ხომ დამარქვი უკვე,-ისევ გაეცინა.
-მაინც?-ძალიან მინდოდა გამეგო რა ერქვა "ნათლობამდე".
-როგორ ჩაიარა გუშინდელმა დღემ?-პასუხს თავი აარიდა და დასერიოზულდა.
-არც ისე კარგად..შენ რომ არა,უარესადაც იქნებოდა,-მეც აღარ ჩავეძიე.მშვენიერი სახელი დავარქვი,უხდება.
-ჰო? უფროსი ხომ არ გაგიბრაზდა?-რა ზუსტად მიხვდა,ეს ვინ არის,ჩემს აზრებს კითხულობს.
-კი,ვიჩხუბეთ,მაგრამ, მგონი შევრიგდით,-ჩხუბის ამბავი მოკლედ მოვუყევი,აი,კოტეს ფანქრების ჭამის მანია კი გრძლად და მხატვრულად.ღმერთო,რა ლამაზად იცინის,ბრანდოს რაღაც სხვა თვალით შევხედე,ამასაც მიმიხვდა,დიდი მიხვედრა არც უნდოდა,ჩემი თავი გამოვიჭირე,რომ ეს ბიჭი მომეწონა და შევცბი.
-იცი,ეგ ჩვევა მეც მაქვს,-ცოტა წამოწითლდა.
-რაა?-მეორე ფანქრიჭამია აღმოვაჩინე და ცუდი ყოფაქცევის ქალივით გადავიკისკისე.დედაჩემი ყოფილიყო აქ,შენიშვნას მომცემდა.
-ჰო,ერთგვარი ტიკია რა,-ჩემს კისკისზე,ისე შემომხედა,წამში გავჩუმდი.
-ვარჯიშობ?-პალტო,რომ გაიხადა,შევამჩნიე მისი დახვეწილი სხეულის ნაწილები.კიდევ მისწრებს ენა,რას იფიქრებს?!
-კი,როცა დრო მაქვს,ყოველთვის,-გაეღიმა.ახლა კი გასაგებია,მისი სპორტიული აღნაგობა.უცებ თემოს მოდუნებული სხეული გამახსენდა.არაფერი აინტერესებს კაცს,მთელი დღე გორაობს,ივარჯიშოს მაინც,გავიფიქრე და მოვიღუშე.
-რა მოხდა?-ცვლილება შემატყო.ამის შიშით ვერაფერზე ჩავფიქრებულვარ.
-ჩემი წასვლის დროა,-ვთქვი და ჩანთა გავხსენი.
-რას აკეთებ?-წარბი შეყარა.
-მე გპატიჟებ,-გულით მინდოდა ყავის საფასური მე გადამეხადა,ისედაც ვალში ვიყავი მასთან.
-არ გამაბრაზო!-თითი დამიქნია.
კაფედან ერთად გამოვედით,მე გაჩერებაზე დავდექი.ბრანდო საპირისპირო მხარეს გადავიდა და ისევ ისე ლამაზად წავიდა,როგორც გუშინ.ავტობუსში ცოტა არ იყოს და იმის შიშით ავედი,ნაცნობი კონტროლიორი არ დამხვედროდა.ბილეთი ავიღე და ფანჯარასთან,თავისუფალ სკამზე დავჯექი.
-თქვენი ბილეთი?-ხმა,ღმერთო ,ეს ხმა როგორ მეცნო.თავი არ ამიწევია,ისე ამოვაძვრინე ჩანთიდან,გავუწოდე და მდუღარეში გარეცხილ შალის სვიტრივით დავპატარავდი.ვერ მიცნო,ან როგორ მიცნობდა,თავი კალთაში მქონდა ჩარგული.
სამსახურში ზუსტად თორმეტ საათსა და ცხრა წუთზე გამოვცხადდი.კოტეს ახალი დაწყებული ჰქონდა ფანქრის ჭამა.უცებ ბრანდო გამახსენდა,მეც ეგ ჩვევა მაქვსო "ჩემი ფანქრიჭამია"გავიფიქრე და რაღაც სითბო ჩამეღვარა სხეულში.რა ჩემი?რა ჩემი? სულ გავგიჟდი მგონი.დავუცაცხანე ჩემს თავს და კოტეს სამუშაო მაგიდას თავაწეული მივუახლოვდი.
-გამარჯობა,ნინა,-რაღაც მოკაკვული მეჩვენა,არგო წამალმა.
-სალამი,ბატონო კოტე,-ცივად ვუთხარი და დავჯექი.
-პირველ საათზე მოვლენ ბერძნები,მანამდე თვალი გადაავლე დოკუმენტებს,რამე შეცდომა არ იყოს,-კარგად ვიცი, ეს მოჩვენებითი სიმშვიდე,რადაც უჯდებოდა.-ჰო,კიდევ,საღამოს ექვს საათზე ვახშამია,აუცილებლად უნდა იყო შენც,მე ვერაფერს გავაგებინებ,თარჯიმანი მჭირდება,-მითხრა და საქაღალდე წინ დამიდო.აგაშენა კოტე ღმერთმა,სახლიდან თავის დაძვრენის,კიდევ ერთი საბაბი მომეცა,თან ჩემი წითელი კაბა გამახსენდა.ქარი,რომ არა,ხომ ჩავიცვამდი დღეს?აფსუს, როგორ მიხდებოდა.
ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო.ბერძნებიც მოვიდნენ,ორივე მხარემ კმაყოფილმა მოაწერა ხელი.საღამოს შეხვედრისთვის შევთანხმდით და დროებით დავიშალეთ.გასვლისას,კოტემ მითხრა,შენი მეუღლე აუცცილებლად წამოიყვანე,ამაზე უკეთესს დროს ვერ ვნახავ მის გასაცნობადო.არა რაა,ბოლოს მაინც მომშხამა.თემოს სახლიდან ვერსად გაიყვანდი,დივანზე იყო მიკერებული.თან მრცხვენია,ცუდი ჭამა იცის.სხვა რა გზა მაქვს,თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და წელმოწყვეტილივით დავტოვე შენობა.
სახლში მისულს,ლამარა ჩვეულ ამპლუაში დამხვდა,სამზარეულოში ჯადოქრობდა.თემო არ მომხვდა თვალში,ძალიან გამიკვირდა,რვა თვეა ფეხი არ დაუდგამს დედამიწაზე,პურზეც ვერ გააგზავნი და ახლა რა შეიცვალა,ნუთუ სამსახურის საძებნელად წავიდა?დედომაც არ ვიცი,გავიდა და დამიბარა მალე დავბრუნდებიო,მხრების ჩეჩვით მითხრა.ცოტა არ იყოს დავეჭვდი.ლამარამ და რამე არ იცოდეს,გამორიცხულია!ყველაფრის საქმის კურსშია.რაღაც ხდება,დავასკვენი და იმედიანად გავეშურე აბაზანისკენ.თემო სამსახურს იშოვნის,მხარში ამომიდგება,რამდენ რამეს ვიკლებ ჩემთვის,რომ ოჯახს არ მოვაკლო.გული სიხარულით ამიფართხალდა.
წყლის ჭავლის ქვეშ ყრუდ მომესმა ხმაური.დავუყურადე,თემოს ხმა გავარჩიე,ლამარას რაღაცას უყვებოდა აღტკინებული.სასწრაფოდ გადავივლე ტანზე და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი დავადექი თავზე სამზარეულოში მოჭუკჭუკე დედა-შვილს.ჩემს დანახვაზე გაჩუმდნენ.ჰმ,რაღაც შეთქმულებაა ჩემს წინააღმდეგ.არც შვმცდარვარ,ზარ-ზეიმით მახარა თემომ,მანქანას ვყიდულობო.გაოცებისგან პირღია დავრჩი.ამ უფულობაში,საიდან აქვს თანხა?
-ლამარამ სიურპრიზი გამიკეთა!-ბედნიერებისგან გადაეხსნა პირი.
-მან..ქანა?-ენა დამება.
-ჰო,ნინა,ხვალ მოვიყვან,-ცქმუტვა დაიწყო.
-რაში გჭირდება უმუშევარ კაცს მანქანა?-გულწრფელად გამიკვირდა.წარმოვიდგინე ,მომავალი ხარჯები,რომელსაც ისევ ჩემს კისერზე უნდა გადაევლო და მოვიღუშე.
-როგორ არ სჭირდება?-ჩაერთო ლამარა.-ახალგაზრდა კაცია,ახლა თუ არ გაიხარა,აბა,როდის?-თქვა და ქვაბიდან მოხარშული ქათამი ამოაძვრინა.
-მე მანქანის აუცილებლობას ვერ ვხედავ,-სიმხურვალემ დამიარა სხეულში,აფეთქებას ცოტა მაკლდა.
-მეგონა,გაგიხარდებოდა,-თემომ ვაშლი შარვალზე გაწმინდ-გააპრიალა და ღმერთო,რანაირად ჩაკბიჩა,კანზე ხორკლები და ნერვები ერთიანად ამომაჯდა.
-რა გამიხარდებოდა,რა?-ისე დავაკვესე თვალები,მეც შემეშინდა.-ბინის კრედიტი,კომუნალურები,საჭმელი,სასმელი,ყველაფერი ჩემი გადასახადია,შენ ზიხარ არხეინად და ახლა მანქანა,რისთვის გჭირდება,გამაგებინე?!-ჩემი ხმა ვეღარ ვიცანი,ისე გავცეცხლდი.
-რა უმადურობაა,ნინა?!-ლამარამ კოვზი დაახეთქა და დოინჯი შემოირტყა.ესეც შენ ნინა!აქეთ უმადურიც გამოგიყვანეს.
-მე ვარ უმადური?!-დავუყვირე,პირველად ავწიე ხმის ტონი ლამარასთან.-ოთხი წლის მანძილზე,ერთი კვირაც არ ექნება ნამუშევარი,ჩემს კმაყოფაზეა მუდმივად.არასდროს გიკითხავთ,როგორ ვახერხებ ამდენს,არასდროს!-ცრემლები მომაწვა.
დედა-შვილს ხმა ჩაუწყდა,არ მოელოდნენ ჩემგან ამდენს.მიჩვეულები იყვნენ,მდუმარედ,რომ ვიტანდი ყველაფერს.უცებ თემო წამოიმართა და ისეთი გამილაწუნა,თვალებში დამიბნელდა.
-რამდენს ბედავ?!-დამიყვირა და ლამარას გახედა,დედოს ასიამოვნა.
-ეს რა ჩაიდინე?-გავფითრდი,ტკივილი რა მოსატანია,საშინლად,შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.კანკალმა ამიტანა,უკან-უკან წავედი და შემდეგ აღარ მახსოვს.
გონს,სახეზე ხელების ტყაპუნმა მომიყვანა.შეშინებული სახეებით დამცქეროდნენ თემო და ლამარა.
-ნინა,ნინა!-ერთმანეთს ასწრებდნენ დაძახებაში.ქუთუთოები ისე დამმძიმებოდა,ძლივს გავახილე თვალი.გულისრევა ვიგრძენი,არ ვიცი დაცემისგან,თუ ჩემი ქმრის დანახვისგან.კიდევ ერთხელ მომინდა სადმე შორს გადაკარგვა.ნელ-ნელა წამოვდექი,უხეშად მოვიშორე თემოს გამოწვდილი ხელი და ლასლასით წავედი ჩემს ოთახში.იქიდან მესმოდა,როგორ ჩურჩულებდნენ დედა-შვილი.არცერთის დანახვა აღარ მინდოდა.ჩემი ბალიში დავიმხე თავზე და ავტირდი.ამას არ ვაპატიებ,როგორ გაბედა ჩემზე ხელის აღმართვა,ესღა მაკლდა!
-ნინა,-ფრთხილად შემოაღო კარი თემომ.-ნინა,კარგად ხარ?
-თვალით არ დამენახვო!-ვუყვირე.ჩემდა გასაოცრად,უხმოდ გაიძურწა.
ლამარამ როგორც კი ცოცხალი დამიგულა და მოჰყვა ქოთქოთს,რომ მე უზრდელი ვარ,არ ეკადრება ჩემგან ასე მოქცევა.მერე რა,თუ თემო უმუშევარია,ყველას ხომ არ შეუძლია მუშაობა?მშვენიერი ბიჭია,თვალადი,ტანადი და თუ საჭირო გახდება,ცხრა ცოლსაც გამოიცვლის,ქალები ბუზებივით დაეხვევიან.გესმით? იმის მაგივრად,რომ დატუქსოს,აქეთ ფრთები შეასხა.ამის ატანა შეუძლებელია! გიჟივით წამოვხტი და გამზადება დავიწყე,რაც პირველი მომხვდა ხელში,ის გადავიცვი.საღამოს ვახშამია,კოტეს ვერ დავაღალატებ,პასუხისმგებლობის გრძობა მაქვს ყოველთვის!
თემომ ჩაცმულ-დახურული ,რომ დამინახა,შეცბა.ალბათ იფიქრა,სახლიდან მიდისო.ვერ მოგართვით! მკაცრი გამომეტყველებით ჩავუარე გვერდი და კარი ისე გავიჯახუნე,ლამის ამოვარდა ჩარჩოდან.ოთხი საათი სრულდებოდა,ვახშამი ექვსს საათზეა,სად წავიდე იქამდე?ნაცნობ კაფეს მივაშურე დროის გასაყვანად.შესვლისას,თვალში მომხვდა ნაცნობი სახე.ბრანდო ვიღაც ქალთან ერთად! არ მესიამოვნა,უკან დახევას აზრი არ ჰქონდა,დამინახა და გამიღიმა.მე თავის დაკვრით მივესალმე და კუთხეში მდგარ მაგიდას მივუჯექი.ნეტავ ,არ შემოვსულიყავი,რატომ იმოქმედა ასე ბრანდოს დანახვამ სხვა ქალთან ერთად?ნუთუ ეჭვიანობამ გამკენწლა? რა დროს ბრანდოა ნინა,ოჯახი თავზე გენგრევა.მიმტანს შეკვეთა მივეცი და თავი ტელეფონში ჩავრგე,დრო და დრო თვალს ვაპარებდი წყვილისკენ.რამდენჯერაც მიიხუტა ბრანდომ ქალი და თავზე აკოცა,იმდენჯერ უსიამოვნოდ დამიარა ტანში.შეყვარებული ჰყოლია,იქნებ ცოლია?გავბრაზდი.რამ გამაბრაზა,ვერ გეტყვით.ცოტა ხანს ტელეფონში ვიქექე,შემდეგ ჩანთის ქექვაზე გადავედი,ისე ვიყავი გართული,ვერ შევამჩნიე,როდის მოუახლოვდა ჩემს მაგიდას ბრანდო.თავი ავწიე.ქალი წასულიყო.
--როგორ ხარ ნინა?-დაუკითხავად ჩამოჯდა.
-კარგად,-უხალისოდ ვუთხარი დაუპატიჟებელ სტუმარს.
-თუ ხელს გიშლი,წავალ,-მიხვდა.
-არ მიშლი,-თავს ძალა დავატანე და გავუღიმე.
-უხასიათოდ მეჩვენები.
-ცოტა დაღლილი ვარ,-სულაც არ ვაპირებ,ნამდვილ მიზეზის გარჩევას მასთან.
-ნუ,ცოტა არაუშავს,-გაიცინა.როგორ უხდება ეს სიცილი.
-ის ქალი,წავიდა?-ვითომ არ ვიცი,რა მატრაკვეცა ხარ ნინა,ენა გისწრებს წინ,მოუთმენელი.
-ის ქალი ჩემი დაა,-ეშმაკურად ჩაიცინა.მიმიხვდა,მოსაკლავი ხარ ნინა!
-ლამაზი და გყოლია,-აბა,ცოლი ეთქვა,თუ მომეწონებოდა?
-მადლობა,- მაკვირდება,ტვინში მიზის და კითხულობს ყველაფერს.
-ამ საღამოს რას აკეთებ?-უცებ მომივიდა თავში იდეა და სახე გამიბრწყინდა.
-რამეს მთავაზობ?- არ ელოდა აშკარად.
-კი..გცალია?- თემოს დასჯა მომინდა.
-მცალია,რა ხდება?-დაიბნა.
-ვახშამზე უნდა წამომყვე,საქმიანი ვახშამია.
-სერიოზულად?-გაუკვირდა შეთავაზება.
-ჰო,რა მოხდა?-მერყეობს მგონი.
-ვინმე გინდა აეჭვიანო,თუ რატომ?-გაეცინა.ლოგიკური კითხვა კი დასვა.
-არავინ,ისე,მარტო არ მინდა წასვლა,თუ შეგიძლია,წამოდი,-რას ავეკვიატე ამ კაცს,თან ვბრაზობ,თან ძალიან მინდა წამომყვეს.
-წამოვალ!-გადაჭრით მითხრა და მეც ამოვისუნთქე.
შვიდი იყო დაწყებული,რესტორნის ფოიეში რომ შევაბიჯეთ მე და ბრანდომ.ვღელავდი.მკლავი რომ გამოვდე,თავშკავებულად გადმომხედა,მგონი გაცინება უნდოდა.ბოლომდე დარწმუნებული იყო,ვიღაცის საეჭვიანოდ წამოვიყვანე.მეორე სართულზე ავედით.კოტე სტუმრებთან ერთად მრგვალ მაგიდას მისხდომოდნენ.რაღაცას ლაპარაკობდა ხელების მოძრაობით.ალბათ,როგორ დაიტაჯა,გავიფიქრე და მივუახლოვდი. ფეხზე წამოხტა და შეგვეგება.ბრანდო ისე დაათვალიერა,აშკარად მოეწონა.
-კოტე,-ხელი გაუწოდა.
-ბრანდო,-ძლიერად ჩამოართვა ხელი.
-ბრანდო?რა უცნაური სახელი ჰქონია შენს მეუღლეს,ნინა,-გაიცინა კოტემ და სუფრასთან მიგვიწვია.
-რა მეუღლე?-მიჩურჩულა ბრანდომ როცა დავსხედით.სახეზე არ შემიხედავს,წარმოვიდგინე მისი გაოცებული თვალები.
-მეც არ ვიცი,საიდან მოიტანა,-დანაშაულზე წასწრებულივით ავწითლდი.
-საიდან მოიტანა,რომ შენი ქმარი ვარ,გათხოვილი ხარ?-ჩემი თამაში არ მოეწონა,გაღიზიანდა.
-ახლა კინკლაობის დრო არ არის,-მკაცრად ვუთხარი და უხერხულად გავუღიმე სტუმრებს.
-უნდა გაგეფრთხილებინე!-გამიბრაზდა.
-შენც არ გაგიფრთხილებივარ,ისე გამიტაცე ავტობუსიდან,იქნებ ჯარიმა მინდოდა,მკითხე?-აქეთ გადავედი იერიშზე.ამ ბოლო დროს,კარგად გამომდის.
-მოიცა,სერიოზულად ამბობ?-უეჭველი თავქარიანი ქალის შთაბეჭდილება დარჩა.აბა რა,გათხოვილმა ქალმა,ვიღაც უცხო,ჩემს ქმრად გავასაღე.
-მოგვიანებით აგიხსნი,-ვედრება გავურიე ხმაში და კოტეს დაეჭვებულ თვალებს გავხედე.მგონი ამანაც იყნოსა რაღაც.
ბრანდოს ბევრი არაფერი მიურთმევია,მადა დაეკარგა მგონი.წითელ ღვინოს წრუპავდა და კოტეს ლაქლაქის ჩემს მიერ თარგმანს უსმენდა.დაძაბული იჯდა,შევატყვე.ცოტა ხანში,მოვიბოდიშე და გასვლა დავაპირე,ბრანდოც მომყვა კუდში.კიბეზე ხელით შემაჩერა.
-რატომ?-ერთსიტყვიანი კითხვით შემოიფარგლა.თუმცა მე კარგად მივხვდი,რასაც გულისხმობდა.
-ბოდიში,-გულწრფელად შემეცოდა,ამ გაუგებობაში რომ გავჩხირე.
-გათხოვილი ხარ,ნინა?-ახლოს მოიწია.სუთქვა შემეკრა,თუ არ გაიწევა,გავიგუდები.
-გათხოვილი ვარ,-თავი დავხარე.
-მერე,რატომ მოიქეცი ასე?-ახსნა ვერ ეპოვნა.მართლაც რთულია,მე მესმის მისი.
-ვიჩხუბეთ,ხელი გამარტყა,-ნახევრად ტირილით ვთქვი.
-და გადაწყვიტე,შური გეძია?
თავი დავუქნიე.
-მე რომ არ შეგხვედროდი დღეს,ნებისმიერს წამოიყვანდი?
-არა! შენ ვინ გგონივარ? უბრალოდ ასე მოხდა,არ ვაპირებდი,უცებ მომივიდა ეს აზრი,სულელი ვარ,სულელი!-რა უცებ ვტირით ქალები,ცრემლები გამზადებული გვაქვს.
-კარგი,წამოდი,-ღრმად ჩაისუნთქა და მხარზე ხელი მომხვია.გამიცხელდა ის ადგილი.
სუფრასთან,რომ დავბრუნდით,ბრანდო მხიარული მეჩვენა.ნამდვილ მეუღლესავით ამჟღავნებდა სითბოს ჩემს მიმართ.ბოლოს ხელზე ,რომ მეამბორა,კბილებში გამოვცერი.-ბრანდო,როლში ნუ შეიჭერი!
-მე ყოველთვის პირნათლად ვასრულებ დაკისრებულ მისიას,ნინა!-გადმოიხარა და მეორედ მეამბორა,ახლა უკვე სახეზე.თან ცხვირიც გამიცაცუნა.ისე ვინანე ჩემი საქციელი,ადგილზე მოვკვდი.
-ეს უკვე მეტისმეტია,-მართალია მიცვალებულები არ ლაპარაკობენ,მაგრამ მე დავილაპარაკე.
-ჩშშ,მიხვდება კოტე,-ტექნიკურად მომაკეტინა.
საღამოს დასრულებამდე აწურული ვიჯექი.ერთი სული მქონდა,დროზე წავსულიყავი სახლში.არა,არა,დედაჩემთან.ბრანდო მიხვდა რა ცეცხლიც მეკიდა და ეშმაკურად ეცინებოდა.როგორც იქნა გავაცილეთ სტუმრები.კოტე აშკარად მოიხიბლა ჩემი "ნათლულ-მეუღლით",ერთი საათი შეგვაყოვნა.ჩემზე ხუმრობა-სიმართლით მოახსენა ყოველდღიური დაგვიანების ამბები,თუ როგორ გავუთეთრე თმა და როგორ გავუშრე სისხლი.დრო და დრო,ისეთი სიყვარულით გადმომხედავდა ბრანდო,წაკიდებულ ცეცხლზე ნავთს მიმატებდა.არა,სასმელის ბრალია,აუჟუჟუნდა თვალებიც,ხვალიდან ყველაფერს მოვაგვარებ,ოღონდ დღეს გადავრჩე.
ტაქსიში,რომ ჩავსხედით,გამოვუცხადე,დედაჩემთან მივდივარ თქო.გასაგებიაო,მითხრა და ჩემსკენ მოიწია.
-ნინა,ეგ დასჯის მეთოდი,თავიდან ამოიგდე,მეგობრულად გთხოვ!-მიჩურჩულა.
მეგობრულადო..ამოვისუნთქე,თან შემრცხვა.ვიღაც უნდა მარიგებდეს,ამხელა გოგოს? თუმცა,რაღა ვიღაც..
დედაჩემი ასე გვიან არ მელოდა,აღელვებულმა შემომიარა გარშემო.
-ხომ მშვიდობაა,ნინა?-მითხრა და ჩამეხუტა.გული ამიჩუყდა და ავტირდი.საძინებლიდან ,ნახევრად მძინარე ჩემი და სოფო თვალების სრესვით გამოვიდა.
-სახლიდან გამოგაგდეს?-მთქნარებით მითხრა.რა მწარე ენა აქვს.
-სოფო!-დედამ თვალები დაუბრიალა.
-კარგი ხო,-მოვიდა და მაკოცა.
-მამა სად არის?-ჩუმად ვიკითხე.არ მინდოდა,ახლა ვენახე.
-სად იქნება,სძინავს,წამოდი,-დედამ ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ წამიყვანა.
-დაიწყება ახლა დრამები,ხომ გითხარი, არ მომწონს,ეგ შენი ლენჩი ქმარი!-სოფომ ენა ვერ გააჩერა.ზუსტად მიხვდა ჩემს მისვლის მიზეზს.
-სოფო,მორჩი!-მოგუდულად დაუყვირა დედამ და მომიბრუნდა.
-რა მოხდა ,ნინა,იჩხუბეთ?
-ხო,ვიჩხუბეთ..ცოტა ხნით აქ ვიქნები,კარგი?-არ მინდოდა დედას გაეგო,თემომ რომ გამარტყა.
-ცოტა ხანში,გადაგივლის,დაბრუნდები და ისევ უზიდე საჭმელები,მუცლის მონას,-სოფომ ისევ მწარედ მიკბინა.რას ვერჩი,მართალია.
-ლამარაც აქ არის,-წამოვიკნავლე.
-მტრისას!-სოფოს რეპლიკაზე გამეცინა.
-რატომ იჩხუბეთ,ნინა?-დედამ დარდიანად გადამისვა თავზე ხელი.ყველაფერი მოვუყევი,ცემის გარდა.
-გოგო,შენ ნორმალური ხარ?-წამოენთო სოფო.-რას ჩაიციკლე ამ მუქთახორა თემოზე,რატომ აჭმევინებ ნერვებს? მოიშორე რა თავიდან! გათხოვებას შეაძულებ ადამიანს!
-ჩუმად,მამაშენმა არ გაიგოს,-დედამ სამზარეულოს კარი მიხურა.
-ამან არ გაიგოს,იმან არ გაიგოს და იყავით ასე!-არ ცხრებოდა სოფო.-მე ავალ ხვალ და იმ შენს გასიებულ თავიან ქმარს,გადმოვუშვებ მეცხრე სართულიდან,-დაიმუქრა.ისეთი ახტაჯანაა,კი არის გამკეთებელი.მე კი არ მგავს,ბოთე!
-მეძინება,-ვთქვი მოშვებულმა.
-შენ როცა გღვიძავს,მაშინაც გძინავს,აზრზე მოდი,გამოფხიზლდი ნინა!-თავში თითები ჩამიკაკუნა.მართლაც დროა,გამოვფხიზლდე,ყველას უნდა მივუჩინო სათანადო ადგილი.
-წამოდი,დაწექი,დამშვიდდი და ხვალ ვისაუბროთ,-დედა მიხვდა ლაპარაკის თავი,რომ აღარ მქონდა.
ღამე სოფოსთან მეძინა,დავწექი,თუ არა,მიმიხუტა და ასე ვიყავით დიდხანს,უხმოდ.ენა აქვს მწარე,გული კი არა.სიზმარში ისევ ის კაცი ვნახე,გაბრაზებული მიყურებდა და საქაღალდეზე რაღაცას მანიშნებდა.აფორიაქებულს გამომეღვიძა.რას გადამეკიდა,რა უნდა?გავიფიქრე და სოფოს გადავხედე.მშვიდად სუნთქავდა.გული სიყვარულით ამევსო.ჩემზე ხუთი წლით პატარაა და ჩემზე მეტი ჭკუა აქვს,გამბედაობაც.აქეთ შეჭამს დედამთილს,გავიფიქრე და გამეცინა.თვალები დაჭყიტა,უაზროდ შემომხედა.
-რა მხიარულ ტალღაზე ხარ,-მითხრა და გადაბრუნდა.
დედაჩემს მოესწრო და მამაჩემისთვის ,თავისებურად,მსუბუქ ფორმებში მოეყოლა ჩემი ამბავი.ყოველთვის ცდილობდა,არ გაეღიზიანებინა.გულით ავადმყოფია მამა,ვუფრთხილდებით.დამინახა თუ არა,გულში ჩამიკრა და კარგა ხანს მკოცნა.სოფო სულ ეჭვიანობდა ჩვენზე,ნინა უფრო გიყვარსო,ებუზღუნებოდა.მამას ეცინებოდა.მართლაც ,განსაკუთრებულად მექცეოდა ყოველთვის.
-ხო,ხო მოგივიდა შენი ერთდათერთი და განუმეორებელი,-სოფო "ორად გაყოფილი ენით" დაგვაცხრა თავს.
-შურიანო,-ენა გამოვუყავი.მამა იცინოდა.
საუზმე მოემზადებინა დედას,როგორ მიყვარდა ეს მომენტი,ოთხივე ბედნიერი სახეებით,რომ შემოვუსხდებოდით მაგიდას და დედას გაკეთებულ ყიყლიოებს,რომ ვაგემოვნებით.როგორ მომნატრებია.სულ გადამავიწყდა თემოც და ლამარაც.ბრანდო არა,ბევრჯერ გამიელვა თავში.
-წუხელ,გვიან თემომ დარეკა,-ფრთხილად დაიწყო დედამ.ლამის გადამცდა ცხელი ჩაი.
-რა უნდოდა?-დამასწრო სოფომ.
-გაჩერდი გოგო,შენ!-დატუქსა და მომიბრუნდა.-გეძებდა,რას ვეტყოდი? აქ არის მეთქი,ლამარაც მელაპარაკა,ისეთი არაფერი მომხდარა,იკინკლავეს,ახალგაზრდები არიან,გადაუვლითო,-მითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-წუპაკი დედაკაცი,-სოფომ შეამკო.მამამ ბრაზიანად გახედა.
-მე რას მიყურებთ,თქვენს შვილს შეხედეთ,-ისე თქვა,თითქოს თვითონ მეზობლის ყოფილიყოს.
-მოვაგვარებ ყველაფერს,-ხმადაბლა ვთქვი,არ მინდოდა მამას ენერვიულა.
-ნინა,შვილო,-დინჯად დაიწყო მამამ.-თუ ფიქრობ,რომ მოგვარებადია,მაშინ კარგი..მაგრამ,თუ ფიქრობ,რომ ვიღაცეებს ,ან რაღაცეებს ანგარიში უნდა გაუწიო და ამის გამო მთელი ცხოვრება ვალდებულების მიზნით იცხოვრო ადამიანთან,მაშინ სჯობს დასვა წერტილი.ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და ბედნიერ წუთებს ნუ დაკარგავ,-თქვა და სამზარეულოდან გავიდა.მამა ზუსტად მიხვდა,რომ უფრო მეტი იყო მომხდარი,ვიდრე ჩვეულებრივი კინკლაობა.პირველად მივედი ასე გვიან დედაჩემთან სახლში,რაც გათხოვილი ვარ.დედა ცრემლებს იწმენდდა,სოფო ჩაფიქრებული იჯდა.
იმ დღეს კოტეს დავურეკე,ვერ ვგრძნობ თავს კარგად და ვერ მოვალ თქო.კარგიო,გამოჯანმრთელება მისურვა და ბრანდოს მოკითხვაო.ბრანდოსო!მართლა ცუდად გავხდი,სახე ამიჭრელდა ჩემს "ქმრის" ხსენებაზე.
-რა ფერი დაგედო,რა გითხრა ამისთანა?-სოფომ ეჭვის თვალით შემომხედა.
-არაფერი,მგონი მართლა სიცხეს მაძლევს,-შუბლზე მივიდე ხელი.
-შენ სიცხე დიდი ხანია გაქვს,-მაინც მოძებნა საკბენი.
ის დღე ოჯახურ გარემოში გავატარე და ძალიან მესიამოვნა,როგორ მომნატრებიან ჩემები.შხამიანი სოფოც კი .
***
დილით,სოფომ თავის კარადასთან გამომიჭირა და კარს ,როგორც მავზოლეუმის მცველი,ისე გადაეფარა.დიდი თხოვნებით და შეპირებებით,რომ ხელფასზე ახალ სუნამოს ვუყიდდი,როგორც იქნა მათხოვა თავისი ტანსაცმელი.სამსახურში უნდა წავსულიყავი.
-იცოდე,არ გამიწელო!-კიბემდე მომყვა დარიგებებით.
-უნდა გაგიწელო,-მივაძახე და საფეხურები გიჟივით ჩავირბინე.რაღაც მომაძახა,ვერ გავიგე.
კოტე ისე გულმოდგინედ ღეჭავდა ფანქარს,გულმა ცუდი მიგრძნო.დამინახა ,თუ არა,ფეხზე წამოხტა.
-დილა მშვიდობის,ბატონო კოტე,-მივესალმე და კართანვე გავჩერდი.ისეთი თვალებით მიყურებდა,შემეშინდა.
-სრულ ჭკუაზე ხარ,გოგო?!-დამიყვირა.
-რა მოხდა ბატონო კოტე,საბუთებში შეცდომა არ ყოფილა,-ჩემმა ტვინმა დოკუმენტებს იქით ვერ გაქაჩა.
-შენი ქმარი იყო მოსული!
-რომელი?-ინსტიქტურად წამომცდა.
-რამდენი ქმარი გყავს?-ცინიკურად გაიცინა.-თემური!
ვინატრე ჭერი დამმხობოდა თავზე,ან სატვირთოს გავეტანე,ან ზღვაში დავმხრჩვალიყავი,არა ცურვა ვიცი,გადავრჩები..ისევ ჭერი სჯობს!
-ბატონო კოტე..-მკვდრის ფერი დამედო.
-გოგო,ამხელა კაცი,როგორ უნდა გამაცუცურაკო,ან რა გრჯიდა,ან გაგეფრთხილებინე მაინც!-ვერაფრით ხვდებოდა,რატომ მოვიტყუე.რას მიხვდებოდა,როდესაც მეც არ ვიცი.
-გაუგებრობა მოხდა,-ვეცადე სიტყვებისთვის თავი მომეყარა და ამეხსნა სიტუაცია.
-გაუგებრობა აქ უნდა იკითხო შენ! ნინას,ქმარი ჰყავს,ვიცნობ,ბრანდო ჰქვია,თქვენ არ მეცნობით მეთქი,გესმის?!-მივხვდი,თავის უნებლიე დანაშაულზეც მოეშალა ნერვები.-მეგონა,ვიღაც შემწუხებელი იყო,რას მოვიფიქრებდი,არა,რას მოვიფიქრებდი,ასე თუ მოიქცეოდი?-ადგილი ვერ იპოვნა და ოთახში სიარულს მოჰყვა.
ყველანაირ სიკვდილზე თანახმა ვარ,მორჩა,გადაწყდა!
-მაპატიეთ,ბატონო კოტე,თქვენც შარში გაგხვიეთ,-კედელს მივეყრდენი,მუხლებში ძალა გამომეცალა.
-ასეთი სისულელე ,როგორ მოგივიდა თავში,ჭკვიანი გოგო მეგონე,-ხელები განზე გაშალა.ერთი კარგი ამბავი მაინც შევიტყვე,ჭკვიან გოგოდ მთვლიდა.გამიხარდა.
-შეცდომა ყველას მოსდის,ჭკვიანსაც კი,-თავს ძალას ვატანდი,არ დავცემულიყავი.თემოს რა გაუძლებს,ან ლამარას!აქამდე არ უნდა მიმეყვანა საქმე,წერტილი უნდა დამესვა დროულად!
-არ ვიცი,რამ განაპირობა შენი ასეთი საქციელი,ნინა,გაოცებული ვარ,არ ველოდი,-შედარებით მშვიდი ხმა ჰქონდა.მეც ის იყო,აზრზე მოსვლას ვაპირებდი,რომ კარი ვიღაცამ შემოანგრია.თემურის დანახვაზე იმხელაზე ვიკივლე,კოტე სირბილით ჩადგა ჩვენს შუაში.
-ვინ არის ბრანდო?! ვინ არის ბრანდო?!-გაშმაგებული მიყვიროდა ქმარი.არაფერი მესმოდა,ყურები დამიგუბდა.
-ამოიღე გოგო ხმა,ვისზე გამცვალე,ვინ გამოაცხადე ქმრად? მოგკლავ!-კოტეს ჯაჯგურის მიუხედავად,მაინც იწევდა ჩემზე,ალბათ საცემრად.რა პასუხი გამეცა,ვიცი,ვინ არის ბრანდო? თავის მართლებას,ისევ გაჩუმება ვამჯობინე.კოტემ როგორც იქნა,გაათრია დერეფანში.ამასაც კარგი ძალა ჰქონია,არა და არ ეტყობოდა.კარგა ხანს მესმოდა თემოს ჩხუბის ხმა.
ახლა მე გამომიყვანენ დამნაშავედ,მოღალატედ,არც თუ უმიზეზოდ.ჩემი სულელური ნაბიჯით,თავი დავიზარალე.როგორ უნდა გამოვძვრე ,ამ გაუგებრობიდან,არ ვიცი.
კოტეს ძალისხმევის შედეგად,ხმაური მიწყდა.ალბათ,წავიდა,გავიფიქრე და სკამზე ჩამოვჯექი.მთელი სხეული მტკიოდა,ნაცემივით.
-არ ვიცი რას იზამ და როგორ,საშინლად გაბრაზებულია,-კოტეც შემოვიდა გადაღლილი სახით.
-მადლობა,-ვუთხარი და თავი მაგიდაზე დავდე.მეძინებოდა,ასე ვიცი,ნერვებისგან.
-ნინა,გიყვარს?-თავზე ხელი გადამისვა,შევეცოდე.
-ვინ?
-აი,ის ბრანდო..
-არც ვიცნობ წესიერად,-დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
-რა? აბა სად იპოვნე?-ყურებს არ დაუჯერა.ამ გამწარებულ გულზე,ლამის გამეცინა ჩემს ტრაგი-კომედიაზე.ავდექი და ყველაფერი მოვუყევი,არ ვიცი,რატომ,მაგრამ იმ წუთში ასე ჩავთვალე საჭიროდ.ერთი დეტალიც კი არ გამომრჩენია,დაზეპირებულივით ჩავურაკრაკე.ბოლომდე უხმოდ მომისმინა.დასასრულს თანაგრძნობით შემომხედა და გამიღიმა.მყვირალა კოტესთან აღარაფერი ჰქონდა საერთო.
-ნინა,თუ რამეში დაგჭირდე,შენს გვერდით მიგულე,ახლა კი წადი,თავისუფალი ხარ,რამდენი დღითაც გინდა,თუ ძალიან არ დამჭირდი,არ დაგიძახებ,ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებ,-ხელზე ხელი მომიჭირა და ორივე თვალი ჩამიპაჭუნა.უცებ ისეთი გარდაქმნა მოხდა ჩემშიც,მომინდა ჩავხუტებოდი.მომერიდა მაინც.
აღარც ჩემებისთვის დამიმალავს რაიმე,ყველაფერი მოვუყევი და ამოვისუნთქე.დედაჩემი გაშეშებული იჯდა,არც მამა განძრეულა.უცებ სოფოს ისტერიკული სიცილი აუტყდა.
-ბრანდო,ეს სახელი საიდან გამოჩხრიკე?-სიცილს უმატა.
-მარლონ ბრანდოდან,-მიამიტურად კი გამომივიდა პასუხი.
-რა სულელი ხარ,შვილო,-დედაჩემმა ხელი ჩაიქნია.-სულ არაფრის გამო,შეირცხვინე სახელი,-მივხვდი,რაც ტრიალებდა მის გულში და ავტირდი.
-დაანებე თავი,-მამა გაუწყრა.ასე იცის,ვერ იტანს,როცა ვინმე მეჩხუბება,გათამამებული ვყავარ.
სახლის ტელეფონზე გაბმული ზარი,რომ გაისმა,მივხვდი თემო რეკავდა,თუმცა შევცდი,ლამარა იყო.დედას რაღაცას უყვიროდა,მოშორებითაც კი მესმოდა მისი ხმა.მამამ გამოართვა ყურმილი და როგორც იცის,ისე დინჯად დაიწყო საუბარი.
-ქალბატონო ლამარა,ნოდარი ვარ,ჩემი შვილი თქვენს ოჯახში აღარ იცხოვრებს,ზედმეტ გარჩევ-გამორჩევის გარეშე,გთხოვთ,აღარ შეგვაწუხოთ და კიდევ ერთი,სამ დღეს გაძლევთ ვადას,რომ ბინა დაცალოთ,ნახვამდის!-ასევე დინჯად დაუკიდა ყურმილი.სახტად დავრჩით მთელი ოჯახი. უცებ,ზედმეტ ლაი-ლუის გარეშე გადამიჭრა პრობლემა.თავიდანვე ვერ მოსდიოდა თვალში მამაჩემს თემო.დედაჩემისთვის უთქვამს,ნინამ არასწორი ნაბიჯი გადადგა,არც გვკითხა აზრი,ისე გაყვა,დიდ ხანს ვერ გაუძლებს,ვგრძნობო.ყოველთვის ნერვიულობდა ჩემზე.თვალებში ჩამხედავდა და მეკითხებოდა, ბედნიერი ხარ მა?თავს ვუქნევდი..ის კი ჩემს თვალებში კითხულობდა ყველაფერს.მატყუებ,მეტყოდა სინანულით.და ახლა არც გაკვირვებია,ელოდა,იცოდა,რომ ეს დღე დადგებოდა.ყველაზე მაგარი მამა მყავს მსოფლიოში!

გაგრძელება>>

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები