ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
13 სექტემბერი, 2020


"სხვისი ცოლი" (ნაწილი |)

მთის კალთაზე შეფენილ ცხვრის ფარას ჯიშიანი ნაგაზები დასდგომოდნენ დარაჯად.გარშემო უვლიდნენ და მახვილი თვალით მიდამოს ზვერავდნენ.წვრილფეხი მშვიდად წიწკნიდა ხასხასა ბალახს.იქვე,ხეების ჩრდილში მწყემსებს მწვანე მოლზე გაეშალათ სუფრა და მსუბუქად ნაყრდებოდნენ.მაღლობიდან წამოსულ ნიავს ბუნების მძაფრი სურნელი მოჰქონდა.
-ნასყიდ,ბექამ დაიგვიანა ამოსვლა,ბატკნებს ხომ არაფერი სჭირთ ნეტა?-ბერდომ საჭმლით პირგამოტენილ კაცს გახედა.
-სუსტად კი იყვნენ წუხელ,ჩადი აბა, დახედე,-ლუკმას სირჩა არაყი მიაყოლა.
-კარგი ბიჭი კი გამოდგა,ტყუილად ვუარობდით,-მიწაზე ხელის დაყრდნობით წამოდგა მამაკაცი.
-ეგ რომ არა,სულ დაგვეხოცებოდა ცხვარი,-დაეთანხმა ნასყიდა და ქორფა კიტრი მარილში ამოავლო.
-ქალაქელის კვალობაზე კარგი ამტანი კი ჩანს,შარშან ბერიკას რომ გაუგზავნეს ერთი ვეტექიმი,ხომ გახსოვს?-მინდორზე გაწოლილმა გოგიამ მეჩხერი კბილები გამოაჩინა.
-როგორ არ მახსოვს,იქით გაუხდათ მისახედი,-ახორხოცდა კაცი.
-აბა კაცო,-აჰყვა სიცილში.-მოხალისეო და სულ დაკარგა ყველაფრის ხალისი,უკანმოუხედვად გარბოდა.
-ჩვენი ბექა მაგარია ,ის კი არა,იმ დღეს ამბობდა თქვენს სოფელში უნდა დავსახლდეო,-კმაყოფილმა ჩაიღიმა და არყის ბოთლს თავსახური მოუჭირა.
-კარგს იზამს,სოფელს ერთი ვეტექიმი ხომ უნდა გვყავდეს,დავაქორწინებთ კიდეც,მშვენიერი ვაჟკაცია,წაეხვევიან ჩვენი გოგოები,ვინ გაუშვებს მაგას ხელიდან,-დასტურის ნიშნად თავიც დააქნია.-ეჰ,წავედი,წავედი მალე ამოვალ,მერე ჩავრეკოთ და დავაბინავოთ,-ბერდო ფერდობისკენ დაიძრა.

საძოვრებისგან შორიახლოს წვრილფეხისთვის სადგომები გაემართათ ,მეცხვარეებს პატარა ფიცრული თავისთვისაც მოეწყოთ და შიგნით ხისგან შეკრული ოთხი საწოლი დაედგათ,რომლებზეც უხეიროდ ეყარა ცხოველის ტყავისგან შეკერილი უმკლავო მოსაცმელები.კუთხეში, მორყეულ მაგიდაზე გაფენილ გაზეთზე პურის და ყველის ნარჩენები ეყარა.გამჭვირვალე ჭიქებს,რომლებსაც ნათითურები კარგად დატყობოდა,ზედ ბურნა ეხვეოდა.
საშუალოზე ოდნავ მაღალი მამაკაცი,რომლის სახესაც მზე კარგად ჩაჯდომოდა ,დინჯი ნაბიჯით ფიცრულში შევიდა და დახვედრილ სიბინძურეს ზიზღით გადახედა. მაგიდიდან ნაგავი მოხვეტა და ჭიქებთან ერთად გარეთ გაიტანა.
-ბექა,როგორ არიან წუხანდელები?-ბერდო წამოადგა თავს.
-გადავრჩით,-დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა და ჭუჭყიანი ჭიქები ჯამში ჩააწყო.
-ოქრო ხარ,ოქრო,-ღიმილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი.-შენ რომ არა,სულ გაგვიწყდებოდა.
-წამალი მითავდება,უმაგისოდ ვერაფერს შევძლებ,გოგია გავგზავნოთ სოფელში,-უძილობისგან ჩაწითლებული თვალები დააწვრილა.
-მარტო გოგიას გაშვება არ იქნება,შენც გაყევი,თან უკეთესად იცი რაც გჭირდება,სამ დღეში ამობრუნდებით,ცხენები კარგი გვყავს,-საძოვრად გაშვებულ ბედაურებს გადაავლო თვალი.
-მერე აქ ვინ მიხედავს?-გაკვირვებულმა შეხედა.
-შენა კაცო,მართლა უნდილები ხომ არა გგონივართ?სულ მარტო არ ვეწევით ამ ჭაპანს?-იწყინა.
-ბერდო,ჭირია მოდებული,იმიტომ გამომგზავნეს,ცხვარი გაწყვეტის პირასაა,ცუდად არ მითქვამს,-გაუღიმა.
-ჰო,ვიცი,ვიცი,ამ თუშურის იმედი მაქვს,იქნება გაუძლონ როგორმე,-უკან დაიხია.
-ყველაფერს გავაკეთებ,წამალს ამოვიტან და მივხედავ,არ იდარდო,-ამოიოხრა და ფიცრულში შებრუნდა.

***
აგვისტოს სიცხეს ტევრში ვერ შეეღწია და გარშემო უვლიდა, თუ კი რამეს სწვდებოდა ირგვლივ,ხვათქს ადენდა.
-ჭალას გვერდი უნდა ავუქციოთ და მუხრანზე გადავიდეთ,იქიდან ახლოსაა სოფელი,-გოგიამ ულვაშზე ხელი გადაისვა და ხის ძირში ჩამომჯდარ ბექას გახედა.
-გვარიანად კი დავიღალე,-ოფლი გასდიოდა ვეტერინარს.
-ეე,მიუჩვეველი ხარ,აი,თუ დასახლდი ჩვენსა,მერე კი გაგიმაგრდება მუხლი,-სიცილი დააყარა.
-გადაწყვეტილი მაქვს,ძალიან მომწონს აქაურობა,-მზერა მოატარა ირგვლივ.
-აბა,თქვენი გახრიოკებული ქალაქი ვის რად უნდა,რასა სჭამთ კაცმა არ იცის,აქ ყველაფერი ნატურალურია,ჯერ მარტო ჰაერი რად ღირს,-ნეტარი სახით ღრმად ჩაისუნთქა.
ბექას ეღიმებოდა.რაც უნივერსიტეტი დაამთავრა მას შემდეგ ეძებდა სადმე რაიონში სამუშაოს,ქალაქს ვერ ეგუებოდა,გული ბუნებისკენ მიუწევდა.მშობლებს მისი გადაწყვეტილება მაინც და მაინც არ მოეწონათ,მაგრამ შვილის ნებას წინ ვერ აღუდგნენ.როდესაც შესთავაზეს მოხალისედ წასვლა მწყემსებთან ერთად,არც კი დაფიქრებულა,ისე განაცხადა თანხმობა.
-გოგი,ახლა რომ ჩავალთ,გაიკითხე აბა,ერთი ოთახიც რომ იდგას მაწყობს,ოღონდ ეზო იყოს დიდი.
-იქნება,შენ მაგაზე არ იდარდო,სახლიც იქნება და კარიც,კარგი გოგოც ჩვენზე იყოს,-ახორხოცდა.
-ჯერ მაგისთვის არ მცხელა,-ხელით დაცვარული შუბლი ჩამოიწმინდა.
-იმისთანა გოგოები არიან,მალე დაგცხება,-საგზლის ფუთას პირი მოხსნა და ბალახზე გაშალა.
ბექამ სიცილით გააქნია თავი და გოგიასთან ახლოს გადაჯდა.
---
ცას უკვე ბინდი ეკვრებოდა როდესაც სოფელს მიუახლოვდნენ.მგზავრობისგან დაღლილებს საუბრის ხალისიც დაკარგვოდათ და უხმოდ გალიეს დარჩენილი გზა.ეზოს ჭიშკართან ცხენები შეაყენეს და ჩამოხტნენ.კარში გამოჩენილმა ტანმორჩილმა ქალმა შეცბუნებულმა გადახედა ორივეს.
-ხომ მშვიდობაა ,გოგიავ?
-არის და არც არის,-ბედაურს ხურჯინი ჩამოხსნა და ქალს მიუახლოვდა.-კარგი ნანა,ნუ იცი ეგრე დაფეთება,წამლისთვის ჩამოვედით,-გაუღიმა და ხელი მოხვია.
-მოდი ბექა,შემოდი,-სტუმარს მოუბრუნდა და ეზოსკენ ხელით ანიშნა.
სახლიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა და გოგიას კისერზე ჩამოეკიდა.
-მამა!
-ვაჰ,როდის ჩამოხვედი შე ჭინკა?-გაუხარდა მამაკაცს და ქალიშვილი ჰაერში დაატრიალა.
-დღეს დილით,-აკისკისდა და უცხო კაცის დანახვაზე დაიმორცხვა.
-ბექა,გაიცანი ეს ჩემი გოგოა,-სიყვარულით სავსე თვალებს არ აშორებდა.
-ბექა,-ხელი გაუწოდა ღაწვებშეფარკლულს და გაუღიმა.
-დალი,-მხიარულად გაეცნო.
-მოდით,სანამ მოწესრიგდებით,გავამზადებ სუფრას,მშივრები იქნებით,- დაფაცურდა ნანა.
სავახშმოდ მომზადებულ მაგიდას მასპინძლები სტუმრიანად მიუსხდნენ და მადიანად მიირთვეს ცივად მოხარშული დედალი.დალიმ რამდენჯერაც თვალი გააპარა ბექასკენ,იმდენჯერ გამოიჭირა კაცმა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-ხვალ დილით,ვალოდასთან გავიდეთ,იმას თუ არ ექნება,რაიონში მოგვიწევს წასვლა,-გოგიამ საქმიანი იერით გახედა ბექას.
-ხო,დროზე უნდა ვიყიდოთ და მივბრუნდეთ,თორემ სასწორზე დევს ეგ საქმე,-იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
-ნანა,ბექა აქ აპირებს ცხოვრებას,სახლი უნდა რომ იყიდოს,ჩვენს წინ ესმას დაელაპარაკე აბა,ეგ აპირებდა რაღაცას.
-ვკითხავ გოგი,-თავი დაუქნია.-თან კარგი ეზო-ყურეა,ხელიდან არ გაიშვება.
-გადამრევენ კაცო,სოფელსა ჰყიდიან და ქალაქში მიიბარგებიან,აბა ეხლა მაგათ ჭკუა აქვთ?-გოგიამ ხელი აატრიალა.
-შვილები იქ წავიდნენ და გამოყრუვდა მარტო ქალი,არ გაემტყუნება,ისინი აქეთ აღარ მოდიან და..-გამართლება მოუძებნა ნანამ.
-ეჰ,დრო მოვა და ქალაქიდან ყველა აქეთ გამოიქცევა,დაიხსომე,-თავის კანტურს მოჰყვა.
-რომელი სახლია?-დაინტერესდა ბექა.
-აი,გზის გადაღმა,კაკლები რომ უდგათ ბევრი.რას აფასებდა?-ისევ ცოლს მიუბრუნდა.
-არ ვიცი,ცხრაჯერ შეცვალეს ფასი,მყიდველი არ უჩანთ.
დალი ჩუმად იჯდა და ლაპარაკში გართულ ბექას ზვერავდა.“რა ლამაზი თვალები აქვს,ცხვირიც“-გონებაში უქებდა სახის მოყვანილობას.
გარედან ჩხუბის ხმა მოისმა,რომელსაც ქალის ტირილი და მუდარა შეუერთდა.სუფრასთან ოთხივე გაშეშდა და ერთმანეთს გადახედეს.
-ის უვარგისია,ქრისტინეს სცემს ისევ,მოკლა საცოდავი გოგო,ჯერ ერთი თვეა რაც მოიყვანა და ერთი დღეც არ აჩვენა მშვიდი,-ნანა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.ხმაური და ჩოჩქოლი უფრო გაძლიერდა,მეზობლებს თავი მოეყარათ და ვიშვიშებდნენ.გოგია მძიმედ წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა,ბექაც უკან მიჰყვა.
-რას დაგიღიათ პირი?!-შეკრებილ ხალხს დაუყვირა კაცმა და ხმაურის მხარეს გაემართა.
ძირს ეგდო ქრისტინე.ზემოდან ჩაწითლებული თვალებით დასდგომოდა სოსო და უმოწყალოდ ურტყამდა.ქალს ცხვირ-პირიდან ერთიანად გასდიოდა სისხლი და ტირილით იხვეწებოდა,თავი დაენებებინა მისთვის.კაცი სასმლის სუნად ყარდა,ისე იყო გავეშებული არაფერი ეყურებოდა,მუშტებთან ერთად წიხლებსაც იშველიებდა.
გოგია შიგნით შევარდა და სოსოს ქეჩოში სტაცა ხელი.
-რას აკეთებ?!-უღრიალა და მთელი ძალით დააჯანჯღარა.ზღურბლზე შემდგარი ბექა გაოგნებული უყურებდა.
-შენ ვინ გეკითხება,შენი დედაც..!-შეიგინა სოსომ და მოულოდნელად კაცს მთელი ძალით შემოსცხო.გოგია განზე გადავარდა,მაგიდის კიდეს თავი ჩამოჰკრა და იატაკზე გაიშხლართა.
გალეშილმა მხეცივით მოატარა თვალები და კარში გახიდული უცხო კაცი რომ დაინახა,უარესად გაცოფდა და მისკენ გაიწია.ბექამ კბილები გააჭრიალა და წარბებქვეშ თვალების ტრიალით თითები მომუშტა.მოახლოვებულ კაცს ყბაში ძლიერად ამოჰკრა მუშტი და ძირს გადავარდნილს მუცელშიც უთავაზა ფეხი.
-! -ზედ გადააბოტა და გოგიასკენ წავიდა.
-გოგი!-ბექამ კაცი შეარხია.გოგიამ ოდნავ გაახილა თვალები და ამოიზმუვლა.ნანა კივილით შევარდა ოთახში და ქმარს ზემოდან დაემხო.
-ნუ გეშინია,ცოცხალია!-ბექა ეცადა ქალის ფეხზე წამოყენებას.
-რატომ არ გაშორდები შვილო,რატომ აკვლევინებ თავს?! ჩვენც უნდა შევეწიროთ ამ ამბავს?-ტირილნარევი ხმით დაუყვირა ქრისტინეს და ქმარს მიუბრუნდა.
ქალი მოკუნტული ეგდო და ტირილისგან დაოსებულ თვალებს ძლივს ახელდა,სახე შეჭმუხვნოდა ტკივილისგან.ბექამ მორიდებით წააავლო ხელი.
-მოგეხმარები,ადექი.
ქრისტინემ ძლივს აითრია წელი და მამაკაცს დაეყრდნო.გახეთქილ ტუჩიდან მდორედ მოუჟონავდა სისხლი.შეშინებულმა ძირს გაწოლილ სოსოს გახედა და ყბა აუკანკალდა.
-მომკლავს!-სასოწარკვეთილმა დაიჩურჩულა.
-დაწყნარდი,მარტო არ დაგტოვებ,-სკამზე დასვა და გოგიას მიუბრუნდა.
-როგორ ხარ,გოგი?
-რეტდასხმულივით,ტრიალებს ყველაფერი,-თვალის გახელა უჭირდა.
მოსეირე მეზობლებმა ნელ-ნელა შერგეს ცნობისმოყვარე თვალები და ნანახისგან გაოცებულებმა ლოყაზე ხელის ჩამოსმით დაიწყეს ვიშვიში.
-გოგიას მიეხმარეთ და გაიყვანეთ!-მკაცრად თქვა და ქრისტინესკენ დაიხარა.
-გაქვთ სახლში ბამბა,სპირტი,იოდი,რამე?-მიაყარა კითხვები.
-იქ,-აკანკალებული ხელი კარადისკენ გაიშვირა ქალმა.
სოსო გონზე მოსულიყო,გინებით წამოსწია თავი და ასადგომად მოემზადა.
-არ გაცოცხლებ!-დაიმუქრა ცოლის მისამართით და ბარბაცით წავიდა მისკენ.ბექა წინ გადაუდგა და თვალი გაუსწორა.
-თითსაც ვერ დააკარებ!-კბილებში გამოსცრა.
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?!-ხელი დასარტყმელად წაიღო.
ბექამ კიდევ უთავაზა მუშტი ყბაში,სოსომ მოცელილივით აიქნია მკლავები და ძირს ჩაიკეცა.
-არ გაბედო მეორედ შეეხო!-ზიზღით დახედა.
ქრისტინე შეშლილივით ატრიალებდა თვალებს.მეზობლები მხარში ამოსდგომოდნენ გოგიას და მძიმე-მძიმედ გაყავდათ.
-მოდი,შენს სახეს მივხედოთ,კარგი?-ქალის გადამსკდარ ცხვირ-პირზე გული შეეკუმშა ბექას და კარადისკენ წავიდა.
-მეშინია,-საცოდავად ამოიკნავლა ქრისტინემ და ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა.
-მშობლები არ გყავს?-ყუთი მაგიდაზე დადგა.
-მყავს,მაგრამ არ მიმიღებენ,-უარესად უმატა ტირილს.
-რას ჰქვია არ მიგიღებენ,რატომ?!-გაუკვირდა კაცს.
-ამის გადაკიდება არ უნდათ,თქვენ ამას არ იცნობთ,ყველაფერს ვერ ვიტყვი,-უიმედო თვალები მიაპყრო.
-არსებობს კანონი,თუ მასეა!
-ეჰ,-ხელი უმწეოდ ჩაიქნია. მუცელში დავლილმა ტკივილმა თავი შეახსენა და წელში მოიხარა.
-და რას აპირებ,სანამ წამებით არ მოგკლავს,ასე უნდა ელოდო?-ბრაზი მოერია.
ქრისტინეს აღარაფერი უთქვამს,ჩუმად განაგრძო ქვითინი.ბექა მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა.კოპებშეკრული ჩააშტერდა ზღვისფერ თვალებში.წამიერად გაშეშდა,სხეულში უცნაურად დაუარა ცხელებამ,თავი დანანებით გაიქნია და სპირტიანი ბამბა ფრთხილად მოუსვა ცხვირზე.ქალს სახე შეეცვალა,სითხემ ჭრილობა აუწვა.
-მოითმინე,-საქმე მშვიდად განაგრძო.
-ეს არ იძვრის,რამე ხომ არ დაემართა?-თითი სოსოკენ გაიშვირა.
-არაფერი მოუვა,ცოტა ხნით გაითიშა,ნერვიულობ?-გამომცდელად დააკვირდა.
-მაგაზე არა,თქვენ არ შეგექმნათ პრობლემა,-ამოიოხრა.
-ჰმ,-თავი გაიქნია ბექამ და იოდიანი ბამბა ტუჩის კუთხეში,ნახეთქზე მიადო.
გულწასულმა მოსულიერება დაიწყო,თვალი მძიმედ გაახილა და ისევ უცხო რომ დაინახა ,თან მის ცოლთან ახლოს, ცოფიანივით დაიღრინა.
-ორივეს ამოგხოცავთ!-ფეხზე წამოდგომა სცადა.
-სანამ მართლა გაგიყენე საიქიოს გზას,ჩუმად იყავი!-დაუბღვირა ბექამ.
-ეს არის შენი კურო?! სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევთ!-ემუქრებოდა ქრისტინეს ოთხზე დამდგარი და ამაოდ ცდილობდა ფეხზე დადგომას.
-ავადმყოფი კაცი ხარ,გონზე არ ხარ რას ბოდავ!-ბექას შეეცოდა კიდეც ძირს უსუსურად მფორთხავი.
ქრისტინე შიშისგან უარესად დაპატარავდა,ვედრებით მიაპყრო მზერა კაცს.
-წადით,გეხვეწებით,ნუ ჩაერევით.
-ჩემი მამაკაცური მოვალეობაა დაგიცვა,ვერ დაგტოვებ.რამე რომ მოხდეს,თავს ვერ ვაპატიებ!-გაბრაზდა.
-მამაკაცური მოვალეობა,-გამოაჯავრა სოსომ და საზარლად ახარხარდა.-დედას მოგ...ვ!-უცებ დაიგრგვინა და წამოდგა.
-მართლა მომაკვლევინებს ეს თავს!-იფეთქა ბექამ და მამაკაცს მხრებში ჩაავლო ხელი,კედელზე მიაწყვიტა და ყელში წაუჭირა თითები.სოსო აფართხალდა,სახეზე გაწითლდა და თვალები გადმოკარკლა.
-გაუშვით! გაუშვით და წადით აქედან,ნუ ერევით ჩვენს ოჯახში!-ქალი ტირილით ეცა ბექას და ზურგზე მუშტები დაუშინა.
-გაგიჟდი!-მოუტრილდა სახეშეშლილი.
-წადით! არ არის თქვენი საქმე!
ბექამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თითები მომუშტა,ქალს უცნაური მზერა მიაპყრო,თითქოს სურდა მის თვალებში გულწრფელობა ამოეკითხა.
-წადით!-უფრო მკაცრად დაიძახა ქრისტინემ.
-სუსტი ხარ,ყოველთვის დაგჩაგრავენ,დაიმახსოვრე!-სწრაფად შეტრიალდა და კარში ტყვიასავით გავარდა.

სახლში შესულს გოგია ტახტზე მძინარე, შუბლზე ცივი ტილოებით დახვდა.თავს ცოლი დასდგომოდა ,დალი მაგიდას ალაგებდა.
-რა ხდება?-ნანამ ბექას გამოხედა.
-არაფერი,გამომაგდო იმ გოგომ,ნუ ერევიო,-სიმწრით ჩაიცინა.
-ცოდოა ეგ უბედური,ცოდო!პირველი შემთხვევა კი არ არის? სულ ამ დღეში არიან,ეჰ..ლამის ეს კაციც მომიკლეს,-ცივი ტილო გამთბარიყო,ააცალა და წყალში ამოავლო.
-მერე,რატომ არ შორდება?
-სად წავიდეს? დედამისი ჭკუიდან შემცდარია,არაფერი მოეკითხება იმას,მამამისმა კიდევ თხასავით გაყიდა ქრისტინე.დიდი ფული წაუგია სოსოსთან,ხოდა რისი გადამხდელი იყო,ეს საცოდავი გამოატანა იმ თანხაში.
-რას ამბობთ?-გაგონილმა ისე დაზაფრა ბექა,რომ ყელზე ძარღვები ამოაჯდა.
-ჰო,შვილო,იძულებით ზის და თავს აკვლევინებს იმ საზიზღარს.ყველა ერიდება სოსოს ,უბედურის ერთია და ძმაკაცებიც თავისნაირი ჰყავს,კაცს ისე დაკლავენ,თვალს არ დაახამხამებენ,-საკუთარმა ნათქვამმა ისე შეაშინა,მოიბუზა.
ამასობაში დალის მოემთავრებინა საქმე და სტუმრისთვის საწოლიც გაემზადებინა.
-მაღლა,თქვენი ოთახი მზად არის,-ბექას გაუღიმა და ხელით მეორე სართულისკენ ანიშნა.
-მადლობა,წავალ დავისვენებ,ღამე მშვიდობისა,-დაემშვიდობა და ბეტონის კიბეს აუყვა.
ოთახში სიხალვათე იყო,ერთი საწოლი,კარადა და სკამი იდგა.ღია ფანჯარა,საიდანაც სიგრილე შემოდიოდა ,ქრისტინეს სახლისკენ იხედებოდა.
ბექამ ტანისამოსი გაიძრო, წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.თვალები დახუჭა და გონებიდან მომხდარის გაძევება სცადა.
გინების და მტვრევის ხმამ ინსტიქტურად წამოაგდო ფეხზე და ფანჯარაში გადაეკიდა.სიბნელის მიუხედავად კარგად გაარჩია ქალის სილუეტი,რომელიც ეზოში მოხრილი გამოვარდა და პირქვე გაიშოტა.უკან დანით ხელში კაცი მოჰყვა.
-ამის დედაც!-დაიძახა ბექამ,სამხედროს შესაშური სისწრაფით ჩაიცვა ტანზე და კიბეზე შურდულივით დაეშვა.ნანა შეშინებული გამოვარდა და სტუმარს წინ გადაეღობა.
-ბექა,არ გახვიდე,სამუდამოდ გადაიკიდებ იცოდე,შენ აქ უცხო ხარ და არ გაპატიებს,-მუდარა გაურია ხმაში.
-არ შემიძლია,ვერ ვუყურებ მშვიდად,ეს ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედებს,- უთხრა და ქალს გვერდი აუარა.
მეზობელ ეზოში გიჟივით შევარდა, დანამოღერებულ სოსოს წინ დაუდგა კუშტი გამომეტყველებით.
-ეზოდან გადი ,დროზე!-დაუყვირა ძირს გართხმულ ქრისტინეს და თვითონ კაცისკენ წავიდა.
-ვინ ჩემი ს..ი ხარ ბიჭო?!-მხეცივით ააელვა თვალები სოსომ და დანა მოუქნია.ბექამ ოსტატურად აიცილა და მაჯაზე სწვდა.ბასრი იარაღი აართვა და სახეში გაშლილი ხელი შემოსცხო.სოსო წაბარბაცდა და ბექასკენ გაიწია.ისევ მოხვდა მეორეც და აღარც გაჩერებულა,ძირს დაგდებულს წიხლებით შესდგა.ქრისტინეს კივილმა ჩაძინებული სოფელი შეაფხიზლა.
მეზობლებმა ძლივს გამოსტაცეს ხელიდან სასიკვდილოდ განწირული,ბექა წყობიდან გამოსულიყო და მისი შეკავება გაუჭირდათ.სოსოს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა,მისი სახე სისხლს დაეფარა.
-რას აკეთებ შვილო?! ამას შენ ვერ გამოასწორებ და საციხედ იხდი თავს?!-ეძახოდნენ აქეთ-იქიდან და გასასვლელისკენ მიათრევდნენ.ბექა სახეშეშლილი მძიმედ სუნთქავდა და მის მკლავებზე ჩაბღაუჭებულ ხალხის თავიდან მოშორებას ცდილობდა.ქრისტინე მუხლებზე დაცემული კანკალებდა.არ ახსოვს ვინ წამოაყენა და გაიყვანა კარში.


ირიჟრაჟა.ქათმებს საკენკის მოლოდინში კრიახი აეტეხათ და გოჭებიც აჰყოლოდნენ ჭყვიტინით.მხოლოდ მსხვილ ჩლიქოსნები მიემართებოდნენ უხმოდ საძოვარზე.
ბექა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.მთელი ღამის უძილოს,დილისკენ ჩათვლიმა და მაინც ვერ მოისვენა.ხასიათ წამხდარი წამოჯდა და მუხლებზე ხელებით დაეყრდნო.
გვერდით ოთახიდან ფაჩუნი გაისმა და კარის ჭრიალიც მოჰყვა.დალი მთქნარებით და აბურდული თმის სწორებით გამოვიდა.სტუმრის ოთახის კარს არ ელოდა ღია თუ დახვდებოდა და ბექას დანახვაზე შეხტა.
-დილა მშვიდობის,მეგონა გეძინა,-გაუღიმა.
-არც მძინებია,-ხელის აწევით მიესალმა.
-წუხელ ქრისტინე ესმამ წაიყვანა,შენ რომ აპირებ ყიდვას,იმ სახლის პატრონმა,-ჩაურაკრაკა ახალი ამბები.
-ის გადარჩა?
-გადარჩა,მაგას რა მოკლავს,ცხრა კატის სული აქვს,კარგად კი არის მიბეგვილი,-ჩაიფხუკუნა.
-გადამირჩა,-თავზე ხელი გადაისვა.
-ეგ თავს არ დაგანებებს იცოდე,უნდა გაერიდო,-გაფრთხილებასავით გაისმა გოგოს ხმა.
- ძალიან შეუშინებიხართ,-გაეცინა ბექას.
-შარს ერიდება ყველა,მაგასთან ლაპარაკი არ ჭრის,ეგრევე შეტევაზე გადადის,-თქვა და პირი მოკუმა.
ბექა ღიმილით წამოდგა და უხმოდ დატოვა ოთახი.დალიმ თვალი გააყოლა დინჯი ნაბიჯით მიმავალს.მხრებს ისე ვაჟკაცურად მიარხევდა,გოგომ ჩხვლეტა იგრძნო გულში.“რა სიმპათიურია“-გაიფიქრა და შიშველ მკლავებზე ხელები დაისვა.
გოგიას ცოტა ფერი მოსვლოდა,ლოგინზე წამომჯდარი თავის გაშლილ თითებს უყურებდა და ჩუმად ბუტბუტებდა.
-გოგი,როგორ ხარ?-ბექა მიუახლოვდა და იქვე ,სკამზე ჩამოჯდა.
-ცოტა კიდევ მეხვევა თავბრუ,წუხელ ათის მაგივრად ოც თითს ვითვლიდი,ეხლა ნაკლებსა,-თავის ნათქვამზე გაეცინა.
-შეიძლება შერყევა იყოს,ექიმი უნდა მოვიყვანოთ,-კაცის სახეს დააკვირდა.
-ექიმი არა ხარ?-ულვაშები ააცმაცუნა.
-მე ცხოველების ექიმი ვარ.
- ადამიანი და ცხოველი რამ გაყო? ერთი ლაპარაკი არ შეუძლიათ,თორემ ერთნი ვართ,-თითი ჰაერში აღმართა .-ორგანოებიც ერთი გვაქვს,მაიტა გამსინჯე კაცო,გენდობი,-ხვნეშით გადაწვა ბალიშზე.
-ხელსაწყოები არ მაქვს აქ,სანთლით ხომ არ ჩაგანათებ თვალებში?-აჰყვა ანგლობაში.
-ისე ვერ გაიგებ?-ცალი წარბი ასწია.
-ვერა.
-ეე,რაღაცას იგონებ ეხლა.
-სოფელში ხომ გყავთ ექიმი,დავუძახოთ.მე წამალზე უნდა წავიდე და ხვალ დილით მთაში ავალ,შენ ვერ წამოხვალ,-ფეხზე წამოდგა და ოთახში შემოსულ დალის გახედა.
-მედპუნქტში იქნება ვინმე,რომ გამოვიძახოთ?
-გავალ ესმასთან,იქიდან დავრეკავ,ტელეფონი აქვს,-გატრიალდა.
-ბექა,უჩემოდ ვერ წახვალ,არ იცი გზა,დაიკარგები,თან ნადირით სავსეა ჩვენი ტყე,-ოდნავ წამოწია გოგია.
-წავალ,ნუ გეშინია,მახსოვს საიდანაც მოვედით,თოფი გამატანე.
-სროლა იცი?-დაეჭვდა გოგია.
-ვიცი,ვიცი..ჯარი მოვლილი მაქვს,-გაეცინა.
-ხვალამდე დროა,იქნება ავდგე ფეხზე,-ამოიოხრა.
ის იყო ეზოს ზღურბლს გადააბიჯა,მოპირდაპირე სახლიდან ქალის კივილი გაისმა,რასაც თოფის გასროლის ხმაც შეუერთდა.ბექა გიჟივით მოსწყდა ადგილიდან,მეზობლის გალავანს ზედ გადაევლო და კაკლის ხეებში ჩახტა.შორიდანვე დაინახა დალი და ხნიერი ქალი,ერთმანეთზე შიშისგან აკრულები.მუხლებზე დაცემულ ქრისტინეს, თავზე სოსო ედგა თოფით ხელში.არც დაფიქრებულა ისე გაიჭრა წინ და იარაღიანს წინ აესვეტა.
-ჰო,დევგმირიც მოსულა,-სოსომ საზარლად დამანჭა დასიებულ-დალურჯებული სახე და ლულა კაცს მიუშვირა.
-დაუშვი იარაღი!-კბილებში გამოსცრა.
სოსომ ღვარძლიანად გაიცინა,ფეხებთან დაუმიზნა და გაისროლა.ტყვიამ ბალახიანი მიწა მოგლიჯა.ქალებმა შეჰკივლეს,ბექა არ განძრეულა.
-სულ ეს ხარ?!-ყბები გააჭრიალა.
-სიკვდილთან გეჩქარება?-შხამი გადმოანთხია.
-არაკაცი ხარ! დააგდე იარაღი და ისე მოდი,მაგრამ მაგის ტრა..კი ვინ მოგცა!-ნამუსზე დააბიჯა.
-რაინდის როლი მოგწონს?გითხარი ნუ ერევი ჩემს ოჯახში,მაინც და მაინც ჩემი ხელით უნდა გაუდგე საიქიოს გზას?!-დაიყვირა და ჰაერში გაისროლა.
-დალი,გაიყვანე ქრისტინე და გადით!-ბრძანებასავით გაისმა ბექას ხმა.
-ვის ქალზე ლაპარაკობ?!-უარესად გაცოფდა და იარაღი ცოლს მიუშვირა.
-დალი! გააკეთე რაც გითხარი!-ხმას აუწია და ორი ნაბიჯით სოსოკენ დაწინაურდა.
-შენ,რომ ამას ესროლო,ცოცხალი ვერ გახვალ აქედან!-დროს იგებდა ,თან წინ მიიწევდა.
-ვინ მომკლავს,შენ?-სასაცილოდ არ ეყო,იარაღი ისევ ბექასკენ გადმომართა.
-სწორად მიხვდი!-მანძილს ზომავდა გონებაში.
გარედან ჩოჩქოლი მოისმა, სოფელმა მოიყარა თავი და ეზოში შესვლას ვერავინ ბედავდა.გოგია წამომდგარიყო და მთელი ძალით იწევდა შიგნით,ნანა წინ გადამდგარი ცდილობდა მის დაჭერას.
სოსომ წამიერად მოადუნა ყურადღება და კარისკენ გაიხედა.ბექამ დრო იხელთა,ერთი ნახტომით აუკრა თოფზე ხელი და მუცელში მუშტი დაარტყა.ორად მოკეცილი კაცი ძირს ჩაიხვეტა.ქალები გამოერკვნენ,ქრისტინეს ეცნენ და სწრაფად გაიყვანეს გარეთ.
-შენი დედაც...!-ტკივილისგან იკრუნჩხებოდა სოსო.-უნდა მესროლა!-სინანული გაისმა ხმაში.
-ქალებთან გაქვს დიდი გული,საცოდავი ხარ შენ!-იარაღი ხელში შეათამაშა.
ვიღაცას რაიონში დაერეკა და ფორმიანებით სავსე ორი ავტომობილი მიადგა უბანს.სწრაფად გადმოვიდნენ და ეზოში შეცვივდნენ.თოფიანი კაცის დანახვაზე,თავადაც შემართეს იარაღები.ბექამ იმ წუთში ძირს დააგდო თოფი და ხელები მაღლა ასწია.ორივე განყოფილებაში წაიყვანეს,ქრისტინე,დალი და ესმაც მიაყოლეს.

საღამო ხანს გაავდრდა,ღრუბლემა პირქუშად შეკრეს პირი და კოკისპირულად დასცხო წვიმამ.
-იგვიანებენ,მეც უნდა წავსულიყავი!-მწოლიარე გოგია მუშტს ურტყამდა კედელს.
-მოვლენ სადაცაა,დაკითხვას დრო უნდა,-ნანა მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ეს ბიჭიც შარში გაეხვია,-ბორგავდა ნერვულად.
-ნეტა არ წამოგეყვანა.
-რა ვიცოდი,თორემ სულ რომ გაწყვეტილიყო ცხვარი,მაინც არ წამოვიყვანდი,-ხელი ჩაიქნია.
-მოვიდნენ,-ნანამ ეზოში შემოსული ბექა და დალი,რომ დაინახა,ფეხზე წამოვარდა და კარს ეცა.
გვარიანად დასველებულიყვნენ.წყლისგან გაჟღენთილი ფეხსაცმელები იქვე დაიძრეს და ოთახში შევიდნენ.
-რა მოხდა?-აღელვებულმა ნანამ იკითხა.
-არც არაფერი,ყველა გამოგვიშვეს,-დალიმ მხრები აიჩეჩა.
-როგორ,არ დაიჭირეს სოსო?-გაოცდა.
-არა,ქრისტინემ არ იჩივლა,თოფი გაფორმებულია და ასე,-საუბარში ბექა ჩაერთო.
-ტფუი! ღირსია,რომ მოკლას!-გოგიამ თავი წამოყო.
-ხელწერილი დააწერინეს,განმეორების შემთხვევაში,დაიჭერენ,-დალიმ სველი თმა დაგრიხა და გაწურა.
-და..მართლა რომ მოკლას?-შეშფოთებული სახე ჰქონდა ნანას.
-არ ვიცი,ეგ გოგო რატომ იხევს უკან,-ჩაიბუტყუნა ბექამ და მაღლა სართულისკენ გაემართა.
-დედა,ჩაიდანი დაადგი,გამოვიცლი და ჩამოვალ,-დალიც უკან მიჰყვა.
კაცმა სველი მაისური გაიძრო და პირსახოცით ტანის მშრალებას შეუდგა.ფიქრებით ქრისტინესთან იყო.მისი სახე არ ამოსდიოდა გონებიდან,დაფეთებული კრავივით,რომ იყურებოდა.იმდენად შეებრალა ეს ქალი,მზად იყო ყველა ღონე ეხმარა და არაკაცის კლანჭებიდან დაეხსნა.კარადისკენ შეტრიალდა და უცებ შედგა.კართან დალი იდგა და კაცის შიშველ სხეულზე თვალი გაშტერებოდა.
-ჩაი არ გინდა?-დაიბნა გოგო და გაწითლდა.
-პიტნის არის?-არ შეიმჩნია მისი უხერხულობა.
-კი,არის,გავამზადებ,-სწრაფად შეტრიალდა და სირბილით წავიდა.
ბექა წამიერად ჩააფიქრა გოგონას საქციელმა,კაცს არ გამოპარვია მისი გამოხედვა,თავი გაქნია და კარადას მიუბრუნდა.
მაგიდასთან,ჩაის სმით გართულ ბექას უცნაურად ანთებული თვალებით უმზერდა დალი.კაცის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა და წამიერად სიწითლეც უვლიდა ღაწვებზე.“ოღონდ ეს არა“-გაიფიქრა კაცმა და სახე ჩაუღამდა.
-იყო ექიმი?-გაახსენდა ბექას.
-იყო და ათი დღე უნდა იწვესო,წამლებიც გამოუწერა,მსუბუქი შერყევა აქვსო,-ნანამ ჩუმად დაიტრიალა საფეთქელთან თითი,ქმარს რომ არ დაენახა.
ბექამ სიცილი შეიკავა,დალი აფხუკუნდა.
-იმ ბნედიანს არგო ხელწერილმა მგონი,სიწყნარეა,-გოგიამ ხმაურით მოხვრიპა ჩაი და პირი გააწკლაპუნა.
-ეგ ისეთი ამოსაგდებია,ესე ადვილად რა ჩააწყნარებს?-ტუჩები ამრიზა ნანამ.
-ქრისტინეს გარდა სხვა სასაუბრო არ გვაქვს?-დალის ნათქვამმა საუბარი შეაწყვეტინა.
ბექას ეჭვები უფრო გაღრმავდა.ბოდიშის მოხდით წამოდგა და თავის ოთახს მიაშურა.
ღრუბელი უფრო გაავდა და სეტყვა დაუშინა სოფელს.ისე გამეტებით ისროდა ყინულის ნატეხებს ,რომ შემოსილ ხეებს ტოტებს და ფოთლებს აგლეჯდა.
ბექას სული შეეხუთა ფანჯრებ დახურულ ოთახში,კარი გამოაღო და სიგრილე,რომ იგრძნო,საწოლისკენ წავიდა.
მეორე ღამეა ძილი არ ეკარებოდა,მოუსვენრობას შეეპყრო.ისევ ქრისტინე ეწვია ფიქრებში.ტვინი არეოდა,ვეღარ იგებდა,მხოლოდ სიბრალული ამოძრავებდა მის მიმართ,თუ მოწონებაც ერია.მხარი იცვალა და თავს ძალა დაატანა,ჩასძინებოდა.
იატაკის ჭრაჭუნის ხმაზე გაირინდა და სმენა დაძაბა.დალი ფეხაკრეფით შევიდა და საწოლთან ბოთლით წყალი და ჭიქა დაუდგა,თან კაცისკენ აპარებდა მზერას.ბექა უცებ გადმოტრიალდა.
-წყალი ამოგიტანე,ღამე რომ მოგწყურდეს,- შემცბარმა უთხრა.
-მადლობა,-სიბნელეში კარგად ვერ ხედავდა ქალის სახეს.
-სეტყვაა,სულ გააფუჭებს მოსავალს,-საუბრის გაგრძელება სცადა.
-ჰო,ეგ ცუდია,-მოკლედ პასუხობდა.
-რამდენი წლის ხარ?-ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-ოცდაექვსის ვხდები ზეგ,-გაახსენდა მივიწყებული დაბადების დღე.
-მე ჩვიდმეტის ვარ.
-ბავშვი ყოფილხარ,-სხვაობა აგრძნობინა.
-სულაც არ ვარ ბავშვი!-იწყინა და ოთახიდან ალეწილი გავარდა.
ბექამ თავზე შემოიჭდო ხელები,თან ეცინებოდა.“გავაბრაზე“-გაიფიქრა და კედლისკენ გადაბრუნდა.
უთენია სოფლის მამლებს კონცერტი გაემართათ და ხმებში ყიოდნენ.ბუნება დამშვიდებულიყო.გრილი ნიავი საქმით გართული მიდამოს აშრობდა.
-როგორ ხარ,გოგი?-ბექა ქუთუთოების სრესვით წამოადგა თავს,კიდევ არ დაეძინა,თვალები ეწვოდა.
-რა ვიცი აბა,როგორა ვარ? ვწევარ და რამდენიც გვერდზე გავიხედები,იმდენჯერ მაქანავებს,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-არაუშავს,გაგივლის..მე წამალაზე მივდივარ,მერე გავემზადები და მთაში უნდა წავიდე,თორემ ცოცხლებს ვერ ჩავუსწრებ,-კარში შემოსულ დალის გვერდი აუქცია და გავიდა.

შუადღეს ,მზემ გამეტებით დააჭირა დედამიწას თავისი მწველი სხივები.სველი მიწა გაახურა და ნესტი დაატრიალა.ჰაერი ისე ჩაიხუთა,სუნთქვა ჭირდა.
ბექა ჩამოქვეითებულიყო და ცხენს ისე მიყვებოდა.ნაცნობ ბილიკებს დაკვირვებით უყურებდა.ჭალამდე გადაუხვია და მუხების გზას დაადგა.სანამ წამოვიდოდა,ოთახის ფანჯრიდან დაზვერა ქრისტინეს ადგილსამყოფელი.ქალი,სახეჩამოღვენთილი გვიდა ეზოს,მის დანახვაზე კაცმა ტკივილი იგრძნო გულში.თავადაც ვერ აეხსნა,რამ მიაჯაჭვა ორ დღეში ამ ქალზე.“სხვისი ცოლია“-ტვინს უკვე მერამდენედ შეახსენა,მაგრამ ამაოდ.ფიქრში გართული მიუახლოვდა ხშირ ტყეს,სადაც მზეს უჭირდა შეღწევა.ხის ძირში დაბინავდა და ნანას გამოტანებულ საგზალს პირი მოხსნა.
უღიმღამოდ ჩაღეჭა პური,მადაც დაკარგვოდა.მათარა მოიყუდა და ლუკმას წყალი მიაშველა.
---
-ნანა! გოგია!-ეზოს კარი ყვირილით შეგლიჯა ქრისტინემ და ოთახში გულამოვარდნილი შევარდა.
-რა დაგემრთა,გოგო?-ნანა წამოხტა და ჭიშკრისკენ გაიხედა,იფიქრა სოსო თუ მოსდევსო.
-ჩქარა,უშველეთ,მოკლავს!-ძლივს ამოთქვა ნიკაპის კანკალით.
-ვის მოკლავს,რა მოხდა,წესიერად თქვი ,გოგო?!-მხრებში ეცა ქალს ნანა.
-სოსო მოკლავს თქვენს სტუმარს,უკან დაედევნენ,სამნი არიან,ჩქარა!-ისტერიულად იქნევდა ხელებს.
-ოხ,მე მაგათი!-გიჟივით წამოვარდა ფეხზე გოგია და თავბრუდახვეული უკან გადავარდა.
-ვაიმე!-კივილი მორთო ნანამ.მეორე სართულიდან შურდულივით დაეშვა დალი,ვერ გაეგო რა ხდებოდა.ქრისტინეს დანახვაზე მიხვდა,რომ კარგი არაფერი ხდებოდა.
-დალი ჩქარა,დაუძახე ვინმეს,მოკლავენ იმ კაცს!-ახლა გოგოს მიუტრიალდა.
-ვინ კაცს? ვერაფერი გავიგე?!-გაოგნებული იყურებოდა.
ქრისტინემ ხელი ჩაიქნია და ტვიასავით გავარდა გარეთ.ესმას სახლში არც უკითხავს,ისე შეიჭრა ცუნამივით და ტელეფონს ეცა.
***
ბექას ხის ძირში დამჯდარი თვლემდა.ორი დღე-ღამის დაძაბულობამ თავისი გაიტანა და კაცს კისერიც მოსწყვიტა.ცხენის ფრუტუნზე თვალი გაახილა და ირგვლივ მოატარა მზერა.საეჭვო ვერაფერი შენიშნა.ცხენმა კიდევ დაიფრუტუნა და წინა ფეხები მიწას დაუშინა.კაცს გაუკვირდა,თოფი აიღო და წამოდგა.უკნიდან,კეფაზე ,სიმაგრე რომ იგრძნო,ტანში გააცია.
-დააგდე!-ნაცნობმა ხმამ ჩასძახა.
-გამცილებლად არ დამიბარებიხარ!-კბილებში გამოსცრა და იარაღი გვერდზე დააგდო.
წინიდან ორი უცხო კაცი აესვეტა დანებით ხელში,მოუვლელი სახეები ჰქონდათ და ამღვრეულ თვალებს ნადირივით ატრიალებდნენ.ნასვამები ჩანდნენ.
-კარგად მიხვდი,უნდა გაგაცილო ჯოჯოხეთში!-წინ გადმოდგა სოსოც და ლულა ყელზე მიადო.
-აი,შენმა არამკითხე მოამბეობამ რა გიქნა!- რკინა მიაჭირა.
-ამფსონების გარეშე შეგეშინდა მოსვლა?!-ცივად გაიღიმა.
-ბევრს ყბედობ! თუ გინდა,რომ აქედან ცოცხალი გახვიდე,დამიჩოქე და ბოდიში მომიხადე,მერე საერთოდ გაქრი ჩვენი სოფლიდან!
-ისროლე!-წარბი არ შეუხრია,ისე უთხრა.
-შენ თავი სცენაზე ხომ არ გგონია,რომ ტაში დაგიკრან?-კაცის შეუვალობით ცოტა არ იყოს და განცვიფრდა.
-რამდენს ლაპარაკობ,ისროლე!-არ ეპუებოდა.
სოსომ უკან დაიხია,კაცი მოჭუტული თვალით, აათვალ-ჩაათვალიერა.
-ჯერ ბოდიშს მომიხდი,მიწაზე გაერთხმები და ისე!
-კაცმაცუნა ხარ,ერთი საცოდავი კაცმაცუნა,მესროლე!-იარაღზე ხელი უტაცა და ლულა ყელზე მიიბჯინა.
-მიდი!-აგულიანებდა.
სოსომ დაჭრილი მხეცივით დაიღმუვლა,ორი ნაბიჯით უკან დაიწია და გულში დაუმიზნა.
-რას ელოდები?!-ბექამ თვალი გაუსწორა.
სოსოს დამქაშები დაძარღვულები იდგნენ და ბასრ დანებს ხელში ატრიალებდნენ.
სოსომ ჩახმახი შეაყენა.ბექას სუნთქვა გაუხშირდა და თვალწინ მონაცვლეობით გაურბინა დედ-მამის სახემ.
სროლის ხმაზე ხეები აშრიალდნენ და ჩიტების გუნდი ჰაერში აიჭრა.ცხენმა ჭიხვინით დაიწყო ადგილზე ფლოქვების ცემა.
-ასეც ვიცოდი,შენ მხოლოდ სუსტის ჩაგვრა შეგიძლია!-დამცინავად შეხედა სოსოს,რომელსაც გვერდით ,ხისთვის ესროლა.
-შენი დედაც,ნაბი..ვარო!-ბექას სახეში მოუქნია ხელი.კაცმა აიცილა და საპასუხოდ ისე მოსდო ყბაში,რომ სოსო იარაღიანად გადავარდა და გულაღმა დაეცა.დანებით შეიარაღებულნი სვავებივით წაესივნენ ბექას და უმოწყალოდ ურტყამდნენ სადაც მოუხვდებოდათ.სისხლით შეიღება კაცის სხეული,პირქვე დავარდა და ნოტიო მიწაში სახე ჩარგო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები