ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ტერიკო
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2020


"შეჩერდი მტკვარო" (ნაწილი || დასასრული)

წვიმას გადაეღო,ღრუბლებს „ჩხუბი“ მოსვლოდათ და ერთმანეთს ეყრებოდნენ.
მზემ დრო იხელთა და “გაბუტულებს“ შორის, გამომწვევად დაიწყო ცელქობა.
გიგაური,მის წინ მჯდომს თვალებით ბურღავდა,ქალს ფერი არ ედო სახეზე,მზერა,მაგიდაზე მდგარ საკალმეზე შეყინვოდა.
-აბა,ქალბატონო ელენე,მგონი ბევრი გაქვთ მოსაყოლი,გისმენთ!-მღელვარება მოეთოკა გამომძიებელს.
ქალი,მისი სახელის გაგონებაზე,ოდნავ შეტოკდა,მზერა გიგაურზე გადაიტანა,თვალებში მრისხანება ჩაუდგა.
-კობამ მოკლა მგონი,მამიდაჩემი!-თქვა და ოდნავ მოეშვა.
-კობა ვინ არის,?-არ ელოდა მიშო.
-კობა თამაზის ძე ბადაგაშვილი,ჩემი შვილის მამა!-ელენეს ნიკაპი აუკანკალდა.
-მდაა..რატომ დაუმალეთ დაკითხვის დროს გამოძიებას,დაწვრილებით მოყევით?!-მკაცრი იყო გიგაური.
-კობა თელავში ,ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს.შემთხვევით გავიცანი მეგობრის ქორწილში.იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,რომელიც უკვე ორი წელია გრძელდება.მამიდასაც გავაცანი.არ მოეწონა კობა,მითხრა ცბიერი ჩანსო.არ დავუჯერე,ოცნების კოშკებს ვაგებდი, ხელის მოწერა გვინდოდა,-ამოიოხრა და ჭიქიდან წყალი მოსვა,-თავიდან კარგად ვიყავით,ბედნიერებისგან დავფრინავდი.ბოლო ერთი თვე ძალიან შეიცვალა,აგრესიული გახდა.თანამშრომელს დაუნახავს ბაზარში,ავარდნილ ბიჭებთან ერთად ,ბანქოს თამაშობდნენო.არ დავიჯერე.შემდეგ,დავკარგე ოქროს სამაჯური.მივხვდი,კობას აღებული იქნებოდა.გამომიტყდა კიდეც.დროთა განმავლობაში,ხშირი შეკითხვები დამიწყო სედა მამიდაზე,როდის უნდა გადმოგიფორმოს სახლიო,-კიდევ მოსვა ხელისკანკალით წყალი,პირი უშრებოდა,-მამიდას ანდერძი აქვს დაწერილი,მისი გარდაცვალების შემდეგ მე ვიქნებოდი ბინის კანონიერი მფლობელი,-თქვა და თავი ჩაქინდრა,ცრემლებს გზა მისცა.
-ე.ი. იცოდა, ანდერძზე?-ბექა ჩაეჭრა.
-კი,მე ვუთხარი,უკვე შემაწუხებელი იყო,ყოველ დღე ერთი და იგივე შეკითხვა,-საჩვენებელი თითით მოიწმინდა კურცხალი და ბექას გახედა.
მიშო უხმოდ უსმენდა,ქალს ათვალიერებდა და ამოუცნობი გრძნობა ეუფლებოდა,ზედმეტად უფეთქავდა კუჭის თავი.
-მერე,მაჩქარებდა ხელი მოგვეწერა,მე დროს ვწელავდი,თითქოს რაღაც მაბრკოლებდა,-განაგრძო გაპარული ხმით,-შემდეგ მამიდას უბედურებაც მოხდა,ვერ დავიჯერებდი,რომ მას შეეძლო ამის ჩადენა,მაგრამ ცოტა ეჭვი გამიჩნდა და შეპარვით ვკითხე.გამარტყა და დალეწა ყველაფერი,ეგ როგორ იფიქრე ჩემზე,ხმა არ ამოიღო,რომ საერთოდ მიცნობ,თორემ არ გაცოცხლებ,შარი არ მჭირდებაო.შემეშინდა.დღეს,სახლში რომ მოვიდა,გამიკვირდა.სიგარეტის ჯიბიდან ამოღებისას,გასაღები ამოუვარდა,ზუსტად ისეთი,როგორიც მე მაქვს,ეს გასაღები მამიდას სახლისაა.
-რა იცით,რომ ზუსტად იმ გასაღების ასლი იყო?-ბექა ინიციატივას იჩენდა,მიშოს შემხედვარე.
-მამიდამ,ეს საკეტი სპეციალური შეკვეთით გააკეთებინა,მილიონ გასაღებში გამოვარჩევ.შემდეგ აღარ მახსოვს,გზაში მოვედი გონს.აქ,თქვენს მოსვლამდე,დამემუქრა,რომ თუ რამეს ვიტყოდი მის შესახებ,აუცილებლად გამიყენებდა მამიდას გზას,-ტირილი აუტყდა,ღმუოდა.ნელ-ნელა ,უკეთესად აცნობიერებდა მომხდარს.
-ბექა,სახლამდე მიაცილე და დროზე გამობრუნდი უკან,მჭირდები!-თქვა და ყურმილს დასწვდა მიშო,-თავისუფალი ბრძანდებით,ჯერჯერობით,ქალაქიდან არ გახვალთ,კონტაქტიც შეზღუდული ყველასთან,კარებს არავის გაუღებთ ჩვენი თანამშრომლის მოსვლამდე!-მიუბრუნდა ელენეს.
-„ზახარიჩ“,თელავში უნდა წავიდე დილით,სასწრაფოდ,გადარეკე სამმართველოში!-კიბეზე ჩასვლისას მოესმა ელენეს, გიგაურის ხმა.

***
საღამომ, სიგრილით შემოაბიჯა თბილისში,სუსტი ქარი ახალად ფეხადგმული ბავშვით ედებოდა ყველაფერს.
მიშომ ეზოს რკინის კარი შეაღო,ონკანს მიუახლოვდა ,თუ არა,ციური დაეტაკა,
-რა დაგიშავა იმ გოგომ,რატომ კლავ,რატომ?-ზეწარი მკლავზე დაეხვია და მთელი ძალით წურავდა.
-ვინ გოგომ,ქალბატონო ციური?- გაკვირვებულს,ხელში გაუშეშდა მომზადებული გასაღები.
-ვითომ არ იცის!ვინ და მერი!მოკვდა გოგო,მოკვდა!თავი მოიწამლა!-ზეწარი გველივით იკლაკნებოდა ციურის მკლავზე.
-რა დაემართა მერის?-გაოგნდა მიშო და ონკანი გადაუკეტა.
-დილით,შენი სახლიდან გიჟივით გამოვარდა,ტირილით! მერე ნაირა კიოდა,თავი მოიწამლაო,საავადმყოფოშია ახლა,ძლივს გადაარჩინეს!რა დამართე იმ გოგოს?!-მკლავები მეჯებზე შემოეწყო და გაკაპასებული უყურებდა გიგაურს.
მაღლა სართულიდან,ნაირა გადმოსდგომოდა მოაჯირს თავის ქნევით.
-„დურაკ ტი, მიშო! ა,ანა ხუჟე,დვაჟდი დურაჩკა!“-ცეცხლზე ნავთი მიასხა.
მიშო სწრაფი ნაბიჯით შეტრიალდა,ისევ უკან მოტრიალდა,ნაირას ახედა,
-აი,ეგ ხართ ქალები!-დაუღრინა და ეზოდან შურდულივით გავარდა.

ღამეს თავისი გაეტანა და ნელ-ნელა აბნელებდა ქალაქს.ლამპიონების შუქი მტკვარზე ლიცლიცებდა.
ბარათაშვილის ხიდზე აჩრდილივით იდგა ქალი.მხრებში მოხრილიყო და თავი წყლისკენ ჩაეკიდა.
დინებას თვალს აყოლებდა და მოწოლილ ცრემლებს ნიკაპის კანკალით ყლაპავდა.
*

გიგაური ტაქსიდან გიჟივით გადმოხტა.საავადმყოფოს კართან,დარაჯი წინ გადაუდგა,ნახვის საათები დამთავრებულია და ხვალ მობრძანდითო,კიდევ ერთხელ დასჭირდა მოწმობის ჩვენება.მერე შეშლილივით აირბინა მეორე სართულზე,პალატასთან შეჩერდა,ხელები მომუშტა და ღრმად ჩაისუნთქა.
გაყვითლებული იწვა მერი,მკლავები გულზე დაეკრიფა და სახეზე ტკივილი ასახვოდა.მიშომ სიმწრით გააქნია თავი,ქალს მიუახლოვდა და ზემოდან დააჩერდა.
-წადი!-თვალი არ გაუხელია მერის,ისე დაიჩურჩულა.
-მერი,-ახლოს მიიწია გიგაური და ქალს მხარზე, ფრთხილად შეახო ხელი.
-მიშო,წადი!-ხმა გაუმკაცრდა ქალს.
ძარღვები დაეჭიმა მამაკაცს,მუშტებს მთელი ძალით კრავდა,უცებ გატრიალდა და ისევ შეშლილივით ჩაირბინა საფეხურები.პერანგის ღილები გაიხსნა და გული გადაიღეღა,სუნთქვა უჭირდა,თითქოს ყელში ვიღაცას წაეჭირა ხელი და ახრჩობდა.

მტკვრის სანაპიროს ფეხით აუყვა,მთელი სხეული დამძიმებოდა,მთვარეულივით მიაბიჯებდა,დრო და დრო კეფაზე ისვამდა ხელს და თავს ბრაზიანად იქნევდა.
ხიდზე ადამიანის სილუეტი შენიშნა ,ისე იდგა ,საეჭვოდ მოეჩვენა,ნაბიჯს აუჩქარა.ხიდის მოაჯირზე გადაკიდებულს, მკლავში ხელი სტაცა და თავისკენ შემოატრიალა.
-ელენე?!-გაოგნებული დააშტერდა.ქალი არ იძვროდა,თვალები აწყლიანებოდა.
-ელენე!აქ რას აკეთებ?-ოდნავ შეარხია ქალი.
-მეშინია,-დაიჩურჩულა ქალმა და მამაკაცს მიეყრდნო.
საგულედან ამოუხტა გული მიშოს,ყირამალა გადავიდა კუჭი,სახეზე სისხლი მოაწვა,დაიბნა და დაიშალა ადგილზე.ქალის თმა ცხვირთან უცაცუნებდა ,სუნთქვა გაუხშირდა,მორიდებით მოხვია ხელი და აკანკალებული ქალი ზედ აიკრა.
-დამშვიდდი,წამომყევი,-დახშული ხმით უთხრა და ხელზე ჩაეჭიდა.
&&
ეზოში,დილა ხმაურით შემოიჭრა.წოწკოლა ქანაობდა ონკანზე ხელჩაჭიდებული,მთელი ღამის ნამთვრალევი „მღეროდა“.
-„შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება,
რომ ვიცოდე, ჩემი თავი ვინმეს სჭირდება,
მაშინ არღნის თრევა აღარ გამიჭირდება“-სლოკინით დაასრულა.
მიშომ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა,ტახტზე წოლისგან სხეული გაბუჟებოდა,წამოიწია და საწოლზე მძინარე ქალის დანახვისას,გული უცნაურად შეუხტა. არ გაძალიანებია ელენე მამაკაცს,როცა სახლში წაიყვანა და დარჩენა შესთავაზა.თავის საწოლზე მიუჩინა ადგილი,თავად ტახტზე გაიშალა.მთელი ღამე არ თვალი არ მოუხუჭავს ,ფანჯრიდან შემოპარულ მთვარის შუქზე უთვალთვალებდა მძინარეს .ისეთი ლამაზი იყო ელენე, გონება არეოდა მიშოს.
ქალმა, ან მზერა იგრძნო,ან „ვოკალისტმა“ გამოაფხიზლა,შეიშმუშნა და გიგაურის დანახვაზე,მოქარგული ზეწარი მკერდზე ორივე ხელით აიფარა.
-დილა მშვიდობისა ,ელენე,-გაუღიმა მიშომ,-მე უნდა წავიდე,აქ დარჩი ,საღამოს მოვალ და უნდა ვისაუბროთ,-კარადისკენ წავიდა,ახალი პერანგი გამოიღო ,აღარ შეუხედავს ქალისთვის,ისე გაეცალა სახლს.

მსუბუქი ავტომობილი აწყვეტით მიჰქროდა გომბორის გზაზე.მკვლელი თავისუფლად გადაადგილდებოდა,რაც საფრთხეს უქმნიდა ელენეს სიცოცხლეს.
მთელი გზა ვერ მოისვენა მიშომ,ქალზე ფიქრებმა დატანჯეს.ბექას არ გამოპარვია კაცის აფორიაქება,დაეჭვებული უყურებდა გიგაურს.
-მიშო,-მშვიდად მიმართა და მოსახვევში სვლა შეანელა.გიგაური არ განძრეულა,გაშტერებული იყურებოდა წინ.
-მიშო!-ხმას აუწია ბექამ,-რა გჭირს?
-რა მჭირს?-გამოერკვა გიგაური და კარის მაღლა საკიდს,ხელი მოკიდა.
-რაღა რა გჭირს,მთელი გზა მონუმენტივით ზიხარ,პირველად მიდიხარ საქმეზე,თუ რამე მოხდა და ვერ ამბობ?-სიჩქარეს მოუმატა ვაკეზე.
-ელენეს წუხელ ჩემთან ეძინა,-თქვა და ამოიოხრა.
ბექას ენა დაება,მანქანა სისწრაფით გადაიყვანა გვერდზე და დაამუხრუჭა.
-ვინ ელენეს,ზამბახიძეს? რა უნდოდა შენთან?-მიაყარა კითხვები და მიაჩერდა პირდაღებულ-თვალებ გაფართოვებული.
-ჰო,ჰო,ზამბახიძეს,-და მოუყვა ღამის თავგადასავალი.
-მიშო,შენს გულში ხომ არ შემოპარულა ეგ ქალი?-თვალმოჭუტულმა ,ღიმილით ჰკითხა ბექამ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,წავედით!-დაიბნა და გზისკენ თავით ანიშნა.
-შენ,ძმაო,ყურებამდე კი არა,თმის ძირამდე ხარ შეყვარებული,-ხმამაღლა გაეცინა ბექას,თავი გააქნია და ხელის მუხრუჭი ჩასწია.
თელავში ჩასვლისას,სამმართველოში კოლეგებს გააცნეს საქმის ვითარება.მკვლელობაში ეჭვმიტანილი,რა თქმა უნდა სახლში არ დახვდათ,დაიკითხნენ მეზობლები,ოჯახის წევრები.დიდი ვერაფერი გაარკვიეს,მხოლოდ ის რომ ,კობა ბადაგაშვილი,მეტსახელად „ასპიტა“, ბოლოს თელავის რკინიგზის სადგურზე ნახეს.ძებნაში გადაიცა აღნიშნული პირი.
საქმე ნაწილობრივ მოამთავრეს და თბილისის გზა დაადგნენ.
-მიშო,ხომ არ წაგვეხემსა?-ბექამ სასადილოსთან გააჩერა.გიგაურს არც წამა გახსენებია,მთელი ფიქრებით ელენესთან იყო,ერთი სული ჰქონდა,სახლში როდის მივიდოდა.-წავიხემსოთ,-ხათრი ვერ გაუტეხა ბექას.

**
კატოს ღრიალის ხმა,მთელ უბანს ესმოდა,დიდ თუნუქის ტაშტში ჩაესვათ და მეზობლები ერთიანი ძალებით ბანდნენ.ციურის და ნაირას გაეკავებინათ პატარა გოგო,ლამარა გულმოდგინედ ხეხავდა ბავშვს.იყო წიოკი და გნიასი.ყველა გაისაპნა და დასველდა ბავშვთან ერთად.კატო იგრიხებოდა და ხელიდან დასხლტომას ცდილობდა.განა ბანაობა არ უყვარდა „ახტაჯანას“,წყალს თავზე რომ ავლებდნენ,პირზე რომ ჩამოსდიოდა,ეგ აგიჟებდა.ზუსტად,კარგად გასაპნულ-გაქაფული გაექცათ,რომ არა მიშოს მოხერხებულობა,ალბათ ვეღარც იპოვნიდნენ.
ორივე მკლავში ჩაავლო ბავშვს ხელი,მაღლა ასწია და სიცილით, გაბოტილმა მიჰგვარა „ჯალათებს“.კარგადაც მოხვდა „ახტაჯანას“,აწითლებული სლუკუნებდა,ბედს დამორჩილებული.
გიგაურმა კარის სახელური იდაყვით ჩასწია,შევიდა თუ არა,ონკანს შეუშვირა ხელები,თან ოთახის სიღმეში იყურებოდა,საიადანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.სწრაფად შეიმშრალა და სიღმეში შევიდა.ელენე წასულიყო. სხეულში რაღაც ჩასწყდა.ადგილი ვეღარ იპოვნა,აქეთ-იქით მიაწყდა კედლებს.შეშლილივით გავარდა გარეთ.

სარწეველა სავარძელში იჯდა ელენე,თვალი გაშტერებოდა ფიქრებში ჩაძირულს.გამომძიებლის სახე ედგა წინ.თავადაც ვერ გაეგო,რატომ აეკვიატა იმ კაცზე ფიქრი.იქნებ,ამ უბედურებაში, იმედი ჰქონდა მისი და იმიტომ? სულ სხვანაირი ეჩვენა გიგაური იმ ღამეს,თბილი და შეცვლილი. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში.
კარზე კაკუნს ,მამაკაცის ხმა მოჰყვა.
-ელენე!მიშო ვარ,გააღე!-შეცბა ქალი,წამოხტა,კართან ფეხაკრეფით მივიდა და სუნთქვა შეკრა.
-ელენე! ნუ გეშინია,გააღე!-მომთხოვნი იყო კაცის ხმა.
საკეტი გადაატრიალა და ჯაჭვზე გამოდებული კარი ოდნავ გაიღო.გიგაურს ჩაეცინა.
-არ შემომიშვებ?-უღიმოდა მამაკაცი.კარი დაიხურა,ჯაჭვი ახსნა .
-შემოდი,-გვერდზე გადგა ქალი თავჩარუნული.გაურბოდა თვალებში რომ შეეხედა მამაკაცისთვის.ხვდებოდა, როგორ ითრევდა გიგაური თავისკენ.
-ჩაიზე დამპატიჟებ? თან ვისაუბროთ,დღეს თელავში ვიყავი,-მიზეზი მოიმარჯვა.
ქალმა უხმოდ დაუკრა თავი და ოთახში შეუძღვა.
-ჩაიდანს დავდგამ,-ჩაიჩურჩულა და სამზარეულოში გავიდა.
მიშომ კედელზე ,გადიდებულ სურათს შეხედა,სედა ზამბახიძის შედარებით ახალგაზრდობის ფოტო ჩაესვათ ჩარჩოში.
-„მამიდას ჰგავს“-გაიფიქრა გიგაურმა და სავარძელში ჩაჯდა.გული აჩქარებოდა,წრიალებდა.ჯიბეები მოიქექა,ამ ძებნაში ხურდები გადმოუცვივდა,სადღაც გაგორდნენ,თავი მიანება.ნიკაპიდან მკერდამდე ხელს იტარებდა,ამხელა კაცი დაბნეულიყო და თავი ხელში ვერ აეყვანა.
გაზქურასთან მდგომი ელენეც არ იყო კარგ დღეში,ჩაიდანი დუღილს განაგრძობდა.ქალი ხელებს იმტვრევდა,თითებს ერთმანეთში ხლართავდა,შინაგანი კანკალი ვერ გაიჩერა.-„რა მომდის?“-ეკითხებოდა თავს.
მრგვალ ლანგარზე,ორი ჩაით სავსე თხელი ჭიქა დაედგა,რომლებიც ვერცხლის,სახელურიან სადგამებში იყო ჩასმული.ფაიფურის საშაქრე და პატარა თეფშით ორცხობილის ნაჭრები მიეწყო.
ორი შაქრის ნატეხი ჩაიგდო მიშომ,კოვზით ფრთხილად ურევდა ,თან ქალს თვალს არ აშორებდა.უხერხულობისგან აიწურა ქალი.
-მადლობის თქმა ვერ მოვასწარი,-დამნაშავესავთ ჩაილაპარაკა ელენემ და მიშოს შეხედა.
-სამადლობელი არაფერია,-გაეღიმა,-რატომ არ დამელოდე?-ჩაი ჩუმად მოსვა.
-არ ჩავთვალე საჭიროდ,-უაზროდ ატრიალებდა ჭიქაში კოვზს.
-არ ჩათვალა საჭიროდ!-გაიმეორა ქალის ნათქვამი და შუბლი შეჭმუხნა,-საშიშია შენი მარტო ყოფნა,მითუმეტეს ამ სახლში!-გაუმკაცრდა ხმა.
-აბა,სად წავიდე,რას მთავაზობ?- სითამამე შეეპარა.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები,ან ჩემთან წამოდი,-ანკესი ისროლა,-ან სხვა ბინას იქირავებ,ხარჯებს ჩვენ გავიღებთ,ვალდებულებაა.რადგან დამნაშავე გარეთაა და შენი სიცოცხლე საფრთხეშია.
-ამ სახლში ვრჩები!-კატეგორიული იყო ქალის ტონი.
-რა გაეწყობა,-ხელები გაშალა მიშომ,-დარჩი,მეთვალყურეს მოგიჩენთ.
-არ არის საჭირო.შიშში ვერ ვიცხოვრებ,რაც იქნება,იქნება,-ბედს შეგუებულივით ჩაილაპარაკა ქალმა.
-მარტო,რომ არ ხარ?-გამომცდელი თვალით შეხედა გიგაურმა.
ელენეს თითქოს ახლა გაახსენდაო,მუცელზე ხელი მიიდო და გაწითლდა.
-ხოდა,ჩემო ელენე,საქმე სერიოზულადაა,ჯიუტობის დრო არ არის,-ფეხზე წამოდგა მიშო,-მარტო ვერ დაგტოვებ, დღეს ჩემთან წამოხვალ,ხვალ კი გადავწყვეტთ სად იცხოვრებ.
-არსად ვაპირებ წასვლას,აქ ვრჩები!-გაჯიუტდა ელენე და წამოდგა.
გიგაური მიუახლოვდა,ქალს წინ დაუდგა,ერთხანს უყურა,-„ღმერთო ახლა სისულელე არ ჩამადენინო“-გაიფიქრა და ნაბიჯი უკან გადადგა,-მაშინ მე დავრჩები,სხვა გზა არ არის!
-ბატონო მიშო,-„მანძილი“გაზარდა ელენემ,-არ ვაპირებ უცხო მამაკაცს, ღამე გავათენებინო ჩემს სახლში!
-აა,უცხოს?! წუხელ, იმ „უცხოს“ სახლში ხომ არ გეძინათ,ქალბატონო ელენე?!-გაამხიარულა ქალის ნათქვამმა.
-თქვენი წასვლის დროა,ბატონო მიშო!-ქალს ხელები აუცახცახდა.
-დროა,დრო!-,თავის ქნევით წავიდა გასასვლელისკენ,კართან მისული შეყოვნდა,-„არა,სულ რომ მომკლას,მაინც უნდა გავაკეთო“-გაიფიქრა და სწრაფად მოტრიალდა,ქალს მოულოდნელად ჩაავლო მკლავებში,ზედ აიკრა და მოწყურებულივით დააცხრა ტუჩებზე.შემდეგ მთვრალივით შეტრიალდა და კარში გავარდა.
-„ლაწირაკივით ვიქცევი ამხელა კაცი“,-კიბეზე,ბედნიერი სახით ტუქსავდა თავს .
ელენე ტუჩზე ხელმიდებული,ადგილზე გაქვავებულიყო.
**
-შვილო,ვისთანა ხარ?-ძილ-ბურანში ჩაესმა მიშოს.თვალები გაახილა და მის წინ მდგომ ხნიერ ქალს გაკვირვებულმა შეხედა,რომელსაც სახელურებიანი ბადე,საიდანაც მაწვნის და რძის ქილები მოჩანდა,კიბეზე დაედგა და მამაკაცს თავზე დასჩერებოდა.
-უი,მოიცა შვილო, საცოდავი სედას გასვენებაში ხომ იყავი?მეცნო შენი სახე.ელენე შინ არ არის?-არ ეშვებოდა დედაკაცი.
-არა,დეიდა,გეშლებათ,-დანაშაულზე წასწრებულივით წამოხტა და სადარბაზოდან გაუჩინარდა.
-არაფერიც არ მეშლება,-ეშმაკურად ჩაიცინა და კიბეს ძახილით აუყვა.
-ელენე!ელენე!
-რა მოხდა, დეიდა თამარ?-დაწითლებული თვალები ,აბურდულ თმასთან ერთად გამოყო კარში.
-სედას გასვენებაში,მაღალი, შავთვალ-წარბია,ლამაზი ბიჭი რომ იყო,ხომ გახსოვს?-გამომცდელად დააკვირდა ქალს.
ელენეს გული შეუქანდა,ეცნო.
-არ მახსოვს,დეიდა თამარ,-ღაწვები აეფარკლა.
-გაიხსენე კარგადა.ჩემი თინიკოსგან მოვდიოდი და რასა ვხედავ,სადარბაზოში არ სძინავს,კიბეზე?მეგონა , არ გაუღე,-ჩააჯინდა ქალი.
-აქ, არავინ მოსულა,არ ვიცი,-სწრაფად შეტრიალდა და მუხის კარს ზურგით აეკრა.-„აქ იყო მთელი ღამე,აქ გაათენა“?-მთელ სხეულზე ტაომ დააყარა.
**
-მაწონი,მაწონი!-ეზოს შესასვლელშივე მოესმა მიშოს.
მთელი უბნის ბავშვები,თედო პაპას რძე-მაწონზე იყვნენ დაზრდილები.წავკისიდან მოჰქონდა ორი დიდ,ტილოს ჩანთით.
-კარგი,ყვითელ ნაღებიანი მომეცი თედო ძია,-ლამარა და ციური ,ცარიელი ქილებით დასდგომოდნენ ბერიკაცს თავზე.
-ყველა ყვითელია,შვილო,-ჩანთიდან ამოამწკრივა და თავზე მოხადა ქილას.
-უჰ,ცივი მაწონი კიტრით,-ზმორვით გამოიწელა წოწკოლა და ეზოში შემოსულ მიშოს „ჩესტი“ აუღო.
მიშოს გაეღიმა,ყველას მიესალმა და სახლში შერგო თავი.
აციებდა და ტანში ტეხდა გიგაურს,მთელი ღამის უძილოს,კისერი სწყდებოდა.
ლოგინზე პირქვე დაემხო და ბალიში სახეზე მიიხუტა, ღრმად შეისუნთქა.ელენეს სურნელი იგრძნო,ტანში შეაჟრჟოლა,-მგონი გავგიჟდი,-ჩაილაპარაკა და მიხვდა,უგონოდ შეყვარებოდა ქალი.
ტელეფონის გაბმული ზარი ამაოდ ცდილობდა,მიშოს გამოფხიზლებას.ვიღაც კი,ჯიუტად არ ეშვებოდა.ხელი ზანტად გადაყო და ყურმილს დასწვდა.
-გისმენთ!-ხმა ჩახლეჩოდა.
-რას მისმენ ,ბიჭო,სად ხარ ამდენს ხანს,“ზახარიჩი“კედლებიდან უკვე ჭერზეა ასული,-ბობოქრობდა ბექა ყურმილს იქიდან.
-რა იყო,ნათურა გადაიწვა?-წახუმრება სცადა.
-მე გადამწვავს ,თუ არ მოხვალ,-„შეაშინა“.
-დღეს ვერ მოვალ,უთხარი კვდება-თქო.საღამოს ,რვაზე ჩვენს დუქანში გელოდები!-ისე დაკიდა,პასუხს არ დალოდებია.
**
-„პატარა გოგო,დამეკარგა წითელ პერანგა,
ან ავლილი,ან ჩავლილი,ხომ არ გინახავთ“?
მთელი გრძნობით მღეროდა და დოლზე თითებს ატკაცუნებდა,აივანზე , წოწკოლას მამა.
ესღა უნდოდა მიშოს?! საათს გახედა,შვიდი სრულდებოდა.

მტკვრის პირზე,ვასო ძიას დუქანში ,ორი მამაკაცი ,ხის მაგიდას მისხდომოდა,რომელზეც მიმტანს სასმელ-სანოვაგე დაეხვავებინა.
-ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს ,ბექა!-მიუჭახუნა მიშომ და ღვინით სავსე ჭიქა,ბოლომდე გამოცალა და უმალ შეავსო სასმისი ისევ.სიმთვრალე კარგად მოკიდებოდა.
-გაუმარჯოს!-გაეღიმა ბექას,მიხვდა რაღაც ხდებოდა მეგობრის თავს.
-მოდი,ბექა,ამ ჭიქით ღმერთს გაუმარჯოს!-სასმისი ხელში შეატრიალა და თვალი გაუშტერა,-იცი,რატომ გაუმარჯოს?! ჩვენი ნეკნიდან ანგელოზი,რომ შექმნა და ჩვენ გამოგვიგზავნა.გულში ,რომ შემოგვისახლა და სული აგვიფორიაქა !-გამოცალა და მაგიდას,თავჩაქინდრული, იდაყვებით დაეყრდნო.
-ფიიიუ,-დაუსტვინა ბექამ,პირის ნაპირები ძირს დასწია და თავის ქნევას მოჰყვა,
-მიშო,ან ძალიან ცუდადაა შენი საქმე,ან ძალიან კარგად!-გაეცინა და საზურგეზე გადაწვა.
წარბებქვეშიდან გამოხედა,თვალები ჩაწითლებოდა.
-შემიყვარდა!ცხოვრებაში პირველად,შემიყვარდა!-ბოლო სიტყვა დამარცვლა.
-ელენე!-დასკვნა დადო ბექამ.
თავის კანტურით დაეთანხმა გიგაური.
არაფერი უჭამია მიშოს,მარტო სასმლით ცდილობდა დარდის გაქარვებას.
ბოლოს,ბექას გადახვია ხელი და ბანცალით გაუყვა მტკვრის ნაპირს.წამიერად შეჩერდა,წყალს თვალი გააყოლა,“საყრდენს“მოშორდა,ხელები განზე გაშალა და..

„შეჩერდი მტკვარო,ყური დამიგდე,უმწეოს,გლახაკს,
იქნებ,მაბოდებს,ან იქნებ უნდა გიამბო რაღაც?!
მტკვარი ამაყად,მედიდურად მიცურავს სადღაც,
თავის ფიქრი აქვს,სხვისი დარდი არცა აქვს,ალბათ.“
ხმამაღლა ამოხეთქა გულიდან,ხელი ჩაიქნია. გზა, დახმარების გარეშე განაგრძო.ბექას აღარ ეღიმებოდა.
**
კარზე,ფრთხილი კაკუნი,ძილში ჩაესმა ელენეს.გული აუჩქარდა,სწრაფად წამოხტა და ღამის პერანგზე აბრეშუმის ხალათი გადაიცვა.კაკუნი გაძლიერდა.
-ვინ არის?-აკანკალებულმა იკითხა.
-მე ვარ!-მიშო შუბლით მიყრდნობოდა კარს.
ელენე გაირინდა,დაიბნა.
-ელენე,გამიღე!-ხმას აუწია სტუმარმა.
-„მეზობლებს გააღვიძებს“-გაიფიქრა და სახელური ჩამოსწია.
სასმლის სუნი იგრძნო ელენემ,უარესად აკანკალდა.
-რა გნებავთ,ბატონო მიშო?!-მკაცრად უთხრა და აღელვების დასაფარად ხალათი გადაიჭირა.
-ბატონო მიშო!-საჩვენებელი თითის მაღლა აწევით გაიმეორა, ქალის ნათქვამი,-ვიფიქრე ჩაიზე დამპატიჟებს მეთქი,-გაუღიმა.
-იცით,რომელი საათია?!-სხეული დაეჭიმა ქალს.
-რომელი საათია, ქალბატონო ელენე და,-მაჯაზე დაიხედა,-ღამეა-განაგრძობდა ნერვებზე თამაშს.
-უნდა წახვიდეთ,ბატონო მიშო,გვიანია და დასვენება მჭირდება!-კატასავით აიფხორა.
-მდა..მეც მჭირდება დასვენება,ნუ გეშინიათ,დაწექით თქვენ,მე აქ მოვთავსდები!-სავარძლისკენ აიღო გეზი და მოწყვეტით ჩაეშვა.
-თავხედი ხართ,ბატონო მიშო!ახლავეს მიბრძანდით აქედან!-გაკაპასდა ელენე და მამაკაცს მკლავზე დაეჯაჯგურა.
მიშოს ჩაეცინა,ფეხზე წამოდგა,ქალს წინ დაუდგა და საჩვენებელი თითი გულზე მიადო,
-არაფერს გრძნობს?!-თვალებში ჩახედა,დანანებით დაიქნია თავი. შეტრიალდა და მძიმედ დაიძრა გასასვლელისკენ.კარი ღია დარჩა.
გახევებული დარჩა ელენე,ნელი ნაბიჯით მივიდა კართან და ასევე ნელა დახურა.იქვე ჩაჯდა და დილამდე არც განძრეულა.

მთელი თვე არ გამოჩენილა მიშო,ელენეს სიახლოვეს.მეთვალყურე მიუჩინა და მისგან იგებდა ამბებს.თვითონ სამჯერ იყო ჩასული თელავში,ამაოდ ეძებდა დამნაშავეს.თითქოს ცამ ჩაყლაპა ,პატარა კვალიც არსად ჩანდა.დადიოდა გავეშებული,ხასიათი შეეცვალა,პატარა რამეზე ფეთქდებოდა.ყოველ საღამოს დუქანში იჯდა და დათრობამდე სვამდა.
სამუშაო მაგიდა,თაბახის ფურცლებს დაეფარა,გიგაური გაყინული მზერით იჯდა,კალამს ხელში ატრიალებდა და მძიმედ სუნთქავდა.ცხვირის ნესტოები დაბერვოდა.
-მიშო,არ აყვირდე ახლა და,რაღაც უნდა მოუხერხო შენს თავს!-შეაპარა ბექამ და რისხვის მოლოდინში სახე დაეჯღანა.
გიგაურს ხმა არ ამოუღია,დინჯად წამოდგა,თვალი ოთახს მოატარა და გავიდა.

ეზოში,მეზობლები ხმაურობდნენ.მერი გამოეწერათ საავადმყოფოდან და გამოჯანმრთელებას ულოცავდნენ.მიშოს დანახვაზე,ყველა გაშეშდა.მერის შეხედეს.ქალი ამაყად იდგა და გიგაურს, დამცინავ ღიმილს არ აშორებდა.
ვერავინ მოაწრო გააზრება,თუ როგორ დაეტაკა მიშო მერის და როგორ შეათრია თავის სახლში,კარი ხმაურით მიიხურა.
-მეორედ არ გაბედო,ჩემი დაშანტაჟება!-ქალისთვის მკლავში ჩაეკიდა ხელი და აჯანჯღარებდა,-გესმის?! არ გაბედო! თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!-ცოფიანს ჰგავდა გიგაური,ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
გარედან ქალები მოაწყდნენ,სახლში ცდილობდნენ შესვლას.
-„ბალვან“,დაანებე თავი! უშველეთ ხალხნო,მოკლავს!-წიოკობდა ნაირა და მინაზე აბრახუნებდა.
-რამ გადარია ეს კაცი?!-ციური მხარს უბამდა.
-რამ გადარია და მართალია ეგ კაცი!-ნიფხვისამარა გამოვიდა წოწკოლას მამა და ქალებს შეუტია.უცებ იყუჩეს და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდნენ მამაკაცს.
-ჰო,რას მიყურებთ,მართალია ეგ კაცი და „ტოჩკა!“-ნიფხვის რეზინზე ხელი შემოიტარა და მუცელზე ასწია.
შუშაბანდის კარი ჭრიალით გაიღო,გაფითრებული და გაშეშებული მერი უხმოდ დაიძრა კიბისკენ.მეზობლებმა თვალი გააყოლეს.

სექტემბრის მერვე ღამეს ,ქარმა, ფოთლებით შემოსა დედამიწა.ხეებს თავს დასტრიალებდა და ურცხვად აცლიდა სამოსს.
შემოდგომის დასაწყისისთვის,ზედმეტად ციოდა.ელენეს წელზე შალი შემოეხვია,დივანზე მიწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.რამდენჯერმე კარებს დაუყურადა,თითქოს ვიღაცის მოსვლას ელოდა.
„თვენახევარია არ გამოჩენილა,ალბათ ნაწყენია.აბა,რა ეგონა,რომ გამომეცხადა მთვრალი ,თან რომელ საათზე? რადგან იმ ღამეს მასთან დავრჩი,ეგონა ყველაფრის უფლება ჰქონდა.არა,მაინც სად დაიკარგა?“-მიშოზე ფიქრებს შეეპყრო ქალი.მის ქცევებზე ეღიმებოდა.კოცნა გაახსენდა და ბუსუსებმა დააყარა.ზუსტად,იმ დღის შემდეგ ჩაფიქრდა გიგაურზე და აღარც ამოუგდია გონებიდან. მეთვალყურეც ხომ მიუჩინა,ყოველ დღე აბარებდა ანგარიშს ვრცლად.იცოდა,გიგაურს ზედმიწევნით,რომ გადასცემდა.
რაღაც ფხაჭუნი მოესმა,გულის ფანცქალით წამოჯდა,დაუყურადა.საკეტის გადატრიალების ხმას მიხვდა,-„მიშოს არ აქვს გასაღები“-გაიფიქრა და ფეხზე წამოხტა.
***
ქალაქის ტელეფონი გაბმულად აკივლდა,გიგაურმა დაიზმუვლა და ყურმილს დასწვდა,
-გისმენთ!
-მიშო,დროზე გამოდი განყოფილებაში!-ბექას ხმა ზარივით ჩაესმა.
-რა მოხდა?!-უცებ გამოფხიზლდა.
-ელენე დაჭრეს!-მეხივით გავარდა.
ყურმილი ხელიდან გაუვარდა,გაოგნებისგან ადგილზე გაიყინა,-„ელენე დაჭრეს,ელენე დაჭრეს“-ტვინი მხოლოდ ორ სიტყვას ატრიალებდა.
არ ახსოვს როგორ ჩაიცვა და როგორ მივიდა განყოფილებამდე,რას ელაპარაკებოდა ბექა,იმასაც ვერ ხვდებოდა.სახე შეშლოდა,თვალები ჩასისხლიანებოდა.
-მიშო!-დაუყვირა ბექამ და თავზე ხელები მოკიდა,-დაწყნარდი და მისმინე!-ხმას უფრო აუწია.
-რა მოხდა,როგორ მოხდა,ვინ დაჭრა?!-გამოერკვა გიგაური, ყბების ჭრიალს განაგრძობდა.
-ვინ და იმ ნაბიჭ..მა! ნაცემია ელენე ძალიან და მუცელში აქვს დანა დარტყმული,ოპერაცია უკეთდება ახლა!-ნაკლებ დღეში არ იყო ბექაც.
-რამაზი სად იყო?!-მეთვალყურე შეახსენა.
-ისიც დაჭრილია..მაგრამ ის ნაბიჭ..ი დაჭერილია!მეზობლებმა იყოჩაღეს და ჩვენთან დარეკეს,ოპერასთან აიყვანეს,ახლა მოჰყავთ,გზაში არიან!-ოდნავ მშვიდი ხმა ჰქონდა ბექას.
-უუხ!-დაჭრილი დათვივით ღმუოდა მიშო. მუშტებს კრავდა და შლიდა,ვენები დაებერა ყელზე.გიჟივით გავარდა გარეთ.
პერანგი გადაღეღვოდა და ქარი მთელ ტანში უძვრებოდა,სიცივეს ვერ გრძნობდა,ბრაზი ახრჩობდა,თავს იდანაშაულებდა.

ღამის თეთრხალათიანი მორიგეები დერეფანში გადი-გამოდიოდნენ.მიშო ნერვულად სცემდა ბოლთას.ყოველი კარის ჭრიალზე,გული უჩქარდებოდა.მინებს მიღმა სამი ადამიანის სიცოცხლე წყდებოდა.
ინათა,დღის შუქმა თითქოს იმედი მოიყოლა.გიგაური თვალდახუჭული იჯდა,თავი უკან კედელისთვის მიეყრდნო.დრო იწელებოდა.
კარის ხმაზე ფეხზე წამოხტა და ნიღაბაფარებულ ექიმის დანახვაზე ყელში რაღაც მოაწვა.
-გამარჯობა,უფროსი გამომძიებელი,მილიციის კაპიტანი მიშო გიგაური,-წარუდგა.
-ქირურგი,თამაზ რეხვიაშვილი,-გაეცნო ექიმიც.
-ელენე ზამბახიძეს საქმეზე ვარ,როგორ არის?-თქვა და პასუხის მოლოდინში სიცოცხლე გაათავა.
-მდა..პაციენტი მძიმე ტრავმით შემოვიდა,აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ღია ჭრილობა,რამაც გამოიწვია სისხლის დიდი დოზით დაკარგვა.თან ორსულად ყოფილა ქალბატონი,სამწუხაროდ ნაყოფის გადარჩენა ვერ შევძელით.პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა,მაგრამ სტაბილური.აქვს მიყენებული ტრავმები სახის არესა და კისრის მიდამოებში,-დაასრულა ექიმმა.
-ნახვა შეიძლება?-ძალა წაერთვა მიშოს,ეგონა სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად.
-რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება პაციენტი,დრო გვიჩვენებს ,როდის შევძლებთ მის პალატაში გადაყვანას,შემდეგ შესაძლებელია,-ოდნავ გაიღიმა ექიმმა და თავის დაკვრით გაეცალა მიშოს.
**
ბორკილებ დადებული იჯდა „ასპიტა“ ბექას წინ , დასიებული თვალებიდან და გატეხილი ცხვირიდან ერთიანად უწვეთავდა სისხლი.დახეთქილი ტუჩები ამობრუნებოდა.
დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა,ვიღაცის დაჭერას ცდილობდნენ.კარი შემოგლიჯა გიგაურმა,მხეცივით ეცა მსხვერპლს და მთელი ძალით შემოჰკრა სახეში მუშტი.ბრალდებული სკამიანად დაეცა ძირს,ზედ წიხლებით შესდგა,რომ არ გაეკავებინათ,შემოაკვდებოდა.
-გაიყვანეთ!-დაიყვირა ბექამ და მიშოს წინ აეფარა.
„ასპიტას“ ჩაავლეს ხელი და გაათრიეს საკნამდე.
-გაგიჟდი?! მთელი ცხოვრება უნდა დაინგრიო,ამ ნაბიჭ..ის გამო?!-ძალით დასვა სკამზე მიშო.
-არ ვაცოცხლებ! ელენე რომ მოკვდეს,ამას არ ვაცოცხლებ!-თვალებს შეშლილივით ატრიალებდა.
**
დღეში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოში და ელენეს ამბავს კითხულობდა.ადგილს ვერ პოულობდა,დაზაფრული დადიოდა,გონება აღარ უმუშავებდა.შვებულება ითხოვა ორი კვირით.მისცეს კიდეც და საყვედურთან ერთად.
ერთ-ერთ მისვლაზე,ექიმმა რომ ახარა,დღეს პალატაში გადაგვყავს პაციენტიო,სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.სულმოუთქმელად ელოდა დერეფანში,როდის „გამოაგორებდნენ“ მის ანგელოზს.
ელენეს დანახვაზე,ცრემლები მოაწვა,გამხდარიყო, ლამაზი თვალები ჩაცვენოდა ქალს .სახეზე სილურჯეები გაყვითლებულიყვნენ.გული შეეკუმშა გიგაურს,მისვლა გაუჭირდა.
მძიმედ დაიძრა პალატისკენ,კარიდან დაზვერა ქალი.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გაუღიმა.
-ელენე,-ჩუმად დაუძახა.
ქალმა თვალები გაახილა,მიშოს დანახვაზე სახე ოდნავ გაუნათდა.
-კარგად ვარ,-ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,სახე შეეცვალა,ჭრილობამ თავი შეახსენა.
-ბოდიში,ელენე,ჩემი ბრალია,-თითებზე მოკიდა ხელი.
-შენი კი არა,ჩემი ბრალია,-ქალმა ოდნავ მოუჭირა ხელზე.მიშოს უარესად მოეწურა გული.ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა.
-„ის“ დაიჭირეს,აღარაფერი გემუქრება,-ხმაში რიხი დაკარგვოდა.
-შვილიც მომიკლა!-ელენეს ცრემლებმა საფეთქლებზე იპოვნეს გზა.
-ჩშშ,-ახლოს მიიწია მიშო და ქალს შუბლზე, ტუჩები დააწება.
ელენე შეიშმუშნა,კაცის სიახლოვემ ააფორიაქა.
-დაწყნარდი,-გაუღიმა გიგაურმა, სიყვარულით ანთებული თვალებით.
ექთანის შემოსვლამ,უხერხულობა გაფანტა. დამამშვიდებელი ვენაში გაუკეთა პაციენტს და მიშოს განუცხადა,თქვენი დრო ამოიწურა,უნდა წაბრძანდეთო.
-მთავარი ექიმი აქ არის?-მიუბრუნდა ექთანს.
-დიახ,თავის კაბინეტშია.

იმ დღის შემდეგ ელენეს პალატაში დაიდო ბინა,დღე და ღამე თავზე ედგა ქალს.
„ელენე ჭამე“ და „ელენე იმოძრავე“-ზედ ევლებოდა.მასთან ერთად სტკიოდა და მასთან ერთად იცინოდა.ელენეც მიეჩვია ყურადღებას,ნელ-ნელა მომჯობინდა,სახეზე ლაქები თითქმის გაუქრა,თვალებსაც უწინდებურად,აელვებდა.
გამოწერის დღეს , მიშომ განუცხადა,ჩემთან უნდა წამოხვიდე,ან მე წამოვალ შენთან,მარტო გაგიჭირდებაო.უარი განაცხადა ელენემ.მარტო მინდა ყოფნა,ბევრი რამ მაქვს საფიქრალიო.
-ესე იგი ,მე ხელს გიშლი?!-ეწყინა ქალის გადაწვეტილება.
-არ მიშლი,მიშო,მარტო მინდა ყოფნა.ყველაფერი ერთად დამატყდა თავს,ფიქრი მჭირდება,-ჩაილაპარაკა და კაცს თვალი აარიდა.
-ჩემში არ ხარ დარწმუნებული,არ მენდობი!-გული ჩასწყდა,ქალს დანანებით გახედა და უკანმოუხედავად გავიდა.
აღარც მისულა,აღარც ახსენებდა.ბექასაც აუკრძალა ელენეზე საუბარი.არც ქალის მხრიდან ისმოდა რამე.
ორიი თვე გავიდა.ზამთარს, ღამე ჩუმად შემოეღო კარი და ქალაქში ფიფქები შემოეყარა.მთელი რუდუნებით მოსავდა გარემოს თეთრად.დილით,“მოხატული“ უნდა დაეხვედრებინა ონავრებისთვის.
ვერ დაიძინა მიშომ,წრიალებდა საწოლში,საბანი გადაიძრო,მკერდზე ხელს ისვამდა,ჰაერი არ ჰყოფნიდა.წამოჯდა,სანათი აანთო.საათს დახედა,ორი სრულდებოდა. ფრთხილი კაკუნი გაისმა.გაუკვირდა,“ვინ უნდა იყოს ამ დროს?“-გაიფიქრა და კარი გამოხსნა.
-პირველ თოვლს გილოცავ,მიშო,-ელენე უღიმოდა.თავზე ფიფქები გვირგვინივით ედგა,მართლა ანგელოზს ჰგავდა.
-ელენე?!-გაკვირვება,სიხარული,ამდენი ხნის მოლოდინი, ერთმანეთში აერია.
-ჩაიზე დამპატიჟებ?-ეშმაკურად იღიმოდა ქალი.
-იცით,რომელი საათია ქალბატონო ელენე?!-მიშო თავს ძლივს იკავებდა,რომ არ გასცინებოდა.
-რომელი საათია ბატონო მიშო და,-მაჯაზე დაიხედა ქალმა,-ღამეა!-თვალები უბრწყინავდა.
-უნდა წახვიდეთ ქალბატონო ელენე,გვიანია და დასვენება მჭირდება,-აჰყვა თამაშში,ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს.
--მდა..მეც მჭირდება დასვენება,ნუ გეშინიათ,დაწექით თქვენ,მე აქ მოვთავსდები,-თქვა ელენემ და ოთახისკენ დაიძრა.
მიშო თავი გააქნია,ქალს მკლავში სტაცა ხელი და ზედ აიკრა,
-ჯიუტო ელენე,მიყვარხარ!-უჩურჩულა ბაგესთან,ნაზად აკოცა,სახის ყველა ნაკვთი ნელ-ნელა დაუკოცნა.ყელთან ჩააცურა ტუჩები.
-მეც,მეც მიყვარხარ!-კვნესოდა ქალი და ფეხები ეკეცებოდა.
გიჟივით აიტაცა ხელში და ოთახისკენ გააქანა.დილამდე იკლაკნებოდა ორი სხეული საბნის ქვეშ.

***
ზამთარი გაზაფხულმა მიაბრძანა გარეთ,ზაფხულმა კი გაზაფხული.
-გულიზარა,გულიზარა,-უბნის ბავშვების ყიჟინა იქაურობას იკლებდა,ჯვრები დაეხატათ და იტალიური ეზოს კარს უკან იმალებოდნენ.მიშო ზურგიდან მოხვეოდა ელენეს და ქალის წამობზეკილი მუცლისთვის,ხელები შემოეჭდო.ორივე ღიმილით შესქეროდა ონავრებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები