ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნოსტრადამუს
ჟანრი: პოეზია
26 აგვისტო, 2020


სუსხია

ღრუბელი ბავშვივით ატირდა.
ვეწევი და ვეღარ გეწევი.
ბოლოს რომ შეგხედე, მატილდა,
სახეზე იმედი გეწერა.

სუსხია, დილაა ბრწყინვალე
შენზე დარდს ეკლები მოსხმია,
ქუჩებში ტაქსებმა იმრავლეს,
დილაა, ბრწყინვალე სუსხია.

ფანჯრები მაშინვე დარაზე,
თუ კი მზეს სხივები გაცილდა.
აქ შენზე კარგი და ლამაზი
მხოლოდ ის ფოტოა, მატილდა

სულ გულის ჯიბით რომ ვატარებ.
არც ისე მყუდრო და ნასიცხარ
ეზოში თავშეყრილ პატარებს
სულ უნდა უღიმო, რას იზამ.

რადგანაც, არტისტი, ოსტატი
არავის არაფრად სჭირდება.
ნაადრევ ჭაღარებს მოგსტაცებს
ზამთარი, გაჭრილი მინდვრებად.

მანამ კი უსმინე, მატილდა,
მოხუცებს, ამინდის ცვლილებით
სახსრები რარიგად ასტკივდათ,
ითვალე დამწყდარი ღილები

სულ გულის ჯიბით რომ ატარებ.
შენზე დარდს იმედი მოსხმია.
ჯერ გარეთ ვერ ნახავ პატარებს,
დილაა, ბრწყინვალე სუსხია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები