ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
7 სექტემბერი, 2020


"ჩელენტანო" (ნაწილი ||)

***
ნაცრისფერი ღრუბლები სოფლის თავზე ჩამომსხდარიყვნენ და სულაც არ ჩქარობდნენ წასვლას,ნება-ნება ნამავდნენ არე-მარეს.
მაგდას კოჭი შეეხვია და აივანზე ტახტზე დამჯდარიყო,გადაშლილი წიგნი დაეჭირა და თვალი გაშტერებოდა.ფიქრებს ვასოსთან მიეყვანა.ამოიოხრა, წიგნი დახურა და ეშმაკურად მოცინარ ნუცას შეხედა.
-რა გაცინებს?
-და რა მატირებს?-პურზე კარაქიანი დანა გადაატარა და პირი გააწკლაპუნა.
-რაღაც სხვანაირად მიყურებ და იცინი,-ცალი წარბი ასწია.
-მაგდა,ვასო მოგწონს?-პურს გვერდი გამოაჭამა და ჩაი მოსვა.
შეკითხვას არ ელოდა,ადგილზე შეხტა.
-რა სისულელეს ამბობ?-გული აუჩქარდა.
-მოგწონს,მოგწონს,-სერიოზულად გახედა და ჭიქაში კოვზი ჩააკაკუნა.
შერცხვა მაგდას,წარბები შეკრა და თავი ჩაღუნა .
-მაგდა,ვასო მართლა კარგი ბიჭია,-თბილად გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
ეზოს კარი, თავიდან ბოლომდე გაწუწულმა კნაჭამ შემოაღო და გოგონებისკენ წავიდა.
-ნუცა!-დაუძახა და ტალახიანი ბოტები ბალახზე გაუსვა.
-კნაჭა ,შემოდი.
-ეს კაკლის ზეთი ვასომ გამომატანა მაგდასთვის,კოჭზე წაისვასო,-გაეცინა ბიჭს და ქაღალდში გახვეული შუშის პატარა ქილა გადასცა.
მაგდას გული შეუხტა და ნუცას ქვეშიდან გახედა.
-თვითონ უკვე წაისვა ნერვებზე?-გაეღიმა მაგდას.
-წაისვა,წაისვა,-იცინოდა კნაჭა.
შუადღეს გამოიდარა,ნება იბოძეს ღრუბლებმა და ზანტად იწყეს წასვლა.გამოცოცხლდა სოფელი, აფუსფუსდა ხალხი და ბირჟაც შეივსო ნელ-ნელა.
-ლალი!-გალავანს ელიკო მისდგომოდა.
-ბატონო?შემოდი ელიკო,რა შორიდან იძახი,-თავსაფრის სწორებით გამოვიდა მასპინძელი.
-ვასო სახლშია?-შეათვალიერა ფანჯრები.
-არა,კლუბშია,რა მოხდა?-შეშინდა ქალი.
-რაღაც უნდა გითხრა ლალო,-თვალები და ტუჩები ერთად მოპრუწა,გაღებულ პირს თითები შემოატარა.
-ჩვენს მარგოსთან ქალაქელები რომ არიან ხომ იცი?-ხმას დაუწია.
-მერე?-დაინტერესდა ქალი.
-მერე ის,რომ წუხელ შენს ვასოს ხელში აყვანილი მიჰყავდა ნუცას ქალაქელი დაქალი,-თქვა და თავი გადააქნია.
-ხომ არაფერი მოგელანდა ელიკო,რას მეუბნები?-წარბი შეკრა ლალიმ.
-რა მომელანდა ქალო,ჩემმა შოთამაც დაინახა ,მხარზე ჰყავდა გადაკიდებული და წიოკით მიჰყავდა,-ერთი ამოსუნთქვით ჩაურაკრაკა და ნიკაპი ღაბაბზე ჩამოდო.
-გამარჯობა ქალბატონო ელიკო,-ეზოში ვასომ შეაბიჯა.
სტუმარი მოულოდნელობისგან შეხტა,ცივად გაუღიმა და სალამი დაუბრუნა.
-წავედი,სხვა დროს შემოგივლი ლალო,-ფეხაკრეფით გაიძურწა.
დედის მრისხანე მზერა არ გამოჰპარვია ვასოს,ქალი უთქმელად შეტრიალდა და ჯამში ჩაწყობილ ჭურჭლის გამშრალებას შეუდგა.
-დედა,რამე მოხდა?-ბიჭი ახლოს მივიდა.
-ვასო! ნურც იმ გოგოს შეარცხვენ და ნურც შენ შეირცხვენ თავს!-მკაცრად უთხრა და საქმე განაგრძო.
-ოხ,ელიკო,ელიკო,-მიხვდა ვასო და კბილები გააჭრიალა.
ამასობაში კნაჭამაც შემორგო თავი,ქალს მიესალმა და ვასოს თვალით გარეთ გასვლა ანიშნა.
-როგორ არის?-ხმადაბლა ჰკითხა.
-არაუშავს,შესიებული აქვს ცოტა,მივეცი რაც გამატანე და ესე მითხრა თვითონ თუ წაისვა ნერვებზეო?-ცხენივით ჩაიჭიხვინა კნაჭამ.
ვასოს გაეღიმა და მიხვდა ,რომ ქალაქელი მის გულს ნელ-ნელა იპყრობდა.

***
სამი დღე ფორტეპიანოსთან და ვასოზე ფიქრებში გაეტარებინა მაგდას,მეოთხე დღეს შვება ეგრძნო,ტკივილს გაევლო და ხევთან ხიდზე ჩამომჯდარიყო.ხელებზე დაყრდნობილი ფეხებს აქანავებდა.დინებას დაეკლო და ქვებზე ლამაზად მიჩუხჩუხებდა წყალი. წელსზემოთ შიშველ კაცს მხარზე თოხი გაედო და ხევისპირს ქვევით მხრიდან მოუყვებოდა.მაგდამ თვალი გაუწვდინა და შეკრთა,იცნო კაცი.ვასომაც შენიშნა ქალი და ადგილზე შედგა,დაიხარა,მდინარის წყალი მუჭით შეისხა პირსა და მკერდზე და გზა განაგრძო.მაგდა აწრიალდა,გულის ბრაგუნი ყურებში ესმოდა,ტანში აერ-დაერია ყველაფერი,ეგონა სისხლმა უკუღმა იწყო მიქცევა.
-გამარჯობა,მაგდა,-ქვემოდან დაუდგა ქალს.
-გამარჯობა,-ჩაილაპარაკა და გაწითლდა,კაცის ამ ფორმაში ნახვამ უხერხულობაში ჩააგდო.
-ვენახში წყალი შევუშვი და მაისური იქ დამრჩა,-თავის მართლებამ მოუწია.
-როგორ გაქვს ფეხი?
-უკეთესად,მიშველა შენმა წამალმა,მადლობა,-ოდნავ ჩაეღიმა ქალს და წამიერად შეათვალიერა კაცის სხეული,უარესად აფორიაქდა.
-გინდათ ხვალ,ზევით წავიდეთ,გამოქვაბულები ვნახოთ?მდინარეც არის და შეგიძლიათ იბანაოთ,-ტყისკენ გაიშვირა ხელი ვასომ.
-არ ვიცი,სიარულს თუ შევძლებ,წავიდეთ,-თვალს ვერ უსწორებდა ბიჭს.
-ცხენებით უნდა წავიდეთ,ფეხით შორს არის,-ახლოს მიიწია ქალთან.
-მე არ ვიცი ცხენზე ჯდომა,-ქვეშიდან გახედა .
-მე გატარებ,- ხელზე თითი წაუცაცუნა.
მაგდამ ხელი სწრაფად გამოსწია და შეუბღვირა.
-კარგი,ჰო,-გაეცინა ვასოს თავის ქნევით.
-ესენი როგორ ჟღურტულებენ თურმე,-ნუცა დოინჯ შემორტყმული წამოადგათ თავს.
-ნუცა,ხვალ გამოქვაბულში ავიდეთ,მაგდა თანახმაა და თუ გინდათ დავრჩეთ ერთი დღე,კარვებს წამოვიღებ,სოკოც იქნება.
-უჩემოდ გადაგიწყვიტავთ,-გაეღიმა ნუცას და აწითლებულ მეგობარს დახედა.
-კარვებზე და დარჩენაზე არ გვისაუბრია,-მაგდამ ცხვირი აბზიკა.
-რა პრობლემაა,არ დავრჩეთ,მე მაინც წამოვიღებ.კნაჭასაც ვეტყვი,-იღიმოდა ვასო და ქალს თვალებით ჭამდა.
-დილით მზად იყავით,თავისუფლად ჩაიცვით,-უფრო მაგდას გასაგონად თქვა,მხარზე თოხი გაიდო და ხევს დაუყვა.
-გიტარა წამოიღე,ჩელენტანო!-მიაძახა ნუცამ.
***
მთელი ღამე ვერ მოისვენა ქალმა,შამფურივით ტრიალებდა და იქამდე იწრიალა სანამ ნუცამ არ დაცოფა,თუ არ გაჩერდები ჩემი ხელით აგიყვან ვასოსთან და დაგტოვებო.შერცხვა მაგდას გაისუსა და დილამდე არ განძრეულა.
არც ვასო იყო კარგ დღეში,ლამის ღამევე შეკაზმა ცხენი.ინათა თუ არა,ფეხზე წამოხტა და მზადებას შეუდგა.
-სად მიდიხარ,ვასო?-გაუკვირდა ლალის.
-გამოქვაბულები უნდა ვაჩვენოთ სტუმრებს,-დედას თვალი აარიდა და ზურგჩანთში ნივთების ჩალაგება განაგრძო.
-ვასო!რა ხდება,მოგწონს ეგ გოგო?-დაეჭვებულმა შეხედა.
-მომწონს!
-ქალაქელი სოფელში არ გაგიჩერდება,-თქვა ლალიმ და ოთახიდან გავიდა.
ბიჭს სახე მოექუფრა,სიმართლის მათრახი აეწვა.
***
ხევში ორი ცხენოსანი ჩამოქვეითებულიყო და მგზავრების გამოსვლამდე წყლის მათარებს ავსებდნენ.
-ვასო,ხომ არ მოვიტაცოთ ეს გოგო?-იკრიჭებოდა კნაჭა.
-ნუ მაიმუნობ!-შეუბღვირა კაცმა.
-მართლა გეუბნები,-გამომცდელი თვალით შეხედა.
-გამოდიან,მიეხმარე ნუცას,რაღაც მოაქვს,-სიტყვა ბანზე აუგდო და კარში გამოსულ გოგოებს გახედა.
მაგდას თმა აეწია და კეფაზე კუდივით გამოეკვანძა ,ტანზე მომდგარ მაისურში კარგად ჩანდა,როგორ აუდ-ჩაუდიოდა გული. შინაგანი ფორიაქი ვერ გაეჩერებინა.კაცს არ გამორჩენია ქალის მღელვარება,არც თავად იყო უკეთეს დღეში.
-გოგო,მარგოს მურაბები ხომ არ მოგაქვს,რა მძიმეა,-წუწუნებდა კნაჭა.
-იქ,რომ მოგშივდება,მერე გეტყვი რაც მიდევს,-გაეცინა ნუცას.
მაგდა უხერხულად დადგა და მხარზე გადაგდებულ ჩანთის სახელურს დაუწყო წვალება.
-წავიდეთ,თორემ ჩამოცხება მერე,მაგდა,მოდი,-ცხენის სადავე ხელში მოიქცია ვასომ.
მაგდა მიუახლოვდა და ცხენს ახედა,
-აქ როგორ უნდა ავიდე?
-უზანგზე დაადგი მარცხენა ფეხი და აიწიე,მარჯვენას წელზე გადაუტარებ,ადვილია,-ქალს ხელი წაავლო და ასვლაში მიეხმარა.მაგდა მოექცა თუ არა ზურგზე,წონასწორობის შენარჩუნება გაუჭირდა,ვასო სწრაფად შემოახტა ცხენს და უკნიდან აეკრა ქალს.მაგდას სუნთქვა გაუჩერდა,კაცის მკერდმა მთელი სხეული აუწვა და გააკანკალა.
-მთელი გზა უნდა იცახცახო?-კისრთან უჩურჩულა ვასომ და გაეცინა.
-თუ ცოტა უკან გაიწევი,არა!-ხმაც უკანკალებდა.
-ვერ გავიწევი,-ცხვირი კისერზე გაუსვა და ცხენს ფერდებში ფეხები შემოჰკრა.
უკან ნუცა და კნაჭა გაცხარებული კამათობდნენ,იმათაც ვერ გაეყოთ ადგილი.
პირველად იჯდა მაგდა ცხენზე,რომ არა კაცის ძლიერი მკლავები,ძირს გაადენდა ტყაპანს.
-ტანი გაასწორე და მშვიდად იჯექი,ნუ ხარ დაძაბული,-ყურთან ეჩურჩულებოდა კაცი.ქალს ცეცხლი მოსდებოდა და სახე აწითლებოდა.
-ლამაზი ხარ!-ლამის კისერზე დააწება ტუჩები ვასომ.
მაგდა შეიშმუშნა და წინ გაწევა სცადა.
-ჩემი სიახლოვე ასე ძალიან გაფორიაქებს?-შეტევაზე იყო კაცი.
-დაძაბული იმიტომ ვარ,რომ პირველად ვზივარ,შენ არაფერ შუაში ხარ!
-ნუთუ?-გაეღიმა და ქალს ფეხები ოდნავ მოუჭირა.
მაგდას გულის წასვლამდე ცოტაღა აკლდა,კანი აებურძგლა.
-შენ არაფერ შუაში ხარ!-გამოაჯავრა ქალი და მის ტაო დაყრილ მკლავს თითი აატარა.
-კარგი,აღარ გაგაწვალებ,ფეხით წამოვალ,შენ კი ჯდომას ისწავლი,-გაიცინა ვასომ და ცხენიდან ჩამოხტა.მაგდამ თავისუფლად ამოისუნთქა ,თუმცა სხეულში მოწოლილი ლავა ვერ ჩაიცხრო.

საოცარი ბუნება გადაეშალათ თვალწინ,ასწლოვან ხეებს მწვანე ხალიჩა მოექციათ ფეხქვეშ.ტყის სურნელი თავბრუს ახვევდა სულიერს.ცელქი ჩანჩქერი სიმღერ-სიმღერით მარდად მიხტოდა ქვებზე.
-აქ დავბანაკდეთ,დავისვენოთ და მერე ავიდეთ გამოქვაბულში,-ვასომ ცხენის ზურგიდან კარვები მოხსნა.
-რა სილამაზეა,-აღფრთოვანებას ვერ მალავდა მაგდა და ხელგაშლილი ტრიალებდა.
-ხოდა,დარჩი სოფელში და სულ სილამაზეში იქნები,კარგი ბიჭებიც გვყავს,-შეაპარა კნაჭამ და ვასოს თვალი ჩაუკრა.
-სოფელში ვერ ვიცხოვრებ,-ხმადაბლა თქვა და მდინარის ჩასასვლელისკენ წავიდა.
ნუცამ და კნაჭამ ვასოს შეხედეს,კაცი ადგილზე გახევებულიყო.
მთელი ღონით ჭიმავდა ვასო კარავს ,სახე არეოდა და კისერზე ძარღვები დაბერვოდა.ხმა არ ამოუღია,სანამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა.
-ნუცა,დაუძახე შენს მეგობარს და ავიდეთ,-არც შეუხედავს ისე თქვა და თოფი მხარზე გადაიკიდა.
ბიჭები წინ უხმოდ მიდიოდნენ,მაგდა და ნუცა მათ ნაკვალევს მიჰყვებოდნენ.
-რას გაუფუჭე ხასიათი,აუცილებლად უნდა გეთქვა ეგ?-ბრაზობდა ნუცა.
-სიმართლე ვთქვი!-უკან არ იხევდა ქალი.
-და.. რომ მოგწონს?-წაკბინა.
-არ მომწონს,- რიხი აკლდა ხმას.
-გეტყობა,როგორ უყურებ და მის შეხებაზე რა ელეთ-მელეთი გემართება,-ენას არ აჩერებდა ნუცა.
მაგდა გაჩუმდა,მართალი იყო მისი მეგობარი და რა ეთქვა?
მზის შუქი გამოქვაბულის შესასვლელს ანათებდა,ცოტა სიღრმეში კარგად მოჩანდა თავდაყირა დაკიდული ღამურები,რომლებიც ადამიანების დანახვისას გუნდურად გამოიშალნენ.ქალის კივილი ექოდ გადაეცა ტყეს.მაგდას გადარეული სახის დანახვაზე ყველას სიცილი აუტყდა,კანკალებდა და თვალები აცრემლიანებოდა.გიჟივით გამოვარდა გარეთ ,ბალახებში ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა.
-ეხლა კი უკან მოუხედავად გაიქცევა ქალაქში,-იჭაჭებოდა კნაჭა.
ვასო თავზე დაადგა ქალს,ჩაიმუხლა და წყლის მათარა მიაწოდა,
-დალიე,-ხმა მოლბობოდა კაცს.
-არ მინდა,-გაჯიუტდა ქალი.
-დალიე,მეთქი,-ხმა გაუმკაცრდა და სახიდან ხელი ძალით ჩამოაღებინა.ცრემლები ლურჯ თვალებში ტბებივით ედგა,ცხვირი და ტუჩები აწითლებოდა ქალს.ვასოს გული შეუტოკდა,ლამის იქვე წასწვდა ქალს ბაგეზე.
მაგდამ ხელის კანკალით გამოართვა წყალი და ცოტა მოსვა.
-იცოდით და არ მითხარით?! წავიდეთ რა აქედან,-ამოისლუკუნა და კაცს ვედრებით შეხედა.
-კარგი,ადექი წავიდეთ,-კაცმა ხელი მოკიდა, წამოაყენა და გულზე ოდნავ მიიხუტა,ქალი არ გაძალიანებია.
კარვებისკენ გაუყვნენ ტყეს,გზა და გზა სოკოც მოკრიფეს და ლამაზი ყვავილებიც.
-სანამ ცეცხლს ავანთებთ,თუ გინდათ იბანავეთ,-ვასომ ფიჩხები ძირს დაყარა.
-გამოსაცვლელი არ მაქვს,-დაიჯღანა მაგდა.
-გამოსაცვლელი რად გინდა,კაციშვილი აქ არ არის,ჩვენ მაქეთ არ წამოვალთ და იჭყუმპალავეთ როგორც გაგიხარდებათ,ოღონდ ღრმად არ შეხვიდეთ,ზოგან ცუდი დინებაა,-დამოძღვრა კნაჭამ ქალები.
-წამოდი მაგდა,ქალაქში კი ვერ იბანავებ ასეთ სუფთა წყალში,-სიცილით გამოსდო მკლავი ნუცამ .
ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს და რომ მინელდა,ნაკვერჩხალზე მწვადებიც წამოაწვინეს.
-კნაჭა,ეგ სოკოებიც წამოაცვი ბარემ,კარგად ნახე,ღმერთმა იცის რა მოკრიფა ქალაქელმა,-თბილად გაეღიმა ვასოს.
-ჩელენტანო,მაგარი გოგოა მაგდა,ხელიდან არ გაიშვება,-ცერა თითით მდინარისკენ ანიშნა.
-სოფელი არ ნებავს,-ამოიოხრა.
-ისე გიყურებს,არ უნდა იყოს გულგრილი,-კაცის ხასიათის გამოკეთებას ცდილობდა.
-ჯერ პატარაა და ვნება ერევა,ვნება და სიყვარული სხვა და სხვა რამეა კნაჭა,-თქვა და შამფურები გადაატრიალა.
-რაღა პატარაა,ოცდასამი წლისაა..არაა,ისე გიყურებს ,რომ უკვე შენს ეზოში ვხედავ ქათმებს სიმინდს უყრის,-ორივე გულიანად იცინოდა.
სიცილი კივილის ხმამ შეაწყვეტინა ბიჭებს,ერთმანეთს შეხედეს და მდინარისკენ სირბილით დაეშვნენ.მეორე მხარეს გაეტაცა წყალს ქალები.ნუცას მაგდასთვის თმაში ჩაევლო ხელი და თვითონ ლოდს მოჭიდებული განწირული კიოდა,მოვარდნილი წყალი ძალას აცლიდა ორივეს.
ვასომ და კნაჭამ გიჟებივით დაიძრეს ტანზე და მდინარეში გადაეშვნენ.დინება იმდენად სწრაფი იყო,გაუჭირდათ ბიჭებს ადგილამდე მისვლა.მაგდა ნუცას ჩამოკიდებოდა კისერზე და გადარეულივით ატრიალებდა თვალებს,წყალი სახეზე სცემდა და სუნთქვა უჭირდა.ნუცას ტუჩები გალურჯებოდა და ქალის თმას მთელი ძალით ჩაფრენილი თავისკენ ექაჩებოდა.ვასო ძლიერად უსვამდა მკლავებს,რამდენჯერმე ჩაყვინთა კიდეც,ზვირთები ხელს უშლიდა.კნაჭაც სხარტად მოძრაობდა,არ ეპუებოდნენ დინებას.გოგოებს როგორც კი მიუახლოვდნენ,ლოდზე მოეჭიდნენ და სათითაოდ სტაცეს მკლავში ხელი.
-ნუ გეშინია!ნუ გეშინია!-უყვიროდა ვასო მაგდას და ნაპირისკენ მიათრევდა.
კნაჭას ნუცასთვის ჩაევლო ხელი და მთელი ძალით მიიწევდა წინ.
რიყეზე გულაღმა ეყარა ოთხივე და ძლივს სუნთქავდნენ,საცვლებით და აზღუდებით დარჩენილ ქალებს იმ წუთში სირცხვილიც გაქრობოდათ.
ვასო წამოჯდა და მაგდას დახედა,თვალები დაეხუჭა და სუნთქვა გახშირებოდა ,ქალის დაბურცულ მკერდს მზერა ვერ მოაცილა,ტანში რაღაც შეუძვრა და ძარღვები დაეჭიმა.თავი გააქნია და კნაჭას გადახედა.
-ზევით უნდა წავიდეთ,იქ ვიწროვდება და ადვილად გადავალთ,-წამოდგომა დააპირა,მაგრამ გაახსენდა თავადაც საცვლის ამარა რომ იყო და ისევ ჩაჯდა.

ნუცა წამოჯდა,ხელები სად დაეფარებინა,აღარ იცოდა.კნაჭაც ზანტად წამოიწია და ყველას რომ გადახედა სიცილი აუტყდა,აჰყვნენ ნუცაც და ვასოც.მაგდა ახლაღა მოვიდა გონს და მკერდზე იტაცა ხელი.
-დასანახი დავინახეთ,ტყუილად ნუ გრცხვენიათ,-უხერხულობის განმუხტვა სცადა კნაჭამ,ყველას გაეღიმა და ფეხზე წამოდგნენ.
ბიჭები წინ წავიდნენ,უკან უხერხულად აწურულები მიჰყვებოდნენ ქალები.მაგდა კაცის სხეულს მალულად ზვერავდა.განიერ დაკუნთულ მხრებს ლამაზად მიარხევდა ვასო,ქალის გული ბრუნებს აკეთებდა.
მდინარის გადასასვლელზე ვასოს კიდევ ერთხელ მოუწია ქალის მიხუტება,ფეხებში ლამის ძალა წაერთვა,შიშველ ტანზე რომ მიიკრა ქალის მკერდი,ოხვრა აღმოხდა.მაგდა ერთიანად კანკალებდა და კაცს ძლიერად უჭერდა ხელს.
ახლიდან მოუწიათ ცეცხლის ანთება და გაყინულ-გაწუწულები ზედ მიეფიცხნენ.
-ხათაბალა ხარ,შვილო,-იცინოდა კნაჭა და მაგდას მწვადის ნაჭრებს წინ უწყობდა.
-ჭამე,იქნება მოღონიერდე,-აგრძელებდა.
ნუცამ მარგოს გუდას მოხსნა პირი და ბოთლით არაყიც ამოაძვრინა,დედას პურებთან ერთად.

-ამას გვიმალავდი?-გაეცინა ვასოს და ბოთლი ხელში შეათამაშა.
-მე ვერ დავლევ,-მაგდამ ხელები გაასავსავა.
-ქორწილში მეორე ქვევრი გახსნა ნიკოლოზამ შენს გამო,იმდენი დალიე და ეხლა აღარ სვამ?-იცინოდა ნუცა.
-ცოტა დავლიოთ ყველამ,-ვასომ მაგდას გადახედა.
დალიეს კიდეც და კარგადაც მოილხინეს,გადარჩენისა აღნიშნეს.ვასომ გიტარასთან ერთად ყველა აამღერა,სასმელი მოეკიდათ ,ხუმრობდნენ და იცინოდნენ.ისე დააღამდათ ვერ გაიგეს.
-მეძინება,-ნუცამ ხელი აიფარა პირზე, დაამთქნარა და ფეხზე წამოდგა.
-დავწვეთ,-კნაჭასაც თვალები ეხუჭებოდა.
-მაგდა,შენ დარჩი ცოტა ხანს,-უთხრა ვასომ და კნაჭას რაღაც ანიშნა.

ნუცაც და კნაჭაც კარვებში შეძვრნენ და ელვა ბოლომდე ასწიეს.
ვასო ქალის მხარეს გადაჯდა,მკლავები მუხლებზე დაიწყო და ტყის სიღრმეს თვალი გაუსწორა.მაგდა აწრიალდა.
-დამშვიდდი,-არ მიუხედავს ქალისთვის ისე უთხრა.
-მაგდა,-მძიმედ დაიწყო,-შენ თვითონაც ხვდები,რომ მომწონხარ,შენც იგივეს გატყობ,-გაეღიმა.
-მე..,-რაღაცის თქმა დააპირა მაგდამ,ვასომ ტუჩზე თითის მიდებით შეაწყვეტინა.
-ჩშშ,ჯერ მე მომისმინე,-უფრო ახლოს მიიწია ქალისკენ.

-ქალის და მამაკაცის ურთიერთობა მოწონებით იწყება,ეს უკვე ის მარცვალია,რომელსაც თუ ხშირად მორწყავ,გაიზრდება და დიდ სიყვარულს გამოსხამს.მე შენთან ერთად მინდა ეს მარცვალი გავზარდო,თუ გინდა ეხლა არაფერი მითხრა,იფიქრე და შენს თავში რომ დარწმუნდები ,ან მარცვალი გაანადგურე,ან წყალი დაასხი,მე მოთმინებით დაგელოდები,-თქვა და წამოდგა.
-დავისვენოთ ეხლა,-ქალს თმაზე დაუსვა ხელი.მაგდა გახევებული იჯდა,მოწოლილ ცრემლებს თვალები დაებინდათ.
-მაგდა,-ჩაიმუხლა ვასომ და გაუღიმა,
-არ იტირო,-ფეხზე წამოაყენა და გულზე მიიხუტა,ქალის სხეული კრთოდა.ტუჩები თმაზე შეახო და გაყუჩდა.მაგდა არ განძრეულა.ვასომ ტუჩები საფეთქელზე ჩამოაცურა და ახლა იქ დააწება.ქალის მხრიდან წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო,კისერზე ჩავიდა ნაზი კოცნით.მაგდა მიეხუტა და ჩუმი კვნესა აღმოხდა.ვასოს თითქოს დენმა დაარტყა,მკლავები ძლიერად მოუჭირა და ქალს ტუჩის ნაპირთან აკოცა.მაგდას ძალა ეცლებოდა,კაცზე დაყრდნობილს თვალები დაეხუჭა და კისერი უკან გადაეგდო.
-მაგიჟებ,-აღმოხდა კაცს და ქალის ბაგეს მომთხოვნად დაეუფლა.გიჟებივით კოცნიდნენ ერთმანეთს,ქალის ტანზე ძლიერად დაატარებდა თავის მკლავებს.მაგდა მოდუნებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა.ვასომ ნელ-ნელა ბალახზე დააწვინა და ქალს ზემოდან მოექცა.მკერდი გადაუღეღა,ცოტა ხანს დააკვირდა,ქალი ჩუმად კვნესას განაგრძობდა,სისხლის მოზღვავება იგრძნო კაცმა და მკერდის თავს მოწყურებულივით დაეწაფა. უცებ შეჩერდა,თავი გაიქნია და ქალის ტუჩებთან აიწია,
-მაგდა,ეხლა რომ არ გავჩერდე,მეშინია სანანებელი არ გაგიხდეს,-უჩურჩულა და ნაზად დაუკოცნა ცხვირ-პირი.ქალი თითქოს გამოფხიზლდა,კაცს თვალებში ჩააჩერდა,ნელა წამოდგა და ფეხარეული წავიდა კარვისკენ.
ვასო ცეცხლთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
***

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები