ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პროზა
18 აგვისტო, 2020


ზღვა რომ შავდებოდა და მზე თავს იკლავდა

ახლა როცა ყველაფერი სულ ერთია, ჩემი შავი აბრეშუმის კაბას და გაცვეთილი ფეხსაცმელს ჩემი შვილის ცრემლები ალბობს, როცა გაციებულ, გაქვავებული მუშტიდან უკანასკნელი იმედი - ვერცხლის ჯვარიც ამომაცალეს და მეუღლის ხელით სახელდახელოდ გათხრილი ორმო იქცა ჩემს საბოლოო სახლად და სასახლედ, უნდა მოვყვე.
სიმშვიდე რატომღაც გვიან მოვიდა ჩემთან,  ჩემი ზღვის ტალღებად მომაწყდა. ღელავს, ძალიან ღელავს ზღვა. ტალღები რძისფერ ქაფებს ტოვებენ  შიშველ ფეხებზე, მზე, დიდი, წითელი ბურთი კიდევ ერთხელ თავს იკლავს უძირო წყალში, კვდება, რომ მეორე დღეს გაცოცხლდეს და ისევ მოკვდეს. მოგონებები, მონატრება ისევ ისეთი მძაფრი და მტკივნეულია, როგორც ცოცხლად ყოფნისას. სულის მოგონებები - ცოცხლად ყოფნაზე კიდევ უფრო მტანჯველი ყოფილა. აი, სიზმრებს კი ვერ ვხედავ, ალბათ იმიტომ რომ ცხადი სიზმრად მექცა და სიზმარი ცხადად. 
სანამ ყველაფერი დაიწყებოდა და ჩემი პატარა ქალაქი ერთ დიდ უფსკრულად იქცეოდა, სანამ ქვესკნელის მბრძანებელი დატოვებდა მიწის ქვეშეთს და ჩვენთან გადმოინაცვლებდა - თან კი ნგრევას და სიკვდილს მოიყოლებდა, სიზმრებს ვნახულობდი.
სიზმრებში  - უღრან ტყეში გავრბოდი, თეთრი პერანგის ამარა, თმაგაშლილი, შეშინებული, სასოწარკვეთილი, შიშველი ფეხები მიწაში მეფლობა, სადაცაა წავიქცევი, სადაცაა მომაგნებენ, დამინახავენ, გულის ცემა წუთში ათასამდე ადის და შეშინებული მეღვიძება.
ვდგები საწოლიდან და ახლა ცხადში გავრბივარ სახლიდან, მინდა გავექცე სიზმრებს, მაგრამ ისინი ჩემში არიან და ჩემთან ერთად გამორბიან. მე და ჩემი სიზმრები ჩემს ზღვასთან ვჩერდებით. ტალღები, სიმშვიდე, ზღვის სიმღერა. ყურს ვუგდებ, ვინაბები, შავ ღამეში შავია ზღვაც, მაგრამ მაინც ჩემი ზღვაა. ზღვა მეუბნება, რომ უნდა წავიდე და სანამ დროა დავტოვო. გაფიქრებაც არ მინდა, ამ ტალღებს ვერ მივატოვებ, ამ ღამის ჩურჩულს, ამ თვითმკვლელ წითელ მზეს.
სიზმრები ისე და ისევ მეორდება. ქალაქში სიტუაციაც იძაბება. ამბობენ, უფსკრულის მბრძანებელი უკვე აქ არისო, დიდ ამბებს აპირებსო, სანამ დროა გავეცალოთო.
ჭორებს რა გამოლევს, ყურს ვუყრუებ,
ღამეული განცდებისგან დაღლილი ვიღვიძებ.
ჩემს შვილს, ჩემს პატარა გოგონას ვიხუტებ და მისი ოქროსფერი, გრძელი თმების ვარცხნას ვიწყებ.  ჩემი გოგონა - ჩემი შავი კაბა რომ  დავუტოვე და გაცვეთილი ფეხსაცმელი. და ის ჯვარი, მუჭიდან რომ ამომგლიჯეს.
ვვარცხნო, ვვარცხნი თმებს, და მისი ოქროსფერი ბზინვარება ჩემს ღამეულ კოშმარებს აფერმკრთალებს, აუფერულებს და საბოლოოდ ქრება კიდეც.
არადა და ქალაქში ხმები უფროდაუფრო ვრცელდება, იმ მბრძანებლის, იმ შავი კაცის ჩვენთან მოსვლის შესახებ.  რადგან მიწიდან ამოაღწია ახლა ვინღა შეაკავებსო, დიდ ამბავს ამზადებსო, ძალიან დიდსო. .
გამხდარი და ცხვირგრძელი ყოფილა უფსკრულის მეუფე, შავი და ქედმაღალი, ბოროტი და ცბიერი. რომ ველოდით ცეცხლით და მახვილით მოვაო, შევცდით, ო, როგორ შევცდით და გულებიც დავიმშვიდეთ.
ჭორია, ჭორი, რა უნდა შავ მეუფეს ჩვენთან.
არადა იყო. არადა ხლართავდა, დიდ ამბებსაც გეგმავდა.
ჩემს ზღვასთან დაეჩვია სიარულს, რაღაცას ებურტყუნებოდა, შელოცვებს უკითხავდა, აჯადოებდა. ჩემია, ჩემიო. შენც ჩემი ხარო, ტალღები შავდებოდნენ, დღითიდღე იქუფრებოდნენ,  ნეტა მეშველა. მე ჩემი სიზმრებისგან დამძიმებულმა ბოლომდე ვერ გავუგე ზღვას. მივატოვე, მან კი ახლა, როცა უგზო-უკვლოდ დავეხეტები, სიმშვიდე მომიტანა. და ამიტომ უნდა მოვყვე. როგორ დავაღალატე და როგორ ვნანობ.
ადრევე რომ შემეტყო ზღვის მოჯადოების ამბავი, იქნებ არაფერი არ მომხდარიყო, იქნებ გადავრჩენილიყავი და გადარჩენილიყო ზღვაც და ქალაქიც, იქნებ.
ჰოდა, ყველაფერი ზღვის მოჯადოებით დაიწყო. მხოლოდ მე ვხედავდი რეალურად როგორ შავდებოდა ეს ჩვენი შავი ზღვა. გიჟივით დავქროდი ქუჩებში და მთელი ხმით ვყვიროდი, რომ ზღვა, ზღვა იცვლება. აღარ მისმენს და აღარ მელაპარაკება, რომ სუნიც შეეცვალა, მყრალი გახდა, სიკვდილის სუნი დაედო მის ოდესღაც კამკამა ტალღებს.
არავინ მომისმინა, არავის სჯეროდა ჩემი. ჩემი ქმარი - საფლავს რომ შიშველი ხელებით გამითხრის, გულში მიხუტებდა და მარწმუნებდა, რომ ვცდებოდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა და სიზმრები იყო.
ნეტავ, ნეტავ ასე ყოფილიყო.
ო, როგორი ცბიერი ყოფილა შავი მბრძანებელი. ზღვის მოჯადოების შემდეგ ადამიანებს მიადგა. ერთხელ, როცა ღამეულ კოშმარებს გავურბოდი, შევნიშნე როგორ დაძრწოდა ღამის ქუჩებში, რაღაც საშინელ შავ სითხეს, როგორ უსვამდა სახლების ჭიშკრებს. როგორ ხითხითებდა და ბურტყუნებდა. მთვარე იყო, უზარმაზარი და ძალიან ახლოს დედამიწასთან.
ჰოდა, დაიწყო. ზუსტად მეორე დღეს. ზღვასავით გაშავდნენ ადამიანებიც, გაშავდნენ და გადაწყვიტეს, რომ ერთად ცხოვრება აღარ სურდათ, გადაწყვიტეს რომ არც არასდროს ყოფილან ერთად, რომ ეს თანაცხოვრება მოჩვენებითი იყო. რომ მარტოობა უნდათ და მეზობლებს ვეღარ იტანდნენ. რომ ძმები შესძულდათ. კიოდნენ წადითო, ყვიროდნენ ხმის ჩახლეჩამდე მათი ტერიტორია დაგვეტოვებინა.
ზღვის იმედი არ მქონდა, დასძინებოდა, მდორე ტბად ქცეულიყო ჩემი კამკამა და მჩქეფარე მეგობარი.
მზეს მივაკითხე - მას ადამიანებისთვის არ ეცალა, სიკვდილი ჰქონდა მოსასწრები და გაცოცხლებასაც ეშურებოდა.
და სიკვდილი, სიკვდილი მოიტანა ბნელმა მბრძანებელმა ჩვენთან. ქუჩები გვამებით აივსო. გავიქეცით, ტყეს შევაფარეთ თავი.  ვემალებოდით ძმებს, მეზობლებს, მეგობრებს - რომლებსაც საკუთარი თავები დაეკარგათ და შავი კაცის მონებად ქცეულიყვნენ.
მაგრამ, იყო ერთი, ნათელი, თეთრი. იმათთაგანი. მაგრამ სხვანაირი, ვერ შეეხო უფსკრულის წყევლა. სახლში არ ყოფილა იმ საბედისწერო ღამეს. ჰოდა, ამ თეთრს მოჰქონდა ჩვენთან საკვები, სასმელი.
მაგრამ მის კვალს შავები დაადგნენ და მოგვაგნეს.
სიკვდილი არ მინდა. რაც ძალი და ღონე მაქვს ბებიაჩემის ჯვარს ვუჭერ ხელს, ისე რომ მისი წვეტები კანში მესობა. მტკივა. ჩემი გოგო უნდა გადარჩეს. ისევ ზღვას შევთხოვ, მაგრამ ზღვა სისხლით სავსეა, მიძინებულია, სულს ღაფავს.
ჩემები უნდა გადარჩნენ ახლა მზეს, მზე სისხლის ზღვაში ეშვება. ვერ დამეხმარება.
ჩემი გოგო მაინც  - მიწას ვთხოვ და შიშველი ფეხის გულებით შევიგრძნობ მის სიმხურვალეს. ოხრავს მიწა, ტირის მიწა. მას შემდეგ რაც ბნელმა ამოხეთქა სულ ამ დღეშია, დარდობს, ძალიან დარდობს.
იქნებ ჩემი ქმარიც, ახლა უკვე ვლუღლუღებ, ხეების კენწეროებს ავყურებ. ხეები შრიალებენ და გვერდით დგებიან. ამდენი სისხლი მათაც არ შეუძლიათ.
თავში ჩამარტყეს, რა არ ვიცი, ალბათ რაღაც ძალიან მძიმე და მტკივნეული. წავბარბაცდი, არ წავიქეცი. მინდოდა შემეხედა ვინც ეს ქნა. შევხედე. ვიცანი. გამახსენდა ქალაქის მოედანზე ნაყინს რომ ჭამდა და გამდნარი ნაყინის წვეთები როგორ უსველებდა გულისპირს. თან რა გულიანად იცინოდა მაშინ.
მომაძახა, შენ ქართველებს ეხმარებიო და მიიღეო. მეორე დარტყმას ვეღარ ვუძლებ, ორივე ფეხი მეკვეთება, ვეცემი. სახით მიწაზე ვეხეთქები. ყველაზე მძაფრ სურნელად და მოგონებად შავი მიწის სუნი გამომყვა თან. ახლაც თან დამდევს, ვერ ვაღწევ თავს.
კიდევ დამარტყეს, კიდევ, კიდევ.
როცა ტკივილმა გაიარა,  როცა გამოვძვერი ჩემს დალურჯებულ სხეულიდან, იქვე ახლოს შავი მეუფის კმაყოფილებისგან ანთებულ თვალებს წავაწყდი. მგონი მარტო მე ვხედავდი.
ჩემს დატყვებულ მეგობართან, ზღვასთან მივდივარ და ამ ყველაფერს ვიხსნებთ ხოლ ე, უკვე ზუსტად ვიცი, მხოლოდ მე ვხედავდი მას, მხოლოდ მე.
იქნებ ამიტომაც, არ მასვენებს კითხვა.
ჰო, მოვიდა სიმშვიდე.
ჩემი ქალაქის ქუჩებში დავხეტიალობ და კიდევ ერთხელ, უკვე მეათასედ ვიხსენებ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ გახდა ჩვენი ქალაქი სხვისი, როგორ დაეპატრონა ბნელი. როგორ ვერ შევძელით ქალაქის და ზღვის დაცვა.
როგორ ვენდეთ უფსკრულის მეუფეს.
ჩემი გოგო გაზრდილა და ჩემი შავი აბრეშუმის კაბაზე ულოცია, უტირია. თეთრი მაინც წაეღო, მაგრამ მახსენდება რომ თეთრი მაშინ მეცვა და თეთრი აღარ იყო, წითელი, იმ თვითმკვლელ მზეზე წითელიც კი.
და ეს შავი მიწის სუნი, როგორ ვერ მოვიშორე თავიდან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები