ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: მადამ ფისუნია
ჟანრი: დრამატურგია
20 სექტემბერი, 2020


ექიმი

სცენა მინიმალისტურია. ძველებური მრავალსართულიანი კორპუსების შიდა სივრცეს წარმოადგენს, რომლის ტერიტორიაზეც ბიჭი ველოსიპედით კატაობს. სცენის მარჯვენა მხარეს ორი ბიჭი ბურთით თამაშობს, ხოლო მარცხენა მხარეს გოგონები სახტუნელათი. მოულოდნელად ველოსიპედიანი ბავშვი დაეცემა და ყვირის. მის ირგვლივ სხვა დანარჩენი ბავშვები მოიყრიან თავს.

წაქცეული ბავშვი: აუ დედააააა, მტკივა.

მეორე ბავშვი: კარგი, რა, გოგო ხომ არ ხარ/დასცინის და თან ცხვირში იქექება/ ვინ არ წაქცეულა?

გოგონა: იქნებ ბიჭებსაც სტკივათ?

მეორე გოგონა: ყველას სტკივა მაგრამ უძლებენ და მაგრებიც მაგიტომ არიან, გუშინ როლიკებით რომ ვკატაობდი მეც დავეცი აი ნახეთ /დანარჩენ საზოგადოებას უჩვენებს ნატკენ იდაყვს და შემდეგ მუხლს/ მაგრამ არ მიტირია… დედამ მითხრა ვაშკაცი გოგო ხარო და მაგიტომ… ეს კიდე ტირის გოგოსავით /თქვა ნიშნის მოგებით და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა/

ბიჭი: ნუ ბოდიალობთ რაღაცას, იქნებ მოიტეხა? / და წაქცეულს წამოდგომაში დაეხმარა/

/დაცემულმა თვალზე ცრემლი საკუთარი მხრით შეიმშრალა/

წაქცეული ბავშვი: აღარ მტკივა, გამიარა! მეც ვაჟკაცი კაცი ვარ! დიდი რომ გავხდები ჯარისკაცი გამოვალ!

მეორე ბავშვი: მე რემბო უნდა გავხდე!

მესამე ბავშვი: მე ტერმინატორი…

/ყველა ახითხითდა და გამხიარულდა/

სცენა იცვლება და საავადმყოფოს პალატად გადაკეთდება, სადაც სასოწარკვეთილი ქალი და კაცი დგანან წაქცეულ ბავშვთან ერთად, რომელსაც ხელზე თაბაშირი ადევს. ქალი და კაცი თეთრ ხალათიანი მამაკაცის რჩევებს ისმენენ:

დედა: ნიკო, წამოდი ნაყინი ვჭამოთ, მამა დაგვეწევა…

ბავშვი: აუ რა მაგარიააა… წავიდეთ.

/კულისებისაკენ მიდიან/

ბავშვი: დედა, ნახე, ხელი მოვიტეხე და სულ არ მტკენია, ნამდვილი ჯარისკაცი ვარ, ბავშვებს ამას რომ ვაჩვენებ შურით გასკდებიან… დე, შეიძლება რამეები დამაწერონ?

დედა: /ალერსიანად უღიმის/ რა თქმა უნდა საყვარელო…

მამა: მაგარი ბიჭი მყავს არა?

ექიმი: უდაოდ, ბევრი ზრდასრული ვერ გაუძლებდა ამ ტკივილებს ამდენი დღე…

მამა: დედამისს რომ არ შეემჩნია ხმასაც არ ამოიღებდა, ძლივს წამოვაცდინეთ რა სჭირდა…

ექიმი: ნამდვილად ყოჩაღი ვინმე გყავს. ჩვენს თავს მაგონებს ბავშვობაში, ათას ხიფათს რომ ვეყრებოდით ხოლმე გახსოვს?

მამა: მაგას რა დამავიწყებს, თან შენ მსუქანი იყავი და სულ ჩამოგვრჩებოდი ხოლმე. /ახითხითდა ორივე/ კარგი დრო იყო ნამდვილად…

ექიმი: კი, ეგრეა…

მამა: მის ხელზე რას ფიქრობ, ხომ არ გაურთულდება ან რამე მსგავსი, ბოლო ბოლო თითქმის სამი დღე უყურადღებოდ დავტოვეთ…

ექიმი: არა მგონია გაურთულდეს, თუმცა ეჭვი მაქვს არასწორად შეიძლება შეხორცდეს…

მამა: მერე ეგ რას დაუშავებს?

ექიმი: ისეთს არაფერს, ცოტა სხვანაირად ექნება, აი გახსოვს ჩვენი მეზობელი რომ იყო ცელქი გოჩა, აი, მაგას რომ ჰქონდა ხელი რაღაცნაირად ეგრე ექნება .

მამა: აუ, საიდან გაგახსენდა ახლა გოჩა, ისე მეშინოდა მაგის ხელს რომ ვხედავდი ლამის შარვალშივე ვისაქმებდი. /გაეცინა ორივეს/ დაკლაკინილ გველს არ ჰგავდა?

ექიმი: /იცინის/ რაღა დაგიმალო და მაშინ მეც მეშინოდა მისი იდაყვის, მაგრამ მას შემდეგ ისეთი ანომალიები ვნახე რაღა შემაშინებს. /ისევ გაიცინეს/

მამა: შენადა, არაფერი ეშველება ? არ მინდა ჩემი შვილის რომ ეშინოდეთ, ხომ ხვდები… გოჩას ამბავში… /დასევდიანდა/ პლასტიკა სვასტიკა, რამე რუმე ვერა?

ექიმი: /იღიმის/ როგორ ვერა… არ დასჭირდება პლასტიკა, თუ ეგრე გაწუხებს ეგ ფაქტი, შემიძლია გავჭრა და ჩავალაგო ძვლები კოხტად… ქალაქში საუკეთესო ქირურგი რომ ვარ კი იცი, ეგეთები მაინც არ მეშლება.

მამა: ვიცი გელა, რას მიხსნი. ვნახე ნორა დეიდას ბიჭი, მანქანამ რო დაარტყა მაღაზიასთან.  ყველა ამბობდა ქინდერ სურპრიზის სათამაშოსავით დაიშალაო, მარა გუშინ ბავშვებს ეზოში კალათბურთს ეთამაშებოდა. /გაიცინეს/

ექიმი: დაელაპარაკე ცოლს და დაფიქრდით, ხომ იცი, ფულზე პრობლემა არ იქნება…

მამა: მადლობა ძმაო, ეგ რა სალაპარაკოა აბა… /ერთმანეთს გადაეხვევიან და სცენიდან გადიან/

/მუსიკის ფონზე მსახიობები ქმნიან სცენის ინტერიერს, ქორეოგრაფიული მოძრაობებით გამოაქვთ საოპერაციო მაგიდა, ქირურგიული ინვენტარი, უკეთიათ პირბადეები და აცვიათ თეთრი ხალათები. წაქცეულ ბავშვს მაგიდაზე აწვენენ, ერთერთი ასუნთქებს რაღაც სითხეს, ბავშვი ითიშება. ექიმი ოპერაციას აკეთებს, დანარცენი თეთრ ხალათიანები მის ირგვლივ ცეკვავენ. მოულოდნელად ირთვება გამაწვრილებელი ხმა კარდიოგრამის აპარატის. ამ დროს სცენაზე შემოდის შავმოსასხამიანი ადამიანი (სიკვდილი) და იწყებს ცეკვას მაგიდის ირგვლივ. ყველა თეთრხალათიანი მაგიდასთან მირბის და ერთად ცდილობენ ბავშვის გადარჩენას, მაგრამ შავ მოსასხამიანი მაგიდას უახლოვდება პაციენტს მახვილს ურჭობს, გული ჩერდება. მოსასხამიანი ბავშვს ხელს ჰკიდებს და კულისებში თან მიჰყავს.  ექიმი მაგიდის წინ მუხლებზე ეცემა , სცენა ბნელდება/

/ძაძებში ჩაცმული ცოლქმარი ექიმის წინ მდუმარედ დგას/

ექიმი: ვიცი რომ გძულვართ, ამის უფლება გაქვთ… ეს დუმილი მკლავს, ეს უძრაობა მაგიჟებს, მინდა რომ იყვიროთ მირტყათ, გამლანძღოთ… ჩემი ბრალია. ყველაფერი ჩემი ბრალია, მე გირჩიეთ ოპერაცია, ისიც კი არ ვიცი რატომ მოხდა ასე… რამ გამოიწვია, რა შეცდომა დავუშვი… ყველაფერი ჩემი ბრალია.

მამა: დაწყნარდი ძმაო, სხვისი შვილები გადაარჩინე, განგებაა, ყველააფერი ხდება, მე ავიჩემე ლამაზი მინდა იყოს-მეთქი და ღმერთმა მახინჯიც არ დამიტოვა, შენ არ ხარ დამნაშავე. /ზურგზე მეგობრულ ხელს ხვევს და კულისებში აცილებს/

/ქალი სცენაზე მარტოა, უძრავად დგას და ხმას არ იღებს მაგრამ ცრემლებს ვერ იკავებს. ქმარი სცენაზე ბრუნდება , ცოლს ხელს ხვევს/

მამა: ნუ მოიკლავ თავს, სხვა შვილიც გვყავს და მოვლა უნდა გზაზე დაყენება ასე არ გამოვა.

/ქალი ხმამაღლა ღრიალებს, ტირის, მაგრამ მეუღლეს კულისებში მიჰყვება, სცენა ბნელდება/

/სცენაზე თეთრხალათიანები ქაოტურად დარბიან, თან ქორეოგრაფიული მოძრაობებით სცენას აწყობენ. ისმის მძიმე როკ მუსიკა და მის ფონზე სასწრაფო დახმარების გაბმული სირენა, დროდადრო რაციის შიშინი და გაბნეული სიტყვები /

„ავარია“

„მძიმე“

„18 წლამდე მამაკაცი“

„შავგვრემანი“

„მსხვერპლი“

/საკაცით ბიჭი შემოჰყავთ და მაგიდაზე აწვენენ. ოპერაციას იგივე ექიმი აკეთებს, მაგრამ უკვე თმაგაჭაღარავებული, ისევ ისმის კარდიოგრამის გაბმული ხმა, სცენაზე შავმოსასხამიანი პერსონა კვლავ იწყებს ცეკვას მაგიდის გარშემო . ექიმები  მაგიდას შემოეხვევიან. შავმოსასხამიანი კვლავ იღებს მახვილს და აპირებს პაციენტს დაასოს, ამ დროს ექიმი მას ხელს უჭერს, მოსასხამიანი შეშინდება და სცენიდან გარბის. გულისცემა აღდგება. ქირურგი მუხლებზე ეცემა და სიხარულის ცრემლებს ღვრის, მუსიკა წყდება/

მედდა: ექიმო, თქვენ გმირი ხართ…

მეორე მედდა: ვინ იფიქრებდა რომ…

ექიმი: /აწყვეტინებს/ მეგონა ამჯერადაც ჩავფლავდებოდი… /სცენიდან გადის თავდახრილი/

მედდა: რაზე ამბობს? /გაოცებით/

მეორე მედდა: აზრზე არ ვარ, არასოდეს ჩაფლავებულა, წლებია აქ ვმუშაობ, და ყველა ოპერაციის შემდეგ ამას ამბობს…

პრაქტიკანტი ბიჭი: ამბობენ, ათი წლის წინ თავისი ძმაკაცის ბავშვი ჩააკვდაო საოპერაციო მაგიდაზე გაურკვეველი მიზეზით…

მედდა: ვააა, რას ამბობ… საწყალი…

მეორე მედდა: აი, თურმე რატომაა სულ ასეთი სევდიანი და რატომ განიცდის ყველა ოპერაციას ასე სიღრმისეულად…

/ექთნები და პრაქტიკანტი საოპერაციო მაგიდას მასზე მწოლიარე პაციენტთან ერთად სცენიდან მიაგორებენ თან რაღაცებს ჩურჩულებენ/

/ექიმი სცენის ცენტრში დგას და ხელშიი ფურცლები უჭირავს. ინტერესით ათვალიერებს ხან ფურცლავს, ხან უკან აბრუნებს. სცენაზე მედდა შემოდის/

მედდა: გელა ექიმო, გცალიათ?

ექიმი: რა ხდება ნინა?

მედდა: აი, ხომ გახსოვთ ჩვენი ანგელოზების შეყვარებული, თქვენ რომ „შეაკეთეთ“ /თან იღიმის თან მორცხვობს ცდილობს დამალოს , მაგრამ ექიმს ეპრანჭება/

ექიმი: ბიჭი ავარიიდან? /პასუხობს ისე რომ ფურცლებს თვალს არ აშორებს, მედდის ფლირტს უყურადღებოდ ტოვებს/

მედდა: დიახ…

ექიმი: რა სჭირს?

მედდა: გაიღვიძა…

ექიმი: მშვენიერია…

მედდა: მის მშობლებს თქვენი ნახვა სურთ…

ექიმი: რა თქმა უნდა… /ფურცლებს თვალს აცილებს ხურავს და მედდას უყურებს/ მის პალატაში არიან?

მედდა: არა, აქ…

/ამ დროს სცენაზე შემოდის გაჭაღარავებული ქალი და კაცი, (ველოსიპედიანი ბავშვის მშობლები) ექიმი და წყვილი ერთმანეთს მდუმარედ აშტერდება, კაცი მორცხვად თავს ხრის/

მედდა: აი, ეს არის ის ექიმი თქვენი შვილი რომ გამოსტაცა სიკვდილს ხელებიდან…

/მუსიკა ირთვება, მედდა ექიმს აქებს და არ ჩუმდება, თან შეფარვით მისკენ თვალს აპარებს და ეპრანჭება. ქალი ყვირის, ექიმს კისერზე ეკიდება ეხუტება, მუხლებზე ეცემა და ხელებს უკოცნის/

ექიმი: არ გინდა ევა, გეყოს… ჩემი მოვალეობა შევასრულე… /იღიმის იმუხლება და ქალს ფეხზე აყენებს, ქალი ბოდიშებს და მადლობებს ისვრის, თვალებში ვერ უყურებს. იქვე მდგომი მედდა შეფარვით ეჭვიანობს, ქალთან ჭიქით წყალი მიაქვს სცენის უკანა ნაწილში გადაჰყავს სკამზე სვამს და ამშვიდებს/

/ქალის ქმარი ექიმს უახლოვდება, ხელს ართმევს/

მამა: მადლობა ძმაო, შენ კიდევ ერთ ტრაგედიას გადაგვარჩინე.

ექიმი: მე ჩემს მოვალეობას…

მამა: ვიცი, ვიცი, მაგრამ მაინც მადლობა…

/წამიერი მდუმარება/

მამა: გვაპატიე…

ექიმი: რას ამბობ…

მამა: თავს ხრის და თვალს არიდებს, გვაპატიე რომ გულის სიღრმეში შენ გდებდით ბრალს ისე რომ თავსაც არ ვუტყდებოდით, გვაპატიე რომ ასე ჩამოგშორდით მოუკითხავად და…

ექიმი: აბა რას ამბობ… ჩემი ბრალი იყო… მე გითხარი ოპერაციას გავუკეთებ-მეთქი…

მამა: ვიცი, ვიცი, მაგრამ არ დაგიძალებია, არჩევანი მოგვეცი… იცი, /ამჯერად თვალებში უყურებს/ იმ შემთხვევის გამო მეორე ვაჟს ყოველგვარი ბავშვური გართობა მოვუსპეთ, არც ველოსიპედი გვიყიდია, არც როლიკები , ეზოში ბურთის სათამაშოდაც კი არ ვუშვებდით… გაიზარდა და მოსწყინდა ასეთი კარჩაკეტილი ცხოვრება, მობეზრდა რომ ყველა მის დაცვას ვცდილობდით და ვერ ხვდებოდა რისგან, მას ხომ თავისი ძმა არც კი ახსოვდა. მეგობრებთან ერთად „სამეცადინოდ“ წავიდა და კინაღამ ვეღარასოდეს დაბრუნდა შინ… მადლობა ძმაო, არ ვიცი ამას რა ჰქვია ბედის დაცინვა თუ თვალის ახელა მაგრამ… მადლობა ძმაო, შენ გმირი ხარ ჩვენთვის….

/კიდევ ერთხელ ართმევს ექიმს ხელს, გადაეხვევა, ცოლთან მიდის ნაზად წამოაყენებს და სცენიდან გაჰყავს. ექიმს თვალები უბრიალებს და ბედნიერებას ასხივებს. უკან მდგარი მედდა პატარა მორცხვი გოგოსავით თავჩახრილი ინაზება და თეთრი ხალათის ბოლოს აწვალებს თითებით/

ექიმი: /უკან, მედდისაკენ იყურება/ ნინა, იცი დღეს კარგად გამოიყურები…

/ექთანი კისკისებს/

მედდა: თქვენც ექიმო, თქვენც….

/სცენიდან სიცილით გარბის/

/ექიმს ეღიმება და მედდას თვალს აყოლებს/

ექიმი: რამდენი დრო გასულა… როგორ დავბერებულვართ…

/ნელი ნაბიჯებით გადის კულისებში/

/ფარდა/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები