ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
19 სექტემბერი, 2020


ხუთი სონეტი (პრაქტიკული სავარჯიშო თხზვაში დამწყებთათვის)

ნინო დარბაისელი

ხუთი სონეტი
(პრაქტიკული სავარჯიშო  თხზვაში დამწყებთათვის)
- - -

გარითმვის სქემის მიხედვით, სონეტის ძირითადი ტიპი - სამია:
პეტრარკული - (abbaabba cde cde)
შექსპირული -  (abab cdcd efef gg)
სპენსერული  - (abab bcbc cdcd ee)
თუმცა სახეობა არცთუ ცოტაა.
ამ სამ ტიპს ერთი - სახეობა დავუმატე.
(abbaabba cdcd ee)
ბოლოს დანტესეული “ტერცა რიმაც” შემოვამატე, ჯაჭვური რითმით
(aba bcb cdc ded as).
თხზვაში მშვენიერი სავარჯიშოა.
აქაც, როგორც შემთხვევათა უმრავლესობაში - შინაარსი - პირობითია და შერჩეული.

სონეტი ღალატს

(პეტრარკული - abbaabba cde cde)
- - - -

როდესაც კაცი შინ ბრუნდება განთიადისას,
ღამენათევი გამოგიწვდის ძვირფას თაიგულს,
განა ვერ ხვდები, ფარავს ასე რაღაც  ვერაგულს,
გეწვის შიგანი, თითქოს გულზე დანა დაგისვა.

როგორ მოიქცე, არის რამე გამოსავალი?
კარს გაიხურავ? საით წახვალ? ვინ გელოდება?
იქნებ  ატირდე. რას გიშველის ანდაც გოდება?
მოგეძალება მცდარ-მართალი ფიქრი მრავალი.

აპატიეო შეცოდება, რამდენჯერ, რატომ?
დაბერდებაო, ზედ კალთაზე მოგებმებაო.
მთვრალთან -  სჯა არ ღირს, ფხიზელს - ძველი არ გაახსენო?!

იქნებ სჯობია, რომ განაგრძო ცხოვრება მარტომ.
ხვედრია  ჩვენი, ეგეც - ქალად დაბადებაო!
ეჭვიანობავ, შენ მეტრფეთა მარადო სენო!

ინგლისური სონეტი კახელ ნათესავებს
- - - - - - - - -

შექსპირული (abab cdcd efef gg)

ველისციხეში ყუნწიანად  ლეღვი ჩამტკბარა,
ხოლო რქაწითელს თაფლი გასდის, წვენი კი არა.
დაიწყოს რთველი, ამოდენა ლოდინი კმარა,
აგრილდა უკვე და წვიმებმაც გადაიარა.

ამ დროს ყველაზე ძნელი არის გაძლება სხვაგან,
არ არის კუთხე, რომ შეიძლო მიმყუდროება,
გადაკარგული შინაურებს აკლიხარ რადგან,
ვერსად ეტევი, დედამიწა გევიწროება.

რომ დაიწყება ჩემს სოფელში რთველი, რა რთველი! -
ხელს ვერ შეუშლის უგზობა და უამინდობა.
ერთად ყოფნაა აქ მთავარი, თორემ ქართველი
ყურძენს სხვაგანაც  კი იყიდის, თუ მოინდომა.

რა ძალა დაძლევს, თუ კახელი თავს გაიხელებს,
კახელთა შორის ვენაცვალე ველისციხელებს!

სპენსერული სონეტი - სუნი
(abab bcbc cdcd ee)
-  - - - -

ქვეყნად ყველაფერს ამჩნევია რაიმე კვალი.
თვით ნასუნთქსაც  კი უხილავი კვალი დარჩება.
იგრძნობა, მაგრამ ვერ იხელთებს ხელი და თვალი,
ცდილობ და თითქოს შეგიძლია სხვებში გარჩევა.

იგრძნობს გული და სიხარულით მოიფარჩება,
ყველა სიავე ეგონება უცებ კეთილი,
ხომ  იცის უკვე,  დანაკოდი არ და არ რჩება,
მაგრამ ასეა, ვერ ისწავლა მან გაკვეთილი.

სადმე რომ იყოს მღვიმე, კლდეში გამოკვეთილი
და სამუდამოდ  ეწყოს მწკრივად ყველა სურნელი,
როგორც კოლბებში ინახება სპირტი - ეთილი,
იყოს საცნობად ნაზავები მძაფრი თუ ნელი!

იცნო სურნელი - ოცნებაა, ფუჭი, სულ ამო,
ყველაფერს ნიღბავს, ასხვაფერებს რადგან სუნამო.

კანონიკური ვარიაცია

სონეტი კოღოს
(abbaabba cdcd ee)
- - -

ჩემო პატარა მეგობარო, სალამი შენდა!
სადაც წავედი, ყველგან  მერგო შენი ნაკბენი.
ვიცი, ტკბილი ვარ, მაგრამ  მკბინო იქნებ ნაკლები!
ასეთ გატანჯვას სხვა ამქვეყნად  ვინ მოითმენდა.
დასიებულზე  კაცი  ძმრიან ტილოს მაფენდა,
ვინძლო ჩაეცხრო ეს ქავილი არდასათმენი,
ყველგან მატყვია საქებარი შენი საქმენი,
მათ დაცხრობაში მთელი ღამე ზედ დაგვათენდა.

შეხედე ბუზებს, ჭიანჭველებს, სხვადასხვა მწერებს!
ყველა გაწყდება სასხურებლით ან რამე ხრიკით.
შენ კი ... ვერავინ  შენზე მეტად ვერ გამამწარებს,
ყურში ჩამბზუი,  გზა არ გქონდეს თითქოს ჩემს იქით.

სადღა გავიქცე! გინდ ვიფრინო, გინდაც ვიღოღო,
ას კაცშიც  ვიყო, მიპოვის და მე მიკბენს კოღო!

ტერცა რიმა დანტეს
(aba bcb cdc ded aa)
- - -

ან სალხინობელს  ან ჯოჯოხეთს სხვაგან რა უნდა,
ათასჯერ მეტის  დამტევია ეს ჩვენი ყოფა,
რაც ჟამი გადის, კიდევ უფრო გაუცნაურდა,

სულ მიგვატოვა უფლის ნებამ, ასე ეტყობა,
ისე მოგვედო განსაცდელი და გეჰენია,
დღეს ავ-კეთილი ერთურთისგან ვერ გაიყოფა.

ჭირის-ჭირს ჩვენსას თუ გადმოსცემს შენი გენია,
შენ შეგიძლია, დაგვანახე გამოსავალი,
თორემ სად მოვხვდით, ისიც ვეღარ დაგვიდგენია!

თავს დაგვტყდომია განსაცდელი მრავლის მრავალი,
დედა შვილს ხელში ვერ აიყვანს, უკვე საცაა.
არარა მოსჩანს, რა სამოთხე რა აღსავალი!

თეთრი ვარდიდან შუქი ჩვენკენ თუ არ დაბრუნდა,
ასე  უღმერთოდ - ვინ გაიგოს აქ ვის რა უნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები