ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2020


შეცდომათათვის

ნინო დარბაისელი

შეცდომათათვის
- - - - -

ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო  სჭირდება თურმე! -
გულუბრყვილო, მიმნდობელი, არასმნახველი...
აბა, ეს რაღა ცხოვრებაა,
თუკი ისე დაჭკვიანდი,
სათოფეზედაც არ გეკარება.
ცხოვრებისგან კი,  რაც შეგრჩენია,
სულ შეცდომის ხემ არ დაისხა?
შეცდომის ჩიტმა გადაგიფრინა და საგარეო ტანისამოსზე
გადმოგასკინტლა;
ბედნიერებაც შეცდომის ორმოს  არ ეფინა ქორფა ნათიბად? -
შიგ არეული ზმანებების:
ჯერაც ცოცხალი დედოფალი ანას მაქმანის,
მისი ნაქმრევი მეფის ფიალის,
შორს მოწკრიალე იისფერი ზანზალაკების და დილ-გრილოში მოქანავე
წითელფოჩების სუნს არ აფრქვევდა?
ახლა მათლაფა როგორი იყო, შეცდომით სავსე?
- გალიცლიცებულს ზედაპირზე  ოქროს ღალა რომ შემოსდგომოდა,
ანდა შეცდომის ქვეშაგები?
ზედ იატაკზე გადმოყრილი, ზედ დასაცემი!
ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო  სჭირდება, თურმე,
და უარესიც,
სულ უმანკოთა შორის უმანკოს ეშურება დასაბამიდან.

იგივე ამბავს სხვა თუ ჩაიდენს,
ანდა სხვას თუ დაემართება,
შეცდომა - არა,
ეს იქნება დანაშაული -
შეცდომის გერი,
თან მოყოლილი,
უკანონო,
კანონგარეშე,
უგვრგვინო სიყვარულის  შემოუსვლელი,  მწკლარტე ნაყოფი,
ნაუცბათევი, მაგრამ  მერე, ნაგვიანევ სადარდელში გამოშუშული,
ვერც რომ იშორებ, ვერც გეჩემება.
შეცდომა კი თვითონ გიჩემებს, თუ უმანკოდ მოეჩვენები!

მაინც რა არის,
ყველა შეცდომა  რომ შენს ტანზეა გამოჭრილი,
ზედ გაკვდება და სხვას არ ერგება?
სადაც სწორეზე გაგივლია,
დაიტკეპნება ათიათასი ნაბიჯით და მტვერიც დაფარავს,
მერე ბალახიც  გადაუვლის,
დაშვებული და ჩადენილი შეცდომები კი,  გზა კი არა და საგზალია,
უნდა ზიდო და  სიკვდილამდე მშიერ-მწყურვალზე გამოიზოგო.
თორემ ახალს, აბა, შენთან რაღა ხელი აქვს? -
რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს,
სვლას არ დააცლი,
ენდშპილამდე ცივად გამოთვლი
და თუ რაიმე სარიკოა,
დროს და რესურსებს დაზოგავ და ყაიმს სთავაზობ,
ხელჩამორთმევით შეუთანხმდები...
ვინ მოგაშავებს ახალ,
ცინცხალ,
ცოცხალ შეცდომას,
რომ ენდორპინი სახეს ცეცხლად ისევ მოედოს,
ხმა ჩაგეყლაპოს,
გული ფეხებში ჩაგივარდეს...
სხვა რა იფიქრო, ძველ სიყვარულს რომ გადაეყრები?
რა სიყვარული! - ფეხი ერთად რომ ვერ დაისველეთ,
მხოლოდ ხანდახან
ერთმანეთს შორით გადასცქეროდით ნიადაგ თქვენ-თქვენ მდინარეში ჩალუმპულები...

ეჰ, შეცდომასაც რომ უმანკო  სჭირდება თურმე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები