ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
7 აგვისტო, 2020


ფურისულისებრნი

ფურისულისებრნი

ფერდობი, რომლითაც ის ეშვებოდა სახლისკენ, ხასხასა ბალახით იყო დაფარული. საამო სიმწვანეში იისფერ ყოჩივარდებს ამოეყოთ თავი, მეგობრულად, წრედში შეკრულ ზაფხულის ყოჩივარდებს გაელამაზებინათ  ახალმოქსოვილ ხალიჩასავით ფითქინა მწვანე ბალახი და ის ამ სილამაზეს გულგრილი ვერ ჩაუვლიდა.
ჯერ შეჩერდა და როცა მიხვდა ბუნების უხილავი ხელის ყოვლისშემძლე ძალის მოქმედებას, ნაზად მიუახლოვდა ყოჩივარდების საგულდაგულო ხორუმს , ჩაიმუხლა და ხელის მტევნის ზედა ნაწილით მოეფერა, თითქოს პატარა ბავშვს ეალერსება თავზეო. ამ დროს სახეზე აღუწერელი სიამენარევი ბავშვური ნეტარება გამოესახა. თუ რა იშვიათი იყო მის ცხოვრებაში „ბავშვური“, საამო და სასიხარულო, მხოლოდ მონასტრის მამებმა იცოდნენ, რომელთაც ასე გულწრფელად უშლიდა გულს შალვა.
მონასტერში პირველად ძმაკაცებს ამოყვა, სულ რამდენიმე წლის უკან და მხოლოდ 2 დღე შეძლო მამებთან გაჩერება. არა, ზარმაცი სულაც არ იყო, არც დილით ადგომა ერთულებოდა, არც წირვა-ლოცვაზე დასწრება იყო მისთვის უცხო, მძიმე საქმეც გამოსდიოდა და ნეტარ მამათა ზებუნებრივ, მკრთალ და ჩამოთლილ სახეებსაც იმედითა და ნდობით უყურებდა, მაგრამ რაღაც თავის ადგილს ვერ პოულობდა, ასე რომ მეგობრების გაუფრთხილებლად წავიდა ჯერ ბარში, ბებო-პაპასთან, შემდეგ კი მალევე  დაუბრუნდა ქალაქის ხმაურსა და ტემპს. მაშინ რომ ეთქვა ვინმეს მისთვის რომ ის მონასტრის გზას კიდევ დაადგებოდა, ალბათ  არაფრით დაიჯერებდა. უცნაური რამაა ცხოვრება, პარადოქსულად უცნაური.
ყვავილების შემყურეს უცებ შეაჟრჟოლა. მიუხედავად იმისა, რომ ყოჩივარდების სხვადასხვა ჯიშს წელიწადის ყველა დროს შეიძლება შევხვდეთ, ეს ჯოჭი იყო, ზაფხულის ყვავილი და არც ციოდა, არც ნიავი უბერავდა და შალვაც საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მისი სამხედრო წარსულისა და მონადირის გამოცდილების წყალობით.
სხეული სულ სხვა რამის გამო შეკრთა, სხვა ინფორმაცია ეუცხოვა მის გონებას და კუნთებს, ისე როგორც მკუხე ტყემლის გამო შეიძლება გაუღრჭიალდეს ადამიანს კბილები, ეს ინფორმაციაც უსიამოდ იშიფრებოდა შალვას სხეულის მიერ: ეპიზოდი, როცა ის უგონოდ მთვრალი, მეგობრებთან ხელგადახვეული მოაბიჯებდა სოფლის მდელოზე და უმოწყალოდ თელავდა უწყინარ ყვავილებს, თელავდა გამოწვდილ ხელს, თელავდა მშობლების იმედებსა და ნდობას, თელავდა იმ სიყვარულს , რომელიც ჯერ არ შეჰყროდა, მაგრამ, ცოტაც რომ დაეცდია, მალე მოედებოდა მის გონებასა და გულს და იქნებ... იქნებ უკეთესი მიმართულებაც დაენახვებინა მისი დაბინდული, დაბოლილი და უმადური არსებისთვის.

უცებ გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა და სწრაფად წამოდგა, აბგაში ჩაგდებული ნახევარლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი ამოიღო და თითქმის თბილი წყალი ოდნავ მოსვა. ერთი მუჭა წყალი სახეზე მოისვა და ისე გაიქნია თავი, როგორც ძაღლი იფერთხავს ხოლმე ბეწვს წყლის წვეთებისგან. ამ დროს ის ძალიან სასიამოვნო შესახედი იყო: მაღალს ვერ იტყოდით, მაგრამ მისი გრძელი ფეხებისა და წვრილი წელის გამო, საშუალოზე მაღალი ჩანდა. ბუნებისგან ნაბოძები შემაღლებული და განიერი მხრები, მიუხედავად საკუთარი თავისადმი დაუდევრობისა, ჯერ კიდევ ასაკის წყალობით შეულახავი და შეუდრეკელი იყო, სწორი და გრძელი ფეხები მყარად ედგა მიწაზე და ერთი შეხედვით ძლიერი და გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სახეზე უფრო მეტად ემჩნეოდა უდიერებისა და დაუდევრობის კვალი, ქუთუთოები ოდნავ შეშუპებოდა და უპეები უფრო ჩაშავებული იყო ვიდრე ნაცრისფერი. წაბლისფერი დიდი თვალები, მოღლილ და დანაოჭებულ კანს დაემალათ. თვალებს წყლიანი გამოხედვა კიდევ შემორჩენოდა და სახის დაღარულ ნაკვთებს ჯერ კიდევ უმკლავდებოდა - ეშხსა და სანდომიანობას სძენდა მის მთლიან გარეგნობას.
მის შავ, ხვეულ სქელ თმას შუბლთან ოდნავ შეთხელება დიდ ვერაფერს აკლებდა. მისი ახლობელ-ძმაკაცებიდან იყვნენ რამდენიმე, ვისაც არცთუ ისე ეპიტნავებოდათ შალვას საზოგადოებაში გოგონებთან გამოჩენა, თუმც ეს შალვასთვის ვინმეს რომ ეთქვა, სიცილადაც არ ეყოფოდა, რადგან მისთვის საკუთარი გარეგნობა ნიავის მიმართულებაზე უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო.

თვალები ძლიერ დახუჭა და შეეცადა მოსული აზრები ისევ შორს და დიდი ხნით გაეგზავნა. „საკმარისია თვითგვემა“ _ შეუძახა საკუთარ თავს. ყოჩივარდებს კიდევ ერთხელ გადახედა და შეუსვენებლად ჩაუყვა მთის ფერდობს.
შორიდანვე დაინახა პაპის ეზოში მოფუსფუსე ხალხი. გულმა უსიამოვნო შეგრძნება დაუტოვა მკერდში, ისე ამოვარდნილად შეიკუმშა. ნაბიჯს აუჩქარა. გზა კი, ასე არხეინად რომ მიუყვებოდა ხოლმე, იწელებოდა უსაშველოდ.ეზოში რომ შევიდა, ორ ნახტომში შევარდა ბელეტაჟის წინა ოთახში სადაც დეიდა მარიამი შეეფეთა, მხრებზე მაგრად მოუჭირა ხელები და გამაგრდიო მოუწოდა. ეს კადრები და ეს ხმები, ისე უცნაურად ჩარჩა მის გონებაში, როგორც გაფუჭებულ გრამაფონში დაკრული ძველებური ფირფიტის ხმა.
ხის ტახტზე, რომელზეც ძველი თუშური ფარდაგი გადაეფარებინათ, გულზე ხელებდაწყობილი იწვა შალიკო პაპა, სქელ, უცნაურ ულვაშებიანი მოხუცი, გლეხური ქუდით, ხევსურული წინდებითა და ძველი წაღებით. ამ ბოლო დროს ზაფხულობითაც სულ სციოდა და ცხვრის ტყავსაც გადმოიცმევდა ხოლმე გარეთ გასვლისას, ემანდ ფილტვების ანთება არ გამიმეორდესო. ეს სურათი იმ თოფის ხმაზე უფრო შემაძრწუნებელი და გულისგამხეთქავი იყო, შალიკო პაპამ მის ბვშვობაში ტყეში შემოღამებისას ტურების დასაფრთხობად რომ გაისროლა. შალვამ ტახტთან დაიჩოქა და ხმამაღლა აქვითინდა. ოდნავ გონზე რომ მოვიდა, აქეთი-იქით ერთი ხელის მოსმით მიმოფანტული მანუგეშებლებისგან მოჩეჩილი პერანგი რომ გაისწორა და მიმოიხედა, ნახა რომ თითქმის მთელს სოფელს მოეყარა ეზოში და სახლში თავი, აბა, ასე იოლი სანახავი კი არ იყო მისი ცრემლები. მშობლების სიკვდილიც არ დაუტირია ასე გულამოსკვნილსა და სასოწარკვეთილს. მიხვდა რომ ძალა წართმეოდა და იქვე, პაპამისის შეკრულ ჯორკოზე ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩაფლო და მწარედ უჭერდა ძლიერ თითებს თავის ქალას, თითქოს მოხრჩობა, ან სულაც, მისი გაქრობა სურდა.
ცოტა ხანში მხარზე მძიმე და უხეში მტევანი იგრძნო, პაპა თედო იყო, მისი ბავშვობის მეგობრის, პაწკანას პაპა, რომელიც სულ რამდენიმე მოსახლის იქით ცხოვრობდა მისგან. პაპა თედოს დანახვაზე გული ისევ აუჩუყდა, მაგრამ ამჯერად თავის ხელში აყვანა შესძლო. გარეთ გავიდნენ. თედო პაპამ ათასჯერ დაკერებული ჯიბიდან უფილტრო მყრალი სიგარეტი ამოიღო, კარგა ხანს სრისა ხელში და ბოლოს გააბოლა.
- მეც მომაწევინე რა! _ სთხოვა შალვამ.
- მეგონა თავი დაანებე, ისეთ ადგილას ხარ... _ შემცბარმა, მოულოდნელ მწუხარებას დააბრალა შალვას სისუსტე და მეორე ღერი მიაწოდა.
- ყველანი აქ ვიყავით. ბევრი არ უწვალია შვილო!
- რა თქვა ბოლოს? რამე დამიბარა?
- რას იტყოდა აბა კაცო, შენ გნატრობდა. კარ-მიდამოს მიხედვა უნდაო. ჩემი შალიკო დიდი კაცია და აქაურობას უნდა მიხედოს ჩემს შემდეგო. დარდობდა ლიაზეც...
- ლიაზე? რომელ ლიაზე?
- ოხ შალვა, შალვა. ბავშვობიდან შენზე რომ არის შეყვარებული იმ ლიაზე ბიჭო, შენ მართლა დაგავიწყდა, თუ...?
- ეხ , თედო პაპა. რათ უნდა ანგელოზივით გოგოს ჩემნაირი კაცი, ჰა?
- იმას რად უნდა კი არა და შენ გინდა, შენ! რა გინდა ბიჭო, რას დაწანწალებ იმ მამაოებთან? რა დაგრჩენია იქ? მელაანთ ვანოც იქ არ წავიდა?! მიატოვა ოჯახი და შეყვარებული, დედ-მამა, უმცროსი და-ძმა და ახლა , მოიცა რა თქვა? ხო, მამა მიქაელი ვარო, ასე მომმართეთო ასე გვითხრა, აღდგომის დღეების შემდეგ რომ ჩამოვიდა წინაპართა საფლავების მოსანახულებლად. ყველა მონასტერში რომ წავიდეს და ყველამ ლოცვა დავიწყოთ, პურს ვინ აჭმევს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს, ბალღებს ვინ ჩააცმევს, ვინ დაიცავს ქალებსა და ქვეყანას? ეეეხ, რა აზრი აქვს ჩემს ლაპარაკს ნეტა ერთი?!
- პაპა თედო, ყველა მაინც ვერ წამოვა იქ...
- რათა კაცო? გგონია იქ ყოფნა უფრო მძიმეა? იქ ის უნდა აკეთო, რასაც გეტყვიან, ილოცო და ის აკეთო. ფიქრი აღარ გჭირდება, ხოდა ტვინის რაღაც ნაწილი ისვენებს. ადამიანში კი ჩადდებულია სიზარმაცე შვილო! ჩადებულია და ოდნავი შვებაც თუ აგრძნობინე, იქითკენ მიიწევს. გინახავს შენ რომ მხოლოდ ლოცვას გადაერჩინოს კაცი? ლოცვამ კი არა, ადამიანი შრომამ შექმნა და შრომა გადაარჩენს! იესომაც მხოლოდ 12 მოციქული მოაცდინა საქმეს. აბა, რად არ ჰყავდა 100 მოციქული ან 200? იმადა, რომ ამდენ ადამიანს ვერ მოაცდენდა. მთელი ჩვენი რელიგიაცა და რწმენაც შრომაშია შვილო ჩემო, ერთმანეთზე ზრუნვაში, სიყვარულში. შეიძლება თქვა, ამ უწიგნურმა და გაუნათლებელმა კაცმა ნეტა რა იცისო, მარა... სიბრძნე ხალხშია და ხალხია თავად სიბრძნე. მეტს აღარაფერს გეტყვი.
- რთულია ჩემთვის შალიკო პაპას გარეშე, თედო პაპა!- და ისევ ცოტა დააკლდა შალვას რომ პაპიროსის ბოლთან ერთად სლუკუნი არ ამოეშვა.
- რთულია ჩვენი საყვარელი ადამიანების გარეშე ჩემო ბიჭო! ლიზიკო ნაზუქებს კარგა ხანი ვეღარ აცხობდა. ბოლოს გოგის თვალხატულა გოგონა რომ 4 წლის გახდა, პირველად მაშინ გამოაცხო ნოდარის სიკვდილის მერე. ტილოში გახვეულ ნაზუქებს რომ აბინავებდა ლიზიკო, უცებ ისე ცხადად წარმომიდგა ნოდარი, თავის აკაპიწებულ მწვანე პერანგში, უკნიდან მალვით როგორ პარავდა ნაზუქებს და „პაწკანას“ ძახილზე პერანგში ჩალაგებული ცხელი ნაზუქებით როგორ გადმოევლო ჩვენი ეზოს ღობეს. - ამ დროს მოხუცმა ცრემლი ვერ შეიკავა.
- პაპა თედო, პაწკანა მეც ხშირად მომელანდება ხოლმე. ხან შორიდან თითს მიქნევს, ხანაც ფეხბურთის სათამაშოდ მეძახის ... მის სიკვდილთან მართლა რა მოსატანია ამ მოხუცი კაცის... თედო პაპამ გააწყვეტინა:
- განა მაგიტომ გავიხსენე შე მამაძაღლო, ჰა?! დანაკარგმა ასაკი და დრო არ იცის. არც ტკივილის გაზომვა შეიძლება. შენ პაპას გაზრდილი ხარ. სკოლაში არ დადიოდი მშობლები რომ დაგეხოცა, გაანათლოს მათი სული უფალმა. შენთვის დედაც იყო შალიკო და მამაც, სანამ ბებიაშენი შვილსა და რძალს გამოიტირებდა, ის გზრდიდა და გაყენებდა ფეხზე. ამიტომ სტკიოდა გული შენს არჩევანზე!
- მე სწორ გზას ვადგავარ თედო პაპა!
- ი, რა სწორ გზას შალვა?! რომელ სწორ გზას? პირველივე ტკივილის შემთხვევაში რომ ისევ სიგარეტს აიღებ პირში? პირველივე იმედგაცრუებისას რომ გაილეშები და დათვრები?
- ხოდა, საცდური აღარ მექნება იქ!
- მერედა, მაგია ვაჟკაცობა? გაექცე ყველას და ყველაფერს? მაშინ ხარ კაცი კაცური, როცა მაცდურს მარტოკა ჩახედავ თვალებში და დასცემ ზურგზე, კი არ გაექცევი და მთელი ცხოვრება დაემალები! და იცი რატომ შალიკო? იმიტომ რომ მაცდური და ეშმაკი ჩვენშია, ყველა ადამიანშია და საკუთარ ეშმაკებს თუ არ მოვერიეთ, ისე ვერსად გავექცევით!

ამ დროს ახალგაზრდებმა დაუძახეს შალვას, გასვენებისა და პანაშვიდის ამბები იყო მოსაგვარებელი.

გასვენების დღეს, როცა ეზოში საბოლოოდ დაასვენეს ხის ძველებურ ტონის სკამებზე სასახლე, შემდეგ კი ეს სკამები გადაატრიალეს და ისე დატოვეს ეზოში, ძველებური ჩვეულების მიხედვით, მარჯვენა მხრით კუბოს შემდგარი შალვა ვიღაცის სუსტი ქვითინის ხმამ მიახედა უკან. ჩაბნელებული წინა ოთახის შორეულ კუთხეში მიყუჟული სრული, შავებში ჩაცმული გოგონა დაინახა, თავჩახრილი როგორ იჯდა და ტიროდა თავისთვის. გული ძლიერ მოეწურა და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა რომ მთელი სამი დღე ის გოგონა იქ იდგა და დამტირებლების გრძელ მონოლოგებზე გულაჩუყებული ქვითინებდა.

ქელეხზე იმდენი იტრიალა, ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში. ხალხი რომ წავიდ-წამოვიდა, მეზობელმა ბიჭებმა, მარტო არ დავტოვოთ თავის უბედურებასთანო და მასთან გაათენეს ღამე. იმ ღამით შალვას კუჭს პირველი ღვინო შეეხო და დაღლილსა და უჭმელს მალე მოეკიდა. მეორე დილით ბიჭები საქმეებზე წავიდ-წამოვიდნენ. შალვას კი გვიან გამოეღვიძა და ტკივილი იგრძნო წელის და ზურგის არეში. ცოტა ხნის შემდეგ, ფოკუსირება რომ შეძლო, გაიგო თუ რატომ ტკიოდა ასე ძალიან ზურგი, საშინელ პოზაში ჩასძინებოდა.
-იმ შობელძაღლებმა ნორმალურად მაინც ვერ დამაწვინეს, მე მაგათი... _ ჩაიბურტყუნა.
ამ დროს შეამჩნია ფანჯარასთან როგორ წამოიწია ვიღაცის სხეული. მიუხედავად იმისა რომ თვალებში კარგად ვერ იხედებოდა ჯერ კიდევ, მაინც მოახერხა გაერჩია ვინ იყო მასთან სახლში. ეს ის მგლოვიარე გოგონა იყო, გასვენებაზე მარტო რომ დარჩა სახლში და თავისთვის აგრძელებდა ტირილს.
- გელოდებოდი, როდის გაგეღვიძებოდა -
- (გამეღვიძებოდა, გაიღვიძებდი კი არა-ო, რა საინტერესოა, ვინ ვგონივარ მე.)-ფიქრობდა შალვა.
- წვნიანი მოგიტანე. თუ ახლა მიირთმევ , გაგითბობ. გამოგიყვანს ნაბახუსევიდან.
- გიცნობ?
გოგონას სახე ისე შეეცვალა, თუმც ისე ბუნებრივად... თვით საუკეთესო მსახიობიც კი ვერ მოახერხებდა ტკივილისა და წყენის ამდაგვარი ნაზავის ასე ფაქიზად და უშუალოდ გადმოცემას.
- მე ვინ ვარ შალვა? თუ ვინ ვარ, ესეიგი არავინ ვარ. უბრალოდ მოვედი რომ ნაბახუსევიდან ადვილად გამოგიყვანო. წინ ბევრი საქმე გელის.
- რა საქმე ?
- როგორ თუ რა საქმე შალვა?! ეხუმრები პაპაშენის კარ-მიდამოს. ბარე ორს თუ ექნება ამხელა მიწები და ამხელა ეზო ჩვენს სოფელში. ამ ყველაფერს შენ უნდა მიხედო.
- და შენ რატომ გადარდებს მე მივხედავ თუ არა?
- სამართალი რომ იყოს ამ ქვეყანაზე, არ უნდა მადარდებდეს, მაგრამ ვაი რომ ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით არ ხდება: ულამაზესსა და უწყინარ შველს ან მონადირე უსწრაფებს სიცოცხლეს და ან კი რომელიმე ნადირი, უცოდველი ბავშვები რჩებიან უდედმამოდ და რამდენი უსამართლობა მოვთვალო კიდევ?!
- შენ ჩემი ნაბახუსევიდან გამოსაყვანად მოხვედი თუ თავის ასატკიებლად?
- ..... _ ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა.
გოგონამ პატარა, ძველი ემალის ქვაბი ნაჭრის ჩანთიდან ამოიღო და ორსადგამიან გაზის ქურაზე შედგა. კოვზის პოვნა არ გასჭირვებია, ამოურია ქვაბს და იქვე მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა. თვალებით იატაკს ათვალიერებდა, უფრო დაკვირვებული თვალი კი შეამჩნევდა რომ სიტყევბს ეძებდა, პოულობდა და მერე უბრალოდ ხელჩაქნეული ისევ კარგავდა ნაპოვნს.
- რა გემრიელი წვნიანია! შენ მოამზადე? ყოჩაღ! კარგი ცოლი გამოვა შენგან! _ თითქმის არც კი ელოდებოდა პასუხს ისე მიაყარა პირგამოტენილმა შალვამ წინადადებები ერთმანეთს. ვერ კი არა, არამედ უფრო არ ხვდებოდა თუ როგორ ტკივილს აყენებდა სტუმარს თავისი წამოსროლილი სიტყვებით.

წვნიანი რომ ბოლომდე შესვლიპა და წინა დღის საქელეხე ლავაშიც მიაყოლა ზედ, მერეღა დაუწყო თვალიერება შეპარვით.
მის სტუმარზე ერთი შეხედვით ლამაზს ვერ იტყოდით: დაბალი, სრული, მხრებფართე და მკერდსავსე ასე ოცდაორიოდე წლის გოგონა იყო. სქელი და გრძელი ნაწნავად დალაგებული თმა ლაზათიანად გადმოედო მხარზე. სავსე სახეს ჯანსაღი და სოფლური იერი ჰქონდა: ვარდისფრად მოღაჟღაჟე ფართო ლოყები, სწორი და პატარა ცხვირი, გადაკალმული წარბები და წაბლისფერი თბილი, მზრუნველი თვალები ჰქონდა. ტუჩების კვნეტის ცუდი ჩვევის გამო, თავიდან ვერც გაარჩევდით თუ როგორი ტუჩკბილი ჰქონდა, მხოლოდ საუბრისას თუ გაუელავდა მარგალიტივით თეთრი კბილები ბაგეებს შორის. საუბრისასაც კი ეჩუტებოდა მარჯვენა ლოყა და დამორცხვებისას ისე უწითლდებოდა ლოყები, ტუჩებსა და ლოყებს ერთი ფერი ეძლეოდათ.
როცა სტუმარი თეფშს რეცხავდა ჯამში დაგროვებულ წყალში, ოთახში თედო პაპამ შემოაბიჯა მძიმე და ნელი ნაბიჯებით. მასთან საუბარში გართულმა შალვამ გოგონას წასვლა ვერც კი შეამჩნია და არც შეიმჩნია ეს ყველაფერი. საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლებას რატომღაც არ აძლევდა. თუ რატომ, ეს ალბათ თავადაც არ იცოდა ზუსტად.

მეორე დილით ,წყალზე ჩასულს, ვიღაცის გულშიჩამწვდომი კისკისის ხმა მოესმა. დაინახა წყაროს არხთან ბავშვები როგორ ეწუწავებოდნენ მის წინადღის სტუმარს. ისიც ძალდაუტანებლად ეთამაშებოდა სოფლის გოგო-ბიჭებს და მხიარულად იცინოდა.
შალვა გაუცნობიერებლად ამოეფარა ბზის ბუჩქებს. გულს მალამოდ მოედო ამათი თამაშის ყურება. ეს გოგონაც საოცრად ლამაზი იყო. სიცილისას მარჯვენა ლოყა კიდევ უფრო ეჩუტებოდა, თვალები სიცოცხლით უბრწყინავდა. არაფერი არ ალამაზებს ადამიანს ისე, როგორც სიცილი, სიხარული და ბედნიერება! გოგონას, მიუხედავად სხეულის მსხვილი ფორმებისა, ჰაეროვანი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, ოსტატურად უსხლტებოდა გოგო-ბიჭების მოსხმულ წყალს და კარგად უხდიდა სამაგიეროს ონავარ ბავშვებს. როცა სიცილით გული იჯერა, მის სახეზე წყენისა და საყვედურის ნატამალი არ იყო, მიუხედავად იმისა რომ ფუთიანი სათლების თავიდან ავსება მოუწია. დასველებული ტილოს კაბა მჭიდროდ შემოეტმასნა მის მომრგვალებულ ფორმებს, წყაროსთან რომ დაიხარა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მისი ფუმფულა მკერდი კაბის დეკოლტედან ნახევარზე გადმოეკიდა და ღრმად სუნთქვისას კიდევ უფრო იბერებოდა და უფრო ფუმფულა ხდებოდა. შალვამ იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი . უყურებდა როგორ ლამაზად და ლაზათიანად გაიამართა გოგონა, სველი ნაწნავი მხარზე გადმოიდო და 2 სავსე სათლით გაუდგა სახლისაკენ გზას. წყალი სულ დაავიწყდა შალვას, უკან გაბრუნებას აპირებდა, როცა თედო პაპა შემოეფეთა.
- ლამაზი გოგოა ჩვენი ლია. ქალაქელ უნდილებსა და უფერულებს კი არა ჰგავს?!

პაპას გარდაცვალებიდან მეცხრე დღეს შალვამ ჯერ ყოჩივარდებით გადაპენტილი ფერდობი მოიინახულა, დაკრიფა ყვავილები და სოფლის სასაფლაოსკენ გასწია.
სასაფლაოსთან მხოლოდ საცალფეხო ბილიკი ადიოდა. ჯერ დილის 7 საათი არ იყო. ადრიანად ადგა რომ სიცხეში სიარული აერიდებინა თავიდან. ხალხის ნახვაც დიდად არ უნდოდა.
შორიდან შეამჩნია ვიღაცის ფუსფუსი. იფიქრა მესაფლავე იქნებაო.
ახლოს რომ მივიდა ნახა ლურჯ წინსაფარში გამოწყობილი, კოხტად, ლაზათიანად, თუმც უბრალოდ ჩაცმული ლია როგორ რგავდა ტიტებისა და ნარცისების ბოლქვებს პაპა შალიკოს საფლავის გარშემო. შალვას მოსვლას თითქოს ელოდაო, არ შემცბარა მის დანახვაზე.
- ძალიან უყვარდი პაპას!
- ვიცი, მეც ძალიან მიყვარდა შენი პაპა შალიკო.
- ხო, მისი ბრალი იყო შენი ბავშვური ილუზიებიც.
- არა, ცდები! მისი ბრალი არაფერშია. მას უბრალოდ ძალიან უყვარდი შენც და მეც.
- რატომ შეწუხდი?! ამდენი ყვავილები რა საჭირო იყო?! მაგას ხომ მოვლა უნდა?!
ამ დროს შალვამ პაპას საფლავზე ყოჩივარდები დაალაგა.
- არ გიყვარს ყოჩივარდები?
- პირიქით, ძალიან მიყვარს. რომ არ მიყვარდეს ხომ არც მოვიტანდი ?!- რაღაცნაირად მოღრეცილად გაეღიმა შალვას.
- როცა გიყვარს, უვლი! - მოკლედ მოუჭრა ლიამ. დაიფერთხა წინსაფრის კალთა და წამოდგა.
- მე მონასტერში ვბრუნდები ლია!
- ვიცი, მითხრა სოსომ.
- ხო, სოსოს ცოლი მოჰყავს და ჩემი კარ-მიდამო დავუთმე, იცხოვრებს და ლუკმა პურსაც იშოვის.
- ...
- შენც იფიქრე საკუთარ ცხოვრებაზე. წადი ქალაქში, უნვერსიტეტი დაამთავრაო და აქ ასწავლის სკოლაშიო მითხრა პაპა თედომ. შენც წადი და ქალაქში გააგრძელე მუშაობა. იქ ცოტას გახდები, ლამაზად ჩაიცვამ და ქმარსაც იშოვი.
ლიამ გამომცდელად ახედა შალვას. თითქოს ერთ წამში დაეკარგა მორიდებაცა და რიდიც.
- სად ვბრუნდებიო შალვა? რა მითხარი?
- მონასტერში.
- არა, არ მჯერა. ახლა სატანის მოციქული უფრო საუბრობდა შენში, ვიდრე ქრისტესი.
ლია ისე შეტრიალდა და დაეშვა სოფლისაკენ, უკან აღარ მოუხედავს.
არც არავის გაუჩერებია.



ეძღვნება კ.გ.-ს
27.07.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები