ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2020


მ. მამარდაშვილის ,,საუბრები ფილოსოფიაზე” ანუ წიგნი, გამოცემული ზვიადის ნებით

ნინო დარბაისელი

მ. მამარდაშვილის “საუბრები ფილოსოფიაზე” ანუ  წიგნი, გამოცემული ზვიად გამსახურდიას ნებით
- - -

  ერთი ამბავი მაწვალებს  და არ მინდა, დაიკარგოს.
  მერაბ მამარდაშვილი ერთ ოჯახში, წვეულებაზე გავიცანი, როცა ახალი ჩამოსული იყო. მას მერე, ახალგაზრდობაში,  სულ ვესწრებოდი  მის ლექციებს უნივერსიტეტში.
რა დასამალია და ნახევარი არ მესმოდა იქიდან,  რასაც ლაპარაკობდა და მჯერა, მარტო არ ვიყავი ამ მხრივ, მაგრამ ვიწერდი,  იმის იმედით, რომ გავიდოდა დრო, მოვმწიფდებოდი ინტელექტუალურად და ამ კონსპექტებს დავუბრუნდებოდი.
  მერე დაიწყო ეროვნული მოძრაობა, მერე ხელისუფლებაში მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელთანაც  არაპოლიტიკური, საქმიანი, ახლო ლიტერატურული ურთიერთობა მქონდა.
გარდაიცვალა მერაბ მამარდაშვილი. ზვიადი ხელისუფლების სათავეში იყო.
  არ დავმალავ, ზვიადის  სურვილით, მაშინ მე გამომცემლობა “მეცნიერების” მთავარი რედაქტორი ვიყავი. (საბავშვო ბაღიდან პირდაპირ მინისტრები რომ ხდებიან, ადრე ასე არ იყო. 30 წლის ქალს ასეთ თანამდებობაზე არავინ დანიშნავდა. მეც თავს არ ვზოგავდი მუშაობაში)
ერთ დღეს აკადემიის პრეზიდიუმში დამიბარეს, ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები დამხვდნენ ჩვენი კურატორის კაბინეტში, ერთი,  შავგვრემანი, როგორც მახსოვს, გვარად ბერძენიშვილი იყო ან ქართველიშვილი, მეორე - შედარებით პირთეთრი, - ნამდვილად ჩერქეზიშვილი, მგონი თავისუფლების ინსტიტუტიდან.
  გადმომცეს დედანი წიგნისა ,,საუბრები ფილოსოფიაზე” და დამავალეს, გაუხმაურებლად გადამეცა ვინმე  არაზვიადისტი რედაქტორისთვის და სასწრაფოდ გაგვეშვა წარმოებაში.
მე გეგმიურ წიგნებს ვერ ავუდიოდი, ასოცდაათამდე  ავტორი რიგს უცდიდა..
ზემოდან კი სიტყვიერად(!) მავალებდნენ, ყველაფერი გადამედო და ამ საქმისთვის მიმეხედა. არც  რედ. გამ. საბჭოს გადაწყვეტილება, არც რამე რეზოლუცია ან რაიმე წერილობითი ბრძანება!...
ცხადია, არ გამიხარდებოდა, მაგრამ თავს ზევით რა ძალაა!
  საქართველოში სხვა რა იმალება, რომ ეს ამბავი დამალულიყო.
  ორ დღეში მირეკავს ჩემი ახლო მეგობარი თემურ ქორიძე და მთხოვს, გავუარო სამსახურში, თან ის დედანი წავუღო, რომლის შესახებაც გამომცემლობელმა შინაურებმა აცნობეს და რომელშიც ზვიადზე არასასურველი რაღაცეები წერებულა. მართალი გითხრათ, მე იმ დროს ჯერ გაცნობილიც არ მქონდა კარგად დედანი.  რამდენიმე გვერდი ვნახე და ისეთი საშინელი ქართული იყო, აზრს ვერ გამოიტანდი.
საქართველოში მაშინაც და მუდამ, თანამდებობის პირი, უახლოესი მეგობარიც რომ იყოს, თუ გეტყვის გამომიარეო, შენთვის ეს, უკეთეს შემთხვევაში, ერთი კალენდარული დღის დაკარგვას უდრის, მაგრამ მანამდე შინა პრობლემები უნდა მომეგვარებინა.    უფროსების უჩუმრად ამას ვერ ჩავიდენდი, არადა, როგორი ამბავია!  დედნის მომტანების გარდა, სულ ოთხმა  ადამიანმა ვიცოდით.
  მეტი გზა არ მქონდა, ყველა მათგანს ცალ- ცალკე შევხვდი და ვუთხარი, რომ ზვიადი დედნის წაკითხვით იყო დაინტერესებული. თქვენ წარმოიდგინეთ, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
  მოკლედ, შევაღწიე თემურთან, დედანი გადავეცი და დამპირდა, დღეის სწორს დაგირეკავ და დაგიბრუნებო.
  კვირაც გავიდა, ორიც, შიგნით, სამსახურში დანაღმული სიტუაცია იყო, ის ორი ახალგაზრდა დილიდან საღამომდე მისაღებში მეჯდა. მათ არ იცოდნენ, რომ დედანი არ მქონდა და მაჩქარებდნენ, ცოტა უტიფრობაშიც გადადიოდნენ....ღამეები არ მეძინა, თემურს ვერ ვუკავშირდებოდი.
  ბოლოს როგორც იქნა, დამიბარა, შევაღწიე.
  თემურს ზვიადთან დასაკავშირებლად ჰქონდა პირდაპირი, ძველი მოდელის ტელეფონი. რომ დაურეკა, მეც მესმოდა და კიდევ მის მდივან ქალს, თუ არ ვცდები, გვარად დავითურს, ზვიადმა რომ უთხრა, არაფერი შეცვალონ, არაფერი ამოაკლონ, ზუსტად ისე გამოაქვეყნონ, როგორც არისო.  ცოტა ხანში ვიღაცამ საქაღალდე მისაღებში შემოიტანა, მდივანმა ქალმა გადმომცა და ამოსუნთქული დავბრუნდი გამომცემლობაში დედნიანად.
  ასე მიეცა მწვანე შუქი წიგნს ,,საუბრები ფილოსოფიაზე”.
  ვისაც წაკითხული აქვს იგი, დაე, იცოდეს ეს ამბავი:
  რომ არა ზვიადის  ნება, ეს წიგნი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.

***.
      გავიდა დრო, ოთხმოცდაათიანის, ასე პირველი ნახევარია. შემთხვევით, მეგობარს გავყევი რუსთაველის მცირე დარბაზში, სადაც მგონი,  მერაბის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო იმართებოდა. იქ იყვნენ ის ჩემი ძველი უფროსები თუ თანამშრომლები, რომლებიც  ადრე ნერვიულად ელოდნენ ჩემს დაბრუნებას მთავრობის სასახლიდან და რა?!
  მიუხედავად იმისა, რომ დაწყებამდე მივესალმეთ ერთმანეთს, ანუ იცოდნენ, რომ ამბის მთავარი მოწმე დარბაზში ვიჯექი, მშვენივრად შეიფერეს ქება-დიდება და ტაში იმის გამო, რომ ზვიადის ზეობის დროს, მისგან საიდუმლოდ გამოსცეს მ. მამარდაშვილის “საუბრები  ფილოსოფიაზე”.
  მე ჩემთვის ვტიროდი, სადღაც, ბოლო სკამზე მიყუჟული.
  მე გმირი არა ვარ, მე ადამიანი ვარ და ეს ის მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა ადამიანმა არ იცი, რა  იღონო და უმწეობა გატირებს.
  მოვყევი და გულზე მომეშვა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები