ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2020


განძეული თიხის ძველი ქოთნიდან

ნინო დარბაისელი

განძეული ძველი თიხის ქოთნიდან
- - - - -
(მოგონება ზ. მედულაშვილზე)

ასეთი რამ თუ გამოგიცდიათ?
- აი, არის შენს  ცხოვრებაში ადამიანი, ჭირსა და ლხინში, დაუძახებლად ერთადა ხართ. ხან წელი ისე გავა, ერთმანეთს ვერ ნახავთ, შეგხვდება და თითქოს ესწუთია დაშორდით, მერე ერთ დღესაც  - აღარ არის, აღარ არის ამქვეყნად და მორჩა!
  ზიხარ, გახსენდება ყველაფერი და თავს ეუბნები, რა ვუყოთ, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ, აქ - არავინ დავრჩებით. 
    ეს სიტყვები გამოცდილი მალამოა, მით უმეტეს მაშინ, როცა ირგვლივ არავინაა, რომ შესტირო.

***
იგი ნათესავი არ არის, არც სისხლისმიერი, არც შეძენილი. ფიქრობ, ფიქრობ და ვერაფრით გაგიხსენებია, მაინც როდის ან როგორ გაიცანი, სად?
      მჯერა,  ამის წაკითხვისას არაერთი მეგობარი წამოიძახებს, უი, მეც ასე მიფიქრია მაგაზეო.
      ცხოვრება პირველად რომ აირია ოთხმოციანებში და შაქრისა და კარაქის ტალონებზე გადაგვიყვანეს, ერთხელ ერთი ჩვენგანი ეუბნება:
- ზეზვა ძია, თქვენზე ამბობენ ნიჭიერების ეტალონიაო.
- ეჰ,  ეგ ეტალონობა რათ მინდა, ერთი ი, ტალონი მაშოვნინაო.

***
  სადმე  ბარი რომ დაჰკრა მიწას და კარგა მოზრდილ, ძველ თიხის ქოთანს მოსდო,  ამოიღო და იქიდან ოქროს მონეტები და სამეფო ძვირფასეულობა, განძეული გადმოცვივდეს, ასეთი იყო ჩვენი ზეზვა ძია -გარეგნულად - წარმოსადეგი და ბადაგივით ტკბილი გლეხი, უბრალოდ ჩაცმული, უბრალოდ მოლაპარაკე, მაგრამ რაც უფრო ახლოს მიგიშვებდა, გაოცებას გაოცებაზე დაგიმატებდა.
  მიფიქრია და ხმამაღლაც მითქვამს, ღმერთო, რად უნდა ერთ ადამიანს ამდენი ყველაფერი, ხომ შეიძლებოდა, გაგენაწილებინა და ერთ ათ კაცს მაინც რგებოდა ცოტ-ცოტა-მეთქი:
მარტო უბრწყინვალესი  მთარგმნელი კი არა,  მოლექსე, ძველი მოჭიდავე და მოკრივეც იყო. ახლა სიმღერა!
  რა გინდოდა, არ ემღერა, ქართული ხალხური სიმღერები,  ოროველი, სომხური, აზერბაიჯანული სიმღერები თუ ბაიათები  თუ  ტენორის არიები იტალიურად,  ვერდის ოპერებიდან...
რამდენ ენას ფლობდა, უკვე აღარ მახსოვს, კავკასიურს - მგონი უმეტესობას (აქ ბევრი ენაა), ასევე ძირითად თუ არაძირითად ევროპულ ენებს. ერთხელ ვკითხე, ეს ხუნძური რაღამ გასწავლათ- მეთქი და თვითონ მესწავლინაო.
ქალებს მაინცა და მაინც არ გვიყვარს, ჩვენი თანდასწრებით სხვა ქალს ძალიან რომ აქებენ და ნეტა ამ მხრივ კაცები როგორ არიან?
  მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ან ძმები ვიქნებოდით ან მტრად დავუდგებოდი, ასეთ ადამიანთან დამოკიდებულებაში სხვათაშორისობა არ გამომივიდოდა.
რამდენჯერ, სუფრაზე გადაგვიწყვეტია, ყველაფერი ჩაგვეწერა, რასაც ლექსად ან ისე იტყოდა, ვინმეს ალბათ შენახულიც აქვს და როდესმე გამოაქვეყნებს კიდეც.
  თუ ვინმეს დიდად გულზე არ ეხატებოდა ან შემოსწყრებოდა, სულ თავისი ბრალი იყო. ეგრევე, ხმამაღლა, ნაცნობ-უცნობთან  ისეთს მიულექსებდა რამეს,  ამბის მიტანის მოხალისეები ერთმანეთს ასწრებდნენ.
    ხომ ასეთი უთავბოლოდ ნიჭიერი იყო, არცერთი ხელისუფლების სასურველი კაცი არ ყოფილა. აბა, რომელ მთავრობას  ეამებოდა, ამბავს რომ მიურბენინებდნენ, ზეზვა დგას ხალხში და პირდაპირ ლაპარაკობს, ჩვენი მთავრობა ისეა, პატარა ბიჭობაში ვირზე კატაობა რო გვინდოდა,  გრძელი ჯოხის წვერზე ბღუჯა ბალახ თოკით დავაბამდით, ვირ ზურგზე მოვაჯდებოდით, ცხვირწინ ბალახ  ვუთამაშებდით, ვირი ბალხ მისდევდა ჩვენ კიდე მუქთათა ვკატაობდითო.
    ***
  ერთხელ, ოთხმოციან წლებში, შევარდნაძემ რომ შატილობები წამოიწყო, ვეხვეწე, წამოდით-მეთქი და სამწვერა ნერვის ანთებიანი ლოგინიდან წამოვაყენე. რაკი  ავადმყოფი ჩავიბარე,  კარგი დედასავით, გვერდიდან  მართლა არ მოვშორებივარ.
გაიშალა კოშკების შემაერთებელ აივანზე გრძელი სუფრა, ორი ჭიქის მერე აირია მარაქა, ადგილობრივები და სტუმრები აღარ გაირჩეოდნენ. მოხალისდა ჩვენი ზეზვა ძია, "შენმა ვარდივით გაშლამა, გადმამაწოდე ხაშლამაო", იქ ერთს ეუბნება, მერე ,,რაღას გვაძალებს თამადა, განა ვერ შავსვამთ თავადაო", მერე ხაჭაპურს გადავწვდი და მომალექსა ,"ხაჭაპურის ნაჭერია - ხელში რა დასაჭერიაო" და ,,ღვინო შასვი ნინო, უნდა მაილხინოო"...
დისწულო, დისწულო! - ასე მიმართავდა ახალგაზრდა კაცებს და უცებ ერთმა ისეთმა, ძველი კაცები რომ იტყოდნენ, ჯერ მაგას კარგი ხელი არ მოხვედრიაო, ვინ არის შენი დისწული, შენი ეგრე და ეგრე, ეხლავე გამოდი, დავარტყათო.
ზეზვა ძია სუფრის არევას მოერიდა და მინიშნებული ადგილისკენ დაიძრა, მეც კარგი დამრტყმელივით ფეხდაფეხ მივყევი. გავედით, შენ გაგვეცაო, მითხრა და ადგილისკენ მიმითითა. მოუქნია იმ გაწრიპულმა ბიჭმა და გაარტყა. ზეზვა ქანდაკებასავით დგას. მოუქნია მეორე, მესამე, ზოგი მხარში, ზოგი ბეჭში, ირგვლივ უვლის და ურტყამს.  ქანდაკება დგას და დგას...ვითომ არაფერი ხდებოდეს,  დინჯი კახურით ეუბნება: - მორევით შენ ვერ მამერევი, საქართველოს ჩემპიონი ვაარ ჭიდაობაში და  ბოქსშიც კარგა ნავარჯიშევი, ხელ მე ვერ დაგადებ, დისწულო-მეთქი, წეღან ეგრე გეძახოდი, მირტყი, რაა! ერთხელაც იქნება, ხო დაიღლები, მემრე ეგ ღვინოც გამოგნელდება და შენ თითონ შაგრცხვება!
  ამასობაში ქვეყანა შეიყარა, ვიღაც ადგილობრივი ზეზვა მედულაშვილს ურტყამსო, მილიცია მოიყვანეს და ის ბიჭი  დაიჭირეს.  სასწაულებრივად ერთ წამში გამოფხიზლებული, ბატკანივით თვინიერი უკვე თავდაღმართში ჩაჰყავთ.. რაღაც დროით ხალხი გახევებულია. მე ძია ზეზვასთან მივდივარ და ხელკავს ვუყრი..
უცებ მისხლტება და თავდაღმართში მიძუნძულებს, მილიციონერებს უყვირის:
-დაიცათ, კაცო,  სად მიგყავთ ეგა, ჩემი  დისწულია, ჩემი გაზდილი, ეგრე  ვთამაშობთ ხოლმე, რო კაცობა ისწავლოს. გამოუშვით ეხლავე!
იმდენი ქნა, მაინც გამოაშვებინა. საბჭოთა მილიციას ვინც იცნობს, ადვილად  მიხვდება, რომ დაგეშილებს ის კარგი ლუკმა პირიდან გააგდებინა.    ის ბიჭიც ალბათ რამეს ისწავლიდა ვაჟკაცობის ნამდვილი გაკვეთილიდან.
კარგი იქნებოდა, ნიჭი მეგობრობით გადადიოდეს, სწავლით კი  ცოტა როდი ვისწავლე მისგან.
  დღემდე ასე ვარ,  რამე წერით სამუშაოს  რომ ვამთავრებ, გულს ვიამებ და მისი კილოთი, ხმამაღლა ვეუბნები თავს:
  - გამოგივიდა, გენაცვალოს შენი ზეზვა ძია?
ეგე, ხო გამოგივიდა!

Giorgi Lobzhanidze
Natela Darbaiseli

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები