ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2020


"ჩელენტანო" (დასასრული)

ჩიტების ჭიკჭიკი ტყეს აღვიძებდა.კარვებიდანაც გამოიშალნენ და წასასვლელად მზადება დაიწყეს.ცხენები მშვიდად მიუყვებოდნენ გზას,ვასო ქალის ზურგს აკრული და კნაჭა კი ნუცასთან მოკამათე.
-კნაჭა,მიიწიე უკან,ცხენის კისერზე ვზივარ უკვე,-ბობოქრობდა ნუცა.
-სად წავიდე გოგო,კუდზე ხომ არ ჩამოვეკიდები?-არ რჩებოდა ვალში.
მაგდა ხმას არ იღებდა,ვასომ რამდენჯერმე გააპარა ტუჩები მის კისერზე და ქალის გაკანკალებაზე ეღიმებოდა.
სოფელს,რომ მიუახლოვდნენ ბიჭები ჩამოქვეითდნენ და ფეხით გამოუყვნენ.
ვასომ ხევთან ჩამოსვა მაგდა,ახლოს მიიზიდა ქალი და სახეზე ხელის ზურგი დაუსვა.
-დაგელოდები,-შუბლზე აკოცა და გატრიალდა.

სახლში შესვლისთანავე ნუცა დაეტაკა მაგდას.
-რა მოხდა თქვენს შორის,რაზე ისაუბრეთ?
-ნუცა,თბილისში უნდა წავიდე,-მოულოდნელი იყო პასუხი.
-რა გითხრა ამისთანა?-გაოცებული ჩამოჯდა.
-მეშინია,რომ შემიყვარდება,უნდა დავივიწყო,-ცრემლები მორეოდა.
-გაგიჟდი?-ფეხზე წამოხტა და ახლოს დაუდგა.
-იმდენად მითრევს თავისკენ,რომ ვერ ვეწინააღმდეგები,უნდა გავეცალო,-გადმოყარა ცრემლები.
-ვერაფერი გავიგე,თუ მოგწონს და ხვდები,რომ სიყვარულიც გეპარება,რატომ კრავ ხელს?-ხელსახოცი მიაწოდა.
-სოფელში ვერ გავთხოვდები და იმიტომ,სჯობია ახლავე დამთავრდეს ყველაფერი,-ნიკაპი აუკანკალდა.
-რა სულელური მიზეზია,სოფელში რა.. ხალხი არ ვცხოვრობთ თუ რა ხდება?-გაბრაზდა ნუცა.
-მე ქალაქში დავიბადე,ნუცა,რატომ არ გესმის,გამიჭირდება შეგუება,ის კი იქ არ წამოვა,აქ აქვს სამსახური,სახლი,-ხელებს შლიდა.
-კარგი მაგდა,როგორც გინდა,მერე არ ინანო იცოდე,შენ იმდენად მოგეწონა ვასო,რომ ყველა კაცში მას დაუწყებ ძებნას და,რომ ვერ იპოვნი მერე მიხვდები შენს შეცდომას,-დანანებით გაიქნია ნუცამ თავი და ოთახიდან გავიდა.
***
მზე გორებს იქით ჩაიძირა და ასპარეზი მთვარეს დაუთმო.მთელი დღის დასიცხული ბუნება სულს ითქვამდა.ვასო ტახტზე პირქვე გაწოლილიყო და მშვიდად ჩასძინებოდა.
-ვასო!-გარედან იძახდა ვიღაც.
-რომელი ხარ?-ლალი აივანზე გადადგა და ჭიშკრისკენ გაიხედა.
-ლალი დეიდა,კნაჭა ვარ,ვასო სად არის?
-სძინავს შვილო,რა მოხდა,შემოდი?-შეშფოთდა ქალი.
კნაჭა სახლისკენ დაიძრა და კარში გაფითრებული შევიდა.
-რა დაგემართა შვილო?-შეშინებულმა გახედა.
-არაფერი,ვასოსთან მაქვს საქმე,-პირდაპირ ტახტისკენ გაეშურა.
-ვასო! გაიღვიძე!-შეაჯანჯღარა.
-მმმ,რა გინდა კნაჭა?-თავი ასწია და გაბრუებულმა შეხედა.
-მაგდა წავიდა!-მეხივით გავარდა.
გიჟივით წამოხტა ფეხზე და მხრებში ეცა ბიჭს,
-რა თქვი?-კბილებში გამოცრა.
-მაგდა წავიდა,ნუცამ მითხრა,- ხმა ეპარებოდა.
ვასო მთვრალივით გავიდა გარეთ,თავზე ხელები შემოეჭდო და ძლიერად უჭერდა,ყურებში გუგუნს გრძნობდა,ვერ წარმოედგინა,რომ ქალი ასე უპასუხოდ წავიდოდა.“წუხელ თავი რომ არ შემეკავებინა,თანახმა იყო ჩემი გამხდარიყო“-ფიქრობდა,ტვინში აერეოდა ყველაფერი.ხის ძირში ჩამოჯდა,თავი მიაყრდნო და თვალები დახუჭა.კნაჭა უხმოდ გადასცდა გალავანს.
***

მზეს თბილისი დაეპყრო,ძლიერად მოეხვია მწველი სხივები და გაშვებას არ უპირებდა.ვაკის პარკში,შადრევანთან ბავშვები ირეოდნენ,გრილი წყლით ცდილობდნენ სიცხისგან თავის დაღწევას.მაგდა ხის სკამზე დამჯდარიყო,ფეხები მუხლებში აეკეცა და შუბლი ზედ ჩამოეყრდნო.დრო და დრო საჩვენებელ თითს მორიგეობით ისვამდა თვალებზე,ცრემლს დაენამა ქალის სახე.“გადამივლის,გადამივლის“-აჯერებდა თავს და ჩუმად ბუტბუტებდა.
-დახმარება ხომ არ გჭირდებათ?-მხარზე მსუბუქი შეხება იგრძნო და თავი ასწია.სიმპათიური ბიჭი ადგა თავს და კითხვის ნიშნიანი თვალებით შესცქეროდა.
-არა,გმადლობთ,-ხელი გააქნია.
-კარგი,-ბიჭი გაბრუნდა.
მაგდამ ისევ ჩარგო თავი და ფიქრებში ჩაიძირა.გაახსენდა წვიმაში როგორ წაიქცა,როგორ გადაიკიდა ვასომ მხარზე და როგორ გადაუყარა ფეხსაცმელები.სიცილ-ტირილი ერთმანეთში ერეოდა.იმ ღამის გახსენებაზე ,ლამის რომ დანებდა კაცს,ჟრუანტელმა დაუარა.გონებაში კინოს კადრივით უტრიალებდა ყველა წუთი და წამი.ახსოვს კაცის სახე ,მდინარეში როგორ მიიწევდა მაგდას გადასარჩენად,მერე როგორ აიხუტა ქალი და გაათრია ნაპირზე,როგორ ეყარნენ შიშვლები რიყეზე და დარცხვენილები როგორ მისდევდნენ უკან.
ხელის შეხებამ ისევ გამოარკვია,გვერდით ვიღაც მიჯდომოდა.თავი ასწია და ისევ ის ბიჭი შერჩა ორი ნაყინით ხელში.
-გამომართვი,-გაუწოდა ბიჭმა და თავის ნაყინს ენა გაუსვა.
-არ მინდა,-გაკვირვებული ხმა ჰქონდა მაგდას.
-გამომართვი,გამომართვი,-ეღიმებოდა ბიჭს და ხელში ძალით მიაჩეჩა.
-მე ერეკლე ვარ,-ჭიქის ნაყინს ქერქი მოაწიწკნა.
-მაგდა,-ხმადაბლა უთხრა და გამოწვდილი ნაყინი გამოართვა.
-ძალიან ცხელა მაგდა,ცოტა გაგრილება არ გვაწყენდა,ჭამე,-წარბები ასწია და ცივ ნუგბარს ენა მოატარა.
-სად სწავლობ?-შეათვალიერა ქალი.
-დავამთავრე უკვე,-დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა.
-კარგია და რა სპეციალობა გაქვს?-არ ეშვებოდა.
-მუსიკოსი,სარაჯიშვილი დავამთავრე წელს,-მაგდამაც გაბედა ნაყინის გასინჯვა.
-ოო,დიდებულია!-აღფრთოვანდა ბიჭი.
-შენ?-ზრდილობა გამოიჩინა.
-მე უკვე ვმუშაობ,სტომატოლოგი ვარ,-გაიცინა და ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა.
-ჯერ არ მჭირდები,-გაეღიმა მაგდას და წამოდგა,-ბოდიში,უნდა წავიდე,მადლობა ნაყინისთვის,-კიბისკენ წავიდა.
-გაგაცილებ,-აედევნა ერეკლე.
-როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა ქალმა.
****

შემოდგომა ვაზის ტალავერებს ტანს შემოხვეოდა და მძივებივით ასხმულ ნაყოფს უმწიფებდა.სოფელი რთველისთვის ემზადებოდა.
-ვასო,რამდენი დღე დარჩები ქალაქში?-ლალის როდინი დაედგა ფეხებთან და სიმინდს ამტვრევდა.
-ზეგ ჩამოვალ დედა,ვენახს უნდა მივხედო,- ძაღლს ძვლები გადაუყარა.
-იმ გოგოსი არაფერი ისმის?-ფრთხილად შეაპარა.
ვასოს ხმა არ ამოუღია,კიბე მოქუფრულმა აიარა.ლალიმ თავი გააქნია,ხედავდა როგორ მისცემოდა შვილი დარდს.რაც იქ ქალაქელი წავიდა,წესიერად არც ჭამდა და არც ეძინა,მუდამ გაღიზიანებული დადიოდა.ამოიოხრა და სიმინდს ქვა დაუშინა.

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ უამრავი ხალხი ირეოდა,წარმოდგენის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩენილიყო.
-მაგდა,აქ არის ჩვენი ადგილები,-ერეკლეს ხელი ჩაეკიდა ქალისთვის და სკამების წინა რიგისკენ მიჰყავდა.მაგდას გული უცნაურად უხტოდა, ყელზე ხელის ჩამოსმით ცდილობდა მღელვარება დაეფარა.
-ცუდად ხომ არ ხარ?,-შეამჩნია ბიჭმა.
-არა,ცოტა ჩახუთული ჰაერია,გამივლის,-მოიტყუა.
სცენის ფარდის აწევას,ხალხის ოვაციები და ტაში მოჰყვა.კონცერტის გახსნა პატარა მოცეკვავეებმა ითავეს,მუხლებით შემოიარეს სცენა და ცენტრში ფეხებგაჭიმულები დადგნენ,იყო შეძახილები და დარბაზიდან სტვენა.პატარების დანთებულ ცეცხლს ,მოცეკვავეების მეორე პარტია შეუერთდა.ნიჭიერი ბავშვები ერთი მეორეს ცვლიდნენ,მუსიკის ტალღებს მაყურებელიც აჰყოლოდა მხრების თამაშით.
როდესაც სცენაზე ნაცნობი სახე გამოჩნდა,მაგდას სუნთქვა შეეკრა და ხელები მძლიერად მოუჭირა სკამის სახელურებს.ვასომ ღიმილით მოავლო თვალი დარბაზს და მაყურებელს თავი დაუკრა. აკორდების აჟღერებაზე ქალს მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა,ისე ლამაზად დააცურებდა ხელებს სიმებზე და ტკბილად აყოლებდა ხმას,მაგდას თვალთ დაუბნელდა.ისეთი მონატრება იგრძნო ,გული ყელში მიებჯინა,ჰაერი აღარ ჰყოფნიდა,ვეღარაფერს ხედავდა,გიჟივით წამოხტა და გასასვლელისკენ გაიქცა,უკან მიჰყვა დაბნეული ერეკლე.ხალხის ყურადღებაც მიიპყრო.არც ვასოს თვალს გამორჩენია,წამიერად შეავლო თვალი და იცნო,ისიც დაინახა უკან ვიღაც ბიჭი როგორ გაედევნა ქალს.გული შეეკუმშა,ძლივს ჩაამთავრა ნომერი,დარბაზის ტაში სადღაც შორიდან ჩაესმოდა ყურში.
-მაგდა,რა დაგემართა?-ერეკლეს შეშფოთებული სახე ახლოს დაეხარა ქალთან,რომელიც იქვე კიბის საფეხურზე დამჯდარიყო და სახეზე ხელები აეფარებინა.
-სახლში წამიყვანე,-ჩუმად ჩაილაპარაკა.
*სოფელში რთველი გაჩაღებულიყო,ყურძნით დატვირთული ურმები ,ჭრიალით მიირწეოდნენ.თავწაკრული ქალები გულმოდგინედ კრეფდნენ ვაზს,იყო ენაკვიმატობა და სიცილი,ბოლოს გაშლილი სუფრა და ზედ წამოგორებული მწვადები.
-ვასო,მარიკას გოგო ჩამოსულა,რა კარგი დამდგარა,არ გინახავს?-ლალი ამოუდგა შვილს გვერდში.
-არ მინახავს!-შუბლშეკრულმა მაკრატლით გადაჭრა მტევანი.
-გენახა,ლამაზი გოგოა,-ფიქრებიდან შვილის გამოყვანა სცადა.
-დედა!-შეუბღვირა და ყურძნით სავსე რკინის სათლს ხელი დაავლო.
-როდემდე უნდა იყო მასე? დაივიწყე ,კარგი გეყოფა!-ხმას აუწია.
ვასომ უხმოდ აუარა დედას გვერდი და ვენახის თავში წავიდა.
**
ზამთარს სუსხი მოეტანა და ქალაქს თეთრ სამოსს აცვამდა.ახალ წლამდე ორი დღე იყო დარჩენილი,ბაზარსა თუ სურსათ სანოვაგე მაღაზიებს ხალხი შესეოდა და სუფრისთვის ათას პროდუქტს არჩევდა.
მაგდა მობუზული იწვა საწოლში და ციებანივით კანკალებდა.საწოლის კიდეზე ნუცა ჩამომჯდარიყო ჩაფიქრებული.
-მაგდა,შეცდომას უშვებ!-მკაცრი იყო მეგობრის ხმა.
-უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია,ზეგ მოდის მშობლებთან ერთად,-ამოიკრუსუნა.
-რომ არ გიყვარს?!-ფეხს აჭერდა.
-შემიყვარდება,-თქვა მობეზრებულად.
-სულელი ხარ მაგდა,სულელი!-აიფოფრა ნუცა.
-კარგი,შენ ნუღარ მიმატებ,-ტირილის პირას მისულიყო.
-სხვა გიყვარს და სხვას მიჰყვები,გოგო?! მთელი ცხოვრება დაიტანჯები,არ მესმის შენი!ვასო ძალიან შეიცვალა,არავის ელაპარაკება,დაგინახა მაშინ დარბაზში და ისიც დაინახა როგორ გამოგეკიდა ერეკლე,კნაჭამ მითხრა.იმის შემდეგ დადუმდა კაცი,გონს მოდი!-მეგობრის თვალის ახელას ცდილობდა.
-ნუცა!
-რა ნუცა? რა ნუცა? შეგჭამს მასზე ფიქრები.კაცს,რომელზეც თანახმა იყავი დანებებოდი შუა ტყე-ღრეში,მის დანახვაზე და შეხებაზე ერთიანად დნებოდი,ამის შემდეგ შენ სხვა კაცს შეიყვარებ?! ვასო გიყვარს,შეუშვი მაგ ტვინში!-გაცხრდა ნუცა და მაგდას თავში ჩაუკაკუნა.
***

ახალი წელი ზარ-ზეიმით შემოიჭრა სოფელში.თოფების ხმას ძაღლები ყეფით და ყმუილით შეუერთდნენ.მეკვლეს გზა გაეკვალა თოვლში და ტკბილეულით დატვირთული მისალოცად მიაბიჯებდა.
-ჩელენტანო!-კნაჭა ჭიშკარში შევიდა.
ვასომ კარი გამოაღო.
-ჩელენტანო,ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა,ახალ წელს გილოცავთ!-ჩაურაკრაკა ბიჭმა,ღიმილით შეაბიჯა ოთახში და კანფეტები შეყარა.
-მოდი კნაჭა,მოდი,მეც გილოცავ!-გადაეხვია მეკვლეს და მხარზე ხელი დაუტყაპუნა.ლალის გოზინაყით სავსე თეფში მიაჩეჩა და მაგიდასთან მოკალათდა.
გაშლილი სუფრა ნაირ-ნაირი შემწვარ-მოხრაკულით იწონებდა თავს.
დილამდე ისხდნენ ბიჭები,ზაფხულის დღეებიც გაიხსენეს და ვასოს დადარდიანებული გული ღვინოში აბანავეს.ბოლოს კნაჭა ბანცალით და სიმღერ-სიმღერით გაუყვა გზას.
მთელი დღე თავი ვერ ასწია ვასომ,საწოლში საბანში გადახვეულს თვალები დაეხუჭა და ძილ-ღვიძილში ნებივრობდა.
-ვასო,ადგები? ელიკომ და შოთამ გადაგვიპატიჟეს,-თავს წამოადგა ლალი და შეანჯღრია.
-მმმ..არა,-ოდნავ აიწია და გვერდზე გადაბრუნდა.
-ეეჰ,-ხელი ჩაიქნია ქალმა და გავიდა.

გვარიანად ბარდნიდა,ხეებს თეთრი ღრუბელივით დაედო თოვლი,სუფთა ჰაერი ცხვირში უძვრებოდა სულიერს და ფილტვებში დაუკითხავად დასრიალებდა.
ლალი ხელდამშვენებული გაემართა ჭიშკრისკენ,მეზობლები უნდა დაეფასებინა.
კარს ურდული გამოუწია და გამოხსნა. კარს იქით ასვეტილმა სხეულმა სახტად დატოვა ადგილზე ქალი.
-ჩამოხვედი?-გაოცება და სიხარული ერთიანად აღებეჭდა .
-ჩამოვედი,ლალი დეიდა,-თავი ჩაეღუნა სტუმარს.
უხმოდ მიიხუტა ქალი გულზე და მოწოლილი ცრემლები გადაყლაპა.
-შედი, წევს,- ბედნიერებისგან სახე ანთებულმა ქალს სახლისკენ უბიძგა.

ოთახში ფეხაკრეფით შეიპარა მაგდა,კაცს ჩუმად დააკვირდა,საწოლზე უხმაუროდ ჩამოუჯდა.
-ჩელენტანო,-მხარზე სუსტად უბიძგა.
ვასო შეიშმუშნა,გადმოტრიალდა და ქალს შუბლშეკრული დააკვირდა.მაგდა ოდნავ შესამჩნევად იღიმოდა.კაცი წამოჯდა,სახე ნელ-ნელა გაუნათდა და პირი გახსნა,ხელი მაგდას სახისკენ წაიღო,ნაზად დაუსვა,მხარზე ჩამოაცურა,უცებ დაავლო მკლავში ხელი და ტანსაცმლიანად შეითრია საბნის ქვეშ.გულზე უხმოდ მიიხუტა და გაყუჩდა.

-ჩელენტანო,მიყვარხარ!-ქალმა ღიმილით ჩაიჩურჩულა კაცის კისერში.

დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები