ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
19 აგვისტო, 2020


მილიონიანი ნაგავი (1)

ნინო სტრონი

მილიონიანი ნაგავი
- - - - - - - - - - --
(მოკლე ვერსია,  სპეციალურად საყმაწვილო ჟურნალ ,,იალქანისთვის”)

  ესეც ასე! ყველაფერი  საბოლოოდ ჩალაგებულია, მანქანაში ჩაწყობილი. დილით 5:30 ზე გავიღვიძებ, შხაპი და წავედით!
    უნივერსიტეტის კამპუსამდე  აქედან - ოთხი საათია.  დორმში ოთახი უკვე ყველაფრიანად მოწყობილი მაქვს.  ამ ბოლო თვეში ხუთჯერ მაინც ვიყავით, ხუთჯერვე - ორი  დატვირთული მანქანით, ახლა მე ჩემი მანქანიანად იქ დავრჩები და დედა მარტო დაბრუნდება აქ.
  გზაში საუზმის დრო რომ მოვა, სადმე, სონიკთან ან სხვა ფასტფუდთან  გადავუხვევთ, მანქანებიდანვე  ხელს გადავყოფთ, ბარათით გადავიხდით,  პარკს გადმოგვიწვდიან და ჩვეულებრივ,  გადაუსვლელად, ცალ-ცალკე  შევჭამთ. მე ერთ ბისკვიტს ავიღებ, კვერცხით და ბეკონით, ოღონდ ცომიანი ნაწილის ნახევარს გადავაგდებ, ზედმეტი კალორიაა. ზამთარში კიდევ არა უშავს, მაგრამ ახლა აუზის სეზონია და ჩემი ბრტყელი მუცელიკო ფორმში უნდა იყოს.  ტრენაჟორების დარბაზი მომეწონა, კაფეტერიაც, საერთოდ, იქაურობა კარგად გამოიყურება, მაგრამ რაღაცნაირად ცივი მეჩვენა. ალბათ იმიტომ რომ, რომ სიცარიელე იყო უსტუდენტებოდ.
        დედას ადრე ეძინება. თავის ოთახშია და აქამდე აღწევს  წკმუტუნიანი ხვრინვა. რომ ჰკითხო, არაო. ერთხელ ჩუმად ჩავწერე ტელეფონით და მოვასმენინე. ვერ დაიჯერა, რომ ამ ხმებს თვითონ გამოსცემდა.
  ეს ტკბილეულის შეკვრა კართან დამხვდა სხვა პატარა  რაღაცეებთან ერთად. მოსალოც ბარათზე  „ბუდედაცარიელებულთა კლუბი“ ეწერა. - მაგარი სახელია. მე ვიტყოდი, შაქრიან-სევდიანიც და სარკასტულიც. დედაჩემი უკვე ჩაერთო. შიგ ის მშობლები არიან, ვისმა შვილებმაც ჰაი სქული დაამთავრეს და კოლეჯში წავიდნენ.  წარმომიდგენია, როგორ შეიკრიბებიან  ყოველ პარასკევს, სამსახურის მერე და დაიწყებენ ჩვენზე ლაპარაკს, ამაყობას და ჩვენი სიახლეების გაზიარებას, მერე გემრიელად ივახშმებენ ერთად და წავლენ ცარიელ სახლებში, ერთ დროს თინეიჯერებითა და მათი ამხანაგებით რომ იყო ახმაურებული.
    დედაჩემი ამბობს, შენს ოთახს  ხელს არ ვახლებ, რასაც როგორ დატოვებ, რომ ჩამოხვალ ხოლმე არდადეგებზე, ისე დაგხვდებაო.  როგორც გაირკვა, სხვა დედებიც ასე ეუბნებიან ჩემს ამხანაგებს.  დარწმუნებული არა ვარ, მინდა თუ არა, ასე  რომ იყოს. რომ იზრდები, გემოვნებაც გეცვლება, ფერებიც აღარ მოგწონს ძველებური, აღარც ავეჯი, ქლოზეტი - მე თვითონ გავცალე და რაც  კოლეჯში არ გამომადგება,  გუდვილში წავიღეთ დიდი პარკებით. სხვა საქველმოქმედო მაღაზიები სჯობია მაგასო, სადღაც წავიკითხე, ბიზნესს უფრო ეწევიან, ვიდრე ქველმოქმედებასო, მაგრამ ჩვენთან ეს უფრო ახლოა, უფრო ღრმად არ მაინტერესებს ჩათხრა...
  , კოლეჯში რომ მიდიხარ, ასაკით  - ჯერ თინეიჯერი ხარ, მაგრამ შენი თინეიჯერობა მორჩა!
 
ამ დღიურს რა ვუყო, არ ვიცი, - კლიტეც რომ აქვს და პატარა გასაღებით იღება! 
      ეს გასაღები ხან სამაჯურზე მეკიდა, ხან ყელზე - ძეწკვით, მედალიონად.  ჰაი სკული რომ დაიწყო, მაშინ მაჩუქა ბიძაშვილმა, ყოველდღე არ ვწერდი და ბოლოში კიდეა ფურცლები თავისუფალი. შენახვა შეიძლება, მაგრამ რად მინდა! რამდენჯერაც ვნახავ,  სევდას მომგვრის.
      წინ უნდა იყურო და უნდა აცადო წარსულს, რომ წარსულად იქცეს. 
      ვაუ, რა სასაცილო რაღაცეები მიწერია. პირველი გვერდი ნახე!
***
„გამარჯობა ჩემო ახალო დღიურო, მე ემა ანუ  ემა-კეითი ვარ, ჩემი სრული სახელია ემილიან კეთრინ რამბლი. ვარ თოთხმეტი წლის. საშუალოზე მაღალი, ცოტა დასაკლები, თვალები - ლურჯი, ირგვლივ მუქი ყავისფერი წრეებით, თმა - შავი,  ბიჭებს ძირითადად მოვწონვარ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჯერ არავისთან მაქვს. უფრო სწორედ, მე ვინც მომწონს, იმას ჩემი მეგობარი უფრო მოსწონს....( ნეტა ვის ვგულისხმობდი? ) ...მყავს დედა. მამა  - ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა ავღანეთში. დედა - იურისტია, საკუთარი პრაქტიკა ჯერ არა აქვს,  მაგრამ იმედია, მალე ექნება. ადვოკატთა ბიუროში მუშაობს ასისტენტად. ბებია - მამის დედა  ბუნდოვნად მახსოვს. უფრო სწორად, სურათი რომ გვიდევს  სტუმრის ოთახში, რომ შევხედავ, ვგრძნობ, რომ ვუყვარდი. დედაჩემი ამბობს, დაბადებიდან ორ წლამდე გაგზარდაო. დედაჩემის მშობლები არასოდეს მინახავს. ვიცი, რომ ცოცხლები არიან და ძალიან  შორს ცხოვრობენ. არც კომუნიკაცია გვაქვს მათთან.
    ჩვენი  დიდი სახლი ეზოიანად - ჯეკსონის  დაუნთაუნში დგას.  მისი აშენება მამამ დაიწყო, დედაჩემის დანიშვნის მერე, მაგრამ ვეღარ დაამთავრა, რადგან ომში წავიდა და მშობლებმა  ააშენეს ბოლომდე და მოგვიწყვეს ჩემს დაბადებამდე, ანუ სამშობიაროდან პირდაპირ აქ მომიყვანეს. სადაც ახლა  ოფისი გვაქვს,  პირველ სართულზე, ჩემი საბავშვო ოთახი იქ მოუწყვიათ და  სალათისფერი ყოფილა თავიდან.  პირველზე იმიტომ, რომ კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა მომხედავებს  მალ-მალე გაუჭირდებოდათ. სალათისფერი კიდევ, როგორც დედამ მითხრა, წინასწარ ჩემი სქესის გაგებაზე უარი თქვა და  ამიტომ წინასწარ ვერც ცისფერს გააკეთებდნენ და ვერც ვარდისფერს  და სალათისფერზე შეჩერდნენ.  ალბათ იმიტომ მიყვარს სა ლათები.  ახლა ეგეთი ფერები აღარ არის საინტერესო.
      ჩვენს ეზოში კიდევ  ვიქტორიანული სტილის პატარა სახლია, რომელშიც მოხუცები ცხოვრობდნენ ბებიაჩემის გარდაცვალებამდე. მერე ბაბუამ არ მოინდომა შიგ მარტო ყოფნა და მოხუცებულთა სახლში გადავიდა. დედა ამბობს, მანამ ის ცოცხალია, ხელს ვერ ვახლებთ და მერე შიგ სასტუმრო სახლს მოვაწყობო.  მაგარი დასალაგებელია. რაც აქ ზედმეტი გვაქვს, იქ  ვეზიდებით და უწესრიგოდ ვინახავთ.
მე მიყვარს წიგნები გამოძიებაზე,  შოკოლადის დონატები,  ამხანაგებთან ყოფნა.  შოფინგზე სიარული,  არ მიყვარს ლაგება და კიდევ სარეცხის გადაყრა სარეცხი  მანქანიდან საშრობში. ვუკრავდი ფლეიტაზე სკოლის მარჩ ბენდში, აქაც ვაპირებ. როგორც  ძველ სკოლაში ამხანაგები ამბობენ, მაქვს იუმორის გრძნობა.“
      რა უდარდელი დასაწყისია!
    ჯერ კიდევ რომ არ იცის ადამიანმა, რა ამბები მოხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები