ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
9 აგვისტო, 2020


"ფანქრიჭამია" (დასასრული)


საბედნიეროდ,ბინა მამაჩემის სახელზე იყო,ვინაიდან ჩემი ხელფასი ვერ აკმაყოფილებდა ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტს.ნეტავ,ახლა ლამარას სახე დამანახვა,ან თემოსი,ისხდნენ ახლა მანქანაში,ნიშნისმოგებით გავიფიქრე.
არც ისე მარტივად ჩაიარა ქმარ-დედამთილის გამოსახლებამ,პოლიციის ჩარევის გარეშე,ვერას გავხდით.აქამდე უცნობმა სამეზობლომ,უცებ გაგვიცნო.მხოლოდ ბრანდო ვერ დავლანდე ვერსად.შეგნებულად არ გამოჩნდა,თორემ რას არ გაიგებდა ისეთი ამბავი ტრიალებდა.სოფო დროებით ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად,როგორც თავის კარადას იცავდა,ისე მიცავდა მეც.ცხოვრებაც ნელ-ნელა ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.სიცოცხლის ხალისიც დამიბრუნდა და უფრო მეტად მეფიქრებოდა ბრანდოზე.ის კი არა და არ ჩანდა.კოტესთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა,"ბატონოს" გარეშე დავიწყეთ მუშაობა.ის კი არა და,რამოდენიმეჯერ სახლშიც მომიყვანა მანქანით და ყავაზეც ამობრძანდა.შევატყვე,სოფოს რაღაც ეშმაკურად უჟუჟუნებდა თვალებს.არც ეს ქალბატონი აკლებდა.ხშირადაც იკარგებოდნენ ერთად საეჭვოდ.
განქორწინებაზე დავწერე განაცხადი.ერთი სული მქონდა,მალე მომეშორებინა და გამექრო თემო ჩემი ცხოვრებიდან,რომ არასდროს მქონოდა შეხება.ჩემს თავს ვერ ვპატიობდი,ამდენ ხანს უმოქმედოდ ,რომ ვიყავი და მიყენებდა თავის ნებაზე.ალბათ,ვერც ვერასდროს ვაპატიებ.
იუსტიციის სამინისტროში,დროზე ადრე გამოვცხადდი,სოფოც გამომყვა,ჩემი პირადი დაცვა.თემო დედოსთან ერთად მოვიდა,უცებ ისეთი ზიზღი დამეუფლა,პირში მწარე გემო ვიგრძენი.როგორ ვცხოვრობდი ამასთან? გავიფიქრე და სოფოს მკლავს ჩავეჭიდე.
-ყველაფერი კარგად იქნება!-მანუგეშა სოფომ.
ჩემდა გასაკვირად ლამარა ხმა ჩაწყვეტილი იდგა.თემომ ერთი შემომიღრინა,უსინდისო ქალი ხარო,შემამკო.სოფომ , უსინდისო,უსაქმური ,მუქთამჭამელი,წურბელა და რა ვიცი,რაც მოადგა პირზე,გამწარებულმა მიახალა.ამაზე ლამარა აიფოფრა და მოგვდგა.რომ არა ისევ პოლიცია,არ ვიცი,როგორ ჩამთავრდებოდა ის დღე.ამ ჩხუბ-გაშველებით მივაღწიეთ აღმასრულებელ იურისტის მაგიდას და ჰოი,საოცრებავ,სიზმარში ნანახი კაცი საქაღალდით ხელში! იმდენად იმოქმედა მის დანახვამ ,მომენტალურად წამომცდა.
-მე თქვენ სიზმარში გნახეთ.
-ბატონო?-საეჭვოდ შემათვალიერა.თემომაც გაკვირვებულმა გადმომხედა.
-მე თქვენ სიზმარში გნახეთ,-რობოტივით გავიმეორე.
-შენ სულ კაცები გელანდება!-თემოს ხმამ გონზე მომიყვანა."სიზმრის კაცს "გაეღიმა და ზუსტად ისე მომაწოდა საქაღალდედან ამომძვრალი ფურცელი,როგორც სიზმარში.განქორწინებას დასტურის ნიშნად ხელი მოვაწერეთ.დღეიდან სრულიად თავისუფალი ვარ! ვიგრძენი,როგორ გამომება ფრთები.
თემოს გასვლას დაველოდე,მდუღარე გადასხმულივით წავიდა.
-მე მართლა გნახეთ სიზმარში,ეს საქაღალდე ძალით მომეცით,-გავუღიმე იურისტს და კარში ფრენით გავედი.უეჭველი გიჟი ვეგონე,გამეცინა.
-უნდა აღვნიშნოთ ეს ისტორიული დღე,დღე შენი განთავისუფლებისა!-არტისტულად მითხრა სოფომ სადარბაზოში შესვლისას.
-არაფრის თავი არ მაქვს ,სოფო,-გადაღლილმა ვუთხარი.
-ხმაა!
-სოფო,ხვალ ხო?-ვეცადე მეორე დღისთვის გადამეტანა "ზეიმი".
-დღეს!-ისე თქვა,წინააღმდეგობის გაწევას,აზრი არ ჰქონდა.
-კარგი,-ამოვიოხრე და კიბეზე ფეხი ავდგი.
-წამოდი რა ლიფტით ავიდეთ,როდემდე უნდა მატარო ფეხით,როდესღაც ხომ უნდა დაძლიო ეგ შიში?-ხელი მომკიდა და ძალით მიმათრია ლიფტის კართან.
-არ არსებობს,-ფართხალი დავიწყე.
-ჩემთან ერთად რის გეშინია, გოგო?-სიცილი აუტყდა და ღია კარში მადურთინა თავი.ლიფტის კედელს სიკვდილმისჯილივით ავეკარი.
-აი,ნახავ,ორ წუთში მოსპობ მაგ შიშს,-მითხრა სოფომ და ღილაკს ხელი მიაჭირა.
-ორ წუთში,შეიძლება ბევრი რამ მოხდეს,-ბრანდოს სიტყვები გამახსენდა.ამის თქმა იყო და შუქი ჩაქვრა,კაბინაც გაჩერდა და მგონი ჩემი გულიც.ისეთი კივილი დავიწყე,სიბნელეში სოფო ხან სად წამწვდა,ხან სად.
-ხომ გითხარი,არ მინდა-თქო?-გაბმულად ვკიოდი.
-ნინა,დაწყნარდი,მოიცადე,ახლავეს გამოვიძახებ დახმარებას,-დაფეთებულმა ძლივს იპოვნა ტელეფონი,მაგრამ უშედეგოდ,სიგნალი არ იჭერდა.ამაზე სულ გადავირიე და გვიშველეთ,გვიშველეთ ყვირილი ავტეხე.გავიგონე როგორ დაეჯაჯგურა ვიღაც ლიფტის კარს,იმედი მომეცა,მარტო არ ვართ,ღმერთმა მხსნელი მოგვივლინა.
-დაწყნარდით,გოგონებო,გამოგიყვანთ,-ნაცნობ ხმის გაგონებაზე ,ენა გადავყლაპე.სოფოს ეგონა გული თუ წამივიდა.
-ნინა,ცოცხალი ხარ?-შეშინებულმა გამოაცეცა ხელები ჩემსკენ.
-ბრანდო,-ამოვიკვნესე საცოდავად.
-მოჩვენებები დაგეწყო?-უარესად შეეშინდა.
-გარედან,ეს ბიჭი ბრანდოა,-ვუჩურჩულე.
-არ არსებობს,-ჩურჩულითვე ჩაილაპარაკა სოფომ.ისე ჩაგვიწყდა ორივეს ხმა,ბრანდომ იფიქრა ცუდად გახდნენო.
-კარგად ხართ,გოგონებო? ცოტაც მოითმინეთ,-მთელი შემართებით უჩხიკინებდა კარს.
-კარგად ვართ,-სოფომ გასცა პასუხი.მე კედელს შევესისხლხორცე. წვალების შემდეგ,კარი გაიღო და ახლა ბრანდომ დააღო პირი,მე რომ დამინახა.
-ნინა?
-მოკლედ,ყველგან ჩემი მხსნელი ხარ,-გამეცინა.
-როგორ ხარ?-ცოტა დაბნეული ჩანდა.
-კარგად,შენ?გაიცანი,ეს ჩემი დაა,სოფო.
-მადლობა მეგობარო,-სოფომ მორიდებით ჩამოართვა ხელი.
-სამადლობელი არაფერია..ეს ლიფტი მოძველებულია,ხშირად იჭედება,-გაგვიღიმა.
-თქვენთან ვალში ვარ,თქვენ დღეს და გადამირჩინეთ,-სოფოს ჭინკები ჩაუსახლდა თვალებში,მივხდი,რაღაცისთვის შემზადება დაიწყო.
-ვალი,ვალი..-მრავალმნიშვნელოვნად თქვა ბრანდომ.
-საღამოს გცალიათ?-სოფოს შეკითხვაზე,ისეთი ხველა ამიტყდა,ლამის დავიხრჩე.
-მცალია,-ბრანდომ ღიმილით გადმომხედა.
-ძალიან კარგი,-ტაში შემოჰკრა სოფომ.-საღამოს ჩვენთან გელოდებით,-თითით მაღლა ანიშნა.რა მეტიჩარა ხარ სოფო,დაიცადე,სახლში ავიდეთ,თმას გაგაცლი,გულში გავბრაზდი,თან არც გავბრაზდი.
საღამომდე ვებუზღუნებოდი სოფოს,ეს რა გამიკეთე-მეთქი?რა გინდა,დაკარგული ქმარი გაპოვნინეო,იკრიჭებოდა.კოტესაც დაურეკა,მოდი,ამ ისტორიულ დღეს არ გამოაკლდეო.ისიც სიხარულით დათანხმდა,რა წამოვიღოვო.სოფომ რაც შენ გინდა,ვაშლის გარდაო.იცოდა,ალერგია მჭირდა თემოს გადამკიდე.სოფო ისე ფაცი-ფუცობდა,თითქოს ჩემს,ან მის ხელის სათხოვნელად მოდიოდნენ.მე დაბნეული დავდიოდი წინ და უკან,უაზროდ ვედებოდი ფეხებში სოფოს.
კოტე ხელდამშვენებული მოვიდა,გაფრთხილებისამებრ ლიფტში არ შესულა და ფეხით მოუწია ამოსვლა.სულს ძლივს ითქვამდა.
-უფრო მაღალი სართული ვერ შეარჩიე,პაპასკირი?-უკმაყოფილოდ დააწყო ყუთები მაგიდაზე და გაოფლილ შუბლზე ხელი გადაისვა.
-ფეხით სიარული ჯანმრთელობაა,-სოფომ წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა.
კარზე კაკუნის ხმაზე,ისე შევხტი,კოტეს წყალი გადასცდა.-ეს გოგო მომიღებს ბოლოს,-ჩაილაპარაკა და სოფოს მიუბრუნდა.მე კარის გასაღებად წავედი.ვიცოდი,ვინც იქნებოდა.ბრანდო იდგა, კონიაკის ბოთლით ხელში..
-შემოდი,-გავუღიმე და გზა დავუთმე."ღმერთო,რა ლამაზია"სახეზე დამეტყო გამოშტერება.
-აქა მშვიდობა,-თქვა და შემოვიდა.კოტემ,რომ ბრანდო დაინახა,თვალებს არ დაუჯერა,ხან მე მიყურებდა,ხან სოფოს,ხან მას.ვერაფერი გაეგო,საიდან აღმოცენდა ჩემი "ნათლულ-ქმარი"ასე უცებ აქ.
-გამარჯობა,კოტე,-ღიმილით მიესალმა.
-პაპასკირები მომიღებენ ბოლოს,მე მითქვია და..-გაეცინა კოტეს და ხელი ჩამოართვა.
სუფრასთან ცოტა დაძაბულობა შეინიშნებოდა.საუბრის აწყობა გაგვიჭირდა.სამი ჭიქის შემდეგ, გავთამამდით და ერთმანეთს ვასწრებით საუბარს.ისე სასაცილოდ მოყვა ავტობუსის ამბავი ბრანდომ,კოტე ბოლო ხმაზე ხარხარებდა.მერე კოტემ გაიხსენა,როგორ გამოვაცხადე ბრანდო ქმრად.სოფო სიცილსგან ჩაბჟირდა,არც მე მადგა კარგი დღე.საკმაოდ დავლიეთ სასმელი.ვხვდებოდი,ნელ-ნელა როგორ მიბუჟდებოდა ენა.სოფო უფრო ამტანია,მე მალე მეკიდება.დრო და დრო ბრანდოს ვუყურებდი ამღვრეული თვალებით,ისიც არ მაკლებდა.კოტემ შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გავიდეთ,სადმე ტყეში ვიპიკნიკოთო.იდეა ყველას მოგვეწონა და დავთანხმდით.საბოლოო ჯამში მხიარული საღამო გამოგვივიდა და კმაყოფილები დავიშალეთ.ბრანდო და კოტე ერთად წავიდნენ.მე და სოფოს მაგიდის ალაგების თავი არ გვქონდა,რვიანებს ვხაზავდით.ეგრევე საწოლს მივაშურეთ.
დილით,კარზე კაკუნმა გამომაღვიძა.დამძიმებული თავი ძლივს წამოვწიე,ახლა არანაირი სტუმარი არ მაწყობდა.ვიღაც ჯიუტად აკაკუნებდა.წამოვჯექი,ძლივს გავუყარე ფეხები ჩუსტებში და სიარული ვცადე.ო,როგორ დატრიალდა სახლი ჩემს გარშემო.ცეცხლი დალიე ნინა,ლოთო! მივაღწიე კარამდე,გამოვაღე,არავინ დამხვდა,ძირს დადგმული მინერალური სასმელებით სავსე პარკის გარდა.
ბრანდო,აბა სხვა ვინ? გამიელვა თავში და სიამოვნებისგან დავიკრუტუნე.
შუადღეს კოტემ დარეკა,მე სამსახურში მისვლის თავი არ მაქვს და შენც ნუ წახვალ,გამოიძინეო.ისე გამიხარდა,სასწრაფოდ შევწექი ლოგინში.საღამომდე ფეხი არ გაგვიქნევია,არც მე,არც სოფოს.
მოგვიანებით დედაჩემი მოვიდა.სად დაიკარგეთ,გამისკდა გული,მილიონჯერ დაგირეკეთო,გვეჩხუბა.მამას გადაურეკა,ცოცხლები არიან,არ ინერვიულოო.აულაგებელ სუფრას რომ შეხედა,სულ ზარმაცები და უსირცხვილოები გვეძახა.
-ქალმა იმდენი,როგორ უნდა დალიო,რომ უგონოდ დათვრე!-ორივე შვილს მოგვაწიწკნა თმა და რახა-რუხით დაიწყო ჭურჭლის ალაგება.ჩვენ მოგუდულად ვიცინოდით.
-იცი,კოტე მიყვარს,-გამომიტყდა სოფო.
-არ გადამრიო,-"შევიცხადე".
-საძაგელო,-მიჩქმიტა.
-მეტკინა გოგო,-არც მე დავაკელი და ჩავცხე.
-შენც ხომ მოგწონს ბრანდო?-უცებ გამაჩუმა.-ჰა,გამოტყდი?
-არ მომწონს,უბრალოდ კარგი სამეგობრო ადამიანია,-მოვიტყუე.
-კი,დაგიჯერე,-ახითხითდა.- გუშინ გნახე როგორ ენაზებოდი.
-სოფო,ჩუმად,-თვალით დედაზე ვანიშნე.
-უცებ არ გაუკვირდეს რა,ძველ-ახალი სასიძო,-ხითხითს უმატა.
-არანორმალური ხარ,-მეც გამეცინა.
-ნეტა რა ჰქვია,სინამდვილეში?თვითონაც ცოცხალი თავით არ ამბობს სახელს.
-მეც მაინტერესებს.
-უეჭველი რაღაც სასწაული ჰქვია,ჯურმუხტა,ან არველოდი,ან ველოდი,-და ზუსტად ისე ცუდ ყოფაქცევის ქალივით გადაიკისკისა სოფომ,როგორც მე მაშინ კაფეში.დედაჩემმაც არ დააყოვნა,თავზე დააცხრა.
-რა ფორმაზე იცინი,გოგო?!-
-კარგი,კარგი,მორჩა,-დანებების ნიშნად ხელები ასწია სოფომ.
დედამ ყველაფერი მიალაგ-მოალაგა და ჩვენი დიდი თხოვნის მიუხედავად,რომ დარჩენილიყო და მამაც მოსულიყო,ვერ დავიყოლიეთ.თქვენი ნერვები არ მაქვსო,დაგვემშვიდობა და წავიდა.წასვლამდე,კი თითი დაგვიქნია,ჭკუით,თუ არ იქნებით,ნოდარს გამოვაგზავნი აქ საცხოვრებლადო.შევპირდით,რომ გამოვსწორდებოდით.დედა გავისტუმრეთ,თუ არა,კოტე დაგვადგა თავზე.საშინელ "პახმელიაზე "ვარ,ადექით,სადმე მოვსხდეთ,ხინკალზე გეპატიჟებითო.ამ შუა ღამეს,რა დროს ხინკალიაო,ერთხმად ვტკიცეთ უარი და ჩაიზე დიდი ხვეწნის შემდეგ დავიყოლიეთ.
-ბრანდოს რა ჰქვია სინამდვილეში?-საჭირბოროტო საკითხი წამოჭრა კოტემ.-დაუძახეთ იმ კაცს,იქნებ იმასაც უნდა ჩაი,-ანცად ააცმაცუნა ტუჩები.
-გვიანია უკვე,-ვთქვი და საათს შევხედე,თორმეტს აკლდა რვა წუთი.
-ესე იგი,მეც წავიდე?-დაიჯღანა კოტე.
-მოსვლა გვკითხე?-მწარე ენა ჩააწო სოფომ.
-"მასეთი ენის პატრონსა,რა გაგათხოვებს ქალაუ"-წაუმღერა კოტემ.
-შენ არ ინერვიულო,თორემ ფანქრები ძვირდება,-სოფომ უარესად წაკბინა.ისე დავუბრიალე თვალები,ლამის ჩამომცვივდა.კოტემ ჯერ მე გამომხედა,მერე სოფოს და უცებ ხარხარი აუტყდა.ჩვენც მეტი რა გვინდოდა,უცებ გამოვაჩინეთ სამოცდაოთხი კბილი.
-იცით,ბრანდოც ფანქრიჭამიაა!-ვთქვი.
ამაზე სულ გადავბჟირდით,ცრემლები გვცვიოდა სიცილისგან.
-ეგ რა მითხარი,ხვალ ერთი ყუთი უნდა ვუსაჩუქრო,-ვეღარ ჩერდებოდა კოტე.
-ორი იყიდე,მაინც ერთად მოგიწევთ ჭამა,პირში,რომ არ უყურო,-სოფო ჩემპიონია მწარე იუმორში.ჩვენი ხმა ალბათ მთელ კორპუსს ესმოდა.
კოტეც გავისტუმრეთ.დილამდე არ დაგვძინებია,ან რაღა დაგვაძინებდა,მთელი დღე ლოგინში გამოვცხვით.
შუადღისას კურიერი მოადგა ჩვენს კარს.გაბანტული ყუთი გადმომცა.გამიკვირდა,არსაიდან ველოდი ამანათს.
-მოიცადე,არ გახსნა,ბომბი არ იყოს,-სოფო დესანტივით მიეპარა ყუთს.
-რა ბომბი,გოგო?-გამეცინა.
-ხო,ლამარა ჯერ ცოცხალია,-შემაშინა.მაკრატლით ფრთხილად გადაჭრა ლენტი და უკან გადახტა.-განაღმვის ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს,-თითებით ტელეფონის იმიტაცია გააკეთა და ჩასძახა.
-სოფო,რა მასხარა ხარ,-წავუთაქე.სანამ ბოლომდე გახსნა,მე სული დამელია.გაოცებაც და სიხარულიც ერთბაშად აღმომხდა ,არც მეტი,არც ნაკლები,ყუთში ყაყაჩოსფერი კაბა იდო ,ზუსტად ისეთი,ქარმა,რომ იმსხვერპლა.
-ოო,ქორწილის სუნი მცეემს,-თქვა სოფომ და სტვენა დაიწყო.
მე ,წითელი კაბით ხელში, გაბადრულ სახით ვიდექი.ტელეფონზე შეტყობინებამ დაიწრიპინა.
"ჩვენს კაფეში გელოდები"
ხელების კანკალს,სხეულის ცახცახი აჰყვა.ზუსტად მაშინ ვიგრძენი,რა ყოფილა ბედნიერება.
სოფომ სასწრაფოდ გამომპრანჭა,იმდენი მითხიპნა სახე,ბოლოს პირი დასაბანი გამიხდა.
-ხომ იცი,არ შემიძლია ამდენი "შპაკლი"-გავუბრაზდი.
-გოგო,ქალს უხედება მაკიაჟი!-არ მნებდებოდა.
-მერე ეს მაკიაჟია? ტონა,რომ დამადე,დამიმძიმდა თავი!
-ჰო,ისე მიდი,იქნებ შეაშინო როგორმე!
-დაწყნარდი,ნანახი ვყავარ ახლად გაღვიძებული!-გამახსენდა უთენია,რომ დავადექი თავზე ბრანდოს.
-თქვენ რა,ერთად გეძინათ?-შეიცხადა.
-ღმერთო,მომაშორე ეს კრეტინი!-ხელები ზეცაში აღვაპყრე და სახლის კარი გავიხურე.
გზაში რამდენჯერმე შევჩერდი,გულს ისე გაუდიოდა ბაგა-ბუგი,სიარული გამიჭირდა.ნინა,დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება! გზა და გზა ვამხნევებდი თავს.
განაპირა მაგიდასთან იჯდა,შორიდანვე დამინახა და წამოდგა.ჩემი ყაყაჩოსფერი კაბით,როგორც გედი ტბაზე,ისე "შევცურდი"და ბრანდოს წინ გავჩერდი.
-ულამაზესი ხარ,გიხდება,-მითხრა და საფეთქელზე ოდნავ შემეხო ტუჩებით.ჩემმა გულმა სხეულში წრე მოხაზა.
-მადლობა,ძალიან გამახარე,-მართლაც ვერ ვმალავდი სიხარულს.
-ქარს უნდა უმადლოდე,-გაიცინა.
-მგონი უფრო,კონტროლიორს,- აჰა,ნინა,ენას ვერ იმოკლებ.ის კაბაზე გელაპარაკება,შენ მის გაცნობაზე.
-ჰო,იმას კი ეკუთვნის ქორწილში თამადობა,-არც თვითონ დამაკლო.კაბის ფერი დამედო.
-ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო,წამომყვები?-ხელზე თითები გადამატარა.
-სად?
-სადღაც,-გაეცინა.
-არ მითხრა,რომ ვინმე უნდა დასაჯო,-ჩემი ოინები გამახსენდა.
-სწორად მიხვდი,-სერიოზულად მითხრა.
-რა?-ხელმეორედ გადამიარა კაბის ფერმა.
-წამოდი,წამოდი,-გაიცინა და ზუსტად ისე გამიტაცა შემოდგომის ფოთოლივით,როგორც მაშინ,ავტობუსიდან.
ჩემდა გასაკვირად,რესტორნის მაგივრად,ერთ სახლში მიმიყვანა.კარი,რომ გაიღო და ნაცნობი ქალი დავინახე,რაღაცნაირად შემრცხვა.
-ნინა,გაიცანი,ეს ჩემი დაა,მართა.
თბილად გადამკოცნა მართამ და შინ შეგვიპატიჟა.
-ბრანდო მოვიდა,ბრანდო მოვიდა,-ორი ერთნაირი ბავშვი გამოვარდა ოთახიდან და ზედ შეახტნენ.აქ კი ნამდვილად გადმომცვივდა თვალები.
-მართლა ბრანდო გქვია?-თან გავიფიქრე,დარიგებული ხომ არ ჰყავს ეს ბავშვებიც მეთქი.
-არა..დედაჩემი მეძახდა ბრანდოს და შემრჩა ეს სახელი,-სევდა შეეპარა სახეზე.
-დედა?-სახელის დამთხვევამ უარესად გამაოგნა.
-ჰო,დაიღუპა,შარშან..ძალიან გავხარო..-ხმა აუკანკალდა.
-მართალი ყოფილა დედა,ძალიან გავხარ,-ბავშვები,რომ არა,ალბათ ჩავეხუტებოდი.
მართამ პატარა მაგიდასთან მიგვიწვია.ნამცხვარი გამოვაცხვე და უნდა გაგასინჯოთო,ისე შინაურულად მექცევა,სულ მომიხსნა დაძაბულობა,რა საყვარელია.ბრანდომ,რა დროს ნამცხვარია,მშიაო.წინასწარ რატომ არ გამაფრთხილე,რამეს მოვამზადებდი,სუპი მაქვს და თუ გინდა გაგიცხელებო.ამაზე დაიჯღანა ბრანდო,კარტოფილი შემიწვიო.მაშინ შენ გათალეო,იმდენი იკინკლავეს,ბოლოს ბრანდომ გათალა,შეწვა და მოგვართვა კიდეც ტყემლით.ისეთი შინაურული და სასიამოვნო გარემო იყო,ლამის ჩუსტები მოვითხოვე.ტყუპები მოსვენებას არ გვაძლევდნენ,ერთმანეთს ასწრებდნენ ტლიკინში.
-შენ ბრანდოს ცოლი ხარ?-ეშმაკურად გაიკრიჭა ერთი კიკინიანი.
-ტასო!-მართამ დაუცახცხანა.მე ალებმა დამიარეს.
-არა,მეგობრები ვართ,-გაბუშტულ ლოყაზე ვაკოცე.
-ლამაზი კაბა გაცვია,-მეორე გაბუშტული მომეტმასნა.ისიც დავაჯილდოვე კოცნით.
მოგვიანებით,მართამ ბავშვები გაიყვანა დასაძინებლად.ამათ უცებ მივხედავ და მოვალო,ბოდიში მომიხადა.
-ჩვენ წავალთ,-უხერხულად შევიშმუშნე.ვერსადაც ვერ წახვალ,სადაცაა გიაც მოვა,ხომ უნდა გაიცნო,ჩემი მეუღლეო.ოპაა,რაღაც კუთხეში მიმწყვდევენ მგონი.
გიაც მოვიდა,მართამაც ბავშვები მიაძინა და ოთხივე მივუსხედით გიას მოტანილ ლუდს და ხინკალს.ბრანდომ და მართამ ბავშვობა გაიხსენეს,შემდეგ მართამ და გიამ თავისი გაცნობის ამბავიც,ტყუპების დაბადებაც და ასე მხიარულად ჩავამთავრეთ საღამო.
ბრანდომ სახლის კარამდე მიმაცილა.ლოყაზე მსუბუქი კოცნით დამემშვიდობა და ტკბილი ძილიც მისურვა.ძილის რა მოგახსენოთ და ყურებამდე გადახსნილი პირით კი ვიწექი საწოლში.
-მასე არ დარჩე,-სოფომ თავში ჩამითაქა და ვარსკვლავებიდან ჩამომხსნა.
-შენ ხომ არაფერს შეარგებ ადამიანს,-მოჩვენებითი სიბრაზით მეც წავუთაქე.
-მართლა კარგი ბიჭი ჩანს ეს ჩვენი ბრანდო,-ლოყის ქვეშ ხელი ამოიდო და ჩემი ბედნიერების გაზიარებას შეუდგა.
-ჰო,-პირს ციცინათელები მომედო.
-იმ შენს ჩლუნგ თემოს კი არ ჰგავს.
-კარგი რა სოფო,როდემდე უნდა გამახსენო?-მეწყინა.
-რომ არ დამიჯერე თავიდანვე,ვერ ვინელებ.
-მეძინება,-ხასიათი გამიფუჭდა.
-მოდი ჩემთან,-მოიწია და გულში ჩამიკრა.-ძალიან მიყვარხარ ნინა,მინდა,რომ ბედნიერი იყო,მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება შენს გვერდით,ბრანდო,თუ ლუი დე ფიუნესი,მთავარია ბედნიერი იყო,-მითხრა და მაკოცა.ამ ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება,მაშინვე წამოვყარე გამზადებული ცრემლები.
მეორე დღეს კოტემ მახარა,ნერგების დიდი პარტია უკვე ჩამოვიდა და პრემიასაც მიიღებო.თან ხომ არ დაგავიწყდათ,ზეგ შაბათია და პატარა ლაშქრობა, რომ უნდა მოვაწყოთო.ბრანდოს თვითონ დაურეკა და შეახსენა.მოვილაპარაკეთ ვის რა უნდა წაგვეღო.შაბათს,უთენია ჩავბარგდით კოტეს მანქანაში და სიღნაღს მივაშურეთ.ბოდბის მონასტერის მონახულების გარეშე,ეშხი არ ექნებოდა ექსკურსიას.გზაში წვიმამ დასცხო.ისეთი თქეში მოდიოდა,მანქანის გაჩერება მოგვიწია.სანამ ცოტა არ იკლო,ვერ დავიძარით ადგილიდან.
-ტყეში ასვლას აზრი აქვს,სველი იქნება ყველაფერი,-გულდაწყვეტით თქვა კოტემ.
-სახლში დავბრუნდეთ,ტაფაზე შეგიწვავთ მაგ ხორცს,-სოფო ხუმრობის ხასიათზე დადგა.
-შენი შემწვარი არ გაიშვას,-წაკბინა კოტემ.
-რა ვიცი,იმ დღეს კი ვერ გაგაგდებინე ქათმის ბარკალი ხელიდან,ჩემი მომზადებული იყო სხვათაშორის,-სოფომ ბასრი ენა გამოაჩინა.
-იმიტომაც მოვიწამლე,-დაიჭყანა კოტე.
-კარგად ვერ მოწამლულხარ,კოხტად ჭიკჭიკებ.
-მტრის ოჯახში არ შეგიშვებდი,-კოტემ ბოლომდე გამოიწვია ჩემი და.
-შენს ოჯახში?-აჯახა სოფომ.
-ფუი,ფუი,ჯვარი მწერია,-უცებ გადაისახა პირჯვარი კოტემ.სოფოს ეწყინა და გაიბუტა.მე და ბრანდოს სიცილი აგვიტყდა.
ღრუბელი არ ნებდებოდა.ხელმეორედ დაგვიშინა წყლის ისრები.
-მოკლედ,-დაიწყო ბრანდომ.-სანამ წვიმა გადაიღებს,აჯობებს ჩემს სტუდენტობის მეგობარს ვესტუმროთ,კარგა ხანია არ მინახავს,გაუხარდება.თან დავისვენებთ,-ბრანდოს იდეა ყველას მოგვეწონა.საჭმელ-სასმელი საკმაოდ გვქონდა,ასე ხელდამშვენებულები გამოვეცხადეთ მის მეგობარს.
-ვა,ამას ვის ხედავს ჩემი თვალები,ფანქრიჭამია?!-ბრანდოს დანახვაზე გახარებული გამოიქცა დაბალი,გამხდარი ბიჭი და გადაეხვია.
-მოკლეკუდ,შე ძველო!-ერთმანეთი სიცილით აჯანჯღარეს და სულ ზურგზე უტყაპუნეს ხელები.
-რაო?-კოტეს რეაქციამ ბოლო მომიღო,ისე დაცქვიტა ყურები, სიცილისგან გავლურჯდი,სოფოც ჩემს დღეში ჩავარდა.
-მეგობრებთან ერთად ვარ,-ხელით ჩვენსკენ ანიშნა ბრანდომ.ბიჭი დაფაცურდა,სათითაოდ მოგვიკითხა.მოკლეკუდას ზაზა ჰქვია.კარგი ადამიანი ჩანს,გულღია,ალალი..ჩვენი სანოვაგის ამოწყობა,რომ დავიწყეთ,სიცილი აუტყდა.
-რა იყო ,ბიჭო,აქ მშივრები კი არ ვართ,ჩაალაგეთ ეგენი უკან და შემოდითო,-მაინც ჩვენი გავიტანეთ და მაგიდაზე გორა დავაყენეთ.ზაზას მეუღლე ნანაც,ქმრის მსგავსად თბილი ადამიანი აღმოჩნდა,სამი პატარა ბავშვი კი ულამაზესები და ცელქები.რომლებიც ჩვენს დანახვაზე სიხარულიგან ყირაზე დადგნენ.
ძალიან მიყვარს სოფლის სუნი,ნაწვიმარზე უფრო იგრძნობა ბუნების სურნელი.მეძებარ ძაღლივით ყველა ხეს და ყვავილს ცხვირით მოვედე.ღრმად ვისუნთქავდი ბუნების არომატს.
-ის გააჩერეთ,თორემ შეისრუტა მთელი ჰაერი,უჟანგბადოდ დაგვტოვებს,-სოფომ მხარზე წაკრა ბრანდოს.
-ამ სილამაზემაც ვერ დაადუმა შენი ენა,-ხელები ირგვლივ მოვატარე და წავკბინე სოფოს.ჩემი "ქმარი" ჩუმად ფხუკუნებდა.
-იცი,რა ღვინო მაქვს,ცოფი!-თავი მოიწონა მოკლეკუდამ.-დღეს უნდა დაგნამო,-"დაემუქრა ბრანდოს.
-მგონი გაუთოვებას უპირებს,- მიჩურჩულა სოფომ.მომერიდა,თორემ ჩავცხებდი.იმდენი რამ გვქონდა გამზადებული,დიასახლისი შეწუხებული სახით იდგა,მე რით გცეთ პატივიო.სანამ ჩვენ შევაცხელეთ ხაჭაპურები,მოკლეკუდამ და ფანქრიჭამიებმა ცეცხლი დაანთეს.
-არა,რა ძმაო,წალამზე შემწვარს,სულ სხვა გემო აქვს,-კოტე მთელი მონდომებით აცვამდა ხორცს შამფურზე.
-მოვა დრო და შემეხვეწები,ტაფაზე შეგიწვა,-სოფომ ტუჩები აპრიხა.ეს მგონი ძალით უვარდება ოჯახში,გავიფიქრე და სოფოს თვალები დავუბრიალე.
-სოფო,ცოლად გამომყვები?-ისეთი მოულოდნელი იყო კოტეს კითხვა,ყველა გავშეშდით.
-ხედავთ,სუფთა ჰაერზე გონება დაეწმინდა,-სერიოზულად ვერ მიიღო სოფომ.
-გეკითხები?!-არ მოეშვა კოტე.
-მუხლზე მაინც დადექი და ხორცის ნაჭერი მაინც გამომიწოდე,ასე ჰარი-ჰარალეზე ვინ თხოვს ხელს?-სოფომ გაიცინა,მაგრამ ისე ვერა.
-ხო,თუ არა?!-კოტემ შამფური დადო და ჩემი დის წინ გაჩერდა.
-მგონი,გაგიჟდი,-კოტეს ხუმრობის,რომ ვერ შეატყო,ცოტა არ იყოს,შეცბა.
-გელოდები?!-უფრო ახლოს მიიწია და მკლავზე მოკიდა ხელი.ჩვენც პასუხის მოლოდინში,სუნთქვაშეკრულები ვიდექით,ბავშვებიც კი.ახლა რაღაც ისეთს დაახეთქებს,ნაღმივით აგვაფეთქებს,გავიფიქრე და დავიძაბე.
-არა!-უარი სტკიცა.აი,ხომ ვთქვი.სოფოს ხასიათის შერჩევა სჭირდება,იჩქარა კოტემ.
-საბოლოო პასუხია?-ხავსს ჩაეჭიდა სასიძო.
-არა,კიდევ უნდა მთხოვო,ბევრჯერ!-სოფო აკისკისდა.კოტესაც გაეცინა,ჩვენც ნელ-ნელა მოვეშვით ,იმ იმედით,რომ სასიძო არ დანებდებოდა და განზრახვას სისრულეში მოიყვანდა მომავალში.იმის შემდეგ,ყოველ ხუთ წუთში ეკითხებოდა კოტე,-სოფო,ცოლად გამომყვები?პასუხიც იგივე იყო.ამ სიცილ-კისკისში მწვადიც შეიწვა და სუფრაც გაიშალა.მოკლეკუდამ თავის ცოფი ღვინო თიხის დოქით შემოდგა,პირჯვარი გადაიწერა,ღმერთს მადლობა გადაუხადა და ხსნილიაო,გვახარა.კარგად მოგვშიებია,გემრიელად ვილუკმებოდით.ბრანდო ჩემს გვერდით ისე ახლოს იჯდა,მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი.არ ვიცი,მოკლეკუდას ცოფი ღვინოს ბრალი იყო,თუ ბრანდოს სიახლოვე,უცებ მოვითენთე და მოურიდებლად მივეყრდენი ჩემს ფანქრიჭამიას და გავინაბე.ვიგრძენი,როგორ შემოცურდა ჩემს წელზე მისი მკლავი,სხეული დამეჭიმა.
-მოეშვი,-მიჩურჩულა და ნაზად აათამაშა თითები.ყირაზე გადავიდა ჩემი გული.სოფომ შეგვამჩნია და ჩაიცინა.ცოტა შემრცხვა.
მოკლეკუდა კარგი თამადა გამოდგა.სასიამოვნოდ გაკვირვებული ვუსმენდი მის მხატვრულად გაფორმებულ მონოლოგებს.განსხვავებული სასმისი გამოიტანა ზაზამ,პატარა თიხის ჭური,ყველას გვთხოვა,ვისაც რა სადღეგრძელო გაგიხარდებათ,ამ სასმისით ის თქვითო.პირველი თვითონ წამოდგა და დაიწყო.
-ეს ჭური,საუკუნეს ითვლის,ჩემი წინაპრებისგან მერგო,ხოდა ჩემო კარგო ხალხო,ამ სასმისით, გაუმარჯოს ცაში ღმერთს, მთაში სალოცავს, მიწაზე ჩვენ და მიწის ქვეშ ჩვენ წინაპრებს !-თქვა და ბოლომდე დაცალა.შეავსო და ბრანდოს მიაწოდა.კი გაუჭირდა ჩემს სხეულიდან ხელის აღება..ფეხზე ადგა.
-ყველაფერი,რაც გამაჩნია და რაც მისწავლია, ერთი ადამიანის დამსახურებაა და იმ ერთს დედაჩემი ჰქვია! მადლობა მას ამისთვის.. მენატრება დედა,-თქვა და სულმოუთქმელად დალია.შევატყვე როგორ უკანკალებდა ხელი.სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა.შემდეგი კოტე იყო,წამოდგა ჭურით ხელში და სოფოს თვალი თვალში გაუყარა.
-როდემდე უნდა მაწამო,ჯვარს მაცვი მაცხოვარივით,იქნებ პასუხი მაღირსო,კუდში გდევ მათხოვარივით! სოფო,ბოლოჯერ გეკითხები,ცოლად გამომყვები?
ქარიშხლის მოლოდინში ყველა გავისუსეთ.სულაც აღარ ეხუმრებოდა კოტეს,ისეთი სახით იდგა.
-გამოგყვები!-თავის თავში ღრმად დარწმუნებულმა უპასუხა.
-ძლივს!-ერთხმად დავცხეთ ყიჟინა.მე ტირილ-სიცილი ერთმანეთში ამერია.
-შე ეშმაკუნა,-სოფოს წკიპურტი მივკარი და ჩავიხუტე.იმდენი ვკოცნე,ბოლოს კოტემ წამართვა,ერთი კოცნა მეც დამაცადეო.რას ვეტყოდი?ექსკურსია ქორწილად გვექცა.ბრანდო თვალს არ მაშორებდა,ღიმილი გადაკვროდა სახეზე.
ისევ ბევრი დავლიეთ,კიდევ კარგი დედაჩემი ვერ გვხედავს.ახალ ამბავს ახლოდან ვახარებთ,ასე სჯობია.
-ამაღამ პატარძალი ჩემთან იძინებს,-გამოვუცხადე სიძეს და სოფოს ხელი დავავლე.
-სამსახურში ხომ გამათეთრე პაპასკირი,ახლა აქაც კაცო?!-თავი მოისაწყლა.
-მე ჯერ არ მეძინება,-გაჯიუტდა სოფო და გამექცა.
-ამას უყურეთ,ჯერ არ მიყვებოდა,ახლა რა დღეშია,-გამეცინა.
-ასე იცით ქალებმა,გვაწვალებთ,-ბრანდომ თვალი ჩამიკრა.ნეტავ როდის ვაწვალე, აქეთ მოვიტაცე და ქმრადაც გავასაღე,დაავიწყდა მგონი,გავიფიქრე და მივუახლოვდი.
-შენ ის დღე ხომ არ დაგავიწყდა?-თითი მკერდზე მივუკაკუნე.ნინა!მთვრალი ხარ,ზედმეტებს როშავ!
-მე არაფერი მავიწყდება და მისიასაც პირნათლად ვასრულებ,-ჩემი თითი ხელში მოიმწყვდია.წავბორძიკდი,ღვინისგან არა..
-ჰო? რაღაც ვერ ვხედავ?-ნინა გაგიხმა თავი,რატომ იწვევ?!
-გიხდება სითამამე,-თმაზე წამეთამაშა.უკან დავიხიე,მივხვდი ზედმეტები მომდიოდა.ამ ნასვამ კაცსაც თავ-გზას ვურევდი.
-რა იყო,ხომ არ გეშინია?-სუნთქვა გაუხშირდა.
-მე არაფრის მეშინია!-რა ცანცარა ვარ.
-დავიჯერო?-უცებ მტაცა ხელი და მკერდზე ამიკრა.
-ხელი გამიშვი,-ძლივს ამოვთქვი და ვეცადე გავცლოდი.
-არ გაგიშვებ,დავალებას ვასრულებ,-მოულოდნელად დაიხარა და ყელზე მაკოცა.ღმერთო,ეს რა არის?! ტანზე ყველა ბუსუსი ყალყზე დამიდგა.
-ბრანდო,გთხოვ..
ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და ხელი გამიშვა.
ასე ტკბილად მგონი, ჯერ არ მძინებია.სოფო რომელ საათზე მომიწვა,არ ვიცი,მე მალევე მივებარე.ვერ ვიტან სასმელს..მეორე დილა ჩვენდა გასახარად მზიანი გათენდა.ბოდბის მონასტრის მოსანახულებლად მოკლეკუდაც წამოვიდა ოჯახთან ერთად.როგორც სუფრაზე გაირკვა,მისი ეს მეტსახელი,მის უნიჭო ტყუილებს უკავშირდებოდა.თავის ნათქვამ ტყუილზე,თვითონვე ეცინებოდაო,ბრანდომ თქვა.არ გამოსდიოდა და მორჩა! ყველას ხომ არ შეუძლია ჩემსავით მსხვილი ტყუილები? ხოდა კოტემ,შენ გრძელკუდა მოგიხდება სახელადო,მითხრა.რას ვერჩი,მართალია.ბარემ მელაკუდა დავარქვათო,სოფომ.ბევრი ვიკინკლავეთ და ვიცინეთ .საბოლოოდ გადაწყდა,მელია-კუდაგრძელია! მომეწონა !მანქანაში ჩაჯდომისას ბრანდომ მითხრა,კუდი არ მოგყვეს კარშიო.ნეტავ მეც ,ზაზასავით მოკლეკუდა ვყოფილიყავი.მთელი გზა ვხუმრობდით.მივხდი ნელ-ნელა როგორ ვეჩვეოდი ჩემს ფანქრიჭამიას.
სასწაული ეზო აქვს მონასტერს,ულამაზეს ყვავილებით გაშენებული და ქვით მოკირწყლული ბილიკებით.მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ტაძარი,დღემდე მხნედ და ამაყად დგას.სამოთხის ნახვა ,თუ გინდა,უნდა ეწვიო აქაურობას,წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ბედნიერებით აღსავსემ მოვიარე ყველა კუთხე-კუნჭული და მოვილოცე.დიდ მორწმუნეობით არ გამოვირჩევი,თუმცა,როდესაც ვსტუმრობ ტაძრებს,იქიდან ყოველთვის იმედით აღსავსე გამოვდივარ.რაღაც ამოუცნობ სიმსუბუქეს ვგრძნობ.
-მოინანიე ცოდვები?-ტაძრიდან როგორც კი გამოვედი,სოფომ მიჩურჩულა.
-ფრთები არ დაგეჭმუჭნოს,ფრთხილად,-არც მე დავაკელი.
-დაწყნარდი,გაკრახმალებული მაქვს,-ჩაიფრუტუნა ცხენივით.
-კოტე მეცოდება,განა რა ცოდვა აქვს ისეთი,ღმერთმა შენი თავი ,რომ მოუვლინა სასჯელად,-მეც ავფრუტუნდი.
-მე ბრანდო მეცოდება,შენი გრძელი კუდის ატანა,რომ მოუწევს,-აჭიხვინდა.
-და რა იცი,რომ მოუწევს?-მხარი წავკარი.
-ვიცი,ვიცი,ვერ ხედავ,თვალებით გჭამს,ეგ ხელიდან გაგიშვებს?
მომენტალურად ბრანდოს გავხედე,მართლაც მჭამდა.ჩემმა სხეულმაც არ დააყოვნა საპასუხო რეაქცია.დავინახე,როგორ ჩაეღიმა "ულვაშებში".
შემდეგ,სიღნაღიც მოვიარეთ და ბოლოს,მოკლეკუდამ გვეხვეწა,წამოდით ამაღამ ჩემთან დარჩით,ერთი კარგად შევუბეროთ ისევ და დილით წადითო.ვერ გადაგვათქმევინა წასვლა.გულმხურვალედ დავემშვიდობეთ და შევპირდით,უახლოესს მომავალში,ისევ გინახულებთო.ქალაქის გზას კმაყოფილები დავადექით.მანქანაში,სოფო წინ ჩახტა,მეკუთვნისო.ბრანდოსაც მეტი რა უნდოდა,უცებ მომიჯდა გვერდში,თან ძალიან ახლოს. შევიშმუნე და სავარძლის კიდეზე ,როგორც დედალი ქანდარაზე,ისე დავჯექი.გაეცინა,მაგრამ მაინც არ გაიწია.მთელი გზა უარესადაც მაწამა,ხელს აპარებდა ჩემსკენ და წელზე მეთამაშებოდა.საძაგელი!
სახლში გვიან მივედით,კოტეს და სოფოს დამშვიდობება საყურებლად ღირდა,ძლივს გავწიწკნე ერთმანეთს,მოთმინება ბატონო სიძევ,ვუთხარი და პატარძალი კიბეზე გავიტაცე.ხვალ,დილის ცხრაზე სამსახურში გამოცხადდიო,კოტემ მომაძახა.მესამე სართულამდე მთელი შემართებით ავედით,ბრანდო მივაცილეთ კართან.შემოდით, ცხელი ჩაი დაღლილობას მოგვიხსნისო,შეგვიპატიჟა.მე მომერიდა,სოფომ ძალით შემათრია,ხომ უნდა იცოდე შენი სამზარეულოვო,მიჩურჩულა.როგორ მინდოდა ჩამეკლა ადგილზე.ხელებს მაინც დავიბან თქო,წამოვიკნავლე და ბრანდომაც შესაბამისი კარი მიმითითა.აბაზანის გვერდით , მისი სამუშაო ოთახი ღია კარიდან ჩანდა.ცნობისმოყვარეობამ მძლია და შევიჭყიტე.მაგიდაზე გაშლილ ნახაზებიან ქაღალდებზე სამი თავმოღრღნილი ფანქარი იდო.-ფანქრიჭამია,-ვთქვი ფხუკუნით.
-მელაკუდა!-გაისმა ჩემს ზურგსუკან და საქათმეში გამოჭერილ მელიასავით შევცბი.
-ბოდიში,-ეს ჩემს ხმას ნამდვილად არ ჰგავდა.
-საბოდიშო არაფერია,შეგიძლია სხვა ოთახებიც დაათვალიერო,-მითხრა ღიმილით და მომიახლოვდა.
-არა,იყოს,-დაბნეული გავეცალე და წეღანდელ მითითებულ კარში შევვარდი.რა მჭირს,ხომ მომწონს,რატომ გავურბივარ? მქონი ეს გაქცევა,ჩვევად მექცა.სარკეში ჩემს თავს გავესაუბრე.თაროზე შემოდებულ სხვადასხვა მარკის სუნამოებს მოვკარი თვალი.ეს ჩემი მატრაკვეცობა და ცნობისმოყვარეობა მომიღებს ბოლოს,ვთქვი სიმწრით,როდესაც ერთ სუნამოზე მოულოდნელად დამეჭირა თითი და თვალი ამეწვა.ცრემლები ღაპა-ღუპით წამომცვივდა.წყალმაც ვერ მიშველა.სამზარეულოში მშვიდად მომუსაიფე ბრანდომ და სოფომ,რომ დამინახეს,გაკვირვებულმა შემომხედეს.
-რა გატირებს ,ნინა?-ბრანდო ახლოს მოვიდა და სახეზე დამაკვირდა.იმ წუთში ეცა ნაცნობი სურნელიც,ისეთი სიცილი ატეხა,უარესად შემრცხვა.სოფოს მეტი რა უნდოდა,როცა გაირკვაა რაც მჭირდა,რეპლიკები არ დამაკლო.
-სუნამოს ქურდი!
-მელია!-აჰყვა ვაჟბატონიც.
-ასე მპარავს ტანსაცმელსაც,-გააგრძელა სოფომ.
-ჰო? წავიდე,ვნახო,ჩემი კოსტიუმი ხომ არ მომპარა,-ვითომ გარბოდა,ისე გაათამაშა ფეხები ბრანდომ.
-კოსტუმს ვინ დაეძებს,გულს გპარავს,-სოფოს ენა ჩინეთის კედელს უტოლდება სიგრძეში.
-გულს დავეძებ? უკოსტიუმოდ არ დავრჩე!-კიდევ კარგი ხუმრობაში გაატარა,თორემ მართლა მოუწევდა ამაღამ სოფოს ენის ამოგლეჯვა და თავის საფირმო ტაფაზე შეწვა.
-მართალი ხარ,უკოსტუმო სიძე ვის უნდა?-არა რა,ამ გოგოს სიკვდილის ბუზი აზის და ვერ ხვდება.
-ესე იგი,მე გამიმართლა,კოსტიუმიც მაქვს და ბონუსად წითელი დიპლომიც,- ვარდენივით არ დამიწუნოს მამამისმაო,წინასწარ დაიზღვია თავი.
-გეყოფათ!-მოჩვენებითი სიბრაზით ვუთხარი მოსეირეებს და მაგიდას მივუჯექი.
-უსახელო სიძე,ვის რად უნდა?-ახლა მე გამეხსნა ხუმრობის სკივრი,ვისარგებლე მომენტით და გადავწყვიტე,რადაც არ უნდა დამჯდომოდა,მისი სახელი გამეგო.
-ვინაა უსახელო?-შეიცხადა.
-შენ,-წარბი ავწიე.
-გადასარევი სახელი მაქვს,მე მომწონს,ბრაანდოო,-თითქოს ოსკარის დაჯილდოვებაზე აცხადებდნენ მის სახელს,ისე წარმოთქვა. ორივე დები ერთნაირად ავხვიხვინდით.
-ეგ მეტსახელია,არ ითვლება,-ახლა სოფომ შეუტია,ძლივს ჩემს მხარესაა,ტფუი,თვალი არ ეცეს.
-კაცო,ხომ ვრეაგირებ ამ სახელზე რაც მთავარია,მაინც და მაინც პირადობის მოწმობა გჭირდებათ?-ტუჩაპრეხილმა გადმოგვხედა.
-დიახ,-ერთხმად დავიძახეთ.
-რომ გითხრათ,რას იკისრებთ?-შეგვევაჭრა.
-ჯერ,სახელი გვითხარი,იქნებ არ ღირს საკისრებლად,-სოფოც კარგი ვაჭარია.
უცებ ფეხზე წამოდგა ბრანდო და რევერანსის თანხლებით წარმოთქვა.
-თქვენს წინაშეა კონსტანტინე მიხეილის ძე მარანელი!
სახელის გაგონებაზე მე და სოფო ჯერ შევხტით,შემდეგ გავშეშდით და ბოლოს,რომ გავიაზრეთ,ორივე სასიძოს კოტე ჰქვია,თან ორივე ფანქრიჭამია,ამ დამთხვევაზე ისტერიკული სიცილი აგვიტყდა.ბრანდოს უარესად ეცინებოდა.
-არ არსებობს!-სოფო კიოდა.მეც არ ჩამოვრჩებოდი.ძლივს მოვითქვით სული,ბოლომდე მაინც ვერა,დრო და დრო გვახსენდებოდა და ახლიდან გვიწევდა დაწყნარება.სოფომ სასწრაფოდ დაურეკა კოტეს.მოდი,შენი სეხნია გაგაცნოვო.ვინ სეხნია,სახლში დაგტოვეთ,სად ხართო?ეგონა გავისტუმრეთ და სადმე გავიპარეთ.მოდი,მოდი,მესამე სართულზე ვართ,ბრანდოსთანო.რას მოითმენდა,ზუსტად თხუთმეტ წუთში სირბილით მოვიდა კოტე.სეხნიაზე ძალიან ბრანდოს ნამდვილი სახელის გამჟღავნება უფრო გაუხარდა.
-აი,კიდევ ერთი მიზეზი,რომ საზეიმო ვითარებაში აღვნიშნოთ!ყველა რესტორანში მივდივართ!-დაიძახა კოტემ.
-რომელი საათია,რა დროს რესტორანია,დილით სამსახური გველოდება,-არ მომეწონა იდეა.
-გოგო,ვერ გავიგე, უფროსი მე ვარ,თუ შენ? -მომიბრუნდა.
-მართლა გვიანია,კოტე,-სოფოც ვერ მოიხიბლა იდეით.
-ესე იგი,ამათ ხელში,ხინკალი ხომ ვერ ვჭამე!-გაბრაზდა.
-თუ არ უნდათ,ჩვენ წავიდეთ,ერთ კარგ გოგოს წამოვიყვან,-ბრანდომ თვალი ჩაუკრა.
-ა,კაცი,გაიხარე ძმაო,წავიდეთ!-ნიშნიმოგებით გადმოგვხედა.
-მიბრძანდით!-სოფო გაწიწმატდა.
-შენ ისე არ ქნა,ჯერ არ შექმნილი ოჯახი დღესვე დაანგრიო,-გამეცინა.
-ზუსტად მაგას ცდილობს,-გაკაპასებულმა სოფომ მაგიდაზე თითები აათამაშა.
-ორ პაპასკირს რა გაუძლებს,-მხრები ჩამოყარა კოტემ და ჩამოჯდა.
-რას შვრები კაცო,არ მივდივართ?-მეორე კოტემ ვერ მოისვენა.
-მიბრძანდით!-ახლა მე ამოვიდგი მწარედ ენა.
-რატომ მიბრაზდები,თავისუფალ კაცს?-ბრანდომ ეჭვიანობაში გამომიჭირა.
-სულაც არ ვბრაზდები,-ვთქვი და წამოვხტი,წასასვლელად გავემზადე.
-ხოდა ,ძალიან კარგი,ტანზე გამოვიცვლი და წავიდეთ,-კოტეს ცერა თითი აუწია.ამის თქმა იყო და სოფოც წამოხტა და კარში გავარდა.
-რა ძალა გადგა?!-ვუთხარი კოტეს და ჩემს დას გავეკიდე.
მეცხრე სართულამდე არც შეგვისვენია,ეს სიბრაზე რა ძალას აძლევს ადამიანს.
-მაგას ვაჩვენებ სეირს!-დაიმუქრა სოფომ და ტანზე მოტმასნილი შარვალი ფეხების ქნევით გაიძრო.მეც მივბაძე და ასე აღრენილები შევწექით საწოლში.კარგა ხანს ბობოქრობდა,ხან ის,ხან მე.ერთმანეთს ვეჯიბრებოდით სასიძოების "ლამაზად" შემკობაში.კარზე ბრახუნმა ჩვენი სიტყვების მარათონი უცებ შეაჩერა.
-არ გააღო,გაიხედე ჯერ,-ვუთხარი სოფოს და ხალათი მოვიცვი.
-ჰმ,ვაჟბატონები!-სათვალთვალოს მოცილდა სოფო.
-როგორ ვერ ისვენებენ,-ვითომ მეწყინა მათი გამოჩენა.
-არ გავუღებ!-ფეხები დააბაკუნა სოფომ.
-სირცხვილია გოგო,-კარისკენ გავიწიე.
-პაპასკირებო გააღეთ,კოტეები ვაართ,-ხმამაღლა დაიძახა კოტემ და სახელურს დაეჯაჯგურა.
-ღმერთო,ჯერ ხომ მეზობლებში ისედაც თავი მქონდა მოჭრილი,ლამარას და თემოს წყალობით,ახლა ეს?!-სასწრაფოდ გავხსენი კარი და კატასავით ავიფხორე.
-მიაუუ,-დაიკნავლა კოტემ და სანამ პირს გავაღებდი,სახლში შემოხტა.უკან მოჰყვა ყურებამდე გაღიმებული ბრანდოც.კარის დაკეტვა ვერ მოვასწრაი,ლიფტიდან ვიღაც შურდულივით გამოვარდა და ჩემს წინ აისვეტა ჩასისხლიანებული თვალებით.
-თემური?!-გაოცება და შიში ერთად გამომესახა სახეზე.
-აი,ასეთი ცხოვრება გინდოდა ხომ? კაცები და დროსტარება,კახპა!-დაიყვირა და თმაში მეცა.სასმლის სუნიც ვიგრძენი და ჩემი სიცოცხლის დასასრულიც.ბუნდოვნად მახსოვს როგორ აირია ყველაფერი.თავი საშინლად ამტკივდა,თემო ისე მქაჩავდა თმას.ძლივს გააშვებინეს ხელი და ბიჭებმა სადარბაზოში გაათრიეს.ისეთი ხმაური ატყდა,მეზობლები წამში გამოეფინნენ სადარბაზოს კიბეზე.მე არ დამინახავს ვინ ვის ურტყამდა,კედელთან ჩაკეცილი ვიჯექი და მოვთქვამდი.სოფო ხან გარეთ გარბოდა,ხან შიგნით შემორბოდა რამოდენიმე მეზობელთან ერთად.
-შენ ხარ არა ბრანდო?!-თემოს ღრიალი მესმოდა,აშკარად მასზე იწევდა საცემრად.
-ვინ ბრანდო? ჩვენი კონსტანტინეა ეს!-ახლა მეზობლები ეცნენ ჩემს ქმარყოფილს.რას შეასმენდნენ გალეშილ მთვრალს.ვიღაცას ეზრუნა და პოლიცია და სასწრაფო გამოეძახებინა.ფორმიანებით გაივსო სადარბაზოც და ჩემი სახლიც.თემოს ხელები ამოუგრიხეს და დაბლა ჩაათრიეს.ბიჭებიც წაიყვანეს.ჩემთან ორი ფორმიანი დარჩა,ექიმებთან და მეზობლებთან ერთად.
-ამას როგორ უძლებდი, შვილო?!-წაივიშვიშა ასაკოვანმა ქალმა,ვერ ვიცანი რომელი სართულის მაცხოვრებელი იყო.
-გაუხმეს ხელები,რა დღეში ჩაგაგდო,-მეორე,შედარებით ახალგაზრდას შევეცოდე.
-იმ ქალის გაზრდილი რა იქნება?!-გამოსახლების დღე გაიხსენეს,ლამარა ბოლო ხმაზე რომ დამკიოდა.
-ადრევე უნდა მოეშორებინა თავიდან!-კვერი დაუკრა მეორემ.
-ანგელოზივით გოგოა,რას ერჩის!-ვერ დაცხრა პირველი.ჩემდა გასაკვირად,პოლიციასთან ისე დადებითად დამახასიათეს,სულ გადამავიწყდა თავის ტკივილი.მგონი აღდგა ჩემი შელახული რეპუტაცია!
ყველაფერი გაირკვა და როგორც იქნა მარტო დავრჩით მე და სოფო.კოტემ დარეკა,არ ინერვიულოთ,მალე მოვალთო.
-ხედავ,რამდენი გაბედა იმ თავგასიებულმა?კარგად კი მოხვდა,ვენაცვალე ბრანდოს,იცი,როგორ შეულამაზა ის ბოინის ძაღლივით გასიებული სიფათი?!-სოფომ ჩემი გამხიარულება სცადა. მე გაუნძრევლად ვიწექი,თვალები მოხარშულ თევზივით მქონდა ამოტრიალებული.ძალიან მრცხვენოდა ბრანდოსი.ბიჭებიც მალე მოვიდნენ.სოფომ მაშინვე დაუწყო ამბების გამოკითხვა კოტეს.ბრანდომ მიკითხა და ჩემი თანხმობის შემდეგ,ჩემთან შემოვიდა.
-როგორ ხარ,ნინა?-დაიხარა და თავზე ფრთხილად გადამისვა ხელი.
-ბოდიში კონსტანტინე,ცუდად გამოვიდა,-ბრანდოთი ვერ მივმართე,რატომ არ ვიცი,ალბათ ნელ-ნელა ჩვენს შორის კედლის აღმართვა დავიწყე.მრცხვენოდა,ჩემს გამო გაეხვა გაუგებრობაში.
-რატომ მებოდიშები ნინა?-ბოდიშზე მეტად კონსტანტინე ეწყინა,შევატყვე.
-მეზობლების სალაპარაკო გაგხადე.
-ძალიან საინტერესოა ვიღაც ნელის და მანანას აზრი?-გაბრაზდა.
-არ ვიცი,საშინლად მრცხვენია..-მეტირება.
-რისი ან ვისი?! თავს რატომ იდანაშაულებ?!
-მარტო დამტოვე,გთხოვ..-საუბრის გაგრძელება გამიჭირდა,მინდოდა მალე წასულიყო.
-კარგი,-თავი რამდენჯერმე დაიქნია და გავიდა.ცოტა ხანს მესმოდა კიდევ საუბრის ხმა,მერე მიწყდა და სოფოც შემომიწვა,როგორც იცის ხოლმე,ჩამიხუტა და დამკოცნა.
დილით,კარზე ისეთი ბრახუნი და ხმაური ატყდა,ვიფიქრეთ,რომ თემო გამოექცათ.შიშმა ისე ამიტანა,კბილებს კაწკაწი დამაწყებინა.
-თქვენ დამიღუპეთ შვილი,პაპასკირის კახპებო!-ლამარას ხმა ვიცანი.ისე გადავატრიალე თვალები,სოფომ სილა შემომკრა და კარისკენ გაქანდა.მეზობლები დაბარებულებივით გამოცხადნენ და კიბეზე წუხანდელ სიზუსტით განლაგდნენ.ვინ ლამარას იჭერდა და ვინ სოფოს.
-რა გინდათ,რატომ არ მანებებთ თავს?!-მოჩვენებასავით გამოვცხადდი ორომტრიალში და ისე ვიყვირე წამიერად შეწყდა ჩხუბი.
-გველის წიწილო,შენ დამიღუპე ოჯახი!-ლამარა გონს მოეგო და ჩემსკენ გამოიწია.ვინ გამოუშვებდა? გაავებული კიოდა და "დაუწმენდავ" ლექსიკონს მაყრიდა თავზე.
-დედა,ესენი ვინ ყოფილან?!-გაოცებას ვერ მალავდნენ მეზობლები და ლამარას მიმართულებით "ლაფს" ისროდნენ.სოფო დასაბმელი გახდა,ჩემი და ასეთი არასდროს მინახავს.მეზობლებს უნდა უმადლოდეს ლამარა,რომ თავზე ის გალაკული თმა შერჩა.ძლივს შეტენეს ლიფტში ჩემი ყოფილი დედამთილი და კართან დარაჯად დადგნენ მეორე რეისი არ გააკეთოსო.მიხვდნენ,მისი ნდობა არ შეიძლებოდა.ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი.ამობრუნდა.ახლა კიბეზე "ჩააცილეს"შეძახილებით.ლამარამაც არ დააკლო და ყველას სათითაოდ მოუკითხა მოსაკითხი.
-საქაჯეთში გიცხოვრია ,შვილო,-აღელვებული მომიახლოვდა წუხანდელი ასაკოვანი.
-ასეა,არავინ იცის,ვის ოჯახში რა ხდება,-სევდიანად დაუდასტურა ახალგაზრდა გოგომ.ვერ ვიცანი,მაგრამ მივხვდი,არც მას ჰქონდა დალხენილი ცხოვრება.
-ნინა,გინდა ცოტა ხანს დედასთან გადავიდეთ საცხოვრებლად?-კარი,რომ მოვიხურეთ,მითხრა სოფომ.
-არ მინდა რამე გაიგონ,ხომ იცი,ინერვიულებს მამა,-ნამდვილად არ მინდოდა ჩემს გამო,კიდევ ენერვიულათ მშობლებს.
-არაფერს ვეტყვით,ჩაიცვი!
დედაჩემმა,რომ დაგვინახა ბარგით ხელში,ეჭვიანად დაგვაკვირდა.
-რამე მოხდა?-გვკითხა და შეგვათვალიერა.
-არაფერი ,რა უნდა მომხდარიყო,კორპუსის სახურავს აკეთებენ და ხმაურია,გამოვეცალეთ ცოტა ხნით,-სახელდახელოდ მოფიქრებული ტყუილი დაახეთქა სოფომ.
-აბა,ისე ხომ არ გაგახსენდებოდით,-გაეცინა დედას და ჩაგვეხუტა.მამამ ისე გაიხარა ჩვენი ნახვით,პატარა ბავშვივით ცქმუტავდა.ხან ერთს გვკოცნიდა,ხან მეორეს.
სოფომ კოტეს დაურეკა,ჩუმად მოუყვა დილის ამბები და ისიც შეატყობინა,ცოტა ხნით მშობლებთან ვრჩებითო.კოეტს გაუხარდა კიდეც,ერთ სამ დღეში მოემზადე,მოვალ შენებს გავიცნობ,თან სიურპრიზი მაქვსო.ამაზე ისე აფორიაქდა სოფო,დასამშვიდებელი გამიხდა.ბრანდო არ გამოჩენილა,როგორც ჩემმა დამ მითხრა,ჩხუბის დილასვე სხვა ქალაქგარეთ წასულა,რომელიღაც მშენებარე ობიექტზე რაღაც პრობლემაა და რამოდენიმე დღით იქ დარჩებაო.გული დამწყდა,ბრანდოსთან ახლოს ყოფნა მინდოდა,თან რაღაც მაკავებდა,რა? ვერ ვხვდებოდი.
სოფომ დედას და მამას თავის გადაწყვეტილების შესახებ მოუყვა და უთხრა,სასიძო უნდა გვეწვიოს,თქვენი გაცნობა უნდაო.თან სასიძო ჩემი უფროსი,რომ აღმოჩნდა,დედამ გული დაიმშვიდა,მთლად უცხოც არ ყოფილაო და დაფაცურდა.ზეწრის სიგრძე სია ჩამოწერა და მამასთან ერთად ბაზარში გაეშურა.მე და სოფომ თავი მოვიქაჩლეთ და ავეჯიც გადაავადგილეთ და ოთახებიც ისე დავაწკრიალეთ,გვენანებოდა იატაკზე ფეხის დადგმა.სახლში მოსულმა მამაჩემმა ,რომ მიიხედ-მოიხედა სიცილით გვითხრა,თქვენ ხშირად უნდა გაგათხოვოთ კაცმაო.უყვარს მამას ხუმრობა.ის დღე სადილების მზადებას მოვუნდით,სოფო ისე განიცდიდა,ბოლოს დედამ უთხრა,თუ ასე უნდა ინერვიულო,უთხარი,არ მოვიდესო და თან ეშმაკურად ჩამიკრა თვალი.
-მეორე სასიძოც,რომ დაგადგება,ზოგი მერე იცინე,-წამოაყრანტალა სოფომ და ენა გამომიყო.
-ვინ მეორე?-დაეჭვდა დედა და შემომხედა.
-ბოდავს ეს საცოდავი,სულ გაგიჟდა კოტეს ლოდინში,-დაბნეულად ვთქვი და სახეზე დამეწერა,სოფო ვერ გადამირჩები!
-რამეს მიმალავთ?-მიხვდა.
-ვხუმრობ,-სოფომ უკან დაიხია და ჩემს სახეზეც წარწერა ნელ-ნელა გაფერმკრთალდა.
-ვიცი მე თქვენი ხუმრობა,-არ დაიჯერა დედამ,თუმცა აღარ ჩაგვეძია.
საღამოს მობილურზე შემოსული შეტყობინება,რომ წავიკითხე,სხეულში სასიამოვნო ცხელებამ დამიარა."ქალაქგარეთ ვარ,ოთხ დღეში ჩამოვალ და აუცილებლად უნდა გნახო" ბრანდო მწერდა.სოფომ შემატყო ცვლილება და ტელეფონი წამგლიჯა.
-მგონი ერთად მოგვიწევს ქორწილის გადახდა,-წაიკითხა და ჩაიქირქილა.
-იქნებ,ისე უნდა ადამიანს ნახვა,რა სულსწრაფი ხარ,-გავუბრაზდი.
-მე მითქვამს და..
მეორე დღეს,სოფო ისეთი დაბნეული დადიოდა ოთახებში,თავი ვერ მოაბა,ვერც კაბის შერჩევას,ვერც მაკიაჟის.დრო გადიოდა,მე ხან სუფრის გაწყობაში ვეხმარებოდი დედას,ხან ჩემს დას ვაჯანჯღარებდი და ვაჩქარებდი.
-თითქოს,პირველად უნდა ნახო კოტე,რა გჭირს სოფო?
-პირველად მოდის ოჯახის გასაცნობად,ვღელავ,-სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
-დროზე გოგო,სადაცაა მოვლენ,-ხელი დავავლე და ოთახისკენ ვუბიძგე.დამემორჩილა.
კარზე ზარი,რომ გაისმა,გამოპრანჭული ოჯახი შემოსასვლელში განვლაგდით სტუმრების დასახვედრად. ისეთი სიმპათიური იყო კოტე,ძლივს ვიცანი,ხელში ყვავილების ლამაზი თაიგული ეჭირა.გავიცინებდი,მის უკან მდგომი ადამიანები რომ არა.როგორც გაირკვა მშობლებთან ერთად მოვიდა,სოფოს გადავხედე,აღდგომის კვერცხს ჰგავდა.გაცნობის და მოკითხვების შემდეგ,ჩემს მიერ გაფორმებულ მაგიდას მივუსხედით.ჩემი და ისე ინაზებოდა,ვინმეს მართლა კრავი ეგონებოდა,მე მაინც არ ვიცნობდე,რა ენის პატრონია.კოტეს დედას საცოდავი თვალებით გადავხედე.ჩემი ეს ქმედება დაიჭირა სოფომ და მივხვდი,დაგესვლა არ ამცდებოდა.როგორც იტყვიან,შუა ქეიფში კოტემ თვლიანი ბეჭედი დააძრო და ყველას თვალწინ სთხოვა ხელი სოფოს.ქალბატონმაც რა თქმა უნდა ,დადებითი პასუხი არ დააყოვნა და სწრაფად წამოიცვა თითზე.ასე იქცნენ სტუმრები მძახლებად.
ჩემმა სიძემ,მე ქორწილს ვერ დაველოდებიო და მეორე დღესვე წაიყვანა სოფო თავის სახლში.ქალბატონსაც მეტი რა უნდოდა,კუნტრუშით გაჰყვა.დედას და მამას ბედნიერების ცრემლები უკიაფებდათ თვალებში.მე ორი დღით კიდევ გავჩერდი ჩემებთან და მერე სახლს მივაშურე,მომენატრა ჩემი საწოლი.თან ბრანდოს ჩამოსვლის დღე ახლოვდებოდა.სულმოუთქმელად ველოდი.არ ვიცი,რატომ უნდოდა ჩემი ნახვა ,თუმცა მე მზად ვიყავი,არა მარტო შესახვედრად,არამედ ყველაფრისთვის.სრულიად დარწმუნებული ვიყავი ჩემს თავში,რომ ეს კაცი მიყვარდა.
გვიან ღამე იყო,აბაზანა მოვილიე და ის იყო დაწოლას ვაპირებდი,კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა.ცოტა შიშმა ამიტანა,ისევ მთვრალი თემო დამიდგა თვალწინ.ფეხაკრეფით მივეპარე კარს და სათვალთვალოდან დავზვერე სადარბაზო.ბნელოდა,ვერაფერი დავინახე.
-ვინ ხართ?-ვიკითხე და კარს ყური მივადე.
-ნინა,მე ვარ,-ნაცნობ ხმის გაგონებაზე ელეთ-მელეთი დამემართა.კარი გამოვაღე,ბრანდო იდგა,დაღლილობა ეტყობოდა სახეზე.უხმოდ შემოვიდა , ხელი მომხვია და გულზე მიმიკრა.
-ახლა ჩამოვედი,ვიცი,გვიანია,მაგრამ,რომ არ მენახე,ვერ დავიძინებდი,მომენატრე,-ჩურჩულით მითხრა და საფეთქელზე მაკოცა.მინოდა მეც იგივე მეთქვა,მაგრამ ხმა ჩამიწყდა.მიხვდა..რას ვერ მიხვდებოდა,ისე მითრთოდა სხეული.
-ხვალ,შუადღეს სადღაც უნდა წამომყვე,ხომ გცალია?-მკითხა და ისევ მაკოცა.თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავის დაქნევა მოვახერხე.-ძილი ნებისა,ნინა,-მითხრა და ძლიერად მომიჭირა ხელები.
-ძილი ნებისა,ბრანდო..
ახლა სოფოს დაანახვა,რა გაბადრული ვწევარ,ალბათ წაავარჯიშებდა მწარე ენას.ძლივს ჩამეძინა.სიზმარში ის ჩასუქებული კონტროლიორი ვნახე, წითელი საქაღალდე მომაჩეჩა ხელში და გამიღიმა.მაშინდელივით დავაპირე გამეხსნა და ჩამეხედა,ვინ გაცადა,რყევა ვიგრძენი.
-ნინა,გაიღვიძე გოგო!-სოფო მანჯღრევდა,ან როდის მოვიდა,ვერაფერი გავიგე.
-აქ რას აკეთებ?-უკმაყოფილოდ ავხედე,არ მაცადა სიზმრის დამთავრება.
-ადექი,დაგაგვიანდა,კოტემ სასწრაფოდ წამოვიდეს სამსახურში,სტუმრები გვყავსო,-მითხრა და ადიალა გადამხადა.
-რა სტუმრები,საიდან მოიგონა,დღეს კვირაა,-არ მესიამოვნა,ბრანდოს უნდა შევხვედროდი,რა მესტუმრებოდა.
-მოგატყუე,-ენა გამომიყო.-ადექი,ახალი ამბები მაქვს,-იმდენად გახარებული სახე ჰქონდა,ჩხუბი გადავიფიქრე.ხომ ვერ მოვიშორე ეს გოგო თავიდან,ავბუზღუნდი და ნახევრად მძინარე გავედი სამზარეულოშ. ყავის მადუღარა მოვიმარჯვე.
-რა ამბები გაქვს,აბა?-სოფოს შევხედე,ყველა კბილი უჩანდა.
- იცი,რა მითხრა ჩემმა დედამთილმა?-აღფრთოვანებას ვერ მალავდა.
-დედამთილმაო,დაიწყოო,-წარსული გამახსენდა და გამაჟრიალა.
-მოიცადე გოგო,იმ ბნედიან ლამარას კი არ ჰგავს,-სიცილი აუტყდა.
-დედო არა?-მეც გამეცინა.
-დედო არა, ბნედო,-დაიჯღანა.-იცი,რა საყვარელი ქალია?თაფლი!
-თავიდან ყველა მასეა,-ცელი გამოვუსვი ფეხებში.
-მოკლედ,ამ გოგოს ყველა გიჟი ლამარა ჰგონია,დამაცდე,მათქმევინე ჯერ!-გაბრაზდა.
-კარგი,ხო,-ჩამოვჯექი და სმენად ვიქეცი.
-ასე მითხრა,მართვის მოწმობა აიღე,მანქანა უნდა გიყიდოვო,-თქვა და ტაში შემოჰკრა.მე დავდუმდი.სიხარულის,რომ ვერაფრი შემატყო,ხელი წამკრა.
-არ გაგიხარდა,გოგო?
-რა ჯანდაბად გინდა მანქანა,უმუშევარ ქალს?-ზუსტად ის რეაქცია მქონდა,როგორც მაშინ,თემომ,რომ მახარა.
-სულ უმუშევარი ხომ არ ვიქნები გოგო,თემო კი არ ვარ,-გადაიკისკისა.-სულაც არ ვაპირებ სახლში ვიჯდე და ქმრის კმაყოფაზე ვიცხოვრო,ჩემს ატელიეს გავხსნი.შემპირდა კოტე,მოგეხმარებიო,ხომ იცი,ოცნებად მაქვს რამდენი ხანია.გამიხარდა.სოფო ბავშვობიდან ძალიან კარგად კერავს.მახსოვს,დედა სულ იმას ეჩხუბებოდა,ნუ დამიჭერი ყველა ზეწარიო.ჩემს დას გადავეხვიე და ჯერ არ შეძენილი მანქანა და ატელიე ერთად მივულოცე.
-დღეს ბრანდო უნდა ვნახო,-ვუთხარი.
-ოხ,მოგენატრა?-წამკბინა.სოფო ფორმაშია.
-სიმართლე გითხრა,კი,-არ დავუმალე.
-ნინა,შენ რა შეგიყვარდა?-გამომცდელი თვალით დამაკვირდა.
-არ ვიცი,მგონი..
-მგონი კი არა,დაპყრობილი ჰყავხარ,-გაიცინა.
-მგონი..-ჩავიხვიე.სოფომ როგორც იცის ხოლმე,მაგრად ჩამეხუტა.-ბედნიერი უნდა იყო!-მიჩურჩულა.
ორ საათზე ერთად გამოვედით,სოფო თავის სახლში წავიდა,მე კაფეში,ბრანდოსთან შესახვედრად.გარეთ იდგა,ჩაფიქრებული.დამინახა ,თუ არა,გამიღიმა.ამ ბიჭის ღიმილს ჭკუიდან გადავყავარ.ხელი მომხვია და იქვე მდგომ ტაქსისკენ მიბიძგა.მის ნებას უხმოდ დავყევი.მძღოლმა ერთ-ერთ სასაფლაოსთან გაგვიჩერა.მე გაკვირვებულმა შევხედე ბრანდოს.
-წამოდი,-ხმადაბლა მითხრა.
ერთ-ერთ საფლავთან გავჩერდით,ქვაზე დახატულ ფოტოდან,ნაცნობი ადამიანი მიმზერდა,მის ქვეშ,წარწერას დავაკვირდი,"თინათინ მარანელი" წავიკითხე და ბრანდოს შევხედე.მივხდი.
-ჰო,ნინა,ეს დედაჩემია,-ჩაიმუხლა და ფოტოს მოეფერა.-სანამ შენ რამეს გეტყვი,-მომიბრუნდა.-მინდა დედა გაიცნო.დედამიწაზე ,თუ კი რამ კეთილშობილება არსებობს,ყველა ამ ერთ ადამიანში იყო თავმოყრილი.ეს ქალი,მარტო ჩემი და მართას დედა არ ყოფილა,ის ყველას შვილს ანალოგიურად ექცეოდა,როგორც ჩვენ.ზღაპრიდან გადმოსულ კეთილ ფერიას ჰგავდა,ყველგან და ყველასთან მხოლოდ სიკეთეს თესავდა.შარშან,სანამ დაიღუპებოდა,ძალინ მთხოვა,შენს გულში რომელი ქალიც დაიდებს ბინას,რომც აღარ ვიყო ცოცხალი,მოიყვანე ჩემს საფლავზე,მე აუცილებლად ვიგრძნობ ამას და როგორც შენ, მართას და გიას,ისე შევიყვარებო.ნინა,შენ ჩემს გულში ხარ ზუსტად იმ დღიდან,ავტობუსიდან ,რომ გაგიტაცე.კოტესთან ქმრად,რომ გამომაცხადე,ვინატრე,ნეტავ მართლა ასე იყოს-თქო.როდესაც გავიგე გათხოვილი იყავი,ლამის გავგიჟდი.საბედნიეროდ,ყველაფერი ისე წარიმართა,რომ დღეს,აქ დგახარ,დედაჩემის საფლავზე და მის თხოვნას ვასრულებ.მინდა, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდში იყო და დედას მეოთხე შვილი გახდე,-საფლავის ქვას აკოცა და წამოდგა.
მე ვტიროდი.
-მოდი ჩემთან,-მითხრა და გულში ჩამიკრა.უარესად ავსლუკუნდი.უკვე დაზუსტებით ვიცოდი,რომ ბრანდო სიგიჟემდე მიყვარდა.
-ჩემი ხარ!-მიჩურჩულა და ცრემლიანი თვალები დამიკოცნა.წინააღმდეგობა არ გამიწევია.
***
ტაძრის ზარების რეკვას,ხალხის აღტაცების შეძახილები შეუერთდა.ჩემს და სოფოს ერთნაირ საქორწინო კაბებს ,ერთნაირი გვირგვინები ამშვენებდნენ.ბრანდო და კოტეც ერთნაირ კოსტიუმებში გამოწყობილნი გვიმშვენებდნენ მხარს.ბედნიერმა გადავავლე თვალი ჩვენს კეთილმოსურნეებს და აბა,თუ მიხვდებით,ვინ დავინახე მათ შორის?კონტროლიორი!
-ბრანდო?!-გაოცებულმა შევხედე მეუღლეს.
-ხომ გითხარი,თამადობა ეკუთვნის-მეთქი?!-მითხრა სიცილით.
***
-კოტე,ყურძენი მინდა!-სოფომ გაბერილ მუცელზე ხელი გადაისვა.
-საიდან მოვიტანო გოგო,ამ შუა აპრილში ყურძენი?!
-მინდა!-ფეხები გაფშიკა სოფომ.
-ამასაც უნდა!-ვთქვი და თითი მივიკაკუნე წამობზეკილ მუცელზე.
ორივე კოტემ ერთად შემოირტყეს თავში ხელი.
-ფანქარი მომაწოდეთ!-დაიყვირა ბრანდომ.
-მეც,ორი ცალი!-არ ჩამორჩა კოტეც.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები