ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
19 სექტემბერი, 2020


"შეჩერდი მტკვარო" (ნაწილი |)

-გულიზარა ,გულიზარა ,- ყიჟინით დარბოდნენ უბნის ბავშვები და ასფალტის მთელ სიგრძეზე ,ცარცით ჯვრებს ხატავდნენ. გულამოვარდნილები შეცვივდნენ იტალიურ ეზოში ,რკინის ორნამენტებიან კარიდან თვალები ამოყვეს და დაელოდნენ როდის ჩაივლიდა იეზიდი გულიზარა.ხნიერი ქალი წელში ისე იყო მოხრილი,გეგონება ძირიდან კენჭის აღებას აპირებსო.გრძელი თალხი ეცვა მუდამ, გაცრეცილი და დაკემსილი,თავზე სამფენად შემოხვეული საბურავი,შუბლთან სამნსაკვად ჰქონდა დაკოსებული. სიბერისგან დაღარული სახე ჯვრების დანახვისას , უარესად ებრიცებოდა და იეზიდურ ენაზე ქოთქოთით , იღლიაში ამოდებული ცოცხით დაერეოდა ონავრებს.არავინ იცის,გულიზარას რატომ აფორიაქებდა ჯვრების დანახვა.

ვერცხლის ქუჩაზე,ერთ-ერთ იტალიურ ეზოს ორ სართულიანი სახლის ქვედა სართული, ორ ოჯახს და უფროს გამომძიებელ,მილიციის კაპიტან მიშო გიგაურს ეკავა.ზედა სართული ებრაულ ოჯახს, შინაბერა მერის და მსუბუქი ყოფაქცევის ნაირას დაეკავებინათ.ეზოს გულში ონკანი იდგა,გარშემო უხეიროდ გალესილი,რომელშიც მუდმივად იდგა თუნუქის ტაშტით სარეცხი.

-რა დღეში ხართ,თქვე ჭინკებო,ისევ გულიზარას აბრაზებთ?!-ხის რიკულებიან აივანზე გადმომდგარი მერი,მარაოს ფრიალით უცაცხანებდა ბავშვებს.
-„როცა შინაბერა თხოვდება,ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა“,-პათოსით წარმოთქვა კარში თავგამოყოფილმა მიშომ და ბოლომდე გამოაჩინა კბილები.

-მერე? შენ მომიყვან ცოლად?- მარაოს ფრიალს კეკლუცად უმატა.

-მოგიყვან!- საფეხურზე ფეხი ადგა მიშომ და შუშაბანდის კარს საკეტი გამოსდო.

-როდის?-აკისკისდა მერი,გადაავიწყდა ონავრები.

-როცა გაიზრდები,- თვალი ჩაუკრა და ეზოს სტვენით გაუყვა ,კარს უკან დამალულ „ახტაჯანა“ კატოს თმა მოუჩეჩა.

-ჰმ,“მერზავეც“,-გაკაპასდა მერი,მარაო ერთი ხელის დაკვით დაკეცა და გავის ქნევით კარში გაუჩინარდა.
***
ზაფხულის მზე ქალაქში ჩასულიყო და ყველაფრის ნახვა ერთიანად განეზრახა.
გვარიანად ცხელოდა. ძია სერგოს სადალაქოს მოპირდაპირედ,სასადილოს წინ მრგვალ მაგიდაზე, რომელზეც გაზეთი გაეშალათ,სამი მამაკაცი უსხდა.შებოლილი თევზი, ცივი ლუდი მოედგათ და გახურებულ გულებს იგრილებდნენ.

-მიშო,მოდი ,-დაიძახა ერთმა ,კათხა მაღლა ასწია და მეორე ხელზე თევზიანი თითები გაილოკა.

-მეჩქარება გურამ,სხვა დროს იყოს,შეგერგოთ,- თქვა და ძია სერგოს ცხვირწინ აესვეტა.

-გაუმარჯოს მიშოსა,-გაუღიმა დალაქმა.
-გამარჯობა,ძია სერგო,სწრაფად უნდა შემჭრა-გამპარსო,მაგვიანდება,-მიშო ტყავის ,მსხვილფეხა სავარძელში მოკალათდა და დატრიალდა.
-საითა ჩქარობ,ცოლი ხომ არ მოგყავს?- გაეცინა სერგოს და გულსაფარი კისერზე გაუბანტა.
-ცოლი მინდა ამ სიცხეში?- გაეცინა და სარკეში თავი შეათვალიერა.ლამაზი ბიჭი იყო მიშო,მაღალი,მხარ-ბეჭიანი,შავი გრუზა თმით და შავ თვალ-წარბით.ქალების გულთამპყრობელი.
-ცოლი სიცხეშიც კარგია და სიცივეშიც,ჩემო მიშო,-თქვა და ბაკებთან სამართებელი დაუსვა.
-კარგი რა,ძია სერგო,ვინ მოვიყვანო ,აბა ?-იცინოდა მიშო.
-მერის რას უწუნებ?ქალი დნება შენს დანახვაზე,-ეშმაკურად ჩაიცინა დალაქმა და ხელზე დასხმული ადეკოლონი მიუტყაპუნა პირზე.
-მერი არა?- დაიმანჭა,აეწვა სახე,-რომ არ მიყვარს?-გამომცდელი თვალით შეხედა სერგოს.
-ეგრე ჩემი ლუიზაც არ მიყვარდა თავიდან,რომ გამირიგეს.ეხლა ყველაფერს მირჩევნია მისი თავი.
-ეგ ადრე იყო,ძია სერგო,რაღა დროს გარიგებაა,-წამოდგა ფეხზე,ჯიბიდან მანეთიანი ამოიღო და სარკის წინ დაუდო.

-„ნაირა,ნაირა,ერთი კოცნა გაიმეტე,მომეც შენი „დაირა“..-წაუღიღინა გურამამ და გზაზე მომავალ მკერდსავსე ქალზე თანამოსუფრეებს თვალით ანიშნა.
-„ნაგლი ფრაერ,ხუჟე ტანკა“-აიმრიზა ქალი ,წითელპომადიანი ტუჩები ნესტოებთან შეკეცა.
-მიშო,ამ თავხედს ჭკუის სწავლება არ აწყენდა,-სულზე მოუსწრო სადალაქოდან გამოსულმა გიგაურმა.
-კარგი რა ,ნაირა,კოცნის გამო კაცს ხომ არ დავიჭერ?-გაეცინა, გურამას თითი დაუქნია და ორთაჭალისკენ ფეხით გაუყვა.
***
ხვათქი გადასდიოდა თბილისს,აბანოთუბანში ხალხი ირეოდა,სიცხისგან გახვითქულები გოგირდის წყ.ლებს ეშურებოდნენ.
-ვა,ვინც მოვიდა,გაუმარჯოს!-წელზე პირსახოცშემოხვეული,წელზემოთ შიშველი მექისე „ძიაძ“გარიკა ღიმილით შეეგება მიშოს.

-გაუმარჯოს „ძიაძ“გარიკ,ერთი შენებურად გამხეხე,ოღონდ სწრაფად,მეჩქარება,-მიშომ გახდა დაიწყო.
-მოდი,აქ დაწექი „ცავატანემ“,ისე გაგხეხოს გარიკამ,შენმა უფროსმა ვეღარ გიცნოს,-ახითხითდა მექისე .
გულმოდგინედ აუწითლა მთელი ტანი გიგაურს.
-ჰა,მიშოჯან,შენი ქორწილითვის როდის უნდა გაგხეხო?-ფეხებზე გადავიდა მექისე.
-შენ ,თუ ეგრე გამაძრე ტყავი „ძიაძ“გარიკ,ქორწილამდე ვერ მივალ,-იცინოდა მიშო.
***
სხეულს,თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა.მჩატედ მიაბიჯებდა გამომძიებელი განყოფილებისკენ.
-მიშო ბატონო,პროკურორი გიბარებთ,დარეკა,ანგრევდა ტელეფონს,გაბრაზებულია,-განყოფილებაში შესვლისთანავე ამცნო დამხმარემ და თითები საბეჭდ მანქანაზე აათამაშა.
-მანანა,კარგი ამბით მაინც დაგეწყო დილა,უჰ,რა გაუძლებს,-მობეზრებულად გადაიქნია თავი , კაბინეტის კარი ბოლომდე გამოაღო,-თუ ვინმემ მიკითხა,არ მცალია,-გაუღიმა მბეჭდავს და თავი ოთახში შერგო.
საქაღალდეებით სავსე მაგიდას მიუჯდა,საჩვენებელი და შუა თითი საფეთქელზე მიიბჯინა ,ცერა თითი ლოყას ამოსდო და თავი ზედ დააყრდნო.
მკვლელობას იძიებდა,ჩიხში იყო შესული საქმე.მოქალაქე ,სედა მირიანის ასული ზამბახიძე,რომელიც მარტოხელა გახლდათ,თავის სამოთახიან ბინაში,თავისსავე საწოლში, გარდაცვლილი იპოვნეს.ექპერტიზამ დაამტკიცა,რომ ქალი გაგუდული იყო ბალიშით.ერთადერთი ნათესავი,ვინც გააჩნდა ასაკოვან ქალს,იყო მისი ძმისშვილი ვინმე ელენე ზამბახიძე,მუსიკის პედაგოგი,რომელსაც თითქმის ხუთი თვეა მამიდასთან სტუმრობა არ ჰქონია.მტრები არ ჰყოლია გარდაცვლილს,როგორც მეზობლები ადასტურებენ.არც ხმაური გაუგონიათ მკვლელობის ღამეს.სახლშიც ყველაფერი ხელუხლებელი იყო თითქოს.არანაირი კვალი არ ჩანდა.დაიკითხა ყველა,ვისზეც შეიძლებოდა ეჭვი გაჩენილიყო,ყველას ალიბი აღმოაჩნდა.დარჩა მხოლოდ ძმისშვილი,რომელიც დღეს ჩამოდიოდა რაიონიდან.
ტელეფონის გაბმულმა ზარმა,ფიქრებიდან გამოიყვანა გამომძიებელი,ყურმილში პროკურორის ხმა მეხივით გაისმა,-სასწრაფოდ ჩემთან!
-რა გაუძლებს ამას,-გაიფიქრა მიშომ და ცივი ბორჯომის ბოთლი ნახევრამდე ჩაიყვანა.
-მანანა,მე „იქ“ მივდივარ,-თითი ზევით აიშვირა,-მერე სადგურზე უნდა გავიდე,დღეს იმ მოკლულის ნათესავი ჩამოდის,ბექა თუ მოვიდა,დამელოდოს.
-კარგი,მიშო ბატონო,-ააფახუნა წამწამები.

***
„მატარებელი ნომერი... თელავი-თბილისი,თორმეტ საათსა და ოც წუთზე,ჩამოდგება პირველ ლიანდაგზე.გასვლის დრო თხუთმეტი საათი და ოცი წუთი,მგზავრებს გთხოვთ,სალაროში შეიძინოთ ბილეთები“-აცხადებდა ოპერატორი ცხვირში ყიყინით.

გამომძიებელმა მაჯის საათზე დაიხედა,-„ჯერ ადრეა“-გაიფიქრა და რკინიგზის სადგურის შენობაში მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა.გაზეთი გადაშალა და ინტერესით მოავლო თვალი ახალ ამბებს.“ამერიკის შეერთებულს შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის,ომი გარდაუვალია“-დიდი შავი ასოებით ეწერა.ყველა გვერდზე ომის საშიშროებაზე იყო საუბარი.გაზეთი დაახვია და იქვე ნაგვის ურნაში ჩაუძახა.
პერონზე ,კივილით შემოვარდა მატარებელი,ახმაურდნენ დამხვდურები,ვაგონებს თვალს კისრის წაწევით ათვალიერებდნენ და ნაცნობ სახეების დანახვისას ხელებს ჰაერში იქნევდნენ.
მიშომ ნაბიჯს აუჩქარა,მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი ზამბახიძე.
-რა იპოვნის ამდენ ხალხში,-ჩაილაპარაკა და ბარგის ურიკას გვერდი ძლივს აუქცია,ისე მოარბენინებდა პატარა ბიჭი.
წელში გამოყვანილი შავი კაბა ეცვა ელენეს,გულზე მუქი ლურჯი ნაქარგით.ქერა თმა გაეშალა და ზურმუხტისფერ თვალებს აქეთ-იქით დაბნეული დააცეცებდა.
-გამარჯობა,ელენე! უფროსი გამომძიებელი მიშო გიგაური,მე დაგირეკეთ!-ცხვირწინ შეეჯახა და ხელი გაუწოდა.
ქალი მოულოდნელობისგან შეკრთა,ხელი შემცბარმა შეაგება.
-ელენე ზამბახიძე,-თქვა და ყავისფერი ჩემოდანი ძირს დადგა.
-„ღმერთო,რა ლამაზია“-გაიფიქრა გამომძიებელმა და უარესად დასცხა.
-ქალბატონო ელენე,ვინაიდან თქვენი ნათესავის სახლი დალუქულია,ჯერ ჩემთან უნდა წამობრძანდეთ განყოფილებაში დაკითხვაზე.შემდეგ წავალთ სახლის დასათვალიერებლად,უნდა ნახოთ,რამე ხომ არ არის მოპარული.-თქვა და გოგონას ჩემოდანს დასწვდა.
-კარგით,-უხერხულად გაეღიმა ელენეს და წინ წასულს აედევნა.
***
მზე ,თითქოს ძალას კარგავდა,მწველი სხვივები ცოტა შეგრილებულიყვნენ.
გიგაურის სამუშაო მაგიდის გვერდით თანაშემწე მოკალათებულიყო და საქაღალდეში თავი ჩაერგო.
კარის გაღების ხმაზე,ფეხზე წამოდგა და გიგაურთან ერთად შემოსული , თავით-ფეხამდის შეათვალიერა.
-სად იპოვნე ეს ანგელოზი?-უჩურჩულა მიშოს და მხარი წაჰკრა ეშმაკური ღიმილით.
-ბექა!-ხმადაბლა შეუღრინა გიგაურმა და დაზარალებულს,თუ ეჭვმიტანილს, სკამზე დაჯდომა ანიშნა.
-აბა,ქალბატონო ელენე,-დაიწყო მიშომ და თაბახის ფურცელი ,კალამთან ერთად მოიმარჯვა.
-სრული სახელი,გვარი,დაბ.თარიღი,სად ცხოვრობთ,რა საქმიანობას ეწევით?-ქალს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
-ელენე ვიქტორის ასული ზამბახიძე,დავიბადე თბილისში 1951 წლის 3 აპრილს,ვარ 26 წლის.ამჟამად ვმუშაობ თელავის, ნომერ პირველ საჯარო სკოლაში,მუსიკის პედაგოგად,-თქვა და გრძელი თითები ერთმანეთში ახლართა.
-დაოჯახებული,დასაოჯახებელი?-ინტერესით მიაჩერდა ქალს და გული აუჩქარდა.
-დასაოჯახებელი,-ყოყმანი შეეტყო ხმაში.
-შეყვარებული,საქმრო ?-გიგაურმა ცალი თვალი ოდნავ მოჭუტა.
-არ მყავს,-ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ.
-სახლის გასაღები,თქვენს გარდა,კიდევ ვინმეს ჰქონდა?-ხმა გამკაცრებოდა მიშოს.
-არა,არა,-თავი გაიქნია ქალმა.
-ბოლოს როდის ნახეთ,აწ გარდაცვლილი სედა მირიანის ასული ზამბახიძე?-თვალებში მიაშტერდა ქალს,-„ღმერთო რა სასწაულია,“-გიგაურის გონება დაუკითხავად აკეთებდა გადახვევებს.
-მამიდა ბოლოს,-ცრემლები მოაწვა ელენეს,აბრეშუმის ცხვირსახოცი ჩანთიდან ამოიღო და თვალებზე აიფარა.მიშო არ განძრეულა,მშვიდად განაგრძობდა ლოდინს.
-მამიდა ბოლოს,ხუთი თვის წინ ვნახე,კარგად იყო.საერთოდ არ ავადმყოფობდა,ისიც მუსიკოსია,ოღონდ აღარ მუშაობდა.
-მდაა..თითები ფურცელზე ააკაკუნა მიშომ და ქალს გამომწვევად დააკვირდა.
-ვინ დაადასტურებს,რომ თქვენ ამ დროის განმავლობაში,არ დაგიტოვებიათ სამუშაო ადგილი?
-ჩემი თანამშრომლები და მეზობლები დაადასტურებენ.ყოველ დღე სამსახურში ვარ,-ადგილზე აწრიალდა ქალი.
-კარგი,დღეისთვის საკმარისია.წავიდეთ გარდაცვლილის სახლში,-მიშო ფეხზე წამოდგა ,ჩემოდანი აიღო და ელენეს გასასვლელისკენ გზა დაუთმო.
***
-ქალბატონო,ნუ დაუჭყლიტეთ გვერდები,მაგ პომიდორს,-ცხარობდა გამყიდველი.
-რათა,დაულურჯდება?-ენაკვიმატი შეხვდა მყიდველი.
-აბა,ქორფა კიტრი,პომიდორი,აქეთ,აქეთ..ახალი ხორცი,მთლად ხბო დავკალი ქალბატონო,ბებერი არ გეგონოთ,- აყალ-მაყალში ისმოდა ვაჭართა შეძახილები.
თელავის ბაზარს ,როგორც სკას ფუტკარი,ისე შესეოდა ხალხი.სანოვაგით მძიმე ჩანთებს,ძლივს მიათრევდნენ.მავანთ ღვინის კასრზე, პურ-მარილი გაეშალათ და არყისგან ჩამწვარ ყელს, კიტრის მწნილით იგრილებდნენ.
კუთხეში,კაცების გინება და ჩხუბი ისმოდა.ყომარბაზებს რაღაც ვერ გაეყოთ.
-კობა,ერთი კვირა დაგრჩა,მოსატანი უნდა მოიტანო,თორემ ჯიმშერას ვერ გადაურჩები.ადგილზე დავკლავ და მაგის ნაწლავებს ღორებს გადავუყრიო,ხომ იცი,შემსრულებელია,-დაძარღვული ,კბილებში სცრიდა კაცი და წინ მდგომს თვალებით ხვრეტდა.
-უნდა გადამიწიოს ვადა,ერთი თვე მინდა,საქმე ნახევრად გაკეთებული მაქვს,თბილისში უნდა წავიდე ამ დღეებში,-მუდარა ისმოდა მეორის ხმაში.
***
კოლმეურნეობის მოედანზე ,სამსართულიანი სახლის სადარბაზოში,მძიმედ მიათრევდა მიშო ჩემოდანს.-„ნეტა რა უდევს“-გაიფიქრა და ოფლისგან დაცვარული შუბლი ხელისგულით ჩამოიწმინდა.
კარზე დამაგრებული ლუქი მოხსნა.შესვლისას კიდევ ერთხელ იგრძნო სიკვდილის სუნი.თითქოს იქ დაებუდებინა და წასვლას არ აპირებდა.
ელენეს გაუჭირდა ნაბიჯის გადადგმა,ყბები აუკანკალდა და იქვე ჩაჯდა ქვითინით.
-ეს მსახიობობს,თუ მართლა განიცდის?-გაიფიქრა მიშომ,ეჭვები გულს უღრღნიდა,არ იყო დარწმუნებული ელენეს უდანაშაულობაში.
მაცივრიდან ცივი წყალი გადმოიღო ,ჭიქაში დაასხა და ქალს გაუტანა.
-დალიე,-ხელში მიაჩეჩა.
***
იტალიურ ეზოში დიდი ფუსფუსი იყო.ონკანთან ახლოს,სიგრძეზე ორი გაშლილი მაგიდა ერთმანეთისთვის მიედგათ.ზედ თეთრი,სახამებლიანი სუფრები გადაეფარებინათ და ტყემლის თეფშები ოთხ ადგილას ჩაედგათ,მარილთან და პურთან ერთად.დიდი სამზადისი იყო.მიშოს გვერდით მეზობლები“მაღარიჩს“კისრულობდნენ.ერთადერთი ვაჟი,“წოწკოლა’ (როგორც გიგაურმა შეარქვა) თემური უმაღლესში,იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყოთ,გავლენიანი ნათესავის დახმარებით.რასაც ხმამაღლა არ აღიარებდნენ.აბა წოწკოლა რისი ჩამბარებელი იყო,დღე და ღამ ლოთობდა.
-ნაირა,თექვსმეტ კაცზე გააწყვე ,-გასძახა ციურიმ და გვერდით მდგომ მერის დანა-ჩანგალი მიაჩეჩა.,ლამარას ჭიქები. წოწკოლას მამას დოლი გამოეტანა და სანამ ქალები ტრიალ-ბზრიალებდნენ,თითებს ავარჯიშებდა.
**
ოთახიდან ოთახში, მოჩვენებასავით დადიოდა ელენე,ფერი დაკარგვოდა და ხელები უკანკალებდა.
-მგონი ყველაფერი ადგილზეა,დაკარგული არაფერი ჩანს,-სავარძელში ჩაესვენა და გიგაურს გვერდულად გახედა.
-მამიდას როდის მოიყვანენ,-დაზაფრული ხმა ჰქონდა.
-ხვალ!ახლა კი წავალ,ეს ჩემი ტელეფონის ნომრებია,სახლის და სამსახურის,თუ რამე საეჭვოს ნახავ,დამიკავშირდი,-პატარა,მრგვალ მაგიდაზე,სანათის გვერდით დადო ფურცელი.ზანტად წამოდგა და ფეხისთრევით წავიდა კარისკენ.-„რა გემართება,მიშო?!“-შეუძახა თავს და კიბეზე დაეშვა.

ქუჩის დასაწყისშივე მოესმა შეხმატკბილებული სიმღერა.კარგად იყვნენ შეზარხოშებულნი მეზობლები.მიშოს დანახვაზე,სუფრა უფრო ახმაურდა.მერიმ და ნაირამ შუაში მოიქციეს გიგაური და ერთმანეთის ჯიბრზე, რიგ-რიგობით ულაგებდნენ თეფშზე შემწვარ-მოხრაკულს.
-დაგვიანებულს ჯარიმა!-დაიძახა წოწკოლას მამამ და ფიალა,რომელშიც სამი ღვინის ჭიქა ჩავიდოდა,ზარ-ზეიმით გადასცა მიშოს.
-მეზობლებო,მეგობრებო,-წამოდგა და რიხიანად დაიწყო გიგაურმა,სუფრის წევრებს თვალი მოავლო,რამდენიმე უცნობ სახესაც წააწყდა,-ვუერთდები თქვენს სიხარულს და გილოცავთ,წარმატებები მინდა გისურვო თემურ,-გადახედა წოწკოლას,რომელიც პირგამოტენილი იღრიჯებოდა,-აბა,შენ იცი,უნდა გვასახელო,-თქვა და სასმისს ძირი გამოუჩინა.
-პროკურორი გახდება ჩემი თემუკა და ამოგიდგება მხარში ,მიშო,-ამაყად განაცხადა ციურიმ და შვილს ქათმის ბარკალი მიაშველა.
-„ღმერთო, მაგ დღეს არ მომასწრო“-ჩაილაპარაკა გიგაურმა და სამკუთხედად დაჭრილ ხაჭაპურის ნაჭერს,თავი წააცალა.აქეთ-იქიდან აფხუკუნდნენ ნაირა და მერი.
ერთ სადღეგრძელოს,მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და გვარიანადაც მოეკიდათ.
სიმღერა წამოიწყო მერიმ და მიშოს ანთებული თვალებით შეხედა.
„შავთვალა ხუჭუჭთმიანი,ჩემს გულში შემოპარულა,
იგი ოცნების ზღვა არის,მე მასზე ვფიქრობ მალულად,
შევხვდები და ვეტყვი,როგორ მიყვარხარ,
შენთვის ძგერს ეს გული,
შენ ჩემი ოცნების ხმატკბილი ჰანგი ხარ,
ჩემი სიყვარული“-გიგაურს ჩაეღიმა,მათრობელას მთელ ტანში დაევლო,ტვინში შემძვრალიყო და ყველაფერი აერია,ახალბედა ქურდივით.გიტარა გამოიტანა სახლიდან,სიმებზე თითები ,როგორც ქალის სხეულზე ისე გადაასრიალა,მერის ეკალმა დააყარა.
მერე? მერე აღარ ახსოვს,როგორ შევიდა სახლში,ან როგორ დაწვა საწოლში.დილით ,თვალი რომ გაახილა და მის მკლავზე შიშველი, მძინარე ქალი ,რომ დაინახა,შუბლზე იმხელაზე შემოიკრა ხელი,ქალს გაეღვიძა.

-მერი?!- თვალები გადიდებოდა მიშოს.
-ჰო,-ამოიკრუსუნა ქალმა და გიგაურის ტანს, დედიშობილა აეკრა.
ფრთხილად ასწია ზეწარი მიშომ და ტანზე შარვალი რომ დაინახა,შვებით ამოისუნთქა.
-მერი,რა მოხდა,აქ რა გინდა?-შუბლშეკრულმა დახედა ქალს და მის სახეს დააკვირდა.
-არაფერი,ნუ ღელავ,-გაეცინა ქალს,-უბრალოდ გვეძინა.
-რა უბრალოდ?გადაირე?რას აკეთებ ჩემს საწოლში?-წამოხტა ფეხზე და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო.
-ადექი,უნდა წახვიდე,-სახეზე ხელებს ისვამდა გაფითრებული,წუხანდელის გახსენებას ამაოდ ცდილობდა.
-შეტრიალდი!-მკვახედ გაისმა ქალის ხმა.
მიშომ დანანებით გაიქნია თავი,შუშაბანდში გავიდა და მოშვებულ ონკანს თავი შეუშვირა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა,-იმეორებდა გულში და ცივ ნაკადს ხარბად ეწაფებოდა.
***
ღრუბლიანი დილა გათენდა,ამდენი სიცხეების შემდეგ,ნამდვილი შვება იყო დედაქალაქისთვის. დაღმართს მიუყვებოდა მიშო,ბექასთან ერთად. დღეს სედა ზამბახიძე უნდა დაეკრძალათ.
-ბექა,ათი ყური და ათი თვალი გამოიბი,რაიმე საეჭვო თუ შენიშნე,ეგრევე შემატყობინებ,-ხმადაბლა მოძღვრავდა მიშო.
-მერამდენედ უნდა გამაფრთხილო?-ეწყინა ბექას და კენჭს ფეხი წაჰკრა.
სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა,გარეთ მდგარ ხალხში ჩოჩქოლი ატყდა,გზა გაუნთავისუფლეს ექიმებს და საკაცეზე დასვენებულ ქალს თანაგრძნობით უყურებდნენ.
-რა დაემართა?-იკითხა მიშომ და ბექას ანიშნა,მაღლა ადიო.
-გული წაუვიდა,ვერ მოიყვანეს გონზე,ინერვიულა ეტყობა,-ხნიერმა ქალმა გასცა პასუხი.
კიბეზე ,გამხდარმა,მაღალმა ბიჭმა ჩამოირბინა და სასწრაფოს მანქანში შეხტა.კარი მიიხურეს და სირენით გავიდა მთავარ გზაზე.
-„ეს ვინ იყო?!“-დაეჭვდა გამომძიებელი და სადარბაზოში შევიდა.
სედა ზამბახიძე ოთახის შუაგულში,შავ სასახლეში ჩაესვენებინათ,თეთრ არშიებით შემოვლებული სუდარა გადაეფარებინათ და ზედ მიხაკების თაიგულები დაეწყოთ.
მიშომ დინჯად შემოუარა მიცვალებულს და იქვე,კართან გაჩერდა,ყურთასმენა დაძაბა,“სასახლის“ წინ ჩამწკრივებული ქალებისკენ.
-საცოდავი ელენე,მარტო დარჩა,ერთი ეს მამიდა ჰყავდა და ისიც ასე საცოდავად მოუკლეს,-ამოიტირა ვარდისფერპომადიანმა და არტისტულად მოიწმინდა ცრემლი.
-ის ბიჭი ,ისე დასტრიალებდა თავზე,იქნებ უპატრონოს კიდეც,-თქვა გვერდით მჯდომმა და მიცვალებულის სახეზე მჯდომ ბუზს ცხვირსახოცი აუქნია.

-„ის ბიჭი,ის ბიჭი“-მიშოს ტვინმა ცხრა ბრუნი გააკეთა,ბექასთან მიიჭრა,მკლავში გამოსდო ხელი,-ჩქარა წავედით,საავადმყოფოში!-გამოსცრა კბილებში და კიბეზე დაეშვა.

**
ღრუბლები, დაუპატიჟებელი სტუმრებივით გამოეცხადნენ ქალაქს. ერთიანი ძალებით უტევდნენ დედამიწას..ცაზე ელვა, ეშმაკშემძვრალი ქალივით იკლაკნებოდა.
ერთიანად დასველებულიყვნენ მიშო და ბექა.საავადმყოფოს შესასვლელში კისრისტეხვით შეცვივდნენ.
დერეფნის კედლები,ლურჯ-თეთრში ფერში შეეღებათ.რკინის საწოლები ავადმყოფებს შეევსოთ.წამლების მძაფრი სუნი,დათარეშობდა შენობაში..
ელენე გაფითრებული იწვა,თავი გვერდზე გადაეგდო,ერთ მკლავზე ,წვეთ-წვეთ ევსებოდა ვენები,გამჭვირვალე სითხით.
გიგაურმა ფრთხილად შეაღო კარი,ქალს შორიდან დააკვირდა.ახლოს მივიდა და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.ელენემ ქუთუთოების თამაშით,მძიმედ გაახილა თვალი,გამომძიებლის დანახვაზე შეკრთა.
-გამარჯობა,ქალბატონო ელენე,- გაუღიმა.ქალი, თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა,პირი გაშრობოდა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?აქ შემოსვლა აკრძალულია!-ქარბორბალასავით შემოიჭრა საკმაოდ სრული,დიდმკერდიანი,თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი ნემსით ხელში და გიგაურთან მიიჭრა.
-უფროსი გამომძიებელი,მიშო გიგაური!-მოწმობა ექთანს ცხვირთან ახლოს გაუჩერა.
-იცით?მის მდგომარეობაში,არ შეიძლება ნერვიულობა,-ხმა მოულბა ნემსიანს და ავადმყოფს ბალიში შეუსწორა.
-კი,მესმის,რომ დიდი უბედურება დაატყდა თავს,მაგრამ ორი სიტყვით შემოვიფარგლები ქალბატონო და წავალ,-მიშომ სველ თმაზე ხელი გადაისვა.
-რა უბედურება?-გაკვირვებულმა გახედა გამომძიებელს,-ბედნიერება ეწვია,ფეხმძიმედაა,დედა გახდება,-ელენეს თავზე ღიმილით მიეფერა.
მიშო წამიერად გაშეშდა,ყურებში საშინელი შუილი იგრძნო,თავში ნაკადით აწვებოდა სისხლი. სახე უცებ გაუმკაცრდა,თვალებში მხეცებმა დაისადგურეს,ხელები მომუშტა და კბილებში გამოსცრა,
-მითუმეტეს,ბევრი სალაპარაკო გვქონია ქალბატონო ელენე!თქვენ კი დაგვტოვეთ,სასწრაფოდ!-ბოლო წინადადებას ,ექთნის პალატიდან გაძურწვა მოჰყვა.
სიბრაზე და ზიზღი ერთიანად დაეტყო გიგაურს,თავის მოთოკვა გაუჭირდა.ძალიან უნდოდა ეს ზურმუხტისფერი თვალები,უდანაშაულო ყოფილიყო,შეცდა.თავის გაქნევით გაფანტა პატარა ოცნება და ქალს ჯიქურ დააცქერდა.
-ვინ იყო ის ბიჭი,შენთან ერთად ,რომ წამოვიდა,რა საერთო გაქვს მასთან და ვინ არის ბავშვის მამა?!ვატყობ გამოცდილ თაღლითთან მაქვს საქმე,ვერ შეგაფასე თავიდანვე სწორად!-კბილებს აჭრიალებდა მიშო.ელენე უარესად გაფითრდა და აკანკალდა.
-მე,მე ფეხმძიმედ ვარ?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა,ერთი ხელი სახეზე აიფარა.
-ნუ არტისტობ!-დაიღრიალა და ქალს სახე ახლოს მიუტანა,-„რა საოცრებაა“-მიშოს გონების ნახევარი ელენეს მხარეზე იყო.
-ის ბიჭი,ამას რომ მოჰყვა,გაიქცა!-ბექა შემოვარდა ახალი ამბით.
-უუხ..-გაცოფდა და გადაირია გიგაური,კედელს მუშტი გვერდულად მიარტყა,ისევ ქალისკენ დაიხარა,
-ვინ არის ის ბიჭი?!სასწრაფოდ,სახელი,გვარი,საცხოვრებელი!-გრგვინავდა გამომძიებელი,თავის შეკავება უჭირდა.ასე,არასდროს გამოსულა წყობიდან.
-ბექა,ექიმს დაუძახე!-გასცა ბრძანება და ბრაზიანი სახე,გესლიანმა ღიმილმა შეუცვალა.
-განყოფილებაში მოგივლი!-მუქარა გაისმა მიშოს ხმაში.ელენე საწოლის თავს აეკრა,ცახცახით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები