ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2009


თავი 10. პირველი სტუდენტური ზაფხული. ("გაცვლა")

დადგა ზაფხული.
მოსწავლე-ახალგაზრდობას დიდი არდადეგები დაეწყო.

უნივერსიტეტის ყველა კორპუსის ყველა სართულზე გამოაკრეს განცხადებები, რომ სტუდენტებს შეეძლოთ დაესვენათ შავი ზღვის სანაპიროზე, გუდაუთის სტუდენტურ ბანაკში, 24 დღით.
ბანაკი სტუდენტებს 2 ნაკადად მიიღებდა: პირველი ნაკადი – 6-დან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო მეორე ნაკადი – 1-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. თითოეული ნაკადი – 150 სტუდენტისგან დაკომპლექტდებოდა.
საგზურის ღირებულებას – უნივერსიტეტი ანაზღაურებდა. სტუდენტებს სიმბოლური თანხა, - 6-6 მანეთი ჰქონდათ გადასახდელი.

მსურველებს 1-5 ივლისს უნდა მიეკითხათ თსუ გაერთიანებული პროფკავშირისათვის.

მთელი კვირა ეხვეწა გია თეონას, - გუდაუთაში წამოდიო.
- გიიი, არ გამომიშვებენ სახლიდან!
- ჯერ ხომ არ გითხოვია? იქნებ და გიშვებენ?
- არ ვიცი... რა მინდა იქ?...
- რატო “რა გინდა”? მე იქ ვიქნები, ავთოც, ფრიდონიც...
- და ცისანა?
- ცისანა – ვერ მოდის... სოფელში მიდის...
- აი, ხომ ხედავ?
- რას ვხედავ, თეონა? ხომ იცი, რომ იქ კონცერტის ჩატარებაც მოგვიწევს... შენს გარეშე როგორ ვიმღერებთ? მე გიტარას წამოვიღებ... ნახავ, რა კარგ დროს გავატარებთ იქ!  მგონი, ციალაც მოდის... მეოთხეკურსელი... აი, ხსენებაზეც... ციალა, შენ მოდიხარ, ხო, გუდაუთაში?
- კი, გია, მე და მარინა მივდივართ. რატომ მეკითხები?
- თეონას უნდა წამოსვლა და “’გოგო ვინ მოდისო”, - კითხულობს...
- უიიი, რა კარგია, თეონა, მე ვეტყვი ქ-ნ თინას, გამოგიშვებს!
- მაცადეთ... ხვალ გეტყვით პასუხს! – თქვა დაფიქრებით თეონამ და სახლში წავიდა.

იმ დღეს დაამთავრა გამოცდები თეონამ.
მეშვიდე ფრიადი მიიტანა სახლში!
ხო, არ გაგიკვირდეთ, - არცერთ სემესტრში არ ჰქონია თეონას კურსს 7 გამოცდაზე და 10 ჩათვლაზე ნაკლები! მისი კურსი ხომ ექსპერიმენტული იყო?!

თეონა არასოდეს წასულა სახლიდან მარტო ასე დიდი ხნით... ერთადერთი, სადაც მარტო მიდიოდა-ხოლმე, - ექსკურსიები იყო, მაქსიმალური ხანგრძლივობით 2 დღე!

სახლში მისულმა, პირველად მამას გაუმხილა, - “სტუდენტურ ბანაკში მინდა წასვლა და თუ გამიშვებო”?

- არ ვიცი, თეონა... როგორ გაძლებ იქ მარტო?
- მარტო რატო ვიქნები? იცი, რამდენი მოდის ჩემი ნაცნობ-მეგობარი? გია, ავთო, ფრიდონი, ციალა, მარინა... ეს ვისაც იცნობ... და ვისაც არ იცნობ? მოკლედ, 12-14 მაინც ვართ...
- დღეს რა მიიღე?
- რას მივიღებდი, მამა? “ფრიადი”, რა თქმა უნდა!...
- ოხ... “ფრიადი”, რა თქმა უნდა!... – გამოაჯავრა გიზომ და თეონა გულში ჩაიკრა! – კარგი, მამიკო... გაგიშვებ... შენი იმედი მაქვს, თავს არავის დააჩაგვრინებ!...

ამასობაში ციალამ თეონას დედის კაბინეტის კარი შეაღო.
- ქ-ნო თინა, შეიძლება?
- მოდი, ციალა... რა გაგჭირვებია?
- არაფერი... თხოვნით მოვედი: გამოუშვით, რა, თეონა სტუდენტურ ბანაკში?
- ვერა, ციალა... თეონა ჯერ არსად ყოფილა მარტო...
- მარტო რატომ იქნება?! მეც იქ ვარ, მარინაც, ზორბეგიც... გია, ავთო და ფრიდონი – თავისთავად...

ამ დროს კარი გაიღო და კაბინეტში ფიზკულტურის მასწავლებელი, თენგიზი შემოვიდა.
- შეიძლება?
- მობრძანდი, თენგიზ... ახლავე გავუშვებ ციალას... და მასწავლებლებიდან ვინ მოგყვებათ? შორია გუდაუთამდე...
- სად, ქ-ნო თინა? – ჩაერია საუბარში თენგიზი.
- გუდაუთაში გამოუშვი თეონაო...
- მერე? თენგიზ ფურცელაძეა დირექტორი და მე – მოადგილე! თვალს არ მოვაშორებ... არ მენდობით?
- კარგი, განმაიარაღეთ... მამამისი თუ გამოუშვებს, მე არ ვარ წინააღმდეგი...

მეორე დილას ფრენა-ფრენით ავიდა თეონა მაღლივში.
მისი მეგობრები – პასუხს ელოდებოდნენ.
- მოვდივააააარ! – გახარებულმა იყვირა თეონამ მათ დანახვაზე.
- თეეე, დილას დამირეკეს სახლიდან, დედა ყოფილა შეუძლოდ... აი, შენ გქონდეს ჩემი სტუდბილეთიც და ის 6 მანეთიც. ერთად უნდა ავიღოთ, სხვადასხვა ნაკადში რომ არ ჩაგვსვან! – უთხრა გიამ და სტუდბილეთი გაუწოდა.
- თეონა, მაშინ ჩვენი სტუდბილეთები და ფულიც თქვენ გქონდეთ, შენ და ციალას... – უთხრეს ავთომ და ფრიდონმა და თეონას გადასცეს თავისი სტუდბილეთებიც, შიგ ჩაკეცილი 6-6 მანეთით.

შეთანხმდნენ, რომ თეონა და ციალა პირველ ივლისს მივიდოდნენ პროფკომში და II ნაკადის საგზურებს აიღებდნენ.

1 ივლისს დილის 10 საათზე მივიდა თეონა რიგის დასაკავებლად.

პროფკომის თავმჯდომარე კარგად ცნობდა თეონას მისი სიმღერებისა და სტუდენტური კაფე-საღამოების უბადლო ორგანიზატორობის გამო და მაშინვე მიიღო კაბინეტში.
- რამდენი საგზური გინდა, ორი?
- არა... შვიდი!
- შვიდი იყოს... და რომელ ნაკადში?
- მეორეში...
- აჰა, ეს განცხადებები შეავსე შვიდივეს სახელზე და შემომიტანე... რეზოლუციას დავადებ.

თეონა და ციალა გარეთ გამოვიდნენ და იქვე,  ფანჯრის რაფასთან დაიწყეს განცხადებების შევსება: თეონა, ციალა, მარინა, გია, ავთო, ფრიდონი და ზორბეგი...

თეონა პროფკომის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდა და 2 წუთში გამოვიდა რეზოლუციებდადებული განცხადებებით ხელში. შემდეგ – გვერდზე ოთახში შეიტანა და სულ რაღაც 30 წუთში 7-ვე საგზური ბეჭედდარტყმული იყო.

* * *
მალე გავიდა ივლისი.
გუდაუთაში გამგზავრებამდე თეონა ტელეფონს იყო მიჯაჭვული, - სულ ელოდა გიას ზარს...
გიასგან კი - ჩამი-ჩუმი არ ისმოდა!

მატარებელი 31 ივლისს, საღამოს 7-ზე გადიოდა.
დილის 10 საათზე დარეკა გიამ და გასვლის დრო დააზუსტა.
- 6-ზე ბაქანზე ვიქნები, თეონა!


ყურმილი რომ დაკიდა, თეონა მოცელილივით ჩაჯდა სავარძელში და ტირილი დაიწყო.
- რა მოხდა, თეონა? – სამზარეულოდან გამოვიდა გაოცებული ბებია.
- მეგონა აღარ მოდიოდა... მთელი თვეა არ დაურეკავს...
- ვის?
- გიას... და აღარც მე მინდოდა წასვლა!...
- გიას გამო მიდიოდი? მეგონა, ზღვაზე გინდოდა წასვლა... და გიას გამო სტირი? უცნაურია!...
- ბე, ეს არის სიყვარული?... აი, როცა აქ გტკივა... – თეონამ მარცხენა ძუძუსთან დაიდო ხელი, - როცა ძალიან გტივა...

ბებიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ შუბლზე აკოცა თეონას და სამზარეულოში დაბრუნდა.

უსაშველოდ გაიწელა დრო საღამომდე!
- რა უბედურებაა?! მობრუნებას ვერ მოასწრებ და დღე გასულია! ძლივს მოვასწარი ნამცხვრების დაცხობა, - თქვა ბებიამ და თეონას დიდი პარკით გამოუტანა უგემრიელესი ქადები.
- აღარ მივდივართ? ექვსის ნახევარია უკვე!
- შვილო, 7-ზე გადის მატარებელი, 6-ზე ხომ არა?! – მიუბრუნდა თეონას გიზო, მაგრამ თეონა ადგილს ვერ პოულობდა.

18.10 სთ-ზე თეონა ბაქანზე იყო.
ჯერ არავინ ჩანდა.
თითქმის 20 წუთის შემდეგ დაიწყეს მოსვლა სტუდენტებმა და მათმა გამცილებლებმა....
18.45-ზე თეონას მეგობრები, ყველანი, ადგილზე იყვნენ... გიას გარდა!
მატარებელში ავიდნენ და ადგილები დაიკავეს. 2 მომიჯნავე კუპე იყო მათ.
ერთში – ციალა, თეონა და მარინა მოთავსდნენ, მეორეში კი – ავთო, ფრიდონი, ზორბეგი და მისი მეგობარი დათო. გიასთვის – გოგონების კუპეში დარჩა თავისუფალი ადგილი.

თეონა დერეფნის ღია ფანჯრიდან ემშვიდობებოდა მის გამცილებლებს, რომ...
- გია, გია მოვიდა! – იყვირა უცებ და შურდულივით გავარდა კარისკენ, შემდეგ კი ღია კარიდან მთელი ხმით იყვირა, - გი-ააააააა!

გია ვაგონის ნომრებს ათვალიერებდა. შორიდანვე გაიგონა თეონას ხმა და მისკენ წამოვიდა.
სწრაფად ავიდა მატარებელში და თეონას გადაეხვია.
- წამო დროზე... როგორ მანერვიულე!... ჩვენს კუპეში იქნები...
- დაიცა, თეონა! მე – ვერ მოვდივარ!...
- როგორ, გიიიი?!
- ჰო, მაპატიე... მე ვერ მოვდივარ, თეონა...
- აღარც მე წავალ...
- რატომ, თეეე? მე მალე ჩამოვალ... 5 დღეში! ჩემი სტუდბილეთი და საგზურიც – შენთან იყოს! ბიჭების ოთახში მოვთავსდები... მათთან შემინახეთ ადგილი.
- გიიი... წამოდი... – თეონას ცრემლებით აევსო თვალები.

გია თეონას მოეხვია, მის თმაში ჩამალა სახე, იქვე, თმაში აკოცა...
- ვიცი, რომ გკარგავ, მაგრამ... ო, ღმერთო! მაპატიე, თეონა! – და უკვე დაძრული მატარებლიდან გადახტა.
- გოგონა, უკან დაიხიე, არ გადავარდე! – ვაგონის გამცილებლის ხმამ გამოაფხიზლა თეონა.

თვალებით მისიანები მონახა და ხელი დაუქნია...
შემდეგ გიას მოჰკრა თვალი, რომელიც სწრაფი ნაბიჯით გადიოდა სადგურის გასასვლელში....

თეონა კუპეში დაბრუნდა.
- სად წავიდა ეგ გამოშტერებული?! არ მოდის? – ფრიდონმა მხრები აიჩეჩა...
- ჩამოვა, თეონა, აუცილებლად ჩამოვა, - სცადა ავთომ მისი დამშვიდება.
- გავგიჟდები... მე მეხვეწებოდა, “თეონა წამოსვლაზე დაითანხმეო” და თვითონ აღარ წამოვიდა?... უიმეეე, ყველა ბიჭი ერთნაირია, რააა... შენ მაგაზე არ ინერვიულო, თეონა!... – ეს ციალა იყო, რომელიც აღშფოთებას ვერ მალავდა.
- უუფ, არ წამოვა და ნუ წამოვა! მაგისმა უცნაურობებმა გააჭირა საქმე! თეონა, ყველანი იქ არ ვიქნებით?... მაგან იკითხოს, თორე...- თქვა ისევ ფრიდონმა და ჩანთებისა და ჩემოდნების განთავსება დაიწყო.

დილით  გუდაუთაში იყვნენ.
ბანაკში რომ მივიდნენ, ყველა დაიბნა: კომფორტული კოტეჯების ნაცვლად – კარვების ქალაქი დახვდათ. თითოეული კარავი – 6-კაციანი იყო. სულ 24 კარავი იყო, ოთხ მწკრივად გაშლილი. ორ მწკრივში – ქალებისთვის იყო კარვები, მეორე ორ მწკრივში კი – ვაჟებისთვის.
ამ მწკრივებს შორის მანძილი – 5-6 ნაბიჯი იყო.
№1  კარავი – თეონას და ციალას დაუთმეს: ვინც გინდათ ის 4 გოგო შეიყვანეთ თქვენთანო...
თეონას კარვის კალთები ადვილად იკეცებოდა ზევით და კარავი კარგად ნიავდებოდა. რომლებიც ვერ ნიავდებოდა, იმ კარვებში აუტანელი სიცხე იყო, ჩაგუბებული სიცხე....

კარვების წინ იყო დიდი მოასფალტებული მოედანი, რომელიც დღე – სპორტული დანიშნულებით გამოიყენებოდა, საღამოობით კი – საცეკვაო მოედნის ფუნქციას იძენდა.

მოედნის მეორე გვერდის გაყოლებაზე – 3 ხის სახლი იდგა, - ადმინისტრაციის, სამედიცინო პუნქტისა და მასწავლებელთა საცხოვრებელი კორპუსები.

მოედნის მესამე გვერდზე, მთელ გაყოლებაზე – დიდი სასადილო იყო, რომელიც ერთდროულად 80 ადამიანს იტევდა. ამიტომ სტუდენტები ორ ნაკადად იყვნენ გაყოფილები: 75-75 სტუდენტი + 5-5 მასწავლებელი.
მოედნის მეოთხე გვერდზე – ფიჭვნარი იყო... ხეებს შორის რამდენიმე ადგილას იდგა ხის მაგიდა და სკამები, სპეციალურ საკიდებზე – ჰამაკებსა და საქანელებს კიდებდნენ...

ბანაკიდან 50 მეტრში იყო პლაჟი, რომელსაც “ოქროს ნაპირს” ეძახდნენ ქვიშის გამო.

საშხაპეები – ბანაკის შემოსასვლელთანვე ახლოს იყო მოწყობილი. მანდვე იყო სპეციალური ქვის მაგიდა სარეცხის გასარეცხად.

თეონამ ძალიან სწრაფად გაიცნო ბანაკის წევრები, დამეგობრდა მათთან...
და ვერავინ ხვდებოდა, ამ მხიარულ, სიცოცხლით სავსე გოგონას რატომ ჰქონდა მიმალული უთქმელი სევდა თვალთა უპეში. მეგობრებს ძალიან ხშირად შეუნიშნავთ ჰამაკში მჯდომი და ფიქრებში ჩაძირული თეონა... თუ ვინმე ამღერდებოდა, თეონას ცრემლებით ევსებოდა თვალები და იმ ადგილს შორდებოდა...
პირველი 5 დღე – უფრო ხალისიანად იყო... მერე კი – მოიწყინა...
- ვერ გცნობ, რა დაგემართა? – ავთო გვერდით მიუჯდა ზღვის ნაპირას მჯდარ თეონას, რომელიც თვალმოუშორებლად შეჰყურებდა მზის ჩასვლას.
- არაფერი, ავთო... წერილი მივიღე სახლიდან.
- და მაგიტომ მოიწყინე?

თეონამ უსიტყვოდ ამოიღო სარაფნის ჯიბიდან წერილი და ავთოს გაუწოდა.
- “... გიამ დარეკა, თეონას შეატყობინეთ, ვერ ჩავალო”... – ავთომ წერილი დაუბრუნა და ხელი გადახვია, - კაი, რა, თეეეე?! მაგაზე არც იფიქრო. გამხიარულდი.... წამო, ახლა არმაზი ჩამოვიდა სოფლიდან და გიტარა ჩამოიტანა! ყველას ჯიბრზე, წამო, უნდა ვიმღეროთ... არ მითხრა უარი, თუ გიყვარვარ!
- წამოდი, ავთო! მართლა რატომ ვიშლი ნერვებს? ვიმღერებ კიდეც და არც ცრემლებს გავაკარებ თვალებს! მე მისი ტყუილი მეწყინა, თორემ... რა, ჩემი შეყვარებული კი არ არის?! წამო!...

პირდაპირ ფიჭვნარისკენ წავიდნენ, სადაც უკვე კვნესოდა გიტარა.
- აჰა, მთავარი მომღერალი მოვიყვანე! – თქვა ავთომ.
- ყოჩაღ, თეონა! - ფრიდონი ფეხზე წამოდგა და სკამზე დაუთმო ადგილი თეონას.
- ავთო, დაუკრავ?
- მოიტა... თეონა, ჩვენი სიმღერა! 5-ის ნაცვლად – 3 ხმაში ვიმღერებთ, არაფერია!...

და ჰაერი გაკვეთა თეონას მაღალმა, წკრიალა ხმამ.
- სად იყავი, გოგო, აქამდე?
- ეს ვინ ყოფილა, ეეე? აი ხმააა!
- არ გაჩუმდეთ, რააა?!
- გაიხარეთ... ტყუილად არ მითრევია ეს გიტარა, - თქვა არმაზმა, - ხოდა, ბანაკის დასრულებამდე აქ იყოს, თეონასთან...

მეორე დღიდან სულ სხვა თეონა წარსდგა მისი მეგობრების წინაშე: მხიარული, ხალისიანი, საოცარი იუმორით, ყველანაირი გართობის წამომწყები და სულისჩამდგმელი...

ისე მოხდა, რომ თენგიზს (მასწავლებელს) არ ჰქონდა ნანახი, როგორი ცურვა იცოდა თეონამ.

თეონა ზღვის ნაპირზე იჯდა და კენჭებით თამაშობდა, როცა თენგიზი მიუახლოვდა.
- ჰა, ვერ ისწავლე ცურვა?
- ვერა, თენგიზ მასწ...
- არცა ცდილობ და... ჩადი, დასველდი მაინც...
- ეეჰ, თენგიზ მასწ... დავსველდე კი არა, თავი მაქვს მოსაკლავი! ის, რაც მე შემემთხვა...
- გაგიჟდი, გოგო? რა შეგემთხვა?!
- თენგიზ მასწ, დედაჩემს არაფერი უთხრათ... ვითომ არც დაგინახივართ...
- რას მაშინებ, თეონა?
- არ გაშინებთ... გემშვიდობებით! ჩემს სიცოცხლეს აზრი დაეკარგა... – ამ სიტყვებით თეონა წამოდგა, სწრაფად წავიდა წყლისკენ და ზღვის სიღრმეში გაუჩინარდა.

წყალქვეშ გაცურა რაღაც მანძილი და მოშორებით მცურავი ნავის უკან ამოყვინთა. შემდეგ უხმაუროდ ამოვიდა და თენგიზს უკანა მხრიდან მიუახლოვდა.
თენგიზი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა ზღვას და გამალებით ეძებდა ვიღაცას. თან, შიგა და შიგ, საათს დახედავდა-ხოლმე. მერე ნელ-ნელა წავიდა წყლისკენ და...
- თეონაააა! – არანორმალური ხმით იღრიალა თენგიზმა და წყალში გადასახტომად მოემზად, რომ თეონა ხელით შეეხო მხარზე.
- რა მოხდა, თენგიზ მასწ?
- არ მცალია შენთვის...- ხელის აქნევით მოიშორა უდროო დროს მიახლოებული “აბეზარი სტუდენტი” და ისევ მთელი ხმით იყვირა, -  თეონააააა!
- თენგიზ მასწ, მეძახით და თან ხმას არ მცემთ?
- შენ არ გეძახი... – თენგიზი შემობრუნდა და, თეონას დანახვაზე, ჯერ გაფითრდა, მერე გაწითლდა და...
მიხვდა თეონა, რომ თუ დაიჭერდა თენგიზი, წიწილასავით გაგლეჯდა შუაზე და მოჰკურცხლა.
თენგიზი გაქცეულ თეონას გამოეკიდა:
- თუ დაგიჭირე, ჩემი ხელით მოგკლავ...

ბიჭებმა იფიქრეს, "მართლა მოკლავსო" და წინ გადაუდგნენ.
- კარგით, თენგიზ მასწ... პირველად ნახეთ თეონას ცურვა? თევზივით არის!
- გეხუმრათ, თენგიზ მასწ... კარგი, აპატიეთ...
- ვახ, კაცო, “ისეთი რამე შემემთხვაო” და... რა აღარ ვიფიქრე!
- რა უნდა დამართოდა? 24 საათი ჩვენს თვალწინ არის...
- არა, ბიჭო, დედამისმა მაგის თავი დანთებული სანთელივით ჩამაბარა... მაგას რომ რამე დაემართოს, აღარ მინდა იმ ქალისთვის თვალებში შეხედვა?
- ნუ გეშინიათ... მაგას და ციალას 12 ბიჭი ვპატრონობთ!... თეონას არაფერი დაემართება!...

მათ ბანაკში, ზუსტად მეორე ნაკადში, სპორტულ შეკრებაზე, ე.წ. “სბორებზე”  ჩამოსული იყო თსუ ფეხბურთელთა და რეგბისტთა გუნდები. თეონას ძველ და ახალ მეგობრებს შორის მხოლოდ ავთო და ფრიდონი იყვნენ მომღერლები.
დანარჩენი 10 ბიჭიდან 6 - ფეხბურთელი იყო და 4 - რეგბისტი.

გავიდა კიდევ 4-5 დღე.


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები