ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ირინა ტაბაღუა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2020


გახედე ირა ღმერთი მოსულა

გახედე, ირა,
ღმერთი მოსულა!
ჰკითხე ერთი,
რა ვირუსზე ლაყბობს ეს ქვეყანა,
განა ქალზე მეტი ვირუსი რა შეუქმნია?!
ადე, დაარხიე ტანი.
ნუთუ არ მოგბეზრდა ფანჯრიდან თვალებით ხეტიალი?!
წუხელ შენი კოფთა, ქართან ერთად გაქცეული, სარზე წამოცმულა,
ზედ ჩიტსაც დაუსკინტლავს,
წვიმასაც გაულუმპავს, ას თვალსაც გაუხვრიტავს,
შენ კი შინ წევხარ,
თითქოს დღის სინათლეს დაეთარსო,
რას მოგიტანს ღამის ფერი,
ფოიევერკი ხომ არ ხარ,
უცებ აფეთქდე და ჩაიწვა?!

გახედე, ღმერთი მოსულა,
უამბე შენს ვარდივით ჩაშლილ წარსულზე,
მანდარინივით გაფცქვნილ დღეებზე,
რომ არ იყო შენი საქმე
მტევანივით მოსაჭ-ყლე-ტი კაცები.
შენ უკეთ იცი, ვინ უნდა ძახილს.
წ-ყლის წყურვილს ქალი როდის მოუკლავს?!
და მაინც შენი სახე, სავსე მწველი ვნებით,
ქშინვით რომ გითავდება,
რომ სკდება ხმები კედლის გაღმა, თითქოს ითხოვდე განწირულ შველას...
რა დარდი ადევს შენს აწმყოს ბილიკს,
ვინ გაგაკვირვებს თავისუფლებით,
რა უნდა შენთან თოკსა და პალოს?!

რა მარტივია, გასძახებ ლექსებს,
ჯერ არდაწერილს,
მოდიან და, დაუკითხავად,
ხელებივით გეფათურებიან კაბაზე, მუხლისთავებზე, შემდეგ...
რა მარტივია, თავიც მოიკლა,
თუ კი ნამდვილი ხარ,
არც თავს უნდა მოაკლო რაიმე,
უქენი, რაც გინდა, სხვის მხრებს როდი ამძიმებს.

გახედე, ირა,
როგორ მოადგა ხეებს სიშიშვლის სირცხვილი,
შემოდგომისა ხარ, ნოემბრისა ხარ,
ღვინო ხარ მთხლეზე ბევრად გარყვნილიც...
ოცდათექვსმეტი შეგისრულდება,
ოცდათექვსმეტის იყო ის ბიჭიც,
შენზე ფაქიზი და ასე წმინდა:

"შემოდგომა ახლოვდება, ირა,
შემოდგომა სიზმარივით მოდის."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები