ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
4 სექტემბერი, 2020


ციკლიდან - ვერლიბრი თუ კონვენციური ლექსი

ნინო დარბაისელი

ათმარცვლიანი ტაეპის
ნაირსახეობანი

  სამწუხაროდ, კონვენციური ლექსის აპოლოგეტები თითქმის არ იცნობენ თავისი დაცვის ობიექტს, მის შესაძლებლობებს. რაღაც რიტმული ინერციის წყალობით მათი უმრავლესობა
ათმარცვლიანი  ქორე/დაქტილური რიტმული მონოტონიის ფარგლებშია დატყვევებული და ვერც რითმათა ორიგინალობით ან გამომსახველობითი შესაძლებლობებით გამოირჩევა ეს ლექსები.
არადა, ყველა სხვა საზომსა და რიტმულ ვარიაცებს რომ თავი დავანებოთ, თავად ათმარცვლედის ფარგლებში არაერთი რიტმული ქარგა მოიძევება.
ეს სახელდახელოდ შედგენილი მაგალითები  სრული არაა,  ნაკლულოვან ციტირებებსა და პირობით ტექსტებს იყენებს თვალსაჩინოების ნიმუშად, რომ ავტორებს რიტმის აღქმა გავუადვილოთ.

(5/5) ყველაზე ტრივილური, ძირითადად , ოთარ ჭილაძის წყალობით:

რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ

4/4/2
ჩვენ კი ძვირფასს გადავკრავდით ღვინოს
და ხელგაშლით ვთამაშობდით ქაღალდს

3/3/3/1
ვიხსენებ ნოემბრის საღამოს მქრქალს,
ფოთლები, ფოთლები მისდევდნენ  ქარს.

4/3/3
გამარჯობა პატარა ქალაქო,
გესალმები მოსული შორიდან,
მომეგებე, ბავშვობის ალაგო,
კვლავ გამართე მართლით და ჭორითა.

2/4/4
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც ეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

3/4/3
გათენდა, აიკრიფა ნისლები,
განათდა  მინდვრები და ველები,
ნაბიჯი უკან მრჩება მიმავალს,
მოვდივარ, ამ სანახებს ველევი.

4/2/4
ჩიხტიკოპი შველით ბანოვანებს,
აივნიდან მზერა ეპარებათ.
საჯინიბოს კარი აჭრიალდა,
ბედაური მოდის ნება-ნებად.

3/3/4
როდესაც წამოსვლას დააპირებ,
გახსოვდეს კეთილი მასპინძელი.

- - - -
P.S.
ვგრძნობ, რომ უკეთესი მაგალითებია აქ საჭირო. ქართულ პოეტურ კრებულებში, მჯერა, ცოტა არ იქნება.  იქიდან შერჩევა აჯობებდა, მაგრამ მე თან  ხომ ვერ წამოვიღებდი ამდენს!
თუმცა თავი ხომ აქა მაქვს, “რაზომცა დავეტარები”!
საერთო კედელზე სტატია ვიპოვე იმაზე, თუ როგორი ძნელია მშრომელი ემიგრანტებისთვის საქართველოში დაბრუნება და ადგილის პოვნა და ამ სქემების მიხედვით, იმედი მაქვს, ამ დღეებში გავლექსავ თანდათან. ორი სქემა უკვე დავდე დაბლა.


/


ეს ისტორია - საერთო კედლიდან ავიღე. შინდაბრუნებული ემიგრანტის მწარე გამოცდილებას შეეხებოდა. ათმარცვლიანის ვარიაციებს ვაკეთებ. რაღაცაში მჭირდება და  ახლა რამე ორიგინალურის მოიფიქრების თავი არა მაქვს.

ვიზიტი
- - -
ეტიუდი 4/3/3

თვითმფრინავი თანდათან ეშვება,
აიკრძალა გასვლა და შეშვება.
აგროვებენ დარჩენილ  სასმელებს,
მოფხიზლდება, ვინც თვალებს ასვენებს.
ზოგს კვლავ სძინავს, დაეცა რა ბანგი!
(მთავარია, არ დამრჩეს ხელ ბარგი)
ბედნიერი დღე არის, რა კარგი,
ვიღას ახსოვს ნატკენი, ნაკარგი!
მოსაცდელში შესული საშვებით
ჩამეკვრიან ბავშვების ბავშვები,
მოვიკითხავ:- როგორ ხართ, რას შვებით?
და ვისუნთქავ რა ლაღად, რა შვებით!
მშობლიური მომელის ცხოვრება,
ძველი დარდი არც მემახსოვრება.
უკან დარჩეს, რაც რომ მიწამია.
რაღა დარჩა, მიწამდე წამია!
ფანჯრებიდან მზე გვეთამაშება,
რა კარგია მშვიდობით დაშვება!

ვიზიტი
- - -
ეტიუდი (3/3/4)

არ უთხრეს, ნუ წახვალ,  აქ დარჩიო,
გულშიაც არავინ ჩაიხუტა,
მოგვისწარ უდროო ავდარშიო,
უთხრეს. შინ  - ჰაერი ჩაიხუთა.

არადა, შორიდან ჩამოსული
ელოდა შვილებთან ჩაკონებას,
ყველასგან  სიცივე დახვდა სრული,
არ სურდათ სახელის გაგონებაც.

ჩამოსვლით - ერთი დღით გაიხარეს.
მას შემდეგ  - სიცივე, - დიახ, არა!
ვინც გაქრა, ვინც კარი გაიხურა,
ვინც მისკენ წამით არ დაიხარა,
უჩუმრად წასულმა იმავ მხარეს,
თავისი  გაპარვით  გაახარა.

ვიზიტი
- - -
ეტიუდი (3:3:3:1)

დაბრუნდა, მიადგა საყვარელ კარს,
ჩამოსულს ოჯახი ეხვია გარს,
ასე გაილია პირველი დღე,
მეორე დღიდან კი შეიქნა ტყვე.

ნაჯაფარ ხელებში აღარა დევს,
სტომაქს ვინ გაუვსებს პირღია დევს,
- ცხოვრება აქ ისე ძნელია, - თქვეს, -
არ არჩევს კორონა ჩვენსას და თქვენს.

როგორ შეგინახოთ,  ვინ მოგვცემს ჩირს
საღირლად შრომაში? ლუკმაც კი ჭირს.
გვერჩია, როდესაც იყავი  შორს,
გვარჩენდი,  ვისმენდით მართალს და ჭორს,

იმაზე, თუ რასაც სარჩოსთვის იქმ,
როგორ განადგურებს. ძნელია იქ,
მაგრამ აქ იმდენი გვჭირდება რამ,
ვალებში ჩაგვაგდო ფულების ყრამ.

გაჭირდა ამქვეყნად სიცოცხლეც და
სიკვდილიც ძნელია, რა გვრჩება? ცდა!
ვინ მოგვცემს დღეიდან სიკეთეს მზას?
უჩუმრად წავიდა, გაუყვა გზას.

მიდის და  სინანულს  ცრემლებში რთავს:
- სხვა რა ვქნა, რარიგად გარიდოთ ავს!
განა სხვას მოუკვდა, მოუკვდა თავს.
მის სავალს უფალი ვარდებით რთავს.

ვიზიტი
ეტიუდი (3/4/3)

მოდიხარ, გადაღლილი ბრუნდები,
გხვდებიან ნათესავთა გუნდები,
იცლება ჩემოდნები, ჩანთები,
შიგნიდან აგახურებს შანთები, -
სუყველას ყველაფერი ერგება?
- ეს სცადე, ჩაგეტიოს ეგება,
შეურჩევ წყვილ ფეხსაცმელს და კაბას,
ეგ - მომწონს! - გაღიმებით დაგაბას,
ცდილობს შვილიშვილი პატარა.
შენ გქონდეს, - ხომ უშენოდ ატარა
ბავშვობა,  ყმაწვილობა  და უკვე
გაზრდილა. გენატრება, დაუყვე
ფოტოებს, მოგონებებს, ეფერო,
ყოფა აფერადდა უფერო!
როდესაც ჟრიამული ნელდება,
ფიქრები ნაღვლიანი გედება.
თანდათან საყვედურებს  მოისმენ:
თითქოს-და აწყენინე როდისმე,
თითქოს-და სხვებმა მეტი იშოვეს,
თითქოს-და შეაჩვიე სიშორეს
და ახლა კისერზეც კი აწვები,
და გიხურს ჩამომჭკნარი  ღაწვები,
რა ნახო საგზაო თუ სახიდე,
არ იცი,  იქ დარჩე თუ წახვიდე!
არავინ  გელოდება აღარსად,
გზა არ ჩანს აღარც მიწად, აღარც ცად!
ლოცულობ დაუცველი, უფარო;
- მოგელი, გადმომხედე, უფალო!

ვიზიტი
- - -
ეტიუდი  (4/2/4)

დავიღალე, როგორ დავიღალე,
რას მომელის ახლა ანდა ხვალე?
რახანია, ცოცხლად დავიმარხე,
არ მიხილავს არ ცა, არ მზე, არ ხე!
ჩაკეტილმა სადღაც, ოთხ კედელში
გამოვლიე წლები, ძირს დავეშვი,
რომ ეფრინათ ლაღად, ვინც მიყვარდა,
ჩასაკრავი გულში ვინც  კი მყავდა.
დავიღალე, როგორ დავიღალე,
დავიმარხე, მიწაც დავიყარე.
ვინ რა იცის, როგორ ფუჭად  შვრება!
არ მოყვება  ტანჯვას ჩვენთვის შვება!
აღარ დავრჩი ქალად, მოვიხარე,
გატკეცილი შუბლი დავიღარე,
ვერც ვიხარე, ვერც სხვა გავახარე.
დავიღალე, როგორ დავიღალე,
მერჩის შინაური, და ვით გარე
ცივად ზედ დამყურებს მოხარხარე.
რაც ვიშოვე, მე რა მოვიხმარე!
დედამიწას ჩვენთვის ერთი მხარე
უნდა ჰქონდეს სადმე, მსხმოიარე,
ვერსად ვნახე, თუმცა  მოვიარე.
ვზივარ ჩემთვის, გულით მგლოვიარე,
მგლოვიარემ წასვლა დავიხანე,
ვერც რა შევსვი, ვერც რა დავიხალე...
დავიღალე, როგორ დავიღალე!

ვიზიტი
- - - - -
        ეტიუდი (2/4/4)

გახსოვს კოცნაობა მაყვლოვანში?
გახსოვს? - გვეძებეს და ვერ გვიპოვეს.
განა ვიფიქრებდით ორნი მაშინ, 
ცალკე გავუძლებდით სიმარტოვეს.

რა ვქნა! მოგანატრე შენი თავი,
გმადლობ, რომ სიშორეს გაუძელი,
მელი,  სხვა ლამაზის  არშემრთავი,
ჩემი უღალატო მასპინძელი.

მჯერა, სისულელეს მიყვებიან,
თითქოს ვიღაც ნახე შვილისკბილა,
ირგვლივ - ბრიყვები და ბრიყვებია,
მათმა  ჭორაობამ გამაკვირა.

შენ, ჩემო მალამოვ უებარო,
გვეყო თავგანწირვა სხვების სარგოდ,
მოდი, ძველებურად გავიპაროთ,
ისევ მაყვლოვანში დავიკარგოთ!

ვიზიტი

ეტიუდი (4/4/2)
- - -
დედას ნატრობს დღეს რამდენი შვილი,
რამდენ კიდევ -  დღეს სჭირდება შველა
და რამდენი დადის ფეხშიშველი
და დამფრთხლი ვით უდედო შველი.

რამდენი დგას გარეთ - ხელგაწვდილი,
რამდენისთვის - უმზეოა დილა,
საქართველოვ, გმირო უწინდელო,
შენი  ცრემლი ვეღარ მოწმენდილა.

რა ქნას კაცმა, თუ საშველი არ ჩანს!
ქალი შრომობს და  და შორიდან არჩენს,
ტკივილებსაც უექიმოდ ირჩენს,
ქმარს და შვილებს შეავედრებს გამჩენს

და ითვლება, რომ უღიმის ბედი,
თუ შორიდან გამოათბო ბუდე,
ტყვეა. როგორ გაარღვიოს ბადე,
დაგიბრუნდეს შენთვის დანაბადი!

სხვებისთვისაც გზა გამოვჭრა უნდა,
უსამშობლოდ როგორ მოვილხენდი?
საბოლოოდ მაინც დაგიბრუნდა,
ვისაც ერის გადარჩენა ანდე!

***

ათმარცვლიანებისა ხომ ვნახეთ მაგალითები, მოცალეობისას ერთ თემატურ რკალადაც შევკარი. (დაბლა დევს)
ახლა  შევთხზათ
ცხრამარცვლიანის ძირითადი სქემების ნიმუშები ( არ მგონია, ვინმეს შეხსენება უნდოდეს, რომ ეს -  ციფრებით გამოსახული სქემების “ გამაცოცხლებელი”, პირობითი ტექსტებია
და მხატვრულობის კრიტერიუმებით არ უნდა მივუდგეთ)

3/3/3
ფიფქები, ფიფქები, გუნდები.
სოფელში ღამდება თანდათან.
დაღლილი შორიდან ვბრუნდები
და მჯერა, სახლამდე მივატან.

5/4
ცელი ვლესე და ვერ გავლესე.
ბალახი რით-ღა მოიცელოს.
დავეცი, როდი დავიკვნესე,
უფალო, ძალი მოვიცე როს?

4/5
გაიხაროს ურმის მომგონმა,
დატვირთავ და კართან მიიტან.
დაგიხვდება გზაზე გოგონა,
ლამაზია, შვენის ღიმი თან.

4/4/1
შემოდგომა მომდგარია კარს,
და ფოთლები მიჰყვებიან ქარს.
ამ ნეკერჩხალს, მოშორებით მდგარს
მორიდებით რად უვლიან გარს?

1/4/4
ცას ღრუბლეული ეძალება,
მზეც ჩაიწვერა მეწამული.
შენ სად წასულხარ, ჭრელთვალებავ,
გულს განმიგმირავს მეც ამური.

3/5/1
ძოწეულს, ცრემლ-მარგალიტებს როს
შესწირავ სწრაფად წარმავალ დროს,
მიხვდები,  არ ღირს წვალებად ის,
იტანჯე მისაწვდომადაც რის.

5/3/1

მან დაინახა ბილიკი სხვა.
დაადგა მარტო, იხილა ზღვა.
ზღვამ შეიტყუა, წაიღო ძირს,
თევზების კერძი მიეცა ძილს.

2/2/2/2/1

მიდის გოგო, მისდევს ბიჭი მას,
სიტყვის ერთის ჯერ ვერ ბედავს თქმას.
გოგოს ელის ქუჩის ბოლოს ის,
ვისაც ერგო სმენა მისი ხმის.

1/2/2/2/2

მე - ჩემი წილი დარდი ვნახე,
შენ - შენი წილი ნახე  შვება.
მე -  შენზე ფიქრით  მიხურს სახე,
შენ - სხვაზე ფიქრი არ გეშვება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები