ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2020


"ჩელენტანო" (ნაწილი |)

მაყვალს ჭორიკანა ქალივით გამოეყო ბარდებიდან შავი დაჭყეტილი თვალები და ქალს „აკვირდებოდა“,რომელიც მის წინ მოჩუხჩუხე რუში ხავსიან ქვაზე დაცურებულიყო და მუხლი გადატყავებოდა.
-მაინც, მოგწვდები!-დაემუქრა,კავიანით ჩამოსწია ტოტი და შავი „თვალი“ პირში გაიქანა. მეორეც მიიწოდა,ისიც პირველის გზას გაუყენა.მესამეზე უკვე ეწყინა ბარდს და ეკლები მიუშვირა.
-ვაიმე,დედა!-იკივლა და დაჩხვლეტილი თითი პირში ჩაიდო.ფეხებშიც გამოსდო ერთი-ორი „კბილი“ და თავიდან მოიშორა „თვალებჭამია“.
-რა დაგემართა,მაგდა?- წყალში მოაჭყაპუნებდა ნუცა.
-დავიკაწრე და მუხლიც ვიტკინე,-ტუჩები დაბრიცა.
-აბა,რა გგონია სოფელი?წამოდი,-სიცილით გამოსდო მკლავი.
***
აგვისტოს მზე ავზნე ძაღლივით იკბინებოდა.ბალიაანთ უბანში გაშლილ ვაკეზე,ერთი დიდი კაკალი იდგა,ლამის მთელ გზას ჩრდილავდა გაშლილი მხრებით.მის ძირში სოფელს მოეწყო ბირჟა.გრძელი ხის სკამი დაემაგრებინათ და პატარა მაგიდაც მიედგათ. სიცხეს იქ აფარებდნენ თავს. ყველაფერი იქ ირჩეოდა,ლხინის ამბავი იყო,თუ ჭირის. ბირჟის გადაღმა, ხეებში ჩაფლული კოხტა სახლი იდგა ბელეტაჟზე,რომლსაც ქვის გალავანი ჰქონდა შემოვლებული.ეზოს ერთ კუთხეში რკინის ბადით გადაეტიხრა პატრონს და ბოსტანი გაეშენებინა ,რომელშიც ხანში შესული ქალი ტრიალებდა .მეორე კუთხეში კი სათონე მოეწყოთ,სადაც დიდი შავი ძაღლი ჩრდილში გაწოლილიყო.სახლის ღია ფანჯრიდან გიტარის სიმების ხმა, კარგად ესმოდა ბირჟაზე მსხდომთ.

-ჩელენტანო,გამო ბიჭო, პუბლიკას ნუ ემალები!-დაიძახა და თან ჩაბჟირდა,ჩია ბიჭი,რომელიც თოხის ტარს დაყრდნობოდა.
-კნაჭავ,თუ გამოგენთო ეხლა გოდერძაანთ ძაღლივით,იქნება თოხზე ჯდებოდე და მიფრინავდე,-ახორხოცდა ულვაშიანი,რომელსაც თეთრი უმკლავო მაისური, ფიგურულ მოსრიალესავით ედგა ჩასუქებულ ტანზე.აჰყვნენ გარშემო მყოფნიც.იქამდე იყო სიცილი და წამოძახილები,სანამ ღობეს არ გადმოსცდა ვასო ნაჯახით ხელში.
-ხომ გითხარით,არა?! - სიცილისგან გაწითლებულიყო შოთა. მაისური ღიპზე უთახთახებდა.
-კნაჭა,მოდი აქ!-მთასავით იდგა ვასო,მუქი წაბლისფერი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა და შავ თვალებს არწივივით აბრიალებდა.
-რა გეტაკა?! ხუმრობა არ იცი?!-თოხი მხარზე გაედო კნაჭას და ჩქარი ნაბიჯით ეცლებოდა იქაურობას.
ბიჭს გაეცინა,ნაჯახი იქვე კუნძზე დაჰკრა და კაკლისკენ წავიდა.
-კნაჭა!მობრუნდი,მოდი! შობამდე არ დავკლავო,არა!-კისკისებდა შოთას ცოლი ელიკო.
-გამარჯობა,-საერთო სალამი თქვა ვასომ და ჩამოჯდა.
-გაუმარჯოს ჩელენტანოს,-გვერდულად გადახედა თედომ და შოთას მხარი გაკრა.
-ეხლა შენც ნუ დაიწყე,-გაეღიმა ვასოს და შარაზე მომავალ მოკისკისე გოგონებს გახედა.
-ქალაქელებიც ჩამოსულან,-ხმამაღლა თქვა ელიკომ და ლობიოს ჩურჩვას თავი მიანება.
-ვისთან არიან?-დაინტერესდა თედო.
-ერთი ,ჩვენი მარგოს შვილიშვილია ნუცა,წელს დაამთავრა კონსერვატორია,ვერ იცანი, კაცო?მეორე თავისი მეგობარი ყოფილა,-საქმეში გაარკვია დამსწრე საზოგადოება.
ვასო გვერდულად ზვერავდა გზაზე მომავლებს.

გოგონებმა ბირჟისკენ გადმოუხვიეს,ნუცა ღიმილით მიესალმა და პირზე კოცნით მოიკითხა ყველა, მეგობარიც წარუდგინათ.
-რა ლამაზი გოგოა,-ელიკომ რენტგენში გაატარა მაგდა.
-ვასო,შენ როგორ ხარ? გამოიარე ჩვენსკენ,გავიხსნოთ ძველი ამბები,-ნუცა ვასოს მიუბრუნდა.
-გამოვალ ნუც,-ფეხზე წამომდგარი ღიმილით უყურებდა .
გოგონები დაემშვიდობნენ და გზა განაგრძეს.
-ის ბიჭი ვინ იყო?-დაინტერესდა მაგდა.
-ვასო? ჩემი მეგობარია,ჩვენს კლუბში გიტარის წრე აქვს გახსნილი და ბავშვებს ასწავლის,რა იყო,ხომ არ მოგეწონა?-გაეცინა ნუცას.
-ისე ვიკითხე,რა გჭირს?-გაბრაზდა მაგდა.
-კარგი,არაფერი,-ეშმაკურად ჩაიღიმა ნუცამ.

***
ბაღდოაანთ კარ-მიდამოში ხალხის ფუსფუსი იყო,კოლმეურნეობის თავჯდომარის,ერთადერთი ვაჟის,ნიკოლოზის ქორწილისთვის ემზადებოდნენ.იყო ქათმების კრიახი და გოჭების ჭყვიტინი,დასაკლავი დაიკლა,გაიპუტა და გაიტრუსა.ეზოში მთელ სიგრძეზე სეფა გაეშალათ, თავწაკრული,წინსაფარ აფარებული ქალები ციბრუტივით ტრიალებდნენ და ცხელ-ცხელ შოთებს მაგიდებზე ანაწილებდნენ.ცეცხლზე შემომდგარ ქვაბებში,რომლებსაც ძირი და გვერდები ერთიანად გამურვოდათ,კაცები მკლავებ დაკაპიწებული ადგნენ თავს და გულმოდგინედ ურევდნენ. ოხშივარი გალავანს გადასცდენოდა და სოფელს მოსდებოდა.
ნელ-ნელა ივსებოდა მიდამო საგანგებოდ გამოწყობილი სტუმრებით.ქალები ფრანცუსკებზე შემდგარიყვნენ და ხელში ქოლგებს ეჭიდებოდნენ. რაიონის ნაღები საზოგადოება იკრებდა თავს.
ხევის პირზე,ორსართულიანი სახლის ეზოდან ქალები გამოვიდნენ ფაცი-ფუცით.პატარა მდინარეზე გადებულ ხიდზე ფრთხილად გადაიარეს და გეზი ნიკოლოზის სახლისკენ აიღეს.
-არასდროს ვყოფილვარ სოფლის ქორწილში,-ჩაიფხუკუნა მაგდამ და საზეიმოდ დახვეულ გრძელ თმაზე ,კულული შეათამაშა.
-იცი,რა ბიჭები იქნებიან? აქ არ მოგიწიოს შენც ქორწილი,-აჰყვა ნუცაც ფხუკუნში.
-გაგიჟდი გოგო ,სოფელში გავთხოვდები?-შეცბუნებულმა თქვა და ნაკელს ხტუნვით აუარა გვერდი.
-რას ერჩი სოფელს?ჰაერზე იქნები,ქალაქის ბინაში,რომ ხარ გამოკეტილი და ფერი არ გადევს,-ეწყინასავით მეგობარს.
-ფერი არ მადევს?-აკისკისდა მაგდა.
-ხო,არ გადევს! აქაური რომ შეგიყვარდეს,რას იზამ?-წარბი თითით გადაისწორა და ტუჩებ მოწკურულმა შეხედა.
-არ შემიყვარდება!
-მაინც, რომ შეგიყვარდეს?-არ ეშვებოდა.
-მაშინ ქალაქში უნდა წამოვიდეს!-დიდი,ლურჯი თვალები აატრიალა.
-და, რომ არ წამოვიდეს?-კუთხეში იმწყვდევდა.
-მაშინ არ ვყვარებივარ და ეგ არის!-სიბრაზე ერეოდა.
-თუ გიყვარს,სოფელში კი არა,მთის წვერზეც იცხოვრებ!-„კლანჭი“ დაუსვა ნუცამ.
მაგდას ხმა აღარ ამოუღია,ჩაფიქრებულმა განაგრძო გზა.

აკორდეონი მატლივით იწელებოდა და იკეცებოდა.მედოლეს თითები გაეხურებინა ,მედუდუკეს ლოყები დაბერვოდა და კიბორჩხალასავით გაწითლებულიყო.ნეფეს დედოფალი გამოეწვია და მკლავ გაშლილი დასტრიალებდა. ხალხი თავდაუზოგავად უკრავდა ტაშს.
დაგვიანებული შევიდა ვასო ქორწილის სუფრაზე.მზერა მოატარა და ნაცნობ სახეებს ხელის აწევით მიესალმა.
-ჩელენტანო!-მოესმა ნაცნობი ხმა.კნაჭა ქალების წინ დამჯდარიყო და იკრიჭებოდა.
ვასომ წარბები შეკრა და ბიჭისკენ დაიძრა.მაგდამ მხარი შეუმჩნევლად გაკრა მეგობარს,
-შენი ძმაკაცი მოვიდა,-უჩურჩულა და მათკენ მომავალი მხარ-ბეჭიანი ქურდულად შეათვალიერა.
-როგორ ხარ, ვასო?-გაუღიმა ნუცამ
-კარგად ნუცა,თავად როგორ გიკითხო?-კნაჭას კისერზე ჩაფრენილმა,კბილებში გამოსცრა.
-მეც კარგად,დაჯექი ჩვენთან,-კნაჭას გვერდით ადგილზე ანიშნა.
-მეტკინა,ბიჭო!-უხერხულად იცინოდა კნაჭა და თავის ქნევით მარწუხებიდან დახსნას ცდილობდა.
-მერე მოგივლი!-დაემუქრა და გვერდით მიუჯდა.
მაგდამ წინ მჯდომი წამიერად გაბურღა თვალებით და მოცეკვავეებისკენ მიატრიალა თავი.
ვასომ არ შეიმჩნია ქალის გამოხედვა,დოქი ხელში აიღო და ნუცას ჭიქაზე ანიშნა.
-არ სვამთ?-დასასხმელად გასწია სასმელი.
-კი,ცოტას,-გაიპრანჭა.
-შენი მეგობარი?-შეუვსო სასმისი და მაგდას ჭიქისკენ გადაინაცვლა.
-ჩემს მეგობარს მაგდა ჰქვია,-ფეხზე უჩქმიტა მაგდას.
-ბატონო?-ვითომ ვერ გაიგო,მზერა გაუსწორა ბიჭს.
-თუ მიირთმევთ მეთქი,შევავსებ,-ოდნავ ჩაეღიმა ვასოს.
-საერთოდ არ მიყვარს,მაგრამ ერთ ჭიქას გეახლებით,- ტუჩები წარბებთან ერთად შეათამაშა.
ერთს ორი მოჰყვა,მათრობელამ თავისი გაიტანა და ქალებს სითამამე შესძინა.

მოწყურებულივით სვამდა მაგდა ღვინოს,ლამაზი თვალები უელავდა და ვასოს ურცხვად ათვალიერებდა.
ახალგაზრდობა წამოშლილიყო და ცეკვა გაეჩაღებინათ.ჰაერში დაფრინავდნენ პატარა ბიჭები,ლოყებ შეფარკლულ ყმაწვილ ქალებს გარშემო უვლიდნენ ცერებზე მდგარნი.
-მაგდა,წამოდი ვიცეკვოთ,-მკლავზე დაქაჩა ნუციკომ.
დიდი თავპატიჟი არ გამოუდია ,შველივით წამოდგა ფეხზე და ნარ-ნარით გაემართა მოედნისკენ.ვასომ თვალი გააყოლა ქალის აშოტილ ტანს,სხეული შეუტოკდა და სუნთქვა შეეკრა.
-ჩელენტანო,ეგრე არ დარჩე,-ჩაიქირქილა კნაჭამ და თავი გვერდზე გასწია.
-მოგხვდება!-თვალი არ მოუცილებია ქალისთვის,ისე შეუღრინა.
გედივით დაცურავდა მაგდა.ჩამოსხმულ ფეხებს მიწაზე დაასრიალებდა,ჩამოქნილი მკლავები მოეხარა და გრძელ თითებს ზღვის ტალღებივით არწევდა.
სული შეეხუთა ვასოს,თითქოს სკამზე ნემსები დაეწყოთ,ისე წრიალებდა.დაცვარულ შუბლზე ხელსახოცი გადაისვა და თანამესუფრეს გადახედა,რომელიც ეშმაკური ღიმილით უყურებდა.
-კნაჭა,ხვალ შეშის დაჩეხვაში უნდა მომეხმარო,-ყურადღების გადატანა სცადა.
-სულ შეშის დარდი გაქვს ეხლა რა,-გაეცინა კნაჭას და მოცეკვავეებისკენ გააპარა თვალი.

ვასო შეკრთა,დანაშაულზე წაასწრეს და უარესად დაასხა ოფლმა.სიგარეტს მოუკიდა და ხარბად მოქაჩა.
ქალები სუფრას დაუბრუნდნენ.აწითლებულები,გულზე ხელის დადებით ცდილობდნენ დამშვიდებას.
-ვასო,დაასხი,-ნუცამ ჭიქა გაუწოდა.
-ნამეტანი არ იქნება?-ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი სეფის ჭერში გაუშვა.
-მეც დამისხი,-მაგდამ თავის სასმისიც მიუშვირა და ბიჭს უტეხად მიაჩერდა.
-კარგი,ბატონო,- დინჯად შეავსო სასმისები და ქალს არ დარჩა ვალში,თვალებით.
მაგდამ ჭიქა ასწია და თვალებ აჟუჟუნებულმა წამოიწყო,

-„მოდით,ვადღეგრძელოთ ის არაფერი,
სანუკვარ წამს ,რომ ქცეულა ყველაფრად,
მოდით, ვადღეგრძელოთ ის ნაპერწკალი,
გულში,რომ დანთებულა კელაპტრად,
მოდით ვადღეგრძელოთ ის სიყვარული,
რომელის ფიქრებშიც დაგვთენებია,
მოდით ვადღეგრძელოთ ის მონატრება,
რომლის ნატვრაშიც დღე გაგვლევია!“-დაასრულა და მოწყურებულივით გამოცალა სასმისი,მაგდას კარგად მოკიდებოდა ღვთიური სითხე.
-ოჰო,აღარ ხუმრობს ქალაქელი,-კნაჭამ მაგიდის ქვეშ ფეხი გაკრა ვასოს.

-სიყვარულს გაუმარჯოს!-აიტაცა ნუცამაც და ალავერდს ვასოსთან გადავიდა.
ვასოს თავი ჩაეღუნა და „ულვაშებში“ ეღიმებოდა,მძიმედ გასწორდა და წინ მჯდომის ლურჯ გუგებს რომ წააწყდა,კუჭის თავზე ფეთქვა იგრძნო.ერთხანს უყურა ქალს,თითქოს რაღაცას ფიქრობსო ოდნავ მოხუჭა თვალი და სასმისი ასწია,
-„ქალი ლამაზი,ქალი ზმანება
ქალი მაცდური,ქალი თავნება,
ქალი ამაყი,ქალი ხატება,
ქალი ფრესკაა,მზისა ნათება.
ქალი მტიალი,ქალი მცინარი,
ქალი ხანდახან გაუცინარი,
უკარება და ნარ-ეკლიანი,
ქალი გრძნობებით გულსევდიანი.
ქალი დილაა,ქალი ღამეა,
ქალი წვიმაა,ქალი მთვარეა,
ქალი ოცნების, ფიქრის ბადეა,
ქალი ქალია,ქალი მახეა!“-ბოლოს თავი დასტურის ნიშნად დაიქნია და მფეთქავ კუჭს სასმელი გადაავლო.
-ეს რა პოეტები გვყოლია,გაუმარჯოს სიყვარულს!-კნაჭა დასერიოზულდა.
ქართული საცეკვაო მუსიკა,უცხოურმა შეცვალა.ბიჭებს გოგოები ჩაებღუჯათ და აკვანივით ირწეოდნენ.რომანტიული განწყობა სათითაოდ ედებოდა სუფრის წევრებს.
-„დამი პრიგლაშაიუტ კავალეროვ“-წამოდგა მაგდა და ვასოს ხელი გაუწოდა.
არ ელოდა ამხელა სითამამეს ქალის მხრიდან,სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და მაგდას ხელი თავის ტორში მოიქცია.წყვილი მოცეკვავეებს შორის ჩადგა.ვასომ წელზე შემოხვია ერთი ხელი და ახლოს მიიზიდა.დაიძაბა მაგდა,სხეული დაეჭიმა და კაცის წინ აიწურა.

-მოეშვი,-ყურთან უჩურჩულა ვასომ.
მაგდას კანი დაეხორკლა,სითამამე სადღაც გაპარვოდა,თვალები ძირს დაეხარა და ბიჭის მოძრაობას ,როგორც თოკებზე გამობმული თოჯინა ისე ჰყვებოდა.უფრო ახლოს მიიხუტა ქალი,ცხვირით მის თმას მიედო,მაგდამ უკან გაწევა სცადა,არ გამოუვიდა,ტუსაღივით ჰყავდა გამომწყვდეული კაცს.ვასოს ჩაეღიმა,თითები ქალის წელიდან ზურგისკენ ნაზად ააცოცა.მაგდა შეკრთა,სუნთქვა შეკრულმა ახედა კაცს.

-რატომ იძაბები?-თმაზე სული შეუბერა.
ქალი აილეწა,თავის დახსნა სცადა,მაგრამ კაცმა უფრო მოუჭირა წელზე ხელი.
-გამიშვი!-მკაცრი იყო მაგდა.
- რომ არ გაგიშვა?-ეცინებოდა ვასოს.
-გამიშვებ!-თვალები დაქაჩა ქალმა.
-ოო,გაგვიბრაზდა,-აგრძელებდა თამაშს კაცი.
მაგდამ კიდევ გაიბრძოლა,თვალებს ხაფანგში მოქცეულ თაგვივით ატრიალებდა.
-დამშვიდდი,გაგიშვებ,-დაიხარა, ცხვირი ყურთან გაუსვა და ქალს ხელი შეუშვა.
აჭარხლებული მივიდა სუფრასთან მაგდა, პირი მოეკუმა და თვალებიდან ცეცხლს ყრიდა.
-რა დაგემართა?-გაკვირვებულმა ჰკითხა ნუცამ.
-იდიოტია!-ვერ წყნარდებოდა ქალი.
-ვინ გოგო,ვასო?-გაოცდა მეგობარი.
-დიახ,ვასო!-აკანკალებული ხელით ლიმონათი დაისხა.
-რას ამბობ,მაგდა? ვასო სერიოზული ბიჭია,რა გითხრა?-დაუჯერებლად მოეჩვენა ნუცას.
-არაფერი მითხრა,ხელებს ვერ მოუძებნა ადგილი!-ცალი წარბი ასწია და გასასვლელისკენ მიმავალ ვასოს ზიზღით გახედა.
-არ არსებობს!-თვალები გაუდიდდა ნუცას.

ვასო,გავიდა თუ არა,ხის ბოძზე მიმაგრებულ პირსაბანს ეცა,ენას ხელი აჰკრა,წყალი მუჭში მოიქცია და პირზე შეისხა.
-რა დამემართა?!-ჩაილაპარაკა,სველი ხელი კისერზე და მკერდზე მოისვა.წყალმა და ჰაერმა ცოტა შეაფხიზლა.თავისი საქციელით უკმაყოფილომ კბილები გააჭრიალა და სეფას გახედა ,შესვლა გადაიფიქრა.
ღამემ,მთვარით და ვარსკვლავებით მოხატული საბანი გადაიფარა.ციცინათელებს საქმე გამოსჩენოდათ და სათითაოდ ანათებდნენ ჩაბნელებულ ბუჩქებს.
ლხინის სუფრა დაშლილიყო და ფეხარეული სტუმრები სახლის გზას დასდგომოდნენ.
აივანზე, სკამის ზურგზე მკლავებ დაყრდნობილი და სიგარეტის კვამლში გახვეული შეეგება ვასო რიჟრაჟს.თვალები ჩასწითლებოდა და გონებაში შემძვრალ ქალზე ფიქრებს ვერაფერს უხერხებდა.
-ჩელენტანო!-კნაჭა მოსგომოდა გალავანს.
-შემოდი,-თავი მობეზრებულად გადააქნია.
-ბიჭო,რა გველმა გიკბინა წუხელ?-ეღიმებოდა კნაჭას და ბიჭისკენ ფრთხილი ნაბიჯით მიიწევდა.
-რა მოხდა?-დაეჭვებულმა შეხედა.
-რაღა რა მოხდა,ნუცას დაქალი იგეთ დღეში იყო, სუფრას კაწრავდა,რა უთხარი გოგოს?-ეღიმებოდა სტუმარს.
ვასო უხმოდ წამოდგა,თავზე ხელებ შემოჭდობილმა გაიარ-გამოიარა,ღრმად ამოისუნთქა და კნაჭას მიუტრიალდა.
-რა თქვა?-პასუხის მოლოდინში სახე შეეცვალა.
-რა თქვა და იდიოტიაო,-გაეცინა.
-იდიოტიაო?-არ ესიამოვნა.
-ჰო,იდიოტიო,-იცინოდა კნაჭა.
-გამოვიცვლი და საქმეს მივხედოთ,-ჩაიბურტყუნა და შინ შევიდა.
შეშლილივით იცვლიდა ტანზე,ბრაზიანად ატრიალებდა თვალებს.
-ჰმ,იდიოტიო?ქალაქელი მეტიჩარა!-იგესლებოდა და რეზინის ჩექმებში ფეხებს მთელი ძალით აკვეხებდა.
სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა კარში,ეზოს კუთხეში დაყრილ მორებს დაერია,მთელი ძალით იქნევდა ნაჯახს და გაპობილ შეშას ფეხისკვრით იშორებდა.
***
ქალები ხევის პირზე დიდ ქვაზე ჩამომსხდარიყვნენ და წყალში კენჭების სროლით ირთობდნენ თავს.
-კარგი რა მაგდა,ნუ ბრაზობ, ვასო არ არის ცუდი ბიჭი ,-შეაპარა ნუცამ.
-ამართლებ?-თვალები დააკვესა ქალმა.
-არასდროს მოქცეულა მასე,ეტყობა ნასვამი ზედმეტად გათამამდა,-პირს უწმენდდა ბიჭს.
-ჩემი ბრალია,რას გამოვიწვიე,ვერ ვიჯექი ჩემს კანში?-ცხარობდა მაგდა.
-მგონი მოეწონე,ისე გიყურებდა,-ჩაიცინა ნუცამ.
შეცბა მაგდა,კი მოეწონა ბიჭი,მაგრამ ასეთ თავხედობას არ ელოდა მის მხრიდან.
**
ზეცა სახეს იქაფებდა,ერთიანად გაესაპნა პირი და ჩამოსაბანად ემზადებოდა.
სოფლის ცენტრში მდებარე კლუბში მუსიკალური საღამო იმართებოდა.მოწვეულ სტუმრებს კლუბის ეზოში მოეყარათ თავი.პატარა მოცეკვავეები ტრადიციულ სამოსში გამოწყობილიყვნენ და წარმოდგენის დაწყებამდე ფეხებს ავარჯიშებდნენ.დერეფანში ოთხ ბავშვს,მასწავლებელი დასდგომოდათ თავს გიტარით ხელში და რჩევა-დარიგებას არ იშურებდა.
დარბაზი შეივსო,ხალხის ღელვა სცენაზე გამოსულმა წამყვანმა ჩააცხრო.ვასოს გამოსვლას თავის მოსწავლეებთან ერთად დიდი ოვაცია და ტაში მოჰყვა.
-ნახე რა სიმპათიურია,- გადაუჩურჩულა ნუცამ გვერდში მჯდომს.
თეთრი პერანგი,რომელსაც ლურჯი პატარა ზომის კვადრატები დასდევდა ,დაკუნთულ სხეულზე ლამაზად მოერგო ვასოს.დარბაზს ღიმილით მოატარა თვალი და წამიერად შეაჩერა მაგდაზე მზერა .ქალი მალულად უთვალთვალებდა და კაცის გამოხედვაზე გული შეუქანდა.
-დიდი ვერაფერი,-ჩაიდუდღუნა და სკამის სახელურს დაუწყო წვალება.
ნუცამ გვერდულად გადახედა მეგობარს და ჩაეცინა.

ვასო საოცრად ასრულებდა ძველ თბილისის კომპოზიციებს,პატარებიც აჰყოლოდნენ და თითებს ოსტატურად ათამაშებდნენ სიმებზე.სიმღერაც ხმებში ლამაზად შეეწყოთ და გასუსულ დარბაზს ატკბობდნენ.მაგდა ადგილზე სოლივით გაშეშებულიყო ,სუნთქვა შეკრულს თვალი ვერ მოეშორებინა კაცისთვის და იგრძნო ტანში ჩაღვრილ თბილ მასაში როგორ იძირებოდა ნელ-ნელა.
-გეუბნებით,ჩელენტანოა მეთქი,-კნაჭამ უკან რიგიდან სიცილით უჩურჩულა ნუცას.
-მართლა ძალიან მაგარია ჩვენი ვასო,-ამაყად თქვა ქალმა და მაგდას გადახედა,რომელიც მონუსხული შეჰყურებდა სცენას.
-უკეთესებიც მინახავს,-ტუჩები დაპრუწა მაგდამ,ზურგზე არ ეცემოდა.
-რომელი,ის შენი დორბლიანი ვაჟიკო,თუ დედიკოს ბიჭი მერაბი?-ნიშნისმოგებით უთხრა ნუცამ და სიცილი აუტყდა.მაგდასაც გაეცინა და ხელი მსუბუქად მიჰკრა მეგობარს.
სიმღერა ცეკვამ შეცვალა,სცენაზე ცეცხლი დაინთო.ლამაზი სანახაობა დასასრულს მიუახლოვდა,წამყვანმა სტუმრებს აცნობა,რომ თექვსმეტ სექტემბერს კლუბში არსებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური გუნდები დედაქალაქში,ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავდნენ კონცერტს.მქუხარე ტაშის შემდეგ ხალხი ხმაურით დაიშალა.
ზაფხულის წვიმა თავდაუზოგავად ეხეთქებოდა მიწას.გრგვინვა ზეცას აზანზარებდა,დრო და დრო ელვისგან იკაწრებოდა ღრუბელი.

-დავსველდებით,ქოლგა მაინც წამოგვეღო,-დაიწუწუნა მაგდამ და მეხის გავარდნაზე ყურებზე აიფარა ხელები.
-დავიცადოთ,იქნებ ცოტა გადაიღოს,-ნუცა ცას ზვერავდა.
ხალხი ცდილობდა სირბილით გაეღწია თავი.გოგონები შენობის გადახურულ ნაწილში შეყუჟულიყვნენ კნაჭასთან ერთად.
ვასომ გამოსვლისთანავე დაინახა ახალგაზრდები,დინჯად წავიდა მათკენ.
-ვასო,გილოცავ! ძალიან კარგი საღამო გამოვიდა,ყოჩაღ!-ნუცამ ლოყაზე აკოცა.
-ჩელენტანო,მაგარი ხარ რა,- კნაჭამ მხარზე დაჰკრა ხელი.
მაგდამ მკლავები ჯვარედინად დაიწყო გულზე და წინ და უკან რწევას მოჰყვა.
-შენ არ მომილოცავ?-ღიმილით გახედა ვასომ ქალს.
-გილოცავ,-სიტყვა მიუგდო და რწევა განაგრძო.
-კარგა ხანს არ გადაიღებს,აქ ხომ არ გაათენებთ?-გადახედა კაცმა სამივეს.
-შენ რა განერვიულებს? იქნებ აქ გვინდა გათენება?-მაგდამ ტუჩებ აპრეხილმა შეხედა ვასოს.
-როგორც გინდათ,-მხრები აიჩეჩა და წვიმას მისცა თავი.
-რა გჭირს მაგდა?-მკლავზე დაქაჩა ნუცამ.
-აბა,ვინ ეკითხება მაგას?-უმიზეზოდ კაპასობდა ქალი.
-მეც უნდა წავიდე,-კნაჭა გუბეს გადაახტა და წინ მიმავალს დაეწია.
-მოიცადეთ რა!-ნუცას შეშინებული ხმა მისწვდათ ბიჭებს.
-არ მიიხედო,-გაეცინა ვასოს და ნაბიჯს აუჩქარა.
-მოიცადეთ!-ნუცას მეგობრისთვის ჩაეკიდა ხელი და მიარბენინებდა.
მაღალ ქუსლიანით გაუჭირდა მაგდას,ფეხები ერთმანეთში აებლანდა და ძირს მოადინა ტყაპანი.
ბიჭები შეჩერდნენ,მოტრიალდნენ და უკან წამოვიდნენ.ნუცა მაგდას აწევას ცდილობდა,ფეხი გადაბრუნებოდა ქალს და კოჭი ჰქონდა ნატკენი.ტალახში ერთიანად ამოსვრილიყო და მტკივან ადგილს ხელით იზელდა.
-ვაიმე,ჩემი ბრალია,-ტირილის პირას მისულიყო ნუცა.
-რა დაგემართა?-ჩაიმუხლა ვასო ქალის წინ.
-შემეშვი რა,-დაუღრინა მაგდამ და ტალახიანი ხელით სახიდან თმა გადაიწია.
-მაჩვენე აბა,-ყურადღება არ მიაქცია ქალის ტონს,ისე დასწვდა მის ფეხს.
-ხელი არ დამაკარო,იდიოტო!-უარესად აენთო .
ვასო წამოდგა,მუშტები შეკრა და კბილებში გამოსცრა,
-იდიოტი არა?-მოულოდნელად დაავლო ქალს ხელი და მხარზე ხურჯინივით გადაიკიდა.
აკივლდა და აწივლდა მაგდა,ფეხებს გამწარებული იქნევდა და ხელებს წელზე უბრახუნებდა კაცს.
-დამსვი,არანორმალურო,დამსვი!
-შენ გაჩვენებ არანორმალურს!-იმუქრებოდა კაცი,ფეხსაცმელები წააძრო და უკან გადაყარა. გავეშებული მიიწევდა წინ დიდი ნაბიჯებით.
ნუცა და კნაჭა უკან ლეკვებივით მისდევდნენ და სიცილს ვერ იკავებდნენ.
ხევის პირამდე არ დაუსვამს ქალი,ეღიმებოდა მის სიბრაზეზე.ერთიანად გალუმპულიყო ოთხივე,ზეცას პირი გარღვეოდა.
ხიდზე ფრთხილად გადავიდა ვასო და ქალი ზედ სახლის წინ ჩამოსვა,ხელი არ გაუშვია.ცალ ფეხზე მდგარი მაგდა მხეცის თვალებით უყურებდა კაცს.
-ამას არ გაპატიებ,-ერთიანად კანკალებდა .
-წესით მადლობას ვიმსახურებ,-სახე ახლოს მიუტანა და ჩაბღუჯული ხელი მოუჭირა.
-საშინელი ხარ,-არც მაგდა დარჩა ვალში და კაცთან უფრო ახლოს მიიწია.
-მიწვევ?-ჩაეცინა ვასოს და ცხვირი ცხვირზე გაუსვა.
-შენ თუ გგონია შემაშინებ,სცდები ჩელენტანო!-კაცის გაბრაზება კნაჭას მეთოდით სცადა და თავი არ გაუწევია ისე ჩააჩერდა კაცს თვალებში.
ვასოს სუნთქვა გაუხშირდა,ქალს გამგელებული უყურებდა.

-ეხლა რაღაც რომ ჩავიდინო,უნდა გეწყინოს,-ბაგესთან უჩურჩულა.
-აბა,სცადე?-თვალებს აკვესებდა ქალი.
-მმ,მაცდურო,-გაეღიმა ბიჭს, ტუჩებზე სული შეუბერა და ხელი შეუშვა.
-საზიზღარი და თავხედი ხარ!-დაიძახა გულმოსულმა და წაიბორძიკა.არა და,როგორ ელოდა კოცნას,სიბრაზისგან მუშტებს კრავდა.
ვასო შეტრიალდა და ღიღინით გაუყვა გზას.
ნუცა და კნაჭა შორიახლოს დამდგარიყვნენ და მოკამათეებს ფხუკუნით ადევნებდნენ თვალს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები